იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი
„ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).
1, 2. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ დროდადრო ყველას გვჭირდება დახმარება? ბ) როგორი დამხმარე და მშველელია იეჰოვა?
რომელ ჩვენგანს არ დასჭირვებია ოდესმე დახმარება? ფაქტია, რომ დახმარება დროდადრო ყველას გვჭირდება, რათა გავუმკლავდეთ მძიმე პრობლემას, ავიტანოთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი და გავუძლოთ მძიმე განსაცდელს. ადამიანები ხშირად მზრუნველ მეგობარს მიმართავენ ხოლმე, როცა დახმარება სჭირდებათ. ასეთი მეგობრისთვის პრობლემის გაზიარება შეიძლება ნამდვილად ამსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ ერთმანეთის დასახმარებლად ადამიანთა შესაძლებლობები შეზღუდულია. სხვებს შეიძლება ყოველთვის არ შეეძლოთ შველა, როცა საჭიროა დახმარება.
2 მაგრამ არსებობს დამხმარე და მშველელი, რომელსაც უსაზღვრო ძალა და შესაძლებლობები აქვს; თანაც ის გვარწმუნებს, რომ არასდროს მიგვატოვებს. სწორედ მის შესახებ განაცხადა ფსალმუნმომღერალმა დიდი რწმენით: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]). რატომ იყო ეს ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული, რომ იეჰოვა უშველიდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ 120-ე ფსალმუნი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ, თუ რატომ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი.
დახმარებისა და შველის საიმედო წყარო
3. რომელი მთებისკენ აღაპყრობდა თვალებს ფსალმუნმომღერალი და რატომ?
3 ფსალმუნმომღერალი დასაწყისში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იეჰოვა შემოქმედია და სწორედ ეს არის მისადმი ნდობის საფუძველი. ის ამბობს: „თვალებს ავაპყრობ მთებისკენ. საიდან მოვა ჩემი შველა? ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმუნები 121:1, 2, აქ [120:1, 2]). ფსალმუნმომღერალი თვალებს უბრალოდ ნებისმიერი მთისკენ როდი აღაპყრობდა. როცა ეს სიტყვები დაიწერა, იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი მდებარეობდა. იუდეის მთებში გაშენებული ეს ქალაქი იეჰოვას სიმბოლური სამკვიდრებელი იყო (ფსალმუნები 134:21). ფსალმუნმომღერალი თვალებს, ალბათ, იერუსალიმის მთებისკენ, იეჰოვას ტაძრისკენ, აღაპყრობდა იმაში დარწმუნებული, რომ შველა იეჰოვასგან მოვიდოდა. რატომ იყო ფსალმუნმომღერალი ასე დარწმუნებული, რომ იეჰოვას მისი დახმარება შეეძლო? იმიტომ რომ იეჰოვა „ცისა და დედამიწის შემოქმედია“. ფაქტობრივად, ფსალმუნმომღერალი ამბობდა: ყოვლისშემძლე შემოქმედს ხელს ვერაფერი შეუშლის ჩემს დახმარებაში! (ესაია 40:26).
4. როგორ გამოხატა ფსალმუნმომღერალმა ის აზრი, რომ იეჰოვა ყოველთვის ფხიზლობს თავის მსახურთა საჭიროებების შესანიშნად და რატომ არის ეს მანუგეშებელი?
4 შემდეგ ფსალმუნმომღერალი აღნიშნავს, რომ იეჰოვა ყოველთვის ფხიზლობს, რათა თავისი მსახურების საჭიროებები შენიშნოს: „არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა“ (ფსალმუნები 120:3, 4). შეუძლებელია, ღმერთმა დაუშვას მასზე მინდობილთა ‘წაბორძიკება’ ან მათი დაცემა ისე, რომ ვეღარ შეძლონ ადგომა (იგავები 24:16). რატომ? იმიტომ რომ იეჰოვა იმ მწყემსს ჰგავს, რომელიც ფხიზლობს ცხვრის დასაცავად. განა ეს მანუგეშებელი აზრი არ არის? ის წუთითაც არ ადუნებს ყურადღებას, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს თავის მსახურთა საჭიროებები. ისინი დღედაღამ მისი მხედველობის არეში არიან.
5. რატომ არის იეჰოვა „მარჯვენის გვერდით“?
