მუსიკა
ღვთისგან მომადლებული ერთ-ერთი ძღვენი, რომლითაც ადამიანი ხოტბას ასხამს და მადლობას სწირავს შემოქმედს, აგრეთვე, გამოხატავს თავის განცდებს, იქნება ეს სევდა, სიხარული თუ სხვა. სიმღერა, ისევე როგორც საკრავიერი მუსიკა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობაში. საკრავიერი მუსიკა თან ახლავს სიმღერას და ამდიდრებს მის ჟღერადობას. ასე რომ, ბიბლია, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა თუ სხვა კონტექსტებში, მრავალჯერ მოიხსენიებს როგორც ვოკალურ, ისე ინსტრუმენტულ მუსიკას (დბ. 4:21; 31:27; 1მტ. 25:1; გმც. 18:22).
მუსიკის ისტორია. მუსიკის შესახებ პირველ მინიშნებას ბიბლიაში წარღვნამდელ ეპოქაში ვხვდებით. დაბადების 4:21-ში ადამის მეშვიდე თაობის ერთ-ერთ წარმომადგენელზე ნათქვამია: „მისგან [იუბალისგან] წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე“. შესაძლოა ეს მუხლი პირველი სამუსიკო საკრავების ან ერთგვარი სამუსიკო პროფესიის ჩამოყალიბებაზე მიანიშნებს.
პატრიარქალურ დროში მუსიკა ხალხის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. მაგალითად, ლაბანს სურდა, რომ იაკობი და თავისი ქალიშვილები მუსიკის თანხლებით გაეცილებინა (დბ. 31:27). ისრაელებმა წითელ ზღვასთან თავიანთი ხსნა სიმღერითა და მუსიკალური აკომპანემენტით აღნიშნეს. მუსიკა ჟღერდა მაშინაც, როცა იფთახი, დავითი და საული თავიანთი ბრძოლებიდან გამარჯვებული ბრუნდებოდნენ (გმ. 15:20, 21; მსჯ. 11:34; 1სმ. 18:6, 7).
კიდობნის იერუსალიმში გადატანა ორივეჯერ მგალობლებისა და საკრავიერი მუსიკის შემსრულებლების თანხლებით მოხდა (1მტ. 13:8; 15:16). დავითის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წინასწარმეტყველებმა ნათანმა და გადმა იეჰოვას მითითებით საწმინდარში მუსიკოსები დააყენეს (1მტ. 23:1—5; 2მტ. 29:25, 26).
დავითის სიცოცხლეში შექმნილი მგალობელთა გუნდისა და საკრავების დამკვრელთა ანსამბლის მსახურებამ დასრულებული სახე სოლომონის ტაძარში მიიღო. დიდებული და შთამბეჭდავი იყო მუსიკა, რომელიც ტაძრის მიძღვნის დროს ჟღერდა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ მესაყვირეთა რიცხვი 120-ს ითვლიდა! (2მტ. 5:12, 13). თუმცა, ისრაელი ერის იეჰოვასგან განდგომა უარყოფითად აისახა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ყველა მხარეზე, მათ შორის მუსიკაზე. საგულისხმოა, რომ როცა მეფეებმა — ხიზკიამ და იოშიამ ქვეყანაში რეფორმები გაატარეს, აგრეთვე, როცა იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, დიდი ძალისხმევა მოხმარდა სატაძრო მუსიკის აღდგენასა და მისთვის პირვანდელი, იეჰოვასთვის სასურველი სახის მიცემას (2მტ. 29:25—28; 35:15; ეზრ. 3:10). მოგვიანებით, ნეემიას მიერ იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს, ლევიანმა მომღერლებმა და მათთან ერთად სხვადასხვა საკრავის დამკვრელებმა დიდი წვლილი შეიტანეს საზეიმო განწყობილების შექმნაში (ნემ. 12:27—42). ამის შემდეგ წმინდა წერილი სატაძრო მუსიკის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა სხვა წერილობითი წყაროებიდან, მაგალითად, თალმუდიდან, ვიგებთ, რომ მუსიკის შესრულება ტაძარში ახ. წ. 70 წლამდე, იერუსალიმის განადგურებამდე არ შეწყვეტილა.
