„გამომცადე, უფალო“
„გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი. . . წამიძეღი მარადიულ გზაზე“ (ფსალმუნი 138:23, 24).
თითოეულ ჩვენგანს მოსწონს, მიმართოს ისეთ პიროვნებას, ვისაც ესმის ჩვენი, ვინც ითვალისწინებს ჩვენს მდგომარეობას, ვინც გვეხმარება შეცდომების დაშვების დროს, ვინც არ მოითხოვს ჩვენგან იმაზე მეტს, რისი უნარიც გვაქვს. იეჰოვა ღმერთი ასე ეპყრობა თავის მსახურებს. ფსალმუნის 102:14 ამბობს: „[მან] უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“. იესო ქრისტე, რომელიც სრულყოფილად განასახიერებს თავის მამას, გულთბილად იწვევს ყველას: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი, [ანუ დადექით უღელში ჩემთან ერთად, აქ, სქოლიო] და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28–30).
2 იეჰოვას თვალსაზრისი თავის მსახურებზე, ხშირად, მკვეთრად განსხვავდება მათ შესახებ ადამიანების თვალსაზრისისგან. ის მდგომარეობას სხვადასხვა კუთხიდან უყურებს და ითვალისწინებს ისეთ მხარეებს, რომელთა შესახებ სხვებმა არაფერი იციან. როცა იესო ქრისტე დედამიწაზე ცხოვრობდა, ის „საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული“. ისინი, რომლებსაც არ სწამდათ, რომ მესია იყო, ‘არად აგდებდნენ’ მას (ესაია 53:3; ლუკა 23:18–21). მაგრამ ღმერთის თვალში ის იყო: „[ღმერთის] საყვარელი ძე“, რომელსაც მამამ უთხრა: „შენშია ჩემი სათნოება“ (ლუკა 3:22; 1 პეტრე 2:4). იესო ქრისტეს მიმდევართა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ზემოდან დაჰყურებენ, ვინაიდან ისინი მატერიალურად ღარიბები არიან და მრავალ გასაჭირს იტანენ. მაგრამ იეჰოვასა და მისი ძის თვალში ასეთ პიროვნებებს შეუძლიათ იყვნენ მდიდრები (რომაელთა 8:35–39; გამოცხადება 2:9). რატომ არის თვალსაზრისებში განსხვავება?
3 იერემიას 11:20 იძლევა პასუხს: ‘უფალი საბაოთი. . . გამომცდელია თირკმლებისა და გულისა’ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). ის ხედავს, თუ როგორი ვართ შინაგანად, ხედავს ჩვენი პიროვნების იმ მხარეებსაც კი, რომლებიც სხვებისთვის დაფარულია. გამოკვლევისას ის ძირითადად ყურადღებას ამახვილებს იმ თვისებებსა და მდგომარეობებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მასთან ურთიერთობაში, და რომლებსაც უხანგრძლივესი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. ამის ცოდნა გვამხნევებს, მაგრამ გვაფხიზლებს კიდეც. ვინაიდან იეჰოვა ყურადღებას აქცევს ჩვენს შინაგან პიროვნებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევამოწმოთ, როგორები ვართ შინაგანად, თუ გვინდა ვიყოთ ისეთი პიროვნებები, როგორიც მას სურს, ჰყავდეს ახალ ქვეყნიერებაში. მსგავსი გამოკვლევის ჩატარებაში დაგვეხმარება ღმერთის სიტყვა (ებრაელთა 4:12, 13).
რამდენად ძვირფასია ღმერთის ზრახვები!
4 მას შემდეგ, რაც ჩაფიქრდა თავისი მსახურების შესახებ ღმერთის ცოდნის სიღრმესა და თვალთახედვის სიფართოვეზე, ასევე, ღმერთის არაჩვეულებრივ უნარზე, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი დახმარება, ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია [ძვირფასია, აქ] ზრახვანი შენნი“ (ფსალმუნი 138:17ა). ეს აზრები, რომლებიც გადმოცემულია ღმერთის სიტყვაში, ბევრად აღემატება ადამიანის აზრებს, რაც არ უნდა ბრწყინვალე ჩანდეს ისინი (ესაია 55:8, 9). ღმერთის ზრახვები გვეხმარება ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია და მისადმი მსახურებაში ვიყოთ გულითადები (ფილიპელთა 1:9–11). ისინი გვიჩვენებს ღმერთის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე. ისინი გვეხმარება, ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, გაბედულად ჩავიხედოთ გულში, თუ როგორ პიროვნებას წარმოვადგენთ. მზად ხარ თუ არა ამის გასაკეთებლად?