5 ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ერთგულად იცავს თავის ხალხს. ის შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: „უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით. დღისით მზე არ გავნებს, და ღამით — მთვარე“ (ფსალმუნები 120:5, 6). ახლო აღმოსავლეთში ფეხით მოსიარულე მგზავრისთვის ჩრდილი საუკეთესო დამცავი იქნებოდა მწველი მზისგან. იეჰოვაც ჩრდილივით იცავს თავის ხალხს განსაცდელებით გამოწვეული აუტანელი მცხუნვარებისგან. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა „მარჯვენის გვერდით“ მდგომად არის მოხსენიებული. ძველად ომში მებრძოლის მარჯვენა გარკვეულწილად დაუცველი იყო, რადგან ფარი მას მარცხენა ხელში ეჭირა. ამიტომაც ერთგულ მეგობარს მებრძოლის დაცვა მის მარჯვნივ ბრძოლით შეეძლო. იეჰოვა ასეთი მეგობრის მსგავსად, გვერდში უდგას თავის თაყვანისმცემლებს და ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად.
6, 7. ა) როგორ გვარწმუნებს ფსალმუნმომღერალი, რომ იეჰოვა არასდროს შეწყვეტს თავისი ხალხისთვის დახმარების გაწევას? ბ) რატომ შეგვიძლია, რომ ამაში ფსალმუნმომღერალივით ვიყოთ დარწმუნებული?
6 შეწყვეტს ოდესმე იეჰოვა თავისი ხალხის დახმარებას. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ფსალმუნმომღერალი ასეთ დასკვნას აკეთებს: „უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე“ (ფსალმუნები 120:7, 8). აღსანიშნავია, რომ ფსალმუნმომღერალს ყურადღება აწმყოდან მომავალზე გადააქვს. მეხუთე მუხლში მან აწმყო დრო გამოიყენა, როცა თქვა: „უფალია შენი მცველი“. ამ მუხლებში კი ის მომავალ დროს იყენებს: „უფალი დაგიცავს“. ეს სიტყვები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ იეჰოვა მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. სადაც უნდა წავიდნენ და რა განსაცდელის წინაშეც უნდა აღმოჩნდნენ, ისინი დახმარების გარეშე არასდროს დარჩებიან (იგავები 12:21).
7 როგორც ვხედავთ, 120-ე ფსალმუნის დამწერი დარწმუნებული იყო, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედი მზრუნველი მწყემსივით და ფხიზელი გუშაგივით იცავს თავის მსახურებს. ჩვენც ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ფსალმუნმომღერალივით დარწმუნებული ვიყოთ ამაში, რადგან იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). ნიშნავს ეს, რომ ყოველთვის დაცული ვიქნებით ფიზიკურად? არა, მაგრამ ვიდრე იეჰოვას შევყურებთ, როგორც ჩვენს დამხმარესა და მშველელს, ის ყველაფრისგან დაგვიცავს, რასაც ჩვენთვის სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია. აქვე წამოიჭრება შეკითხვა: როგორ გვეხმარება იეჰოვა? განვიხილოთ ოთხი საშუალება, რომლებსაც ის ჩვენს დასახმარებლად იყენებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ეხმარებოდა ის თავის მსახურებს ბიბლიურ დროში; მომდევნო სტატიაში კი საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ ეხმარება ის თავის ხალხს დღეს.
დახმარება ანგელოზების მეშვეობით
8. რატომ არ არის გასაკვირი ის, რომ ანგელოზები დაინტერესებულები არიან ღვთის მიწიერი მსახურების კეთილდღეობით?
8 იეჰოვას თავის განკარგულებაში მილიონობით ანგელოზი ჰყავს (დანიელი 7:9, 10). ეს სულიერი ძეები ერთგულად ასრულებენ მის ნებას (ფსალმუნები 102:20). მათ კარგად იციან, რომ იეჰოვას ძლიერ უყვარს თავისი მიწიერი თაყვანისმცემლები და სურს მათთვის დახმარების გაწევა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანების კეთილდღეობით (ლუკა 15:10). მაშ, ანგელოზებისთვის უეჭველად სასიამოვნო უნდა იყოს ის, რომ იეჰოვა მათი მეშვეობით ეხმარება ადამიანებს. როგორ ეხმარებოდა ძველად იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს ანგელოზების მეშვეობით?
9. მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ აძლევდა ღმერთი ანგელოზებს ერთგული ადამიანების დაცვის ძალას.
9 იეჰოვა ანგელოზებს ერთგული ადამიანების დაცვისა და გადარჩენის ძალას აძლევდა. მაგალითად, ორი ანგელოზი ლოტსა და მის ქალიშვილებს სოდომისა და გომორას განადგურებისას გაქცევასა და გადარჩენაში დაეხმარა (დაბადება 19:1, 15—17). ერთმა ანგელოზმა მუსრი გაავლო 185 000 ასურელ მეომარს, რომლებიც იერუსალიმთან იყვნენ დაბანაკებულნი (4 მეფეთა 19:35). როცა დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, იეჰოვამ „თავისი ანგელოზი მოავლინა [და] ლომებს პირები აუკრა“ (დანიელი 6:21, 22). ერთმა ანგელოზმა პეტრე მოციქული ციხიდან დაიხსნა (საქმეები 12:6—11). ბიბლიაში სხვა მაგალითებიც არის მოცემული, თუ როგორ იცავდნენ ანგელოზები ადამიანებს, რაც ნამდვილად ადასტურებს ფსალმუნების 33:8-ში ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტებას: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“.
10. როგორ გამოიყენა იეჰოვამ ანგელოზი წინასწარმეტყველ დანიელის გასამხნევებლად?
10 ზოგჯერ იეჰოვა ანგელოზებს ერთგული ადამიანების გასამხნევებლად და განსამტკიცებლად იყენებდა. ამასთან დაკავშირებით დანიელის წინასწარმეტყველების მე-10 თავში შთამბეჭდავი შემთხვევაა მოცემული. იმ დროს დანიელი უკვე 100 წელს მიღწეული იქნებოდა. წინასწარმეტყველი გულგატეხილი იყო, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ იერუსალიმი გაპარტახებული იყო და ტაძრის აღდგენა ყოვნდებოდა. ამასთან, მას, შემაშფოთებელი ხილვის შემდეგ, ძალა ჰქონდა გამოცლილი (დანიელი 10:2, 3, 8). ღმერთმა სიყვარულიდან გამომდინარე ანგელოზი გაუგზავნა მას გასამხნევებლად. ანგელოზმა რამდენჯერმე შეახსენა დანიელს, რომ ღვთის თვალში „სასურველი კაცი“ იყო. რა იყო ამის შედეგი? ხანდაზმულმა წინასწარმეტყველმა ანგელოზს უთხრა: „შენ გამამაგრე“ (დანიელი 10:11, 19).
11. რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ იეჰოვა სასიხარულო ცნობის ქადაგებას ანგელოზების მეშვეობით ხელმძღვანელობდა?
11 იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით სასიხარულო ცნობის ქადაგებასაც ხელმძღვანელობდა. ანგელოზმა ფილიპეს უხელმძღვანელა, რომ მას ქრისტეს შესახებ ექადაგა ეთიოპ საჭურისთან, რომელიც მალევე მოინათლა (საქმეები 8:26, 27, 36, 38). მცირე დროის გასვლის შემდეგ, ღვთის ნების თანახმად, სასიხარულო ცნობის ქადაგება წინადაუცვეთელ არაებრაელებს შორისაც უნდა დაწყებულიყო. ხილვაში ანგელოზი ღვთისმოშიშ არაებრაელ კორნელიუსს გამოეცხადა და უხელმძღვანელა მას, რომ მოციქული პეტრე მოეძებნა. როცა კორნელიუსის მიერ გაგზავნილმა კაცებმა პეტრეს მიაგნეს, უთხრეს მას: „კორნელიუსს . . . ღმერთმა უბრძანა წმინდა ანგელოზის მეშვეობით, გამოეგზავნა კაცები, რომ სახლში მიგიწვიოს და შენი სიტყვები მოისმინოს“. პეტრე გაჰყვა მათ და პირველად ასე გახდნენ წინადაუცვეთელი არაებრაელები ქრისტიანული კრების წევრები (საქმეები 10:22, 44—48). წარმოიდგინეთ, თქვენ რა გრძნობები დაგეუფლებოდათ, ანგელოზი რომ დაგხმარებოდათ ღვთისმოშიშ ადამიანთან დაკავშირებაში.
