ნამდვილად გიცნობს თუ არა ღმერთი?
„უფალო. . . ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე“ (ფსალმუნი 138:1, 3).
ნამდვილად ესმის თუ არა ვინმეს შენი მღელვარება, გაჭირვება და პრობლემები? მსოფლიოში მილიონობით ადამიანს, მოხუცს თუ ახალგაზრდას, არა აქვს ოჯახი და არ ჰყავს ნათესავები, რომლებიც იზრუნებდნენ მათზე. თვით ოჯახშიც კი მრავალი ცოლი და ასევე ქმარი გრძნობს, რომ თავიანთ მეუღლეებს ბოლომდე არ ესმით, თუ რამდენად უჭირთ მათ. ზოგჯერ იმედგაცრუებულნი ამბობენ: „შენ არ გესმის ჩემი!“ ასევე, მრავალმა ახალგაზრდამ დაასკვნა, რომ არავის ესმის მათი. მაგრამ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სწყუროდათ მათ მიმართ გამგებნი ყოფილიყვნენ, არიან ზოგიერთები, რომლების ცხოვრებასაც მნიშვნელოვანი აზრი მიეცა. როგორაა ეს შესაძლებელი?
2 ეს შესაძლებელია ასეთნაირად — მიუხედავად იმისა, მთლიანად ესმით თუ არა სხვებს მათი გრძნობები, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთს ესმის მათი განცდები და როგორც ღმერთის მსახურები პრობლემების პირისპირ მარტო არასდროს რჩებიან (ფსალმუნი 45:2). უფრო მეტიც, ღმერთის სიტყვა გულისხმიერი ქრისტიანი უხუცესების დახმარებასთან ერთად მათ შესაძლებლობას აძლევს, დასძლიონ პირადი პრობლემები. საღვთო წერილი ეხმარება მათ, გაიგონ, რომ მათი ერთგულად მსახურება ძვირფასია ღმერთის თვალში და რომ მათ, რომლებიც იმედს ამყარებენ ღმერთსა და მის აღთქმულზე, აქვთ საიმედო მომავალი, რასაც ღმერთი განახორციელებს თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით (იგავნი 27:11; 2 კორინთელთა 4:17, 18).
3 შენთვის, შესაძლოა, ნაცნობია ფსალმუნის 99:2 (აფ), სადაც ნათქვამია: „ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით“. იეჰოვას რამდენი თაყვანისმცემელი ავლენს ნამდვილად ასეთ მოქმედებას? ასეთი საქციელისთვის დამაჯერებელი საფუძველი მოცემულია მე-3 მუხლში, რომელიც შეგვახსენებს: „უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“. ებრაულ ტექსტში იეჰოვა მოხსენიებულია, როგორც ʼელო·ჰიმʹ, რაც მიუთითებს მის დიდებულებაზე, კეთილშობილებასა და აღმატებულობაზე. ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (მეორე რჯული 4:39; 7:9; იოანე 17:3). მისმა მსახურებმა შეიცნეს მისი ღვთაებრიობა, არა როგორც უბრალოდ ფაქტი, რომელსაც მათ ასწავლიდნენ, არამედ როგორც ისეთი რამ, რასაც საკუთარ თავზე განიცდიან და რომლის მიმართაც ავლენენ მორჩილებას, ნდობასა და თავდადებას (პირველი ნეშტთა 28:9; რომაელთა 1:20).
4 ვინაიდან იეჰოვა არის ცოცხალი ღმერთი და იმის დანახვაც კი შეუძლია, რაც გულში გვაქვს, არაფერია მის თვალთაგან დაფარული. მას კარგად ესმის, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მას ესმის, თუ რა იწვევს პრობლემებს, რომლებსაც ვხვდებით, ისევე კარგად, როგორც ფსიქიკური და ემოციური შფოთვა, რომლებსაც, შესაძლოა, ეს პრობლემები იწვევს ჩვენში. როგორც შემოქმედი ის უკეთესად გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. მან აგრეთვე იცის, როგორ დაგვეხმაროს, რომ თავი გავართვათ შექმნილ მდგომარეობას და როგორ უზრუნველყოს საიმედო შემსუბუქება. მწყემსის მსგავსად, რომელსაც ბატკანი ხელში ატატებული მიჰყავს, ის სიყვარულით დაგვეხმარება, თუ მთელი გულით მივენდობით მას (იგავნი 3:5, 6; ესაია 40:10, 11). ას ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის შესწავლას შეუძლია ამ ნდობის დიდად გაძლიერება.
