იეჰოვას მოწყალება გვიხსნის სასოწარკვეთილებისაგან
„შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული“ (ფსალმუნი 50:3).
1, 2. როგორ შეუძლია სერიოზულ ცოდვას იმოქმედოს იეჰოვას მსახურებზე?
შეუძლებელია დაარღვიო იეჰოვას კანონი და არ დაისაჯო. რამდანად უფრო აშკარა ხდება ეს მაშინ, როცა ჩავდივართ რაიმე მძიმე ცოდვას ღმერთის წინააღმდეგ! თუმცა, შეიძლება წლობით ერთგულად ვემსახურებოდით იეჰოვას, მაგრამ მისი კანონის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს უდიდესი წუხილი ან ღრმა დეპრესია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იეჰოვამ მიგვატოვა და მეტად აღარა ვართ ღირსნი ვიყოთ მისი მსახურები. ჩადენილი ცოდვა შეიძლება მოგვეჩვენოს, როგორც დიდი ღრუბელი, რომელიც ფარავს ღმერთის კეთილგანწყობის სინათლეს.
2 ერთხელ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ძველი ისრაელის მეფე დავითი. საინტერესოა, როგორ მოხდა ეს?
მცდარ ნაბიჯებს შეუძლიათ მიგვიყვანონ მძიმე ცოდვამდე
3, 4. რა შეემთხვა მეფე დავითს მატერიალური აყვავების პერიოდში?
3 დავითს უყვარდა ღმერთი, მაგრამ მან გადადგა მცდარი ნაბიჯები, რომლებმაც იგი სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანა. (შეადარე გალატელთა 6:1.) ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ არასრულყოფილ ადამიანს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ძალაუფლება სხვებზე. წარმატებულ მეფე დავითს გააჩნდა დიდება და ძალაუფლება. ვინ გაბედავდა შეპასუხებოდა მას? ყველა უნარიანი მამაკაცი მის განკარგულებაში იყო და ადამიანები მზადყოფნით ასრულებდნენ დავითის მითითებებს. მაგრამ ცოლების რიცხვის გაზრდითა და ისრაელების აღრიცხვით დავითმა დაუშვა შეცდომა (მეორე რჯული 17:14–20; პირველი ნეშტთა 21:1).
4 მატერიალური აყვავების პერიოდში დავითმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა ღმერთისა და ადამიანების წინაშე. ჩაწნული ძაფების მსგავსად, ერთმა ცოდვამ მეორემდე მიიყვანა! იმ დროს, როდესაც სხვა ისრაელები ებრძოდნენ ყამონელებს, დავითი თავისი სახლის აივნიდან თვალს ადევნებდა ხეთელი ურიას ლამაზ ცოლს, ბარშებაყს, რომელიც ბანაობდა. ურია ომში იყო, ამიტომ მეფემ ბრძანა ქალის მიყვანა სასახლეში და იმრუშა მასთან. შენ წარმოიდგინე დავითის შეშფოთება როცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ქალი დაორსულებულა! დავითმა გაგზავნა თავისი მოხელეები ურიას მოსაყვანად იმ იმედით, რომ ის ცოლთან გაატარებდა ღამეს და ბავშვს თავისად ჩათვლიდა. თუმცა, დავითმა დაათრო ურია, მან უარი თქვა გაეტარებინა ღამე ბარშებაყთან ერთად. ამის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მეფემ, ახლა უკვე საიდუმლო განკარგულებები გაუგზავნა ჯარის მეთაურს, იოაბს, რათა მას ურია წინა ხაზზე დაეყენებინა, სადაც ალბათ ის იქნებოდა მოკლული. ურია დაიღუპა ბრძოლაში და როცა დამთავრდა მისი ქვრივის გლოვის ჩვეულებრივი დრო, დავითი დაქორწინდა ბარშებაყზე, სანამ ხალხი გაიგებდა რომ იგი ფეხმძიმედ იყო (2 მეფეთა 11:1–27).
