მთელ მსოფლიოში სიხარულით აღსავსე განმადიდებლებად გამოყოფილები
„ადიდეთ უფალი! ადიდეთ მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!“ (ფსალმუნი 112:1, კს).
1, 2. ა) ფსალმუნის 112:1–3-ის თანახმად, ვინ იმსახურებს ჩვენგან ენთუზიაზმით აღსავსე განდიდებას? ბ) რა კითხვაა დროული?
იეჰოვა ღმერთი არის ცისა და მიწის დიდებული შემოქმედი, ჩვენი მარადიული უზენაესი მმართველი. ის სავსებით იმსახურებს ჩვენგან ენთუზიაზმით აღსავსე განდიდებას. აი, რატომ მოგვიწოდებს ფსალმუნის 112:1–3 (კს): „ადიდეთ უფალი! ადიდეთ მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა“.
2 ჩვენ, როგორც ღვთის მოწმეებს, გვიხარია ამის კეთება. რამდენად აღმაფრთოვანებელია, რომ მალე იეჰოვა ღმერთი მთელ დედამიწას მოჰფენს ამ სასიხარულო სადიდებელ სიმღერას, რომელსაც დღეს ვმღერით! (ფსალმუნი 21:28). ისმის შენი ხმა ამ დიდ მსოფლიო გუნდში? თუ დიახ, როგორი ბედნიერების მომტანი უნდა იყოს შენთვის ამ დაყოფილი, უსიხარულო წუთისოფლიდან გამოყოფა!
3. ა) რა ხდის იეჰოვას ხალხს განსხვავებულს, თავისებურს? ბ) რაში ვართ გამოყოფილები?
3 გაერთიანებულად იეჰოვას განდიდება ნამდვილად განსხვავებულებს, თავისებურებს გვხდის. ჩვენ ვლაპარაკობთ და ვასწავლით თანხმობაში და ერთსა და იმავე მეთოდებს ვიყენებთ იეჰოვას ‘მრავალი სიკეთის’ გასაცხადებლად (ფსალმუნი 144:7). დიახ, როგორც იეჰოვას მიძღვნილი ხალხი, ჩვენ გამოყოფილები ვართ ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსახურებისთვის. ღმერთმა ძველ დროში მცხოვრებ თავის მიძღვნილ ხალხს, ისრაელს, უთხრა, გამოყოფილიყვნენ მათ გარშემო მყოფი ერებისგან და არ დალაქავებულიყვნენ მათი ჩვეულებებით (გამოსვლა 34:12–16). ამაში რომ დახმარებოდა, მან თავის ხალხს რჯული მისცა. ასევე დღეს იეჰოვამ მოგვცა თავისი წმინდა სიტყვა, ბიბლია. ამ წიგნის სწავლება გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია გამოყოფილები ვიყოთ ამ წუთისოფლისგან (2 კორინთელთა 6:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). ჩვენ არ ვართ გამოყოფილები მონასტერში განმარტოებული ცხოვრებით, როგორც ამას დიდი ბაბილონის ბერები და მონაზვნები აკეთებენ. იესო ქრისტეს მაგალითის მიყოლით ჩვენ იეჰოვას საჯაროდ განმადიდებლები ვართ.
მიბაძე იეჰოვას მთავარ განმადიდებელს
4. როგორ დაგვიტოვა იესომ მაგალითი იეჰოვას განდიდებაში?
4 იესოს არასოდეს გადაუხვევია თავისი მიზნიდან — განედიდებინა იეჰოვა. და ეს გამოყოფდა მას წუთისოფლისგან. სინაგოგებსა და იერუსალიმის ტაძარში ის ღვთის წმინდა სახელს ადიდებდა. მთაზე იყო თუ ზღვის პირას, სადაც კი ხალხი შეიკრიბებოდა, იესო საჯაროდ ქადაგებდა იეჰოვას ჭეშმარიტებებს. მან განაცხადა: «[„საჯაროდ“, აქ] გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო» (მათე 11:25). პონტოელი პილატეს წინაშე სასამართლოს დროსაც კი იესომ განაცხადა: „იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). იესოს ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ის ამოწმებდა იეჰოვას შესახებ და საჯაროდ ადიდებდა მას.
5. ვის უკავშირდება ფსალმუნის 21:23 და როგორი განწყობილება უნდა გვქონდეს?