პიროვნება, რომელიც ხედავს ჩვენს გზებს
5 მადლიერებით აღსავსე ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „უფალო, გამომცადე და შემიცანი“ (ფსალმუნი 138:1). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მას მხოლოდ ზერელედ არ იცნობდა. ადამიანების მსგავსად, ღმერთი მხოლოდ მის ფიზიკურ აღნაგობას, ლაპარაკის უნარსა და ქნარზე დაკვრის ოსტატობას როდი ხედავდა (პირველი მეფეთა 16:7, 18). იეჰოვამ ‘გამოსცადა’ დავითის, როგორც პიროვნების შინაგანი ბუნება და ეს სიყვარულით აღსავსე მზრუნველობით გააკეთა მისი სულიერი კეთილდღეობისთვის. თუ შენ იეჰოვასადმი თავდადებული მსახური ხარ, ის შენც ისევე კარგად გიცნობს, როგორც დავითს. ნუთუ არ იწვევს ეს შენში მადლიერებასთან ერთად მოკრძალებულ შიშსაც?
6 დავითის არცერთი მოქმედება არ იყო დაფარული იეჰოვასთვის და დავითსაც შეგნებული ჰქონდა ეს. ის წერდა: „შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე“ (ფსალმუნი 138:2, 3). ის ფაქტი, რომ იეჰოვა იყო დედამიწისგან შორს, ზეცაში, ხელს არ უშლიდა სცოდნოდა, თუ რას ფიქრობდა და რას აკეთებდა დავითი. ღმერთმა ‘განსაზღვრა’, ანუ დღე და ღამე გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს დავითს, რომ გაეგო, თუ როგორი იყო მისი საქმეები.
7 როცა ღმერთისადმი სიყვარულითა და მისი გადამრჩენი ძალისადმი ნდობით აღჭურვილი ახალგაზრდა დავითი საკუთარი სურვილით შეებრძოლა ფილისტიმელ გოლიათს, ღმერთმა იცოდა ეს (პირველი მეფეთა 17:32–37, 45–47). მოგვიანებით, როცა მტრულად განწყობილი ადამიანების გამო დავითი მწვავე გულისტკივილს განიცდიდა, როცა ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელი ღამე ცრემლებს ღვრიდა, მას ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ისმენდა მის ვედრებას (ფსალმუნი 6:7, 10; 54:3–6, 23). აგრეთვე, როცა მადლიერებით აღსავსე გულმა დავითი აღძრა მთელი უძილო ღამის განმავლობაში ეფიქრა იეჰოვაზე, იეჰოვამ შესანიშნავად იცოდა ეს (ფსალმუნი 62:7; შეადარე ფილიპელთა 4:8, 9). ერთ საღამოს, როცა დავითი უთვალთვალებდა მეზობლის მობანავე ცოლს, იეჰოვამ ესეც იცოდა, და მან დაინახა თუ რა მოხდა, როცა დავითმა მცირე ხნით ცოდვილიან სურვილს ნება დართო ღმერთი განედევნა მისი ფიქრებიდან (მეორე მეფეთა 11:2–4). მოგვიანებით, როცა წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა, რათა მისი ცოდვის მთელი სერიოზულობის პირისპირ დაეყენებინა, იეჰოვამ არა მარტო დავითის ბაგეებიდან გამოსული სიტყვები გაიგონა, არამედ დაინახა, რომ ის მომნანიებელი გულიდან გამომდინარეობდა (მეორე მეფეთა 12:1–14; ფსალმუნი 50:3, 19). ნუთუ ამან სერიოზულად არ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ სად დავდივართ, რას ვაკეთებთ ან რა გვაქვს გულში?