5. რა მოხდა იმის შემდეგ, როცა დავითმა ჩაიდინა ცოდვა ბარშებაყთან, და როგორ იმოქმედა ამან დავითზე?
5 წინასწარმეტყველი ნათანის პირით ღმერთმა ამხილა დავითის ცოდვები და უთხრა: „აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან“. თანახმად ამისა, ბარშებაყისაგან გაჩენილი შვილი მოკვდა (2 მეფეთა 12:1–23). დავითის პირმშომ ამნონმა, გააუპატიურა თავისი ერთსისხლიერი და თამარი, რის შედეგადაც ამნონი მოკლული იქნა მისივე ძმის მიერ (2 მეფეთა 13:1–33). მეფის ძე, აბესალომი, შეეცადა ხელში ჩაეგდო სამეფო ტახტი და სირცხვილი მიაყენა მამამისს იმით, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა დავითის ხარჭებთან (2 მეფეთა 15:1—16:22). სამოქალაქო ომი დამთავრდა აბესალომის სიკვდილით, რამაც უფრო დიდი მწუხარება მიაყენა დავითს (2 მეფეთა 18:1–33). მაგრამ ცოდვებმა თავმდაბალი გახადა მეფე დავითი და მან შეიგნო იმის აუცილებლობა, რომ ახლოს ყოფილიყო თავის შემბრალე ღმერთთან. თუკი ჩვენც ჩავიდენთ ცოდვას, მორჩილად უნდა მოვინანიოთ და კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ იეჰოვას. (შეადარე იაკობი 4:8.)
6. რატომ იყო დავითი განსაკუთრებით დამნაშავე?
6 დავითი განსაკუთრებით იმის გამო იყო დამნაშავე, რომ წარმოადგენდა ისრაელის ხელისუფალს და გაცნობილი იყო იეჰოვას კანონს (მეორე რჯული 17:18–20). დავითი ეგვიპტის ფარაონი ან ბაბილონის მეფე როდი იყო, რომელთაც არ ჰყოფნიდათ ასეთი შემეცნება და რომლებიც ჩვეულების გამო აკეთებდნენ იმას, რაც ღმერთს არ მოსწონდა. (შეადარე ეფესელთა 2:12; 4:18). როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილი ხალხის წევრს, დავითს ესმოდა, რომ მრუშობა და მკვლელობა — ეს მძიმე ცოდვებია (გამოსვლა 20:13, 14). ქრისტიანებმაც იციან ღმერთის კანონი. მაგრამ, დავითის მსგავსად, ზოგიერთები არღვევენ მას მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებების, ადამიანური სისუსტეების ან იმის გამო, რომ არ ეწინააღმდეგებიან ცდუნებას. ეს რომ რომელიმე ჩვენგანს შემთხვეოდა, მაშინ არ უნდა დავრჩენილიყავით წყვდიადში, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და მივყავართ დიდ სასოწარკვეთილებამდე.
აღიარებას მოაქვს შვება
7, 8. ა) რა დაემართა დავითს, როცა ცდილობდა თავისი ცოდვების დამალვას? ბ) რატომ არის აუცილებელი ვაღიაროთ ცოდვა და მეტად აღარ გავიმეოროთ იგი?