რამდენი მგალობელი და საკრავიერი მუსიკის შემსრულებელი მსახურობდა იერუსალიმის ტაძარში?
იეჰოვას ტაძრის მოსამზადებელი სამუშაოების დროს დავითმა 4 000 ლევიანი გაამწესა მუსიკოსად (1მტ. 23:4, 5). ამათგან „იეჰოვასთვის განსწავლულ მგალობელთა რიცხვი იყო ორას ოთხმოცდარვა. ყველანი დახელოვნებულნი იყვნენ“ (1მტ. 25:7). ყველა შემსრულებელს ხელმძღვანელობდა სამი დახელოვნებული მუსიკოსი, კერძოდ, ასაფი, ჰემანი და იედუთუნი (სავარაუდოდ ეთანიც ერქვა). ისინი ლევის ვაჟების — გერშომის, კეჰათისა და მერარის შთამომავლები იყვნენ. ასე რომ, სატაძრო მუსიკის შემსრულებლებს ლევის შტოს სამივე საგვარეულოს წარმომადგენლები შეადგენდნენ (1მტ. 6:16, 31—33, 39—44; 25:1—6). ასაფს, ჰემანსა და იედუთუნს მთლიანობაში 24 ვაჟი ჰყავდათ. ისინი ზემოხსენებულ 288 დახელოვნებულ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ. 24 ვაჟიდან თითოეულს წილისყრით ერგო მუსიკოსთა თითო ჯგუფის ზედამხედველობა. თითო ჯგუფი შედგებოდა 11 დახელოვნებული მუსიკოსისგან, რომლებიც ზედამხედველის ვაჟები ან სხვა ლევიანები იყვნენ. ამგვარად, 288 ([1 + 11] × 24 = 288) დახელოვნებული ლევიანი მუსიკოსი მღვდლების მსგავსად 24 ჯგუფად იყოფოდა. თუ დარჩენილი 3 712 დაუხელოვნებელი მუსიკოსი იმავე პრინციპით იყო დაყოფილი, მაშინ თითოეულ 24 ჯგუფზე დამატებით დაახლოებით 155 კაცი მოდიოდა. შესაბამისად, თითოეული დახელოვნებული მუსიკოსი დაახლოებით 13 დაუხელოვნებელ ლევიან მუსიკოსს ახელოვნებდა (1მტ. 25:1—31). ლევიან მუსიკოსთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდნენ მესაყვირენი, რადგან ისინი მღვდლები იყვნენ (2მტ. 5:12; შდრ. რც. 10:8).
ინსტრუმენტული მუსიკა. მართალია, ბიბლიაში ათზე მეტი მუსიკალური საკრავია მოხსენიებული, მაგრამ მასში თითქმის არაფერია ნათქვამი მათ ფორმასა თუ აგებულებაზე. ამიტომ, მეცნიერთა უმეტესობა დასკვნებს უმეტესწილად ისრაელის მეზობელი ერების საკრავებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის საფუძველზე აკეთებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს წყაროები ყოველთვის არ არის სანდო, რადგან ისრაელები მუსიკის დარგში მეზობელ ერებზე უფრო განვითარებული იყვნენ. გარდა ამისა, ზოგის აზრით, ბიბლიაში მოხსენიებული საკრავები ჰგავს იმ საკრავებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში დღემდე იყენებენ და რომლებსაც, სავარაუდოდ, დიდი ხსნის ისტორია აქვს. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია.
ბიბლიაში მოხსენიებული საკრავების დაჯგუფება შემდეგნაირად შეიძლება:
სიმებიანი: ქნარი, ლუტნა, ციტრა.