8 რამდენადაც ღმერთმა ყველაფერი იცის, რასაც ვაკეთებთ, არ უნდა გაგვაოცოს, რომ მან ისიც იცის, თუ როგორ ვიყენებთ სხეულის ისეთ პატარა ნაწილს, როგორიცაა ენა. მეფე დავითს ესმოდა ეს და წერდა: „თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად“ (ფსალმუნი 138:4). დავითმა კარგად იცოდა, რომ იეჰოვას კარავში სასურველი სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც ცილს არ სწამებენ სხვებს და რომლებიც თავიანთ ენას არ იყენებენ ისეთ ამბებზე ხმების გასავრცელებლად, რომელსაც სირცხვილი მოაქვს ახლო ნაცნობებისთვის. იეჰოვა კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულშიც კი (ფსალმუნი 14:1–3; იგავნი 6:16–19). არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია სრულყოფილი კონტროლი გაუწიოს საკუთარ ენას, მაგრამ დავითმა ხელი კი არ ჩაიქნია და დაასკვნა, რომ არაფრის გაკეთება შეიძლებოდა თავისი მდგომარეობის გამოსასწორებლად. იეჰოვას განსადიდებლად, ის დიდ დროს უთმობდა ფსალმუნების შექმნასა და მათ შესრულებას. ის, ასევე, აღიარებდა, რომ საჭიროებდა დახმარებას და ამის შესახებ ლოცულობდა ღმერთის მიმართ (ფსალმუნი 18:13–15). საჭიროა თუ არა ლოცვის საშუალებით ავწონ-დავწონოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ენა?
9 იეჰოვა ჩვენს პიროვნებას ან მდგომარეობას მხოლოდ ცალმხრივად როდი უყურებს. მის წინაშე გადაშლილია მთელი სურათი, ყოველი მხრიდან. დავითმა თვალსაჩინოებისთვის გამოიყენა ალყაშემორტყმული ქალაქი და წერდა: „უკნიდან და წინიდან გარემომიცავი“. დავითის შემთხვევაში ღმერთი არ იყო გარემომცველი მტერი; არამედ ის იყო ფხიზელი დამცველი. „დადე ჩემზე ხელი შენი“ — დაუმატა დავითმა და ამგვარად მიუთითა ღმერთისგან ხელმძღვანელობასა და დაცვაზე, რომელიც მის მოყვარულთა ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება. „უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას“ — აღიარა დავითმა (ფსალმუნი 138:5, 6). ისე სრულყოფილად, ისე დაწვრილებით იცნობს ღმერთი თავის მსახურებს, რომ ჩვენ მთლიანად ვერ ჩავწვდებით ამას. მაგრამ ჩვენი ცოდნა საკმარისია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას ნამდვილად ესმის ჩვენი და რომ ის საუკეთესო დახმარებით უზრუნველგვყოფს (ესაია 48:17, 18).
სადაც არ უნდა ვიყოთ, ღმერთს შეუძლია დაგვეხმაროს
10 იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის სხვა მხრივ გაშუქებისას ფსალმუნმომღერალი აგრძელებს: „საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?“ მას იეჰოვასგან გაქცევის არავითარი სურვილი ჰქონია; პირიქით, მან იცოდა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო, იეჰოვას ეცოდინებოდა ეს და სულიწმიდის საშუალებით შეეძლო დახმარებოდა. „ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, — ის აგრძელებს, — ქვესკნელში ჩავიდე და — იქაც ხარ! ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი. და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე“ (ფსალმუნი 138:7–12). სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა ჩავვარდეთ, ყოველთვის ვართ მისი მხედველობის არეში, ასევე მისი სულიწმიდის წვდომის არეში, რომელსაც გვიგზავნის დასახმარებლად.
