ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 45
გამოიჩინეთ ურყევი სიყვარული ერთმანეთისადმი
„[ურყევი სიყვარული] და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი“ (ᲖᲐᲥ. 7:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა მიზეზების გამო უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი ურყევი სიყვარული?
ᲩᲕᲔᲜ არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ ერთმანეთისადმი ურყევი სიყვარული გამოვავლინოთ. ზოგიერთ ამ მიზეზს ღვთის შთაგონებით დაწერილი „იგავები“ გვიხსნის: „[ურყევი, სქ.] სიყვარული ნუ გაგინელდება და ერთგულებას ზურგს ნუ შეაქცევ . . . რომ მოიპოვო წყალობა და გამჭრიახი კაცის სახელი ღვთისა და ადამიანის თვალში“; „[ურყევი სიყვარულის მქონე, სქ.] კაცი თავის თავს რგებს“; „ვინც სიმართლისა და [ურყევი, სქ.] სიყვარულისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს . . . პოვებს“ (იგავ. 3:3, 4; 11:17; 21:21).
2 ეს იგავები ასახელებს სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოვავლინოთ ურყევი სიყვარული. პირველი, მოწონებას დავიმსახურებთ ღვთის თვალში. მეორე, საკუთარ თავს ვარგებთ. მაგალითად, თანაქრისტიანებთან მტკიცე მეგობრობას ჩავუყრით საფუძველს. და მესამე, თუ ურყევ სიყვარულს გამოვავლენთ, მომავალში მარადიულ სიცოცხლეს და სხვა უამრავ კურთხევას მივიღებთ. ასე რომ, ნამდვილად არაერთი მიზეზი გვაქვს, ყურად ვიღოთ იეჰოვას შემდეგი რჩევა: „[ურყევი, სქ.] სიყვარული და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი“ (ზაქ. 7:9).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში ოთხ კითხვას გაეცემა პასუხი. ვის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ ურყევი სიყვარული? რას ვსწავლობთ „რუთის“ წიგნიდან ურყევი სიყვარულის შესახებ? როგორ გამოვხატოთ ეს გრძნობა ერთმანეთისადმი? და რას მივიღებთ ამ სიყვარულის სანაცვლოდ?
ᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲩᲘᲜᲝᲗ ᲣᲠᲧᲔᲕᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ
4. ვის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს და ჩვენ როგორ უნდა მივბაძოთ მას? (მარკოზი 10:29, 30).
4 როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იეჰოვა ურყევ სიყვარულს, ამ მტკიცე და ძლიერ გრძნობას, თავის მოყვარულთა მიმართ ავლენს (დან. 9:4). ჩვენ გვინდა, მივბაძოთ „ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1). ამიტომ გვსურს, რომ ეს თბილი და ურყევი გრძნობა თანამორწმუნეების მიმართ გამოვხატოთ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30).
5, 6. რით განსხვავდება კაცთმოყვარეობა ურყევი სიყვარულისგან?
5 ცხადია, რაც უკეთ გვესმის ურყევი სიყვარულის მნიშვნელობა, მით უკეთ შევძლებთ თანამორწმუნეების მიმართ ამ თბილი გრძნობის გამოხატვას. მოდი თავდაპირველად გავიგოთ, რა სხვაობაა ურყევ სიყვარულსა და ზოგადად კაცთმოყვარეობას შორის.
6 ბიბლია აღგვიწერს კაცთმოყვარეობის გამოვლენის ერთ შემთხვევას. ერთხელ გემი, რომელზეც პავლე მოციქულიც იმყოფებოდა, შტორმის დროს დაიმსხვრა და გადარჩენილები ზღვამ კუნძულ მალტაზე გამორიყა. მართალია, მალტელები ნაპირზე გამორიყულ მოგზაურებს არც კი იცნობდნენ და არც დავალებულნი იყვნენ მათგან, მაგრამ ისინი სტუმართმოყვარულად დახვდნენ უცნობებს და „დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს“ (საქ. 28:2, 7). სრულიად უცნობებისადმი მათი სტუმართმოყვარეობა და სიკეთე შემთხვევითობამ განაპირობა. შესაბამისად, ეს მათი მხრიდან უბრალოდ კაცთმოყვარეობა იყო და არ ურყევი სიყვარული.
7, 8. ა) რა აღძრავს ადამიანს ურყევი სიყვარულის გამოვლენისკენ? ბ) რაში დაგვეხმარება წიგნ „რუთის“ ზოგიერთი მონაკვეთის განხილვა?
7 როგორც მეექვსე აბზაციდან გამოჩნდა კაცთმოყვარეობასა და ურყევ სიყვარულს შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის მოტივი. რა უბიძგებდა ძველი დროის ღვთის მსახურებს ურყევი სიყვარულის გამოვლენისკენ? ამისკენ მათ გულწრფელი სურვილი უბიძგებდათ და არა — მოვალეობის გრძნობა. ამაზე დავითის მაგალითიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ საული მოკვლას უპირებდა, დავითმა ურყევი სიყვარული გამოიჩინა მისი ვაჟისა და თავისი მეგობრის, იონათანის მიმართ, რადგან ეს მთელი გულით სურდა. იონათანი კარგა ხნის მკვდარი იყო, მაგრამ დავითი თავისი მეგობრის შვილის, მეფიბოშეთის მიმართაც ავლენდა ურყევ სიყვარულს (1 სამ. 20:9, 14, 15; 2 სამ. 4:4; 8:15; 9:1, 6, 7).
8 ურყევ სიყვარულზე მეტს გავიგებთ „რუთის“ წიგნში ჩაწერილი ისტორიიდან. რას გვასწავლის ეს ისტორია ურყევ სიყვარულზე? როგორ გამოგვადგება ნასწავლი კრებაში?b
ᲠᲐᲡ ᲒᲕᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ „ᲠᲣᲗᲘᲡ“ ᲬᲘᲒᲜᲘ ᲣᲠᲧᲔᲕ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲖᲔ
9. რატომ დაასკვნა ნაომიმ, რომ იეჰოვა დაუპირისპირდა?
9 „რუთის“ წიგნიდან ვიგებთ ნაომის, რუთისა და ბოაზის შესახებ, რომელიც ნაომის ქმრის ნათესავი იყო. ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო ნაომი და მისი ქმარი თავიანთ ორ ვაჟთან ერთად მოაბში გადავიდნენ, სადაც ნაომის ქმარი დაეღუპა. მისი შვილები დაქორწინდნენ, მაგრამ საუბედუროდ, ისინიც დაიღუპნენ (რუთ. 1:3—5; 2:1). ქმარ-შვილის სიკვდილმა ნაომი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. სულგამწარებულმა ისიც კი იფიქრა, რომ იეჰოვა დაუპირისპირდა და თავისი გულისტკივილი ასე გამოხატა: „ხომ ხედავთ, იეჰოვა მსჯის! . . ყოვლისშემძლემ სიცოცხლე გამიმწარა!.. იეჰოვა დამიპირისპირდა და ყოვლისშემძლემ დამატეხა უბედურება!“ (რუთ. 1:13, 20, 21).
10. რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას გამწარებული ნაომის სიტყვებზე?
10 რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას გამწარებული ნაომის სიტყვებზე? იეჰოვას ზურგი არ შეუქცევია თავისი სასოწარკვეთილი მსახურისთვის. პირიქით, თანაუგრძნო, რადგან მას ესმის, რომ „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს“ (ეკლ. 7:7). მაგრამ ნაომის იმაში დარწმუნება სჭირდებოდა, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია. როგორ დაეხმარა მას ღმერთი? (1 სამ. 2:8). მან რუთი აღძრა, რომ მხარში ამოსდგომოდა ნაომის და ურყევი სიყვარული ეგრძნობინებინა მისთვის. რუთი სითბოთი და სიყვარულით დაეხმარა დედამთილს, რომ ემოციური და სულიერი წონასწორობა აღედგინა. რას ვსწავლობთ რუთისგან?
11. რა აღძრავთ და-ძმებს გულგატეხილთა სანუგეშებლად?
