დაე ღვთის სიტყვამ გაგინათოთ გზა
‘სიტყვა შენი სინათლეა ჩემი ბილიკისთვის’ (ფსალმუნები 118:105).
1, 2. რა შემთხვევაში გაგვინათებს გზას იეჰოვას სიტყვა?
იეჰოვას სიტყვა გზას გაგვინათებს, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ. სულიერი სინათლით რომ ვისარგებლოთ, საჭიროა გულმოდგინედ ვისწავლოთ ღვთის სიტყვა და გამოვიყენოთ მასში მოცემული რჩევები. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობების გაზიარებას, რომელიც წერდა: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის (ფსალმუნები 118:105, სსგ).
2 მოდი ახლა განვიხილოთ ფსალმუნების 118:89—176. ამ მუხლებში, რომლებიც 11 სტროფად არის დაყოფილი, საკმაოდ მდიდარი ინფორმაციაა მოცემული. ეს ინფორმაცია მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დარჩენაში დაგვეხმარება (მათე 7:13, 14).
რატომ უნდა გვიყვარდეს ღვთის სიტყვა?
3. როგორ ცხადყოფს ფსალმუნების 118:89, 90, რომ ღვთის სიტყვაზე ვართ დამოკიდებული?
3 ღვთის სიტყვისადმი სიყვარული სულიერი სტაბილურობის საწინდარია (ფსალმუნები 118:89—96). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: «უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში . . . დაამყარე ქვეყანა და დგას [„მყარად დააფუძნე დედამიწა, რომ იდგეს“, აქ]» (ფსალმუნები 118:89, 90). ღვთის სიტყვით, რომელიც „დაფუძნებულია ზეცაში“, ციური სხეულები აბსოლუტური სიზუსტით მოძრაობენ თავიანთ ორბიტებზე და დედამიწა მყარად არის დაფუძნებული, რათა მარადიულად იდგეს (იობი 38:31—33; ფსალმუნები 103:5). ჩვენ დამოკიდებულნი ვართ იეჰოვას პირიდან გამომავალ ყოველ სიტყვაზე; რასაც ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად იტყვის, ‘წარმატებით’ დაგვირგვინდება (ესაია 55:8—11).
4. რის გაკეთება შეუძლია ღვთის სიტყვის სიყვარულს მათთვის, ვინც გაჭირვებას იტანს?
4 ფსალმუნმომღერალს ‘ღვთის რჯული რომ არ ჰყვარებოდა, თავის გაჭირვებაში დაიღუპებოდა’ (ფსალმუნები 119:92, აქ [118:92]). ის გაჭირვებაში უცხოელების მიერ კი არ იყო ჩაგდებული, არამედ რჯულის დამრღვევი ისრაელების მიერ, რომლებსაც სძულდათ ფსალმუნმომღერალი (ლევიანები 19:17). მაგრამ მან გაუძლო გაჭირვებას, რადგან უყვარდა ღვთის რჯული. კორინთში მოციქული პავლე იყო „საფრთხეში ცრუ ძმებს შორის“; შესაძლოა ამ „ძმებში“ იყვნენ «„უაღმატებულესი“ მოციქულები», რომლებიც მის დადანაშაულებას ცდილობდნენ (2 კორინთელები 11:5, 12—14, 26). მაგრამ პავლე სულიერად გადარჩა, რადგან ღვთის სიტყვა უყვარდა. ჩვენ გვიყვარს იეჰოვას სიტყვა და მის შესაბამისად ვცხოვრობთ; ამიტომ გვიყვარს ჩვენი ძმებიც (1 იოანე 3:15). წუთისოფლის მხრიდან გამოვლენილ სიძულვილს არ შეუძლია დაგვავიწყოს ღვთის არც ერთი დარიგება. მარადიულად იეჰოვას მსახურების მოლოდინში ჩვენს ძმებთან სიყვარულით გაერთიანებულნი განვაგრძობთ იეჰოვას ნების შესრულებას (ფსალმუნები 118:93).