11 ერთ დროს წინასწარმეტყველმა იონამ დაივიწყა ეს. იეჰოვამ ის ნინევეში საქადაგოდ გაგზავნა. გარკვეული მიზეზების გამო მან გადაწყვიტა, რომ ვერ შეასრულებდა ამ დავალებას. შესაძლოა, ასურეველთა ცუდმა რეპუტაციამ შეაშინა ის, ემსახურა ნინევეში. ამიტომ მან გადაწყვიტა დამალულიყო. ზღვისპირა ქალაქ იაფოში იონა ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა თარშიშში (რომელსაც, საერთოდ, ესპანეთს უკავშირებენ და მდებარეობდა ნინევედან დასავლეთით 3 500 კილომეტრის მოშორებით). მიუხედავად ამისა, იეჰოვა ხედავდა, თუ როგორ ჩაჯდა ის გემში და როგორ ჩავიდა ტრიუმში დასაძინებლად. ღმერთმა, ასევე იცოდა თუ სად იყო იონა, როცა მოგვიანებით ის გემიდან წყალში გადააგდეს, და იეჰოვას ესმოდა მისი, როცა ის დიდი თევზის მუცელში მყოფი, დაჰპირდა, რომ შეასრულებდა თავის აღთქმას. ხმელეთზე ‘გადმონთხეულ’ იონას, კვლავ მიეცა შესაძლებლობა, შეესრულებინა თავისი დავალება (იონა 1:3; 2:1—3:4).
12 რამდენად უკეთესი იქნებოდა იონასთვის თავიდანვე ჰქონოდა იმედი, რომ იეჰოვას სული დაეხმარებოდა დავალების შესრულებაში! მიუხედავად ამისა, მოგვიანებით იონამ თავმდაბლურად ჩაწერა თავისი თავგადასავალი და იმ დროიდან მოყოლებული ეს ჩანაწერი მრავალს დაეხმარა, გამოევლინა იეჰოვასადმი ნდობა, რისი მიღწევაც, როგორც ჩანს, ასე ძნელი იყო იონასთვის (რომაელთა 15:4).
13 ელიას თავგადასავალი რამდენადმე განსხვავებული იყო. მან ერთგულად გამოაცხადა იეჰოვას გადაწყვეტილება, რომ ისრაელი თავისი ცოდვების გამო გვალვით დაისჯებოდა (მესამე მეფეთა 16:30–33; 17:1). ქარმელის მთაზე, იეჰოვასა და ბაალის დაპირისპირების დროს, ის გაბედულად გამოვიდა ჭეშმარიტი თაყვანისცემის მხარდასაჭერად. ის ბოლომდე მტკიცედ მოქმედებდა და კიშონის ხევში სიკვდილით დასაჯა ბაალის 450 წინასწარმეტყველი. მაგრამ, როცა განრისხებულმა დედოფალმა იზებელმა დაიფიცა, რომ მოაკვლევინებდა ელიას, ის გაიქცა ქვეყნიდან (მესამე მეფეთა 18:18–40; 19:1–4). იყო თუ არა მასთან იეჰოვა იმ ძნელბედობის ჟამს? დიახ, რასაკვირველია. ელია რომ ასულიყო ისეთ მაღალ მთაზე, თითქოს ცაში ასულიყო; მიწაშიც რომ ჩასულიყო ისე ღრმად, თითქოს ქვესკნელში, შეოლში ჩასულიყო; შორეულ კუნძულზეც რომ გაქცეულიყო სიჩქარით, რომელიც დედამიწაზე განთიადის შუქის გავრცელების მსგავსია — იეჰოვას ხელი ყველგან გააძლიერებდა და უხელმძღვანელებდა მას (შეადარე რომაელთა 8:38, 39). მგზავრობისთვის იეჰოვამ ელია გააძლიერა არა მხოლოდ საჭმლით, არამედ თავისი მოქმედი ძალის სასწაულებრივი გამოვლენითაც. ასეთნაირად განმტკიცებულმა ელიამ მიიღო შემდგომი დავალება (მესამე მეფეთა 19:5–18).
14 ფსალმუნის 138:7–12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები არ ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი, რომ ის არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის ყველგან ესწრება. საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს საპირისპიროს (მეორე რჯული 26:15; ებრაელთა 9:24). მაგრამ მისი მსახურები არასდროს იმყოფებიან მისი თვალთახედვის არის გარეთ. ეს ჭეშმარიტება არის მათთვის, რომლებიც თეოკრატიული დავალებით შორეულ ადგილებში გაიგზავნა. ეს, ასევე, ჭეშმარიტება იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ერთგული მოწმეებისთვის და ასევე მისიონერებისთვის, რომლებიც 1950-იანი წლების დასასრულიდან 1960-იანი წლების დასაწყისამდე ჩინეთის საპატიმროში სამარტოო ტუსაღობაში იყვნენ. ეს, ასევე, ჭეშმარიტება იყო ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ჩვენი საყვარელი ძმებისა და დებისთვის, რომლებსაც არაერთხელ მოუწიათ გაქცეულიყვნენ საკუთარი სოფლებიდან და ქვეყნიდანაც კი. თუ საჭიროა, იეჰოვას შეუძლია შეაღწიოს პირდაპირ შეოლში, საკაცობრიო სამარეში, და აღდგენის საშუალებით იქიდან გამოიყვანოს ერთგული პიროვნებები (იობი 14:13–15; ლუკა 20:37, 38).
