ბიბლიის წიგნი 13 — 1 მატიანე
დამწერი: ეზრა
დაწერის ადგილი: იერუსალიმი (?)
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 460
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1077—1037 (1 მატიანის 9:44-ის შემდეგ)
1. რა მხრივ არის „პირველი მატიანე“ ღვთივშთაგონებული სიტყვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნაწილი?
არის „პირველი მატიანე“ მხოლოდ გვარტომობის მომაბეზრებელი ჩამონათვალი? გამეორებულია მასში „სამუელისა“ და „მეფეების“ წიგნები? სრულებითაც არა! ის არის ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის შინაარსიანი და მნიშვნელოვანი ნაწილი. დაწერის დროს წიგნმა დიდი როლი შეასრულა ისრაელი ერისა და მისი რელიგიის რეორგანიზებაში. „პირველ მატიანეს“ თავისი მნიშვნელობა და ღირებულება დღემდე არ დაუკარგავს, რადგან შეიცავს ღვთისმოსაწონი თაყვანისცემის ნიმუშს. „პირველი მატიანე“ ბიბლიის ერთ-ერთი წიგნია, რომელშიც იეჰოვას განმადიდებელ ულამაზეს სიტყვებს ვხვდებით. ის შესანიშნავ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას სამართლიან სამეფოზე და ბევრ რამეს გვასწავლის ამ სამეფოს მოიმედეთ. მატიანის ორივე წიგნს საუკუნეთა განმავლობაში ერთნაირად აფასებდნენ იუდეველებიცა და ქრისტიანებიც. ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე იმდენად აფასებდა პირველ და მეორე მატიანეს, რომ მათ «მინიატურული „ძველი აღთქმა“» უწოდა და თქვა: „ეს წიგნები უდიდესი მნიშვნელობისაა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაცნობილია წმინდა წერილებს, მათზე კი წარმოდგენა არა აქვს, მხოლოდ თავს იტყუებს“a.
2. რატომ დაიწერა „მატიანე“?
2 პირველი და მეორე მატიანე, როგორც ჩანს, თავიდან ერთი წიგნი ანუ გრაგნილი იყო, შემდეგ კი ორად გაყვეს, რათა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო მათი გამოყენება. რატომ დაიწერა მატიანე? განვიხილოთ, რა მოვლენები უძღოდა მის დაწერას. უკვე 77 წელი გავიდა, რაც იუდეველებმა ბაბილონის ტყვეობას თავი დააღწიეს და თავიანთ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ. მაგრამ მაინც არსებობდა საშიშროება, რომ ისინი შეწყვეტდნენ იეჰოვას თაყვანისცემას იერუსალიმის აღდგენილ ტაძარში. სპარსეთის მეფემ დაავალა ეზრას, დაენიშნა მოსამართლეები და ღვთის კანონის (ასევე მეფის კანონის) მასწავლებლები და შეემკო იეჰოვას სახლი. აუცილებელი იყო ზუსტი გენეალოგიური ნუსხები, რათა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს ემსახურათ მღვდლებად და დადასტურებულიყო ტომთა მემკვიდრეობა, საიდანაც სამღვდელოება წილს მიიღებდა. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას წინასწარმეტყველებებს სამეფოს შესახებ, იუდასა და დავითის შთამომავლების ზუსტი და სანდო ნუსხის ქონაც მნიშვნელოვანი იყო.
3. ა) რაში სურდა ეზრას იუდეველების დარწმუნება? ბ) რატომ გადაიტანა მან დიდი აქცენტი იუდას ისტორიაზე და როგორ გაუსვა ხაზი წმინდა თაყვანისმცემლობის აუცილებლობას?