5. როგორ ეძიებდა ასა იეჰოვას?
5 იეჰოვასადმი ერთგულების გამომხატველ ლოცვაში შეიძლება ვამბობთ: „შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი!“ (ფსალმუნები 118:94). მეფე ასა ეძიებდა ღმერთს და იუდაში განდგომილება აღმოფხვრა. ასას მეფობის მე-15 წელს (ძვ. წ. 963) თავი მოიყარეს იუდას მცხოვრებლებმა და „აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი“. ღმერთმა მათ „აპოვნინა თავი და უბოძა მათ სიმშვიდე ყოველი მხრიდან“ (2 ნეშტთა 15:10—15). ამ მაგალითმა განახლებული ძალებით ღვთის ძიებისკენ უნდა აღძრას ყველა, ვინც ქრისტიანულ კრებას ჩამოშორდა. ღმერთი აკურთხებს და დაიცავს მათ, ვინც მის მსახურებთან ურთიერთობას განაახლებს.
6. რა დაგვიცავს სულიერი ზიანისგან?
6 იეჰოვას სიტყვა გვაძლევს სიბრძნეს, რომელსაც შეუძლია სულიერი ზიანისგან დაგვიცვას (ფსალმუნები 118:97—104). ღვთის მცნებები მტერზე გონიერებს გვხდის. თუ ყურად ვიღებთ შეხსენებებს, წვდომის უნარი გვექნება და ‘მისი ბრძანებების დაცვა მოხუცებზე მეტად საზრიანს გაგვხდის’ (ფსალმუნები 118:98—100). თუ იეჰოვას სიტყვები ‘თაფლზე მეტად ატკბობს ჩვენს სასას’, შევიძულებთ და მოვერიდებით „სიცრუის ყოველ გზას“ (ფსალმუნები 118:103, 104). ეს დაგვიცავს სულიერი ზიანისგან, როდესაც ამ ბოლო დღეებში ამპარტავან, სასტიკ და უღვთო ადამიანებს შევხვდებით (2 ტიმოთე 3:1—5).
ლამპარი ჩვენი ფეხისთვის
7, 8. რის გაკეთება გვმართებს იმისათვის, რომ ფსალმუნების 118:105-ში ჩაწერილი სიტყვები ჩვენც შეგვეხოს?
7 ღვთის სიტყვა სულიერი სინათლის უშრეტი წყაროა (ფსალმუნები 118:105—112). ცხებული ქრისტიანები ვართ თუ მათი თანამსახური „სხვა ცხვრების“ წარმომადგენლები, ვამბობთ: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (იოანე 10:16; ფსალმუნები 118:105, სსგ). ღვთის სიტყვა ლამპარივით გზას გვინათებს, რათა სულიერად არ წავბორძიკდეთ და არ დავეცეთ (იგავები 6:23). მაგრამ ჩვენ თავად უნდა მივცეთ იეჰოვას სიტყვას იმის საშუალება, რომ ლამპარი იყოს ჩვენი ფეხისთვის.
8 ჩვენც ისეთივე მტკიცენი უნდა ვიყოთ, როგორც 118-ე ფსალმუნის დამწერი. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ღვთის მცნებებიდან არ გადაეხვია. „დავიფიცავ და ავასრულებ, — თქვა მან, — შენს [იეჰოვას] მართალ განსჯებს“ (ფსალმუნები 118:106). მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის რეგულარულად შესწავლასა და ქრისტიანულ შეხვედრებში მონაწილეობას.
9, 10. საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის მიძღვნილმა ადამიანებმაც კი შეიძლება ‘გადაუხვიონ მის ბრძანებებს’, მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება?
