ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 40
რა არის ნამდვილი მონანიება?
„მე მოვედი . . . ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ᲚᲣᲙ. 5:32).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 36 ვიცავთ ჩვენს გულებს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა სხვაობა იყო ორ მეფეს შორის და რა კითხვებზე გავცემთ პასუხს?
ᲛᲘᲛᲝᲕᲘᲮᲘᲚᲝᲗ ძველ დროში მცხოვრები ორი მეფის ისტორია. ერთი ისრაელის ათტომიან სამეფოში მეფობდა, მეორე კი — იუდას ორტომიან სამეფოში. მართალია, თანამედროვეები არ ყოფილან, მაგრამ საერთო ბევრი ჰქონდათ. ორივე ეურჩებოდა იეჰოვას და შედეგად ორივემ ცოდვაში გახვია ხალხი. ორივენი კერპებს ეთაყვანებოდნენ და ხელიც არაერთხელ გაისვარეს სისხლში. მაგრამ მათ შორის ერთი განსხვავება იყო. ერთ-ერთი სიცოცხლის ბოლომდე ურჩობის გზას ადგა, მეორემ კი მოინანია, რის გამოც მიეტევა მრავალი დანაშაული. ვინ არიან ეს მეფეები?
2 ერთ-ერთი იყო ისრაელის მეფე ახაბი, ხოლო მეორე — იუდას მეფე მენაშე. მათი მაგალითი მეტ ნათელს მოჰფენს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მონანიება (საქ. 17:30; რომ. 3:23). რა არის მონანიება და როგორ ვლინდება? ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ გვაპატიოს ცოდვები. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მიმოვიხილავთ ამ ორი მეფის ისტორიას და ვიმსჯელებთ, რა დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს მათმა მაგალითმა. ვისაუბრებთ იმაზეც, რა გვასწავლა იესომ მონანიებაზე.
ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲛᲔᲤᲔ ᲐᲮᲐᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘᲓᲐᲜ
3. როგორი მეფე იყო ახაბი?
3 ახაბი ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეშვიდე მეფე იყო. მან ცოლად შეირთო მდიდარი ჩრდილოელი მეზობლის, სიდონის მეფის ასული იზებელი. შეიძლება მათი კავშირი დადებითად აისახა ისრაელის ეკონომიკაზე, მაგრამ საუბედუროდ, ამ ალიანსმა კიდევ უფრო დააზარალა ერის სულიერი მდგომარეობა. იზებელი ბაალს ეთაყვანებოდა. ცოლის წაქეზებით ახაბიც ხელს უწყობდა ბაალის ამ საძულველი კულტის პოპულარიზაციას, რომელიც რიტუალურ პროსტიტუციასა და ბავშვთა მსხვერპლშეწირვას მოიცავდა. იზებელის გადამკიდე იეჰოვას არცერთ წინასწარმეტყველს კარგი დღე არ დაადგებოდა. ბოროტმა დედოფალმა მრავალ მათგანს მოუსწრაფა სიცოცხლე (1 მეფ. 18:13). თავად ახაბი კი „ყველა თავის წინამორბედზე უარესად იქცეოდა . . . იეჰოვას თვალში“ (1 მეფ. 16:30). იეჰოვა კარგად ხედავდა ახაბისა და იზებელის ბოროტებას. მიუხედავად ამისა, გულმოწყალე ღმერთი თავისი წინასწარმეტყველის, ელიას, მეშვეობით ცდილობდა მეფე-დედოფლისა და ხალხის შეგონებას, რომ დროულად მოსულიყვნენ გონს. მაგრამ ახაბი და იზებელი ყურს არ უგდებდნენ ღვთის გამაფრთხილებელ სიტყვებს.
4. რა განაჩენი გამოუტანა ღმერთმა ახაბს და როგორი რეაქცია ჰქონდა მას ამაზე?
4 ბოლოს და ბოლოს იეჰოვას მოთმინების ფიალაც აივსო. მან ელია გაგზავნა, რომ ახაბისა და იზებელისთვის განაჩენი გაეცხადებინა, რომლის თანახმადაც მათი საგვარეულო ხაზი მოისპობოდა. ამ სიტყვების მოსმენამ ახაბი შეძრა. გაგიკვირდებათ და, ამ ქედმაღალმა ადამიანმა თავი დაიმდაბლა (1 მეფ. 21:19—29).
5, 6. საიდან ჩანს, რომ ახაბი გულწრფელად არ ინანიებდა თავის დანაშაულს?
