იერუსალიმი ბიბლიურ დროში — რას გვიჩვენებს არქეოლოგია?
საინტერესო და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური საქმიანობა იერუსალიმში განსაკუთრებით 1967 წლიდან დაიწყო. მრავალი არქეოლოგიური ნაკვეთი დღეს ფართო საზოგადოებისთვისაა გახსნილი, ამიტომ, მოდი ვეწვიოთ ზოგიერთს და ვნახოთ, როგორ ეთანხმება არქეოლოგია ბიბლიურ ისტორიას.
მეფე დავითის იერუსალიმი
ტერიტორია, რომელსაც ბიბლია სიონის მთად მოიხსენიებს და რომელზეც დავითის ძველი ქალაქი იყო აშენებული, საკმაოდ უმნიშვნელოდ გამოიყურება საქმიანი თანამედროვე იერუსალიმის ფონზე. დავითის ქალაქის გათხრების შედეგად, რომლებსაც 1978—1985 წლებში აწ განსვენებული პროფესორი იგელ შილო ხელმძღვანელობდა, მთის აღმოსავლეთ მხარეზე აღმოჩენილ იქნა დიდი კიბური ნაგებობა, ანუ საბჯენი კედელი.
პროფესორი შილო აცხადებდა, რომ ეს იმ ტერასული კედლების უზარმაზარი საძირკვლის ნანგრევები იყო, რომლებზეც იებუსელებმა (დავითის მიერ დაპყრობამდე ქალაქის მაცხოვრებლებმა) ციტადელი ააშენეს. ის განმარტავდა, რომ ტერასული კედლების თავზე მის მიერ აღმოჩენილი კიბური ნაგებობა ახლად აშენებულ ციხე-სიმაგრეს ეკუთვნოდა, რომელიც დავითმა იებუსელების ციტადელის ადგილზე ააშენა. მეორე მეფეთა 5:9-ში ვკითხულობთ: «დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს [‘ბორცვის’, „მცხეთური ხელნაწერები“] გარშემო და შიგნით».
ამ ნაგებობის მახლობლად განლაგებულია ქალაქის წყალმომარაგების ძველი სისტემის რამდენიმე შესასვლელი, რომლის ზოგი ნაწილი, როგორც ჩანს, დავითის დროინდელია. იერუსალიმში წყლის მიწისქვეშა სისტემის შესახებ ზოგმა ბიბლიურმა განაცხადმა მრავალი კითხვა აღძრა. მაგალითად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით, დავითმა უთხრა თავის ხალხს, რომ ‘იებუსელებთან ყოველი მებრძოლი წყლის გვირაბით მივიდეს’ მტერთან (მეორე მეფეთა 5:8, აქ). დავითის ჯარის მეთაური იოაბი ასეც მოიქცა. კერძოდ, რა იგულისხმება გამოთქმით „წყლის გვირაბი“?
სხვა კითხვები ცნობილმა სილოამის არხმა წამოჭრა, რომელიც, როგორც ჩანს, ძვ. წ. VIII საუკუნეში მეფე ეზეკიას ინჟინრებმა გამოთხარეს და რომელზეც მეოთხე მეფეთა 20:20 და მეორე ნეშტთა 32:30 მიუთითებს. როგორ მოახერხა ორმა ჯგუფმა გვირაბის ისე გათხრა, რომ საპირისპირო ბოლოებიდან ერთმანეთს შეხვედროდა? რატომ ირჩიეს კლაკნილი მიმართულება, როცა პირდაპირ გადაჭრით ბევრად უფრო შეამოკლებდნენ მანძილს? როგორ ყოფნიდათ ჰაერი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზეთის ლამპრები ჰქონდათ?