5 იეჰოვას მთავარ განმადიდებელზე ფსალმუნის 21:23-ში შემდეგ წინასწარმეტყველურ ცნობას ვკითხულობთ: „ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ“. ებრაელთა 2:11, 12-ს კი პავლე მოციქული უკავშირებს უფალ იესოსა და იმ ადამიანებს, რომლებიც იეჰოვამ ზეციერი დიდებისთვის განწმინდა. იესოს მსგავსად, მათ არ რცხვენიათ კრებულთა შორის იეჰოვას სახელის განდიდება. გვაქვს მსგავსი განწყობილება ჩვენი კრების შეხვედრებზე დასწრებისას? შეხვედრებზე ჩვენი ენთუზიაზმით აღსავსე მონაწილეობა როგორც გონებით, ასევე ხმით, ადიდებს იეჰოვას. მაგრამ აქ მთავრდება ჩვენი სიხარულით აღსავსე განდიდება?
6. რა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს და როგორ ადიდებენ ღმერთს ნათლის მოყვარულები?
6 მათეს 5:14–16-ის თანახმად, უფალმა იესომ თავის მიმდევრებს აგრეთვე დაავალა, ენათებინა მათ ნათელს ისე, რომ სხვებსაც განედიდებინათ იეჰოვა. მან თქვა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. . . ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“. ნათლის მოყვარულებს ღვთისთვის დიდება მოაქვთ. აკეთებენ ისინი ამას მხოლოდ კარგი, ჰუმანური საუბრითა და საქმეებით? არა, ისინი ამას უფრო იმით აკეთებენ, რომ გაერთიანებულად ადიდებენ იეჰოვას. დიახ, ნათლის მოყვარულები ღმერთს უძღვნიან თავს და სიხარულით აღსავსე მისი განმადიდებლები ხდებიან. გადადგი ეს ბედნიერი ნაბიჯი?
იეჰოვას განდიდებით გამოწვეული სიხარული
7. რატომ არიან იეჰოვას განმადიდებლები ასე სიხარულით აღსავსენი და რა იყო მათთვის სასიხარულო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს?
7 რატომ არიან იეჰოვას განმადიდებლები ასე სიხარულით აღსავსეები? იმიტომ რომ, სიხარული ღვთის სულიწმიდის ნაყოფია. გალატელთა 5:22-ში ის სიყვარულის შემდეგვეა მოცემული. იესოს მოწაფეები, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ, ავლენდნენ იეჰოვას სულის ამ ნაყოფს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა ღმერთმა თავისი სული მოჰფინა იესოს დაახლოებით 120 მოწაფეს, ყველამ იწყო იეჰოვას განდიდება სხვადასხვა ენაზე. იერუსალიმში მრავალი ქვეყნიდან მოსული ღვთისმოშიში იუდეველები ‘შეშფოთდნენ და გაოცდნენ’. მათ წამოიძახეს: „ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე“! (საქმეები 2:1–11). რა იყო იეჰოვას ამ შესანიშნავი მრავალენოვანი განდიდების შედეგი? დაახლოებით 3 000 იუდეველი და იუდეველი პროზელიტი გამოეხმაურა კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ, რომელიც მესიას ეხებოდა. ისინი მოინათლნენ, მიიღეს სულიწმიდა და მთელი მონდომებით შემატეს თავიანთი ხმები იეჰოვას სიხარულით აღსავსე განმადიდებლებს (საქმეები 2:37–42). რა კურთხევა იყო ეს!
8. რა გააკეთეს ქრისტიანებმა სიხარულის გასაზრდელად ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ?
8 ცნობაში შემდეგ ნათქვამია: „დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საკვებს მხიარულებით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულს იხვეჭდნენ, ხოლო უფალი მათ დღითი დღე სძენდა დახსნილთ“ (საქმეები 2:46, 47). მხოლოდ ერთად ყოფნასა და ჭამას მოჰქონდა მათთვის დიდი სიხარული? არა, მათ მთავარ სიხარულს იწვევდა დღენიადაგ იეჰოვას განდიდება. და მათი სიხარული ძლიერდებოდა, როცა ხედავდნენ ათასობით ადამიანს, რომლებიც გადარჩენის ცნობას ეხმაურებოდნენ. იგივეა ჩვენთან დაკავშირებით დღეს.
სიხარულით აღსავსე განმადიდებლები ყველა ერში
9. ა) როდის და როგორ მისცა ღმერთმა ყველა ერის წარმომადგენელ ადამიანებს შესაძლებლობა, მოესმინათ კეთილი ცნობა? ბ) რატომ გადმოვიდა სულიწმიდა კორნელიოსსა და მასთან მყოფ ადამიანებზე მათ მონათვლამდე?