7 თუ ჩვენ დამნაშავენი ვართ ღმერთის კანონის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვის გამო, შესაძლოა გვიძნელდება გამოვუტყდეთ ცოდვებში, იეჰოვასაც კი. რა შეიძლება მოხდეს ასეთი გარემოებებისას? 31-ე ფსალმუნში დავითმა აღიარა: „როდესაც ვდუმდი [იმის მაგივრად, რომ მეღიარებინა], გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რამეთუ დღისით და ღამით მძიმდებოდა [იეჰოვა] შენი ხელი ჩემზე, უკუიქცა სინედლე ჩემი, ვითარცა ზაფხულის გვალვაში“ (მე-3 და მე-4 მუხლი). მცდელობებმა, დაემალა თავისი ცოდვები და დაეთრგუნა უსუფთაო სინდისი, დატანჯა გზააბნეული დავითი. წამებამ იმდენად დაასუსტა მისი ძალები, რომ ის ჰგავდა გვალვისაგან გამხმარ ხეს, რომელსაც არა აქვს სასიცოცხლო სინოტივე. ნამდვილად დავითს შეეძლო ეგრძნო ცუდი შედეგები გონებრივ და ფიზიკურ საკითხში. ყოველ შემთხვევაში მან დაკარგა სიხარული. თუ რომელიმე ჩვენთაგანი აღმოჩნდება მსგავს მდგომარეობაში, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?
8 ღმერთის წინაშე ცოდვების აღიარებას შეუძლია შვებისა და პატიების მოტანა, „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე“. და მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“ (ფსალმუნი 31:5). იტანჯები თუ არა შენ რაიმე დაფარული ცოდვის გამო? ნუთუ უკეთესი არ იქნება აღიარო და მეტად აღარ ჩაიდინო, რომ მიიღო ღმერთისაგან პატიება? რატომ არ მოუხმობდი კრების უხუცესებს და არ მოძებნიდი სულიერ განკურნებას? (იგავნი 28:13; იაკობი 5:13–20). მხედველობაში მიღებული იქნება მონანიების სული და დროთა განმავლობაში შეიძლება დაგიბრუნდეს ქრისტიანული სიხარული. „ნეტარ არს, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა. — თქვა დავითმა — ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე“ (ფსალმუნი 31:1, 2).
9. როდის იყო შედგენილი 50-ე ფსალმუნი და რატომ?
9 დავითი და ბარშებაყი პასუხისმგებლები იყვნენ იეჰოვას წინაშე თავიანთი ცოდვის გამო. თუმცა, ღმერთს შეეძლო მიესაჯა მათთვის სიკვდილი თავიანთი ცოდვებისათვის, მაგრამ მან გულმოწყალეობა აღმოუჩინა მათ. განსაკუთრებით ის მოწყალე იყო დავითის მიმართ სამეფოზე კავშირის გამო (2 მეფეთა 7:11–16). 50-ე ფსალმუნში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ დავითის სრული მონანიების პოზიცია ბარშებაყთან ჩადენილი ცოდვის გამო. ეს ამაღელვებელი ფსალმუნი შეადგინა მომნანიებელმა მეფემ იმის შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ნათანმა გააღვიძა მისი სინდისი და უჩვენა, თუ რამდენად დიდი იყო მის მიერ ღმერთის კანონის დარღვევა. ნათანს მოეთხოვებოდა ვაჟკაცობა, რომ დავითის ყურადღება გაემახვილებინა მის ცოდვებზე. ასევე დღეს დანიშნული ქრისტიანი უხუცესები უნდა იყვნენ გამბედავნი, რომ გააკეთონ ეს. ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა თავის პასუხისმგებლობაზე და ებრძანებინა ნათანის სასიკვდილოდ გადაცემა, მეფემ მორჩილად აღიარა ცოდვები (2 მეფეთა 12:1–14). 50-ე ფსალმუნი გვიჩვენებს, თუ ღმერთისადმი ლოცვაში რა თქვა დავითმა უზნეო ქცევასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა ლოცვით ვიფიქროთ ამ ფსალმუნზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ შევცოდეთ და გვწყურია იეჰოვას მოწყალება.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ღმერთის წინაშე
10. როგორ შეეძლო დავითს განეცადა სულიერი განკურნება?