ერთ-ერთი არქეოლოგიური ჟურნალი (Biblical Archaeology Review) ამ კითხვებზე შესაძლო პასუხებს გვთავაზობს. ის ციტირებს გეოლოგიის დარგში იერუსალიმში გათხრების კონსულტანტის, დან გილის, სიტყვებს: „დავითის ქალაქის საფუძველს კარსტის კარგად განვითარებული ბუნებრივი მასივი წარმოადგენს. კარსტი გეოლოგიური ტერმინია, რომელიც მიწისქვეშა კლდოვან სტრუქტურებში გრუნტის წყლების გაჟონვისა და დინების შედეგად წარმოქმნილ ღრუ-მღვიმეებიან და არხოვან უსწორმასწორო ფენას აღწერს. . . გეოლოგიური გამოკვლევა, რომელსაც დავითის ქალაქის ქვემოთ განლაგებულ მიწისქვეშა წყალსადენ გვირაბებში ვაწარმოებდით, ცხადყოფს, რომ, სინამდვილეში, ადამიანებმა ოსტატურად გააფართოვეს გადარეცხვის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი (კარსტული) არხები და შახტები, რომლებიც მოქმედ წყალსადენ სისტემაში გააერთიანეს“.
ამ ფაქტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სილოამის არხის გათხრასთან დაკავშირებული მეთოდების განმარტებას. თხრას შეიძლება მთის ქვეშ ბუნებრივი არხის კლაკნილი მიმართულების მიხედვით აწარმოებდნენ. არსებული გამოქვაბულების გადაკეთებით ორივე მხრიდან მომუშავე ჯგუფებს დროებითი გვირაბის გამოთხრა შეეძლოთ. შემდეგ მათ დაქანებული არხი გამოთხარეს, რათა გიხონის წყაროს წყალი სილოამის აუზში ჩასულიყო, რომელიც, ალბათ, ქალაქის კედლებს შიგნით იყო განლაგებული. ამით, მართლაც, საინჟინრო ხელოვნება გამოვლინდა, რადგან 533 მეტრიანი სიგრძის მიუხედავად, ორი ბოლოს სიმაღლეს შორის სხვაობა მხოლოდ 32 სანტიმეტრს შეადგენდა.
სწავლულები დიდი ხანია აღიარებენ, რომ ძველი ქალაქი ძირითადად გიხონის წყაროდან საზრდოობდა წყლით. ის ქალაქის კედლებს გარეთ, მაგრამ საკმაოდ ახლოს მდებარეობდა, რომ საშუალება მიეცა არხისა და 11 მეტრიანი შახტის ამოსათხრელად, რომელიც გაუადვილებდა მოსახლეობას დამცავი კედლების გარეთ გაუსვლელად წყლის აღებას. ის უორენის შახტადაა ცნობილი, რადგან ჩარლზ უორენის სახელი ეწოდა, რომელმაც სისტემა 1867 წელს აღმოაჩინა. მაგრამ როდის გაიყვანეს გვირაბი და ამოთხარეს შახტი? არსებობდნენ თუ არა ისინი დავითის პერიოდში? ეს წყალსადენი გვირაბი ხომ არ გამოიყენა იოაბმა? დან გილი პასუხობს: „უორენის შახტში ნამდვილად ბუნებრივი ღრუს არსებობის შესამოწმებლად ჩვენ მისი უსწორმასწორო კედლების კირიანი დანალექის ნატეხში ნახშირბადი–14-ის (14C) აღმოსაჩენად ის ქიმიურად დავშალეთ. ელემენტი ვერ აღმოვაჩინეთ, რაც მიუთითებდა, რომ კირის ასაკი 40 000 წელს აღემატებოდა: ეს კი იმის ნათელ მტკიცებას წარმოადგენს, რომ შახტი ადამიანს არ ამოუთხრია“.
ეზეკიას დროინდელი ნანგრევები
მეფე ეზეკია თავიანთ გზაზე ყოველივეს წამლეკავი ასურელების პერიოდში ცხოვრობდა. ეზეკიას მეფობის მეექვსე წელს ასურელებმა ათტომიანი სამეფოს დედაქალაქი, სამარია, დაიპყრეს. რვა წლის შემდეგ (ძვ. წ. 732 წელს) ასურელები კვლავ დაბრუნდნენ და იუდასა და იერუსალიმს ემუქრებოდნენ. ხოლო მეორე ნეშტთა 32:1–8 ეზეკიას თავდაცვით სტრატეგიას აღწერს. თუ არსებობს იმდროინდელი თვალსაჩინო მტკიცებები?
