იეჰოვა ისმენს ჩვენს ღაღადს, როცა შველას ვთხოვთ
„იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15).
1, 2. ა) როგორ გრძნობს თავს დღეს მრავალი? ბ) რატომ არ გვიკვირს ეს ჩვენ?
ძალიან წუხხართ? თუ დიახ, თქვენ მარტო არა ხართ. ამ ბოროტ ქვეყნიერებაში დღეს მილიონებს უწევს ყოველდღიურ პრობლემებთან ჭიდილი. ზოგისთვის ეს პრობლემები თითქმის აუტანელია. ისინი თავს ისევე გრძნობენ, როგორც ფსალმუნმომღერალი დავითი, რომელიც წერდა: „გავხევდი და მთლად გავნადგურდი. ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული. ძლიერ ამიძგერდა გული და ძალა გამომეცალა, თვალის სინათლეც დავკარგე“ (ფსალმ. 38:8, 10).
2 ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვიკვირს, რომ დღეს ცხოვრება რთულია. გვესმის, რომ „მშობიარობის ტკივილები“ თავისი მოსვლის შესახებ იესოს ნაწინასწარმეტყველები ნიშნის ნაწილია (მარ. 13:8; მათ. 24:3). „მშობიარობის ტკივილებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს ზოგადად დიდ გასაჭირსა თუ მწუხარებაზე. რა დიდი სიზუსტით გადმოსცემს ეს სიტყვა იმ საშინელ მდგომარეობას, რომელშიც ხალხი ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ იმყოფება! (2 ტიმ. 3:1).
იეჰოვას ესმის ჩვენი გასაჭირი
3. რა ესმის ძალიან კარგად ღვთის ხალხს?
3 იეჰოვას ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ გასაჭირისგან არც ისინი არიან დაზღვეული, და იმის ალბათობა, რომ მომავალში მდგომარება კიდევ უფრო გაუარესდება, ძალიან დიდია. იმ პრობლემების გარდა, რომლებსაც ჩვეულებრივ ადამიანები დღეს ებრძვიან, ღვთის ხალხი „მოწინააღმდეგეს, ეშმაკს“ ებრძვის, რომელიც მათი რწმენის დამსხვრევას ცდილობს (1 პეტ. 5:8). ამიტომ ქრისტიანს ადვილად შეიძლება ისეთივე გრძნობა დაეუფლოს, როგორიც დავითს ჰქონდა: „შეურაცხყოფამ გული გამიტეხა; უკურნებელია ჩემი ჭრილობა. იმედი მქონდა, რომ თანამიგრძნობდა ვინმე, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ასეთი, რომ მანუგეშებდა ვინმე, მაგრამ ვერავინ ვნახე“! (ფსალმ. 69:20).
4. რა გვანუგეშებს გასაჭირში ყოფნისას?
4 ნიშნავს დავითის სიტყვები იმას, რომ მას იმედი გადაწურული ჰქონდა? არა. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს ის იმავე ფსალმუნში: „იეჰოვა უსმენს საწყლებს, ის არ უგულებელყოფს თავის პატიმრებს“, ანუ თავის ხალხს, რომლებიც „პატიმრობაში“ არიან (ფსალმ. 69:33). შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ თავს „გაჭირვების ტყვეობაში“ ვგრძნობთ. შეიძლება ვფიქრობთ, რომ სხვებს ბოლომდე ან საერთოდ არ ესმით ჩვენი, და შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. მაგრამ დავითის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია იმით ვინუგეშოთ თავი, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩვენი გასაჭირი (ფსალმ. 34:15).
5. რაში იყო დარწმუნებული მეფე სოლომონი?
5 დავითის ძე სოლომონმა იერუსალიმში ტაძრის მიძღვნის დროს აღვლენილ ლოცვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ იეჰოვას კარგად ესმის ჩვენი მდგომარეობა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 6:29—31). ის შეევედრა იეჰოვას, მოესმინა ნებისმიერი გულწრფელი ადამიანის ლოცვა, რომელიც „თავისი უბედურებისა და ტკივილის“ გამო შეღაღადებდა. როგორ გამოეხმაურებოდა ღმერთი გულდამწუხრებულთა ლოცვებს? სოლომონმა თავის ლოცვაში მოიხსენია ის, რომ ღმერთი არა მარტო შეისმენდა გასაჭირში მყოფთა ლოცვებს, არამედ მათ დასახმარებლად იმოქმედებდა კიდეც. რატომ? იმიტომ, რომ მან კარგად იცის „ადამიანის ძეების გული“.