5 მართალია, ამ შემთხვევაში ახაბმა თავი დაიმდაბლა, მაგრამ მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ის გულწრფელად არ ინანიებდა ჩადენილს. მას არც კი უცდია თავის სამეფოში ბაალის კულტის ამოძირკვა და არც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ხელშესაწყობად გაუკეთებია რამე. ახაბი რომ გულწრფელად არ ინანიებდა, ეს სხვა მხრივაც გამოჩნდა.
6 მოგვიანებით, როცა ახაბმა იუდას ღვთისმოშიშ მეფე იეჰოშაფატთან ერთად მოიწადინა სირიელების წინააღმდეგ გალაშქრება, იეჰოშაფატმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯერ იეჰოვას რომელიმე წინასწარმეტყველისთვის ეკითხათ რჩევა. თავიდან ახაბმა მისი შემოთავაზება შემდეგი სიტყვებით გააპროტესტა: „არის კიდევ ერთი კაცი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას, მაგრამ მძულს იგი, რადგან კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს წინასწარმეტყველებს ჩემზე“. ბოლოს მეფეები მაინც დაეკითხნენ წინასწარმეტყველ მიქაიას. ახაბის წინათგრძნობა გამართლდა და მიქაიამ მას უბედურება უწინასწარმეტყველა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის პატიება ეთხოვა, გაბოროტებულმა ახაბმა წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჩააგდებინა (1 მეფ. 22:7—9, 23, 27). მაგრამ მას ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან — წინასწარმეტყველის საპყრობილეში ჩაგდება მისთვის გამოტანილ განაჩენს ვერ შეცვლიდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ახაბი ბრძოლაში მოკლეს (1 მეფ. 22:34—38).
7. როგორ დაახასიათა იეჰოვამ ახაბი სიკვდილის შემდეგ?
7 ახაბის სიკვდილის შემდეგ ცხადი გახდა, თუ რას ფიქრობდა იეჰოვა მასზე. როცა ღვთისმოშიში მეფე იეჰოშაფატი შინ მშვიდობით დაბრუნდა, იეჰოვამ მას წინასწარმეტყველი იეჰუ გაუგზავნა, რომელმაც გაკიცხა ის ახაბთან მოკავშირეობისთვის. აი, რა უთხრა მას წინასწარმეტყველმა: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე და იეჰოვას მოძულეები გიყვარდეს?!“ (2 მატ. 19:1, 2). დაფიქრდით: ახაბს გულწრფელად რომ მოენანიებინა, იეჰოვას წინასწარმეტყველი მას ბოროტსა და იეჰოვას მოძულეს არ უწოდებდა. მართალია, ახაბმა გარკვეულწილად იგრძნო სინანული, მაგრამ ეს არ ყოფილა გულწრფელი მონანიება.
8. რას ვიგებთ მონანიების შესახებ ახაბის მაგალითიდან?
8 რას გვასწავლის ახაბის მაგალითი? როცა ელიამ მის საგვარეულოს განადგურება უწინასწარმეტყველა, ახაბმა თავი დაიმდაბლა, რაც კარგის ნიშანი იყო. მაგრამ მისმა შემდგომმა გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ ის გულწრფელად არ ინანიებდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გულწრფელი მონანიება წუთიერი სინანული არ არის. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, საიდანაც დავინახავთ, რას ნიშნავს სინამდვილეში მონანიება.
ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲛᲔᲤᲔ ᲛᲔᲜᲐᲨᲔᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘᲓᲐᲜ
9. როგორი მეფე იყო მენაშე?
9 დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ იუდაში მენაშე გამეფდა. თავისი ბოროტებით მან ახაბიც კი დაჩრდილა. ბიბლიაში მასზე ვკითხულობთ: „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფდა მას“ (2 მატ. 33:1—9). მენაშემ სამსხვერპლოები დაუდგა წარმართულ ღვთაებებს და იეჰოვას წმიდა ტაძარში სათაყვანო ბოძის ქანდაკებაც კი დადგა, რომელიც ნაყოფიერების ქალღმერთს განასახიერებდა. ის ჯადოქრობდა, მისნობდა და სულების გამომძახებლებს მიმართავდა. მან „უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა“. ამ პირსისხლიანმა მკვლელმა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლშესაწირად „ცეცხლში დაწვა თავისი ვაჟები“ (2 მეფ. 21:6, 7, 10, 11, 16).
