დაემორჩილეთ ღმერთს და მიიღეთ ფიცით დადებული დანაპირები
„ღმერთმა . . . საკუთარი თავი დაიფიცა, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა“ (ებრ. 6:13).
1. რა სხვაობაა ცოდვილი ადამიანებისა და იეჰოვას სიტყვას შორის?
იეჰოვა არის „ჭეშმარიტების ღმერთი“ (ფსალმ. 31:5). ცოდვილი ადამიანების ნდობა ყოველთვის არ შეიძლება, რასაც ღმერთზე ვერ ვიტყოდით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრ. 6:18; წაიკითხეთ რიცხვების 23:19). იეჰოვა ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ადამიანებს ჰპირდება. მაგალითად, თითოეული შემოქმედებითი დღის დასაწყისში ღმერთმა წინასწარ თქვა, რას გააკეთებდა. და ეს ყველაფერი შესრულდა. ამგვარად, მეექვსე შემოქმედებითი დღის ბოლოს „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:6, 7, 30, 31).
2. რა არის ღვთის დასვენების დღე და რატომ გამოაცხადა მან ეს დღე წმინდად?
2 შემოქმედებითი საქმიანობის დამთავრების შემდეგ იეჰოვამ გამოაცხადა მეშვიდე დღის დასაწყისი. ეს არ არის 24-საათიანი დღე, არამედ დროის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაში ღმერთი ისვენებს დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობისგან (დაბ. 2:2). ღვთის დასვენების დღე ჯერ არ დამთავრებულა (ებრ. 4:9, 10). ბიბლიაში არ წერია, ზუსტად როდის დაიწყო ეს დღე. ის დაიწყო ადამის ცოლის ევას შექმნიდან გარკვეული დროის შემდეგ, დაახლოებით 6 000 წლის წინ. ჩვენ ველით ქრისტეს ათასწლიან მეფობას, რომლის დროსაც შესრულდება ღვთის განზრახვა და სრულყოფილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში (დაბ. 1:27, 28; გამოცხ. 20:6). გჯერათ, რომ ასეთი ბედნიერი დრო დადგება? რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გეპარებათ! „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა“, რაც იმის გარანტია იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ღვთის განზრახვა მისი დასვენების დღის დასასრულს უეჭველად შესრულდებოდა (დაბ. 2:3).
3. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც ღვთის დასვენების დღე დაიწყო? ბ) რა გააკეთა ღმერთმა ურჩობით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად?
3 მას შემდეგ, რაც ღვთის დასვენების დღე დაიწყო, დიდი უბედურება დატრიალდა. სატანა, რომელიც ღვთის ანგელოზი იყო, დაუპირისპირდა იეჰოვას და თავი ღმერთად წარმოაჩინა. მან პირველი ტყუილი თქვა და აცდუნა ევა. შედეგად, ის ეურჩა ღმერთს (1 ტიმ. 2:14). ევამ ქმარიც აიყოლია (დაბ. 3:1—6). ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა — ეჭვი შეიტანეს ღვთის სიმართლეში. მიუხედავად ამისა, ღმერთს არ დასჭირვებია ფიცის დადება იმის დასამტკიცებლად, რომ მისი განზრახვები შესრულდებოდა. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ წარმოთქვა წინასწარმეტყველება, რომლის მნიშვნელობა ღვთის მიერ დანიშნულ დროს გახდებოდა ცხადი და რომელიც მიუთითებდა, თუ როგორ მოეღებოდა ბოლო ურჩებს: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა [სატანას] და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის [აღთქმული შთამომავალი] თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:15; გამოცხ. 12:9).
ფიცი — „იურიდიული საბუთი“
4, 5. რა „იურიდიულ საბუთს“ იყენებდა აბრაამი დროდადრო?
4 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში საეჭვოა, რომ ღვთის მიერ ადამისა და ევასთვის მიცემულ სიტყვათა მარაგში სიტყვა „ფიცი“ ყოფილიყო. სრულყოფილ ქმნილებებს, რომლებსაც უყვართ ღმერთი და მას ჰბაძავენ, არ სჭირდებათ დაფიცება; ისინი ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და აბსოლუტურად ენდობიან ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცოდვამ და არასრულყოფილებამ იჩინა თავი. საბოლოოდ, როცა ტყუილი ჩვეულებრივი რამ გახდა ადამიანებს შორის, შეიქმნა ფიცის დადების საჭიროება გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხების სისწორის დასასაბუთებლად.
