იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
«შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ [„მზად ხარ პატიებისთვის“, აქ]» (ფსალმუნი 85:5).
1. რა მძიმე ტვირთს ატარებდა მეფე დავითი და როგორ ჰპოვა ნუგეში მისმა დამწუხრებულმა გულმა?
ძველი ისრაელის მეფე დავითმა იცოდა, თუ რამდენად მძიმე შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის შედეგად გამოწვეული სინდისის ქენჯნის ტვირთი. ის წერდა: „ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით“ (ფსალმუნი 37:5, 9). მაგრამ დავითის დამწუხრებულმა გულმა ნუგეში ჰპოვა. მან იცოდა, რომ, თუმცა იეჰოვას სძულს ცოდვა, მას არ სძულს შემცოდველი — თუ ეს პიროვნება ნამდვილად ინანიებს და უარყოფს ცოდვილი გზებით სიარულს (ფსალმუნი 31:5; 102:3). დავითი სრულიად დარწმუნებული იყო იეჰოვას მზადყოფნაში, გულმოწყალება გამოევლინა მომნანიებლისადმი: «შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, [„მზად ხარ პატიებისთვის“, აქ]» (ფსალმუნი 85:5).
2, 3. ა) რა ტვირთს შეიძლება ვატარებდეთ ცოდვის ჩადენის შედეგად და რატომ არის ეს სასარგებლო? ბ) რა საშიშროება არსებობს დანაშაულის გრძნობით შთანთქმასთან დაკავშირებით? გ) რა მტკიცებაა მოცემული ბიბლიაში პატიებისთვის იეჰოვას მზადყოფნის შესახებ?
2 ცოდვის ჩადენის შედეგად ჩვენც შეიძლება აფორიაქებული სინდისის გამანადგურებელ ტვირთს ვატარებდეთ. სინდისის ქენჯნის ეს გრძნობა ნორმალური და სასარგებლოც კია. მას შეუძლია დადებითი ნაბიჯების გადადგმისა და შეცდომების გამოსწორებისკენ გვიბიძგოს. მაგრამ ზოგ ქრისტიანს სძლია დანაშაულის გრძნობამ. მათი თვითგანმსჯელი გული შეიძლება დაჟინებით უმტკიცებს, რომ, როგორც არ უნდა მოინანიონ, ღმერთი ბოლომდე არ აპატიებს. „საშინელი გრძნობა გეუფლება, როცა ფიქრობ, რომ შეიძლება იეჰოვას უკვე არ უყვარხარ“, — თქვა ერთმა დამ, რომელიც თავის შეცდომას აანალიზებდა. მაშინაც კი, როდესაც მან მოინანია და კრების უხუცესებისგან სასარგებლო რჩევები მიიღო, ის განაგრძობდა საკუთარი თავის ღვთის პატიებისთვის უღირსად ჩათვლას. „დღე ისე არ გავიდოდა, რომ იეჰოვასთვის პატიება არ მეთხოვა“, — ამბობს ეს და. თუ დანაშაულის გრძნობა ‘გვნთქავს’, სატანა ეცდება იმას მიაღწიოს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და საკუთარი თავი იეჰოვასადმი მსახურების უღირსად ჩავთვალოთ (2 კორინთელთა 2:5–7, 11).
3 მაგრამ იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვაგვარია. მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ, როდესაც ნამდვილ, გულწრფელ მონანიებას ვავლენთ, იეჰოვას სურს, დიახ, მზად არის, გვაპატიოს (იგავნი 28:13). ამიტომ, თუ ოდესმე ღვთისგან პატიების მიღება მიუწვდომელი მოგეჩვენა, შესაძლოა საჭიროა, უკეთესად გაიგო, თუ რატომ და როგორ გვპატიობს ის.
რატომ არის იეჰოვა ‘მზად პატიებისთვის’
4. რა ახსოვს იეჰოვას ჩვენს ბუნებასთან დაკავშირებით და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს მიმართ მის მოქმედებაზე?