10. როგორ დასაჯა იეჰოვამ მენაშე და როგორ იმოქმედა ამან მასზე?
10 ახაბის მსგავსად მენაშეც ჯიუტად ყურს არ უგდებდა იეჰოვას გაფრთხილებებს, რომლებსაც მისი წინასწარმეტყველები გადასცემდნენ. მაშინ იეჰოვამ იუდას წინააღმდეგ „ასურეთის მეფის ჯარის მეთაურები გამოიყვანა. შეიპყრეს მენაშე კავებით, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. უცხო მიწაზე დატყვევებული მენაშე სერიოზულად დაფიქრდა ჩადენილ საქციელზე და „დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე“. მან „წყალობა სთხოვა იეჰოვას, თავის ღმერთს, და . . . ლოცვით მიმართავდა“ მას. ამ ბოროტ კაცში დიდი გარდატეხა მოხდა. ახლა უკვე იეჰოვას მიიჩნევდა თავის ღმერთად და გამუდმებით მის წინაშე ლოცულობდა (2 მატ. 33:10—13).
11. მეორე მატიანის 33:15, 16-ის თანახმად, რით აჩვენა მენაშემ, რომ ნამდვილად ინანიებდა ჩადენილს?
11 იეჰოვამ უპასუხოდ არ დატოვა მისი ლოცვები, რადგან მათში გულწრფელობა დაინახა. მენაშემ იეჰოვას გული მოულბო ხვეწნით და მანაც დაუბრუნა მეფობა. იქიდან მოყოლებული მენაშე ყველანაირად ცდილობდა, თავისი მონანიების სიწრფელე საქმით დაემტკიცებინა. ახაბისგან განსხვავებით მისი სინანული საქმეებში გამოჩნდა. მან ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა და ხალხს მოუწოდა, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი (წაიკითხეთ 2 მატიანის 33:15, 16). ცხადია, ამას დიდი გამბედაობა და რწმენა დასჭირდებოდა, რადგან მენაშე თავის ოჯახზე, წარჩინებულებსა თუ ხალხზე ათწლეულების განმავლობაში ცუდ გავლენას ახდენდა. მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში მენაშე ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას შეეცადა. როგორც ჩანს, მან დადებითად იმოქმედა თავის შვილიშვილ იოშიაზე, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი საუკეთესო მეფე გახდა (2 მეფ. 22:1, 2).
12. რას ვსწავლობთ მონანიების შესახებ მენაშეს მაგალითიდან?
12 რას ვსწავლობთ მენაშეს ისტორიიდან? მან თავი დაიმდაბლა და უფრო მეტიც გააკეთა. ის ლოცულობდა და წყალობას ითხოვდა ღვთისგან. მენაშე შეიცვალა და ყველაფერს აკეთებდა თავისი დანაშაულის გამოსასყიდად. ის მხარს უჭერდა იეჰოვას თაყვანისმცემლობას და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. მენაშეს მაგალითი იმედს უსახავს მათაც კი, ვისაც დიდი ცოდვა აწევს. ამ შემთხვევიდან ჩანს, „რაოდენ კარგი და მიმტევებელია“ იეჰოვა (ფსალმ. 86:5). ის პატიობს ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს.
13. რას ვიგებთ მონანიების შესახებ მოყვანილი მაგალითიდან?
13 მენაშეს მხოლოდ სინანული არ გამოუხატავს ჩადენილი ცოდვების გამო. მისი ისტორია მონანიების შესახებ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, საცხობში მიდიხართ პურის საყიდლად, მაგრამ პურის ნაცვლად გამყიდველი ფქვილს გაწვდით. გამოართმევდით ფქვილს და წამოხვიდოდით სახლში კმაყოფილი? რა თქმა უნდა, არა. დაგაკმაყოფილებდათ გამყიდველის ახსნა, რომ პურის მთავარი ინგრედიენტი ფქვილია? ცხადია, არა. მსგავსად, იეჰოვაც შემცოდველისგან მონანიებას ითხოვს. თუ შემცოდველი წუხს თავისი საქციელის გამო, ეს კარგია. წუხილი, ასე ვთქვათ, მონანიების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, მაგრამ საკმარისი არ არის. კიდევ რა არის საჭირო? ამას იესოს მიერ მოყვანილი გულის ამაჩუყებელი იგავიდან გავიგებთ.