3 ეზრას მთელი გულით უნდოდა, სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები სულიერად გამოეცოცხლებინა და დაერწმუნებინა, რომ იეჰოვას შეთანხმების თანახმად წყალობის მემკვიდრეები იყვნენ. ამიტომ მატიანეში მან ჩაწერა ისრაელი ერისა და კაცობრიობის წარმოშობის ისტორია პირველი ადამიანის, ადამის დროიდან. ძირითადი ყურადღება დავითის სამეფოზე უნდა გამახვილებულიყო, ამიტომ ეზრამ იუდას ისტორიაზე გადაიტანა აქცენტი და თითქმის არაფერი თქვა ათტომიანი სამეფოს სამარცხვინო წარსულზე. მან აღწერა, როგორ მონაწილეობდნენ იუდას სახელოვანი მეფეები ტაძრის აშენებასა თუ შეკეთებაში და როგორ უჭერდნენ მთელი გულით მხარს ღვთის თაყვანისმცემლობას. მან აღნიშნა, რომ იუდას სამეფო განდგომილების გამო დაეცა, თუმცა აღდგენასთან დაკავშირებული ღვთის დანაპირებიც არ დავიწყებია. წმინდა თაყვანისმცემლობის აუცილებლობის ხაზგასასმელად ეზრამ უამრავი წვრილმანი მოიხსენია ტაძარზე, მღვდლებზე, ლევიანებზე, მგალობლებსა და ა. შ. ისრაელებს, ალბათ, ძალიან გაამხნევებდა ეს ისტორიული ჩანაწერები, რომლებშიც ყურადღება მახვილდება გადასახლებიდან მათი დაბრუნების მთავარ მიზეზზე — იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენაზე.
4. რა ამტკიცებს, რომ „მატიანე“ ეზრამ დაწერა?
4 რა ამტკიცებს, რომ მატიანე ეზრამ დაწერა? „მეორე მატიანის“ ბოლო ორი მუხლი „ეზრას“ პირველი ორი მუხლის იდენტურია. ამასთანავე, „მეორე მატიანის“ ბოლო წინადადება, რომელიც გაწყვეტილია, ეზრას 1:3-ში მთავრდება. აქედან გამომდინარე, მატიანეც ეზრას დაწერილი უნდა იყოს. ამას ადასტურებს წიგნების სტილი, ენა, წყობა და მართლწერა. ზოგიერთი გამოთქმა ბიბლიის მხოლოდ ამ წიგნებში გვხვდება. ასე რომ, წიგნები „ეზრა“ და „მატიანე“ ეზრამ დაწერა. ამ დასკვნას იუდეველთა ტრადიციაც ემხრობა.
5. რატომ შეეძლო ეზრას ამ წიგნის საუკეთესოდ დაწერა?
5 ამ სარწმუნო და ზუსტი ისტორიული ჩანაწერის გაკეთებას ეზრაზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. „ეზრამ გული განაწყო იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად და ისრაელში წესისა და სამართლის სასწავლებლად“ (ეზრ. 7:10). იეჰოვა მას წმინდა სულით ეხმარებოდა. სპარსეთის იმპერიის მეფემ დაინახა, რომ ეზრას ღვთის სიბრძნე ჰქონდა და იუდას სამთავროში ის დიდი ძალაუფლებით აღჭურვა (ეზრ. 7:12—26). ასე რომ, ღვთისგან და სახელმწიფოსგან უფლებამოსილ ეზრას შეეძლო ყველა საუკეთესო წყარო გამოეყენებინა ამ წიგნის შესადგენად.
6. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ „მატიანე“ ზუსტია?
6 ეზრა შესანიშნავი მკვლევარი იყო. ის ყურადღებით სწავლობდა იუდეველთა ისტორიის ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ეკუთვნოდა თვითმხილველ ერთგულ წინასწარმეტყველებს, მემატიანეებსა და სახელმწიფო არქივის მცველებს. გარდა ამისა, ის შესაძლოა იყენებდა იუდასა და ისრაელის სამეფოების ოფიციალურ დოკუმენტაციას, საგვარეულო ნუსხებს, წინასწარმეტყველთა ისტორიულ მონათხრობებს და ტომთა თუ საგვარეულოთა თავკაცების საკუთრებაში არსებულ ჩანაწერებს. ეზრამ სულ მცირე ასეთი 20 წერილობითი წყარო მოიხსენიაb. ამ წყაროების დაკონკრეტებით მან თავის თანამედროვეებს შესაძლებლობა მისცა, სურვილისამებრ თავად შეემოწმებინათ ეს წყაროები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი სიტყვები სანდო და უტყუარია. ეზრას დროს მცხოვრები იუდეველების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ „მატიანის“ სიზუსტეში.