5 ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნულ მხარეებს, მაგრამ საღვთო წერილი გვირჩევს: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად“ (იგავნი 4:23). მითითებებითა და მაგალითებით ბიბლია გვეხმარება ამის გაკეთებაში. ის გვეუბნება, რომ კაენმა ფორმალურად შესწირა ღმერთს მსხვერპლი, როდესაც, სინამდვილეში, მის გულში ჯერ აღშფოთება, ხოლო შემდეგ სიძულვილი იყო — თავისი ძმის, აბელის, მიმართ. და ის მოგვიწოდებს, არ ვიყოთ კაენის მსგავსი (დაბადება 4:3–5; 1 იოანე 3:11, 12). ბიბლიაში ჩაწერილია მოსეს რჯულის მოთხოვნები მორჩილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მოსეს რჯულის ძირითად მოთხოვნებზე: იეჰოვას თაყვანისმცემლებს მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით უნდა ჰყვარებოდათ ღმერთი; და შემდეგ ნათქვამია, რომ მომდევნო მნიშვნელოვანი მცნება იყო, საკუთარი თავივით ჰყვარებოდათ მოყვასი (მეორე რჯული 5:29, 30; მარკოზი 12:28–31).
6 იგავნის 3:1 მოგვიწოდებს, არა მარტო მივყვეთ ღმერთის მცნებებს, არამედ დარწმუნებული ვიყოთ, რომ მთელი გულით ვავლენთ მორჩილებას. თითოეულმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „ნამდვილად ასეთია ღმერთის მოთხოვნებისადმი ჩემი მორჩილება? “ თუ ვხვდებით, რომ გარკვეულ საკითხებში ჩვენი მოტივები და აზროვნება მთლად სწორი არ არის — და არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია თქვას, რომ უნაკლოა — მაშინ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ მდგომარეობის გამოსასწორებლად?“ (იგავნი 20:9; 1 იოანე 1:8).
7 იუდეველი ფარისევლები თვალთმაქცურად ამტკიცებდნენ, რომ თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, მაშინ როცა მოხერხებულად უწყობდნენ ხელს პირადი ინტერესებით ნაკარნახევ მოქმედებას, იესომ ამხილა მათი პირმოთნეობა და დაანახა, რომ მათი თაყვანისცემა ამაო იყო (მათე 15:3–9). იესომ, ასევე, გააფრთხილა, რომ გულთამხილავი ღმერთის მოსაწონად, საკმარისი არ არის მოჩვენებითად ზნეობრივი სუფთა ცხოვრების გატარება, მაშინ როცა მგზნებარე სურვილების დასაკმაკოფილებლად გამუდმებით მივმართავთ ამორალურ ფიქრებს. შეიძლება ჩვენი გონებისა და გულის გამოსასწორებლად გადამწყვეტი ზომების მიღება დაგვჭირდეს (იგავნი 23:12; მათე 5:27–29). მსგავსი დისციპლინება შეიძლება დაგვჭირდეს, როცა ამქვეყნიური სამუშაოს გამო, განათლების მიღების მიზნით ან არჩეული გართობის გამო ვიწყებთ ქვეყნიერების მიბაძვას და ქვეყნიერებას საშუალებას ვაძლევთ ჩამოგვაყალიბოს თავისი ნორმების მიხედვით. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ მოწაფე იაკობი ‘მრუშად’ მოიხსენიებს მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიეკუთვნებიან ღმერთს, მაგრამ ამქვეყნიერებასთან მეგობრობა სურთ. რატომ? იმიტომ, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] წევს“ (იაკობი 4:4; 1 იოანე 2:15–17; 5:19).
8 ამ და სხვა საკითხებზე ღმერთის შეხედულებებიდან სრული სარგებლობის მისაღებად საჭიროა, დრო გამოვუყოთ ღმერთის სიტყვის წაკითხვას ან მოსმენას. უფრო მეტიც, აუცილებელია მათი შესწავლა, მათ შესახებ ლაპარაკი და მათზე ფიქრი. „საგუშაგო კოშკის“ მრავალი მკითხველი რეგულარულად ესწრება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს, სადაც განიხილება ბიბლია. ისინი ამას აკეთებენ იმ დროის ხარჯზე, რომელიც სხვა საქმეებს მიჰქონდა (ეფესელთა 5:15–17). და რაც მათ სანაცვლოდ მიიღეს, მატერიალურ სიმდიდრეზე ბევრად ძვირფასია. იმავეს გრძნობ თუ არა შენც?
