ელისე
[ღმერთია ხსნა]
შაფატის ვაჟი; ძვ. წ. X-IX საუკუნეებში მოღვაწე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველის საქმის გამგრძელებელი; იეჰოვამ გაგზავნა ელია, რომ წინასწარმეტყველად ეცხო ელისე, რომელიც აბელ-მეჰოლაში ცხოვრობდა. მან იპოვა ელისე, რომელიც მიწას ხნავდა, და წინასწარმეტყველის მოსასხამი გადაუგდო, რაც წინასწარმეტყველად დანიშვნას ნიშნავდა (1მფ. 19:16). ელისეს წინ თორმეტი უღელი ხარი ეყენა, „თვითონ მეთორმეტესთან იყო“. მე-19 საუკუნეში მოღვაწე მისიონერი უილიამ ტომსონი თავის წიგნში წერდა, რომ არაბებს ჩვეულებად ჰქონდათ, ერთად მოეხნათ მიწა პატარა გუთნებით. მთესველს თავისუფლად შეეძლო ერთი დღის მანძილზე მათ მიერ მოხნული მიწის დათესვა (The Land and the Book, 1887, გვ. 144). ვინაიდან ელისე ბოლოში იყო, ისე შეეძლო შეეწყვიტა მუშაობა, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალა. მსხვერპლად ორი ხარის შეწირვა, შეშად კი გუთნისა და უღლის გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ ელისეს მზადყოფნის სული ჰქონდა, შეუპოვარი იყო და აფასებდა იეჰოვასგან მიღებულ დანიშნულებას. მას შემდეგ, რაც ხორცი მოამზადა, ის დაუყოვნებლივ გაჰყვა ელიას (1მფ. 19:19—21).
ელისე შეიძლება ექვსი წელი იყო ელიას მსახური. ელია მთავარი წინასწარმეტყველი იყო, ელისე კი მჭიდროდ თანამშრომლობდა მასთან. ის ცნობილი იყო, როგორც წინასწარმეტყველი, „რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2მფ. 2:3—5; 3:11).
მას შემდეგ, რაც ელიას შეუერთდა, ელისე წინასწარმეტყველებდა ისრაელში ახაბის, ახაზიას, იეჰორამის, იეჰუსა და იეჰოაშის მეფობის დროს. იმ პერიოდში იუდაში მეფობდნენ იეჰოშაფატი, იეჰორამი, ახაზია, ათალია, იეჰოაში და, სავარაუდოდ, ამაცია. ელიასთან განშორების შემდეგ ელისე დაახლოებით 60 წელიწადს მსახურობდა წინასწარმეტყველად (იხ. რუკა, ტ. 1, გვ. 949).
წიგნ „მეორე მეფეებში“ ელისეს წინასწარმეტყველური საქმიანობა მთლიანობაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის გადმოცემული. მაგალითად, მე-5 თავში ნათქვამია, რომ გეხაზს კეთრი შეეყარა, რის გამოც მას ხალხთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ მე-8 თავში ვკითხულობთ, რომ ის ისრაელის მეფე იეჰორამთან საუბრობდა. გარდა ამისა, მე-13 თავის დასაწყისში ვიგებთ ისრაელის მეფე იეჰოაშის სიკვდილის შესახებ, შემდეგ კი მოცემულია მისი უკანასკნელი საუბარი ელისესთან (2მფ. 13:12—21). ამ წიგნის ზოგიერთ ნაწილში ელისეს საქმეები და სასწაულები, როგორც ჩანს, დაჯგუფებულია მათი ხასიათისა თუ მსგავსების მიხედვით. მაგალითად: 1) წინასწარმეტყველთა და უბრალო ადამიანთა სასიკეთოდ გაკეთებული საქმეები (2მფ. 4:1—6:7) და 2) ერისა და მეფისთვის გაკეთებული საქმეები (2მფ. 6:8—7:20).