7. როდის დაიწერა მატიანე, ვინ მიიჩნევდა მას სარწმუნო წიგნად და რა პერიოდს მოიცავს ის?
7 ვინაიდან ეზრა სპარსეთის მეფის არტაქსერქსე მხარგრძელის მეფობის მეშვიდე წელს, ანუ ძვ. წ. 468 წელს, „გავიდა ბაბილონიდან“ და არაფერი დაუწერია ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმში ნეემიას ჩასვლაზე, „მატიანის“ წერა ეზრამ, როგორც ჩანს, ამ შუალედში დაასრულა, შესაძლოა ძვ. წ. 460 წელს იერუსალიმში (ეზრ. 7:1—7; ნეემ. 2:1—18). იმ დროს იუდეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ „მატიანე“ ‘ღვთივშთაგონებული და სასარგებლო წმინდა წერილის ნაწილი’ იყო. მათ წიგნს „დივრეჰ ჰაიამიმ“ უწოდეს, რაც „დღეთა ამბავს“ ანუ „ჟამთა სვლას“ ნიშნავს. „მატიანეს“ დაწერიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ სეპტუაგინტის მთარგმნელებმაც ის კანონიკურ წიგნებს მიაკუთვნეს. მათ წიგნი ორ ნაწილად გაყვეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის შეავსებდა „სამუელისა“ და „მეფეების“ წიგნებს ან იმ დროს არსებულ ბიბლიას, და უწოდეს „პარალიპომენონ“, რაც ნიშნავს „დარჩენილს (ის, რაც გამოტოვებულია, არ არის მოთხრობილი)“. თუმცა სახელი არცთუ ისე შესაფერისია, მაგრამ მათი მოქმედება ცხადყოფს, რომ „მატიანეს“ ისინი სარწმუნოდ და ღვთივშთაგონებულად მიიჩნევდნენ. ვულგატის მთარგმნელმა იერონიმემ შემოიტანა წინადადება: «უმჯობესი იქნებოდა, თუ [მათ] ღვთის შთაგონებული ისტორიის „ქრონიკონს“ [„მატიანეს“] ვუწოდებდით». სახელწოდება „მატიანე“ სწორედ „ვულგატიდან“ დამკვიდრდა. ის არის ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური ჩანაწერი. გენეალოგიური ნუსხის შემდეგ „პირველ მატიანეში“ ძირითადად მოთხრობილია მეფე დავითის ისტორია, დაწყებული ძვ. წ. 1077 წელს მომხდარი მოვლენებით და მისი სიკვდილით დამთავრებული.
შინაარსი
8. რა ნაწილებად შეგვიძლია დავყოთ „პირველი მატიანე“?
8 „პირველი მატიანე“ შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: პირველ 9 თავში არის გენეალოგიური ნუსხები, დანარჩენი 20 თავი კი მოიცავს 40-წლიან პერიოდს, საულის სიკვდილიდან დავითის მეფობის ბოლომდე.
9. რატომ არის შეუძლებელი, რომ „მატიანის“ წერა უფრო გვიან დამთავრებულიყო?
9 გენეალოგიური ნუსხები (1:1—9:44). ამ თავებში მოყვანილია გენეალოგიური ნუსხა ადამიდან ზერუბაბელამდე (1:1; 3:19—24). ბევრ თარგმანში მოხსენიებულია ზერუბაბელის საგვარეულო ხაზი მეათე თაობამდე. ზერუბაბელი იერუსალიმში ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდა, ამიტომ ძვ. წ. 460 წლამდე, როცა სავარაუდოდ ეზრამ ამ წიგნის წერა დაასრულა, ათი თაობა ვერ დაიბადებოდა. რადგან ებრაული ტექსტი სრული არ არის, შეუძლებელია იმის დადგენა, რა ნათესაური კავშირი არსებობდა ზერუბაბელსა და ნუსხაში მოხსენიებულ მრავალ ადამიანს შორის. ამიტომ არანაირი მიზეზი არა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეზრამ „მატიანის“ წერა უფრო გვიან დაასრულა, როგორც ეს ზოგს მიაჩნია.