10 დავითი არ ცდილობდა თავისი ცოდვის გამართლებას, არამედ ლოცულობდა: „შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული“ (ფსალმუნი 50:3). ცოდვის ჩადენით დავითმა გადააბიჯა ღმერთის კანონის საზღვრებს. მაგრამ იყო სულიერი განკურნების იმედი, თუ ღმერთი აღმოუჩენდა მას წყალობას თავისი სიყვარულით აღსავსე სიკეთის, ანუ გულწრფელად ერთგული სიყვარულის თანახმად. ღმერთის მიერ წარსულში გამოვლენილ წყალობათა სიუხვე მომნანიებელ მეფეს აძლევდა საფუძველს რწმენისათვის, რომ შემოქმედი წაშლიდა მის უკანონო საქმეებს.
11. რას ნიშნავდა განწმენდის დღის მსხვერპლები და რა მოგვეთხოვება დღეს გადარჩენისათვის?
11 განწმენდის დღის მსხვერპლთა წინასწარმეტყველური აჩრდილების მეშვეობით, იეჰოვა უჩვენებდა, რომ მას აქვს მეთოდი განწმინდოს მომნანიებელი ადამიანები ცოდვისაგან. ახლა ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთის მოწყალებასა და პატიებას ვღებულობთ იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე. თუ დავითი მარტო იმის შესახებ ფიქრობდა, რაც წარმოადგენდა ამ მსხვერპლის მხოლოდ სიმბოლოსა და აჩრდილს და შეეძლო დაყრდნობოდა იეჰოვას სიყვარულით აღსავსე სიკეთესა და მოწყალებას, მაშინ რამდენად უფრო მეტად უნდა იჩენდნენ რწმენას ღმერთის თანამედროვე მსახურები თავიანთი ხსნისათვის გაცემული მსხვერპლის მიმართ! (რომაელთა 5:8; ებრაელთა 10:1).
12. რას ნიშნავს ცოდვის ჩადენა და რას ფიქრობდა დავითი თავისი ცოდვის შესახებ?
12 ღმერთის მიმართ ლოცვისას დავითმა თქვა: „მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“ (ფსალმუნი 50:4, 5). ცოდვის ჩადენა ნიშნავს იეჰოვას ნორმების დარღვევას. დავითმა სწორედ ეს გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ჰგავდა მკვლელს ან მეძავს, რომელიც გულგრილად უყურებს თავის დანაშაულს და მხოლოდ იმაზე წუხს, როგორ გაექცეს დასჯას ან შიშობს არ დაავადდეს. ღმერთის მოყვარე დავითს სძულდა ბოროტება (ფსალმუნი 96:10). დავითს სძულდა საკუთარი ცოდვა და სურდა ღმერთს სავსებით განეწმინდა იგი ცოდვისაგან. ის აბსოლუტურად გრძნობდა თავის უკანონობას და ღრმად განიცდიდა, რომ ნება დართო ცოდვილ სურვილს დაუფლებოდა მას. დავითს ყოველთვის თვალწინ ედგა თავისი ცოდვა იმიტომ, რომ ღვთისმოშიში ადამიანის უსუფთაო სინდისი ვერ ისვენებს, ვიდრე არ მიაღწევს მონანიებას, იეჰოვასაგან აღიარებასა და პატიებას.
13. რატომ შეეძლო დავითს ეთქვა, რომ მხოლოდ ღმერთის წინააღმდეგ შესცოდა?