დახმარება წმინდა სულის მეშვეობით
12, 13. ა) რატომ ჰქონდათ იესოს მოციქულებს ყოველგვარი საფუძველი, დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ წმინდა სულს მათი დახმარება შეეძლო? ბ) რა მხრივ აძლევდა ძალას წმინდა სული პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
12 სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იესომ ანუგეშა თავისი მოციქულები, რომ დახმარების გარეშე არ დარჩებოდნენ. მათ მამა „დამხმარეს, წმინდა სულს“ მისცემდა (იოანე 14:26). მოციქულებს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ, დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ წმინდა სულს მათი დახმარება შეეძლო. წმინდა წერილები ხომ სავსეა მაგალითებით, თუ როგორ იყენებდა იეჰოვა წმინდა სულს, სამყაროში არსებულ უძლიერეს ძალას, თავისი ხალხის დასახმარებლად.
13 ხშირად წმინდა სულს იეჰოვა იმისთვის იყენებდა, რომ თავისი ნების შესასრულებლად ძალით აღეჭურვა ადამიანები. წმინდა სული ძალას აძლევდა მსაჯულებს ისრაელის დასახსნელად (მსაჯულთა 3:9, 10; 6:34). იგივე სული პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც აძლევდა ძალას, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაბედულად განეგრძოთ ქადაგება (საქმეები 1:8; 4:31). ღვთისადმი მსახურებაში მათი წარმატება წმინდა სულის მოქმედების ძლიერი მტკიცება იყო. განა სხვაგვარად შეიძლება აიხსნას ის, თუ როგორ შეძლეს „უსწავლელმა და უბრალო ადამიანებმა“ მსოფლიოს იმ დროს ცნობილ ყველა ნაწილში სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება? (საქმეები 4:13; კოლოსელები 1:23).
14. როგორ იყენებდა იეჰოვა წმინდა სულს თავისი მსახურებისთვის სულიერი სინათლის მოსაფენად?
14 იეჰოვა წმინდა სულს თავისი მსახურებისთვის სულიერი სინათლის მოსაფენადაც იყენებდა. მაგალითად, ღვთის სულის დახმარებით იოსებმა ფარაონის წინასწარმეტყველური სიზმრები განმარტა (დაბადება 41:16, 38, 39). წმინდა სულით იეჰოვამ თავმდაბალ ადამიანებს გაუმჟღავნა თავისი განზრახვები, რომლებიც ამაყი ადამიანებისთვის დაფარული იყო (მათე 11:25). იმ ყველაფრის შესახებ, რასაც იეჰოვა „თავის მოყვარულებისთვის“ აკეთებს, პავლე მოციქულმა თქვა: „ჩვენ კი ღმერთმა ეს თავისი სულით გაგვიმჟღავნა“ (1 კორინთელები 2:7—10). მხოლოდ წმინდა სულის დახმარებით შეეძლო ადამიანს ღვთის ნების ჭეშმარიტად გაგება.
დახმარება ღვთის სიტყვის მეშვეობით
15, 16. რა მითითება მიეცა იესო ნავეს ძეს იმისათვის, რომ გონივრულად მოქცეულიყო და ხელი მომართვოდა?
15 იეჰოვას შთაგონებით დაწერილი სიტყვა „სასარგებლოა სასწავლებლად“ და ღვთის მსახურს შესაძლებლობას აძლევს, „ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიაში მოცემულია მრავალი შემთხვევა, თუ ძველად ღვთის ხალხს როგორ ეხმარებოდა ღვთის სიტყვის ის წიგნები, რომლებიც მაშინ უკვე დაწერილი იყო.
16 წმინდა წერილები ჯანსაღ სახელმძღვანელოდ ემსახურებოდა ღვთის თაყვანისმცემლებს. როცა იესო ნავეს ძე ისრაელის წინამძღოლად დაინიშნა, მან შემდეგი მითითება მიიღო: „ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი [რომელიც დაწერილი იყო მოსეს მიერ] შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთი იესო ნავეს ძეს სიბრძნის სასწაულებრივად მიღებას არ ჰპირდებოდა. იესო ნავეს ძეს მხოლოდ რჯულის წიგნის კითხვისა და მასზე დაფიქრების შედეგად მოემართებოდა ხელი (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნები 1:1—3).
