ღამე
იეჰოვა ღმერთმა მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ბნელ პერიოდს „ღამე“ უწოდა (დბ. 1:5, 14). მზის ჩასვლასა და დაღამებას შორის არის შებინდების მოკლე მონაკვეთი, როცა ცაზე ვარსკვლავები ჩნდება. ამ პერიოდს ებრაულად ეწოდებოდა ნეშეფ და, როგორც ჩანს, ეს იყო გამოსვლის 12:6-ში მოხსენიებული მონაკვეთი „ორ საღამოს შორის“ (იგ. 7:9). ასეთივე პერიოდია გარიჟრაჟამდე და იგივე ებრაული სიტყვა გამოიყენება მის აღსანიშნავად. ფსალმუნის 119:147-ში ვკითხულობთ: „ადრე ავდექი გარიჟრაჟამდე“.
ებრაული დაყოფა. ებრაელები ღამეს რამდენიმე გუშაგობად ყოფდნენ. „გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ, ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე“ (ფს. 63:6). ვინაიდან მსაჯულების 7:19-ში მოხსენიებულია „შუაღამის გუშაგობა“, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად მათ სამი გუშაგობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, თითოეული გუშაგობა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდის მესამედი იყო ანუ დაახლოებით 4 საათი წელიწადის დროების მიხედვით. ასე რომ, პირველი გუშაგობა დაახლოებით 18 საათიდან 22 საათამდე გრძელდებოდა; „შუაღამის გუშაგობა“ 22 საათზე იწყებოდა და დილის 2 საათამდე გასტანდა. სწორედ ამ დროს გედეონი მოულოდნელად დაესხა თავს მიდიანელთა ბანაკს. მესამე გუშაგობას „დილის გუშაგობა“ ეწოდებოდა და 2 საათიდან მზის ამოსვლამდე გრძელდებოდა. სწორედ „დილის გუშაგობის“ დროს იეჰოვამ ხელი შეუშალა ეგვიპტელთა ჯარს, როცა ისინი წითელ ზღვაზე გადასვლას აპირებდნენ (გმ. 14:24—28; იხ. აგრეთვე 1სმ. 11:11).
რომაული დაყოფა. რომაელთა ბატონობის დროისთვის იუდეველებს უკვე გადაღებული ჰქონდათ ღამის ოთხ გუშაგობად დაყოფის ბერძნული და რომაული სისტემა. როგორც ჩანს, იესოს ეს ოთხი გუშაგობა ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე“ (მრ. 13:35). გუშაგობა, რომელიც „დღის ბოლოს“ იყო, მზის ჩასვლიდან დაახლოებით 21 საათამდე გრძელდებოდა. მეორე ანუ შუაღამის გუშაგობა დაახლოებით 21 საათზე იწყებოდა და შუაღამით, დაახლოებით 24 საათზე მთავრდებოდა (ლკ. 12:38). გუშაგობა, რომელსაც „მამლის ყივილი“ ეწოდებოდა, შუაღამიდან დილის 3 საათამდე გასტანდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს გაისმა მარკოზის 14:30-ში მოხსენიებული მამლის ორი ყივილი (იხ. მამლის ყივილი). ბოლოს კი, „დილით ადრე“, ანუ 3 საათიდან მზის ამოსვლამდე, იყო მეოთხე გუშაგობა (მთ. 14:25; მრ. 6:48).
ბიბლიაში ერთგან მოხსენიებულია 12-საათიანი ღამის ერთი კონკრეტული საათი. საქმეების 23:23-ში ნათქვამია, რომ „მესამე საათისთვის“, ანუ დაახლოებით 21 საათისთვის ასისთავმა ჯარისკაცებს უბრძანა, პავლე იერუსალიმიდან კესარეაში წაეყვანათ.
იუდეველებისთვის ახალი დღე მზის ჩასვლით იწყებოდა, რომაული წესის მიხედვით კი დღე შუაღამისას მთავრდებოდა და შუაღამიდან ახალი დღე იწყებოდა. ამის წყალობით საჭირო აღარ იყო დღის საათების დამატება ან შემცირება წელიწადის დროების მიხედვით (ამის საჭიროება მაშინ იყო, როცა დღის დასაწყისად მზის ჩასვლა ითვლებოდა) და წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დღე-ღამის ორ 12-საათიან მონაკვეთად დაყოფა. დღე-ღამის ამგვარად დაყოფა დღესაც ბევრგანაა გავრცელებული.
გადატანითი მნიშვნელობა. ბიბლიაში სიტყვა „ღამე“ ზოგჯერ გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული. იოანეს 9:4-ში იესომ თქვა: „მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“. აქ იესო გულისხმობდა თავის გასამართლებას, ბოძზე გაკვრასა და სიკვდილს, ანუ იმ დროს, როცა ის მამის საქმეს ვეღარ გააკეთებდა (იხ. ეკ. 9:10; იობ. 10:21, 22).
რომაელების 13:11, 12-ში „ღამე“ აშკარად მიუთითებს ღვთის მოწინააღმდეგის მიერ გამოწვეული სიბნელის ეპოქაზე, რომელსაც იესო ქრისტე თავისი მმართველობის დროს წერტილს დაუსვამდა (იხ. ეფ. 6:12, 13; კლ. 1:13, 14). 1 თესალონიკელების 5:1—11-ში ჭეშმარიტების სინათლით განათებული ღვთის მსახურები შედარებულია ქვეყნიურ ხალხთან, რომელთაც სინათლე არა აქვთ. მათი ცხოვრება ცხადყოფს, რომ ისინი „სინათლის ძეები და დღის ძეები“ არიან და არც ღამეს მიეკუთვნებიან და არც სიბნელეს (იხ. ინ. 8:12; 12:36, 46; 1პტ. 2:9; 2კრ. 6:14). ეს სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება მიქას 3:6-შიც, სადაც წინასწარმეტყველი ღვთის ჭეშმარიტი მითითებების უარმყოფელთ ეუბნება: „დაგიდგებათ ღამე ხილვის გარეშე და დაგიბნელდებათ, რომ ვეღარ იმკითხაოთ. ჩაესვენება მზე წინასწარმეტყველთათვის და დღე დაბნელდება მათთვის“ (შდრ. ინ. 3:19—21).
ბიბლიაში ღამე აგრეთვე მიუთითებს ზოგადად უბედურების ან გაჭირვების პერიოდზე, რადგან სწორედ ღამის წყვდიადში გამოდიან მხეცები თავიანთი ბუნაგებიდან, ჯარები მოულოდნელად ესხმიან თავს მტერს, ქურდები იჭრებიან სახლებში და ადამიანები ყოველგვარ ბოროტებას სჩადიან (ფს. 91:5, 6; 104:20, 21; ეს. 21:4, 8, 9; დნ. 5:25—31; აბდ. 5). ამ გადატანითი მნიშვნელობებით უნდა გავიგოთ გამოცხადების 21:2, 25-სა და 22:5-ში ჩაწერილი დაპირება, რომ „ახალ იერუსალიმში“ „ღამე აღარ იქნება“.