5 ფიცის დადება იყო „იურიდიული საბუთი“, რომელიც აბრაამმა, სულ მცირე, სამ შემთხვევაში გამოიყენა (დაბ. 21:22—24; 24:2—4, 9). მაგალითად, ეს მოხდა, როდესაც აბრაამმა დაამარცხა ელამის მეფე და მისი მხარდამჭერები. სალემისა და სოდომის მეფეები შეეგებნენ უკან დაბრუნებულ აბრაამს. სალემის მეფე მელქისედეკი აგრეთვე იყო „უზენაესი ღვთის მღვდელი“. მან აკურთხა აბრაამი და განადიდა იეჰოვა იმის გამო, რომ ღმერთმა აბრაამს თავის მტრებზე გამარჯვება მოაპოვებინა (დაბ. 14:17—20). რადგან აბრაამმა ტყვეობიდან სოდომის მეფის ხალხი დაიხსნა, მეფემ მთელი ნადავლის მისთვის მიცემა გადაწყვიტა. მაგრამ აბრაამმა დაიფიცა: „ფიცით აღვაპყრობ ხელს უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და მიწის შემქმნელის წინაშე, რომ ძაფიდან სანდლის თასმამდე შენსას არაფერს წავიღებ, რათა არა თქვა, აბრამი მე გავამდიდრეო“ (დაბ. 14:21—23).
იეჰოვამ ფიცი დაუდო აბრაამს
6. ა) რა მაგალითი დაგვიტოვა აბრაამმა? ბ) რა კურთხევებს მოგვიტანს აბრაამის მორჩილება?
6 ცოდვილი ადამიანების საკეთილდღეოდ იეჰოვა ღმერთმა არაერთხელ დაიფიცა: „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ეზეკ. 17:16). ბიბლიაში ჩაწერილია 40-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც იეჰოვა ღმერთმა დაიფიცა. ყველაზე კარგად ცნობილი შემთხვევა იეჰოვას მიერ აბრაამისადმი დადებული ფიცია. მრავალი წლის მანძილზე იეჰოვამ აბრაამს დაუდო რამდენიმე შეთანხმება, რომლებიდანაც ჩანს, რომ აღთქმული შთამომავალი მოვიდოდა აბრაამის შვილის ისაკის მეშვეობით (დაბ. 12:1—3, 7; 13:14—17; 15:5, 18; 21:12). შემდეგ ღმერთმა აბრაამს ურთულესი გამოცდა მოუწყო და მისი საყვარელი შვილის შეწირვა უბრძანა. აბრაამი დაუყოვნებლივ დაემორჩილა იეჰოვას და ის ის იყო დააპირა ისაკის შეწირვა, ღვთის ანგელოზმა რომ შეაჩერა ის. ამის შემდეგ ღმერთმა დაიფიცა: „ჩემს თავს ვფიცავ . . . რადგან ეს გააკეთე და არ დაგენანა ერთადერთი ვაჟი, ჭეშმარიტად გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს და შენი მტრების კარიბჭეს დაეუფლება შენი შთამომავალი. შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბ. 22:1—3, 9—12, 15—18).
7, 8. ა) რატომ შეჰფიცა ღმერთმა აბრაამს? ბ) რა კურთხევებს მიიღებს იესოს „სხვა ცხვარი“ ღვთის მიერ ფიცით დადებული დანაპირებიდან?
7 რატომ შეჰფიცა ღმერთმა აბრაამს, რომ მისი დანაპირები შესრულდებოდა? ეს რწმენას განუმტკიცებდა მათ, ვინც ქრისტეს თანამემკვიდრეები და აღთქმული „შთამომავლის“ სხვა ნაწილი გახდებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 6:13—18; გალ. 3:29). როგორც პავლემ ახსნა, იეჰოვამ „დაიფიცა კიდეც, რათა ორი უცვლელი რამით [მისი დაპირებით და მისი ფიცით], რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს . . . დიდად გავმხნევდეთ, რომ ჩავეჭიდოთ ჩვენ წინ მდებარე იმედს“.
8 აბრაამისთვის ფიცით მიცემული ღვთის ამ დაპირებიდან მხოლოდ ცხებული ქრისტიანები არ მიიღებენ კურთხევებს. იეჰოვამ დაიფიცა, რომ აბრაამის „შთამომავლის“ მეშვეობით იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:18). მათ შორის, ვინც კურთხევებს მიიღებს, იქნება ქრისტეს მორჩილი „სხვა ცხვარი“. მათ იმედი აქვთ, რომ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე (იოან. 10:16). ზეცაში ცხოვრების იმედი გაქვთ თუ დედამიწაზე, მოდი, „ჩავეჭიდოთ“ ამ იმედს და გავაგრძელოთ ცხოვრება ღვთისადმი მორჩილებით (წაიკითხეთ ებრაელების 6:11, 12).