დიახ, 1969 წელს პროფესორმა ნაჰმან ავიგადმა აღმოაჩინა იმ პერიოდის ნანგრევები. გათხრებმა გააშიშვლა დიდი კედლის მონაკვეთი, რომლის პირველი ნაწილის სიგრძე 40 მეტრი, სიგანე 7 მეტრი და, შეფასების თანახმად, სიმაღლე 8 მეტრი იყო. კედელი ნაწილობრივ ძირითად ქვეშფენილ ქანზე იდგა, ნაწილობრივ კი ახალ აშენებულ სახლებზე. ვინ ააშენა კედელი და როდის? „ორმა მონაკვეთმა ბიბლიიდან ხელი შეუწყო ავიგადს კედლის ასაკისა და დანიშნულების ზუსტ აღნიშვნაში“, — იტყობინება არქეოლოგიური ჟურნალი. ამ მონაკვეთებში ნათქვამია: „მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა“ (მეორე ნეშტთა 32:5). „ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად“ (ესაია 22:10). დღეს ძველი ქალაქის იუდეველთა უბანში მნახველებს ამ ეგრეთ წოდებული ფართო კედლის ნაწილის ხილვა შეუძლიათ.
სხვადასხვა გათხრებმა აგრეთვე ნათელყო, რომ ამ პერიოდში იერუსალიმი ადრე წარმოდგენილზე ბევრად უფრო დიდი იყო, შესაძლოა იმ მიზეზით, რომ ასურელთა მიერ ჩრდილოეთ სამეფოს დამარცხების შემდეგ იქ ლტოლვილები მოზღვავდა. პროფესორი შილო ვარაუდობდა, რომ იებუსელების ქალაქი 6 ჰექტარიან ტერიტორიას იკავებდა. სოლომონის პერიოდში ის 16 ჰექტარს შეიცავდა. მაგრამ მეფე ეზეკიას პერიოდისთვის, 300 წლის შემდეგ, ქალაქის გამაგრებული ფართობი დაახლოებით 60 ჰექტარამდე გაიზარდა.
პირველი ტაძრის დროინდელი სასაფლაოები
პირველი ტაძრის დროინდელი ესე იგი ბაბილონელთა მიერ ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევამდე არსებული სასაფლაოები, ინფორმაციის სხვა წყაროს წარმოადგენს. აღმოჩენები სენსაციური იყო, როცა 1979—1980 წლებში ჰინომის ველის ფერდობებზე დასაკრძალავი გამოქვაბულების ჯგუფი გამოთხარეს. „იერუსალიმში არქეოლოგიური გამოკვლევების ისტორიაში ეს პირველი ტაძრის დროს არსებული სულ რამდენიმე აკლდამისგან ერთ-ერთია, რომელიც მთელი თავისი შიგთავსით აღმოაჩინეს. ის ათასზე მეტ საგანს შეიცავდა, — ამბობს არქეოლოგი გაბრიელ ბარკეი. შემდეგ განაგრძობს — ისრაელში, განსაკუთრებით კი, იერუსალიმში მომუშავე ყოველი არქეოლოგის გულისნადები — წერილობითი მასალის აღმოჩენაა“. იმ დროს არქეოლოგებმა ვერცხლის ორი გრაგნილი აღმოაჩინეს; რას შეიცავდა ისინი?