9 მაგრამ იმ პირებმა, რომლებიც ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს, შედარებით სწრაფად განიცადეს სულიერი პროგრესი, ვიდრე სხვებმა. ისინი უფრო სრულად იყენებენ ჭეშმარიტებას თავიანთ ცხოვრებაში. რა იწვევს ამას? ხშირად, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პირად შესწავლაში სიბეჯითე. მათ ესმით, რომ ჩვენ ვცოცხლობთ არა მხოლოდ პურით; რომ ყოველდღიურად სულიერი საკვების მიღება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურის (მათე 4:4; ებრაელთა 5:14). ასევე, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ყოველდღიურად დრო გამოუყონ ბიბლიის ან მისი ამხსნელი პუბლიკაციების კითხვას. ისინი ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის, წინასწარ სწავლობენ გაკვეთილებს და ნახულობენ მითითებულ მუხლებს ბიბლიაში. ისინი აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე მასალის მხოლოდ წაკითხვა; ისინი ფიქრობენ წაკითხულზე. მათი შესწავლის მეთოდში შედის სერიოზული დაფიქრება იმ ეფექტზე, რომელიც წაკითხულმა უნდა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. სულიერ ზრდასთან ერთად მათ უჩნდებათ ფსალმუნმომღერლის მსგავსი გრძნობა, რომელიც წერდა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი. . . საოცარია მცნებანი შენნი“ (ფსალმუნი 1:1–3; 118:97, 129).
10 მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის სიტყვას შეიძლება ერთი წლის, 5 წლის ან 50 წლის განმავლობაში ვსწავლობთ, თუ ღმერთის აზრები ჩვენთვის ძვირფასია, ის არასდროს ხდება მომაბეზრებელი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც ვსწავლობთ საღვთო წერილს, მასში ყოველთვის ბევრი რამ რჩება, რომელიც ჩვენ არ ვიცით. „ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი. დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია“ — ამბობდა დავითი. ღმერთის აზრები ბევრად აღემატება ჩვენი დათვლის უნარს. თუ მთელი დღის განმავლობაში ჩამოვთვლიდით ღმერთის აზრებს და ამ ჩამოთვლაში ჩავიძინებდით, დილით, გამოღვიძებისას, ამის შესახებ უამრავი საფიქრალი გვექნებოდა დარჩენილი. ამიტომ დავითი წერდა: „გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ“ (ფსალმუნი 138:17, 18). მთელი მარადისობის განმავლობაში უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვასა და მისი გზების შესახებ. ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ იმ ზღვარს, როცა ყველაფერი გვეცოდინება (რომაელთა 11:33).
სიძულვილი იმისა, რაც იეჰოვას სძულს
11 ღმერთის სიტყვის შესწავლისას მხოლოდ გონების ინფორმაციით გავსება არ არის ჩვენი მიზანი. თუ ღმერთის აზრებს ნებას ვრთავთ შეაღწიოს ჩვენს გულში, მაშინ ვიწყებთ ღმერთის გრძნობების გაზიარებას. რამდენად მნიშვნელოვანია ეს! თუ არ განვავითარებთ ასეთ გრძნობებს, როგორი შეიძლება იყოს შედეგი? თუმცა შევძლებთ იმის გამეორებას, რასაც ბიბლია ამბობს, მაგრამ შეიძლება, რაც აკრძალულია, სასურველად გვეჩვენებოდეს ან შეიძლება ბიბლიის მოთხოვნები გვემძიმებოდეს. ეს მართალია, რომ მაშინაც კი, როცა გვძულს ყოველივე ცუდი, ჩვენს არასრულყოფილებასთან გვიწევს ბრძოლა (რომაელთა 7:15). მაგრამ, თუ სერიოზულ ძალისხმევას არ ვახმართ, რომ ჩვენი შინაგანი პიროვნება იმასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, რაც სწორია, შევძლებთ კი ვასიამოვნოთ იეჰოვას, რომელიც ‘გულების გამომწრთობია’ (იგავნი 17:3).
12 ღმერთისთვის მოსაწონი სიძულვილი ბოროტების ჩადენისგან დამცავი მძლავრი იარაღია, ისევე, როგორც ღმერთისთვის მოსაწონი სიყვარული სწორად მოქმედებას სასიამოვნოს ხდის (1 იოანე 5:3). ბიბლია არაერთხელ მოგვიწოდებს, განვავითაროთ როგორც სიყვარული, ასევე სიძულვილი. „უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (ფსალმუნი 96:10). „განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს“ (რომაელთა 12:9). ვაკეთებთ ჩვენ ამას?