4 ფსალმუნებში ვკითხულობთ: „როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი“. რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას? ამაზე პასუხს მომდევნო მუხლი იძლევა: „რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:12–14). დიახ, იეჰოვას ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ შექმნილები და არასრულყოფილების შედეგად გვაქვს სისუსტეები. გამოთქმა — მან იცის „აგებულება ჩვენი“ — შეგვახსენებს, რომ ბიბლია იეჰოვას მეთუნეს ადარებს და ჩვენ კი მისგან გაკეთებულ ჭურჭელსa (იერემია 18:2–6). მეთუნე თიხის ჭურჭელს მტკიცედ, მაგრამ, ამავე დროს, ნაზად ეპყრობა და ყოველთვის ახსოვს მისი ბუნება. ასევეა იეჰოვაც, დიდი მეთუნე, რომელიც რბილად, ჩვენი ცოდვილი ბუნების შესაბამისად გვეპყრობა (შეადარე 2 კორინთელთა 4:7).
5. როგორ არის ჩვენს დაცემულ სხეულზე ცოდვის მძლავრი მარწუხების გავლენა აღწერილი რომაელთა მიმართ წერილში?
5 იეჰოვას ესმის, თუ რამდენად მძლავრი შეიძლება იყოს ცოდვა. საღვთო წერილი ცოდვას ძლიერ ძალად აღწერს, რომელსაც ადამიანები თავის მომაკვდინებელ მარწუხებში ჰყავს გამომწყვდეული. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ცოდვის მარწუხები? ინსპირირებული მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილში თვალსაჩინოდ განმარტავს ამას: როგორც ჯარისკაცი ექვემდებარება თავის მეთაურს, ისე ჩვენც ‘ცოდვის ქვეშ’ ვართ (რომაელთა 3:9); ის ‘მეფობს’ კაცობრიობაზე (რომაელთა 5:21); ცოდვა ჩვენში „იმყოფება“ ანუ ჩვენშია „დამკვიდრებული“ (რომაელთა 7:17, 20); მისი ‘რჯული’ გამუდმებით მოქმედებს ჩვენში და ცდილობს თავისი სურვილისამებრ აგვამოქმედოს (რომაელთა 7:23, 25). და რამდენად მძიმე ბრძოლა უნდა გავწიოთ, რათა წინააღვუდგეთ ჩვენს დაცემულ სხეულზე ცოდვის მძლავრ გავლენას (რომაელთა 7:21, 24).
6. როგორ უყურებს იეჰოვა მოდრეკილი გულით მისი გულმოწყალების მაძიებლებს?
6 ამიტომ ჩვენმა გულმოწყალე ღმერთმა იცის, რომ, მთელი გულითაც რომ გვსურდეს, შეუძლებელია სრულყოფილად დავემორჩილოთ მას (მესამე მეფეთა 8:46). ის სიყვარულით გვარწმუნებს, რომ, როდესაც მოდრეკილი გულით მის მამობრივ გულმოწყალებას ვეძებთ, შეგვიწყალებს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: ‘შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო’ (ფსალმუნი 50:19). იეჰოვა არასოდეს უარყოფს, ანუ ზურგს არ შეაქცევს, დანაშაულის გრძნობით მოდრეკილსა და მორჩილ გულს. რა შესანიშნავად არის აქ აღწერილი, რომ იეჰოვა მზად არის პატიებისთვის!
7. რატომ არ შეგვიძლია ღვთის გულმოწყალების ბოროტად გამოყენება?
7 მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბოროტად გამოვიყენოთ ღვთის გულმოწყალება და ჩვენი ცოდვილი ბუნება ცოდვის გასამართლებლად გამოვიყენოთ? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა გადაჭარბებული გულჩვილობით არ ხელმძღვანელობს. მის გულმოწყალებას საზღვარი აქვს. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს მათ, რომლებიც გულქვად, ბოროტად მისდევენ, ნებსით სცოდავენ და არ ინანიებენ (ებრაელთა 10:26–31). მეორე მხრივ, როცა ‘მოდრეკილ და მორჩილ’ გულს ხედავს, იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (იგავნი 17:3). განვიხილოთ ბიბლიაში გამოყენებული ზოგიერთი ხატოვანი გამონათქვამი, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ღმერთი ბოლომდე პატიობს.
