ებრაელების მიმართ
6 მაშ, რაკი უკან მოვიტოვეთ ქრისტეს შესახებ მოძღვრების საწყისები,+ ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ+ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საძირკვლის ჩაყრას ანუ ფუჭი საქმეების მონანიების, ღვთისადმი რწმენის, 2 სხვადასხვაგვარი ნათლობის, ხელების დადების,+ მკვდრეთით აღდგომისა+ და მარადიული გასამართლების შესახებ სწავლას. 3 თუკი ღმერთი ინებებს, მივაღწევთ კიდეც მოწიფულობას.
4 ვინც ერთხელ ეზიარა სინათლეს,+ ვინც მიიღო ზეციური ძღვენი და წმინდა სული, 5 ვინც იგემა ღვთის დიდებული სიტყვა და მომავალი ქვეყნიერების* ძლიერება, 6 მაგრამ რწმენას განუდგა,+ შეუძლებელია, აღიძრას მონანიებისკენ, რადგან ასეთი კაცი ღვთის ძეს ხელახლა აკრავს ძელზე და სახალხოდ არცხვენს.+ 7 მაგალითად, მიწა კურთხეულია ღვთისგან, თუ არაერთხელ იჟღინთება წვიმით და აღმოაცენებს საკვებად ვარგის მცენარეულობას მიწათმოქმედისთვის, 8 მაგრამ, თუ ეკალბარდებს აღმოაცენებს, უვარგისია, მალე წყევლა ეწევა, ბოლოს კი დაიწვება.
9 ამას კი ვამბობთ, საყვარელნო, მაგრამ გვჯერა, რომ თქვენი საქმე ასე არაა და ხსნის გზას ადგახართ, 10 ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ,+ რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს. 11 მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ასეთივე გულმოდგინებას იჩენდეს, რათა ბოლომდე+ ურყევი იყოს თქვენი იმედი,+ 12 და არ გაზარმაცდეთ,+ არამედ მიჰბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და მოთმინებით იღებს დანაპირებს.
13 როცა ღმერთმა პირობა მისცა აბრაამს, საკუთარი თავი დაიფიცა, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა,+ 14 და თქვა: „გაკურთხებ და გაგამრავლებ“.+ 15 აბრაამმაც მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები. 16 კაცი თავისზე აღმატებულს იფიცებს და მისი ფიცი, როგორც თავდები, ყოველგვარი დავის დასასრულია.+ 17 მსგავსად ამისა, როცა ღმერთმა გადაწყვიტა, დანაპირების+ მემკვიდრეთათვის უფრო ნათლად ეჩვენებინა, რომ მისი განზრახვა უცვლელია, ფიცით განამტკიცა თავისი დანაპირები, 18 რათა ამ ორი უცვლელი რამის წყალობით, რასაც ღმერთი ტყუილად არასდროს წარმოთქვამს,+ ჩვენ, ვინც მას ვაფარებთ თავს, მოვიკრიბოთ მხნეობა, რომ ჩავეჭიდოთ მის მიერ ჩვენთვის ბოძებულ იმედს. 19 ეს სანდო და მტკიცე იმედი+ ღუზასავით არის ჩვენთვის და მას ფარდის მიღმა შევყავართ,+ 20 სადაც შეგვიძღვა იესო,+ ჩვენთვის გზის გამკვალავი, რომელიც მელქისედეკის მსგავსი მღვდელმთავარი გახდა, თანაც მარადიულად.+