13 იეჰოვამ ნათლად გვაუწყა თავისი განზრახვა, მოსპოს ბოროტები და გვაუწყა ახალი დედამიწის შესახებ, რომელზეც დამკვიდრებულია სამართლიანობა (ფსალმუნი 36:10, 11; 2 პეტრე 3:13). სამართლიანობის მოყვარულებს სწყურიათ ამ დროის დადგომა. ისინი სავსებით ეთანხმებიან ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც ლოცულობდა: „ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან! რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები“ (ფსალმუნი 138:19, 20). დავითს არ სწყუროდა პირადად გაენადგურებინა ასეთი ბოროტები. ის ლოცულობდა, რომ დამსახურებული სასჯელი იეჰოვას ხელით განხორციელებულიყო (მეორე რჯული 32:35; ებრაელთა 10:30). საქმე ეხებოდა არა იმ ადამიანებს, რომლებმაც დავითი რაღაცნაირად, უბრალოდ, პირადად გაანაწყენეს, არამედ ადამიანებს, რომლებიც არასწორად ლაპარაკობდნენ ღმერთის შესახებ და უღირსად იხსენიებდნენ მის სახელს (გამოსვლა 20:7). ისინი თაღლითურად აცხადებდნენ, რომ ემსახურებოდნენ ღმერთს, მაგრამ მის სახელს საკუთარი ხრიკების ხელშესაწყობად იყენებდნენ. დავითს არ უყვარდა ის პიროვნებები, რომლებიც ღმერთის მოწინააღმდეგედ ყოფნას ირჩევდნენ.
14 არსებობს მილიარდობით ადამიანი, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას. მრავალი მათგანი არცოდნის გამო ისეთ რამეს სჩადის, რასაც ღმერთის სიტყვა ბოროტებად მიიჩნევს. თუ ისინი იმავე გზით სიარულს გააგრძელებენ, იქნებიან მათ შორის, რომლებიც დიდი ჭირის დროს განადგურდებიან. მაგრამ იეჰოვას არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებს ბოროტების სიკვდილი, ეს არც ჩვენ უნდა გვსიამოვნებდეს (ეზეკიელი 33:11). სანამ დროა, ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ისწავლონ და მიჰყვნენ იეჰოვას გზებს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ზოგიერთი ადამიანი იეჰოვასადმი მძაფრ სიძულვილს ავლენს?
15 მათ შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო [შენი მოწინააღმდეგეების მიმართ ზიზღი არ ვიგრძნო, აქ]? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე“ (ფსალმუნი 138:21, 22). დავითი მათ ზიზღით იმიტომ უყურებდა, რომ ამ ხალხს ძალიან სძულდა იეჰოვა. მათ შორის — რომლებიც ავლენენ იეჰოვასადმი სიძულვილს იმით, რომ ეწინააღმდეგებიან მას — არიან განდგომილები. სინამდვილეში, განდგომილება იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებაა. ზოგიერთი განდგომილი აცხადებს, რომ იცნობს და ემსახურება ღმერთს, მაგრამ უარყოფს მის სიტყვაში მოცემულ სწავლებებსა და მოთხოვნებს. სხვები ამტკიცებენ, რომ სწამთ ბიბლიის, მაგრამ უარყოფენ იეჰოვას ორგანიზაციას და აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ მას მუშაობაში. როცა ისინი წინასწარგანზრახვით ამოირჩევენ ასეთ ბოროტებას მას შემდეგ, რაც გაიგეს, თუ რა არის სწორი, როცა ბოროტება ისე გაიდგამს ფესვებს მათში, რომ მათი ბუნების შემადგენელი ნაწილი გახდება, მაშინ ქრისტიანებს უნდა სძულდეთ (ამ სიტყვის ბიბლიური მნიშვნელობით) ისინი, რომლებიც განუყოფლად შეუერთდნენ ბოროტებას. ნამდვილი ქრისტიანები იზიარებენ იეჰოვას გრძნობას ასეთი განდგომილების მიმართ; მათ არ აინტერესებთ განდგომილთა იდეები. პირიქით, ისინი ‘ზიზღს გრძნობენ’ მათ მიმართ, რომლებმაც ღმერთის მოწინააღმდეგეებად გაიხადეს თავი, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანას იეჰოვას მიანდობენ (იობი 13:16; რომაელთა 12:19; 2 იოანე 9, 10).