6. როგორ შეგვიძლია გავუძლოთ გასაჭირს და რატომ?
6 მსგავსად ამისა, ჩვენც შეგვიძლია იეჰოვას ლოცვისას ვუთხრათ ჩვენი „უბედურება და ტკივილი“, ჩვენი გასაჭირი. მანუგეშებელი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი და ზრუნავს ჩვენზე. მოციქულმა პეტრემ თქვა: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:7). იეჰოვასთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენს თავს ხდება. იესომ ყურადღება გაამახვილა იეჰოვას მზრუნველობაზე, როდესაც თქვა: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათ. 10:29—31).
მიენდეთ იეჰოვას
7. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
7 შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როდესაც გვიჭირს, იეჰოვა მზად არის დასახმარებლად, და მას ამის ძალაც შესწევს. „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმ. 34:15—18; 46:1). როგორ გვეხმარება ღმერთი? 1 კორინთელების 10:13-ში ვკითხულობთ: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა, თანაც ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“. იეჰოვამ შეიძლება მოგვაცილოს განსაცდელი ან მისი ატანის ძალა მოგვცეს. იეჰოვა დახმარების გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ დაგვტოვებს.
8. როგორ შეგვიძლია ღმერთს საშუალება მივცეთ, დაგვეხმაროს?
8 როგორ შეგვიძლია ღმერთს საშუალება მივცეთ, დაგვეხმაროს? აი, რას გვირჩევს ბიბლია: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ, ასე ვთქვათ, იეჰოვას გადავცემთ ყველა ჩვენს საწუხარს; ჩვენ კი ვცდილობთ, აღარ ვინერვიულოთ და ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა მას მივანდოთ (მათ. 6:25—32). ასეთი ნდობის გამოსავლენად თავმდაბლობაა საჭირო და არა საკუთარ ძალასა და სიბრძნეზე დაიმედება. თუ „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“ დავიმდაბლებთ თავს, ამით ვაღიარებთ, რომ მიწის მტვერი ვართ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6). ასეთი აზროვნება კი დაგვეხმარება, ავიტანოთ ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს. შეიძლება გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ პრობლემისგან, მაგრამ გვჯერა, რომ იეჰოვამ უკეთ იცის, თუ როდის და როგორ გადაჭრას ჩვენი პრობლემა (ფსალმ. 54:7; ეს. 41:10).
9. რა ტვირთი უნდა მიენდო დავითს იეჰოვასთვის?
9 გავიხსენოთ დავითის სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 55:22-შია ჩაწერილი: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“. დავითი დიდ გასაჭირში იყო, როდესაც ამ სიტყვებს წერდა (ფსალმ. 55:4). ეს ფსალმუნი მან მაშინ დაწერა, როდესაც მისი ვაჟი აბესალომი მეფობის მითვისებას ცდილობდა; დავითის ყველაზე სანდო მრჩეველი, ახითოფელი, მეამბოხეებს მიემხრო. თავის გადასარჩენად დავითი იძულებული გახდა, იერუსალიმიდან გაქცეულიყო (2 სამ. 15:12—14). ასეთ საშინელ მდგომარეობაშიც კი ენდობოდა დავითი ღმერთს, და მას იმედი არ გაცრუებია.
10. რა უნდა გავაკეთოთ გასაჭირში ყოფნისას?
10 რა გასაჭირშიც უნდა ვიყოთ, მნიშვნელოვანია დავითის მსგავსად ჩვენც ლოცვით მივმართოთ იეჰოვას. ვნახოთ, რას გვირჩევს ამასთან დაკავშირებით მოციქული პავლე (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). რა შედეგი მოჰყვება ასეთ მხურვალე ლოცვებს? ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს ჩვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით’.
11. როგორ იცავს „ღვთის მშვიდობა“ ჩვენს გულებსა და გონებას?