ელიას საქმის გამგრძელებელი. ელისემ, როგორც ელიას საქმის გამგრძელებელმა, თავისი საქმიანობა დაახლოებით ძვ. წ. 917 წელს დაიწყო, როცა ელია ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა (2მფ. 1:17; 2:1, 11, 12). განშორებამდე ელისემ ელიას სთხოვა მისი „სულის ორი წილი“, ანუ პირმშო ვაჟისთვის განკუთვნილი ორმაგი წილი. მას ჰქონდა ამის უფლება, რადგან ელიამ წინასწარმეტყველის მოსასხამის გადაგდებით ის ოფიციალურად დანიშნა თავისი საქმის გამგრძელებლად (2მფ. 2:9). ელიას ესმოდა, რომ მის უფლებებში არ შედიოდა სულის მიცემა ან არ მიცემა, ამიტომ უთხრა ელისეს, რომ მის ზეცაში აყვანას თუ თვალს მოჰკრავდა, შეუსრულდებოდა სათხოვარი. იეჰოვამ უფლება მისცა ელისეს, დაენახა ქარიშხლით ელიას ზეცაში აყვანა. ამ დროს ელიას დაუვარდა უხეში ქსოვილისგან დამზადებული წინასწარმეტყველის მოსასხამი. ელისემ აიღო ის, რითაც ცხადყო, რომ მისი საქმის გამგრძელებელი იყო. იორდანის პირას იეჰოვამ დაადასტურა, რომ ელისესთან იყო და სასწაულებრივად გაყო მდინარე შუაზე, როცა ელისემ წყალს მოსასხამი დაჰკრა (2მფ. 2:9—15).
ელისემ იორდანე გადაკვეთა და დაბრუნდა იერიხონში წინასწარმეტყველთა ძეებთან. იმის კიდევ ერთი მტკიცება, რომ ელისე ღვთის წინასწარმეტყველთაგან მთავარი იყო, არის ქალაქ იერიხონის წყლის მარაგის გაწმენდა, რომელიც დასალევად არ ვარგოდა და უნაყოფობას იწვევდა. ელისე მივიდა წყლის სათავესთან და მასში პატარა ახალი თასით მარილი ჩაყარა. მას შემდეგ „გაწმენდილია ის წყალი“ (2მფ. 2:19—22).
იერიხონიდან ელისე გაემგზავრა ბეთელში, ზღვის დონიდან დაახლ. 900 მ-ის სიმაღლეზე, სადაც მანამდე ელიასთან ერთად მოინახულა წინასწარმეტყველთა ძეები (2მფ. 2:3). გზად მას შეხვდა ბიჭების ჯგუფი, რომლებმაც დიდი უპატივცემულობა გამოავლინეს მის მიმართ, როგორც ადამიანისა და წინასწარმეტყველის მიმართ. ისინი დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „წადი, შე მელოტო, წადი, შე მელოტო!“. ამ სიტყვებში ისინი გულისხმობდნენ, რომ ელისე ან ბეთელში წასულიყო, ან თავისი წინამორბედის მსგავსად დაეტოვებინა დედამიწა, რადგან ასე ეგონა ხალხს ელიაზე (2მფ. 2:11). ამ ბიჭებისა და მათი მშობლებისთვის იეჰოვას წინასწარმეტყველის პატივისცემა რომ ესწავლებინა, ელისე მიუბრუნდა მათ და იეჰოვას სახელით დაწყევლა. მოულოდნელად ტყიდან ორი ძუ დათვი გამოვიდა და მათგან 42 ბავშვი დაგლიჯა (2მფ. 2:23, 24).