ჩასაბერი: გუდასტვირი, სალამური, სტვირი, საყვირი, ნეხილა (?).
დასარტყამი: წინწილა, ბობღანი, დაირა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცალკეული სტატია თითოეული საკრავის შესახებ.
ისრაელი ერის საკრავები ფორმით, აგებულებითა და ჟღერადობით დახვეწილი იქნებოდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ტაძარში იყენებდნენ ქნარებსა და სიმებიან საკრავებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ძვირფასი სანდალოზის ხისგან იყო დამზადებული. საყვირები ვერცხლისგან მზადდებოდა (1მფ. 10:11, 12; რც. 10:2). სატაძრო მუსიკალური საკრავები, ცხადია, ყველაზე მარჯვე ოსტატების ნახელავი იქნებოდა.
ბიბლიური თუ არაბიბლიური წყაროები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება, ისრაელში მაღალხარისხოვანი საკრავებისა და კვალიფიციური მუსიკოსების არსებობაზე მოწმობს. მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ ისრაელში რამდენიმე საყვირით რთული ბგერების ერთდროულად გამოცემა შეიძლებოდა. რთული ბგერების გამოცემა მხოლოდ მუსიკოსების სიმარჯვეს როდი მოითხოვდა, საკრავებიც ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ტონალობის დარეგულირებით ხმაშეწყობილი ბგერები აჟღერებულიყო. როგორც წესი, თანაჟღერადობა არ ირღვეოდა, რისი დასტურიც სოლომონის ტაძრის მიძღვნის დროს გაჟღერებული მუსიკაა: „მესაყვირეებმა [ას ოცმა კაცმა] და მგალობლებმა ერთხმად ... განადიდეს იეჰოვა“ (2მტ. 5:12, 13).
სატაძრო ორკესტრის დასაკრავი ინსტრუმენტებიდან ბიბლია მხოლოდ ოთხს მოიხსენიებს. ესენია: საყვირები, ქნარები, სიმებიანი საკრავები (ებრ. ნევალიმ) და წინწილები. თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სრულფასოვანი ორკესტრისთვის ეს ოთხი სახეობის საკრავი საკმარისი არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტაძარში საკრავები სიმღერის აკომპანემენტისთვის სჭირდებოდათ და არა სიმფონიური ორკესტრის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიზნის განსახორციელებლად ზემოხსენებული ოთხი ტიპის საკრავი სრულიად საკმარისი იყო (2მტ. 29:25, 26; ნემ. 12:27, 41, 42).
წმინდა წერილებიდან ვიგებთ, თუ როდის უნდა დაეყვირებინათ წმინდა საყვირები. „ჩაჰბერეთ საყვირებს თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე და ყოველი თვის დასაწყისში, როცა დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს სწირავთ“ (რც. 10:10). არ არის გამორიცხული, რომ სატაძრო მუსიკალური გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ ზემოხსენებულ თუ სხვა ღონისძიებებზე საყვირებს სხვა მუსიკალური საკრავებიც შეემატა. ამას ცხადყოფს მეფე ხიზკიას მიერ ტაძრის განწმენდისა და წმინდა მსახურების აღორძინების შემდეგ განვითარებული მოვლენები: „როგორც კი დაიწყეს დასაწვავი შესაწირავის შეწირვა, წამოიწყეს იეჰოვას სადიდებელი საგალობელი და ჩაჰბერეს საყვირებს ისრაელის მეფის, დავითის საკრავების თანხლებით. გალობისა და საყვირების ხმაზე მთელი კრებული ემხობოდა და ასე გრძელდებოდა დასაწვავი შესაწირავის შეწირვის დასრულებამდე“ (2მტ. 29:27, 28). საყვირებს „დავითის საკრავების თანხლებით“ აყვირებდნენ ანუ საყვირების ხმა სხვა საკრავების ხმას ერწყმოდა და არ ფარავდა მათ ხმოვანებას. მუსიკოსთა გუნდი სამსხვერპლოს აღმოსავლეთით იდგა (2მტ. 5:12).
