სინაგოგა
სეპტუაგინტაში სიტყვები ეკკლესია (შესაკრებელი, საკრებულო) და სინაგოგე (ერთად შეკრება) სინონიმებად არის გამოყენებული. დროთა განმავლობაში სიტყვა „სინაგოგამ“ შეკრებების ჩასატარებელი ადგილის ან შენობის მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა მას არ დაუკარგავს თავდაპირველი მნიშვნელობა. მაგალითად, დიდ სინაგოგაში დიდი შენობა კი არ იგულისხმებოდა, არამედ განსწავლულ კაცთა საკრებულო, რომელსაც პალესტინელი ებრაელებისთვის ებრაული წერილების კანონის შედგენას მიაწერენ. როგორც ამბობენ, სინაგოგას საფუძველი ეზრას ან ნეემიას დროს ჩაეყარა და ის დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნემდე, დიდი სინედრიონის დაარსებამდე არსებობდა. იაკობი ამ სიტყვას ქრისტიანული შეხვედრის ანუ კრების მნიშვნელობით იყენებს (იაკ. 2:2).
გამოცხადების 2:9-სა და 3:9-ში მოხსენიებულ სინაგოგაში სატანის გავლენაში მოქცეული კრებული იგულისხმება. ბერძნულ წერილებში აგრეთვე ვხვდებით ფრაზას „გათავისუფლებულთა სინაგოგა“ (სქ. 6:9; იხ. გათავისუფლებული, თავისუფალი).
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როდის დაარსდა სინაგოგა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ბაბილონში 70-წლიანი გადასახლების დროს მოხდა, როცა ტაძარი არ არსებობდა, ან მალევე მას შემდეგ, რაც გადასახლებიდან დაბრუნებულებს მღვდელმა ეზრამ კანონის ცოდნის აუცილებლობაზე გაუმახვილა ყურადღება.
იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს პალესტინის დიდსა თუ პატარა ქალაქებში, სულ მცირე, ერთი სინაგოგა მაინც იდგა. იერუსალიმში მრავალი სინაგოგა იყო. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ერთ-ერთი სინაგოგა ებრაელებს რომაელმა ასისთავმა აუშენა (ლკ. 7:2, 5, 9). ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სინაგოგის ნანგრევები თელ-ჰუმში (ქეფარ-ნაუმი) აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ძველი კაპერნაუმის ადგილზე მდებარეობს. თავდაპირველად ეს ნაგებობა ორსართულიანი იყო. მეცნიერებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამ შენობის აგების თარიღზე. მათ მიერ დასახელებული თარიღები ახ. წ. II საუკუნის მეორე ნახევარსა და V საუკუნის პირველ ნახევარს შორის მერყეობს. ეს სინაგოგა ჯერ კიდევ ახ. წ. I საუკუნეში აგებული სინაგოგის ადგილზე იყო აღმართული. ძველი სინაგოგა, რომლის ნაწილიც აღმოაჩინეს, სიგრძით 24,2 მ და სიგანით 18,5 მ იყო.
ძველ სინაგოგებში წმინდა წერილების გრაგნილების შესანახად სპეციალური ადგილი ჰქონდათ. როგორც ჩანს, თავდაპირველად გრაგნილებს უსაფრთხოების მიზნით მთავარი შენობის გარეთ ან ცალკე ოთახში ინახავდნენ, მოგვიანებით კი — სკივრში, რომელიც რელიგიური მსახურების დროს შემოჰქონდათ. უფრო გვიანდელ სინაგოგებში ეს სკივრი შენობის არქიტექტურის ნაწილი გახდა — ის ან კედელში იყო ჩაშენებული, ან კედელზე იყო მიშენებული. სკივრის წინ, პირით ხალხისკენ, სინაგოგის წინამძღვრები და საპატიო სტუმრები ისხდნენ (მთ. 23:6). კანონს ტრადიციულად სინაგოგის ცენტრში მდგარი კათედრიდან კითხულობდნენ. მსმენელთათვის ადგილი სამ მხარეს იყო გამოყოფილი. შესაძლოა, ერთ ნაწილში განცალკევებით ისხდნენ ქალები. შენობა ისე უნდა ყოფილიყო აგებული, რომ თაყვანსაცემად მისულ ხალხს პირი იერუსალიმისკენ ჰქონოდა მიქცეული (შდრ. დნ. 6:10).
