ბიბლიის წიგნი 18 — იობი
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილი: უდაბნო
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1473
მოიცავს პერიოდს: 140 წელზე მეტი, ძვ. წ. 1657—1473 წლებს შორის
1. რას ნიშნავს იობის სახელი და რა კითხვებზე გვპასუხობს წიგნი „იობი“?
„იობი“ წმინდა წერილებიდან ერთ-ერთი უძველესი წიგნია. მას ძალიან აფასებენ და ხშირად ციტირებენ, თუმცა ბოლომდე არ ესმით. რატომ დაიწერა ეს წიგნი და რამდენად სასარგებლოა ის ჩვენთვის? პასუხის გაგებაში იობის სახელის მნიშვნელობა გვეხმარება. სახელი იობი ნიშნავს „მტრობის ობიექტს“. წიგნი პასუხს სცემს ორ მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იტანჯებიან უდანაშაულოები? და რატომ უშვებს ღმერთი დედამიწაზე ბოროტების არსებობას? იობის ტანჯვისა და მოთმინების შესახებ გაკეთებული ჩანაწერი დაგვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში. იობს სურდა, რომ ყველაფერი ჩაწერილიყო და ეს ასეც მოხდა (იობ. 19:23, 24).
2. რა ადასტურებს, რომ იობი რეალური პიროვნება იყო?
2 იობის სახელი მოთმინებასა და ამტანობასთან ასოცირდება. მაგრამ იყო იობი რეალური პიროვნება? თუმცა სატანა ყველანაირად ცდილობდა, მისი უმწიკვლობის ბრწყინვალე მაგალითი ისტორიიდან ამოეშალა, იობი რეალური პიროვნება იყო. იეჰოვამ ის ნოესა და დანიელთან ერთად მოიხსენია, რომელთა არსებობაშიც არც იესო ქრისტეს შეუტანია ეჭვი (ეზეკ. 14:14, 20; შეადარეთ მათეს 24:15, 37). ძველ ისრაელში არავინ დაეჭვებულა, რომ ასეთი კაცი ნამდვილად არსებობდა. იობის მოთმინება ქრისტიანმა მოწაფე იაკობმა მაგალითად მოიყვანა (იაკ. 5:11). მხოლოდ რეალური ცხოვრებიდან აღებულ მაგალითს შეუძლია დაარწმუნოს ღვთის თაყვანისმცემლები, რომ ერთგულების შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია. გარდა ამისა, ცოცხლად და გრძნობით გადმოცემული საუბრები ადასტურებს, რომ იობის წიგნში რეალური შემთხვევაა აღწერილი.
3. რა ადასტურებს, რომ „იობი“ ღვთისგან არის შთაგონებული?
3 „იობის“ უტყუარობასა და ღვთივშთაგონებულობას ადასტურებს ისიც, რომ ძველად ებრაელები მას ბიბლიის კანონს მიაკუთვნებდნენ მიუხედავად იმისა, რომ იობი ებრაელი არ იყო. გარდა იმისა, რომ იობი მოხსენიებულია ეზეკიელისა და იაკობის წიგნებში, იობის წიგნიდან მოციქული პავლეც ციტირებდა (იობ. 5:13; 1 კორ. 3:19). წიგნი ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ ის ღვთისგან შთაგონებულია. საიდან იცოდა იობმა, რომ იეჰოვამ „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ მაშინ, როცა ხალხის წარმოდგენა დედამიწის საყრდენზე უფრო ზღაპარს ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს? (იობ. 26:7). ერთ-ერთი ასეთი შეხედულების თანახმად, დედამიწა ზღვის დიდ კუზე მდგომ სპილოებს ეჭირათ. რატომ არ აისახა იობის წიგნზე ასეთი მცდარი შეხედულება? აშკარაა, რომ შემოქმედმა სინამდვილე შთაგონებით გაუცხადა იობს. წიგნში იმდენად ზუსტად არის აღწერილი დედამიწა თავისი საოცრებებით, ასევე გარეული ცხოველებისა და ფრინველების ქცევა მათ ბუნებრივ გარემოში, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთი შეიძლება იყოს იობის წიგნის ავტორი და შთამაგონებელიa.
4. სად და როდის განვითარდა „იობში“ აღწერილი მოვლენები და როდის დასრულდა წიგნის წერა?
4 იობი ცხოვრობდა უცში, რომელიც ზოგიერთი გეოგრაფის აზრით, ჩრდილოეთ არაბეთში ედომთან ახლოს და აბრაამის შთამომავლებისთვის აღთქმული მიწის აღმოსავლეთით მდებარეობდა. სამხრეთით სებელები ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთით კი — ქალდეველები (1:1, 3, 15, 17). აბრაამის დროიდან დიდი ხანი იყო გასული, როცა იობი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროს არავინ იყო „მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი“ (1:8). როგორც ჩანს, მოვლენები განვითარდა ერთგული იოსების სიკვდილის (ძვ. წ. 1657) შემდეგ, ვიდრე მოსე დაიწყებდა ღვთის გზით სიარულს. იობი ერთგულად იცავდა წმინდა თაყვანისმცემლობას იმ დროს, როცა ისრაელებზე ეგვიპტის დემონური კულტები ახდენდა ზეგავლენას. „იობის“ პირველ თავში მოხსენიებული წეს-ჩვეულებები და ის ფაქტი, რომ ღმერთი იობს თავის თაყვანისმცემლად აღიარებდა, მიუთითებს, რომ ეს მოვლენები განვითარდა პატრიარქების დროს და არა ძვ. წ. 1513 წლის შემდეგ, როცა იეჰოვამ შეთანხმება დადო ისრაელთან და მხოლოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა (ამოს. 3:2; ეფეს. 2:12). თუ გავითვალისწინებთ იობის დღეგრძელობას, როგორც ჩანს, წიგნი მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 1657 წლიდან მოსეს სიკვდილამდე, ძვ. წ. 1473 წლამდე. მოსემ წიგნის წერა იობის სიკვდილის შემდეგ, ისრაელების უდაბნოში ყოფნის დროს დაასრულა (იობ. 1:8; 42:16, 17).