ღვთის მიერ დადებული სხვადასხვა ფიცი
9. რა ფიცი დადო ღმერთმა, როდესაც აბრაამის შთამომავლები ეგვიპტის მონობაში იმყოფებოდნენ?
9 საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ კვლავ დაიფიცა, რომ შეასრულებდა ზემოთ მოხსენიებულ დაპირებებს, როდესაც მოსე ეგვიპტის მონობაში მყოფ აბრაამის შთამომავლებთან გაგზავნა (გამ. 6:6—8). ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ღმერთმა თქვა: „იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი . . . ხელი აღვმართე და შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან იმ მიწაზე, რომელიც მათთვის დავზვერე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (ეზეკ. 20:5, 6).
10. რა დაპირება მისცა ღმერთმა ისრაელს ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ?
10 ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ კიდევ ერთი ფიცით დადებული დანაპირები მისცა მათ: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“ (გამ. 19:5, 6). მართლაც, რა განსაკუთრებულ მდგომარეობას სთავაზობდა ღმერთი მათ! ეს იმას ნიშნავდა, რომ მორჩილების შემთხვევაში, ღმერთი ამ ერიდან ზოგიერთს მღვდლების სამეფოდ აქცევდა, რომელთა მეშვეობით აკურთხებდა კაცობრიობას. მოგვიანებით იეჰოვამ თქვა, თუ რა გააკეთა ისრაელისთვის: „შემოგფიცე და შეთანხმება დაგიდე“ (ეზეკ. 16:8).
11. როგორ გამოეხმაურა ღვთის რჩეული ერი იეჰოვას მოწვევას, დაედო მათთან შეთანხმება?
11 იმ დროს ღმერთს არ მოუთხოვია ისრაელისგან ფიცის დადება, რომ ისინი ერთგულები იქნებოდნენ; არც ძალა დაუტანებია, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონოდათ. მაგრამ ისრაელებმა თავადვე გადაწყვიტეს ფიცის დადება: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:8). სამი დღის შემდეგ, იეჰოვა ღმერთმა შეატყობინა ისრაელს, თუ რას მოითხოვდა თავისი რჩეული ერისგან. პირველად, მათ ათი მცნება მოისმინეს, შემდეგ მოსე ესაუბრა მათ იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ჩაწერილია გამოსვლის 20:22-დან გამოსვლის 23:33-ის ჩათვლით. როგორ გამოეხმაურა ამას ისრაელი? «მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“» (გამ. 24:3). შემდეგ მოსემ კანონები „შეთანხმების წიგნში“ ჩაწერა და ხმამაღლა წაუკითხა მთელ ერს, რათა კვლავ მოესმინათ. ამის შემდეგ ხალხმა მესამეჯერ დადო ფიცი: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“ (გამ. 24:4, 7, 8).
12. როგორ მოიქცნენ იეჰოვა და მისი რჩეული ხალხი მათ შორის დადებული შეთანხმების შემდეგ?
12 იეჰოვამ დაუყოვნებლივ დაიწყო კანონის შეთანხმების შესრულება და აირჩია სამღვდელოება, რათა მისთვის თაყვანი ეცათ კარავში. ეს ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევდა. იეჰოვასგან განსხვავებით, ისრაელებს მალევე დაავიწყდათ, რომ ღვთისადმი მიძღვნილი იყვნენ და „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმ. 78:41). მაგალითად, როდესაც მოსე სინას მთაზე იეჰოვასგან მითითებებს იღებდა, ისრაელებმა ვერ გამოავლინეს მოთმინება, დაკარგეს ღვთისადმი რწმენა და იფიქრეს, რომ მოსემ მიატოვა ისინი. მათ გააკეთეს ოქროს ხბოს ქანდაკება და ხალხს მიმართეს: „ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო“ (გამ. 32:1, 4). შემდეგ მათ გამართეს დღესასწაული, რომელსაც „იეჰოვას დღესასწაული“ უწოდეს. მათ ადამიანის მიერ გაკეთებულ ქანდაკებას თაყვანი სცეს და შესაწირავები შესწირეს. ამის დანახვაზე იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე“ (გამ. 32:5, 6, 8). ამის შემდეგ ისრაელებმა ღმერთს არაერთი ფიცი დაუდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ასრულებდნენ იმას, რასაც ჰპირდებოდნენ (რიცხ. 30:2).