ბარკეი განმარტავს: „როცა ვერცხლის გაშლილი ზოლი დავინახე და გამადიდებელი შუშით შევხედე, დავინახე, რომ ვერცხლის ძალიან თხელი და მყიფე ფურცლის ზედაპირი ბასრი იარაღით ამოკვეთილი ნატიფი ასოებით იყო დაფარული. . . წარწერაში მკვეთრად ამოკვეთილი ღვთის სახელი ძველი ებრაული ხელნაწერი შრიფტით დაწერილი ოთხი ებრაული ასოსგან შედგებოდა: იოდ, ჰე, ვავ, ჰე“. მოგვიანებით გამოცემულ პუბლიკაციაში ბარკეი ამატებს: «ჩვენდა გასაკვირად, ვერცხლის ორივე ფირფიტაზე ლოცვა-კურთხევის ნიმუშები იყო ჩაწერილი, რომელიც თითქმის შეესატყვისებოდა ბიბლიაში მოხსენიებულ „მღვდელთა კურთხევას“ » (რიცხვნი 6:24–26). ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იეჰოვას სახელი იერუსალიმში აღმოჩენილ ნაწერებში იხილეს.
როგორ დაადგინეს სწავლულებმა ვერცხლის გრაგნილების ასაკი? არქეოლოგიური თვალსაზრისით, უმთავრესად იმ გარემოს საფუძველზე, რომელშიც ისინი აღმოაჩინეს. აკლდამაში ნაპოვნი 300-ზე მეტი თიხის საგნის ასაკის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენდა; ისინი ძვ. წ. მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებზე მიუთითებდა. სხვა დათარიღებულ ნაწერებთან შედარებული უკანასკნელი ნაწერიც იმავე პერიოდზე მიუთითებს. ახლა გრაგნილები იერუსალიმში ისრაელის მუზეუმშია გამოფენილი.
იერუსალიმის დანგრევა ძვ. წ. 607 წელს
მეოთხე მეფეთა 25-ე, მეორე ნეშტთა 36-ესა და იერემიას 39-ე თავებში ბიბლია მოგვითხრობს ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევაზე, სადაც მოიხსენიებს, რომ ნაბუქოდონოსორის ჯარმა ქალაქი ცეცხლით გადაბუგა. ადასტურებს თუ არა თანამედროვე გათხრები ამ ისტორიულ ცნობას? პროფესორ იგელ შილოს თანახმად, „[ბაბილონური განადგურების შესახებ] ბიბლიის მტკიცებას. . . ნათელი არქეოლოგიური მონაცემები ემატება; მრავალი ნაგებობის სრული დანგრევა და ხანძრით სახლებში ხის ნაწილების სრული შთანთქმა“. შემდეგ მან შენიშნა: „ამ განადგურების კვალი იერუსალიმში მიმდინარე გათხრების თითოეულ შემთხვევაში იყო ნაპოვნი“.
დღეს მნახველებს შეუძლიათ იხილონ 2 500 წლის წინ მომხდარი განადგურებიდან დარჩენილი ნანგრევები. „ებრაული კოშკი“, „გადაბუგული ოთახი“ და „ბეჭდის სახლი“ იმ ცნობილი არქეოლოგიური ძეგლების სახელებია, რომლებიც დაიცვეს და საზოგადოებისთვის გახსნეს. ერთ-ერთ წიგნში არქეოლოგები ჯეინ მ. კაჰილი და დავიდ ტარლერი აჯამებენ: «ბაბილონელების მიერ იერუსალიმის მასობრივ განადგურებას არა მხოლოდ „გადაბუგული ოთახისა“ და „ბეჭდის სახლის“ მსგავს ნაგებობებში დანახშირებული ნანგრევების სქელი ფენის აღმოჩენა ააშკარავებს, არამედ აგრეთვე დანგრეული ქვის შენობების ფრაგმენტები, რომლებითაც აღმოსავლეთი ფერდობი იყო დაფარული. ქალაქის განადგურების ბიბლიური აღწერა. . . ავსებს არქეოლოგიურ მტკიცებას» (Ancient Jerusalem Revealed).
ამრიგად, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები მრავალმხრივ ადასტურებს იერუსალიმის ბიბლიურ სურათს დავითის დროიდან ძვ. წ. 607 წელს დანგრევამდე. მაგრამ რის თქმა შეიძლება ახ. წ. პირველი საუკუნის იერუსალიმზე?