13 დავითი გრძნობდა იეჰოვას წინაშე თავის პასუხისმგებლობას და ამბობდა: „შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ვერაგობა ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი — შენს სამართალში“ (ფსალმუნი 50:6). დავითმა დაარღვია ღმერთის კანონები, შელახა მეფის მდგომარეობა და „ნამდვილად უპატივცემულოდ მოეპყრო იეჰოვას“ იმით, რომ სახელი გაუტეხა მას (2 მეფეთა 12:14, აე; გამოსვლა 20:13, 14,17). დავითის ცოდვილი მოქმედებები დანაშაულობებს წარმოადგენდა ასევე ისრაელის საზოგადოებისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ზუსტად ისევე, როგორც სერიოზული ცოდვის ჩამდენი მონათლული ქრისტიანი მწუხარებას აყენებს ქრისტიანულ კრებას და თავის საყვარელ ახლობლებს. თუმცა, მომნანიებელმა მეფემ იცოდა, რომ ცოდვა ჩაიდინა ისეთი ახლობლის წინააღმდეგ, როგორც ურია იყო, ის უმაღლეს პასუხისმგებლობას მაინც იეჰოვას წინაშე გრძნობდა. (შეადარე დაბადება 39:7–9.) დავითი აღიარებდა, რომ იეჰოვას სასამართლო სამართლიანი იქნება (რომაელთა 3:4). ცოდვის ჩამდენ ქრისტიანებს აუცილებლად ასეთივე თვალსაზრისი უნდა გააჩნდეთ.
შემამსუბუქებელი გარემოებები
14. როგორი შემამსუბუქებელი გარემოებანი მოიხსენია დავითმა?
14 თუმცა, დავითი არ ცდილობდა თავის გამართლებას, მან თქვა: „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“ (ფსალმუნი 50:7). დავითი ცოდვებში დაიბადა და დედამისი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო განიცდიდა მშობიარობის ტკივილებს (დაბადება 3:16; რომაელთა 5:12). მისი სიტყვები არ ნიშნავს, რომ მისაღები ცოლ-ქმრული კავშირები, ჩასახვა და შობადობა არის ცოდვა, რამეთუ ქორწინება და ბავშვების შობა ღმერთის მიერ იყო დაფუძნებული. დავითი ასევე არ ლაპარაკობდა დედამისის რაიმე განსაზღვრულ ცოდვაზე. იგი ჩაისახა ცოდვაში იმიტომ, რომ მისი მშობლები, ისევე როგორც ყველა არასრულყოფილი ადამიანი, იყვნენ ცოდვილნი (იობი 14:4).
15. თუმცა, ღმერთს შეუძლია გაითვალისწინოს შემამსუბუქებელი გარემოებები, მაინც რა უნდა ვაკეთოთ?
15 თუ ჩავიდინეთ ცოდვა, შეგვიძლია ღმერთისადმი ლოცვაში მოვიხსენიოთ ცოდვის შემამსუბუქებელი ნებისმიერი მდგომარეობა, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედათ ჩვენს ქცევებზე. მაგრამ, მოდით ღმერთის დაუმსახურებელ სიკეთეს, ნუ გადავაქცევთ უზნეო ქცევის გამართლებად და ნუ ვისარგებლებთ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებებით, როგორც საფარველით, რომლის მიღმაც დავემალებოდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვის გამო (იუდა 3,4). დავითმა შეიგრძნო პასუხისმგებლობა იმისა, რომ გააჩნდა უწმინდური აზრები და მიეცა ცდუნებას. მოდით, ვილოცოთ, რომ არ მივეცეთ ცდუნებას, ხოლო შემდეგ კი ვიმოქმედოთ ლოცვის შესაბამისად (მათე 6:13).
ვედრება განწმენდის შესახებ
16. რომელი თვისება სიამოვნებს ღმერთს და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენს ყოფაქცევაზე?
16 ადამიანები შეიძლება ღმერთისადმი ერთგულნი და კარგები ჩანდნენ, მაგრამ შემოქმედი ხედავს იმას, თუ როგორია ადამიანი შინაგანად. დავითმა თქვა: „აჰა, შენ [იეჰოვამ] შეიყვარე ჭეშმარიტება [სამართლიანობა, აე] გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული“ (ფსალმუნი 50:8). დავითი დამნაშავე იყო სიცრუესა და მზაკვრობაში, ვინაიდან ხრიკებით ცდილობდა ურიას მოკვლასა და ბარშებაყის ორსულობის დაფარვას. მითუმეტეს, მან იცოდა, რომ ღმერთს სიამოვნებს სამართლიანობა და სიწმინდე. ამან კარგი ზეგავლენა უნდა იქონიოს ჩვენს ყოფაქცევაზე, ვინაიდან მზაკვრობისათვის იეჰოვა გაგვასამართლებდა (იგავნი 3:32). დავითს ასევე შეგნებული ჰქონდა, რომ თუ ღმერთი „გააგებინებდა სიბრძნეს“, მაშინ, როგორც მომნანიებელი მეფე, იგი შესძლებდა დამორჩილებოდა ღმერთის ნორმებს თავისი ცხოვრების დარჩენილ ნაწილში.