როცა ღმერთი გვცდის
16 დავითს არ სურდა, მცირედშიც კი ბოროტი პიროვნებების მსგავსი ყოფილიყო. მრავალი ადამიანი ცდილობს დამალოს თავისი შინაგანი ბუნება, დავითი კი თავმდაბლურად ლოცულობდა: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე“ (ფსალმუნი 138:23, 24). თავისი გულის მოხსენიებისას დავითს მხედველობაში არ ჰქონია ფიზიკური ორგანო. ამ გამოთქმის სიმბოლურ მნიშვნელობასთან შესაბამისად, ის ლაპარაკობდა თავისი შინაგანი ბუნების, შინაგანი პიროვნების შესახებ. ჩვენც უნდა გვსურდეს, რომ ღმერთმა გამოიკვლიოს ჩვენი გული და დაინახოს, ხომ არა გვაქვს არასწორი სურვილები, მიდრეკილებები, გრძნობები, მიზნები, ფიქრები ან მოტივები (ფსალმუნი 25:2). იეჰოვა გვიწვევს: „შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ“ (იგავნი 23:26).
17 თუ ჩვენში ფარული ავადმყოფური, შემაწუხებელი ფიქრებია, ცუდი სურვილების ან მოტივების, ან ჩვენი მხრიდან რაღაც არასწორი საქციელის გამო, მაშინ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ იეჰოვა დაგვეხმაროს მდგომარეობის გამოსწორებაში. ფორმულირების „სახიფათო გზის“ ნაცვლად მოფატის თარგმანი იყენებს გამოთქმას „არასწორი კურსი“; „ახალი ინგლისური ბიბლია“ (The New English Bible) ამბობს: „ნებისმიერი გზა, რომელიც გულს გტკენს შენ [ესე იგი ღმერთს]“. შესაძლოა, ჩვენ თვითონვე არ გვესმის ნათლად ის ფიქრები, რომლებიც გვაწუხებს და ამიტომ არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ ჩვენი პრობლემები ღმერთთან, მაგრამ ღმერთს ესმის ჩვენი მდგომარეობა (რომაელთა 8:26, 27). თუ ჩვენს გულში არის ცუდი მიდრეკილებები, ამან არ უნდა გაგვაოცოს; მაგრამ არც უნდა გავამართლოთ ისინი (დაბადება 8:21). ჩვენ უნდა ვეძებოთ ღმერთის დახმარება მათ ამოსაძირკვად. თუ ჭეშმარიტად გვიყვარს იეჰოვა და მისი გზები, ჩვენ შეგვიძლია მას მივმართოთ ასეთი დახმარებისთვის და დარწმუნებული ვიყოთ, რომ „ღმერთი. . . ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე იცის“ (1 იოანე 3:19–21).
18 ფსალმუნმომღერლის ლოცვის შესაბამისად — ღმერთს ეხელმძღვანელა მისთვის მარადიულობის გზაზე — იეჰოვა, ნამდვილად, დღესაც ხელმძღვანელობს თავის თავმდაბალ, მორჩილ მსახურებს. ის ხელმძღვანელობს მათ არა მხოლოდ იმ გზაზე, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავდეს მათთვის, რომელზეც ისინი უდროოდ არ კვდებიან თავიანთი ბოროტებისთვის, არამედ გზაზე, რომელიც მიმყვანია მარადიულ სიცოცხლემდე. ის გვიხსნის, რომ ვსაჭიროებთ იესოს ძვირფას, გამომსყიდველურ მსხვერპლს. თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით ის უზრუნველგვყოფს აუცილებელი მითითებებით, რათა შეგვეძლოს მისი ნების შესრულება. ის ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეაგირება მის დახმარებაზე, რომ შინაგანადაც ისეთი გავხდეთ, როგორიც გარეგნულად ვჩანვართ (ფსალმუნი 85:11). ის გვამხნევებს, ვიქონიოთ სრულყოფილი ჯანმრთელობის იმედი სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის განმავლობაში, რომელსაც გამოვიყენებთ მისადმი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი, მსახურებაში. თუ ჩვენ გავაგრძელებთ მისი მითითებებისადმი ერთგულად გამოხმაურებას, მაშინ ის გვეტყვის იმავეს, რაც უთხრა თავის ძეს: „შენშია ჩემი სათნოება“ (ლუკა 3:22; იოანე 6:27; იაკობი 1:12).
როგორია შენი კომენტარი?