როგორ პატიობს იეჰოვა ბოლომდე?
8. რას აკეთებს, ფაქტიურად, იეჰოვა, როდესაც გვპატიობს ცოდვებს და რა გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენზე?
8 მომნანიებელმა მეფე დავითმა თქვა: „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“ (ფსალმუნი 31:5). სიტყვა „მომიტევე“ გადმოითარგმნა ებრაული სიტყვიდან, რომელიც ძირითადად ნიშნავს „მოუხსნა“, „ატარო, იტვირთო“. აქ მისი გამოყენება „დანაშაულის, ცოდვისა და არასწორი საქციელის გაუქმებაზე“ მიუთითებს. ასე რომ, იეჰოვამ მოუხსნა დავითს ცოდვები, ასე ვთქვათ, ისინი გააუქმა (შეადარე ლევიანნი 16:20–22). ეს, რასაკვირველია, დავითს უმსუბუქებდა დანაშაულის გრძნობას, რომლითაც ის მოცული იყო (შეადარე ფსალმუნი 31:3). ჩვენც შეგვიძლია სრულიად ვიყოთ დარწმუნებული ღმერთში, რომელიც პატიობს ცოდვებს მათ, რომლებიც იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი თავიანთი რწმენის საფუძველზე ღვთის მიტევებას ეძიებენ (მათე 20:28; შეადარე ესაია 53:12). მათთვის, ვისაც იეჰოვა ამგვარად უხსნის და უუქმებს ცოდვებს, საჭირო არ არის, განაგრძონ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დანაშაულის ტვირთის ტარება.
9. რას ნიშნავს იესოს სიტყვები: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“?
9 იესომ იმის თვალსაჩინოდ საჩვენებლად, თუ როგორ პატიობს იეჰოვა, მევალისა და მოვალის ურთიერთობა გამოიყენა. მაგალითად, იესო მოგვიწოდებდა გველოცა: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“ (მათე 6:12, სსგ). ამგვარად იესო ‘ცოდვებს’ „ვალებს“ ადარებდა (ლუკა 11:4). როცა ვცოდავთ, იეჰოვას „მოვალეები ვხდებით“. ბერძნული ზმნა, რომელიც „მიტევებად“ გადმოითარგმნა, შეიძლება „ვალის პატიებას, მის დავიწყებას, მის არ მოთხოვნას“ ნიშნავდეს. ფაქტობრივად, როცა იეჰოვა გვპატიობს, ის აუქმებს ვალს, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადაგვეხადა. მომნანიებელ შემცოდველს შეუძლია ამით ინუგეშოს. იეჰოვა არასოდეს მოითხოვს იმ ვალის გადახდას, რომელიც გააუქმა! (ფსალმუნი 31:1, 2; შეადარე მათე 18:23–35).
10, 11. ა) რა არის გამოხატული საქმეების 3:19-ში მოცემული სიტყვით „აღიხოცოს“? ბ) როგორ არის ნაჩვენები თვალსაჩინოდ იეჰოვას ბოლომდე მიმტევებლობა?
10 საქმეების 3:19-ში ღვთის მიტევების აღსაწერად ბიბლია იყენებს კიდევ ერთ შთამბეჭდავ მეტაფორულ გამოთქმას: „აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები“. სიტყვა „აღიხოცოს“ გადმოთარგმნილია ბერძნული ზმნიდან, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება „მოსპობას, წაშლას, გაუქმებას ან აღმოფხვრას ნიშნავდეს“. ზოგი მეცნიერის აზრით, ამ სიტყვის მნიშვნელობა ხელნაწერის წაშლას გამოხატავდა. როგორ? მელანი, რომელსაც ჩვეულებრივ ძველ დროში იყენებდნენ, მურის, გუმფისისა და წყლის ნარევისგან იყო გაკეთებული. ასეთი მელნით დაწერის შემდეგ, ადამიანს შეეძლო აეღო სველი ღრუბელი და ნაწერი წაეშალა.