5. რა მეტყველებს იმაზე, რომ წიგნი „იობი“ მოსემ დაწერა?
5 საიდან ვიცით, რომ წიგნი მოსემ დაწერა? ძველად ებრაელები და ადრინდელი ქრისტიანი სწავლულები ტრადიციულად მოსეს მიიჩნევდნენ დამწერად. წიგნში გამოყენებული ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელი სტილი ცხადყოფს, რომ ის მოსეს მშობლიურ ებრაულზე დაიწერა. შეუძლებელია, ის ნათარგმნი ყოფილიყო სხვა ენიდან, მაგალითად არაბულიდან. წიგნის პროზაული ნაწილი წერის სტილით ბიბლიის წიგნებიდან ყველაზე მეტად ხუთწიგნეულს ჰგავს. მისი დამწერი ებრაელი უნდა ყოფილიყო, რადგან „მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რომ. 3:1, 2). ზრდასრულმა მოსემ 40 წელი გაატარა მიდიანში, უცთან ახლოს, სადაც მას შეეძლო მოეპოვებინა ის დაწვრილებითი ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით „იობში“ ჩაწერა. ისრაელი უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის დროს იობის სამშობლოსთან ახლოსაც მოხვდა, რაც მოსეს საშუალებას მისცემდა, ბოლო მოვლენები ჩაეწერა წიგნში.
6. რატომ არ არის წიგნი „იობი“ უბრალოდ ლიტერატურული შედევრი?
6 ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ იობის წიგნი „მსოფლიო ლიტერატურის შედევრია“b. მაგრამ ის მხოლოდ ლიტერატურული შედევრი როდია. ის განსაკუთრებულად განადიდებს იეჰოვას ძალას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. წიგნი ნათელს ჰფენს სამყაროში წამოჭრილ საკამათო საკითხს, აგრეთვე ბიბლიის სხვა წიგნებს, განსაკუთრებით „დაბადებას“, „გამოსვლას“, „ეკლესიასტეს“, „ლუკას“, „რომაელებსა“ და „გამოცხადებას“ (იობის 1:6—12 და 2:1—7 შეადარეთ დაბადების 3:15-ს, გამოსვლის 9:16-ს, ლუკას 22:31, 32-ს, რომაელების 9:16—19-სა და გამოცხადების 12:9-ს; აგრეთვე იობის 1:21; 24:15; 21:23—26; 28:28 შეადარეთ ეკლესიასტეს 5:15; 8:11; 9:2, 3; 12:13-ს). წიგნი „იობი“ მრავალ ცხოვრებისეულ კითხვაზე გვცემს პასუხს. ის ღვთივშთაგონებული სიტყვის განუყოფელი ნაწილია და დიდ დახმარებას გვიწევს მის უკეთ გაგებაში.
შინაარსი
7. რას ვიგებთ იობის შესახებ წიგნის შესავლიდან?
7 შესავალი (1:1—5). წიგნის პირველივე სიტყვებიდან ვეცნობით იობს, „უმწიკვლო, მართალ, ღვთისმოშიშ და ბოროტებისგან შორს მდგარ კაცს“. ის ბედნიერი კაცი იყო. მას შვიდი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. იობს, მდიდარ მიწათმფლობელს, უამრავი მსახური და ცხვარ-ძროხა ჰყავდა და „ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში“ (1:1, 3). მაგრამ ის არც სიმდიდრეს იყო დახარბებული და არც ქონებაზე ამყარებდა იმედს. იობი სულიერადაც მდიდარი იყო, ბევრ სიკეთეს თესავდა და ყოველთვის მზადყოფნით ეხმარებოდა დაჩაგრულსა და ღარიბს და მოსავდა შიშველ-ტიტველს (29:12—16; 31:19, 20). ყველა პატივს სცემდა მას. იობი ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას სცემდა თაყვანს. ის წარმართების მსგავსად არ ეთაყვანებოდა მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს; ის თავისი ღვთის, იეჰოვას ერთგული იყო და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა (29:7, 21—25; 31:26, 27; 29:4). იობი თავისი ოჯახის მღვდელი იყო და მათი ცოდვებისთვის რეგულარულად სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს.
8. ა) როგორ დააყენა სატანამ ეჭვქვეშ იობის ერთგულება? ბ) რისი უფლება მისცა იეჰოვამ სატანას?
8 სატანა დაუპირისპირდა ღმერთს (1:6—2:13). ამ თავებში აღწერილ მოვლენებს უხილავ სფეროში, ზეცაში გადავყავართ. იეჰოვა უძღვებოდა თავისი სულიერი ძეების შეკრებას, რომელთა შორის სატანაც იყო. იეჰოვამ ყურადღება მიაქცევინა მას თავის ერთგულ მსახურ იობზე, მაგრამ სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იობის ერთგულება და ბრალი დასდო, რომ ის მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა ღმერთს. თუ ღმერთი ნებას მისცემდა სატანას, იობისთვის ყველაფერი წაერთმია, ის ერთგული აღარ იქნებოდა. იეჰოვამ დართო ამის ნება იმ პირობით, რომ თავად იობს არაფერს დაუშავებდა.