11 ურყევი სიყვარული აღგვძრავს, დახმარების ხელი გავუწოდოთ გულდამძიმებულებს. როგორც რუთმა არ მიატოვა ნაომი, ისე მრავალი თანამგრძნობი და-ძმა არ ტოვებს გასაჭირში გულგატეხილ და სასოწარკვეთილ თანამორწმუნეებს. სიყვარული აღძრავს მათ, რომ რითაც შეუძლიათ, ყველანაირად მხარში ამოუდგნენ ასეთ და-ძმებს (იგავ. 12:25; 24:10). ამგვარად ისინი ითვალისწინებენ პავლე მოციქულის რჩევას: „ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14).
12. რომელია ხშირ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება გულგატეხილი და-ძმების დასახმარებლად?
12 ხშირ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება გულგატეხილი და-ძმების დასახმარებლად, მათი ყურადღებით მოსმენა და სიყვარულში დარწმუნებაა. იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება, როგორ ცდილობთ, ყურადღება გამოიჩინოთ მისი ძვირფასი ცხვრის მიმართ (ფსალმ. 41:1). ებრაელების 6:10-ში ვკითხულობთ: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი . . . სიყვარული“.
13. რა გადაწყვეტილება მიიღო რუთმა ორფასგან განსხვავებით და რატომ იყო ეს ურყევი სიყვარულის მაჩვენებელი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
13 უკეთ რომ ჩავწვდეთ ურყევი სიყვარულის მნიშვნელობას, განვიხილოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნაომის ქმარ-შვილი დაეღუპა. როცა ნაომიმ „გაიგო, რომ მოხედა იეჰოვამ თავის ხალხს და შეწყდა შიმშილობა“, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა (რუთ. 1:6). მას ორივე რძალი თან გაჰყვა. გზაში ნაომიმ სამჯერ სთხოვა რძლებს, რომ თავ-თავიანთ სახლებს დაბრუნებოდნენ. როგორ მოიქცნენ ისინი? ბიბლიაში ვკითხულობთ: „აკოცა ორფამ დედამთილს და გაბრუნდა, რუთი კი მასთან დარჩა“ (რუთ. 1:7—14). ფაქტობრივად, ორფა ისე მოიქცა, როგორც ნაომიმ ურჩია. მაგრამ რუთმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მოეთხოვებოდა. მას თავისუფლად შეეძლო, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ ურყევი სიყვარულის გამო რუთმა გასაჭირში მყოფ ნათესავთან დარჩენა არჩია (რუთ. 1:16, 17). ის მოვალეობის გამო კი არა, საკუთარი სურვილით დარჩა ნაომისთან. ამგვარად გამოჩნდა, რომ რუთს დედამთილის მიმართ ურყევი სიყვარული ჰქონდა. რას გვასწავლის ეს ჩვენ?
14. ა) როგორ ჰბაძავს ბევრი და-ძმა რუთს? ბ) ებრაელების 13:16-ის თანახმად, როგორი მსხვერპლი სიამოვნებს იეჰოვას?
14 ურყევი სიყვარული აღგვძრავს, იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე მოგვეთხოვება. როგორც წარსულში, ისე დღესაც ბევრი ავლენს ურყევ სიყვარულს თანამორწმუნეების მიმართ, მათ მიმართაც კი, ვისაც პირადად არ იცნობს. მაგალითად, როცა სტიქიური უბედურება ხდება, ისინი მაშინვე გამოთქვამენ დაზარალებულთა დახმარების სურვილს. როცა კრებაში ვინმეს ფინანსურად უჭირს, და-ძმები დაუყოვნებლივ უწვდიან მას დახმარების ხელს. პირველ საუკუნეში მცხოვრები მაკედონელების მსგავსად ზოგჯერ ისინი იმაზე მეტს აკეთებენ გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად, ვიდრე მოეთხოვებათ (2 კორ. 8:3). იეჰოვას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ასეთი სიყვარულის დანახვა თავის მსახურებს შორის! (წაიკითხეთ ებრაელების 13:16).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲐᲕᲚᲘᲜᲝᲗ ᲣᲠᲧᲔᲕᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ?
15, 16. საიდან გამოჩნდა რუთის დაჟინებულობა?
15 რუთის მაგალითი ჩვენს ყურადღებას რამდენიმე კუთხით იქცევს. მოდი ვისაუბროთ ზოგიერთზე.