ისრაელის მეფე იეჰორამი, იუდას მეფე იეჰოშაფატი და ედომის მეფე მოაბის მეფე მეშას (რომელმაც აღმართა მოაბური ქვის სახელით ცნობილი სვეტი) აჯანყების ჩასახშობად გავიდნენ. ისინი უწყლოდ დარჩნენ უდაბნოში. იეჰოშაფატმა ღვთის წინასწარმეტყველს მოუხმო. იეჰოვას მოსაწონი მეფის, იეჰოშაფატის და არა იეჰორამის პატივსაცემად ელისემ მოაყვანინა ქნარზე დამკვრელი, რათა მუსიკის ჰანგების ფონზე ჰქონოდა შთაგონება იეჰოვასგან (შდრ. 1სმ. 10:5, 6). შემდეგ ელისემ ხალხს უთხრა, თხრილები გაეკეთებინათ. მეორე დღეს ისინი წყლით იყო სავსე. როცა დილით მზემ წყალს დაანათა, მოაბელებს ის სისხლად მოეჩვენათ. მათ ეგონათ, რომ ისრაელებისა და მათი მოკავშირეების ბანაკი არეულობამ მოიცვა, ერთმანეთს დაერივნენ და დახოცეს, ამიტომ სასწრაფოდ ჩავიდნენ ბანაკში ნადავლის დასატაცებლად. მაგრამ მათდა გასაკვირად ისრაელები წამოიშალნენ და დაამარცხეს ისინი (2მფ. 3:4—27). ეს ამბავი ძვ. წ. 917-913 წლებში მოხდა.
შემდეგ ბიბლიაში მოთხრობილია რამდენიმე სასწაულის შესახებ, რომლებიც ელისემ უბრალო ხალხის სასიკეთოდ მოახდინა. წინასწარმეტყველთა ძეებიდან ერთ-ერთის ქვრივი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ელისემ სასწაულებრივად გაზარდა მისი ზეთის მწირი მარაგი და მისი ვაჟები მევალის მონობისგან იხსნა (2მფ. 4:1—7). ეს ამბავი ჰგავს ელიას მიერ მოხდენილ მეორე სასწაულს, რომლის წყალობითაც სარეფთელ ქვრივს ფქვილისა და ზეთის მარაგი არ ელეოდა (1მფ. 17:8—16).
იზრეელის ველზე მდებარე შუნემში მცხოვრებ ერთ წარჩინებულ ქალბატონს სჯეროდა, რომ ელისე ღვთის წმინდა კაცი იყო და მის მიმართ განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას იჩენდა. ვინაიდან ელისეს ხშირად უხდებოდა იმ ადგილას გავლა, ქალმა იმაზეც კი იზრუნა, რომ მისთვის ოთახი მოეწყო. ელისე დაჰპირდა, რომ ამ სიკეთისთვის ქალს ვაჟი შეეძინებოდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი მოხუცი იყო. წინასწარმეტყველის დაპირებისამებრ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ქალმა ვაჟი გააჩინა, რომელიც ჯერ კიდევ პატარა დაიღუპა. ელისეს მიერ მკვდრეთით აღდგენის პირველი შემთხვევა ამ ბიჭის გაცოცხლება იყო, რაც ელიას მიერ სარეფთელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენას ჰგავდა (2მფ. 4:8—37; 1მფ. 17:17—24). ღვთის წინასწარმეტყველისადმი გამოვლენილი სიკეთისთვის ქალმა უხვი კურთხევები მიიღო (შდრ. მთ. 10:41).
ელისე დაბრუნდა წინასწარმეტყველთა ძეებთან, რომლებიც ბეთელის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში მდებარე გილგალში ცხოვრობდნენ. ამ დროს ქვეყანაში შიმშილობა მძვინვარებდა. შეჭამადის მომზადებისას ვიღაცამ შემთხვევით ქვაბში შხამიანი გოგრები ჩაყარა. როგორც კი მათ საჭმელს გემო გაუსინჯეს, ყვირილი მორთეს: „სიკვდილია ქვაბში, ჭეშმარიტი ღვთის კაცო!“. ვინაიდან შიმშილობის დროს საჭმლის გადაყრა დაუშვებელი იყო, ელისემ ფქვილი მოატანინა და ის ქვაბში ჩაყარა, რის შემდეგაც შეჭამადის ჭამა უკვე შეიძლებოდა და „ქვაბში ცუდი აღარაფერი იყო“ (2მფ. 4:38—41).