9. ა) რა საშინელ განსაცდელში აღმოჩნდა იობი? ბ) საიდან ჩანს, რომ ის ღვთის ერთგული დარჩა?
9 იობს მოულოდნელად უამრავი უბედურება დაატყდა. სებელებმა და ქალდეველებმა მისი ქონება დაიტაცეს, შვილები კი ქარიშხალმა დაუხოცა. ასეთი საშინელი განსაცდელის მიუხედავად, იობს არ დაუგმია ღმერთი და ზურგი არ შეუქცევია მისთვის. პირიქით, მან თქვა: „კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (1:21). გაწბილებული სატანა კვლავ იეჰოვას წინაშე წარსდგა და განაცხადა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (2:4). სატანა ამტკიცებდა, რომ უშუალოდ იობს თუ შეეხებოდა, ის პირში დაუწყებდა ღმერთს გმობას. იეჰოვამ მას იობის მოკვლის უფლება არ მისცა, მაგრამ ნება დართო, რომ საშინელი სნეულება შეეყარა მისთვის. იობის „სხეული მატლებმა და მტვერმა“ დაფარა და მისი სუნთქვა შეზიზღდათ მის ცოლსა და ნათესავებს (7:5; 19:13—20). იობი რომ ღვთის ერთგული დარჩა, კარგად ჩანს მისი ცოლის სიტყვებიდან: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“ იობმა უსაყვედურა ცოლს და „სიტყვითაც კი არ შეუცოდავს“ (2:9, 10).
10. როგორი ნუგეშისმცემლები მოუვლინა სატანამ იობს?
10 სატანამ იობს „სანუგეშებლად“ სამი მეგობარი — ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი გაუგზავნა. მათ შორიდან ვერ იცნეს იობი, მაგრამ ახლოს რომ მივიდნენ, ხმამაღლა ატირდნენ, თავზე მტვერი დაიყარეს და მასთან ერთად შვიდი დღე ხმაამოუღებლად ისხდნენ მიწაზე. ბოლოს იობმა დაარღვია დუმილი, რასაც ხანგრძლივი კამათი მოჰყვა მასსა და მის ვაი-ნუგეშისმცემლებს შორის (2:11).
11—13. რა სიტყვებით დაიწყო საუბარი იობმა, რაში დაადანაშაულა ის ელიფაზმა და რა უპასუხა აღშფოთებულმა იობმა?
11 კამათის პირველი ეტაპი (3:1—14:22). მესამე თავიდან თხრობა პოეტური ენით გრძელდება. იობმა დასწყევლა თავისი გაჩენის დღე. მას უკვირდა, აქამდე რატომ არ მოკვდა.
12 საპასუხოდ ელიფაზმა ეჭვი შეიტანა იობის უმწიკვლობაში. მისი აზრით, მართლები არასდროს არ ამოწყვეტილან. მან გაიხსენა ღამის ხილვაში მოსმენილი, რომ ღმერთი არ ენდობა თავის მსახურებს, განსაკუთრებით თიხისგან, მიწის მტვრისგან შექმნილთ. ის ფიქრობდა, რომ იობის განსაცდელი სასჯელი იყო ყოვლისშემძლე ღმერთისგან.
13 აღშფოთებულმა იობმა ელიფაზის სიტყვების საპასუხოდ თქვა, რომ სიკვდილი შვება იქნებოდა მისთვის. ნებისმიერი ადამიანი მსგავს გასაჭირში იობივით სიკვდილს ინატრებდა. იობმა უსამართლო მხილებისთვის გაკიცხა თავისი მეგობრები: „ამიხსენით და გავჩუმდები, გამაგებინეთ, რა შეცდომა დავუშვი“ (6:24). ის ღვთის, „ადამიანთა მეთვალყურის“ წინაშე ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას (7:20).
14, 15. რას ამტკიცებდა ბილდადი და რატომ ფიქრობდა იობი, რომ სასამართლოში ღმერთს ვერ შეედავებოდა?
14 შემდეგ ბილდადი ჩაება კამათში. მისი აზრით, იობის შვილებმა შესცოდეს და არც იობი იყო მართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი შეისმენდა მის ლოცვას. მან ურჩია იობს, მოეძია უწინდელ თაობებში და ყურადღება მიექცია იმისთვის, რაც მათმა მამებმა გამოიკვლიეს.
15 იობმა მიუგო, რომ ღმერთი უსამართლოდ არ იქცევა, არც ანგარიშვალდებულია ადამიანის წინაშე, რადგან „იქმს ჩაუწვდომელ, დიდებულ საქმეებსა და ურიცხვ საოცრებას“ (9:10). ის ვერ შეეპასუხებოდა იეჰოვას სასამართლოში, მხოლოდ შეწყალებას თუ სთხოვდა. ღირდა კი სიმართლის ქმნა, რადგან ღმერთი „ბოლოს უღებს უმწიკვლოსაც და ბოროტსაც“? (9:22). დედამიწაზე სამართალი არ არსებობდა. იობს ეშინოდა, რომ ვერც ღმერთს დაუმტკიცებდა თავის სიმართლეს. მას შუამავალი სჭირდებოდა. იობს აინტერესებდა, რატომ აღმოჩნდა ასეთ საშინელ მდგომარეობაში და ღმერთს ევედრებოდა, არ დავიწყებოდა, რომ თიხისგან იყო შექმნილი (10:9). ის მადლიერი იყო იმ სიკეთისთვის, რაც იეჰოვამ მას წარსულში გაუკეთა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისი სიმართლის მიუხედავად, ვერ შეედავებოდა ღმერთს, რადგან ის უფრო განრისხდებოდა მასზე. ასეთ ყოფას იობს სიკვდილი ერჩია.