11 აქ აღწერილია იეჰოვას ბოლომდე მიმტევებლობის შესანიშნავი სურათი. როცა ცოდვებს გვპატიობს, ის თითქოს, ღრუბელს იღებს და შლის მათ. საჭირო არ არის, გვეშინოდეს, რომ ის მომავლისთვის შემოგვინახავს ამ ცოდვებს, რადგან ბიბლია კიდევ რაღაცას გვიცხადებს იეჰოვას გულმოწყალების შესახებ, რაც ნამდვილად აღსანიშნავია: როცა ის გვპატიობს, ივიწყებს კიდეც.
„აღარ გავუხსენებ ცოდვებს“
12. როცა ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა გვპატიობს ჩვენს ცოდვებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იეჰოვას არ შეუძლია მათი გახსენება და რატომ პასუხობ ასე?
12 იეჰოვამ წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით აღთქმა დადო: „ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33). ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიტევების შემდეგ იეჰოვას არ შეუძლია გაიხსენოს ეს ცოდვები? სულაც არა. ბიბლია მოგვითხრობს იმ მრავალ ადამიანთა ცოდვების შესახებ, რომლებსაც იეჰოვამ მიუტევა; მათ შორის არის დავითიც (მეორე მეფეთა 11:1–17; 12:1–13). ცხადია, იეჰოვას დღესაც ახსოვს მათ მიერ ჩადენილი ცოდვები და ჩვენც უნდა გვახსოვდეს ისინი. მათი ცოდვების, ასევე მონანიებისა და ღვთისგან მიტევების შესახებ ცნობები ჩვენს სასარგებლოდ იქნა შემონახული (რომაელთა 15:4). მაშინ, რას ნიშნავს ბიბლიაში ნათქვამი სიტყვები, რომ იეჰოვა არ ‘გაუხსენებს’ ცოდვებს მათ, ვისაც აპატია?
13. ა) რა შედის იმ ებრაული ზმნის მნიშვნელობაში, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გავუხსენებ“? ბ) რაში გვარწმუნებს იეჰოვა, როდესაც ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“?
13 ებრაული ზმნა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გავუხსენებ“ წარსულის მხოლოდ გახსენებაზე მეტს ნიშნავს. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ (Theological Wordbook of the Old Testament) თანახმად, ის „სათანადო მოქმედების მნიშვნელობასაც შეიცავს. ამიტომ ამ მნიშვნელობით ცოდვების ‘გახსენებაში’ შემცოდველის წინააღმდეგ მოქმედებაც შედის. როცა წინასწარმეტყველმა ოსიამ თავნება ისრაელის შესახებ თქვა: „ის [იეჰოვა] გაიხსენებს მათ უკეთურებას“, წინასწარმეტყველი გულისხმობდა, რომ მოუნანიებლობის გამო იეჰოვა მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. ამგვარად, მუხლის დარჩენილი ნაწილი ამატებს: „[ის] მოჰკითხავს ცოდვებს“ (ოსია 9:9). მეორე მხრივ, როცა იეჰოვა ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“, ის გვარწმუნებს, რომ, თუ ერთხელ აპატიებს მომნანიებელ ცოდვილს, გარკვეული დროის შემდეგ ამ ცოდვებს არ მოჰკითხავს მას (ეზეკიელი 18:21, 22). ამგვარად, ის იმ გაგებით ივიწყებს, რომ არ გვიხსენებს ჩვენს ცოდვებს იმ მიზნით, რათა ისევ და ისევ დაგვადანაშაულოს ან დაგვსაჯოს. ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვა ჩინებულ მაგალითს გვაძლევს, რათა მივბაძოთ მას სხვებთან ურთიერთობაში. უთანხმოებების წამოჭრისას საუკეთესო იქნებოდა, ისევ არ შეგვეხსენებინა წარსული შეცდომები, რომლებიც უკვე ვაპატიეთ.