იერუსალიმი იესოს დღეებში
გათხრები, ბიბლია, პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი და სხვა წყაროები ეხმარებიან სწავლულებს იესოს დროინდელი იერუსალიმის წარმოდგენაში, სანამ მას ახ. წ. 70 წელს რომაელები გაანადგურებდნენ. იერუსალიმში დიდი სასტუმროს უკან გამოტანილი მაკეტი რეგულარულად ახლდება ახალი გათხრების აღმოჩენების მიხედვით. ქალაქის მთავარ თავისებურებას ტაძრის მთა წარმოადგენდა, რომელიც ჰეროდემ გააორმაგა სოლომონის დროს არსებულთან შედარებით. ეს ძველ სამყაროში ადამიანთა ხელით ნაკეთები ყველაზე დიდი, დაახლოებით 480×280 მეტრიანი, პლატფორმა იყო. ზოგი სამშენებლო ქვა 50 ტონას იწონიდა, ერთ-ერთი კი 400 ტონას აღწევდა და ერთი სწავლულის თანახმად, „შეუდარებელი ზომის იყო ძველ სამყაროში“.
გასაკვირი არაა, რომ ზოგი შეცბა იესოს სიტყვების მოსმენისას: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“. მათ ეგონათ, ის უზარმაზარი ტაძრის შენობას გულისხმობდა, თუმცა ის „თავისი სხეულის ტაძარზე“ ლაპარაკობდა. ამიტომ უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ (იოანე 2:19–21). ტაძრის მთის მიდამოებში გათხრების შედეგად, დღეს მნახველს იესოს დროინდელი კედლების ნაწილისა და სხვა არქიტექტურული ძეგლების ხილვა შეუძლია, ამასთანავე, იმ კიბეებითაც კი შეუძლია ავიდეს, რომლებითაც ის, ალბათ, ტაძრის სამხრეთი კარიბჭეებისკენ მიემართებოდა.
ტაძრის მთის დასავლეთი კედლიდან არცთუ ისე შორს, ძველი ქალაქის იუდეველთა უბანში, მდებარეობს ლამაზად აღდგენილი ახ. წ. პირველი საუკუნის ორი არქეოლოგიური ნაკვეთი, რომლებიც „დამწვარ სახლად“ და „ჰეროდეს უბნადაა“ ცნობილი. „დამწვარი სახლის“ აღმოჩენის შემდეგ, არქეოლოგი ნაჰმან ავიგადი წერდა: „ახლა სავსებით ნათელი იყო, რომ ეს შენობა რომაელებმა ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებისას დაწვეს. ქალაქში გათხრების ისტორიაში პირველად გამოაშკარავდა ქალაქის დაწვის ცოცხალი და ნათელი არქეოლოგიური მტკიცებები“ (იხილე ფოტოსურათები მე-12 გვერდზე).
ამ აღმოჩენებიდან ზოგი ნათელს ჰფენს იესოს ცხოვრებაში გარკვეულ შემთხვევებს. ეს შენობები ზედა ქალაქში მდებარეობდა, სადაც იერუსალიმის მდიდრები და, მათ შორის, მღვდელმთავრები ცხოვრობდნენ. მრავალი რიტუალური აბაზანა ამ სახლებში მოიპოვებოდა. ერთ-ერთი სწავლული შენიშნავს: «აბაზანების დიდი რაოდენობა ადასტურებს ცერემონიალურ სისუფთავესთან დაკავშირებული კანონების ზუსტ დაცვას, რასაც ზედა ქალაქის მცხოვრებლები მეორე ტაძრის პერიოდში ასრულებდნენ. (ეს კანონები ჩაწერილია „მიშნაში“, რომლის ათი თავი „მიქვეჰის“ დეტალებსაა მიძღვნილი)». ეს ინფორმაცია გვეხმარება ამ რიტუალების თაობაზე ფარისევლებისა და მწიგნობრებისადმი იესოს შენიშვნების ჩაწვდომაში (მათე 15:1–20; მარკოზი 7:1–15).