16, 17. ა) რა რჩევა მისცა იობს თავდაჯერებულმა ცოფარმა? ბ) როგორ შეაფასა იობმა თავისი „ნუგეშისმცემლები“ და რისი იმედი გამოთქვა?
16 საუბარში ცოფარიც ჩაერთო. მან ფაქტობრივად თქვა: ბავშვები ხომ არა ვართ, ამ ფუჭსიტყვაობას რომ ვუსმინოთ?! შენ ამბობ, წმინდა ვარო, მაგრამ ღმერთი თუ ალაპარაკდება, გამოააშკარავებს შენს დანაშაულს. „ჩასწვდები ღვთის სიღრმეებს?“ — ჰკითხა მან იობს (11:7). შემდეგ ურჩია, სიავისთვის თავი დაენებებინა, რადგან მხოლოდ ასეთებს აკურთხებდა ღმერთი, ‘ბოროტებს კი თვალები დაუბრმავდებოდათ’ (11:20).
17 იობმა სარკასტულად მიუგო მათ: „ხალხი მართლაც თქვენ ყოფილხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნე!“ (12:2). თუმცა ის მათი დასაცინი გახდა, ისინი არაფრით იყვნენ მასზე უკეთესები. თუ ისინი დაუკვირდებოდნენ ღვთის ქმნილებებს, ბევრ რამეს ისწავლიდნენ მათგან. ძალა და სიბრძნე ღვთისგანაა, რომელიც ყველაფერს მართავს და „ერებსაც კი აძლიერებს გასანადგურებლად“ (12:23). იობს ღმერთთან შეკამათება სურდა; თავის სამ „ნუგეშისმცემელს“ კი უთხრა: „სხვებს სიცრუით სახელს ულახავთ; ყველანი უსარგებლო მკურნალები ხართ“ (13:4). მათი მხრიდან უფრო ბრძნული იქნებოდა, თუ გაჩუმდებოდნენ. იობი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და სთხოვდა ღმერთს, მოესმინა მისთვის. მან აღნიშნა, რომ „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (14:1). ადამიანის ცხოვრება ხანმოკლეა, ყვავილივით მალე ჭკნება და ჩრდილივით ქრება. უწმინდურისგან წმინდის შექმნა შეუძლებელია. იობმა ლოცვაში სთხოვა ღმერთს, სამარეში დაემალა, სანამ მისი რისხვა მიიქცეოდა, და იკითხა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ პასუხად მან მტკიცე იმედი გამოთქვა: „დავიცდი . . . სანამ შვება მოვიდოდეს“ (14:13, 14).
18, 19. ა) როგორ დასცინოდა ელიფაზი იობს? ბ) რა უწოდა იობმა თავისი მეგობრების ნუგეშს და რატომ შეჰყურებდა იეჰოვას?
18 კამათის მეორე ეტაპი (15:1—21:34). კამათის მეორე ეტაპი იწყება ელიფაზის სიტყვებით, რომელიც დასცინოდა იობის ცოდნას და ამბობდა, რომ ‘ის მუცელს აღმოსავლეთის ქარით ივსებდა’ (15:2). მან ისევ არაფრად ჩააგდო იობის განაცხადი, რომ უმწიკვლო იყო, და ამტკიცებდა, რომ იეჰოვა არ ენდობოდა არც მოკვდავ ადამიანებს და არც ანგელოზებს. მისი სიტყვებიდან ისე ჩანდა, თითქოს იობი განდგომილი, მექრთამე და მზაკვარი იყო და ცდილობდა, ღმერთზე აღმატებულად ეჩვენებინა თავი.
19 იობი შეეპასუხა თავის მეგობრებს და ‘ფუჭი სიტყვებით მოლაპარაკე ვაი-ნუგეშისმცემლები’ უწოდა (16:2, 3). ისინი რომ იობის ადგილას ყოფილიყვნენ, ის არ დაამცირებდა მათ. იობი თავისი სიმართლის დამტკიცებას ლამობდა და იეჰოვას შეჰყურებდა, რომელმაც ყველაფერი იცოდა მის შესახებ. ის განიხილავდა მის საქმეს. იობმა თავის მეგობრებში სიბრძნე ვერ დაინახა. მათ ყველა იმედი გადაუწურეს. მათი ნუგეში ისეთივე სიცრუე იყო, როგორც ღამეზე იმის თქმა, რომ დღეა. იობის ერთადერთი იმედი ‘სამარეში ჩასვლა’ იყო (17:15, 16).
20, 21. რა თქვა გაბრაზებულმა ბილდადმა, რა უპასუხა იობმა და რისი იმედი ჰქონდა?
20 მათი საუბარი ცხარე კამათში გადაიზარდა. იობმა თავისი მეგობრები უგუნურ ცხოველებს შეადარა. გაბრაზებულმა ბილდადმა ჰკითხა მას: „განა გაუკაცრიელდება დედამიწა შენ გამო?“ (18:4). მან გააფრთხილა იობი, რომ ხაფანგში გაებმებოდა, რაც სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, და შთამომავლობა არ დარჩებოდა.
21 იობმა მიუგო: „როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს და მმუსრავდეთ სიტყვით?“ (19:2). მან დაკარგა ოჯახი და მეგობრები, ცოლმა და შინაურებმა ზურგი აქციეს, თვითონ კი ‘ძლივსღა ცოცხლობდა’ (19:20). იობს იმედი ჰქონდა, რომ მის საქმეს გამომსყიდველი გადაწყვეტდა და ბოლოს და ბოლოს ის ‘იხილავდა ღმერთს’ (19:25, 26).
