მაღლობები
ებრაული სიტყვა ბამოთ, რომელიც საზოგადოდ „მაღლობებად“ ითარგმნება, ჩვეულებრივ, თაყვანისმცემლობას უკავშირდება; ის აგრეთვე შემაღლებული ადგილების, გორების, მთების (2სმ. 1:19, 25 [შდრ. 1სმ. 31:8]; ამ. 4:13; მქ. 1:3), „ზღვის აზვირთებული ტალღების“ (სიტყვასიტყვით ზღვის მაღლობები) (იობ. 9:8) და ღრუბლების ზემოთ არსებული სივრცის მნიშვნელობით გვხვდება (ეს. 14:14).
„დედამიწის მაღლობებზე ტარება“ და „მაღლობების გათელვა“ მიწის დაპყრობაზე უნდა მიუთითებდეს, რადგან ის, ვის ხელშიც ქვეყნის მაღლობები ანუ მთები და გორებია, ფაქტობრივად, ქვეყნის ბატონ-პატრონია (კნ. 32:13; 33:29).
ცრუთაყვანისმცემლობის ადგილები. მაღლობები ანუ საკერპო ადგილები ან სალოცავები მთებისა და გორების გარდა ხეების ქვეშ, ხევებში, ველებსა და ქალაქებშიც იყო მოწყობილი (კნ. 12:2; 1მფ. 14:23; 2მფ. 17:29; ეზკ. 6:3). ასეთ ადგილებში სამსხვერპლოები, სასაკმევლეები, წმინდა ბოძები, წმინდა სვეტები და ქანდაკებები იდგა (ლვ. 26:30; რც. 33:52; კნ. 12:2, 3; ეზკ. 6:6). მრავალ მაღლობზე მეძავი კაცები და ქალები პროსტიტუციას ეწეოდნენ (1მფ. 14:23, 24; ოს. 4:13, 14). იქ ხშირად სრულდებოდა აღვირახსნილი და შემზარავი რიტუალები, მათ შორის საკრალური პროსტიტუცია და ბავშვთა მსხვერპლშეწირვა (ეს. 57:5; იერ. 7:31; 19:5).
მაღლობებზე აგრეთვე იდგა სახლები, იგივე საწმინდრები, სადაც მღვდლები მსახურობდნენ და ხალხი ღვთაებების ქანდაკებებს ეთაყვანებოდა (1მფ. 12:31; 13:32; 2მფ. 17:29, 32; 23:19, 20; ეს. 16:12). ამიტომ „მაღლობი“ ზოგჯერ ასეთ საწმინდარს აღნიშნავდა და არა თაყვანსაცემად განკუთვნილ შემაღლებულ ადგილს. ამ დასკვნამდე ეზეკიელის მიერ ნახსენებ ჭრელ-ჭრელ მაღლობებს მივყავართ (ეზკ. 16:16). სავარაუდოდ, ეს მაღლობები კარვისმაგვარი საწმინდრები იყო.
აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ღმერთმა ისრაელებს უბრძანა, მოესპოთ ქანაანელთა წმინდა მაღლობები და კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი (რც. 33:51, 52). მაგრამ ისრაელებმა არ შეასრულეს ეს ბრძანება, რის გამოც იესო ნავეს ძისა და მისი თაობის სიკვდილის შემდეგ მასობრივი განდგომილება დაიწყო (მსჯ. 2:2, 8—13; ფს. 78:58).