9 ფსალმუნმომღერალს ‘ღვთის ბრძანებებიდან არ გადაუხვევია’, მაგრამ ეს შეიძლება დაემართოს იეჰოვასთვის მიძღვნილ ადამიანს (ფსალმუნები 118:110). მეფე სოლომონმა ღვთის ბრძანებებს გადაუხვია, თუმცა იეჰოვასთვის მიძღვნილი ერის წარმომადგენელი იყო და თავიდან ღვთის მიერ ბოძებული სიბრძნის შესაბამისად მოქმედებდა. „ისიც აცთუნეს უცხოელმა ქალებმა“ და ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემა დააწყებინეს (ნეემია 13:26; 3 მეფეთა 11:1—6).
10 ‘მონადირე’, სატანა, მრავალ მახეს გვიგებს (ფსალმუნები 90:3). მაგალითად, ღვთის ყოფილი თაყვანისმცემელი შეიძლება ეცადოს, რომ სულიერი სინათლიდან განდგომილების სიბნელეში გადაგვიყვანოს. თიატირას ქრისტიანთა შორის იყო ‘ქალი იეზაბელი’; ეს შესაძლოა მიუთითებდეს ისეთ ქალთა ჯგუფის არსებობაზე, რომლებიც სხვებს კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეოდ ცხოვრებას ასწავლიან. იესო არ იწყნარებდა მსგავს ბოროტებას და ის არც ჩვენ უნდა შევიწყნაროთ (გამოცხადება 2:18—22; იუდა 3, 4). ამიტომ მოდი ლოცვაში იეჰოვას დახმარება ვთხოვოთ, რათა მისი ბრძანებებიდან კი არ გადავუხვიოთ, არამედ ღვთიურ სინათლეში დავრჩეთ (ფსალმუნები 118:111, 112).
ღვთის სიტყვით გადარჩენილნი
11. ფსალმუნების 118:119-ის თანახმად, როგორია ბოროტების შესახებ ღვთის თვალსაზრისი?
11 ღვთის წესებს თუ არ გადავუხვევთ, ღმერთი გადაგვარჩენს (ფსალმუნები 118:113—120). ჩვენ არ ვიწონებთ ‘უგულოებს’, ისევე როგორც იესოს არ მოსწონს ნელთბილი ადამიანები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ ქრისტიანები არიან (ფსალმუნები 119:113, აქ [118:113]; გამოცხადება 3:16). ჩვენ მთელი გულით ვემსახურებით იეჰოვას; ამიტომ ის არის ჩვენი „თავშესაფარი“ და მხსნელი. იეჰოვა ‘მოსრავს ყოველს’, ვინც სიცრუესა თუ ხრიკებს მიმართავს და ასეთი სახით ‘განუდგება მის წესებს’ (ფსალმუნები 118:114, 117, 118; იგავები 3:32). ფსალმუნების 118:119-ის თანახმად, ორიგინალის მიხედვით, ღმერთი ასეთ ბოროტებს მიიჩნევს უსარგებლო მინარევებად, რომელსაც ძვირფას მეტალებს, მაგალითად ოქროსა და ვერცხლს, აშორებენ (იგავები 17:3). დაე ყოველთვის გვიყვარდეს ღვთის შეხსენებები, რადგან ნამდვილად არ გვინდა, რომ ბოროტებთან გასანადგურებლად გამიზნულ ნარჩენებს შორის ვიყოთ!
12. რატომ არის იეჰოვასადმი შიში მნიშვნელოვანი?
12 „თრთის შენი შიშით სხეული ჩემი“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 118:120). თუ გვინდა, რომ ღმერთმა გადაგვარჩინოს, როგორც თავისი მსახურები, საჭიროა მისადმი ჯანსაღი შიში გამოვავლინოთ და თავი ავარიდოთ იმას, რაც მას არ მოსწონს. იეჰოვასადმი ასეთმა შიშმა აღძრა იობი, რომ წრფელად ეცხოვრა (იობი 1:1; 23:15). ღვთისადმი შიში შეგვაძლებინებს, ნებისმიერი მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის ღვთისმოსაწონად მოვიქცეთ. ამისათვის კი რწმენით უნდა ვილოცოთ (იაკობი 5:15).
რწმენით ლოცვა
13—15. ა) რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი ლოცვები შესმენილი იქნება? ბ) რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვიცით, რაზე ვილოცოთ? გ) აღნიშნეთ, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ლოცვაში ჩვენი ‘გამოუთქმელი ოხვრა’ ფსალმუნების 118:121—128-ს.
13 რწმენით შეგვიძლია ვილოცოთ, რომ ღმერთი ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს (ფსალმუნები 118:121—128). ფსალმუნმომღერლის მსგავსად დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ლოცვები შესმენილი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ გვიყვარს ღვთის მცნებები „ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად“. გარდა ამისა, ‘ღვთის ყველა ბრძანებას სწორად მივიჩნევთ’ (ფსალმუნები 118:127, 128).
14 იეჰოვა ისმენს ჩვენს თხოვნებს, რადგან რწმენით ვლოცულობთ; აგრეთვე გულმოდგინედ ვასრულებთ მის ბრძანებებს (ფსალმუნები 64:3). მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და არ ვიცით, რაზე ვილოცოთ? მაშინ „სული გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით“ (რომაელები 8:26, 27). ასეთ შემთხვევებში ღმერთი თავის სიტყვაში მოცემულ იმ აზრებს მიიჩნევს ლოცვებად, რომლებიც ჩვენს მოთხოვნილებებს შეესაბამება.
15 საღვთო წერილში მრავალი ლოცვა და აზრია მოცემული, რომლებიც ჩვენს ‘გამოუთქმელ ოხვრასთან’ არის დაკავშირებული. მაგალითად, განვიხილოთ ფსალმუნების 118:121—128. აქ გამოხატული აზრები შეიძლება ჩვენს მდგომარეობას შეესაბამებოდეს. მაგალითად თუ გვეშინია, რომ არ მოგვატყუონ, შეიძლება ღმერთს დახმარება ფსალმუნმომღერალივით ვთხოვოთ (მუხლები 121—123). დავუშვათ, ძალიან რთული გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. მაშინ ჩვენ შეიძლება ვილოცოთ, რომ იეჰოვას სული დაგვეხმაროს, გავიხსენოთ და გამოვიყენოთ მისი შეხსენებები (მუხლები 124, 125). თუმცა ‘გვძულს ყოველი გზა სიცრუისა’, მაინც საჭიროა ღმერთს დახმარება ვთხოვოთ, რათა არ ავყვეთ ცდუნებას და მისი კანონები არ დავარღვიოთ (მუხლები 126—128). თუ ბიბლიას ყოველდღიურად ვკითხულობთ, იეჰოვასადმი ლოცვისას შეიძლება მსგავსი დამხმარე ადგილები გაგვახსენდეს.
იეჰოვას შეხსენებებიდან მიღებული დახმარება
16, 17. ა) რატომ გვჭირდება ღვთის შეხსენებები და როგორ უნდა ვუყურებდეთ მათ? ბ) როგორ შეიძლება გვიყურებდნენ სხვები, მაგრამ სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი?
16 თუ გვსურს, რომ ჩვენი ლოცვები შესმენილ იქნეს და ღვთის მოწონებით ვსარგებლობდეთ, საჭიროა ყურად ვიღოთ ღვთის ‘მოწმობანი’ ანუ, ბიბლიის დედნის მიხედვით, შეხსენებები (ფსალმუნები 118:129—136). ჩვენ არასრულყოფილები ვართ, რის გამოც გვესაჭიროება იეჰოვას ჩინებული შეხსენებები, რათა გაგვახსენდეს მისი დარიგებები და მცნებები. ცხადია, მადლობლები ვართ სულიერი სინათლისთვის, რომელიც ღვთის სიტყვების ყოველი ახალი ახსნისას იღვრება (ფსალმუნები 118:129, 130). აგრეთვე მადლობლები ვართ იმისათვის, რომ იეჰოვამ ‘სახე მოგვაშუქა’ ანუ მოწონებით გვიყურებს, თუმცა სხვების მიერ მისი კანონების დარღვევის გამო „ცრემლთა ნაკადები გადმოგვდის თვალთაგან“ (ფსალმუნები 118:135, 136; რიცხვნი 6:25).
17 დარწმუნებულნი ვართ, რომ კვლავაც ღვთისმოსაწონები ვიქნებით, თუ ყურად ვიღებთ მის მართალ შეხსენებებს (ფსალმუნები 118:137—144). ფსალმუნების 118:138-ში ებრაული ტექსტის თანახმად ნათქვამია: „შენი შეხსენებების დაცვა გვიბრძანე სიმართლითა და აღმატებული ერთგულებით“. ამიტომ ჩვენ, ღვთის მსახურებს, უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვას აქვს უფლება, ჩვენი ყურადღება მიაპყროს თავის მართალ შეხსენებებს და მოელოდეს, რომ შევასრულებთ მის მოთხოვნებს. ფსალმუნმომღერალი ხომ იცავდა ღვთის მცნებებს, მაშ, რატომ თქვა: „მცირე ვარ და მოძულებული“? (ფსალმუნები 118:141). როგორც ჩანს, ის მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ უყურებდნენ მას მტრები. თუ ყოველთვის მტკიცედ ვიდგებით სიმართლის მხარეს და კომპრომისზე არ წავალთ, სხვებმა შეიძლება სიძულვილით დაგვიწყონ ყურება. მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი ის არის, რომ იეჰოვამ გვიყუროს კეთილგანწყობით იმის გამო, რომ მისი მართალი შეხსენებების თანახმად ვცხოვრობთ.
მშვიდად და უსაფრთხოდ
18, 19. რა შედეგები მოაქვს ღვთის შეხსენებების დაცვას?
18 ღვთის შეხსენებების დაცვა მასთან ახლო ურთიერთობას გვინარჩუნებს (ფსალმუნები 118:145—152). ჩვენ ყურად ვიღებთ იეჰოვას შეხსენებებს და ამიტომ ვიცით, რომ შეგვიძლია მთელი გულით მოვუხმოთ და მოველოდეთ, რომ ის შეისმენს ჩვენს სათხოვარს. ჩვენ შეიძლება ვიღვიძებთ ‘გარიჟრაჟამდე’ და დახმარებისთვის ვუხმობთ იეჰოვას. ეს მართლაც კარგი დროა ლოცვისთვის! (ფსალმუნები 118:145—147). ღმერთი ჩვენთანაც ახლოს არის, რადგან ვერიდებით ცუდ საქციელს და მის სიტყვას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, როგორც ამას იესო აკეთებდა (ფსალმუნები 118:150, 151; იოანე 17:17). იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა გვაძლებინებს ამ საშინელებებით სავსე წუთისოფელში და გადაგვატანინებს დიდ ომს — არმაგედონს (გამოცხადება 7:9, 14; 16:13—16).
19 ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ღვთის სიტყვას, რის გამოც ნამდვილად უსაფრთხოდ ვართ (ფსალმუნები 118:153—160). ბოროტებისგან განსხვავებით, ჩვენ იეჰოვას ‘მოწმობებისგან [შეხსენებებისგან] არ ვუხვევთ‘. ჩვენ გვიყვარს იეჰოვას ბრძანებანი და ამიტომ სიყვარულიდან გამომდინარე მისი სიკეთის წყალობით უსაფრთხოდ ვართ (ფსალმუნები 118:157—159). იეჰოვას შეხსენებები გვეხმარება, ამა თუ იმ სიტუაციაში გაგვახსენდეს, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. მეორე მხრივ, ღვთის ბრძანებები არის მითითებები და ჩვენ გვესმის, რომ შემოქმედს აქვს უფლება მოგვითითოს და გვიხელმძღვანელოს. ვიცით, რომ ‘დასაბამი [„არსი“, აქ] ღვთის სიტყვისა ჭეშმარიტებაა’ და ღვთისგან დამოუკიდებლად არ შეგვიძლია ჩვენი ნაბიჯების წარმართვა, რის გამოც სიამოვნებით ვიღებთ ღვთის ხელმძღვანელობას (ფსალმუნები 118:160; იერემია 10:23).