22, 23. ა) რატომ განაწყენდა ცოფარი და რა თქვა იობის „ცოდვებზე“? ბ) როგორ გააბათილა იობმა მისი ნათქვამი?
22 ბილდადის მსგავსად ცოფარიც გაანაწყენა იობის „შეურაცხმყოფელმა შეგონებამ“ (20:3). მან კიდევ გაუმეორა, რომ იობს ცოდვებმა უწია; ღმერთი დასჯის ბოროტებს; მათ მოსვენება არა აქვთ, თუმცა ფუფუნებაში ცხოვრობენ.
23 იობმა გააბათილა მისი ნათქვამი: თუ ღმერთი ყოველთვის სჯის ბოროტებს, მაშ რატომ ცოცხლობენ ბოროტები, აღწევენ ხანდაზმულობას და მეტისმეტადაც მდიდრდებიან? ისინი დღეებს კარგად ატარებენ. რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება? მდიდარსაც და ღარიბსაც ერთი ბოლო აქვთ. ხშირად ბოროტები „უზრუნველად და უდარდელად“ კვდებიან, მართლები კი — „სულგამწარებულები“ (21:23, 25).
24, 25. ა) რაში დასწამა ცილი თავდაჯერებულმა ელიფაზმა იობს? ბ) როგორ გააქარწყლა იობმა მისი ბრალდება და რა ჰკითხა თავის მეგობრებს?
24 კამათის მესამე ეტაპი (22:1—25:6). ელიფაზი აშკარა შეტევაზე გადავიდა და იობს დასცინა, რომ ყოვლისშემძლის წინაშე უმწიკვლოდ მიაჩნდა თავი. მან ცილი დასწამა იობს, თითქოს ის ცუდ საქმეებს აკეთებდა, ჩაგრავდა ღარიბს, პურს უკავებდა მშიერს და ავიწროებდა ქვრივებსა და უმამო ბავშვებს. ელიფაზის აზრით, იობი იმიტომ იყო ასეთ დღეში, რომ არც ისე წმინდად ცხოვრობდა, როგორც თვითონ აცხადებდა. „თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს . . . ის მოგისმენს“, — ურჩია ელიფაზმა (22:23, 27).
25 ელიფაზის უტიფარი ბრალდების საპასუხოდ იობმა თქვა, რომ სურდა, მისი საქმე ღმერთს განეხილა, რომელმაც კარგად იცოდა მისი სიმართლე. ვინც ჩაგრავს უმამო ბავშვს, ქვრივსა და ღარიბს, კლავს, ქურდობს და მრუშობს, შესაძლოა ცოტა ხნით მოემართოს ხელი, მაგრამ საბოლოოდ საზღაურს მიიღებს. ის აღარ იქნება. „ახლა ვინღა გამომიყვანს მატყუარად?“ — ჰკითხა მათ იობმა (24:25).
26. რა თქვა ბილდადმა და როგორ მოიქცა ცოფარი?
26 ბილდადი შეეპასუხა იობს და კვლავ გაიმეორა, რომ ადამიანი სუფთა ვერ იქნება ღვთის თვალში. ცოფარს მეტი აღარაფერი ჰქონდა სათქმელი, ამიტომ არ ჩარეულა საუბარში.
27. როგორ განადიდებს იობი ყოვლისშემძლის სიდიადეს?
27 იობის დასკვნითი სიტყვა (26:1—31:40). იობმა დასკვნითი სიტყვებით საბოლოოდ გააჩუმა თავისი მეგობრები (32:12, 15, 16). მან სარკასტულად თქვა: „როგორ დაეხმარე ძალაგამოლეულს! . . რა რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს და რა სიბრძნე ასწავლე ხალხს!“ (26:2, 3). ღვთისთვის არაფერია დაფარული, სამარეშიც კი არაფერი დაემალება მას. იობმა ისაუბრა ღვთის სიბრძნეზე, რაზეც მეტყველებს კოსმოსური სივრცე, დედამიწა, ღრუბლები, ზღვა და ქარი. ამ ყველაფერს ადამიანები აკვირდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ყოვლისშემძლის გზების კიდეებია. ისინი მხოლოდ ჩურჩულებენ ყოვლისშემძლის სიდიადეზე.
28. რას ამბობს იობი თავის უმწიკვლობაზე?
28 „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ — განაცხადა თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა იობმა (27:5). იობს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რისთვისაც ამდენ უბედურებას დაიმსახურებდა. სინამდვილეში ღმერთი აკურთხებს უმწიკვლო ადამიანებს და ბოროტთა სიმდიდრეს მართლები დაეპატრონებიან, თუმცა იობის მეგობრები სულ სხვას ამტკიცებდნენ.
29. რა თქვა იობმა სიბრძნეზე?
29 ადამიანებმა იციან, სად იპოვონ დედამიწის განძი (სპილენძი და ოქრო-ვერცხლი), მაგრამ არ იციან, ‘საიდან მოდის სიბრძნე’ (28:20). იობი სიბრძნეს ეძებდა ადამიანთა შორის და ზღვის სიღრმეში. მისი შეძენა შეუძლებელია ოქრო-ვერცხლით. სიბრძნე მხოლოდ ღმერთთან არის. ის ხედავს დედამიწის კიდეებსა და ზეცას, მართავს ქარსა და წყალს, წვიმასა და საწვიმარ ღრუბლებს. „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე, გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“, — დაასკვნა იობმა (28:28).
30. რას შენატროდა იობი და რა მდგომარეობაში იყო ის?