ვოკალური მუსიკა. ტაძარში მხოლოდ ლევიანი მამაკაცები გალობდნენ. ბიბლიაში არსად არ წერია, რომ იქ მომღერალი ქალები ჰყავდათ. ერთ-ერთ თარგუმში, რომელშიც ეკლესიასტეს 2:8 განიმარტება, აღნიშნულია, რომ ქალები მომღერალთა გუნდში არ შედიოდნენ. ცნობილია, რომ ქალებს ტაძრის ზოგ ნაწილში შესვლა ეკრძალებოდათ, რაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ისინი იქ ოფიციალურად რაიმე საქმეს ასრულებდნენ (2მტ. 5:12; ნემ. 10:39; 12:27—29).
ტაძარში გალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რასაც მოწმობს ბიბლიაში მგალობელთა ხშირი ხსენება. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი ლევიანებისგან განსხვავებით მგალობლები თავისუფლდებოდნენ სხვა მოვალეობებისგან, რაც მათ მთლიანად ამ საქმისთვის მიძღვნის საშუალებას აძლევდა (1მტ. 9:33). მგალობლები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგაც ცალკე ჯგუფად აღირიცხებოდნენ (ეზრ. 2:40, 41). სპარსეთის მეფე არტაქსერქსემაც (მხარგრძელი) კი გაათავისუფლა მგალობლები და სხვა ტაძრის მსახურები გადასახადის, ხარკისა და საგზაო ბეგარისგან (ეზრ. 7:24). მოგვიანებით, მეფის ბრძანებით „მგალობლებს ყოველდღიური საჭიროების მიხედვით დაწესებული სარჩო ეძლეოდათ“. ამ ბრძანების გამოცემა არტაქსერქსეს მიეწერება, თუმცა არ არის გამორიცხული, ის არტაქსერქსეს მიერ უფლებამოსილ ეზრას გამოეცა (ნემ. 11:23; ეზრ. 7:18—26). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რატომ აცალკევებს ბიბლია მგალობლებსა და ლევიანებს ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ მგალობლებიც ლევიანები იყვნენ (ნემ. 7:1; 13:10).
ტაძრის მგალობლების გარდა ბიბლია სხვა მომღერალ ქალებსა და კაცებს მოიხსენიებს. მაგალითად, სოლომონს სამეფო კარზე მომღერალი ქალები და კაცები ჰყავდა. საგულისხმოა, რომ ლევიანი მუსიკოსების გარდა ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაახლოებით 200 მომღერალი კაცი და ქალი დაბრუნდა (ეკ. 2:8; ეზრ. 2:65; ნემ. 7:67). ისრაელში არალევიანი მომღერლები მრავლად იყვნენ. მათ არა მარტო ლხინში იწვევდნენ სამღერად, არამედ ჭირშიც (2სმ. 19:35; 2მტ. 35:25; იერ. 9:17, 20). ჭირსა თუ ლხინში დახელოვნებული მუსიკოსების დაქირავების ჩვეულება, როგორც ჩანს, იესოს დედამიწაზე ყოფნის დროსაც არსებობდა (მთ. 11:16, 17).