9 იეჰოვას არ სურდა, რომ თავის მსახურთა ნათლის მომფენი საქმიანობა ერთი ერით შემოფარგლულიყო. ამიტომ ახ. წ. 36 წლიდან მან ყველა ერის წარმომადგენელ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, მოესმინათ მისი კეთილი ცნობა. კესარიაში ღვთის ხელმძღვანელობით პეტრე წარმართი ასისთავის სახლში შევიდა. იქ მან ნახა კორნელიოსი ახლო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. პეტრეს სიტყვების ყურადღებით მოსმენის შემდეგ მათ გულით იწამეს იესო. საიდან ვიცით ეს? იქიდან, რომ ღვთის სულიწმიდა გადმოვიდა წარმართ მორწმუნეებზე. ჩვეულებრივ, ღვთის სულის ნიჭის მიცემა მხოლოდ ნათლობის შემდეგ ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევისას იეჰოვამ ამ არაიუდეველებისადმი მოწონება მათ მონათვლამდე გამოავლინა. იეჰოვას ეს რომ არ გაეკეთებინა, პეტრე ვერ დარწმუნდებოდა, რომ ახლა ღმერთი ღებულობს წარმართებს როგორც თავის მსახურებს და რომ მათ წყალში მონათვლის უფლება ჰქონდათ (საქმეები 10:34, 35, 47, 48).
10. როგორ იყო ძველი დროიდანვე ნაწინასწარმეტყველები, რომ ყველა ერის წარმომადგენელი ადამიანები განადიდებდნენ იეჰოვას?
10 იეჰოვა ძველი დროიდანვე წინასწარმეტყველებდა, რომ ყველა ერის წარმომადგენელი ადამიანები განადიდებდნენ მას. მას ყველა ქვეყანაში ეყოლებოდა სიხარულით აღსავსე განმადიდებლები. ამის დასადასტურებლად პავლე მოციქული ებრაული წერილებიდან ციტირებდა წინასწარმეტყველებებს. რომში არსებულ ქრისტიანთა მრავალეროვან კრებას მან უთხრა: «მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული, და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი შეწყალებისათვის, როგორც [ფსალმუნის 17:50-ში] წერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს“. და კვლავ ამბობს [მეორე რჯულის 32:43-ში]: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“. და კვლავ [ფსალმუნის 116:1-ში]: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას“ » (რომაელთა 15:7–11).
11. როგორ დაეხმარა ღმერთი ყველა ერის წარმომადგენელ ადამიანებს თავისი ჭეშმარიტებების გაგებაში და რა შედეგით?
11 ხალხი ვერ ადიდებს იეჰოვას გაერთიანებულად, თუ არ ექნებათ იესო ქრისტეს იმედი — პიროვნებისა, რომელიც ღმერთმა ყველა ერის წარმომადგენელი ადამიანების მმართველად დანიშნა. მათ დასახმარებლად — შეეცნოთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი მისი ჭეშმარიტებები — ღმერთმა შემოიღო საერთაშორისო სასწავლო პროგრამა. მითითებებს ის იძლევა თავისი ერთგული მონის კლასის მეშვეობით (მათე 24:45–47). შედეგი? ხუთ მილიონზე მეტი სიხარულით აღსავსე ხმა მღერის იეჰოვას სადიდებელს 230-ზე მეტ ქვეყანაში. მილიონებით მეტი კი ინტერესს ავლენს ამის გაკეთებაში. ნახე, რამდენი ადამიანი დაესწრო გახსენების საღამოს 1996 წელს: 12 921 933. სასწაულებრივია!
ნაწინასწარმეტყველები სიხარულით აღსავსე განმადიდებელი უამრავი ხალხი
12. რა აღმაფრთოვანებელი ხილვა ჰქონდა იოანე მოციქულს და რა წარმოადგენს ამ ხილვის ამჟამად არსებულ სინამდვილეს?
12 იოანე მოციქულმა ხილვაში იხილა „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან (გამოცხადება 7:9). რა თემაზეა სადიდებელი, რომელსაც ეს უამრავი ხალხი მღერის ღვთის ცხებულ დარჩენილ ნაწილთან ერთად? იოანე გვამცნობს: „ხსნა ღმერთის ჩვენის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის“ (გამოცხადება 7:10, სსგ). ეს თამამად ცხადდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ასე ვთქვათ, პალმის ტოტების ქნევით ჩვენ გაერთიანებულად ვეგებებით ღმერთს როგორც უზენაეს მმართველს და ცისა და მიწის წინაშე სიხარულით ვაღიარებთ, რომ ჩვენი ხსნა მისგან და მისი ძის, კრავის, იესო ქრისტესგან „არის“. ოჰ, როგორ აუფანცქალდა გული იოანე მოციქულს ამ აღმაფრთოვანებელ ხილვაში უამრავი ხალხის დანახვისას! და როგორ გვიფანცქალებს გული დღეს, როცა ვხედავთ და ვეკუთვნით კიდეც ამჟამად არსებულ სინამდვილეს, რაც იოანემ იხილა!
13. რა გამოყოფს იეჰოვას ხალხს წუთისოფლისგან?
13 როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ თავაწეულად ვატარებთ მის სახელს (ესაია 43:10, 12). ის, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ, განსხვავებულებს გვხდის ამ წუთისოფლისგან. რა სასიხარულოა, რომ ღვთის განსაკუთრებულ სახელს ვატარებთ და მის ღვთიურ საქმეს ვასრულებთ როგორც ჩვენი ცხოვრების მიზანს! იეჰოვას გრანდიოზული განზრახვა — განწმინდოს თავისი წმინდა სახელი და გაამართლოს თავისი უზენაესი მმართველობა სამეფოს მეშვეობით — აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას. და ის ხელს გვიწყობს, ადგილი გვქონდეს მის სახელთან და სამეფოსთან დაკავშირებულ ღვთიურ განზრახვაში. ის ამას სამი საშუალებით აკეთებს.
მინდობილი აქვთ ჭეშმარიტება
14, 15. ა) რომელია ერთი საშუალება, რითაც ღმერთი გვეხმარება, ადგილი გვქონდეს მის სახელთან და სამეფოსთან დაკავშირებულ ღვთიურ განზრახვაში? ბ) როგორ განსხვავდება ახ. წ. 1914 წელს დამყარებული სამეფო ძვ. წ. 607 წელს დამხობილი სამეფოსგან?
14 პირველი ისაა, რომ იეჰოვამ თავის ხალხს ჭეშმარიტება მიანდო. ყველაზე აღმაფრთოვანებელი გამოცხადება ისაა, რომ მისმა სამეფომ მმართველობა დაიწყო 1914 წელს (გამოცხადება 12:10). ეს ზეციერი მთავრობა განსხვავდება ნამდვილ იერუსალიმში არსებული სამეფოსგან, სადაც დავითის შთამომავლებს ამეფებდნენ ხოლმე. ის სამეფო დაემხო და ძვ. წ. 607 წლიდან იერუსალიმი სრულიად მოექცა წარმართ მსოფლიო მპყრობელთა მორჩილებაში. იეჰოვას მიერ 1914 წელს დამყარებული ახალი სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა, რომელიც იეჰოვას გარდა არასოდეს არავის დაემორჩილება და არც დაიქცევა (დანიელი 2:44). მისი მმართველობაც განსხვავებულია. როგორ? გამოცხადების 11:15 გვპასუხობს: «გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“ ».
15 ‘ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო’ მთელ კაცობრიობაზეა უფლებამოსილი. ეს ახალი გამოვლენა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისა, რომელშიც შედის მისი მესიანური ძე და იესოს 144 000 ძმა, რომელთაგანაც უმეტესობა უკვე აღდგენილია ზეციერი დიდებისთვის, არ არის უბრალო აკადემიური გატაცება — რაღაც თეორიული, რის განხილვაც შეიძლება სწავლულებს მოსწონდეთ. არა, ეს ზეციერი სამეფო ნამდვილი მთავრობაა. სრულყოფილებაში მარადიული ცხოვრების იმედი კი, რომელიც მისი მმართველობის შედეგად განხორციელდება, საკმაო მიზეზს გვაძლევს, რომ მუდამ ვიხაროთ. იეჰოვას სიტყვის ასეთი ჭეშმარიტებების მონდობა აღგვძრავს, ყოველთვის კარგად ვილაპარაკოთ მასზე (ფსალმუნი 55:11). ელაპარაკები რეგულარულად ყველა ადამიანს, რომ ღვთის მესიანური სამეფო უკვე მმართველობს ზეცაში?
სულიწმიდით და მსოფლიო საძმოთი მხარდაჭერილები
16, 17. რომელი მეორე და მესამე საშუალებებით გვეხმარება ღმერთი, ადგილი გვქონდეს მის ღვთიურ განზრახვაში?
16 მეორე საშუალება, რომლითაც ღმერთი გვეხმარება, ადგილი გვქონდეს მის ღვთიურ განზრახვაში, სულიწმიდის ბოძებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მისი შესანიშნავი ნაყოფი გამოვავლინოთ ცხოვრებაში და მისი მოწონება დავიმსახუროთ (გალატელთა 5:22, 23). გარდა ამისა, პავლე ცხებულ ქრისტიანებს სწერდა: „ჩვენ მივიღეთ. . . სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული“ (1 კორინთელთა 2:12). იეჰოვას სულზე გამოხმაურებით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამჟამად იცოდეს და ესმოდეს ყოველივე კარგი, რასაც ის ახლა გვაძლევს გულკეთილად, — მისი აღთქმები, კანონები, პრინციპები და ასე შემდეგ (შეადარე მათე 13:11).
17 მესამე საშუალება, რითაც ღმერთი გვეხმარება, ისაა, რომ გვაქვს მსოფლიო საძმო და იეჰოვას ჩინებული ორგანიზაციული წყობილება თაყვანისცემისთვის. პეტრე მოციქული ამაზე ლაპარაკობდა, როცა მოგვიწოდებდა, რომ ‘გვყვარებოდა საძმო’ (1 პეტრე 2:17). ჩვენი ძმებისა და დების მოსიყვარულე საერთაშორისო ოჯახი გვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვას დიდად გახარებული გულით — როგორც ფსალმუნის 99:2 (კს) მოგვიწოდებს: „ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით“. შემდეგ მე-4 მუხლში ნათქვამია: „შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში — ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი“. ამიტომ, საჯაროდ ვქადაგებთ თუ ჩვენს შეხვედრებს ვესწრებით, ჩვენ ვხარობთ. რა მშვიდობა და უსაფრთხოება ვპოვეთ იეჰოვას სულიერი ტაძრის შესანიშნავ ეზოებში!
სიხარულით ადიდე იეჰოვა!
18. რატომ შეგვიძლია ვიხაროთ იეჰოვას განდიდებით დევნისა და სხვა პრობლემების მიუხედავად?
18 ვერავითარმა მძიმე პირობებმა, დევნამა თუ სხვა პრობლემებმა ვერ უნდა დაგვათმობინოს იმის სიხარული, რომ იეჰოვას თაყვანისცემის სახლში ვართ (ესაია 2:2, 3). გახსოვდეს, რომ სიხარული გულის თვისებაა. ჩვენი ადრინდელი ქრისტიანი ძმები და დები მათ მიერ განცდილი გაჭირვებებისა და ზარალის მიუხედავად იეჰოვას სიხარულით აღსავსე განმადიდებლები იყვნენ (ებრაელთა 10:34). დღეს ჩვენი თანამორწმუნეები ზუსტად მათ ჰგვანან (მათე 5:10–12).
19. ა) რომელი რამდენჯერმე გამეორებული მოწოდება აღგვძრავს, ვადიდოთ იეჰოვა? ბ) რაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ცხოვრება და რა გადაწყვეტილებით ვართ აღსავსე?
19 თითოეულ ჩვენგანს, ვინც იეჰოვას ემსახურება, სიამოვნებას ანიჭებს, რომ ემორჩილება ბიბლიურ მოწოდებას — განადიდოს იეჰოვა. წიგნი გამოცხადება არაერთხელ უსვამს ხაზს ღვთის სადიდებელს გამოთქმით — „ალილუია!“ (ადიდეთ იაჰ!) (გამოცხადება 19:1–6). ას ორმოცდამეათე ფსალმუნის ექვსი მუხლი 13-ჯერ მოგვიწოდებს, ვადიდოთ იეჰოვა. ეს არის საყოველთაო მიმართვა ყველა ქმნილებისადმი, შეუერთდნენ იეჰოვას სადიდებლის სიხარულით აღსავსე მღერას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, ვუერთდებით თუ არა ალილუიას მომღერალთა დიდ გუნდს! დიახ, მარადიულად იცხოვრებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ ადიდებენ იეჰოვას. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებით ვართ აღსავსე, მჭიდროდ ჩავეჭიდოთ მის ურყევად ერთგულ მსოფლიო კრებას იმ დროს, როცა აღსასრული ახლოვდება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ვიხილავთ 150-ე ფსალმუნის დასკვნითი სიტყვების მთლიან შესრულებას: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!“
როგორ უპასუხებდი?
◻ რა ხდის იეჰოვას ხალხს განსხვავებულს, თავისებურს?
◻ რატომ არიან იეჰოვას მსახურები ასე სიხარულით აღსავსეები?
◻ რა გამოგვყოფს წუთისოფლიდან?
◻ რომელი სამი საშუალებით გვეხმარება ღმერთი, ადგილი გვქონდეს მის ღვთიურ განზრახვაში?
[სურათი 17 გვერდზე]
სადაც არ უნდა ყოფილიყო, იესო ამოწმებდა იეჰოვას შესახებ და საჯაროდ ადიდებდა მას.