10. ა) თავიდან რომელ თაობებზე მახვილდება ყურადღება? ბ) ვისი საგვარეულო ხაზის შესახებ მოგვითხრობს მეორე თავი? გ) კიდევ რომელი საგვარეულო ხაზებია ჩამოთვლილი და რომელია აქედან ბოლო?
10 თავიდან ჩამოთვლილია ათი თაობა ადამიდან ნოემდე, შემდეგ კი — ათი თაობა ნოედან აბრაამამდე. ჩამოთვლილია აბრაამის ვაჟები, მათი შთამომავლობა, ესავისა და სეირის შთამომავლობა, რომლებიც სეირის მთიან მხარეში ცხოვრობდნენ, ასევე — ედომის პირველი მეფეები. მეორე თავიდან იწყება ისრაელის ანუ იაკობის შთამომავლების ჩამოთვლა. პირველად მოხსენიებულია იუდას საგვარეულო ხაზი, შემდეგ კი — ათი თაობა იუდადან დავითამდე (2:1—14). მოყვანილია სხვა ტომების გენეალოგიაც. განსაკუთრებული ყურადღება ლევის ტომისა და მღვდელმთავრების საგვარეულოზე მახვილდება, ბოლოს მოყვანილია ბენიამინის ტომის გენეალოგიური ნუსხა და თხრობა გრძელდება ბენიამინელი მეფე საულის ისტორიით, რითაც იწყება წიგნის ისტორიული ნაწილი. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ეზრას გენეალოგიური ნუსხა და ბიბლიის სხვა მონაკვეთები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგი ადამიანი სხვა სახელითაც იყო ცნობილი; ასევე დროის მსვლელობასთან ერთად ენამ ცვლილებები განიცადა და ზოგიერთი სახელის მართლწერა შეიცვალა. გულმოდგინე შესწავლის შედეგად მრავალი განსხვავება აიხსნა.
11. გენეალოგიურ ნუსხასთან ერთად რა სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს წიგნი? მოიყვანე მაგალითები.
11 ეზრა გენეალოგიურ ნუსხებს ამრავალფეროვნებს ისტორიული მოვლენებისა და გეოგრაფიული ადგილების შესახებ მოკლე ჩანართებით, რომლებიც ტექსტს უფრო ნათელს ხდის და მნიშვნელოვან ფაქტებს შეგვახსენებს. მაგალითად, რეუბენის შთამომავლების ჩამოთვლის დროს ეზრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა: „ისრაელის პირმშოს, რეუბენის ვაჟები (ის პირმშო იყო, მაგრამ მამამისის საწოლის შებღალვის გამო მისი პირმშოობის უფლება ისრაელის ვაჟის, იოსების ვაჟებს გადაეცათ, ამიტომ ის არ უნდა შესულიყო საგვარეულო ნუსხაში, როგორც პირმშო. იუდა ძლიერი იყო თავის ძმებს შორის და წინამძღოლი მისგან გამოვიდა, თუმცა პირმშოობა იოსებს ეკუთვნოდა)“ (5:1, 2). ამ მოკლე მონაკვეთიდან ბევრ რამეს ვიგებთ. მხოლოდ „პირველ მატიანეში“ ვკითხულობთ, რომ იოაბი, ამასა და აბიშაი დავითის დისშვილები იყვნენ. ეს ინფორმაცია გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ მათთან დაკავშირებულ მოვლენებს (2:16, 17).
12. რა ვითარებაში მოკვდა საული?