ყველა მაღლობი არ იყო მიუღებელი. იეჰოვას კანონის თანახმად, შესაწირავი მხოლოდ ღვთის მიერ დადგენილ ადგილზე უნდა მიეტანათ. იესო ნავეს ძის დროს დასაწვავი შესაწირავისთვის სამსხვერპლოს თვითნებურად აგება იეჰოვასადმი ურჩობად ითვლებოდა (კნ. 12:1—14; იეს. 22:29). თუმცა ზოგიერთი მუხლიდან ჩანს, რომ კარვიდან წმინდა კიდობნის გატანის შემდეგ (1სმ. 4:10, 11; 6:1, 10—14; 7:1, 2) მსხვერპლშეწირვა შეხვედრის კარვის გარდა სხვაგანაც დაიშვებოდა, თუმცა არა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში (1სმ. 7:7—9; 10:8; 11:14, 15; 16:4, 5; 1მფ. 3:3; 1მტ. 21:26—30). ცუფის მიწაზე ერთ-ერთი ქალაქის მაღლობზე იდგა ნაგებობა, სადაც, როგორ ჩანს, მშვიდობის მსხვერპლს ჭამდნენ. ამ ნაგებობის სასადილო დარბაზი სულ მცირე 30 კაცს იტევდა. იმ ქალაქში მცხოვრებმა გოგონებმაც კი იცოდნენ, როგორ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა (1სმ. 9:5, 11—13, 22—25). როგორც ჩანს, მსხვერპლს ყოველწლიურად ოჯახებიც სწირავდნენ, ოღონდ არა კარავში, არამედ თავ-თავიანთ ქალაქებში (1სმ. 20:6, 29).
ვინაიდან იეჰოვას სახელზე აშენებული ნაგებობა არ არსებობდა, მაღლობებზე მსხვერპლშეწირვა დასაშვები იყო. ამიტომაც სწირავდა სოლომონი მსხვერპლს გაბაონის მაღლობზე, სადაც მაშინ კარავი იდგა (1მფ. 3:2—4; 1მტ. 16:37—40, 43; 21:29; 2მტ. 1:3, 13; იხ. სამსხვერპლო; შესაწირავები).
სოლომონის მეფობა და ათტომიანი სამეფო. სოლომონმა თავისი მეფობის მიწურულს უცხოელი ცოლების ცრუღმერთებს მაღლობები აუგო, რითაც ისრაელში ამ ღმერთების კულტის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამის გამო იეჰოვამ ახიას აწინასწარმეტყველებინა, რომ სოლომონის ვაჟს ათი ტომი წაერთმეოდა და მათზე იერობოამი გამეფდებოდა (1მფ. 11:7, 8, 30—35).
იერობოამმა იცოდა, რომ თუ იეჰოვას ერთგული იქნებოდა, მეფობა არ წაერთმეოდა, მაგრამ გამეფების შემდეგ შეეშინდა, ვაითუ ისრაელებმა ზურგი მაქციონ, ისევ იერუსალიმში თუ ივლიან თაყვანსაცემადო, ამიტომ დანსა და ბეთელში ხბოს თაყვანისმცემლობა შემოიღო და მაღლობები ააშენა (1მფ. 11:38; 12:26—33). ათტომიან სამეფოში მაღლობებზე კერპთაყვანისმცემლობა არასოდეს შეწყვეტილა. „არასწორად იქცეოდნენ იეჰოვას, თავიანთი ღვთის თვალში, მაღლობებს იშენებდნენ თავიანთ ქალაქებში, საგუშაგოდან მოყოლებული გამაგრებულ ქალაქებამდე“ (2მფ. 17:9).
წინასწარმეტყველმა ამოსმა ღვთის შთაგონებით „ისაკის მაღლობების“ გაპარტახება იწინასწარმეტყველა. „ისაკის მაღლობებში“, როგორც ჩანს, ის წმინდა მაღლობები იგულისხმება, რომელსაც ისრაელის ათტომიანი სამეფოს ხალხი, ისაკის შთამომავლობა (იაკობის, ისრაელის ხაზით) კერპთაყვანისმცემლობისთვის იყენებდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ისაკის მაღლობები“ „ისრაელის საწმინდრებთან“ ერთად მოიხსენიება (ამ. 7:9; იხ. აგრეთვე ოს. 10:2—10).