შიმშილობის მძიმე პერიოდში ისრაელების მცირე ნაწილი, რომელმაც ერთგულება შეინარჩუნა და მუხლი არ მოიდრიკა ბაალის წინაშე, იეჰოვას წინასწარმეტყველებს საკვებით უზრუნველყოფდა, რადგან მადლიერნი იყვნენ მათ მიერ გაწეული მსახურებისთვის. როცა ერთმა კაცმა ოცი ქერის პური და მარცვლეული მიიტანა, ელისემ ბრძანა, რომ ეს მცირე საკვები ყველასთვის გაენაწილებინათ. მაგრამ საჭმელი წინასწარმეტყველთა 100 ძისთვის უნდა მიეცათ! საკვების გამნაწილებელი მსახურის დაეჭვების მიუხედავად, ყველა დანაყრდა და მორჩათ კიდეც საჭმელი (2მფ. 4:42—44; შდრ. მრ. 6:35—44).
ნაამანის განკურნება. სირიის მეფე ბენ-ჰადად II-მ თავისი ლაშქრის პატივცემული მხედართმთავარი, კეთროვანი ნაამანი განსაკურნებლად გაგზავნა ისრაელის მეფესთან. ამ მამაცმა კაცმა, მიუხედავად კეთროვნებისა, იხსნა სირია. როგორც ჩანს, კეთრს არ შეუშლია ხელი ნაამანისთვის, რომ ასეთი მაღალი მდგომარეობა დაეკავებინა სირიაში, თუმცა ისრაელში მას ამ თანამდებობაზე არ დატოვებდნენ (ლვ. 13:46). მეფემ პატარა ისრაელი გოგონას ნათქვამის გამო გადაწყვიტა, თავისი მხედართმთავარი ისრაელში გაეგზავნა. ეს გოგონა ტყვე იყო და ნაამანის ოჯახს ემსახურებოდა. ის ენდობოდა იეჰოვას. მან თავის ქალბატონს უამბო იეჰოვას წინასწარმეტყველ ელისეზე, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა. ისრაელის მეფე დარწმუნებული იყო, რომ ბენ-ჰადადი მასთან დავის მიზეზს ეძებდა და წამოიძახა: „ღმერთი ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე?“. გაიგო ელისემ მეფის გასაჭირი და შეუთვალა: „მოვიდეს ჩემთან, რათა გაიგოს, რომ არის ისრაელში წინასწარმეტყველი“ (2მფ . 5:1—8).
ელისე თვითონ არ გასულა ნაამანთან შესახვედრად, მსახური გაგზავნა და შეუთვალა, შვიდჯერ დაებანა მდინარე იორდანეში. თავიდან ნაამანი განრისხდა, მაგრამ საბოლოოდ თავი დაიმდაბლა, შეასრულა ეს უბრალო მითითება და განიწმინდა. ამის შემდეგ დაბრუნდა ის ელისესთან და აღთქმა დადო, რომ ამიერიდან მხოლოდ ისრაელის ღმერთ იეჰოვას ემსახურებოდა ერთგულად. მან თან წაიღო ისრაელიდან იმდენი მიწა, „რამდენსაც წყვილი ჯორი“ ატარებდა, რათა მასზე შეეწირა მსხვერპლი იეჰოვასთვის, უეჭველია, იერუსალიმის ტაძრისკენ მზირალს. როგორც სირიის მეფის მხედართმთავარი, ის გააგრძელებდა თავის სამსახურს, რაშიც მეფესთან ერთად ცრუ ღვთაების, რიმონის სახლში მისვლაც შედიოდა. ვინაიდან მეფე მის ხელს ეყრდნობოდა, ნაამანს მეფესთან ერთად მოუწევდა მუხლის მოდრეკა, მაგრამ მან თქვა, რომ ამიერიდან ის აღარ იქნებოდა რიმონის თაყვანისმცემელი. ის რელიგიურ რიტუალს კი არ შეასრულებდა, არამედ მეფის წინაშე თავის ვალდებულებას. ნაამანმა ძღვენი მიართვა ელისეს, მაგრამ ელისემ არ აიღო ის, რადგან სასწაული იეჰოვას ძალით მოახდინა და არა თავისით, და არ სურდა, იეჰოვას მიერ ბოძებული მდგომარეობით ესარგებლა (2მფ. 5:9—19; შდრ. მთ. 10:8).