12 საული ორგულობის გამო მოკვდა (10:1—14). თხრობა იწყება გილბოას მთაზე ფილისტიმელებისა და ისრაელების ბრძოლით. დაიღუპა საულის სამი ვაჟი, მათ შორის იონათანი. შემდეგ საულიც დაჭრეს. მას არ უნდოდა, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო და საჭურველთმტვირთველს სთხოვა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები და არ შეურაცხმყონ“. როცა საჭურველთმტვირთველმა უარი თქვა, საული თავად დაეგო მახვილს. ასე რომ, „მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ორგულობდა იეჰოვას და არ იცავდა იეჰოვას სიტყვას, და გამოსაკითხად სულების გამომძახებელს მიმართა. იეჰოვას არ დაეკითხა ის“ (10:4, 13, 14). იეჰოვამ მეფობა დავითს გადასცა.
13. როგორ განმტკიცდა დავითის სამეფო?
13 დავითის მეფობა განმტკიცდა (11:1—12:40). გავიდა დრო. ხებრონში შეკრებილმა ისრაელის 12-მა ტომმა დავითი ისრაელის მეფედ სცხო. დავითმა დაიპყრო სიონი და „უფრო და უფრო განდიდდა“, „რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იყო მასთან“ (11:9). მან ძლიერი ვაჟკაცები დანიშნა ჯარის მეთაურებად და მათი მეშვეობით „მოიტანა იეჰოვამ დიდი ხსნა“ (11:14). დავითს მიემხრო ყველა მეომარი, რომლებიც წრფელი გულით მივიდნენ ხებრონში მის გასამეფებლად. სამ დღეს ჭამდა, სვამდა და მხიარულობდა ისრაელი.
14. რით დამთავრდა დავითის ბრძოლა ფილისტიმელებთან და რა რწმენის განმამტკიცებელ შემთხვევას მოჰყვა მხიარული სიმღერა?
14 დავითი და იეჰოვას კიდობანი (13:1—16:36). დავითი ეთათბირა ხალხის წინამძღოლებს და მათ გადაწყვიტეს, კიდობანი იერუსალიმში გადმოეტანათ კირიათ-იეარიმიდან, სადაც ის დაახლოებით 70 წელი იდგა. მისი გადმოტანის დროს დაიღუპა უზა, რომელმაც არაფრად ჩააგდო ღვთის მითითებები. ამის შემდეგ კიდობანი გარკვეული ხნის მანძილზე ობედ-ედომის სახლში დატოვეს (რიცხ. 4:15). ქვეყანაში კვლავ ფილისტიმელებმა დაიწყეს თარეში, მაგრამ დავითმა ორჯერ დაამარცხა ისინი ბაალ-ფერაციმსა და გაბაონში. დავითის მითითებით ლევიანებმა წესისამებრ უსაფრთხოდ გადმოიტანეს კიდობანი იერუსალიმში და დადგეს ის დავითის გაშლილ კარავში. ხალხი ცეკვავდა და მხიარულობდა. ლევიანები მსხვერპლს სწირავდნენ და გალობდნენ. დავითმაც ამ მოვლენის აღსანიშნავად სამადლობელი სიმღერა უძღვნა იეჰოვას. სიმღერა კულმინაციას აღწევს შემდეგი სიტყვებით: „გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ! უთხრან მათ ერებს: გამეფდაო იეჰოვა!“ (1 მატ. 16:31). ეს შემთხვევა ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელი და გამამხნევებელი იყო. სამადლობელი სიმღერა მოგვიანებით დავითის სხვა სიმღერებსაც დაედო საფუძვლად, მათ შორის 96-ე ფსალმუნს და 105-ე ფსალმუნის პირველ 15 მუხლს.
15. რა აღუთქვა იეჰოვამ დავითს, როცა მან სახლის აშენება მოინდომა ერთიანი თაყვანისმცემლობისთვის?