ასურეთის მეფის მიერ ათტომიანი სამეფოს მკვიდრთა ტყვედ წაყვანის შემდეგ მაღლობები გარკვეული დროის მანძილზე ისევ არსებობდა, რადგან მათ კერპთმსახურებისთვის სამარიის ტერიტორიაზე ასურეთის მეფის მიერ ჩასახლებული უცხო ხალხები იყენებდნენ (2მფ. 17:24, 29—32). დაახლოებით 100 წლის შემდეგ იუდას ერთგულმა მეფე იოშიამ დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო და მაღლობი; ამ სამსხვერპლოზე ადამიანთა ძვლები დაწვა და ასე წაბილწა ის. მან სამარიის ქალაქებშიც მოსპო მაღლობების სახლები, დახოცა მაღლობთა მღვდლები და სამსხვერპლოებზე დაწვა ადამიანთა ძვლები (2მფ. 23:15—20). ასე შესრულდა 300-ზე მეტი წლით ადრე „ღვთის კაცის“ მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება (1მფ. 13:1, 2).
იუდას სამეფოში. სოლომონის ვაჟი, მეფე რობოამი მამის კვალს გაჰყვა. ხალხი მის დროსაც აშენებდა მაღლობებს და აღვირახსნილ რიტუალებში მონაწილეობდა (1მფ. 14:21—24). რობოამის ვაჟი, აბიამიც „ისეთივე ცოდვებს სჩადიოდა, როგორსაც მამამისი“ (1მფ. 15:1—3).
აბიამის შემდეგ გამეფებული ასა იეჰოვას ერთგული იყო. მან სერიოზული ძვრები მოახდინა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად (1მფ. 15:11—13). ასამ „მოსპო იუდას ქალაქებში მაღლობები და სასაკმევლეები“ (2მტ. 14:2—5), თუმცა, როგორც 1 მეფეების 15:14-დან და 2 მატიანის 15:17-დან ჩანს, მას ყველა მაღლობი არ გაუუქმებია. სავარაუდოდ, მან მხოლოდ ის მაღლობები მოსპო, სადაც კერპებს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ იეჰოვას სათაყვანებელი მაღლობებისთვის ხელი არ უხლია. არ არის გამორიცხული, რომ მაღლობები მისი მეფობის ბოლოსთვის გაჩენილიყო, რომელთა განადგურებაც მის მემკვიდრეს, იეჰოშაფატს მოუწია. თუმცა მაღლობები იეჰოშაფატის დროსაც არსებობდა (1მფ. 22:42, 43; 2მტ. 17:5, 6; 20:31—33). იუდას ხალხი ისე იყო მიჩვეული მაღლობებზე თაყვანისცემას, რომ ვერც ასას და ვერც იეჰოშაფატის რეფორმების შემდეგ მათი ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.
იეჰოშაფატის ვაჟმა, იეჰორამმა მამის მაგალითს არ მიჰბაძა და იუდას მთებზე მაღლობები მოაწყო (2მტ. 21:1, 11). ახაზიასა და ძალაუფლების უკანონოდ მიმთვისებელი ათალიას (ახაბისა და იზებელის ასული) მმართველობის პერიოდში სამეფოში სულიერი მდგომარეობა დაკნინებული იყო (2მფ. 8:25—27; 2მტ. 22:2—4, 10). მართალია, იეჰოაშის მმართველობის დასაწყისში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასაღორძინებლად ქვეყანაში გარკვეული რეფორმები გატარდა, მაგრამ მღვდელმთავარ იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ განდგომილებამ ისევ იჩინა თავი და მაღლობებიც მომრავლდა (2მფ. 12:2, 3; 2მტ. 24:17, 18). ამაციას, აზარიასა (უზია) და იოთამის მეფობის დროს მაღლობებზე კერპთაყვანისმცემლობა კვლავაც გრძელდებოდა (2მფ. 14:1—4; 15:1—4, 32—35). იუდას მომდევნო მეფე, ახაზი მაღლობებზე მსხვერპლშეწირვასა და შესაწირავის აბოლებას არ დასჯერდა და თავისი ვაჟიც გაატარა ცეცხლში (2მფ. 16:2—4). მან „სხვა ღმერთებისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“ დამატებითი მაღლობები მოაწყო (2მტ. 28:25).