17. როგორ დაეხმარა დანიელსა და მეფე იოშიას წმინდა წერილების ის წიგნები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მათთვის?
17 ღვთის წერილობითი სიტყვა იეჰოვას მსახურებს მისი ნებისა და განზრახვის გამჟღავნების საშუალებადაც ემსახურებოდა. მაგალითად, დანიელმა იერემიას ჩანაწერების დახმარებით გამოთვალა, თუ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო იერუსალიმი გაპარტახებული (იერემია 25:11; დანიელი 9:2). გავიხსენოთ იუდაში იოშიას (იოშიაჰუ) მეფობის დროს მომხდარი შემთხვევაც. იმ დროს ისრაელ ერი იეჰოვას გზებით არ დადიოდა და მეფეებს, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოდ არ გააჩნდათ რჯულის წიგნის პირადი ეგზემპლარები (მეორე რჯული 17:18—20). მაგრამ აღდგენითი სამუშაოების დროს ტაძარში იპოვეს „რჯულის წიგნი“, რომელიც შესაძლოა მოსეს ხელით იყო დაწერილი. ეს შესაძლოა წიგნის ორიგინალი ყოფილიყო, რომლის წერაც დაახლოებით 800 წლით ადრე იყო დასრულებული. მისი წაკითხვისას იოშიამ დაინახა, რომ ერი იეჰოვას ნების საპირისპიროდ იქცეოდა და მტკიცე ზომები მიიღო იმის გასაკეთებლად, რაც წიგნში ეწერა (4 მეფეთა 22:8; 23:1—7). განა აშკარა არაა, რომ ძველ დროს ღვთის ხალხს დახმარებას უწევდა წმინდა წერილების ის წიგნები, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო?
დახმარება თანამორწმუნეების მეშვეობით
18. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვასგან მომდინარეობს დახმარება, როცა კი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი თანამორწმუნეს ეხმარება?
18 იეჰოვასგან დახმარებას მისი მსახურები ხშირად თანამორწმუნეების მეშვეობით იღებენ. დიახ, ნამდვილად იეჰოვასგან მომდინარეობს დახმარება, რომელსაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ერთმანეთს უწევენ. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? არსებობს ორი მიზეზი. პირველი ის არის, რომ ამ დროს დიდ როლს ასრულებს ღვთის წმინდა სული. იმ ადამიანებში, რომლებიც ისწრაფვიან, რომ ღვთის სულმა გავლენა მოახდინონ მათზე, ეს სული წარმოშობს ნაყოფს, რომელშიც სიყვარული და სიკეთე შედის (გალატელები 5:22, 23). ამიტომაც, როცა ღვთის მსახურები ერთმანეთის დასახმარებლად არიან აღძრული, ეს იეჰოვას სულის მოქმედების მაჩვენებელია. მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი (დაბადება 1:26). ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ავირეკლოთ მისი თვისებები, მათ შორის სიკეთე და თანაგრძნობა. ამიტომაც, როცა იეჰოვას მსახური თანამორწმუნეს ეხმარება, ასეთი დახმარების ნამდვილი წყარო სწორედ ის არის, ვის თვისებებიც ამ დროს აირეკლება.
19. ბიბლიიდან გამომდინარე, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს თანამორწმუნეების მეშვეობით?
19 ბიბლიურ დროში როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თანამორწმუნეების მეშვეობით თავის მსახურებს? იეჰოვა ხშირად თავის ერთ მსახურს მეორე მსახურისთვის რჩევის მისაცემად აღძრავდა. მაგალითად, იერემიამ ბარუქს მისცა რჩევა, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა (იერემია 45:1—5). ზოგჯერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ერთმანეთისთვის მატერიალური დახმარების გასაწევად იყვნენ აღძრულნი. მაგალითად, ასე მოხდა, როცა მაკედონიელი და აქაიელი ქრისტიანები გასაჭირში მყოფ იერუსალიმელ ძმებს დიდი მონდომებით დაეხმარნენ. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, ასეთი ხელგაშლილობისთვის მორწმუნეები მართებულად ‘უხდიდნენ მადლობას ღმერთს’ (2 კორინთელები 9:11).