30 ტანჯულმა იობმა საუბარი თავისი ცხოვრების აღწერით განაგრძო. ის შენატროდა იმ დროს, როცა ღმერთთან ახლოს იყო და ქალაქის მთავრები პატივს სცემდნენ. იობი დახმარების ხელს უწვდიდა დაჩაგრულს, ბრმისთვის კი თვალი იყო. ხალხი უსმენდა მას და აფასებდა მის რჩევას. ახლა კი პატივისცემის ნაცვლად მას უმცროსებიც დასცინოდნენ, რომელთა მამებსაც თავისი ფარის ძაღლების გვერდითაც კი არ დააყენებდა. ისინი აფურთხებდნენ მას და დაბრკოლებებს უქმნიდნენ. უკიდურეს გასაჭირში მყოფ იობს მოსვენებას არ აძლევდნენ.
31. ვისგან ელოდა იობი სამართალს და რა თქვა თავის წარსულზე?
31 იობი თავს ერთგულ კაცად თვლიდა და იეჰოვასგან სამართალს ითხოვდა. „ზუსტ სასწორზე ამწონის და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ“ (31:6). მან თავისი წარსული გაიხსენა. მას არ უმრუშია, მზაკვრულად არ მოქცევია სხვებს და გაჭირვებულისთვის უარი არ უთქვამს დახმარებაზე. თუმცა მდიდარი იყო, სიმდიდრეზე არ დაუმყარებია იმედი. მას თაყვანი არ უცია მზისთვის, მთვარისა და ვარსკვლავებისთვის, რადგან „ესეც დანაშაული იქნებოდა, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა“, და ამით მაღლა მყოფ ჭეშმარიტ ღმერთს უარყოფდა (31:28). იობმა გამოიწვია თავისი მოწინააღმდეგე, რომ ახლა თავისი არგუმენტები წარმოედგინა მის წინააღმდეგ.
32. ა) ვინ ჩაება საუბარში? ბ) რატომ განრისხდა ელიჰუ იობსა და მის მეგობრებზე და რამ აღძრა ის სალაპარაკოდ?
32 ელიჰუს სიტყვა (იობ. 32:1—37:24). იობისა და მისი მეგობრების კამათს აბრაამის შორეული ნათესავი ელიჰუ უსმენდა, რომელიც ნახორის ვაჟის, ბუზის შთამომავალი იყო. ის აცდიდა მათ ლაპარაკს, რადგან ფიქრობდა, რომ მასზე ასაკოვან კაცებს მეტი ცოდნა ექნებოდათ. მაგრამ გაგების უნარს წლები კი არა, ღვთის სული იძლევა. ელიჰუს რისხვა აენთო იობზე, რადგან ის „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“. მაგრამ ის იობის მეგობრებზე უფრო განრისხდა, რომლებსაც სიბრძნე არ გააჩნდათ და ღმერთი ბოროტი გამოჰყავდათ. ელიჰუ ‘სიტყვებით აივსო’ და ღვთის სულით აღძრული ალაპარაკდა, მაგრამ არა მიკერძოებითა და პირფერობით (იობ. 32:2, 3, 18—22; დაბ. 22:20, 21).
33. რაში შეცდა იობი და როგორ შეიწყალებდა მას ღმერთი?
33 ელიჰუ გულწრფელად ლაპარაკობდა. მან აღიარა, რომ ღმერთი შემოქმედი იყო. მან უთხრა იობს, რომ საკუთარი სიმართლის წარმოჩენას უფრო ცდილობდა, ვიდრე ღვთის. ღმერთი ვალდებული არ იყო, იობის ყველა სიტყვაზე გაეცა პასუხი, თითქოს თავის მართლება სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, იობი მაინც ედავებოდა ღმერთს. როცა იობი სიკვდილის პირას მივიდოდა, ღმერთი შეიწყალებდა მას და მაცნის პირით შეუთვლიდა: „ნუ ჩავარდება საფლავში, ვიპოვე გამოსასყიდი! განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობ. 33:24, 25). ღმერთი არ უკარგავს მართალს თავის სიმართლეს.
34. ა) როგორ შეაგონა ელიჰუმ იობი? ბ) საკუთარი სიმართლის წარმოჩენის ნაცვლად, რა უნდა გაეკეთებინა იობს?
34 შემდეგ ელიჰუმ ბრძენებს სთხოვა, ყური დაეგდოთ მისთვის. იმის გამო, რომ იობი ამბობდა, რას მარგებსო უმწიკვლობა, ელიჰუმ გაკიცხა ის: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა! ვინაიდან მისი საქციელისამებრ მიუზღავს იგი ადამიანს და მისი გზისამებრ მიაგებს მას“ (34:10, 11). სიცოცხლის სუნთქვა ღმერთმა თავისთან რომ წაიღოს, ყველა ხორციელი მოკვდება. ის მიუკერძოებლად განსჯის ყველას. იობს საკუთარი სიმართლე მეტისმეტად აღელვებდა. იობი დაუფიქრებლად ლაპარაკობდა, მაგრამ ღმერთი სულგრძელი იყო მის მიმართ (34:35). უფრო მეტი იყო სათქმელი ღვთის გასამართლებლად. ღმერთი არ მოარიდებს თვალს მართლებს, ის შეაგონებს მათ. „არც ერთ ბოროტს არ დატოვებს ცოცხალს, დაჩაგრულებს კი სამართალს გაუჩენს“ (36:6). ღმერთი დიდებული მოძღვარია, ამიტომ იობს უნდა განედიდებინა მისი საქმეები.
35. ა) რას უნდა დაკვირვებოდა იობი? ბ) ვის სწყალობს იეჰოვა?