მუსიკა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც იხსენიება, თუმცა არა ისეთი სიხშირით, როგორც ებრაულ წერილებში. ბერძნულ წერილებში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით გვხვდება (გმც. 14:2). რაც შეეხება სიმღერას, ის ღვთის მსახურთათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იესომ და მისმა მოციქულებმა ბოლო ერთობლივი ვახშმის შემდეგ ღვთის სადიდებელი იმღერეს (მრ. 14:26). ლუკა გვამცნობს, რომ პავლე და სილა საპყრობილეში მღეროდნენ. გარდა ამისა, პავლე იეჰოვას სადიდებელი სიმღერების მღერისკენ მოუწოდებდა თანამორწმუნეებს (სქ. 16:25; ეფ. 5:18, 19; კლ. 3:16). 1 კორინთელების 14:15-ზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა ქრისტიანული მსახურების განუყოფელი ნაწილი იყო. იოანეს ღვთივშთაგონებულ ხილვაში ზეციერი ქმნილებები ღმერთსა და ქრისტეს უმღეროდნენ (გმც. 5:8—10; 14:3; 15:2—4).
ბიბლიური მუსიკის თავისებურებები. სხვა ერებთან შედარებით ისრაელ ხალხს მაღალი ზნეობრივი ნორმები და განვითარებული ლიტერატურა ჰქონდა, რასაც ებრაული წერილების პროზა და პოეზია მოწმობს. აქედან გამომდინარე, ძველი ისრაელის მუსიკაც მაღალგანვითარებული იქნებოდა. მათი მუსიკის შთაგონების წყარო მეზობელი ერების შთაგონების წყაროზე ბევრად ამაღლებული იყო. ამ მხრივ საინტერესოა ძველი ასურული ბარელიეფი, რომელიც გვატყობინებს, რომ მეფე სინახერიბმა მეფე ხიზკიასგან ხარკად მუსიკოსი ქალები და კაცები მოითხოვა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 288).
დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ ებრაელების მუსიკა მელოდიური იყო და არა ჰარმონიული. თუმცა, ისრაელში ქნარისა და სხვა სიმებიანი საკრავების საყოველთაო გავრცელება ამ მოსაზრებას აბათილებს. წარმოუდგენელია, მუსიკოსი მრავალსიმიან საკრავს უკრავდეს და ვერ შენიშნოს, რომ მუსიკალურ ბგერათა გარკვეული კომბინაცია ან კონკრეტულ ბგერათა თანმიმდევრობა, მაგალითად, არპეჯო (აკორდის ბგერების თანმიმდევრული დაკვრა), სასიამოვნო ჟღერადობას გამოსცემს. მუსიკათმცოდნე კურტ ზაქსი აღნიშნავს: „მყარად გამჯდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰარმონია და პოლიფონია [მრავალხმიანობა] მხოლოდ შუა საუკუნეებისა და თანამედროვე დასავლური მუსიკიდან აღმოცენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება“. ზაქსი იმასაც ხსნის, რომ თვით პირველყოფილ კულტურებში მოიძებნება ისეთი მუსიკის ნიმუშები, რომლებიც კვინტებში, კვარტებში, ტერციებსა და ოქტავებში სრულდება. ზოგ ასეთ კულტურაში, მაგალითად, პიგმეების ზოგიერთ ტომში, ანტიფონი (სიმღერა მომღერალთა ორი გუნდის მონაცვლეობით) სამუსიკო კანონის (ერთი და იმავე მელოდიის თანამიმდევრობით გამეორება ყველა ხმის მიერ) ნაწილი გახდა.
მასშტაბური კვლევის საფუძველზე ზაქსი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „იერუსალიმის ტაძრის მომღერლების და საკრავიერი მუსიკის შემსრულებლების მუსიკალური განათლება, ოსტატობა და ცოდნა, უდავოდ, მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდა“. ზაქსი დასძენს: „უნდა ვაღიაროთ, რომ ძველი დასავლეთ აზიის მუსიკა მკვეთრად განსხვავდება იმ მუსიკისგან, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიკოსებმა აღგვიწერეს ... მართალია, არ ვიცით, როგორ ჟღერდა მათი მუსიკა, მაგრამ იმაში მაინც ვართ დარწმუნებული, რომ ის შთამბეჭდავი, დიდებული და მაღალი დონის იყო“ (The Rise of Music in the Ancient World: East and West, 1943, გვ. 48, 101, 102).