15 დავითი და იეჰოვას სახლი (16:37—17:27). უჩვეულო იყო, რომ შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში იდგა, სადაც ასაფი და მისი ძმები მსახურობდნენ, ხოლო გაბაონში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა, მღვდელმთავარი ცადოკი და მისი ძმები ღვთის კარავთან სწირავდნენ კანონით დაწესებულ მსხვერპლს. დავითს ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იეჰოვას თაყვანისცემას უმთავრესი ადგილი დაეკავებინა და ერთიანი ყოფილიყო. ამიტომ მან იეჰოვას შეთანხმების კიდობნისთვის სახლის აშენება მოინდომა. მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ მის ნაცვლად სახლს მისი ვაჟი აუშენებდა, რომლის ტახტიც ‘მარადიულად განმტკიცდებოდა’. ამგვარად იეჰოვა ისე გამოავლენდა სიკეთეს დავითის ვაჟის მიმართ, როგორც მამა შვილის მიმართ (17:11—13). დავითი გულგრილი არ დაუტოვებია იეჰოვას შეთანხმებას, რომ მარადიულად განამტკიცებდა მის სამეფოს. ის მადლიერებით განმსჭვალული სთხოვდა იეჰოვას, რომ ‘სამარადისოდ სანდო ყოფილიყო და განდიდებულიყო’ მისი სახელი და მისი კურთხევა არ მოჰკლებოდა დავითის სახლს (17:24).
16. რომელი დანაპირები შეასრულა იეჰოვამ დავითის მეშვეობით და როგორ შესცოდა დავითმა?
16 დავითის გამარჯვებები (18:1—21:17). დავითის მეშვეობით იეჰოვამ შეასრულა თავისი დანაპირები, რომ აბრაამის შთამომავლობას მისცემდა მთელ აღთქმულ მიწას (18:3). დავითმა მოკლე ხანში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. „სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა“ იეჰოვა (18:6). მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ფილისტიმელებზე, მოაბელებსა და ცობელებზე, სირიელები მოხარკედ გაიხადა და დაამარცხა ედომი, ამონი და ამალეკი. სატანამ წააქეზა დავითი, რომ ისრაელი აღერიცხა, რაც ღვთის თვალში ცოდვა იყო. იეჰოვამ ისრაელს სასჯელად ჭირი მოუვლინა, მაგრამ მოგვიანებით შეიწყალა ისინი და ორნანის კალოსთან შეწყვიტა მოსვრა, რომლის დროსაც 70 000 კაცი დაიხოცა.
17. რა სამზადისს შეუდგა დავითი იეჰოვას სახლის ასაშენებლად და როგორ გაამხნევა მან სოლომონი?
17 სამზადისი ტაძრის მშენებლობისთვის (21:18—22:19). წინასწარმეტყველ გადის მეშვეობით ანგელოზმა უბრძანა დავითს, რომ „სამსხვერპლო აღემართა იეჰოვასთვის იებუსელი ორნანის კალოზე“ (21:18). დავითმა ორნანისგან შეიძინა კალო, მსხვერპლი აღავლინა და მოუხმო იეჰოვას, რომელმაც „ზეციდან დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე ჩამოსული ცეცხლით“ უპასუხა (21:26). დავითმა დაასკვნა, რომ იეჰოვას სურდა იმ ადგილზე მისთვის სახლი აეშენებინათ. ამიტომ მან დაიწყო სამშენებლო მასალის მომარაგება. დავითმა თქვა: „ჩემი ვაჟი სოლომონი ახალგაზრდა და გამოუცდელია, იეჰოვასთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული და თავისი სილამაზით გამორჩეული უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ, მოდი, მისი გულისთვის შევუდგები სამზადისს“ (22:5). მან სოლომონს აუხსნა, რომ იეჰოვამ მისთვის სახლის აშენების უფლება არ მისცა მას, რადგან ბევრი სისხლი დაღვარა და მრავალი ომი გადაიხადა. დავითმა დაარიგა თავისი ვაჟი, გამბედაობა მოეკრიბა და გამაგრებულიყო, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანა და უთხრა: „ადექი და იმოქმედე, იეჰოვა იყოს შენთან!“ (22:16).
18. რა მიზნით ჩატარდა აღრიცხვა?
18 იეჰოვას თაყვანისმცემლობის ორგანიზება (23:1—29:30). დავითმა აღრიცხა ხალხი, ამჯერად ღვთის მითითებით, რათა ლევიანთა და მღვდელთა მსახურებისთვის ორგანიზება გაეწია. ლევიანთა მოვალეობები ამ წიგნში უფრო დაწვრილებით არის აღწერილი. ასევე ჩამოთვლილია ის დანაყოფები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ.