35 შიშის მომგვრელი ქარიშხლის მოახლოებისას ელიჰუ ალაპარაკდა ღვთის დიდებულ საქმეებსა და ბუნების ძალების მართვაზე. მან უთხრა იობს: „გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (37:14). ის უნდა დაკვირვებოდა ‘ოქროს სიდიადესა და ღვთის შიშის მომგვრელ დიდებას’, რასაც ადამიანი ბოლომდე ვერ სწვდება. „აღმატებულია იგი ძლიერებით და არ დააკნინებს სამართლიანობასა და უხვ სიმართლეს“. იეჰოვა სწყალობს თავის მოშიშებს და არაფრად აგდებს „მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია“ (37:23, 24).
36. როგორ დააფიქრა იეჰოვამ იობი?
36 იეჰოვას პასუხი (38:1—42:6). იეჰოვამ შეისმინა იობის თხოვნა და ქარიშხლიდან უპასუხა. მან კითხვებით მიახვედრა იობი, რომ ღვთის დიდებასთან შედარებით ადამიანი არარაობა იყო. „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? . . ვინ დაუდო ქვაკუთხედი, როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ?“ (38:4, 6, 7). ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. იეჰოვამ ერთმანეთის მიყოლებით ჰკითხა იობს ზღვაზე, მის თავზე მოქცეულ ღრუბლებზე, განთიადზე, სიკვდილის კარიბჭეებზე, სინათლესა და სიბნელეზე, მაგრამ იობს პასუხი არ ჰქონდა მათზე. „იქნებ იმიტომ იცი, რომ მაშინ გაჩნდი, და დიდია შენი დღეების რიცხვი?!“ (38:21). საიდან ეცოდინებოდა იობს თოვლისა და სეტყვის საცავებზე, ქარიშხალზე, წვიმასა თუ ნამზე, ყინულსა თუ ჭირხლზე, დიდ თანავარსკვლავედებზე, ელვასა თუ ღრუბლებზე, ცხოველებსა თუ ფრინველებზე?
37. რამ დაანახვა იობს თავისი მდგომარეობა, რა აღიარა მან და რა გააკეთა?
37 იობმა თავმდაბლობით აღიარა: „არარაობა გავხდი. რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი აფარებული“ (40:4). იეჰოვამ მოსთხოვა იობს, საკუთარ სიტყვებზე პასუხი ეგო. მან კვლავ დაუსვა იობს დამაფიქრებელი კითხვები, რითაც ხაზი გაუსვა თავის ღირსებას, აღმატებულობასა და ძლიერებას, რაზეც მისი ქმნილებები მოწმობენ. ბეჰემოთიცა და ლევიათანიც ბევრად აღემატებოდნენ იობს ძალით. იობმა საბოლოოდ აღიარა, რომ ცდებოდა და უგუნურად ლაპარაკობდა. მან სხვა თვალით დაინახა ღმერთი, ამიტომ უკან წაიღო თავისი სიტყვები და „მტვერსა და ნაცარში“ მოინანია (42:6).
38. ა) რა უთხრა იეჰოვამ ელიფაზსა და მის ორ მეგობარს? ბ) როგორ შეიწყალა იეჰოვამ იობი და რით აკურთხა?
38 განაჩენი და კურთხევა (42:7—17). იეჰოვამ გაკიცხა ელიფაზი და მისი ორი მეგობარი, რადგან ჭეშმარიტება არ ილაპარაკეს მასზე. მათ მსხვერპლი უნდა შეეწირათ და იობს უნდა ელოცა მათთვის. იეჰოვამ განკურნა იობი და ორჯერ მეტად აკურთხა. მისმა და-ძმებმა და ძველმა ნაცნობებმა საჩუქრები მიუტანეს. ადრინდელთან შედარებით იობს ორჯერ მეტი ცხვარ-ძროხა, აქლემი და ვირი ჰყავდა. მას კვლავ შეეძინა ათი შვილი. მთელ ქვეყანაზე არავინ იყო იობის სამ ქალიშვილზე ლამაზი. იეჰოვამ იობს 140 წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე და ის ოთხ თაობას მოესწრო, ბოლოს მოკვდა „მოხუცი და დღეებით მაძღარი“ (42:17).
რატომ არის სასარგებლო
39. როგორ განადიდებს იეჰოვას წიგნი „იობი“?
39 წიგნი განადიდებს იეჰოვას და მოწმობს მის უსაზღვრო სიბრძნესა და ძალაზე (12:12, 13; 37:23). მასში ღმერთს ყოვლისშემძლე 31-ჯერ ეწოდება, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ბიბლიის სხვა წიგნებში ერთად აღებული. „იობი“ განადიდებს ღვთის მარადიულობასა და აღმატებულობას (10:5; 36:4, 22, 26; 40:2; 42:2), მის სამართლიანობას, სიკეთესა და წყალობას (36:5—7; 10:12; 42:12). წიგნში იეჰოვას გამართლებას ადამიანის ხსნაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება (33:12; 34:10, 12; 35:2; 36:24; 40:8). წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იობის ღმერთიც იყო.
40. ა) როგორ ასხამს ხოტბას წიგნი „იობი“ ღვთის შემოქმედებას და როგორ წარმოდგენას გვიქმნის მასზე? ბ) როგორ მიანიშნებდა ის წინასწარ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ჩაწერილ მნიშვნელოვან სწავლებებზე და როგორ ეთანხმება მათ?