20. რატომ გვაქვს „დიდი მშვიდობა“?
20 იეჰოვას კანონების სიყვარულს დიდი მშვიდობა მოაქვს (ფსალმუნები 118:161—168). დევნა ვერ გვართმევს შეუდარებელ „ღვთის მშვიდობას“ (ფილიპელები 4:6, 7). ძალიან ვაფასებთ იეჰოვას მართალ განსჯებს და ამისათვის ხშირად — „დღეში შვიდგზის“ — ხოტბას ვასხამთ მას (ფსალმუნები 118:161—164). „დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 118:165). თუ იეჰოვას რჯული გვიყვარს და ვიცავთ მის კანონებს, ვინმეს მოქმედების ან სხვა მიზეზების გამო სულიერად არ დავბრკოლდებით.
21. რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ არ უნდა დავბრკოლდეთ კრებაში წამოჭრილი პრობლემების გამო?
21 ბიბლიაში მოხსენიებულმა მრავალმა ადამიანმა არაფერს მისცა იმის საშუალება, რომ დიდი ხნით დაებრკოლებინა ისინი. მაგალითად, ქრისტიანი გაიუსი არ დაბრკოლდა დიოტრეფეს უღვთო მოქმედებით, არამედ ‘ჭეშმარიტებაში დადიოდა’ (3 იოანე 1—3, 9, 10). პავლე მოუწოდებდა ქრისტიან ქალებს, ევოდიასა და სინტიქეს, ‘ერთი აზრი ჰქონოდათ უფალში’, რადგან, როგორც ჩანს, მათ შორის პრობლემა წამოიჭრა. ალბათ, მათ დაეხმარნენ პრობლემის მოგვარებაში და ამ ქალებმა იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება განაგრძეს (ფილიპელები 4:2, 3). ამიტომ არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ კრებაში რაიმე პრობლემა წამოიჭრება. მოდი მთელი ყურადღება იეჰოვას ბრძანებების დაცვისკენ მივმართოთ და გვახსოვდეს, რომ ‘ყველა ჩვენი გზა მის წინაშეა’ (ფსალმუნები 118:168; იგავები 15:3). თუ ამგვარად მოვიქცევით, ვერაფერი წაგვართმევს სამუდამოდ „დიდ მშვიდობას“.
22. ა) რა კურთხევა გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს ვემორჩილებით? ბ) როგორ უნდა ვუყურებდეთ მათ, რომლებმაც ქრისტიანული კრება დატოვეს?
22 თუ ყოველთვის იეჰოვას დავემორჩილებით, გვექნება პატივი, მარადიულად განვადიდოთ ის (ფსალმუნები 118:169—176). ღვთის წესდებათა შესაბამისად ცხოვრების შედეგად არა მარტო სულიერი უსაფრთხოება გვექნება, არამედ კვლავაც ‘წარმოვთქვამთ ღვთის ქებას’ (ფსალმუნები 118:169—171, 174). ეს უდიდესი კურთხევა, რომელიც კი შეიძლება ამ უკანასკნელ დღეებში გვქონდეს. ფსალმუნმომღერალს სურდა, ეცოცხლა და განედიდებინა იეჰოვა, მაგრამ რაღაც უცნობი მიზეზის გამო ის ‘დაკარგული ცხვარივით დაბნეულად’ გრძნობდა თავს (ფსალმუნები 118:175, 176). ზოგიერთებს, რომლებმაც ქრისტიანული კრება დატოვეს, შეიძლება კვლავაც უყვართ ღმერთი და მისი განდიდება სურთ. ამიტომ ძალ-ღონეს ნუ დავიშურებთ მათ დასახმარებლად, რათა ამ ადამიანებმა კვლავ ჰპოვონ სულიერი უსაფრთხოება და განიცადონ სიხარული, რომელიც ღვთის ხალხთან ერთად იეჰოვას განდიდებას მოაქვს (ებრაელები 13:15; 1 პეტრე 5:6, 7).