თაყვანისმცემლობის პროგრამა. სინაგოგაში ხდებოდა ხალხის დამოძღვრა და არა მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლს მხოლოდ ტაძარში სწირავდნენ. სინაგოგაში შესასრულებელ მსახურებაში შედიოდა ღვთის განდიდება, ლოცვა, წმინდა წერილების კითხვა, მოყოლა, განმარტება და ქადაგება. ღმერთს ფსალმუნებით ასხამდნენ ხოტბას. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვები ნაწილობრივ წმინდა წერილებიდან იყო აღებული, დროთა განმავლობაში ისინი ძალიან ხანგრძლივი და ფორმალური გახდა და ხშირად მათ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად წარმოთქვამდნენ (მრ. 12:40; ლკ. 20:47).
სინაგოგაში თაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ნაწილი იყო შემას წარმოთქმა, რომელსაც შეგვიძლია იუდეველთა რწმენის სიმბოლო ვუწოდოთ. მისი სახელწოდება მოდის იმ მუხლის (კნ. 6:4) პირველი სიტყვიდან, რომელსაც პირველს წარმოთქვამდნენ („მოისმინე [შემაʽ], ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“). ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თორას ანუ ხუთწიგნეულის კითხვა, რომელიც ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იკითხებოდა. ბევრ სინაგოგაში მთელ კანონს ერთ წელიწადში კითხულობდნენ, სხვა სინაგოგებში კი — სამ წელიწადში. რადგან თორას კითხვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მოწაფე იაკობს მართებულად შეეძლო ეთქვა იერუსალიმში შეკრებილი ხელმძღვანელი საბჭოს წევრებისთვის: „მოსეს ძველი დროიდან ჰყავს თავისი მქადაგებლები ყველა ქალაქში, ვინაიდან მის წერილებს ხმამაღლა კითხულობენ სინაგოგებში ყოველ შაბათს“ (სქ. 15:21). მიშნაშიც (მეგილა 4:1, 2) მოხსენიებულია წინასწარმეტყველთა წიგნების მონაკვეთების (ჰაფტორი) კითხვისა და განმარტების ჩვეულება. როცა იესო მშობლიურ ქალაქ ნაზარეთის სინაგოგაში შევიდა, მას ხელში წასაკითხად განკუთვნილი ჰაფტორის გრაგნილი მისცეს. წაკითხვის შემდეგ მან, ჩვეულების თანახმად, განმარტა ის (ლკ. 4:17—21).
თორასა და ჰაფტორის წაკითხვისა და ახსნის შემდეგ იწყებოდა დამოძღვრა, ანუ ქადაგება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო მთელ გალილეაში ასწავლიდა და ქადაგებდა სინაგოგებში. ლუკა წერს, რომ სწორედ „ხალხისთვის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების წაკითხვის შემდეგ“ მისცეს პავლესა და ბარნაბას სიტყვით გამოსვლის, ანუ ქადაგების შესაძლებლობა (მთ. 4:23; სქ. 13:15, 16).
პავლეს ქადაგება. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისა და ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ მოციქულები, განსაკუთრებით კი პავლე, დაუღალავად ქადაგებდნენ სინაგოგებში. ამა თუ იმ ქალაქში ჩასული პავლე, ჩვეულებრივ, ჯერ სინაგოგაში შედიოდა საქადაგებლად, რათა თავიდან იუდეველებისთვის მიეცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა. შემდეგ კი უცხოტომელებთან მიდიოდა. ზოგჯერ ის არაერთ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში. ეფესოში პავლე სამ თვეს ასწავლიდა სინაგოგაში, მაგრამ, როცა წინააღმდეგობამ იჩინა თავი, მოწაფეები გამოაცალკევა და დაახლოებით ორი წლის მანძილზე ქადაგებდა ტირანეს სკოლაში (სქ. 13:14; 17:1, 2, 10, 17; 18:4, 19; 19:8—10).
პავლე სინაგოგებს ქრისტიანული კრების შეხვედრების ჩასატარებლად არ იყენებდა. ამასთან, ის კვირას კი არა, შაბათს აწყობდა შეხვედრებს, რათა იუდეველებისთვის ექადაგა, რომლებიც ამ დღეს იკრიბებოდნენ ერთად.