19. რა უთხრა დავითმა სოლომონს, რა გეგმა გადასცა მას და რა მაგალითი მისცა ხალხს?
19 მოვლენებით აღსავსე მეფობის დასასრულს დავითმა შეკრიბა „იეჰოვას კრებულის“ ყველა წინამძღოლი (28:8). მეფე ფეხზე წამოდგა და მიმართა ხალხს: „მისმინეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო!“. შემდეგ უთხრა, რომ გულით სურდა „ჭეშმარიტი ღვთის სახლის“ აშენება. მათი თანდასწრებით დავითმა სოლომონი დაარიგა: „შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს, მაგრამ თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. აი, იეჰოვამ აგირჩია სახლის, საწმინდრის ასაშენებლად. გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე!“ (28:2, 9, 10, 12). მან ყმაწვილ სოლომონს მისცა ტაძრის დეტალური გეგმა, რომელიც შთაგონებით ჰქონდა მიღებული. მან მშენებლობისთვის საკუთარი ქონებიდან გაიღო დიდძალი მსხვერპლი — 3 000 ტალანტი ოქრო და 7 000 ტალანტი ვერცხლი, რომლებიც ამ საქმისთვის ჰქონდა გადანახული. მეფის შესანიშნავი მაგალითით აღძრულმა მთავრებმა და ხალხმა 5 000 ტალანტის ღირებულების ოქრო, 10 000 დარიკი, 10 000 ტალანტის ღირებულების ვერცხლი და დიდძალი რკინა და სპილენძი გაიღეს (29:3—7)c. ხალხს უხაროდა, რომ შესაწირავის გაღების შესაძლებლობა მიეცათ.
20. რა სიტყვებით შეასხა ხოტბა დავითმა იეჰოვას ლოცვაში?
20 შემდეგ დავითმა ლოცვაში განადიდა იეჰოვა და თქვა, რომ ეს უხვი შესაწირავი სინამდვილეში იეჰოვასგან იყო. მან სთხოვა ღმერთს, რომ კურთხევა არ მოეკლო ხალხისა და სოლომონისთვის. დავითმა ხოტბა შეასხა იეჰოვას სამეფოსა და მის დიდებულ სახელს: „კურთხეული იყავი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამა, მარადიულად! შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! შენია სამეფო, იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი! შენგან მოდის სიმდიდრე და დიდება, შენ ბატონობ ყველაფერზე. შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება, შენს ხელთაა ყველას განდიდება და გაძლიერება. ახლა, ჩვენო ღმერთო, გმადლობთ და ვაქებთ შენს მშვენიერ სახელს!“ (29:10—13).
21. რას აღნიშნავს ეზრა ხაზგასმით წიგნის დასასრულს?
21 სოლომონი მეორედ სცხეს მეფედ და ის „იეჰოვას ტახტზე“ დავითის ნაცვლად დაჯდა. 40-წლიანი მეფობის შემდეგ დავითი მოკვდა „ტკბილ სიბერეში, დღეებით, სიმდიდრითა და დიდებით მაძღარი“ (29:23, 28). წიგნის დასასრულს ეზრა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დავითის სამეფო სხვა სამეფოებზე აღმატებული იყო.
რატომ არის სასარგებლო
22. როგორ გაამხნევა „პირველმა მატიანემ“ ეზრას დროს მცხოვრები ისრაელები?
22 ეს წიგნი ძალიან სასარგებლო იყო ეზრას დროს მცხოვრები ისრაელებისთვის. ახალი თვალით დანახული და დადებით სულში დაწერილი ამ მოკლე ისტორიის წყალობით მათ უკეთესად დაინახეს იეჰოვას გულმოწყალება, რომელსაც ის მეფე დავითთან სამეფოსთვის დადებული შეთანხმებისა და საკუთარი სახელის გულისთვის ავლენდა. გამხნევებულებს შეეძლოთ ახალი ძალებით შესდგომოდნენ იეჰოვას თაყვანისცემას. გენეალოგიურმა ნუსხებმა მათ აღდგენილ ტაძარში მომსახურე მღვდლების მიმართ ნდობა განუმტკიცა.