16 ადვილად ნუ დანებდებით. თავიდან ნაომი უარზე იდგა, როცა რუთმა იუდაში მასთან ერთად წასვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ რუთი არ დანებდა. რას მიაღწია მან თავისი დაჟინებულობით? „როცა ნაომიმ დაინახა, რომ რუთი თავისას არ იშლიდა, აღარაფერი უთქვამს“ (რუთ. 1:15—18).
17. რა დაგვეხმარება, რომ ადვილად არ დავნებდეთ?
17 გაკვეთილი ჩვენთვის: დათრგუნული ადამიანის დახმარება მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ადვილად არ უნდა დავნებდეთ. დავუშვათ, რომელიმე დამc არ მიიღო ჩვენი დახმარება. თუ მის მიმართ ურყევი სიყვარული გვაქვს, მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავეხმაროთ (გალ. 6:2). არც იმის იმედს დავკარგავთ, რომ ადრე თუ გვიან დაგვიფასებს ძალისხმევას და გამხნევების საშუალებას მოგვცემს.
18. რას შეიძლებოდა გაენაწყენებინა რუთი?
18 საწყენად ნუ მიიღებთ ყველაფერს. ბეთლემში რუთთან ერთად ჩასულმა ნაომიმ ძველ მეზობლებთან დაიჩივლა: „როცა წავედი, არაფერი მაკლდა, იეჰოვამ კი ხელცარიელი დამაბრუნა“ (რუთ. 1:21). წარმოიდგინეთ, როგორ ეტკინებოდა გული რუთს ამ სიტყვების მოსმენაზე! მან ხომ ნაომის გულისთვის ამხელა გზა გამოიარა. დღეების განმავლობაში გვერდიდან არ შორდებოდა, ანუგეშებდა და მასთან ერთად ტიროდა. და ამ ყველაფრის შემდეგ ნაომი ამბობს, იეჰოვამ ხელცარიელი დამაბრუნაო. მისი სიტყვებიდან ისე ჩანდა, თითქოს რუთს ნაომისთვის არაფერი გაუკეთებია. რა მტკივნეული იქნებოდა ამ სიტყვების მოსმენა იქ მდგომი რუთისთვის. ყველაფრის მიუხედავად, რუთმა მასთან დარჩენა არჩია.
19. რა დაგვეხმარება, რომ თანაქრისტიანი გასაჭირში არ მივატოვოთ?
19 გაკვეთილი ჩვენთვის: გულგატეხილმა თანაქრისტიანმა შეიძლება არ დაგვიფასოს მცდელობა და თავისი სიტყვებით გული გვატკინოს. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ საწყენად არ მივიღოთ მისი ნათქვამი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ის გასაჭირში და იეჰოვას ვთხოვოთ დახმარება, მის სანუგეშებლად სხვა გზა მოგვაძებნინოს (იგავ. 17:17).
20. რამ შემატა რუთს მხნეობა?
20 სათანადო დროს გაამხნევეთ. რუთი ურყევი სიყვარულით ზრუნავდა ნაომიზე, მაგრამ ახლა თავადაც სჭირდებოდა გამხნევება. ამისკენ იეჰოვამ ბოაზი აღძრა. აი, რა უთხრა მან რუთს: „იეჰოვამ გადაგიხადოს ამისთვის და სრულად მოგაგოს საზღაური ისრაელის ღმერთმა, იეჰოვამ, რომლის ფრთებქვეშაც პოვე თავშესაფარი!“ ეს უდიდესი ნუგეში იყო რუთისთვის, რაც კარგად გამოჩნდა მისი პასუხიდან: „[შენ] მანუგეშე და დამამშვიდე“ (რუთ. 2:12, 13). სათანადო დროს ნათქვამმა სიტყვებმა რუთს მხნეობა შემატა, რომ კვლავაც სიკეთე ეკეთებინა.
21. ესაიას 32:1, 2-ის თანახმად, რას აკეთებენ ყურადღებიანი უხუცესები?
21 გაკვეთილი ჩვენთვის: დროდადრო მათაც სჭირდებათ გამხნევება, ვინც სხვების მიმართ ურყევ სიყვარულს იჩენს. ბოაზის მსგავსად, რომელმაც დაარწმუნა რუთი, რომ მისი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ყურადღებიანი უხუცესებიც ცდილობენ, შეაქონ ის და-ძმები, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ. უხუცესების მიერ დროულად ნათქვამი თბილი სიტყვები და-ძმებს მხნეობას მატებს, რომ კვლავაც სიკეთე აკეთონ (წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2).
