მიჰბაძეთ იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებაში
„ჭეშმარიტი სამართლით გაასამართლეთ და სიკეთითა და წყალობით მოეპყარით ერთმანეთს“ (ზაქ. 7:9).
1, 2. ა) რას გრძნობდა იესო ღვთის კანონის მიმართ? ბ) როგორ ამახინჯებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები კანონს?
იესოს უყვარდა მოსეს კანონი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს კანონები მისი მამისგან, იეჰოვასგან მომდინარეობდა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი პიროვნება იყო მთელ სამყაროში. ფსალმუნის 40:8-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იესოს ეყვარებოდა ღვთის კანონი: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“. იესო სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებდა, რომ ღვთის კანონი სრულყოფილი და სასარგებლო იყო და მასში ჩაწერილი აუცილებლად შესრულდებოდა (მათ. 5:17—19).
2 იესოს ძალიან ატკენდა გულს იმის დანახვა, რომ მწიგნობრები და ფარისევლები ამახინჯებდნენ მამამისის მიერ დადგენილ კანონებს. ისინი უმნიშვნელო დეტალებს ჩაჰკირკიტებდნენ, რის გამოც იესომ უთხრა მათ: „იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს“. რა იყო მათი მთავარი პრობლემა? ამას იესოს შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ: „მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათ. 23:23). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისევლებისგან განსხვავებით, იესოს კარგად ესმოდა კანონის არსი და იცოდა, რომ თითოეულ კანონში იეჰოვას თვისებები ირეკლებოდა.
3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
3 დღეს ქრისტიანები აღარ ვექვემდებარებით მოსეს კანონს (რომ. 7:6). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავის სიტყვაში, ბიბლიაში შემოგვინახა ეს კანონი. მას სურს, რომ წვრილმანებს კი არ გამოვეკიდოთ, არამედ დავინახოთ „უფრო მნიშვნელოვანი“ — აღმატებული პრინციპები, რომლებიც ამ კანონებს უდევს საფუძვლად, და ცხოვრებაში გამოვიყენოთ ისინი. მაგალითად, დავფიქრდეთ, რომელი პრინციპების დანახვა შეგვიძლია თავშესაფარი ქალაქების ღონისძიებიდან? წინა სტატიაში განვიხილეთ, რის გაკეთება შეეძლო უნებლიე მკვლელობის ჩამდენს და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან. ამ სტატიიდან გავიგებთ, იეჰოვას რომელ თვისებებზე მეტყველებს ძველ ისრაელში არსებული თავშესაფარი ქალაქები და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამ თვისებების გამოვლენაში. აქედან გამომდინარე, პასუხი გაეცემა სამ კითხვას: როგორ მეტყველებს თავშესაფარი ქალაქები იეჰოვას გულმოწყალებაზე? როგორ გვანახვებს ეს ღონისძიება იეჰოვას თვალსაზრისს სიცოცხლეზე? და როგორ ირეკლავს ის იეჰოვას სრულყოფილ სამართალს? თითოეული საკითხის განხილვისას შეეცადეთ, დაინახოთ, რაში შეგიძლიათ მიჰბაძოთ თქვენს ზეციერ მამას (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1).
„მოსახერხებელი თავშესაფარი ქალაქები“ იეჰოვას გულმოწყალებაზე მეტყველებდა
4, 5. ა) რა გაკეთდა იმისთვის, რომ თავშესაფარი ქალაქები ადვილად მისაგნები ყოფილიყო და რატომ? ბ) რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?
4 ექვსივე თავშესაფარი ქალაქი ადვილად მისადგომი იყო. იეჰოვას მითითებისამებრ ეს ქალაქები მდინარე იორდანის ორივე მხარეს თანაბრად უნდა გაენაწილებინათ, რათა გაქცეულს სწრაფად და ადვილად მიეგნო მათთვის (რიცხ. 35:11—14). ამ ქალაქებამდე მისასვლელი გზები კარგ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო (კან. 19:3). იუდაური ტრადიციის თანახმად, გზებზე იდგა ნიშნები, რომლებიც გაქცეულს თავშესაფარი ქალაქის პოვნას უადვილებდა. რადგანაც თავშესაფარი ქალაქები ისრაელის ტერიტორიაზე იყო, უნებლიე მკვლელობის ჩამდენს არ უწევდა უცხო მიწაზე გაქცევა, სადაც ის შეიძლებოდა კერპთაყვანისმცემლობის მახეში გაბმულიყო.