მსგავსება ქრისტიანულ კრებასთან. პირველი იუდეველი ქრისტიანებისთვის რთული არ იქნებოდა ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ორგანიზებული შეხვედრების ჩატარება, რადგან ნიმუშად ჰქონდათ მათთვის ნაცნობი შეხვედრები, რომელთაც სინაგოგებში ატარებდნენ. ქრისტიანულ კრებასა და სინაგოგას შორის საკმაოდ ბევრი მსგავსება არსებობდა. სინაგოგის მსგავსად, არც ქრისტიანულ კრებას ჰყავდა სამღვდელოება. წინააღმდეგ შემთხვევაში მის გარდა აღარავის ექნებოდა სიტყვით გამოსვლის უფლება. სინაგოგაში ნებისმიერ თავგამოდებულ იუდეველს შეეძლო წმინდა წერილების მონაკვეთის წაკითხვა და ახსნა. ქრისტიანულ კრებაში ყველას ევალებოდა სახალხოდ დამოწმება და სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის ერთმანეთის წახალისება, ოღონდ ეს ყველაფერი ორგანიზებულად უნდა მომხდარიყო (ებ. 10:23—25). იუდეველთა სინაგოგებში ქალები არ ასწავლიდნენ კაცებს და არც რაიმე ძალაუფლება ჰქონდათ მათზე. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანულ კრებაზეც. სინაგოგებში ჩატარებულ შეხვედრებსა და ქრისტიანულ შეხვედრებს შორის მსგავსებას ცხადყოფს ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად 1 კორინთელების მე-14 თავში მიცემული მითითებები (1კრ. 14:31—35; 1ტმ. 2:11, 12).
სინაგოგებს ჰყავდათ წინამძღვრები და ზედამხედველები და ეს ასე იყო ადრინდელ ქრისტიანულ კრებებშიც (მრ. 5:22; ლკ. 13:14; სქ. 20:28; რმ. 12:8). სინაგოგებში იყვნენ მსახურები ანუ თანაშემწეები. მომსახურეები ქრისტიანულ კრებაშიც მსახურობდნენ. ამასთან, სინაგოგას თავისი მაცნე ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი ქრისტიანული კრების ისტორიაში არ მოიპოვება მისი ანალოგი, მსგავსი წოდება, „ანგელოზი“, გვხვდება მცირე აზიის შვიდი კრებისთვის იესო ქრისტეს მიერ გადაცემულ ცნობებში (ლკ. 4:20; 1ტმ. 3:8—10; გმც. 2:1, 8, 12, 18; 3:1, 7, 14).
სინაგოგა სხვა საკითხებშიც აღმოჩნდა ქრისტიანული კრების წინამორბედი: ადგილობრივი სინაგოგები იერუსალიმში არსებულ სინედრიონს ემორჩილებოდნენ, ისევე როგორც ქრისტიანული კრებები ემორჩილებოდნენ იერუსალიმში შეკრებილ ხელმძღვანელ საბჭოს, რაც კარგად ჩანს საქმეების მე-15 თავიდან. ფულის აკრეფა არც სინაგოგაში ხდებოდა და არც ქრისტიანულ კრებაში, თუმცა ორივეში კეთდებოდა შესაწირავები კრებულის საჭიროებებისთვის, მის მსახურთა და გაჭირვებულთა დასახმარებლად (2კრ. 9:1—5).
როგორც სინაგოგის, ისე ქრისტიანული კრების ფუნქციაში სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაც შედიოდა. სინაგოგაში განიხილავდნენ და აგვარებდნენ იუდეველთა შორის წამოჭრილ სადავო საკითხებს. ამიტომ ამბობდა პავლე მოციქული, რომ ქრისტიანებს შორის წამოჭრილი სადავო საკითხები კრებაში მოწიფული ქრისტიანების დახმარებით უნდა გადაეწყვიტათ და არა სასამართლოებში (1კრ. 6:1—3). სინაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვინმე შეიძლება გაემათრახებინათ კიდეც, მაგრამ ქრისტიანულ კრებაში დამნაშავე მხოლოდ იკიცხებოდა. სინაგოგის მსგავსად, ქრისტიანულ კრებაშიც სასჯელის უმკაცრესი ზომა კრებიდან განკვეთა ანუ გარიცხვა იყო (1კრ. 5:1—8, 11—13; იხ. კრება; მოკვეთა).
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის მიმდევრებს სინაგოგებში გაშოლტავდნენ (მთ. 10:17; 23:34; მრ. 13:9) და სინაგოგებიდან მოკვეთდნენ (ინ. 16:2). იუდეველთა ზოგმა მმართველმა ირწმუნა იესო, მაგრამ კრებულიდან მოკვეთის შიშით არ აღიარა ის (ინ. 12:42). დაბადებიდან უსინათლო კაცი, რომელიც იესომ განკურნა, იუდეველებმა სინაგოგიდან გააგდეს, რადგან იესოს იცავდა (ინ. 9:1, 34).