სამუელი — წიგნი მეორე
4 გაიგო საულის ვაჟმა, იშ-ბოშეთმა,+ რომ მოკვდა აბნერი ხებრონში,+ და გული შეუდრკა. შეშფოთდა მთელი ისრაელიც. 2 საულის ვაჟის მოთარეშე რაზმებს ორი მეთაური ჰყავდა: ერთს ბაანა ერქვა, მეორეს კი — რექაბი. ისინი ბეეროთელი რიმონის ვაჟები იყვნენ, ბენიამინის ტომიდან (ბეეროთი+ ბენიამინის ნაწილად ითვლებოდა. 3 ბეეროთელები გითაიმს+ შეეხიზნენ და ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ).
4 საულის ვაჟს, იონათანს,+ კოჭლი შვილი ჰყავდა.+ ხუთი წლისა იყო, როცა საულისა და იონათანის დაღუპვის ამბავი მოვიდა იზრეელიდან.+ მაშინ ხელში აიყვანა ის მისმა ძიძამ და გაიქცა, მაგრამ, როცა თავზარდაცემული გარბოდა, დაუვარდა ის და დაკოჭლდა ბავშვი. მას მეფიბოშეთი ერქვა.+
5 წავიდნენ რექაბი და ბაანა,+ ბეეროთელი რიმონის ვაჟები, და შუადღით, როცა მზე აჭერდა, იშ-ბოშეთის სახლში მივიდნენ. ამ დროს ის იწვა და ისვენებდა. 6 შევიდნენ სახლში, ვითომდა ხორბლის წამოსაღებად, და მახვილი ჩასცეს მუცელში, შემდეგ კი უჩუმრად წამოვიდნენ 7 (სახლში შესულებს ის თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მწოლიარე დახვდათ; ჩასცეს მახვილი, მოკლეს და თავი მოკვეთეს). წაიღეს მისი მოკვეთილი თავი და მთელი ღამე არაბისკენ მიმავალი გზით იარეს. 8 მიუტანეს იშ-ბოშეთის+ თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აი იშ-ბოშეთის თავი, რომლის მამაც, შენი მტერი+ საული შენს მოკვლას ცდილობდა.+ დღეს იეჰოვამ შური აძიებინა მეფე-ბატონს საულსა და მის შთამომავლებზე!“
9 მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, რექაბსა და მის ძმას, ბაანას: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, რომელმაც ყველა გასაჭირისგან დამიხსნა,+ 10 რომ ის მაცნე, რომელიც მოვიდა და მითხრა, მკვდარიაო საული+ და რომელსაც თავი მახარობელი ეგონა, დავიჭირე და მოვკალი+ ციკლაგში; აი, ასეთი ჯილდო მიიღო ჩემგან! 11 ჰოდა, ბოროტებს რაღას ვუზამ, რომლებმაც მართალი კაცი თავის სახლში თავისივე საწოლში მოკლეს?! განა არ მოგკითხავთ პასუხს მისი დაღვრილი სისხლის გამო+ და არ აღგგვით მიწის პირიდან?!“ 12 ბრძანება გასცა დავითმა და თავის ხალხს დაახოცვინა ისინი.+ დააჭრეს ხელ-ფეხი და ხებრონში წყალსატევთან ჩამოკიდეს;+ იშ-ბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონში, აბნერის სამარხში, დამარხეს.