5 საგულისხმოა, რომ იეჰოვამ, რომელმაც განზრახ მკვლელობისთვის სასიკვდილო სასჯელი დააწესა, უნებლიე მკვლელობის ჩამდენისთვის შეიმუშავა ღონისძიება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა, თავი დაცულად ეგრძნო და ღვთის თანაგრძნობითა და გულმოწყალებით ესარგებლა. როგორც ერთი ბიბლეისტი ამბობს, „ყველაფერი გასაგები, მარტივი და მოსახერხებელი იყო. აი ასე ავლენდა ღმერთი გულმოწყალებას“. იეჰოვა გულქვა მოსამართლე კი არ არის, რომელსაც ერთი სული აქვს, დასაჯოს თავისი მსახურები, არამედ „გულმოწყალებით მდიდარი“ ღმერთია (ეფეს. 2:4).
6. ჰბაძავდნენ ფარისევლები იეჰოვას გულმოწყალებაში?
6 ამის საპირისპიროდ, ფარისევლებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, რომ სხვების მიმართ გულმოწყალება გამოევლინათ. მაგალითად, იუდაური ტრადიციის თანახმად, ფარისევლები ერთსა და იმავე დანაშაულს მხოლოდ სამჯერ პატიობდნენ. იესომ შემცოდველების მიმართ მათი დამოკიდებულების საჩვენებლად ერთი ფარისევლის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი“. ამ დროს კი გადასახადების ამკრეფი ღმერთს ლოცვაში პატიებას სთხოვდა. რატომ არ ავლენდნენ ფარისევლები გულმოწყალებას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი „სხვებს არაფრად აგდებდნენ“ (ლუკ. 18:9—14).
7, 8. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას, როცა ჩვენ წინააღმდეგ სცოდავენ? ბ) რატომ გვჭირდება თავმდაბლობა, როცა საქმე პატიებას ეხება?
7 გამოავლინეთ თანაგრძნობა და ამგვარად მიჰბაძეთ იეჰოვას და არა ფარისევლებს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). იეჰოვას მიჰბაძავთ, თუ გაუადვილებთ სხვებს თქვენთან მოსვლას და პატიების თხოვნას (ლუკ. 17:3, 4). ჰკითხეთ საკუთარ თავს: მზად ვარ ვაპატიო მასაც კი, ვინც შეიძლება ბევრჯერ მატკინა გული? ვცდილობ, აღვადგინო მშვიდობა მასთან, ვინც მაწყენინა ან დიდი ტკივილი მომაყენა?
8 სხვების პატიება რომ შევძლოთ, თავმდაბლობა გვჭირდება. ფარისევლებს თავმდაბლობა აკლდათ, რადგან ისინი თავიანთ თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდნენ. როგორც ქრისტიანებს, მოგვეთხოვება, რომ თავმდაბლობით ჩავთვალოთ „სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ და მთელი გულით ვაპატიოთ (ფილ. 2:3). მიჰბაძავთ იეჰოვას და ცხადყოფთ, რომ თავმდაბლები ხართ? „კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ“ თქვენამდე მოსასვლელი გზა და არასდროს ჩაუკეტოთ ის მწყენინებელს. ადვილად ნუ განაწყენდებით და მალევე გამოავლინეთ გულმოწყალება (ეკლ. 7:8, 9).
დააფასეთ სიცოცხლე და არ გახდებით „დამნაშავე სისხლის ღვრაში“
9. როგორ დაანახვა იეჰოვამ ისრაელებს, რომ ადამიანის სიცოცხლე წმინდაა?