ᲯᲘᲚᲓᲝ ᲣᲠᲧᲔᲕᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
22, 23. რამ იმოქმედა ნაომიზე და რატომ? (ფსალმუნი 136:23, 26).
22 ბოაზმა იზრუნა იმაზე, რომ ნაომისა და რუთს საკვები არ მოჰკლებოდათ (რუთ. 2:14—18). როგორ იმოქმედა ნაომიზე ბოაზის გულუხვობამ? მან თქვა: „აკურთხოს იგი იეჰოვამ, რომლის სიყვარულიც ურყევია ცოცხლებისა თუ მკვდრების მიმართ!“ (რუთ. 2:20ა). აშკარა იყო, რომ ნაომიმ სულ სხვა თვალით შეხედა თავის მდგომარეობას. თუ ადრე ამბობდა, იეჰოვა დამიპირისპირდაო, ახლა სიხარულით იძახდა, ურყევიაო იეჰოვას სიყვარული. რამ იმოქმედა ნაომიზე?
23 საბოლოოდ ის მიხვდა, რომ იეჰოვას არასოდეს მიუტოვებია. ჯერ იყო და რუთის მეშვეობით ამოუდგა მხარში და მარტო არ დატოვა იუდასკენ მიმავალ გზაზე (რუთ. 1:16). შემდეგ კი ბოაზის, ერთ-ერთი გამომსყიდველის, მეშვეობით იზრუნა მასზე, როცა ის და რუთი საკვებით უზრუნველყოd (რუთ. 2:19, 20ბ). შეიძლება ნაომი ფიქრობდა: „ახლა ვხვდები, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. მთელი ეს დრო ის ჩემ გვერდით იყო“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 136:23, 26). რა მადლიერი იქნებოდა ის, რომ რუთმა და ბოაზმა ხელი არ ჩაიქნიეს მასზე. შედეგით სამივე კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა.
24. რატომ უნდა გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ ურყევი სიყვარული?
24 რა ვისწავლეთ ურყევი სიყვარულის შესახებ „რუთის“ წიგნიდან? ურყევი სიყვარული გვეხმარება, რომ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანების დახმარების სურვილი არ დავკარგოთ. ეს იმის სტიმულსაც გვაძლევს, რომ მათ დასახმარებლად მსხვერპლზე წავიდეთ. უხუცესებმა სათანადო დროს გულთბილად უნდა შეაქონ ის და-ძმები, რომლებიც ურყევ სიყვარულს ავლენენ თანაქრისტიანების მიმართ. ძალიან გვახარებს, როცა ვხედავთ, როგორ იკრებენ სულიერ მხნეობას გულგატეხილები (საქ. 20:35). მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა გვიბიძგებს ურყევი სიყვარულის გამოვლენისკენ? ის, რომ ამგვარად ვბაძავთ და გულს ვუხარებთ იეჰოვას, რომელიც უშურველად ავლენს ურყევ სიყვარულს (გამ. 34:6, სქ.; ფსალმ. 33:22, სქ.).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი
a იეჰოვას სურს, რომ კრებაში და-ძმები ერთმანეთის მიმართ ურყევ სიყვარულს ავლენდნენ. ურყევი სიყვარულის მნიშვნელობას უკეთ ჩავწვდებით, თუ განვიხილავთ ძველი დროის ღვთის ერთგული მსახურების მაგალითს. ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია რუთის, ნაომისა და ბოაზისგან.
b სტატიაში განხილული აზრების უკეთ გასაგებად წაიკითხეთ „რუთის“ 1-ლი და მე-2 თავები.
c ვინაიდან ნაომის მაგალითზე ვმსჯელობთ, აბზაცშიც დის მაგალითი მოვიყვანეთ. თუმცა აქ განხილული პრინციპები ძმებსაც ეხებათ.
d დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ რა როლი შეასრულა ბოაზმა როგორც გამომსყიდველმა, იხილეთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 20, სტატია „მიჰბაძეთ მათ რწმენას — ღირსეული ქალი“.