11 შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა ლოცვის შედეგად? შეიძლება. მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის ისე არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როგორც ჩვენ გვინდა. მიუხედავად ამისა, გაჭირვებისას ლოცვა ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. როდესაც უარყოფითი ემოციები გვეძალება, „ღვთის მშვიდობა“ შინაგან სიმშვიდეს გვანარჩუნებინებს. როგორც ჯარისკაცთა გარნიზონი იცავს ქალაქს მტრების თავდასხმისგან, ისე „ღვთის მშვიდობა“ დაიცავს ჩვენს გულებსა და გონებას. ის შეგვაძლებინებს, დავძლიოთ ეჭვები, მოვერიოთ შიშსა თუ უარყოფით აზრებს და არ ვიმოქმედოთ დაუფიქრებლად და არაგონივრულად (ფსალმ. 145:18).
12. ახსენით, როგორ შეიძლება ემოციური სიმშვიდის შენარჩუნება.
12 როგორ შეგვიძლია გაჭირვებისას ემოციური სიმშვიდის შენარჩუნება? განვიხილოთ ერთი კაცის მაგალითი, რომლის მდგომარეობაც შეიძლება რაღაცით ჩვენსას ჰგავდეს. მისი უფროსი უხეში კაცია, თუმცა თავის გრძნობებს თავისუფლად უზიარებს კომპანიის მფლობელს, რომელიც კეთილი და გონიერი ადამიანია. კომპანიის მფლობელი მას ეუბნება, რომ კარგად ესმის მისი, და საიდუმლოს უმხელს, რომ მალე იმ უხეშ უფროსს გაათავისუფლებს სამსახურიდან. როგორ იგრძნობს თავს ეს კაცი? მას სჯერა კომპანიის მფლობელის და იცის, რა მოხდება მალე; ეს ძალებს მატებს და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირთულეების ატანა ისევ მოუწევს, მუშაობას განაგრძობს. მსგავსად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი; ის გვარწმუნებს, რომ მალე „ამ ქვეყნიერების მმართველი . . . გარეთ განიდევნება“ (იოან. 12:31). რა მანუგეშებელი სიტყვებია!
13. ლოცვის გარდა, კიდევ რის გაკეთება გვმართებს?
13 საკმარისია მხოლოდ ის, რომ იეჰოვას ლოცვაში გავანდოთ ჩვენი პრობლემები? არა, უფრო მეტია საჭირო. ჩვენ ლოცვების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. როცა მეფე საულმა დავითის მოსაკლავად ხალხი გაგზავნა, დავითმა ილოცა: „მიხსენი ჩემი მტრებისგან, ჩემო ღმერთო! დამიცავი მათგან, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა. მიხსენი სიავის მქნელთაგან და გადამარჩინე სისხლისმღვრელთაგან“ (ფსალმ. 59:1, 2). დავითმა, გარდა იმისა, რომ ილოცა, ყურად იღო ცოლის რჩევა და გაქცევით უშველა თავს (1 სამ. 19:11, 12). მსგავსად ამისა, ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ, რომ ღმერთმა სიბრძნე მოგვცეს, რათა რთულ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ ან მდგომარეობა შევიმსუბუქოთ (იაკ. 1:5).
რა მოგვცემს გაჭირვების ატანის ძალას
14. რა დაგვეხმარება განსაცდელების ატანისას?
14 ჩვენი რთული მდგომარეობა შეიძლება მაშინვე არ შეიცვალოს. შეიძლება ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, რა მოგვცემს გაჭირვების ატანის ძალას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ, თუ სირთულეების მიუხედავად, იეჰოვასთვის ერთგულად მსახურებას განვაგრძობთ, ამით მის მიმართ სიყვარულს ვადასტურებთ (საქ. 14:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქვა სატანამ, როდესაც იობს ბრალს სდებდა: «მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“» (იობ. 1:9—11). იობმა თავისი ერთგულებით დაამტკიცა, რომ სატანა სულმდაბალი მატყუარაა. გაჭირვების ატანით ჩვენც გვეძლევა ამის დამტკიცების შესაძლებლობა; განსაცდელის ატანა კი იმედსა და რწმენას გვინმტკიცებს (იაკ. 1:4).
15. რა მაგალითები შეგვმატებს ძალებს?