20, 21. როგორ ვითარებაში განამტკიცეს მოციქული პავლე რომაელმა ძმებმა?
20 განსაკუთრებით შთამბეჭდავი და თბილი გრძნობების გამომწვევია ის ბიბლიური შემთხვევები, თუ როგორ განამტკიცებდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს იეჰოვას მსახურები. განვიხილოთ პავლე მოციქულთან დაკავშირებული მაგალითი. როცა პავლე, როგორც პატიმარი, რომში უნდა ჩასულიყო, მას აპიუსის გზის სახელით ცნობილ რომაულ გზატკეცილზე მოუწია მგზავრობა. რომამდე გზის უკანასკნელი მონაკვეთის გავლა არც იმდენად სასიამოვნო იყო, რადგან მგზავრებს ჭაობიან დაბლობზე უნდა გაევლოთa. ძმებმა, რომლებიც რომის კრებაში მსახურობდნენ, იცოდნენ, რომ პავლე უნდა ჩასულიყო. როგორ მოიქცეოდნენ ისინი? დაელოდებოდნენ თავიანთ სახლებში, ვიდრე პავლე ქალაქში ჩავიდოდა და შემდეგ წავიდოდნენ მასთან შესახვედრად?
21 ბიბლიის ერთ–ერთი დამწერი ლუკა, რომელიც ამ დროს პავლესთან ერთად მგზავრობდა, მოგვითხრობს: «იქაური ძმები, რომლებმაც ჩვენი ამბავი გაიგეს, წამოვიდნენ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ შეგვეგებნენ». შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სცენა? პავლეს შესახვედრად ძმების ჯგუფი გაემგზავრა რომიდან. მათი ნაწილი აპიუსის მოედანზე იცდიდა, რომელიც რომიდან 74 კილომეტრით დაშორებული ცნობილი ადგილი იყო, სადაც მგზავრები დასასვენებლად ჩერდებოდნენ. დანარჩენი ძმები კი პავლეს „სამ ფუნდუკთან“, ქალაქიდან 58 კილომეტრით დაშორებულ დასასვენებელ პუნქტში, ელოდებოდნენ. რა რეაქცია ჰქონდა პავლეს ამაზე? ლუკა გვეუბნება: „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). წარმოიდგინეთ, პავლესთვის გამხნევებისა და ნუგეშის წყარო იყო იმ ძმების მხოლოდ დანახვაც კი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და მის შესახვედრად ამხელა გზა გაიარეს! ვის გადაუხადა პავლემ მადლობა ასეთი დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის? იეჰოვა ღმერთს — ვისგანაც ეს დახმარება მომდინარეობდა.
22. რა იქნება ჩვენი წლიური მუხლი 2005 წელს და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
22 როგორც ვხედავთ, ღვთის საქმეების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები კარგად ცხადყოფს, რომ იეჰოვა ჩვენი დამხმარე და მშველელია. მასავით არავის შეუძლია დახმარება. ამის თანახმად, იეჰოვას მოწმეებს 2005 წლის მუხლად ექნებათ ფსალმუნების 121:2–ის (აქ) [120:2] სიტყვები „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“. საინტერესოა, დღეს როგორ გვეხმარება იეჰოვა? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
a რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა (ძვ. წ. 65—8 წლები), რომელმაც ამავე გზით იმგზავრა, აღწერა, თუ რამდენად არასასიამოვნო იყო ეს მონაკვეთი. ჰორაციუსმა აპიუსის მოედანი „ნაოსნებითა და ფუნდუკების ძუნწი მეპატრონეებით გადაჭედილ“ ადგილად დაახასიათა. გარდა ამისა, მან უკმაყოფილებით მოიხსენია „წყეული კოღოები, ბაყაყები“ და „ბილწი“ წყალი.
გახსოვთ თუ არა?
როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს
• ანგელოზების მეშვეობით?
• წმინდა სულის მეშვეობით?
• თავისი სიტყვის მეშვეობით?
• თანამორწმუნეების მეშვეობით?
[ჩანართი 15 გვერდზე]
2005 წლის მუხლი: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).
[სურათი 16 გვერდზე]
პავლემ ღმერთს გადაუხადა მადლობა რომაელი ძმების მიერ გაწეული დახმარებისთვის.