მარადიული სინათლე ჩვენი ბილიკისთვის
23, 24. რა სარგებლობა მოგიტანათ 118-ე ფსალმუნმა?
23 ფსალმუნების 118-ე თავი შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს სარგებლობის მომტანი. მაგალითად, მისი დახმარებით უფრო მეტად მივენდობით ღმერთს, რადგან ამ ფსალმუნიდან ჩანს, რომ ნამდვილი ბედნიერება ‘უფლის რჯულში სიარულს’ მოაქვს (ფსალმუნები 118:1). ფსალმუნმომღერალი შეგვახსენებს, რომ ‘ღვთის სიტყვის დასაბამი [არსი] ჭეშმარიტებაა’ (ფსალმუნები 118:160). ამან ღვთის მიერ წერილობითი სახით მოცემული მთელი სიტყვისადმი მადლიერების გრძნობა უნდა გაგვიძლიეროს. 118-ე ფსალმუნზე დაფიქრებამ უნდა აღგვძრას, გულმოდგინედ ვისწავლოთ საღვთო წერილი. ფსალმუნმომღერალი არაერთხელ მიმართავდა ღმერთს თხოვნით: „მასწავლე წესდებანი შენი“ (ფსალმუნები 118:12, 68, 135). ის აგრეთვე ღმერთს სთხოვდა: „კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი“ (ფსალმუნები 118:66). კარგია, ჩვენც მსგავსი სახით ვილოცოთ.
24 ღვთიური სწავლება საშუალებას გვაძლევს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან. ფსალმუნმომღერალი საკუთარ თავს არაერთხელ უწოდებს ღვთის მსახურს. ის იეჰოვას ეუბნება: „შენი ვარ“ (ფსალმუნები 118:17, 65, 94, 122, 125; რომაელები 14:8). რა დიდი პატივია ვემსახუროთ იეჰოვას და განვადიდოთ ის, როგორც მისმა ერთ-ერთმა მოწმემ! (ფსალმუნები 118:7). ემსახურებით ღმერთს სიხარულით, როგორც სამეფოს მაუწყებელი? თუ დიახ, იეჰოვა კვლავაც მხარს დაგიჭერთ და გაკურთხებთ, თუ ყოველთვის მიენდობით მის სიტყვას და მას თქვენი ბილიკების განათების საშუალებას მისცემთ.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ უნდა გვიყვარდეს ღვთის სიტყვა?
• როგორ გვაცოცხლებს ღვთის სიტყვა?
• როგორ გვეხმარება იეჰოვას შეხსენებები?
• რატომ აქვთ იეჰოვას მსახურებს მშვიდობა და სულიერი უსაფრთხოება?
[სურათი 16 გვერდზე]
ღვთის სიტყვა სულიერი სინათლის წყაროა.
[სურათი 17 გვერდზე]
თუ იეჰოვას შეხსენებები გვიყვარს, ის არასოდეს ჩაგვთვლის უსარგებლო მინარევებად.
[სურათები 18 გვერდზე]
თუ ბიბლიას ყოველდღიურად ვკითხულობთ, ლოცვისას ადვილად შეიძლება გაგვახსენდეს საჭირო ბიბლიური მონაკვეთი.