9 თავშესაფარი ქალაქების ძირითადი მიზანი იყო, რომ დაეცვა ისრაელები უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრისგან (კან. 19:10). იეჰოვა აფასებს სიცოცხლეს და სძულს „უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავ. 6:16, 17). სამართლიანი და წმინდა ღმერთი რეაგირების გარეშე არ ტოვებდა თუნდაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობის ფაქტს. უნებლიე მკვლელობის ჩამდენის მიმართ რომ გულმოწყალება გამოევლინათ, მას თავისი საქმე ჯერ უხუცესების წინაშე უნდა წარედგინა. თუ უხუცესები ჩათვლიდნენ, რომ მკვლელობა განზრახ არ იყო ჩადენილი, გაქცეული თავშესაფარ ქალაქში მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო. ამის გამო მას შეიძლებოდა მთელი დარჩენილი სიცოცხლე თავშესაფარ ქალაქში გაეტარებინა. ეს ღონისძიება შეახსენებდა ისრაელებს, რამდენად წმინდა იყო ადამიანის სიცოცხლე. სიცოცხლის მბოძებლის მიმართ პატივისცემის გამოსავლენად ისინი უნდა მორიდებოდნენ ნებისმიერ მოქმედებას ან უმოქმედობას, რომლის გამოც მოძმის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
10. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ ავლენდნენ მწიგნობრები და ფარისევლები უპატივცემულობას სხვების სიცოცხლის მიმართ?
10 იეჰოვასგან განსხვავებით მწიგნობრები და ფარისევლები არად აგდებდნენ ადამიანის სიცოცხლეს. საიდან ჩანს ეს? იესომ უთხრა მათ: „წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!“ (ლუკ. 11:52). მათ უნდა განემარტათ ხალხისთვის ღვთის სიტყვა და დახმარებოდნენ მარადიული სიცოცხლის გზაზე სიარულში. მაგრამ ისინი ხელს უშლიდნენ ხალხს, რომ „სიცოცხლის მეთაურს“, იესოს, გაჰყოლოდნენ და ამგვარად მათ მარადიული განადგურებისთვის იმეტებდნენ (საქ. 3:15). ამაყ და ეგოისტ ფარისევლებსა და მწიგნობრებს არ ადარდებდათ ადამიანთა სიცოცხლე და კეთილდღეობა. რამხელა ბოროტება და შეუბრალებლობა იყო ეს მათი მხრიდან!
11. ა) როგორ ცხადყო მოციქულმა პავლემ, რომ იზიარებდა ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლეზე? ბ) რა დაგვეხმარება, ისეთივე განწყობა გვქონდეს მსახურების მიმართ, როგორიც პავლეს ჰქონდა?
11 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავემსგავსოთ მწიგნობრებსა და ფარისევლებს და მივბაძოთ იეჰოვას? ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლის ძღვენს და დავაფასოთ ის. მოციქული პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა, რითაც ცხადყოფდა, რომ აფასებდა სხვების სიცოცხლეს. ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“ (წაიკითხეთ საქმეების 20:26, 27). პავლე არც ვალდებულების გამო ქადაგებდა და არც იმის გამო, რომ ბრალი არ დასდებოდა. მას უყვარდა ადამიანები და მათი სიცოცხლე მისთვის ძვირფასი იყო (1 კორ. 9:19—23). მსგავსად, ჩვენც უნდა ვეცადოთ ღვთის თვალსაზრისი განვივითაროთ სიცოცხლეზე. იეჰოვას „სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). რის თქმა შეიძლება თქვენზე? თუ გულმოწყალენი იქნებით, ეს აღგძრავთ, უფრო მეტი გულმოდგინებით იმსახუროთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ.
12. რატომ არის ღვთის ხალხისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოება?
12 იეჰოვას თვალსაზრისს სიცოცხლეზე იმ შემთხვევაშიც გავიზიარებთ, თუ უსაფრთხოების წესებს დავიცავთ. ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ავტომობილის მართვისას, ისე ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ამაში აგრეთვე შედის ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აგება და გარემონტება. გარდა ამისა, სიფრთხილე გვმართებს, როცა ავტომობილით მივდივართ ღვთის თაყვანისმცემლობის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დროისა და ფულის დაზოგვა. ჩვენ გვსურს, მივბაძოთ სამართლიან ღმერთს, რომელიც ყოველთვის სწორად იქცევა. განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ როგორც საკუთარ, ისე იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვინც მათ გვერდით მუშაობს (იგავ. 22:3). ასე რომ, თუ უხუცესი უსაფრთხოების წესებს შეგახსენებთ, ნუ უგულებელყოფთ მათ (გალ. 6:1). იეჰოვას თვალით უყურეთ სიცოცხლეს და არ გახდებით „დამნაშავე სისხლის ღვრაში“.