15 მეორე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ‘მსგავს სატანჯველს ჩვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში’ (1 პეტ. 5:9). დიახ, ‘არ გვქონია ცდუნება, გარდა ადამიანურისა’ (1 კორ. 10:13). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პრობლემებზე იყოთ კონცენტრირებული, სხვების მაგალითებზე იფიქრეთ, რაც ძალასა და სიმტკიცეს შეგმატებთ (1 თეს. 1:5—7; ებრ. 12:1). დაფიქრდით იმ ქრისტიანების მაგალითებზე, რომლებიც ერთგულად იტანენ დიდ ტკივილს. გიცდიათ იმ და-ძმების ბიოგრაფიების მოძებნა და წაკითხვა, რომლებიც ისეთივე სირთულეებს ხვდებოდნენ, როგორსაც თქვენ? ამ შემთხვევების წაკითხვა ძალებს შეგმატებთ.
16. როგორ გვამხნევებს ღმერთი სხვადასხვა გასაჭირში?
16 მესამე, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არის „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს (2 კორ. 1:3, 4). ღმერთი თითქოს გვერდით გვიდგას და გვამხნევებს არა მარტო დღევანდელი გასაჭირის პირისპირ, არამედ „ყოველგვარ გასაჭირში“; ეს კი შეგვაძლებინებს სხვების ნუგეშისცემას „ყოველგვარ გასაჭირში“. პავლემ საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება (2 კორ. 4:8, 9; 11:23—27).
17. როგორ გვეხმარება ბიბლია ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში?
17 მეოთხე, ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა, ბიბლია, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). ღვთის სიტყვა არა უბრალოდ რაღაცაში ‘გვახედებს’ და რაღაცისთვის ‘გვამზადებს’, არამედ ‘ყველაფერში გვახედებს’ და ‘ყოველმხრივ გვამზადებს’, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებს გავუმკლავდეთ. „ყოველმხრივ მომზადებულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „აღჭურვილს“ ნიშნავს. ძველ დროს ამ სიტყვას იყენებდნენ ისეთი გემის აღწერისას, რომელიც მზად იყო გასამგზავრებლად და ყველაფრით იყო აღჭურვილი; ან ამ სიტყვას იყენებდნენ ისეთ მექანიზმთან დაკავშირებით, რომელსაც თავისი დანიშნულების შესრულება შეეძლო. მსგავსად ამისა, იეჰოვა თავისი სიტყვის საშუალებით „აღგვჭურვავს“ ყველაფრით, რაც ნებისმიერ გასაჭირს აგვატანინებს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ: „თუ ღმერთი უშვებს, მისი დახმარებით შევძლებ ამის ატანას“.
მალე არანაირი გასაჭირი აღარ იქნება
18. რა უნდა გვახსოვდეს გასაჭირში?
18 მეხუთე, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვა მალე კაცობრიობას ყოველგვარი გასაჭირისგან გაათავისუფლებს (ფსალმ. 34:19; 37:9—11; 2 პეტ. 2:9). მაშინ ღმერთი არა მარტო დღევანდელი უბედურებებისგან დაგვიხსნის, არამედ მარადიული ცხოვრებით დაგვაჯილდოებს ან ზეცაში იესოსთან ერთად, ან დედამიწაზე სამოთხეში.
19. რა აგვატანინებს გაჭირვებას?
19 იმ დრომდე კი, ამ ბოროტი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ გაჭირვებას ვუძლებთ. მთელი გულით ველით იმ დროს, როდესაც ბოროტება მოისპობა! (ფსალმ. 55:6—8). მოდი გვახსოვდეს, რომ გაჭირვების ატანით ვადასტურებთ, რომ სატანა მატყუარაა. გავძლიერდეთ ლოცვებითა და ქრისტიანულ საძმოსთან ურთიერთობით და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმებიც ებრძვიან იმის მსგავს გასაჭირს, რასაც ჩვენ ვებრძვით. ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიყოთ ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული. არასოდეს დაუშვათ, რომ შეგერყეთ მზრუნველი ღვთის, „ყოველგვარი ნუგეშის მამის“, ნდობა. გახსოვდეთ, რომ „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15).
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• რას გრძნობდა გაჭირვებაში მყოფი დავითი?
• რაში იყო დარწმუნებული მეფე სოლომონი?
• რა დაგვეხმარება იმ მდგომარეობასთან გამკლავებაში, რომელსაც იეჰოვა უშვებს?
[სურათი 13 გვერდზე]
სოლომონი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ თავის ხალხს
[სურათი 15 გვერდზე]
დავითმა ილოცა და იეჰოვას მიანდო თავისი ტვირთი, შემდეგ კი ლოცვის შესაბამისად იმოქმედა