17. რაში მდგომარეობდა ლოცვის აზრი უსუპით განწმენდის შესახებ?
17 რამდენადაც ფსალმუნმომღერალი ხედავდა, რომ ცოდვილი მიდრეკილებების დასაძლევად აუცილებელი იყო ღმერთისაგან დახმარება, ის შემდეგ ევედრებოდა: „მასხურე უსუპი და გავიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები“ (ფსალმუნი 50:9). სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მცენარე უსუპი (შესაძლოა მაიორანი ან Origanum maru) გამოიყენებოდა იმ ადამიანთა განწმენდის ცერემონიის დროს, რომლებიც ერთხელ კეთრით იყვნენ დაავადებულნი (ლევიანნი 14:2–7). ამიტომ გონივრული იყო დავითის ლოცვა, რომ ცოდვისაგან უსუპით განწმენდილიყო. აზრი განწმენდის შესახებ დაკავშირებულია ასევე მის ვედრებასთან, რომ იეჰოვას განებანა იგი, რათა გამხდარიყო სრულიად სუფთა, თოვლზე მეტად სპეტაკიც კი, რომელზეც არ არის ჭვარტლი და არც ნაგავი (ესაია 1:18). თუ ამჟამად რომელიმე ჩვენგანი იტანჯება ცოდვისათვის სინდისის ქენჯნის გამო, მოდით გამოვავლინოთ რწმენა, რომ თუ მოვინანიებთ და ვეძებთ ღვთისაგან პატიებას, ის განგვწმენდს და გაგვასუფთავებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე.
ვედრება განახლების შესახებ
18. როგორ მდგომარეობაში იყო დავითი, ვიდრე აღიარებდა და მოინანიებდა ცოდვებს და ამის ცოდნა როგორ გვეხმარება დღეს?
18 ნებისმიერ ქრიატიანს, რომელიც კი ოდესმე დატანჯულა უსუფთაო სინდისის გამო, შეუძლია გაიგოს იეჰოვასადმი მიმართული დავითის შემდეგი სიტყვები: „მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე (ფსალმუნი 50:10). მანამ მოინანიებდა და აღიარებდა თავის ცოდვებს, დავითი მისმა შეწუხებულმა სინდისმა გააუბედურა. ის სიხარულისა და ლხენის სიმღერებშიც კი ვერ პოულობდა სიამოვნებას, რომლებსაც კარგი მომღერლები და ნიჭიერი მუსიკოსები ასრულებდნენ. ცოდვის გამო გამოწვეული მტანჯველი ტკივილი დავითისათვის იმდენად დიდი იყო, რომ ის ჰგავდა ადამიანს, რომლის ძვლებიც მტკივნეულად არის დათრგუნვილი. დავითს სწყუროდა პატიება, სულიერი განკურნება და იმ სიხარულის აღდგენა, რომელსაც წინათ გრძნობდა. მომნანიებელი ცოდვილისათვის დღესაც ასევე აუცილებელია იეჰოვასაგან პატიება, რათა კვლავ შეიძინოს ის სიხარული, რომელიც გააჩნდა იმის გაკეთებამდე, რამაც საფრთხეში ჩააგდო მისი ურთიერთდამოკიდებულება ღმერთთან. „სულიწმიდის სიხარულის“ აღდგენა მომნანიებელ ცოდვილს უჩვენებს, რომ იეჰოვამ აპატია მას და უყვარს იგი (1 თესალონიკელთა 1:6). როგორი მანუგეშებელია ამის ცოდნა!