ელისეს მსახური გეხაზი, რომელიც მოგებას იყო დახარბებული, დაეწია ნაამანს და სთხოვა იმ ძღვნიდან ზოგი რამ, რაზეც ელისემ უარი თქვა. მან იცრუა, რათა ელისესგან დაემალა მომხდარი. ელისემ გაუცხადა მას, რომ მარადიულად შეეყრებოდა ნაამანის კეთრი მას და მის შთამომავლობას, როგორც დამსახურებული სასჯელი (2მფ. 5:20—27).
წინასწარმეტყველთა ძეებს, რომლებთან ერთადაც ელისე მსახურობდა, უფრო მეტი საცხოვრებელი ფართი დასჭირდათ. მათ იორდანის ნაპირთან დაიწყეს ხეების მოჭრა ახალი სახლის ასაშენებლად. ერთი წინასწარმეტყველი ნათხოვარი ცულით ჭრიდა ხეს, ცულს თავი მოსძვრა და წყალში ჩავარდა. ელისემ, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სურდა, რომ წინასწარმეტყველებისთვის ესაყვედურათ, ხის ნაჭერი ჩააგდო იმ ადგილას და ცულიც ამოტივტივდა. იეჰოვამ ამით ცხადყო, რომ მხარს უჭერდა თავის წინასწარმეტყველებს (2მფ. 6:1—7).
ისრაელის ხსნა სირიისგან. ისრაელში მეფე იეჰორამის მმართველობის დროს სირიელები ისრაელებზე მოულოდნელ თავდასხმას გეგმავდნენ. თუმცა ბენ-ჰადად II-ის გეგმები ელისემ არაერთხელ ჩაშალა, რადგან მეფე იეჰორამს სირიელების ყველა ნაბიჯის შესახებ ატყობინებდა. თავიდან ბენ-ჰადადმა იფიქრა, რომ მის ბანაკში გამცემი იყო. მაგრამ გაიგო თუ არა, ვინ უქმნიდა სინამდვილეში სირთულეებს, დოთანში ჯარი გაგზავნა ელისეს შესაპყრობად და ცხენოსნებისა და ეტლების ალყაში მოაქცია ქალაქი (სურათი, ტ. 1, გვ. 950). ელისეს მსახური შიშმა შეიპყრო, მაგრამ ელისემ ილოცა, რომ ღმერთს თვალი აეხილა მისთვის. „მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყო სავსე“. შემდეგ, როცა სირიელები ახლოს მივიდნენ, ელისემ საპირისპირო სთხოვა იეჰოვას: „დააბრმავე ეს ხალხი“. მან სირიელებს უთხრა: „წამომყევით“. მას ხელი არ ჩაუკიდებია მათთვის, რაც იმაზე მოწმობს, რომ ისინი პირდაპირი გაგებით არ დაბრმავებულან. მათ ვერ იცნეს ელისე, რომლის შესაპყრობადაც იყვნენ მისულები, და ვერც იმას ხვდებოდნენ, სად მიჰყავდა ისინი ელისეს (2მფ. 6:8—19).
