ნადირობა და თევზაობა
ადამიანებს ნადირობისა და თევზაობის უფლება მხოლოდ წარღვნის შემდეგ მიეცათ (დბ. 9:3, 4). თუმცა შეიძლება წარღვნამდეც ნადირობდნენ იმ მიზნით, რომ ცხოველის ტყავისგან ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები დაემზადებინათ (შდრ. დბ. 3:21).
წარღვნის შემდეგ ნიმროდი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც „ძლიერმა მონადირემ, იეჰოვას მოწინააღმდეგემ“ (დბ. 10:8, 9). როგორც ჩანს, ის გასართობად ნადირობდა, როგორც მოგვიანებით ასურეთის, ეგვიპტისა თუ სხვა ქვეყნების მეფეები. ამავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ისრაელებზე. არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ გასართობად ენადირათ, თუმცა ზოგჯერ საკვების მოპოვების მიზნით ირმებსა და ქურციკებზე ნადირობდნენ (1მფ. 4:22, 23). ზოგჯერ ისინი მტაცებელ ცხოველებსაც ხოცავდნენ, რათა დაეცვათ საკუთარი თავი, შინაური ცხოველები თუ მოსავალი (მსჯ. 14:5, 6; 1სმ. 17:34—36; ქბ. 2:15).
მოსეს კანონში მოცემული იყო მითითება, რომ ისრაელებს ნანადირევი მის სისხლთან ერთად არ ეჭამათ. ეს მითითება მანამდე ღმერთს ნოესთვისაც ჰქონდა მიცემული (დბ. 9:4; ლვ. 17:12—14; იხ. სისხლი). ზოგი ცხოველი ღმერთმა უწმინდურად გამოაცხადა და მათი საკვებად გამოყენება აკრძალა (ლვ. 11:2—20; კნ. 14:3—20). მოსეს კანონი უკრძალავდა ისრაელებს, რომ ჩიტი ბარტყებიანად ან კვერცხებიანად წაეყვანათ. ვინაიდან დედა ჩიტი გვერდიდან არ შორდება თავის ბარტყებს, მისი დაჭერა ძალიან ადვილი იქნებოდა. ისრაელებს დედა ჩიტი უნდა გაეშვათ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ კიდევ დაეჩეკა ბარტყები (კნ. 22:6, 7).
სანადირო იარაღები იყო: მშვილდ-ისარი (დბ. 21:20; 27:3), შურდული (1სმ. 17:34, 40; იობ. 41:1, 28), ხაფანგი, ბადე, ორმო და კავი (ფს. 140:5; ეზკ. 17:20; 19:4, 9). ნადირობისთვის სავარაუდოდ, მახვილს, შუბს, ლახვარს, ხელკეტსა და ხელშუბსაც იყენებდნენ (იობ. 41:1, 26—29).
ცხოველების დასაჭერად მონადირეები ხშირად ბადეს აბამდნენ, რის შემდეგაც ცხოველის შესაშინებლად ხმაურს ატეხდნენ ხოლმე, რათა დამფრთხალი ცხოველი იმ მხარეს გაქცეულიყო, სადაც ბადე ისე იყო გაბმული, რომ ჩამოვარდნილიყო და ცხოველი შიგ გაბმულიყო. მონადირეები ორმოებსაც თხრიდნენ, რომელსაც ზემოდან ჯოხებითა და მიწით ფარავდნენ. შემდეგ ცხოველს ორმოსკენ გაქცევას აიძულებდნენ, რომ შიგ ჩავარდნილიყო. არსებობდა ისეთი მახეებიც, რომლებშიც ცხოველი ფეხებით ებმებოდა. მონადირეებს ცხოველის დასაჭერად შესაძლოა ერთდროულად ორმოც გამოეყენებინათ და ბადეც (შდრ. იობ. 18:8—11; იერ. 18:22; 48:42—44; იხ. ჩიტებზე მონადირე; ხაფანგი).
თევზაობა. ისრაელში ბევრი მისდევდა მეთევზეობას. არსადაა მოხსენიებული, რომ მათ გასართობად ეთევზავათ. სათევზაოდ იყენებდნენ ბადეს, ბარჯს, ჭვილთს, კაუჭს და თოკს (იობ. 41:1, 7; ეზკ. 26:5, 14; აბკ. 1:15, 17; მთ. 17:27). მეტწილად ღამღამობით თევზაობდნენ. ბადეს წყალში ნავიდან აგდებდნენ. შემდეგ ბადე ან ნაპირზე გაჰქონდათ, ან პირდაპირ ნავში ცლიდნენ. შემდეგ იწყებდნენ გადარჩევას. იმას, რაც მოსეს კანონით საჭმელად ვარგისი იყო, ტოვებდნენ, ხოლო დანარჩენს ყრიდნენ (მთ. 13:47, 48; ლკ. 5:5—7; ინ. 21:6, 8, 11). შედარებით პატარა ბადეებს მეთევზეები ზოგჯერ ნაპირზე, ზოგჯერ კი წყალში მდგომნი ისროდნენ (იხ. ბადე).
თევზაობა შრომატევადი საქმე იყო და დიდ ფიზიკურ ძალასაც მოითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭირო იყო თევზით სავსე ბადის გამოტანა (ინ. 21:6, 11), ან პირქარის დროს ნიჩბიანი ნავით ცურვა (მრ. 6:47, 48). ზოგჯერ მეთევზეები მთელი ღამე თევზაობდნენ და ერთ თევზსაც ვერ იჭერდნენ (ლკ. 5:5; ინ. 21:3). თევზაობის შემდეგ ბადეები უნდა გაეშროთ და საჭიროების შემთხვევაში შეეკეთებინათ (ეზკ. 47:10; მთ. 4:21).
პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ და ერთად თევზაობდნენ (მთ. 4:18, 21; ლკ. 5:3, 7, 10). ბიბლიის ერთი მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ იესოს შვიდი მოწაფე ერთად თევზაობდა. მათ შორის იყვნენ ნათანაელი და თომა (ინ. 21:2, 3). იოანეს 21:2-ში მოხსენიებული „ორი სხვა მოწაფიდან“ ერთი შესაძლოა იყო პეტრეს ძმა ანდრია, ხოლო მეორე — ფილიპე, რისი ვარაუდის საფუძველსაც იძლევა ის ფაქტი, რომ ფილიპეს ბეთსაიდაში (ნიშნავს მონადირის [ან მებადურის] სახლს) ჰქონდა სახლი (ინ. 1:43, 44).
გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში თევზაობა ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავადაც გამოიყენება (ამ. 4:2; აბკ. 1:14, 15). იესომ მოწაფეების მომზადება თევზაობას შეადარა (მთ. 4:19). იერემიას 16:16-ში ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ბევრ მეთევზეს და მონადირეს მოაყვანინებდა, რაც შეიძლება ორნაირად გავიგოთ. თუ ამ მუხლში მე-15 მუხლის აზრი გრძელდება, სადაც საუბარია თავის მიწა-წყალზე ისრაელის დაბრუნების შესახებ, მაშინ მასში მომნანიებელი იუდეველების მოძებნა უნდა იყოს ნაგულისხმევი. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ მეთევზეებსა და მონადირეებში იგულისხმებიან დამპყრობელი ჯარები, რომლებიც ორგულ ისრაელთა მოსაძებნად იყვნენ წარგზავნილნი, რათა ვერც ერთი მათგანი ვერ გაჰქცეოდა იეჰოვას განაჩენს (შდრ. ეზკ. 9:2—7).