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲜᲘᲔᲑᲐ
14. საიდან გამოჩნდა, რომ გზასაცდენილი შვილი მონანიების გზას დაადგა?
14 ლუკას 15:11—32-ში ჩაწერილია იესოს გულში ჩამწვდომი იგავი გზასაცდენილ შვილზე. უმცროსმა ვაჟმა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ სახლი დატოვა და „შორეულ ქვეყანაში წავიდა“, სადაც უზნეო და თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. როცა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სერიოზულად მხოლოდ მაშინღა დაფიქრდა თავის საქციელზე და მიხვდა, რამდენად უკეთესი იყო მამის სახლში ცხოვრება. იესოს სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს ახალგაზრდა კაცი გონს მოეგო. გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო და მამისთვის პატიება ეთხოვა. მართალია, მან საკუთარი შეცდომები გააანალიზა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა.
15. როგორ აჩვენა გზასაცდენილმა შვილმა, რომ ნამდვილად ნანობდა თავის საქციელს?
15 გზასაცდენილი შვილის გულწრფელი სინანული მისი საქციელიდანაც გამოჩნდა. მან შორი გზა განვლო სახლში დასაბრუნებლად და მამას ასეთი სიტყვებით მიმართა: „მამა, ზეცის წინაშეც შევცოდე და შენ წინაშეც. აღარ ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას“ (ლუკ. 15:21). მისი გულწრფელი აღიარებიდან ჩანდა, რომ იეჰოვასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა სურდა. მან ისიც აღიარა, რომ თავისი საქციელით მამასაც ატკინა გული. მოჯამაგირეობისთვისაც მზად იყო, ოღონდ მამას მასზე გული მოებრუნებინა (ლუკ. 15:19). ამ იგავში მხოლოდ გულისამაჩუყებელი ისტორია არ არის მოთხრობილი. მისი მორალი დაეხმარება უხუცესებს, სწორად განსაზღვრონ, რამდენად გულწრფელად ინანიებს შემცოდველი თავის დანაშაულს.
16. რამ შეიძლება გაურთულოს უხუცესებს იმის განსაზღვრა, გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი?
16 უხუცესებს ნამდვილად რთული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ადვილი არ არის იმის განსაზღვრა, გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი ჩადენილს. ისინი გულთამხილავები არ არიან, ამიტომ გარეგნული ფაქტორებით უწევთ იმის განსაზღვრა, შეიცვალა თუ არა შემცოდველმა დამოკიდებულება თავისი საქციელის მიმართ. ზოგ შემთხვევაში, თუ ადამიანმა აღმაშფოთებელი ცოდვები ჩაიდინა, შეიძლება უხუცესებს გაუჭირდეთ იმაში დარწმუნება, რომ ის ნამდვილად ნანობს თავის საქციელს.
17. ა) რომელი მაგალითიდან ჩანს, რომ მწუხარების გამოხატვა საკმარისი არ არის გულწრფელი მონანიებისთვის? ბ) 2 კორინთელების 7:11-ის თანახმად, როგორ უნდა გამოვლინდეს გულწრფელი მონანიება?
17 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. ქრისტიანი წლების მანძილზე ღალატობდა ცოლს. ნაცვლად იმისა, რომ სულიერი დახმარება ეთხოვა, ის თავის საქციელს უმალავდა მეუღლეს, მეგობრებსა და უხუცესებს. საბოლოოდ, მისი დანაშაული გამოაშკარავდა. როცა ფაქტის წინაშე დააყენეს, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და ისიც თქვა, რომ ძალიან წუხდა მომხდარის გამო. თუმცა საკმარისია ეს? ასეთ შემთხვევაში უხუცესები შემცოდველისგან მწუხარების გამოხატვაზე მეტს მოელიან. მაგალითში მოყვანილი ქრისტიანი წუთიერად კი არ აჰყვა სისუსტეს, არამედ წლების განმავლობაში სჩადიოდა უზნეობას. თანაც მან თავისი ნებით კი არ აღიარა დანაშაული, არამედ ამხილეს. ამიტომ ბუნებრივია, უხუცესებს სჭირდებათ იმის მტკიცებულება, რომ შემცოდველმა ნამდვილად შეიცვალა აზროვნება და საქციელი და გულწრფელად ნანობს ჩადენილს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 7:11). შემცოდველს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს სათანადო ცვლილებების მოსახდენად. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი კრებიდან გაირიცხება (1 კორ. 5:11—13; 6:9, 10).