რა გაგებით დააბრმავა იეჰოვამ ელისეს შესაპყრობად მისული სირიელები?
ასეთი სიბრმავის შესახებ უილიამ ჯეიმზი თავის წიგნში წერს, რომ მისი გამომწვევია თავის ტვინის ქერქის ფუნქციის მოშლა. ის სინათლის შეგრძნების სრული დარღვევა კი არა, ნანახის აღქმის უუნარობაა. ფსიქოლოგიაში ეს არის ნანახისა და მისი მნიშვნელობის ერთმანეთთან დაკავშირების უნარის დაკარგვა. მას იწვევს მხედველობის ცენტრებსა და სხვა ასოციაციების წარმომქმნელ ცენტრებს შორის ნებისმიერი კავშირის გაწყვეტა (Principles of Psychology, 1981, ტ. 1, გვ. 59).
მას შემდეგ, რაც სირიელები სამარიაში მიიყვანა, ელისემ სთხოვა იეჰოვას, მათთვის თვალები აეხილა. სირიელებმა დაინახეს, რომ შუა სამარიაში, მეფე იეჰორამის წინაშე იდგნენ. იეჰოვას ძალაში დარწმუნებულ ელისეს შურისძიების არავითარი სურვილი არ გასჩენია. მან ისრაელის მეფეს არ მისცა სირიელების დახოცვის უფლება, რადგან მისი სიტყვების თანახმად, ისინი ომში აყვანილი ტყვეებივით იყვნენ. ელისემ ურჩია მეფეს, მათთვის საკვები მიეცა. მეფემაც დიდი ნადიმი გაუმართა და ისინი სახლში გაუშვა. „სირიელები მეტად აღარ მისულან ისრაელში სათარეშოდ“ (2მფ. 6:20—23).
მოგვიანებით ბენ-ჰადად II ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა არა სათარეშოდ. ამჯერად მან დიდი ჯარით შეუტია სამარიას და ალყაში მოაქცია. მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მეფეს სულ მცირე ერთხელ აცნობეს, ქალმა საკუთარი შვილი შეჭამაო. ახაბის შთამომავალმა, „კაცისმკვლელის ვაჟმა“, იეჰორამმა ფიცი დადო, რომ ელისეს მოკლავდა, მაგრამ ეს გაუაზრებელი ფიცი არ შეუსრულებია. წინასწარმეტყველის სახლთან თავის მხლებელთან ერთად მისულმა მეფემ თქვა, რომ იეჰოვას დახმარების იმედი აღარ ჰქონდა. ელისემ დაარწმუნა ის, რომ მეორე დღეს საკვები უხვად ექნებოდათ. ვინაიდან მეფის მხლებელს ეს წინასწარმეტყველება სიცილად არ ეყო, ელისემ უთხრა მას: „შენი თვალით იხილავ, მაგრამ ვერ შეჭამ“. იეჰოვამ ჩაასმინა სირიელთა ბანაკს მათ წინააღმდეგ წამოსული მოკავშირე მეფეების დიდი ჯარის ხმა. ამიტომ ისინი გაიქცნენ და ბანაკში ყველაფერი, მათ შორის საკვების მარაგი, ხელუხლებელი დატოვეს. როცა მეფემ შეიტყო სირიელების გაქცევის შესახებ, თავის მხლებელს სამარიის კარიბჭე ჩააბარა, სადაც ბანაკის გასაძარცვავად გაქცეულმა დამშეულმა ისრაელებმა გადათელეს ის. მან საკუთარი თვალით იხილა საკვები, მაგრამ ვერ შეჭამა (2მფ. 6:24—7:20).