სხვა ორი ფიცი
13. რა შეჰფიცა ღმერთმა დავითს და როგორ უკავშირდება ეს აღთქმულ შთამომავალს?
13 დავითის მეფობის დროს იეჰოვამ სხვა ორი ფიცი დადო, რომლებიც სარგებლობას მოუტანდა ყველა მის ერთგულს. პირველი, ღმერთმა დაიფიცა, რომ დავითის ტახტი მარადიულად იარსებებდა (ფსალმ. 89:35, 36; 132:11, 12). ეს ნიშნავდა იმას, რომ აღთქმულ შთამომავალს „დავითის ძე“ ეწოდებოდა (მათ. 1:1; 21:9). დავითმა თავმდაბლურად უწოდა მომავალ შთამომავალს თავისი „უფალი“, რადგან ქრისტე დაიკავებდა მასზე აღმატებულ მდგომარეობას (მათ. 22:42—44).
14. რა ფიცი დადო ღმერთმა აღთქმულ შთამომავალთან დაკავშირებით და ჩვენ რა კურთხევებს მივიღებთ?
14 მეორე, იეჰოვას შთაგონებით დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს განსაკუთრებული მეფე ადამიანების მღვდელმთავარიც იქნებოდა. ისრაელში შეუძლებელი იყო ადამიანი ერთდროულად მეფეც ყოფილიყო და მღვდელიც, ვინაიდან მღვდლები ლევის ტომიდან იყვნენ, ხოლო მეფეები — იუდას ტომიდან. მაგრამ მომავალ მემკვიდრესთან დაკავშირებით დავითმა იწინასწარმეტყველა: «იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“. იეჰოვამ დაიფიცა (და არ ინანებს): „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით!“» (ფსალმ. 110:1, 4). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ქრისტე, აღთქმული შთამომავალი, დღეს ზეცაში მეფობს. ის აგრეთვე მღვდელმთავარია და ეხმარება მომნანიებლებს, ჰქონდეთ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა (წაიკითხეთ ებრაელების 7:21, 25, 26).
ახალი ერი — ღვთის ისრაელი
15, 16. ა) რომელ ორ ისრაელზეა საუბარი ბიბლიაში და რომელი მათგანი იღებს ღვთის კურთხევებს დღეს? ბ) რა მითითება მისცა იესომ თავის მიმდევრებს ფიცთან დაკავშირებით?
15 იესოს უარყოფის გამო, ისრაელმა ერმა საბოლოოდ დაკარგა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა და „მღვდლების სამეფოდ“ გახდომის პატივი. იესომ იუდეველ წინამძღოლებს უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). ახალი ერი დაიბადა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც წმინდა სული გადმოვიდა იერუსალიმში შეკრებილ იესოს 120 მოწაფეზე. ამ ერს „ღვთის ისრაელი“ ეწოდა და მალე მათ სხვა ერებიდან ათასობით ადამიანი შეუერთდა (გალ. 6:16).
16 ძველი ისრაელისგან განსხვავებით, ღვთის ახალ სულიერ ისრაელს კარგი ნაყოფი გამოაქვს და ყოველთვის ღვთის მორჩილია. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც მისი წევრები ემორჩილებიან, ფიცის დადებას ეხება. იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს ხალხი სერიოზულად არ ეკიდებოდა ფიცს. ისინი ტყუილზე ან ყველა წვრილმანზე იფიცებოდნენ (მათ. 23:16—22). იესომ თავის მოსწავლეებს შემდეგი მითითება მისცა: „საერთოდ არ დაიფიცოთ . . . თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა. რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის“ (მათ. 5:34, 37).
იეჰოვას დაპირებები ყოველთვის სრულდება
17. რა კითხვებს განვიხილავთ მომდევნო სასწავლო სტატიაში?
17 ნიშნავს ეს იმას, რომ ყოველთვის არასწორია დაფიცება? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს, თქვენი დიახ იყოს დიახ? ამ კითხვებს პასუხი შემდეგ სასწავლო სტატიაში გაეცემა. დაე, ღვთის სიტყვაზე ფიქრმა, ყოველთვის იეჰოვას მორჩილებისკენ აღგვძრას. იეჰოვა კი, თავის მხრივ, მარადიულად გვაკურთხებს თავისი ფიცით დადებული დანაპირების თანახმად.