19. რას იგრძნობდა დავითი, თუ ღმერთი წაშლიდა მთელ მის უკანონობას?
19 შემდეგ დავითი ლოცულობდა: „სახე მოარიდე ჩემს ცოდვებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე“ (ფსალმუნი 50:11). ჩვენ არ გვმართებს ვიფიქროთ, რომ იეჰოვა მოიწონებს ცოდვას. მაშასადამე, დავითი სთხოვდა მას სახე მოერიდებინა მისი ცოდვებისათვის. მეფე ასევე ლოცულობდა, რომ ღმერთს ყველა მისი უკანონობა წაეშალა და აღეგავა მთელი მისი უსამართლობა. ოჰ, იეჰოვას ნეტა გაეკეთებინა ეს! ეს აამაღლებდა დავითის განწყობილებას, მოხსნიდა ტვირთს მისი შეძრწუნებული სინდისისაგან, და მომნანიებელ მეფესაც ეცოდინებოდა, რომ მოსიყვარულე ღმერთმა მიუტევა მას.
მაშინ რა, თუ შენ შესცოდე?
20. რა რჩევა ეძლევა თითოეულ ქრისტიანს, რომელმაც ჩაიდინა მძიმე ცოდვა?
20 50-ე ფსალმუნი მიუთითებს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილ ყველა მის მსახურს, რომლებმაც ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა, მაგრამ ინანიებენ, შეუძლიათ დარწმუნებით ევედრონ ღმერთს აღმოუჩინოს მათ წყალობა და გაწმინდოს ცოდვისაგან. თუ შენ ხარ ქრისტიანი, რომელმაც ამის მსგავსად შესცოდე, რატომ არ მიმართავ თავმდაბალ ლოცვაში ჩვენს ზეციერ მამას პატიებისათვის? შეიგნე, რომ გესაჭიროება ღმერთის დახმარება, რათა გაგაჩნდეს მისი მოწონება და სთხოვე, რომ მან აღგიდგინოს ის სიხარული, რომელიც წინათ გქონდა. მომნანიებელ ქრისტიანებს შეუძლიათ რწმენით მიუახლოვდნენ იეჰოვას ლოცვაში მსგავსი სათხოვარით, იმიტომ, რომ ის „მრავალგზის მიმტევებელია“ (ესაია 55:7; ფსალმუნი 102:10–14). რასაკვირველია, ჩვენ კრების უხუცესებს უნდა მივმართოთ, რომ აღმოგვიჩინონ აუცილებელი სულიერი დახმარება (იაკობი 5:13–15).
21. რას გამოვიკვლევთ შემდეგში?
21 იეჰოვას მოწყალება ნამდვილად ეხმარება მის ხალხს სასოწარკვეთილების დაძლევაში. მაგრამ, მოდით, გამოვიკვლიოთ მომნანიებელი დავითის სხვა გულითადი ვედრებანი, რომლებიც 50-ე ფსალმუნშია მოცემული. მისი განხილვა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა არ ამცირებს მოდრეკილ გულს.
შენ როგორ უპასუხებდი?
◻ როგორი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია სერიოზულ ცოდვას იეჰოვას მსახურზე?
◻ როგორ იმოქმედა დავითზე თავისი ცოდვის დაფარვის მცდელობამ?
◻ რატომ თქვა დავითმა, რომ მან შესცოდა მხოლოდ ღმერთის წინააღმდეგ?
◻ თუმცა ღმერთს შეუძლია ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვისას გაითვალისწინოს შემამსუბუქებელი გარემოებები, მაინც რისი კეთება არ გვმართებს?
◻ რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, თუ მან ჩაიდინა მძიმე ცოდვა?