„ამ სამართლის მიხედვით გაასამართლოს“
13, 14. როგორ შეეძლოთ ისრაელ უხუცესებს, იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად ემოქმედათ?
13 იეჰოვა ისრაელი უხუცესებისგან მოითხოვდა, რომ მის მიერ დადგენილი სამართლის მაღალი ნორმებით ეხელმძღვანელათ. მათ ჯერ უნდა დაედგინათ რა და როგორ მოხდა, შემდეგ კი, სანამ გადაწყვეტდნენ, იმსახურებდა თუ არა დამნაშავე გულმოწყალებას, უნდა გაეთვალისწინებინათ მისი მოტივები, დამოკიდებულება და წარსული. გადაწყვეტილება ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად რომ მიეღოთ, უხუცესებს უნდა განესაზღვრათ, ამოძრავებდა თუ არა მკვლელს სიძულვილი და იყო თუ არა ჩასაფრებული მსხვერპლს (წაიკითხეთ რიცხვების 35:20—24). მოწმეების არსებობის შემთხვევაში სულ მცირე ორი მოწმე იყო საჭირო, რომ ადამიანისთვის განზრახ მკვლელობაში დაედოთ ბრალი (რიცხ. 35:30).
14 ამგვარად, მას შემდეგ, რაც ზუსტად დაადგენდნენ საქმის დეტალებს, უხუცესებს მხოლოდ მომხდარ ფაქტზე კი არ უნდა ეფიქრათ, არამედ თავად იმ ადამიანზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მათ წვდომის უნარი სჭირდებოდათ, რათა მომხდარის მიღმა გაეხედათ და დაენახათ, რა მიზეზით იქნა ჩადენილი დანაშაული. ამ დროს უხუცესებს ყველაზე მეტად წმინდა სული სჭირდებოდათ, რომ იეჰოვას მსგავსად წვდომის უნარი, გულმოწყალება და სამართლიანობა გამოევლინათ (გამ. 34:6, 7).
15. როგორ განსხვავდებოდა ადამიანების მიმართ ფარისევლების დამოკიდებულება იესოს დამოკიდებულებისგან?
15 ნაცვლად იმისა, რომ შემცოდველის გულის მდგომარეობაზე ეფიქრათ, ფარისევლები მხოლოდ ჩადენილ დანაშაულზე იყვნენ კონცენტრირებულები. როცა მათ გაიგეს, რომ იესო მათეს სახლში იყო სტუმრად, მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“. იესომ გაიგონა ეს და მიუგო მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მათ. 9:9—13). გამართლებას ხომ არ უძებნიდა იესო ცოდვილთა საქციელს? სულაც არა! იესოს ქადაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ის იყო, რომ ცოდვილები მონანიებისკენ აღეძრა (მათ. 4:17). იესოს წვდომის უნარი დაეხმარა იმის დანახვაში, რომ გადასახადების ამკრეფთაგან და ცოდვილთაგან ზოგიერთს შეცვლა სურდა. ისინი მათეს სახლში მხოლოდ საჭმელად კი არ მივიდნენ, არამედ იმიტომ, რომ იესოს მიმდევრები იყვნენ (მარ. 2:15). სამწუხაროდ, ფარისევლების უმეტესობა ვერ ხედავდა ამ ადამიანებში იმას, რასაც იესო ამჩნევდა. ისინი სამართლიანი და გულმოწყალე ღმერთისგან განსხვავებით, რომლის მსახურებადაც მოჰქონდათ თავი, ადვილად აკრავდნენ ადამიანებს ცოდვილის იარლიყს და ფიქრობდნენ, რომ მათი გამოსწორება შეუძლებელი იყო.
16. რის დადგენას ცდილობს სამართლებრივი კომიტეტი?