ხაზაელისა და იეჰუს მეფედ დანიშვნა. სირიის დედაქალაქ დამასკოში მეფე ბენ-ჰადად II სიკვდილის პირას იმყოფებოდა, როცა მისი მაცნე ხაზაელი ელისესთან მივიდა იმის გასაგებად, მორჩებოდა თუ არა მისი ბატონი. იეჰოვას სული ამოქმედდა ელისეზე და მან საშინელი სურათი იხილა, რამაც ის დაამწუხრა: ხაზაელი, რომელიც ბენ-ჰადადს ტახტიდან ჩამოაგდებდა, მოგვიანებით ენით აღუწერელ უბედურებას დაატრიალებდა ისრაელში. თუმცა ეს იქნებოდა ისრაელის ცოდვების გამო იეჰოვასგან დატეხილი სამართლიანი სასჯელი. ელისემ ხაზაელს უთხრა: „წადი და უთხარი [ბენ-ჰადადს], მორჩები-თქო, მაგრამ იეჰოვამ გამიმჟღავნა, რომ მოკვდება“. ხაზაელმა მეფეს ელისეს სიტყვების მხოლოდ პირველი ნაწილი გადასცა. მეორე დღეს მან სველი გადასაფარებლით გაგუდა ის და სირიის ტახტი მიისაკუთრა (2მფ. 8:7—15).
ელისეს ელიასთვის მიცემული კიდევ ერთი დავალება უნდა შეესრულებინა — მას იეჰუ უნდა ეცხო ბოროტი ახაბის სახლეულობისთვის ღვთის განაჩენის აღმსრულებლად (2მფ. 9:1—10). ამ დროს იეჰოვას მიერ ელიასთვის მითითების მიცემიდან 18 წელზე მეტი იყო გასული. ელისემ საკუთარი თვალით იხილა 1 მეფეების 19:15—17-სა და 21:21—24-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება.
იეჰუს ცხების დროს ისრაელში იეჰორამი მეფობდა, იუდაში კი — მისი დისშვილი ახაზია. იეჰორამის მმართველობის პერიოდში სირიის მეფე ხაზაელი დიდად ავიწროებდა ისრაელს. გალაადის რამოთთან გამართული ბრძოლის დროს იეჰორამი დაიჭრა (2მფ. 9:15). იეჰუ დაუყოვნებლივ შეუდგა თავისი დავალების შესრულებას; მან არავინ დატოვა ცოცხალი ახაბის ბოროტ სახლში (2მფ. 10:11). ის ჯერ იზრეელში წავიდა, სადაც ისრაელის მეფე იეჰორამი ჭრილობებს იშუშებდა, ქალაქგარეთ შეხვდა მას, მოკლა და მისი გვამი იზრეელელი ნაბოთის მინდორში გადააგდებინა, როგორც ელიამ იწინასწარმეტყველა (2მფ. 9:16, 21—26). იზრეელში ჩასულმა მოკლა ბოროტი იზებელი, რომელიც ისრაელის მეფე იეჰორამის დედა და იუდას მეფე ახაზიას ბებია იყო. იეჰუ მის დამარხვას აპირებდა, მაგრამ იეჰოვამ ძაღლებს შეაჭამა მისი ხორცი, ზუსტად ისე, როგორც ელიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. ამგვარად, იზებელს სამარხი არ ეღირსა (2მფ. 9:30—37). შემდეგ იეჰუს მითითებით ახაბის 70 ვაჟს თავი მოჰკვეთეს, ახაბის შვილიშვილი ახაზია მოკლეს (2მფ. 10:1—9; 9:27, 28) და ახაზიას 42 ძმა დახოცეს (2მფ. 10:12—14; 1მფ. 21:17—24).
ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოფხვრა. დედაქალაქ სამარიისკენ მიმავალი იეჰუ გზად იეჰონადაბს შეხვდა, რომელიც მთელი გულით უჭერდა მხარს ბაალის თაყვანისმცემლობის მოსპობას. ისინი ერთად ჩავიდნენ სამარიაში, რათა ბაალის კულტი საბოლოოდ აღმოეფხვრათ ისრაელიდან. იეჰუმ მიმართა ხრიკს და ბრძანა, რომ ბაალის ყველა თაყვანისმცემელი საკულტო ტანსაცმლით მისულიყო ბაალის სახლში. სახლი გადაივსო ხალხით, მაგრამ მათ შორის იეჰოვას თაყვანისმცემელთაგან არავინ იყო. იეჰუს ბრძანებაზე მისმა ხალხმა დახოცა ბაალის ყველა თაყვანისმცემელი, დაანგრია წმინდა ბოძები და ბაალის სახლი და ის ადგილი საპირფარეშოდ აქცია (2მფ. 10:15—27).
ასე დაასრულა ელისემ ელიას დაწყებული საქმე. ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობა მოისპო. თუმცა ელიას მსგავსად ელისე არასდროს ყოფილა ქარიშხლით გადაყვანილი სხვა ადგილას. ისრაელში იეჰოაშის მეფობის დროს ის თავისი სიკვდილით მოკვდა. როცა ის სიკვდილის პირას იყო, სირია კვლავ უქმნიდა ისრაელს საშიშროებას. მეფე იეჰოაში მივიდა ელისესთან და, როგორც ჩანს, სირიელთა წინააღმდეგ სამხედრო დახმარების მიღების მიზნით უთხრა: „მამა, მამა, ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“. ელისეს მითითებით იეჰოაშმა მიწას დაჰკრა ისრები, თუმცა მხოლოდ სამჯერ. ეს მოწმობდა, რომ მას მონდომება აკლდა. ამიტომ ელისემ უთხრა, რომ მხოლოდ სამჯერ დასძლევდა სირიას. და ეს ასეც მოხდა (2მფ. 13:14—19, 25).
ელისემ თავისი საქმე დაასრულა. ამ მომენტამდე ღვთის სულის ძალით ელისემ 15 სასწაული მოიმოქმედა. თუმცა იეჰოვამ ახლა უკვე გარდაცვლილი წინასწარმეტყველის მეშვეობით მე-16 სასწაულიც მოახდინა. ელისე სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა და მისი მოწონება დაიმსახურა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ელისეს დაკრძალვის შემდეგ, როცა რამდენიმე კაცს მკვდარი მიჰყავდა დასამარხავად, მოაბელი მოთარეშეების შიშით ის ელისეს სამარხში ჩააგდეს და გაიქცნენ. როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა (2მფ. 13:20, 21).
ლუკას 4:27-ში იესომ ელისეს წინასწარმეტყველი უწოდა. ამასთან, ებრაელების 11:35-ში ელიასთან ერთად უდავოა ელისეც არის ნაგულისხმები, რადგან ორივემ გააცოცხლა მკვდარი. ელიამ წინასწარმეტყველად მსახურება მაშინ დაიწყო, როცა ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობა ღრმად იყო ფესვგადგმული. მან დიდი საქმე შეასრულა და გული მოუბრუნა ბევრს იეჰოვასკენ. მისი საქმე ელისემ განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ელისეს მსახურება შედარებით მშვიდობიანი იყო, მან ბოლომდე მიიყვანა ელიას დაწყებული საქმე. ბიბლიაში მოხსენიებულია ელისეს 16 სასწაული, ელიასი კი — 8. ელიას მსგავსად ისიც იეჰოვას სახელისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ დიდი მოშურნეობით გამოირჩეოდა. ის იყო მომთმენი, მოსიყვარულე და კეთილი, თუმცა სიმტკიცესაც იჩენდა, როცა საქმე იეჰოვას სახელს ეხებოდა; ის არც ბოროტთათვის იეჰოვას განაჩენის გაცხადებისგან იკავებდა თავს. მან დაიმსახურა, რომ მოხსენიებული ყოფილიყო ებრაელების 12:1-ში ნახსენებ მოწმეთა „დიდ ღრუბელში“.