იმავე დასკვნამდე მივყავართ ბიბლიას. მაგალითად, ფსალმუნების ეპიგრაფებში დაახლოებით 30-ჯერ ვხვდებით მინიშნებას: „გუნდის ხელმძღვანელს“ (ფს. 11 და სხვ.). სხვა თარგმანებში ვხვდებით გამოთქმას „გუნდის ლოტბარს“ (სსგ, ბსგ). „გუნდის ხელმძღვანელის“ აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა, სავარაუდოდ, გულისხმობს მას, ვინც გუნდს ხელმძღვანელობდა, კერძოდ, ვინც მუსიკალური მასალის არანჟირებას ახდენდა, ამეცადინებდა და წაფავდა ლევიან მგალობლებს, ან მას, ვინც ოფიციალური შესრულების დროს ხელმძღვანელობდა გუნდს. შესაძლოა ეს მინიშნება ეხებოდა საწმინდარში მომსახურე მუსიკოსთა ყოველი 24 ჯგუფის ხელმძღვანელს, ან სხვა რომელიმე დახელოვნებულ მუსიკოსს, რადგან ბიბლია მათაც ხელმძღვანელებად მოიხსენიებს (1მტ. 15:21; 25:1, 7—31). სხვა 20-მდე ფსალმუნის ეპიგრაფში უფრო კონკრეტულ მინიშნებას ვხვდებით: „ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით“, „ხელმძღვანელს: დაბალხმიანი საკრავების თანხლებით“ და ა. შ. (ფს. 4; 12 და სხვ. იხ. შემინი). გარდა ამისა, წმინდა წერილებში მოხსენიებული არიან „მგალობელთა ხელმძღვანელები“, „დახელოვნებული თუ დაუხელოვნებელი“ მგალობლები. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ისრაელში მუსიკა მაღალგანვითარებული იყო (ნემ. 12:46; 1მტ. 25:7, 8).
ისრაელში გუნდური მღერა, როგორც ჩანს, ძირითადად ანტიფონის სტილით სრულდებოდა, კერძოდ, გუნდის ერთი ნახევარი და მეორე ნახევარი ერთმანეთის მონაცვლეობით მღეროდა, ან სოლისტი და გუნდი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ბიბლია „სიმღერით მიგებაში“ სწორედ ამას გულისხმობს (გმ. 15:21; 1სმ. 18:6, 7). ზოგიერთი ფსალმუნის, მაგალითად, 136-ე ფსალმუნის წყობა, ამ ტიპის მღერაზე მიუთითებს. ნეემიას დროს იერუსალიმის გალავნის მიძღვნაში მონაწილე ორი სამადლობლის შემსრულებელი გუნდის დახასიათებაც იმაზე მოწმობს, რომ ისინი ანტიფონის სტილით გალობდნენ (ნემ. 12:31, 38, 40—42; იხ. სიმღერა).
გალობით წარმოთქმისთვის, რასაც ვერც სიმღერას დავარქმევთ და ვერც მეტყველებას, დამახასიათებელია მონოტონურობა და რიტმულობა. გალობით წარმოთქმა ბევრ წამყვან რელიგიაში მეტად გავრცელებულია, მაგრამ ბიბლიურ ისტორიაში მას მხოლოდ გლოვის დროს მიმართავდნენ. მაგალითად, ასე დასტიროდა დავითი თავის მეგობარ იონათანსა და მეფე საულს (2სმ. 1:17; 2მტ. 35:25; ეზკ. 27:32; 32:16). გალობით წარმოთქმა მხოლოდ გოდებისა და მოთქმის დროს არის ბუნებრივი, რადგან წარმოთქმული ბგერები არც მელოდიურია და არც ჩვეულებრივ მეტყველებას ჰგავს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხმის სიმაღლისა და ტემბრის ცვლა და ლოგიკური მახვილების დასმა (იხ. სამგლოვიარო სიმღერა).