რა შეიძლება ითქვას შედეგებზე?
14. რატომ არ ნიშნავს მიტევება იმას, რომ მომნანიებელი შემცოდველი ცუდი მოქმედების ყოველგვარი შედეგებისგან თავისუფალია?
14 იეჰოვა რომ მზად არის პატიებისთვის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მომნანიებელი ცოდვილი თავისი ცუდი მოქმედების ყველა შედეგისგან თავისუფლდება? არავითარ შემთხვევაში. შეუძლებელია შევცოდოთ და დაუსჯელი დავრჩეთ. პავლე წერდა: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). შეიძლება ჩვენი მოქმედების ან პრობლემების გარკვეულ შედეგებს შევეჯახოთ, მაგრამ მიტევების შემდეგ იეჰოვა არ არის ჩვენს თავს დატეხილი უსიამოვნების მიზეზი. სირთულეების წამოჭრისას ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს: „შეიძლება იეჰოვა ჩემი წარსული ცოდვების გამო მსჯის“ (შეადარე იაკობი 1:13). მეორე მხრივ, იეჰოვა არ გვათავისუფლებს ჩვენი ცუდი მოქმედებების ყველა შედეგისგან. განქორწინება, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადაცემული დაავადებები, ნდობისა თუ პატივისცემის დაკარგვა, — ყოველივე ეს შეიძლება იყოს ცოდვის სამწუხარო შედეგები და იეჰოვა არ დაგვიფარავს მათგან. გაიხსენე, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ დავითს აპატია ბათშებაყსა და ურიასთან დაკავშირებით ჩადენილი ცოდვები, მას არ დაუფარავს დავითი ჩადენილი ცოდვების სავალალო შედეგებისგან (მეორე მეფეთა 12:9–14).
15, 16. როგორ იყო ლევიანნის 6:1–7-ში მოცემული რჯული სასარგებლო როგორც დაზარალებულისთვის, ისე მწყენინებლისთვის?
15 ჩვენს ცოდვებს სხვა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, ყურადღება მიაქციე ლევიანნის მე-6 თავში მოცემულ ცნობას. აქ მოსეს რჯულში მოყვანილია ის მდგომარეობები, რომლებშიც ადამიანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს და ძარცვის, გამოძალვის ან მოტყუების საშუალებით თანამემამულის საქონელს ითვისებს. შემცოდველი შემდეგ უარყოფს თავის დანაშაულს და უსირცხვილოდ ცრუ ფიცსაც კი წარმოთქვამს. ამ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს. მაგრამ მოგვიანებით მწყენინებელს სინდისი ქენჯნის და აღიარებს თავის ცოდვას. ღვთისგან მიტევების მისაღებად, მან კიდევ სამი რამ უნდა გააკეთოს: უნდა დააბრუნოს აღებული, გადაიხადოს 20 პროცენტი ჯარიმა და დანაშაულის გამოსასყიდად ვერძი შესწიროს. შემდეგ, რჯულის თანახმად: „გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას“ (ლევიანნი 6:1–7; შეადარე მათე 5:23, 24).
16 ეს კანონი ღვთის გულმოწყალების გამო იქნა მიცემული. ის სასარგებლო იყო დაზარალებულისთვის, რომელსაც უბრუნდებოდა თავისი საკუთრება და, რომელსაც, ეჭვგარეშეა, დიდ შვებას ჰგვრიდა საბოლოოდ მწყენინებლის მიერ თავისი ცოდვის აღიარება. ამავე დროს, რჯული სასარგებლო იყო იმ პიროვნებისთვისაც, რომელიც სინდისმა ბოლოს მაინც აღძრა ეღიარებინა თავისი დანაშაული და გამოესწორებინა შეცდომა. ნამდვილად, თუ დამნაშავე ასე არ მოიქცეოდა, ის ღვთისგან მიტევებას ვერ მიიღებდა.
17. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, როდესაც ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ?
17 მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულს არ ვექვემდებარებით, ის გვეხმარება, ჩავწვდეთ იეჰოვას აზრებს, მათ შორის მიტევების შესახებ მის თვალსაზრისსაც (კოლასელთა 2:13, 14). როცა ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ ან ვაზარალებთ, იეჰოვას სიამოვნებს, თუ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ ‘შეცდომის გამოსასწორებლად’ (2 კორინთელთა 7:11, აქ). ამაში შედის ის, რომ შევიგნოთ ჩვენი ცოდვა, ვაღიაროთ დანაშაული და ბოდიშიც კი მოვუხადოთ დანაშაულის მსხვერპლს. შემდეგ იესოს მსხვერპლის საფუძველზე შეგვიძლია მივმართოთ იეჰოვას და მივიღებთ იმ შვებას, რომელსაც სუფთა სინდისი იძლევა და დავრწმუნდებით, რომ ღმერთმა გვაპატია (ებრაელთა 10:21, 22).
18. რა წვრთნა შეიძლება თან სდევდეს იეჰოვას მიმტევებლობას?
18 ნებისმიერი მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვა გვპატიობს, მაგრამ, ამასთან ერთად, გვწვრთნის კიდეც (იგავნი 3:11, 12). მომნანიებელ ქრისტიანს შეიძლება უხუცესად, სამსახურებრივ თანაშემწედ ან პიონერად მსახურების დატოვება მოუწიოს. შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს გარკვეული დროით ყოველივე ამის დაკარგვა, რადგან ეს მისთვის ძვირფასი იყო. მაგრამ მსგავსი წვრთნა იმას არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა ან, რომ იეჰოვა არ პატიობს მას. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვასგან მომდინარე წვრთნა მისი ჩვენდამი სიყვარულის დამამტკიცებელია. ამ წვრთნის მიღება და გამოყენება ჩვენს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია (ებრაელთა 12:5–11).
19, 20. ა) რატომ არ უნდა იფიქრო, რომ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო, მაშინ როცა დანაშაული ჩაიდინე? ბ) რაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში?
19 რამდენად გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც ‘მზად არის პატიებისთვის’! იეჰოვა ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებზე მეტს ხედავს (ფსალმუნი 129:3, 4). მან იცის ჩვენი გულის ზრახვები. თუ წარსული შეცდომების გამო გულგატეხილობისა და სიმძიმის გრძნობა გეუფლება, ნუ დაასკვნი, რომ შენ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო. რა შეცდომაც არ უნდა დაგეშვა, თუ ნამდვილად მოინანიე, მათ გამოსასწორებლად ნაბიჯები გადადგი და იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე იეჰოვას მიტევების შესახებ გულწრფელად შეევედრე, შეგიძლია ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ 1-ლი იოანეს 1:9-ში მოცემული სიტყვები შენც გეხება: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურობისაგან“.
20 ბიბლია მოგვიწოდებს, ერთმანეთთან ურთიერთობაში მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობას. მაგრამ რამდენის პატიებასა და დავიწყებას მოელიან, როცა სხვები სცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ? ამაზე საუბარი იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a საინტერესოა, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „აგებულება ჩვენი“, გამოიყენება მეთუნის მიერ გაკეთებულ თიხის ქოთანთან დაკავშირებით (ესაია 29:16).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ არის იეჰოვა ‘მზად პატიებისთვის’?
◻ როგორ აღწერს ბიბლია იეჰოვას ბოლომდე მიმტევებლობას?
◻ როდესაც იეჰოვა პატიობს, რა გაგებით ივიწყებს ის?
◻ რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, როდესაც ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ?
[სურათი 12 გვერდზე]
როდესაც ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ, იეჰოვა მოელის, რომ დანაშაულს გამოვისყიდით.