23. როგორ გამოიყენეს მათემ, ლუკამ და სტეფანემ „პირველ მატიანეში“ ჩაწერილი ინფორმაცია?
23 „პირველი მატიანე“ სასარგებლო აღმოჩნდა ადრინდელი ქრისტიანებისთვისაც. მათესა და ლუკას შეეძლოთ წიგნში მოცემული გენეალოგიური ნუსხების მეშვეობით დაემტკიცებინათ, რომ იესო ქრისტე იყო „დავითის ძე“ და კანონიერი მესია (მათ. 1:1—16; ლუკ. 3:23—38). სტეფანემ თავის ბოლო სიტყვებში მოიხსენია, რომ დავითმა სთხოვა იეჰოვას, მისთვის სახლის აშენების ნება მიეცა, მაგრამ სახლი სოლომონმა ააშენა. შემდეგ ახსნა, რომ „უზენაესი ხელთქმნილ სახლებში არ ცხოვრობს“. ამგვარად მიუთითა, რომ სოლომონის დროს აშენებული ტაძარი უფრო დიდებულ ზეციერ ტაძარს განასახიერებდა (საქ. 7:45—50).
24. რაში შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?
24 მაგრამ რით არის ის დღეს სასარგებლო ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის? „პირველი მატიანე“ გვიძლიერებს რწმენას და მოქმედებისკენ აღგვძრავს. ბევრის სწავლა შეგვიძლია დავითის ბრწყინვალე მაგალითიდან. ორგული საულისგან განსხვავებით, ის ყოველთვის ეკითხებოდა იეჰოვას (1 მატ. 10:13, 14; 14:13, 14; 17:16; 22:17—19). დავითმა იეჰოვას კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა, ფსალმუნებით განადიდა ღმერთი, ორგანიზება გაუწია ლევიანებს და იეჰოვას მისთვის დიდებული სახლის აშენების ნებართვა სთხოვა. ამგვარად დავითმა ცხადყო, რომ იეჰოვა და მისი თაყვანისმცემლობა მისთვის უმთავრესი იყო (16:23—29). ის არასდროს გამოთქვამდა უკმაყოფილებას, იეჰოვას ნების შესრულებაზე ფიქრობდა და არა საკუთარი თავის განდიდებაზე. როცა იეჰოვამ ტაძრის აშენება მის ვაჟს დაავალა, ის მთელი გულით ედგა მხარში სოლომონს. მას არ დაუზოგავს დრო, ენერგია და სიმდიდრე იმ საქმისთვის, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო (29:3, 9). დავითმა ერთგულების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (ებრ. 11:32).
25. რისკენ უნდა აღგვძრას „პირველმა მატიანემ“?
25 რაც შეეხება წიგნის დასკვნით ნაწილს, დავითი ხატოვანი ენით განადიდებს იეჰოვასა და მის „მშვენიერ სახელს“. ეს ჩვენც გვეხმარება, დავაფასოთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხალხს იეჰოვას დიდებისა და ქრისტეს სამეფოს შესახებ ვაუწყოთ (1 მატ. 29:10—13). დავითის მსგავსი რწმენითა და სიხარულით მოდი ჩვენც გამოვავლინოთ მადლიერება იეჰოვას მარადიული სამეფოსთვის და ბოლომდე დავიხარჯოთ მის მსახურებაში (17:16—27). „პირველი მატიანე“ ბრწყინვალებას ჰმატებს ბიბლიის მთავარ თემას — იეჰოვას სამეფოს, რომელსაც სათავეში აღთქმული შთამომავალი უდგას, და გვავსებს იმის მოლოდინით, კიდევ როგორ მოჰფენს იეჰოვა ნათელს თავის განზრახვას.
[სქოლიოები]
a Commentary, კლარკი, ტ. II, გვ. 574.
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 444, 445 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 1076 (ინგლ.).