აგრეთვე იერუსალიმში ქვის ჭურჭლის საოცრად დიდი რიცხვი იყო ნაპოვნი. ნაჰმან ავიგადი შენიშნავს: «მაშ რატომ გაჩნდა ქვის ჭურჭელი ასე მოულოდნელად და ასეთი რაოდენობით იერუსალიმის ოჯახებში? პასუხს „ჰალაქხჰაჰი“ მოიცავს, რიტუალური სისუფთავის იუდაური კანონი. „მიშნა“ მოგვითხრობს, რომ ქვის ჭურჭელი იმ საგნებს მიეკუთვნება, რომლებიც არ უწმინდურდება. . . ქვა უბრალოდ არ ექვემდებარებოდა რიტუალურ წაბილწვას». ვარაუდობენ, რომ სწორედ ამით იხსნება თიხის ნაცვლად, ქვის ჭურჭელში იესოს მიერ ღვინოდ გადაქცეული წყლის შენახვა (ლევიანნი 11:33; იოანე 2:6).
ხოლო ისრაელის მუზეუმს თუ ვესტუმრებით, ორ უჩვეულო ურნას ვიხილავთ. ერთ-ერთი ჟურნალი განმარტავს: „ურნები თავდაპირველად ახ. წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევამდე დაახლოებით ასი წლის მანძილზე გამოიყენებოდა. . . მიცვალებულს დამკრძალავი გამოქვაბულის კედელში გამოჭრილ ნიშში ათავსებდნენ; ხორცის გახრწნის შემდეგ ძვლებს აგროვებდნენ და აწყობდნენ ურნაში — ჩვეულებრივ, მორთული კირქვისგან გაკეთებულ სათავსში“. გამოფენაზე გამოტანილი ორი ურნა 1990 წლის ნოემბერში დასაკრძალავ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. არქეოლოგი ზვი გრინჰატი იტყობინება: «საფლავში ორ ურნაზე აღმოჩენილი სიტყვა. . . „კაიაფა“ პირველად გამოჩნდა არქეოლოგიურ პრაქტიკაში. ეს, როგორც ჩანს, მღვდელმთავარ კაიაფას ოჯახის სახელია, რომელიც ახალ აღთქმაში მოიხსენიება. . . იერუსალიმში სწორედ მისი სახლიდან წაიყვანეს იესო რომის პროკურატორ პონტოელ პილატესთან“. ერთ-ერთი ურნა 60 წლის ასაკის მამაკაცის ძვლებს შეიცავდა. სწავლულები ფიქრობენ, რომ, სინამდვილეში, ეს კაიაფას ძვლებია. ერთ-ერთი სწავლული აღმოჩენებს იესოს პერიოდს აკუთვნებს: „სხვა ურნაში ნაპოვნი მონეტა ჰეროდე აგრიპას (ახ. წ. 37—44 წლები) მოჭრილი იყო. კაიაფას ორი ურნა შეიძლება, სულ მცირე, საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს“.
უილიამ ჯ. დევერმა, არიზონას უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის პროფესორმა, იერუსალიმთან დაკავშირებით შენიშნა: „არ გავაზვიადებ, თუ ვიტყვი, რომ არქეოლოგიური ისტორიის შესახებ ამ მთავარი ძეგლის საშუალებით ბოლო 15 წლის მანძილზე უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე ერთად შეკრებილი წინა 150 წლის განმავლობაში“. უდავოა, ბოლო ათწლეულებში იერუსალიმში ჩატარებული მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოს შედეგად წარმოდგენილი აღმოჩენები ნათელს ჰფენს ბიბლიის ისტორიას.
[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]
მეორე ტაძრის დროინდელი იერუსალიმის რეპროდუქცია — განლაგებული იერუსალიმის სასტუმრო „ჰოლილენდის“ ტერიტორიაზე.
[სურათები 10 გვერდზე]
ზემოთ: იერუსალიმის ტაძრის მთის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. მარჯვნივ: უორენის შახტში ჩასვლა.