ᲐᲚᲘᲙᲐᲞᲘ
პირის ასაკრავი მოწყობილობა, რომელიც იმ მიზნით გამოიყენება, რომ ცხოველმა ვინმეს არ უკბინოს ან რაიმე არ ჭამოს.
ძველად პალესტინაში დიდი რაოდენობით პურეულის გასალეწად პირუტყვს იყენებდნენ. კალოზე ძნებს სქელ ფენად შლიდნენ, რის შემდეგაც სულ მცირე ერთ პირუტყვს ჩლიქებით ალეწვინებდნენ. აგრეთვე იყენებდნენ კევრს ან სხვა სალეწ იარაღს, რომელშიც პირუტყვი იყო შებმული. კანონის 25:4-ში ასეთი მითითება იყო მოცემული: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“, რათა შიმშილით არ დატანჯულიყო და ძალა ჰქონოდა (შდრ. იგ. 12:10).
მოსეს კანონში მოცემული ეს პრინციპი ადამიანებსაც მიესადაგება. პავლემ ტიმოთეს ურჩია: „უხუცესები, რომლებიც კარგად უძღვებიან კრებას, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“. შემდეგ თავისი ნათქვამის გასამყარებლად ზემოთ მოყვანილი სიტყვების ციტირება მოახდინა (1ტმ. 5:17, 18). ამასთანავე, კორინთელებისთვის იმის დასანახვებლად, რომ „სასიხარულო ცნობის მქადაგებლებს სასიხარულო ცნობით [შეეძლოთ] ერჩინათ თავი“, პავლემ კანონის 25:4-ში ჩაწერილი სიტყვები მოიშველია და დასძინა: „განა მხოლოდ ხარებზე ზრუნვის გამო მოგვცა ღმერთმა ეს კანონი?! განა ისევ ჩვენს სასიკეთოდ არ მოგვცა?! ეს კანონი სინამდვილეში ჩვენთვის დაიწერა, ვინაიდან მხვნელმაც და მლეწავმაც იმის იმედით უნდა ხნან და ლეწონ, რომ შრომის საზღაურს მიიღებენ“ (1კრ. 9:8—14).
ფსალმუნმომღერალმა დავითმა ფიგურალური ენა გამოიყენა და თქვა, რომ პირს დარაჯად ალიკაპს დაუყენებდა, რათა ენით არ შეეცოდა (ფს. 39:1).