პიროვნება, რომელსაც ნამდვილად ესმის ჩვენი
15 ფაქტს, რომ ღმერთი გვიცნობს ჯერ კიდევ დაბადებამდე, ყურადღება მიაპყრო ინსპირირებულმა ფსალმუნმომღერალმა, როცა ამბობდა: „რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:13, 14). მშობლებისგან მიღებული გენების კომბინაცია, რომელიც იქმნება ჩასახვის მომენტში, ქმნის სტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ პოტენციალზე. ღმერთი ხედავს ამ პოტენციალს. ამ ფსალმუნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თირკმელებს, რომელიც საღვთო წერილში ხშირად გამოიყენება პიროვნების იდუმალი მხარეების წარმოსახვისთვისa (ფსალმუნი 7:10, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; იერემია 17:10, ძვო). იეჰოვამ იცის ჩვენს შესახებ ეს წვრილმანები ჩვენს დაბადებამდე. მან, ასევე, სიყვარულით აღსავსე მზრუნველობით შექმნა ადამიანის სხეული ისე, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმისათვის, რომ ‘გამოიძერწოს’ ემბრიონი, დედის საშვილოსნოში ქმნის ჩანასახის მფარავ გარსს, რომელიც განვითარებისას იცავს მას.
16 შემდეგ ფსალმუნმომღერალი აგრძელებს ყურადღების გამახვილებას ღმერთის გამჭრიახობაზე სიტყვებით: „არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი“ (ფსალმუნი 138:15, 16). არავითარი ეჭვი არსებობს იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, გვიგებენ თუ არა ადამიანები, იეჰოვას ესმის ჩვენი. როგორი გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენზე?
17 ას ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის მწერალმა იცოდა, რომ ღმერთის საქმეები, რომლის შესახებაც ის წერდა, შესანიშნავი იყო. ასეთივეა თუ არა შენი აზრიც ამის შესახებ? მშვენიერება აღძრავს პიროვნებას ღრმად ჩაფიქრდეს ან გამოავლინოს აღტაცებული ყურადღება. შესაძლოა, შენი რეაქციაც ასეთია იეჰოვას საქმეების მიმართ, რომელიც ფიზიკურ ქმნილებებში გამოვლინდა (შეადარე ფსალმუნი 8:4, 5, 10). მსგავსია თუ არა შენი რეაქცია, როცა ფიქრობ იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ღმერთმა მესიანური სამეფოს დამყარებისთვის, რას აკეთებს კეთილი ცნობის მთელ დედამიწაზე ქადაგებისთვის და იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ღმერთის სიტყვა ადამიანს? (შეადარე 1 პეტრე 1:10–12).
18 მსგავსი განცდა გეუფლება თუ არა, როცა გაიაზრებ ღმერთისადმი მოკრძალების შთამნერგავი საქმეების შესახებ, აღძრავს ის შენში კეთილმოქმედ შიშს, რომელიც მძლავრი მამოქმედებელი ძალაა, და რომელიც შენს პიროვნებასა და შენი ცხოვრების წესზე დიდ გავლენას ახდენს? (შეადარე ფსალმუნი 65:5). თუ ასეა, შენი გული აღგძრავს აქო იეჰოვა, განადიდო ის, ყოველ სათანადო შემთხვევაში მოუთხრო სხვებს მისი განზრახვებისა და იმ ჩინებული რამის შესახებ, რომელიც თავისი მოყვარულებისთვის აქვს გათვალისწინებული (ფსალმუნი 144:1–3).