16 დღეს უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ იეჰოვას, რომელიც „სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 37:28). თავდაპირველად, მათ უნდა გამოიძიონ და საგულდაგულოდ გამოიკითხონ საქმე, რათა გაარკვიონ, იქნა თუ არა ჩადენილი ცოდვა. თუ სერიოზულ ცოდვასთან ექნებათ საქმე, ისინი საკითხის გადასაჭრელად უნდა მიჰყვნენ ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ მითითებებს (კან. 13:12—14). სამართლებრივმა კომიტეტმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როცა ცდილობს, დაადგინოს, ნამდვილად ინანიებს თუ არა სერიოზული ცოდვის ჩამდენი თავის საქციელს. ამის დანახვა ყოველთვის ადვილი არ არის. მონანიება უნდა ვლინდებოდეს ცოდვის მიმართ შემცოდველის დამოკიდებულებაში, განწყობასა და გულის მდგომარეობაში (გამოცხ. 3:3). გულმოწყალების მისაღებად შემცოდველმა აუცილებლად უნდა მოინანიოს.a
17, 18. როგორ უნდა გაიგონ უხუცესებმა, რომ შემცოდველი გულწრფელად ინანიებს? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)
17 იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით უხუცესებს გულის დანახვა არ შეუძლიათ. თუ უხუცესი ხარ, როგორ შეგიძლია გაიგო, გულწრფელად ინანიებს თუ არა ადამიანი? თავდაპირველად, იეჰოვას სთხოვე სიბრძნე და გამჭრიახობა (1 მეფ. 3:9). შემდეგ მიმართე ღვთის სიტყვას და ერთგული და გონიერი მონის მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს, რათა დაინახო, რა განსხვავებაა „ქვეყნიურ დანაღვლიანებასა“ და „ღვთისმოსაწონ დანაღვლიანებას“ შორის, რაც ნამდვილ მონანიებას ახლავს (2 კორ. 7:10, 11). გაიგე, როგორ აღწერს ბიბლია მომნანიებელი და მოუნანიებელი ადამიანების გრძნობებს, დამოკიდებულებასა თუ საქციელს.
18 დაბოლოს, შეეცადე, იფიქრო თავად ადამიანზე და არა მის ჩადენილ დანაშაულზე. მხედველობაში მიიღე შემცოდველის წარსული, მისი მოტივები და მდგომარეობა, რამაც ის ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა. იესოზე, რომელიც კრების თავია, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ეს. 11:3, 4). უხუცესებო, თქვენ იესოს დამხმარე მწყემსები ხართ, ამიტომ ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ მასავით სამართლიანად გაასამართლოთ (მათ. 18:18—20). განა მადლიერნი არა ვართ, რომ კრებაში ასეთი მზრუნველი უხუცესები გვყავს?! ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ და ხელს უწყობენ კრებაში სამართლიანობისა და გულმოწყალების გამოვლენას!
19. რა ისწავლეთ თავშესაფარი ქალაქების ღონისძიებიდან და როგორ გამოიყენებთ ნასწავლს?
19 მოსეს კანონი „ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“ იყო, რომელიც გვაცნობს იეჰოვას და მის სამართლიან პრინციპებს (რომ. 2:20). მაგალითად, თავშესაფარი ქალაქების ღონისძიება ასწავლის უხუცესებს, როგორ გაასამართლონ „ჭეშმარიტი სამართლით“, თითოეულ ჩვენგანს კი გვასწავლის, როგორ მოვეპყროთ ერთმანეთს „სიკეთითა და წყალობით“ (ზაქ. 7:9). დღეს ჩვენ აღარ ვექვემდებარებით მოსეს კანონს, თუმცა ამ კანონების დამდგენი, იეჰოვა ღმერთი, არ შეცვლილა და მისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მსახურები სამართლიანობასა და წყალობას ავლენდნენ. რამხელა პატივია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომლის ანარეკლადაც ვართ შექმნილნი! მოდი მივბაძოთ მის შესანიშნავ თვისებებს და მასთან ვპოვოთ თავშესაფარი!
a იხილეთ 2006 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 30, 31.