მაღლობების გასაუქმებლად სამეფოში ფართომასშტაბიანი წმენდა მეფე ხიზკიას მმართველობის დროსაც ჩატარდა (2მფ. 18:1—4, 22; 2მტ. 32:12). მისი მეფობის დროს პასექის ზეიმის შემდეგ ისრაელებმა დაიარეს იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ქალაქები და დაამტვრიეს წმინდა სვეტები, აჩეხეს წმინდა ბოძები და მოსპეს მაღლობები და სამსხვერპლოები (2მტ. 30:21, 23; 31:1).
წმინდა თაყვანისმცემლობის ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა. ხიზკიას ვაჟმა, მენაშემ აღადგინა ის მაღლობები, რომლებიც მამამისმა გაანადგურა (2მფ. 21:1—3; 2მტ. 33:1—3). მენაშეს წაქეზებით ხალხი იმაზე მეტ ბოროტებას სჩადიოდა, ვიდრე წარმართი ქანაანელები, რომლებიც იეჰოვამ გაწყვიტა. ამიტომ ყოვლისშემძლემ იუდასა და იერუსალიმის დასჯა განიზრახა (2მფ. 21:9—12). მენაშე ასურეთის მეფემ შეიპყრო და ბაბილონში ტყვედ წაიყვანა. ტყვეობაში მყოფმა მოინანია და იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობის ამოძირკვას შეუდგა. მაგრამ ხალხი მაინც აგრძელებდა ღვთის მიერ აკრძალულ მაღლობებზე მსხვერპლშეწირვას, თუმცა ამჯერად იეჰოვასთვის და არა ცრუ ღმერთებისთვის (2მტ. 33:10—17). მენაშეს ვაჟმა, ამონმა ნაცვლად იმისა, რომ მამამისის დაწყებული საქმე გაეგრძელებინა, დანაშაული გაამრავლა (2მტ. 33:21—24).
ამონისგან განსხვავებით, მისი ვაჟი იოშია იცავდა მოსეს კანონს და იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო იეჰოვას თვალში. მან დაითხოვა მაღლობებზე მსხვერპლშემწირველი უცხო ღმერთების ქურუმები და დაანგრია მაღლობები არა მხოლოდ იუდაში, არამედ სამარიის ქალაქებშიც. მან წაბილწა საკერპო ადგილები, ასე რომ, იეჰოვას იქ ვეღარავინ შეურაცხყოფდა (2მფ. 23:4—20; 2მტ. 34:1—7).
ცნობა იმის შესახებ, რომ იოშიამ სოლომონის მიერ აღმართული მაღლობები წაბილწა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი წინამორბედი მეფეების მიერ დანგრეული მაღლობების აღდგენა ხდებოდა. თუმცა, უდავოა, რომ ღვთის ერთგულმა მეფეებმა, ასამ და იეჰოშაფატმა თავის დროზე მოსპეს სოლომონის მიერ აშენებული საკერპო მაღლობები.
იოშიას მიერ ცრუთაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმების შემდეგ მეფეებისა და მატიანეს წიგნებში მაღლობები აღარ იხსენიება. თუმცა იუდას ბოლო ოთხი მეფის, იეჰოახაზის, იეჰოიაკიმის, იეჰოიაქინისა და ციდკიას შესახებ წერია, რომ ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში (2მფ. 23:31, 32, 36, 37; 24:8, 9, 18, 19). ისრაელებმა განაახლეს მაღლობებზე კერპთმსახურება, ამიტომ, წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ ამცნო ხალხს მოსალოდნელი უბედურების შესახებ: „მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს მაღლობებს. გაპარტახდება თქვენი სამსხვერპლოები და დაიმტვრევა თქვენი სასაკმევლეები; თქვენს დახოცილებს თქვენივე ნეხვიანი კერპების წინ დაგიყრით“ (ეზკ. 6:3, 4).
აღსანიშნავია, რომ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მაღლობებზე თაყვანისცემა აღარ იხსენიება. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ერთგულ იუდეველებს წარსულმა მწარე გაკვეთილი ასწავლა. მათ გაიგეს, ვინ არის იეჰოვა (ეზკ. 6:9, 10).
[სურათი]
გეზერის მაღლობზე აღმართული წმინდა სვეტები