[სქოლიოები]
a იხილე Insight on the Scriptures, II ტომი, გვერდი 150; გამოცემული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
როგორია შენი კომენტარი?
◻ იმის ცოდნა, რომ „იეჰოვა არის ღმერთი“, როგორ გვეხმარება მისადმი სიხარულით მსახურებაში?
◻ რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე იმის ცოდნამ, რომ იეჰოვამ იცის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ?
◻ რატომ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ ყოველთვის იეჰოვას მხედველობის არეში ვართ?
◻ რატომ შეუძლია ღმერთს გაგვიგოს ისე, როგორც არ შეუძლია არცერთ ადამიანს?
◻ რატომ აღგვძრავს ასეთი შესწავლა, ვაქოთ იეჰოვა?
[სასწავლო კითხვები]
1. რამდენად არის გავრცელებული აზრი, რომ „სხვებს არ ესმით“ ის მღელვარება, პრობლემები და სიძნელეები, რომლებსაც ვხვდებით?
2. როგორაა იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის შესაძლებელი ჰქონდეთ ღრმა კმაყოფილების გრძნობა?
3, 4. ა) როგორ შეუძლია იმ ფაქტს, რომ „უფალია [იეჰოვა არის, აქ] ღმერთი“ და რომ მან „შეგვქმნა ჩვენ“, დაგვეხმაროს სიხარულით ვემსახუროთ მას? ბ) რატომ ვართ სავსებით დარწმუნებული იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობაში?
5. რას ნიშნავს იეჰოვა ‘გვცდის’ და რატომ არის ეს სასურველი?
6. როგორ ცხადყოფს ფსალმუნის 138:2, 3, რომ იეჰოვამ იცის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვფიქრობთ?
7. ა) საფუძვლად გამოიყენე დავითის ცხოვრების ეპიზოდები და კომენტარი გაუკეთე იმას, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ. ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?
8. ა) როგორ შეუძლია ‘სიტყვას ჩვენს ენაზე’ გავლენა იქონიოს ღმერთის წინაშე ჩვენს რეპუტაციაზე? ბ) როგორ შეიძლება ენის ბოროტად გამოყენების სისუსტის დაძლევა? (მათე 15:18; ლუკა 6:45).
9. ა) როგორც ფსალმუნის 138:5-დან ჩანს, რამდენად საფუძვლიანად იცის ღმერთმა ჩვენი მდგომარეობა? ბ) რაში გვარწმუნებს ეს?
10. რა გამამხნევებელი ჭეშმარიტებაა ხატოვნად გადმოცემული ფსალმუნის 138:7–12-ში?
11, 12. ა) იონას შემთხვევაში, როგორ გამოვლინდა იეჰოვას უნარი, დაენახა და დახმარებოდა, თუმცა იონამ დროებით დაივიწყა ეს? ბ) რა სარგებლობა უნდა მოგვიტანოს იონას თავგადასავალმა?
13. ა) რა დავალებები შეასრულა ერთგულად ელიამ, ვიდრე მოუწევდა დედოფალ იზებელისგან გაქცევა? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა ელიას მაშინ, როცა ის ცდილობდა, ისრაელის გარეთ ეპოვა თავშესაფარი?
14. ა) რატომ იქნებოდა არასწორი, დაგვესკვნა, რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი? ბ) რა მდგომარეობებში ავლენდა იეჰოვა სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას თანამედროვე მსახურებისადმი? გ) შეოლშიც რომ ვყოფილიყავით, როგორ შეიძლებოდა ღმერთი იქ ყოფილიყო?
15. ა) რამდენი ხნით ადრე შეუძლია იეჰოვას, დააკვირდეს ჩვენს განვითარებას? ბ) ფსალმუნმომღერლის მიერ თირკმელების მოხსენიება, როგორ მიუთითებს, რომ ღმერთი გვიცნობს ჩვენ?
16. ა) როგორ ჰფენს შუქს ფსალმუნის 138:15, 16 ღმერთის გამჭრიახობას? ბ) რატომ უნდა გაგვამხნევოს ამან?
17. რისკენ აღგვძრავს ღმერთის დიდებული საქმეების გადახედვა?
18. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ღმერთის მოკრძალების მომგვრელმა საქმიანობამ?