18. რით აჩვენებს გარიცხული, რომ გულწრფელად ინანიებს და რა იქნება ამის შედეგი?
18 გარიცხულის გულწრფელი სინანული იქიდან გამოჩნდება, თუ ის რეგულარულად დაესწრება კრების შეხვედრებს და გაითვალისწინებს უხუცესების რჩევას, რომელიც ლოცვასა და ღვთის სიტყვის კვლევას ეხება. ის ყველანაირად შეეცდება, თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცდუნების წინაშე დააყენებდა. თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებს იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა აპატიებს. გარდა ამისა, უხუცესებიც დაეხმარებიან, რომ ქრისტიანულ ოჯახს დაუბრუნდეს. როცა საქმე შემცოდველს ეხება, უხუცესები ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უდგებიან და ცდილობენ, მკაცრი მოსამართლეებივით არ მოიქცნენ.
19. რას მოიცავს ნამდვილი მონანიება? (ეზეკიელი 33:14—16).
19 როგორც გავიგეთ, ნამდვილი მონანიება მწუხარების მხოლოდ სიტყვიერად გამოხატვას არ ნიშნავს. ეს საქციელშიც უნდა გამოიხატებოდეს, რასაც წინ უნდა უძღოდეს აზროვნებისა და დამოკიდებულების ცვლილება. ამაში იგულისხმება არასწორი ცხოვრების წესის მიტოვება და კვლავ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება (წაიკითხეთ ეზეკიელის 33:14—16). შემცოდველის მთავარი საფიქრალი იეჰოვასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს.
ᲪᲝᲓᲕᲘᲚᲗᲐ ᲛᲝᲮᲛᲝᲑᲐ ᲛᲝᲡᲐᲜᲐᲜᲘᲔᲑᲚᲐᲓ
20, 21. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მას, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
20 იესომ თავისი მსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ასეთი სიტყვებით ახსნა: „მე მოვედი . . . ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ლუკ. 5:32). ჩვენი მიზანიც ეს უნდა იყოს. დავუშვათ, ჩვენმა ახლო მეგობარმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. როგორ მოვიქცევით?
21 თუ მის ცოდვას დავმალავთ, ამით მას მხოლოდ ზიანს მივაყენებთ. დამალვას აზრი არა აქვს, რადგან იეჰოვა ისედაც ყველაფერს ხედავს (იგავ. 5:21, 22; 28:13). მეგობარს იმ შემთხვევაში დავეხმარებით, თუ ვეტყვით, რომ უხუცესებს დაელაპარაკოს. თუ ის ამაზე უარს იტყვის, თავად უნდა ვაცნობოთ მათ ამის შესახებ. ასე ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვსურს მეგობრის დახმარება, რადგან იეჰოვასთან მის ურთიერთობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
22. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
22 თუ შემცოდველი დიდი ხანია ადგას ცოდვის გზას და უკვე ღრმად აქვს შეტოპილი, შეიძლება უხუცესებმა მისი გარიცხვა გადაწყვიტონ. უმოწყალო საქციელში ხომ არ ჩაეთვლებათ მათ ეს გადაწყვეტილება? მომდევნო სტატიაში უფრო დაწვრილებით ვიმსჯელებთ იეჰოვას გულმოწყალებაზე. გავიგებთ, რა აღმზრდელობით ზომებს მიმართავს შემცოდველების გამოსასწორებლად და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით
a ნამდვილი მონანიება ჩადენილის გამო მობოდიშებაზე მეტს გულისხმობს. მეფე ახაბის, მეფე მენაშესა და იესოს იგავში აღწერილი გზასაცდენილი შვილის მაგალითებიდან დავინახავთ, რას ნიშნავს სინამდვილეში მონანიება. აგრეთვე ვიმსჯელებთ იმაზე, რა ფაქტორები უნდა მიიღონ მხედველობაში უხუცესებმა იმის განსასაზღვრავად, რამდენად გულწრფელად ინანიებს სერიოზული ცოდვის ჩამდენი.
b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: განრისხებული მეფე ახაბი მცველებს უბრძანებს, იეჰოვას წინასწარმეტყველი მიქაია საპყრობილეში ჩააგდონ.
c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მეფე მენაშე ბრძანებს, რომ დაამსხვრიონ ტაძარში თავისივე დადგმული კერპები.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მგზავრობით დაღლილი გზასაცდენილი შვილი იმედის თვალით გაჰყურებს მშობლიურ სახლს.