◻ ხშირად, რატომ განსხვავდება ძალიან იეჰოვას თვალსაზრისი თავისი მსახურების შესახებ ადამიანთა თვალსაზრისისგან?
◻ რა დაგვეხმარება, დავინახოთ ის, რასაც იეჰოვა ხედავს ჩვენი გულის გამოკვლევისას?
◻ რა სახის გამოკვლევა დაგვეხმარება ფაქტების შესწავლასა და ჩვენი გულის დაცვაში?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ვიცოდეთ, თუ რას ლაპარაკობს ღმერთი, არამედ გავიზიაროთ მისი გრძნობები?
◻ რატომ უნდა ვილოცოთ პირადად: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი“?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს?
2. შეადარე ერთმანეთს იეჰოვასა და ადამიანების თვალსაზრისი ა) იესო ქრისტესა და ბ) ქრისტეს მიმდევრების შესახებ.
3. ა) ხშირად, რატომ განსხვავდება ძალიან პიროვნების შესახებ იეჰოვას თვალსაზრისი ხალხის თვალსაზრისისგან? ბ) რატომ არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გამოვიკვლიოთ, თუ როგორი პიროვნებები ვართ შინაგანად?
4. ა) რამ აღძრა ფსალმუნმომღერალი გამოეცხადებინა, რომ იეჰოვას ზრახვები ძვირფასი იყო მისთვის? ბ) რატომ უნდა იყოს ის ჩვენთვისაც ძვირფასი?
5. ა) რისი შენახვისკენ მოგვიწოდებს ღმერთის სიტყვა „ყოველ შესანახავზე მეტად“? ბ) რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ცნობამ კაენის შესახებ? გ) მიუხედავად იმისა, რომ არ ვექვემდებარებით მოსეს კანონს, როგორ გვეხმარება ის იმის გაგებაში, თუ რა მოსწონს იეჰოვას?
6. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როდესაც ვიყენებთ იგავნის 3:1?
7. ა) როგორ დაგვეხმარება იესოს მიერ ფარისევლების მხილება, რომელიც ჩაწერილია მათეს 15:3–9-ში, ჩვენი გულების დაცვაში? ბ) რა შემთხვევებში შეიძლება დაგვჭირდეს მკაცრი დისციპლინარული ზომების მიღება ჩვენი გულისა და გონების გამოსასწორებლად?
8. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მთლიანად ვისარგებლოთ ღმერთის ძვირფასი აზრებიდან?
9. რატომ აღწევდნენ უფრო მეტ წარმატებებს ისინი, რომლებიც ესწრებოდნენ ქრისტიანულ კრებებს, ვიდრე სხვები?
10. ა) როდემდეა სასარგებლო ღმერთის სიტყვის შესწავლის გაგრძელება? ბ) როგორ გვიჩვენებს ამას ბიბლია?
11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ვიცოდეთ ღმერთის აზრები, არამედ გავიზიაროთ მისი გრძნობები?
12. რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთის მოსაწონი სიყვარული და ღმერთის მოსაწონი სიძულვილი?
13. ა) დავითის რომელ ლოცვას ვეთანხმებით სავსებით ბოროტების განადგურებასთან დაკავშირებით? ბ) ვინ არიან ის ბოროტები, რომელთა განადგურებაზეც ლოცულობდა დავითი?
14. არსებობენ თუ არა ბოროტი ადამიანები, რომელთა დახმარებაც შეიძლება? თუ დიახ, როგორ დავეხმაროთ მათ?
15. ა) ვინ არიან ის პირები, რომლებიც „მტრებად“ შერაცხა დავითმა? ბ) როგორ უნდა გამოვავლინოთ დღეს, რომ ‘გვძულს’ ღმერთის მოწინააღმდეგეები?
16. ა) რატომ სურდა დავითს, რომ იეჰოვას გამოეცადა ის? ბ) რის დანახვაში უნდა ვთხოვოთ ღმერთს დახმარება ჩვენს გულთან დაკავშირებით?
17. ა) რისი გაკეთება გვმართებს იმის ნაცვლად, რომ დავფაროთ შემაწუხებელი ფიქრები? ბ) თუ ჩვენს გულში აღმოვაჩენთ არასწორ მიდრეკილებებს უნდა გაგვაოცოს თუ არა ამან, და რა უნდა ვუყოთ მათ?
18. ა) როგორ გვიხელმძღვანელებს იეჰოვა მარადიულობის გზაზე? ბ) რა გულთბილ შექებას უნდა მოველოდეთ თუ გავაგრძელებთ, იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლას?