მშვიდობა
ებრაული სიტყვა შალომ, რომელიც „მშვიდობად“ ითარგმნება, ომიანობისა და შფოთის არარსებობას გულისხმობს (მსჯ. 4:17; 1სმ. 7:14; 1მფ. 4:24; 2მტ. 15:5; იობ. 21:9; ეკ. 3:8); ამ სიტყვაში მოიაზრება აგრეთვე ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიჯანსაღე (დბ. 37:14), კეთილდღეობა (დბ. 41:16), მეგობრობა (ფს. 41:9) და მთლიანობა (იერ. 13:19). „მშვიდობად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას (ერენე) შალომის მსგავსად თანმდევი მნიშვნელობები აქვს და გამოხატავს კეთილდღეობის, ხსნის, თანხმობისა და უკონფლიქტობის იდეას. იგი გვხვდება გამოსამშვიდობებელ სიტყვაში: „წადი მშვიდობით“, რაც ფაქტობრივად ნიშნავს „ხელი მოგემართოს“ (მრ. 5:34; ლკ. 7:50; 8:48; იაკ. 2:16; შდრ. 1სმ. 1:17; 20:42; 25:35; 29:7; 2სმ. 15:9; 2მფ. 5:19).
„მშვიდობა“ ყოველთვის არ გადმოსცემს ებრაული და ბერძნული სიტყვების ზუსტ მნიშვნელობას, ამიტომ აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება. მაგალითად, ვინმეს გაშვება მშვიდობით ნიშნავდა ვიღაცასთან მეგობრულად გამოთხოვებას, ანუ წამსვლელს იმის შიში არ ჰქონდა, რომ ის, ვისგანაც მოდიოდა, რამეს ავნებდა (დბ. 26:29; 44:17; გმ. 4:18). მშვიდობით დაბრუნება ხშირად ბრძოლიდან უვნებლად და გამარჯვებით შინ დაბრუნებას ნიშნავდა (დბ. 28:21; იეს. 10:21; მსჯ. 8:9; 11:31; 2მტ. 18:26, 27; 19:1). კითხვა, იყო თუ არა ვინმე მშვიდობით, მისი ამბის გამოკითხვას ნიშნავდა (დბ. 43:27). თუ ვინმეს მშვიდობას უწყობდნენ ხელს, ე. ი. მის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ (კნ. 23:6). თუ კაცზე იტყოდნენ საფლავში მშვიდობით ჩავიდაო, ე. ი. მან ხანგრძლივი სიცოცხლე გალია ან ნატვრა აისრულა და შემდეგ უმტკივნეულოდ აღესრულა (შდრ. დბ. 15:15; ლკ. 2:29; 1მფ. 2:6). იოშიაზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის მშვიდობით განისვენებდა საფლავში ანუ იოშია იერუსალიმზე ნაწინასწარმეტყველები განადგურების დადგომამდე გარდაიცვლებოდა (2მფ. 22:20; 2მტ. 34:28; შდრ. 2მფ. 20:19). ესაიას 57:1, 2-ში მართალზე ნათქვამია, რომ სიკვდილის შემდეგ ის სიმშვიდეში შედის ანუ თავს აღწევს უბედურებას.
მშვიდობის დაუფლება. იეჰოვა მშვიდობის ღმერთი (1კრ. 14:33; 2კრ. 13:11; 1თს. 5:23; ებ. 13:20) და წყაროა (რც. 6:26; 1მტ. 22:9; ფს. 4:8; 29:11; 147:14; ეს. 45:7; რმ. 15:33; 16:20). მშვიდობა მისი სულის ნაყოფია (გლ. 5:22). ასე რომ, ნამდვილი მშვიდობა წარმოუდგენელია ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გარეშე. მძიმე ცოდვის ჩამდენს ღმერთთან ურთიერთობა ეძაბება და სულის სიმშვიდეს კარგავს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „ცოდვამ სიმშვიდე დაუკარგა ჩემს ძვლებს“ (ფს. 38:3). ვინც მშვიდობას ეძიებს და ესწრაფვის, ზურგს აქცევს ბოროტებას და სიკეთეს აკეთებს (ფს. 34:14). სიმართლის გარეშე არ არსებობს მშვიდობა (ფს. 72:3; 85:10; ეს. 32:17). აი, რატომ არ აქვთ ბოროტებს მშვიდობა (ეს. 48:22; 57:21; შდრ. ეს. 59:2—8). მშვიდობას იეჰოვაზე მთელი გულით მინდობილნი, მისი კანონის მოყვარულნი (ფს. 119:165) და მისი მცნებების დამცველნი ეუფლებიან (ეს. 48:18).
ქრისტე იესოს დედამიწაზე ყოფნისას არც ებრაელებს და არც არაებრაელებს იეჰოვა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ღვთის კანონის დარღვევის გამო ებრაელები კანონის წყევლის ქვეშ აღმოჩნდნენ (გლ. 3:12, 13). არაებრაელები, რომლებიც ღვთის შეთანხმებას არ ექვემდებარებოდნენ, „უიმედოები და უღმერთოები“ იყვნენ ქვეყნიერებაში (ეფ. 2:12). მაგრამ ქრისტე იესოს მეშვეობით ებრაელებსაც და არაებრაელებსაც ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ. ამაზე მიუთითებდა იესოს დაბადების დროს ანგელოზის მიერ მწყემსებისთვის ნათქვამი სიტყვები: „მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლკ. 2:14).
იესოსა და მისი მიმდევრების მიერ გაცხადებული მშვიდობის ცნობა „მშვიდობის მეგობრებს“ ანუ ღმერთთან შერიგების მსურველთა გულებს სწვდებოდა (მთ. 10:13; ლკ. 10:5, 6; სქ. 10:36). ამავე დროს ეს ცნობა განხეთქილებას იწვევდა ოჯახის წევრებს შორის, რადგან ზოგი ეხმაურებოდა მას, ზოგი — არა (მთ. 10:34; ლკ. 12:51). ებრაელთა უმეტესობამ არ მიიღო ეს ცნობა და, ამგვარად, ვერ დაინახა „ის, რაც მშვიდობას ემსახურება“, კერძოდ, მონანიებისა და იესოს მესიად აღიარების აუცილებლობა (შდრ. ლკ. 1:79; 3:3—6; ინ. 1:29—34). შედეგად, ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს (ლკ. 19:42—44).
ის ებრაელები, რომლებიც გამოეხმაურნენ მშვიდობის ცნობას, ცოდვილები იყვნენ, ამიტომ იეჰოვა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად ცოდვების გამოსყიდვას საჭიროებდნენ. ამ მიზანს იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი მოემსახურა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო კიდეც: „დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ (ეს. 53:5). წამების ბოძზე იესოს სიკვდილმა გააუქმა მოსეს კანონი, რომელიც ებრაელებს არაებრაელებისგან ყოფდა. ასე რომ, გაქრისტიანების შემდეგ ორივე კატეგორიის ხალხს შეეძლო, მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და ერთმანეთთან. მოციქული პავლე წერდა: „ის [იესო] არის ჩვენი მშვიდობა, მან გააერთიანა ორი მხარე და დაანგრია მათ შორის კედელი, რომელიც ყოფდა მათ. თავისი ხორცით გააუქმა მტრობა, მცნებების კანონი, რომელიც დადგენილებებს შეიცავს, რათა ორი ხალხისგან ერთი ახალი ადამიანი შეექმნა თავისთან ერთობაში, მშვიდობა დაემყარებინა და შესძლებოდა ბოლომდე შეერიგებინა ღმერთთან ორივე ხალხი ერთ სხეულში წამების ბოძის მეშვეობით, რადგან მან საკუთარი თავით მოსპო მტრობა. ის მოვიდა და გაუწყათ სასიხარულო ცნობა მშვიდობის შესახებ თქვენ, შორს მყოფთ, და მშვიდობა — ახლოს მყოფთ, რადგან მისი მეშვეობით ჩვენ, ორივე ხალხს გვაქვს მისასვლელი მამასთან ერთი სულით“ (ეფ. 2:14—18; შდრ. რმ. 2:10, 11; კლ. 1:20—23).
„ღვთის მშვიდობა“, რომელიც ქრისტიანს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის შედეგად ეუფლება, მის გულსა და გონებას საკუთარ საჭიროებებზე ზედმეტი წუხილისგან იცავს. მას სჯერა, რომ იეჰოვა ღმერთი ზრუნავს თავის მსახურებზე და ლოცვებს პასუხობს, ამიტომ გული და გონება მშვიდად აქვს (ფლ. 4:6, 7). მსგავსად ამისა, მშვიდობა, რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს მისცა, მათ გულსა და გონებას სიმშვიდეს ჰგვრიდა და ემყარებოდა იმის რწმენას, რომ ის ღვთის ძე იყო. იესოს თავისი მოწაფეები გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა მათ გვერდით აღარ იქნებოდა, მაგრამ ისინი არ უნდა აფორიაქებულიყვნენ და არ უნდა შეშინებოდათ, რადგან დაეხმარებოდა და წმინდა სულს გაუგზავნიდა (ინ. 14:26, 27; 16:33; შდრ. კლ. 3:15).
ქრისტიანებმა უნდა დააფასონ მშვიდობა. ისინი მშვიდობიანები უნდა იყვნენ და ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ — ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ მშვიდობის შესანარჩუნებლად (1თს. 5:13). მშვიდობა რომ არ დაირღვეს, უნდა ეცადონ, არ დააბრკოლონ თანამორწმუნეები (რმ. 14:13—23). მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მთ. 5:9; შდრ. იაკ. 3:18). ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, ისწრაფონ მშვიდობისკენ და თავი არ დაზოგონ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად (2ტმ. 2:22; ებ. 12:14; 1პტ. 3:11; 2პტ. 3:14). ამისათვის კი აუცილებელია, ებრძოლონ ხორციელ სურვილებს, თუ არადა, ღვთის მტრები გახდებიან (რმ. 8:6—8). ბიბლიაში ხშირად ვხვდებით ფრაზას „მშვიდობა თქვენ“, რაც კარგად უსვამს ხაზს ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აუცილებლობას ღვთის მოწონების მოსაპოვებლად (რმ. 1:7; 1კრ. 1:3; 2კრ. 1:2; გლ. 1:3; 6:16; ეფ. 1:2; 6:23; ფლ. 1:2).
ქრისტიანებს სურდათ, რომ მშვიდობა სხვებსაც ჰქონოდათ. ამიტომ ისინი სულიერ ბრძოლას ეწეოდნენ „მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“ (ეფ. 6:15). მათ კრებაშიც კი უწევდათ ბრძოლა იმ აზრების დასამხობად, რომლებიც ღვთის შესახებ ცოდნას ეწინააღმდეგებიან, რათა ამ აზრებს ღმერთთან მათი ურთიერთობისთვის ზიანი არ მიეყენებინა (2კრ. 10:4, 5). მაგრამ ეს არ ხდებოდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლის ხარჯზე მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტების გზას აცდენილს შეაგონებდნენ. მოციქული პავლე ტიმოთეს ურჩევდა, როგორ მოეგვარებინა საქმე მათთან, ვინც სწორ გზას განუდგა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს და ისე არიგებდეს. იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს, რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ, და იქნებ გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, როცა დაინახავენ, რომ მას ისინი ცოცხლად ჰყავდა დაჭერილი და თავის ნებაზე ატარებდა“ (2ტმ. 2:24—26).
მშვიდობიანი მმართველობა. ღვთის ძეს, „რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა“, „მშვიდობის მთავარი“ ეწოდება (ეს. 9:6, 7). აქედან გამომდინარე, ქრისტე იესომ დედამიწაზე ყოფნის დროს თავის მსახურებს დაანახვა, რომ არ უნდა ეომათ და ეს პეტრესთვის ნათქვამიდანაც გამოჩნდა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მთ. 26:52). ქრისტიანობაზე მოქცეულები, ასე ვთქვათ, „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს“ ჭედავენ და „შუბებისგან — სასხლავებს“. ისინი აღარ სწავლობენ ომს (ეს. 2:4). გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, ღვთის ხელშეწყობით როგორი მშვიდობა იყო სოლომონის მეფობის დროს, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მშვიდობა დაისადგურებს იესოს მეფობის დროს. ბიბლიაში სოლომონის მეფობის დროზე ნათქვამია: „ირგვლივ ყველგან მშვიდობა სუფევდა. სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1მფ. 4:24, 25; 1მტ. 22:9). როგორც სხვა მუხლებიდან ვიგებთ (შდრ. ფს. 72:7, 8; მქ. 4:4; ზქ. 9:9, 10; მთ. 21:4, 5), ეს ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ როგორი იქნება ქრისტე იესოს, დიდი სოლომონის (წარმოდგება სიტყვა „მშვიდობიდან“) მმართველობა (მთ. 12:42).
მშვიდობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის. იეჰოვა ღმერთი ისრაელებს დაჰპირდა, რომ თუ მორჩილი იქნებოდნენ, მშვიდობას მისცემდა იმ მიწაზე, დაწვებოდნენ და არავინ შეაშინებდათ. გაწყვეტდა მავნებელ მხეცებს და მათ მიწას მახვილი არ მიეკარებოდა (ლვ. 26:6). ეს იმას ნიშნავდა, რომ გარეული ცხოველები თავიანთ ბუნებრივ საარსებო გარემოს არ გასცდებოდნენ და ისრაელებსა და მათ შინაურ ცხოველებს არაფერს ავნებდნენ. მაგრამ თუ ისრაელები იეჰოვას ეურჩებოდნენ, ღმერთი მათ მიწას მტერს დააპყრობინებდა და გააპარტახებინებდა. ამის შედეგად მოსახლეობა შემცირდებოდა, გარეული ცხოველები კი მომრავლდებოდნენ, ერთ დროს დასახლებულ ტერიტორიებზე შეიჭრებოდნენ და ცოცხლად დარჩენილებსა და მათ საქონელს ზიანს მიაყენებდნენ (შდრ. გმ. 23:29; ლვ. 26:22; 2მფ. 17:5, 6, 24—26).
ის მშვიდობა, რომელიც ისრაელებს უნდა ჰქონოდათ ცხოველებთან, ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც ედემის ბაღში ადამსა და ევას ჰქონდათ, რადგან პირველი ადამიანები ცხოველთა სამყაროზე ბატონობდნენ (დბ. 1:28). მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად ცხოველებზე სრული ძალაუფლება მხოლოდ ქრისტე იესოს ექნება (ფს. 8:4—8; ებ. 2:5—9). ასე რომ, იესო ქრისტეს, იესეს ძირკვიდან ამოსული ყლორტის, ღვთის „მსახური დავითის“ მმართველობის დროს ადამიანებსა და ცხოველებს შორის კვლავ მშვიდობა დაისადგურებს (ეს. 11:1, 6—9; 65:25; ეზკ. 34:23—25). აქ მითითებულ მუხლებს გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან წინასწარმეტყველება მგელსა და ბატკანს შორის არსებულ მშვიდობაზე ძველ ისრაელში პირდაპირი გაგებით არ შესრულებულა. ამ წინასწარმეტყველებების თანახმად მხეცივით ადამიანები შეიცვლებოდნენ და მშვიდობიანად იცხოვრებდნენ თავიანთ უწყინარ თანამოძმეებთან ერთად. ვინაიდან ღვთის ხალხში არსებული მშვიდობიანი გარემოს აღსაწერად წინასწარმეტყველებაში ცხოველებია ნახსენები, გამოდის, რომ ქრისტე იესოს მმართველობის დროს მშვიდობა ცხოველებს შორისაც დაისადგურებს, როგორც ეს ედემის ბაღში იყო.