40 წიგნი „იობი“ ხოტბას ასხამს ღვთის შემოქმედებას და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მასზე (38:4—39:30; 40:15, 19; 41:1; 35:10). ის ეთანხმება „დაბადებაში“ ნათქვამს, რომ ადამიანი მიწის მტვრისგან შეიქმნა და მტვერსვე უბრუნდება (იობ. 10:8, 9; დაბ. 2:7; 3:19). მასში გამოყენებული სიტყვები: „გამომსყიდველი“, „გამოსასყიდი“ და „კვლავ იცოცხლებს“, წინასწარ მიანიშნებდა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ჩაწერილ მნიშვნელოვან სწავლებებზე (იობ. 19:25; 33:24; 14:13, 14). წიგნში გამოყენებულ მრავალ გამონათქვამს ციტირებდნენ ან თავიანთი სიტყვებით გადმოსცემდნენ წინასწარმეტყველები და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები. მაგალითად, შეადარეთ იობის 7:17 — ფსალმუნის 8:4; იობის 9:24 — 1 იოანეს 5:19; იობის 10:8 — ფსალმუნის 119:73; იობის 12:25 — კანონის 28:29; იობის 24:23 — იგავების 15:3; იობის 26:8 — იგავების 30:4; იობის 28:12, 13, 15—19 — იგავების 3:13—15; იობის 39:30 — მათეს 24:28c.
41. ა) ღვთის რომელ ნორმებზე ამახვილებს ყურადღებას „იობი“? ბ) განსაკუთრებით რა მხრივ არის იობი სამაგალითო?
41 წიგნში ბევრგან გვხვდება იეჰოვას სამართლიანი ნორმები. მასში დაგმობილია მატერიალიზმი (იობ. 31:24, 25), კერპთაყვანისმცემლობა (31:26—28), მრუშობა (31:9—12), ბოროტება (31:29), უსამართლობა და მიკერძოება (31:13; 32:21), ეგოიზმი (31:16—21), უპატიოსნობა და ტყუილი (31:5), და გვანახვებს, რომ ასე მოქმედნი ვერ დაიმსახურებენ ღვთის მოწონებასა და მარადიულ სიცოცხლეს. ელიჰუ გვაძლევს ღრმა პატივისცემისა და მოკრძალებულობის, ასევე გაბედულებისა და ღვთის განდიდების შესანიშნავ მაგალითს (32:2, 6, 7, 9, 10, 18—20; 33:6, 33). შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იობიც, რომელიც კარგი ოჯახისთავი, მზრუნველი მამა და სტუმართმოყვარე კაცი იყო (1:5; 2:9, 10; 31:32). მის მიერ დატოვებული უმწიკვლობისა და მოთმინების მაგალითი რწმენას უმტკიცებდა ყველა დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს. ის განსაკუთრებით ამ განსაცდელებით სავსე დროში გვიმტკიცებს რწმენას. „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკ. 5:11).
42. სამეფოსთან დაკავშირებულ რომელ საკითხსა და რა საინტერესო წვრილმანებს ჰფენს ნათელს წიგნი „იობი“?
42 თუმცა იობი არ იყო აბრაამის შთამომავალი, რომელსაც სამეფოს შესახებ დაპირებები მიეცა, მისი უმწიკვლობის შესახებ ჩანაწერი გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ განზრახვას. წიგნი ღვთივშთაგონებული წერილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან გვიმხელს ღმერთსა და სატანას შორის წამოჭრილ საკამათო საკითხს — დარჩებოდა თუ არა ადამიანი იეჰოვას ერთგული. წიგნიდან იმასაც ვიგებთ, რომ ანგელოზებს, რომლებიც დედამიწასა და ადამიანზე უწინ შეიქმნენ, აინტერესებთ დედამიწაზე განვითარებული მოვლენები და საკამათო საკითხის შედეგი (იობ. 1:6—12; 2:1—5; 38:6, 7). ასევე ვიგებთ, რომ საკამათო საკითხი იობამდეც აქტუალური იყო და სატანა რეალური სულიერი პიროვნებაა. თუ წიგნის დამწერი მოსეა, მაშინ ებრაული წერილებიდან პირველად ამ წიგნში გვხვდება სიტყვა სატანა (ებრაულად „ჰას სატან“), რაც გვეხმარება, გავიგოთ, ვინ არის „ძველი გველი“ (იობ. 1:6, სქოლიო; გამოცხ. 12:9). წიგნი ცხადყოფს, რომ ღმერთი არ არის ადამიანთა ტანჯვის, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი და გვიხსნის, რატომ იდევნებიან მართლები, ბოროტები კი არ ისპობიან. მასში ნაჩვენებია, რომ იეჰოვა დაინტერესებულია, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას საკამათო საკითხი.
43. წიგნ „იობის“ თანახმად, როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის სამეფოსგან კურთხევების მიღების მსურველნი?
43 ახლა დროა, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობის მსურველებმა თავიანთი უმწიკვლობით პასუხი გასცენ ბრალმდებელ სატანას (გამოცხ. 12:10, 11). ღვთის ერთგულმა მსახურებმა განსაცდელების დროსაც კი არ უნდა შეწყვიტონ ლოცვა, რომ განიწმინდოს ღვთის სახელი და მოვიდეს მისი სამეფო, რათა გაანადგუროს სატანა და მისი ბოროტი შთამომავლობა. ეს მოხდება „ბრძოლისა და ომის დღეს“, რომელსაც შედეგად შვება და კურთხევები მოჰყვება; ამ დღის ხილვას იობიც ნატრობდა (1 პეტ. 4:12; მათ. 6:9, 10; იობ. 38:23; 14:13—15).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 280, 281, 663, 668, 1166; ტ. II, გვ. 562, 563 (ინგლ.).
b The New Encyclopædia Britannica, 1987, ტ. VI, გვ. 562 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 83 (ინგლ.).