ასაფი
[მან (ღმერთმა) შეაგროვა].
1. ლევის შთამომავალი გერშომის ხაზით (1მტ. 6:39, 43); დავითის მეფობის დროს (ძვ. წ. 1077—1038) ლევიანებმა ასაფი მთავარ მგალობლად და წინწილებზე დამკვრელად დააყენეს, რომელიც ობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში კიდობნის გადატანისას მიჰყვებოდა მას (1მტ. 15:17, 19, 25—29). ამის შემდეგ ასაფი, ჰემანი და ეთანი კარვის წინ მსახურობდნენ მუსიკოსთა და მგალობელთა ხელმძღვანელებად (1მტ. 6:31—44). ჰემანისა და იედუთუნის (როგორც ჩანს, იგივე ეთანი) მსგავსად ასაფსაც ეწოდა წინასწარმხილველი, რომელიც „წინასწარმეტყველებდა ქნარის თანხლებით“ (1მტ. 25:1—6; 2მტ. 29:30; 35:15).
ასაფის ვაჟებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დამკვრელთა და მგალობელთა გუნდებში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტაძრის მიძღვნის, სიონიდან ტაძარში კიდობნის გადატანის (2მტ. 5:12), მეფე ხიზკიას მიერ გატარებული რეფორმებისა (2მტ. 29:13—15) და იოშიას მმართველობის პერიოდში აღნიშნული დიდებული პასექის დროს (2მტ. 35:15, 16). ასაფის შთამომავლებიდან ზოგი ბაბილონის გადასახლებიდან იერუსალიმში დაბრუნებულთა პირველ ჯგუფში შედიოდა (ეზრ. 2:1, 41; ნემ. 7:44).
50-ე და 73—83-ე ფსალმუნების ეპიგრაფები ამ სიმღერებს ასაფს მიაკუთვნებს. თუმცა „ასაფში“, როგორც ჩანს, იგულისხმება საგვარეულო, რომლის თავკაციც თვითონ იყო. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამ ფსალმუნებიდან ზოგი (ფს. 79, 80) ასაფის სიკვდილის შემდეგ მომხდარ მოვლენებს აღწერს.
2. ლევის ვაჟის, კეჰათის შთამომავალი; დავითის მეფობის დროს მისი შთამომავლები კარავში კარიბჭეთა მცველებად მსახურობდნენ (1მტ. 26:1; რც. 16:1).
3. მეფე ხიზკიას (ძვ. წ. 745—717) მოხელეებს შორის მოხსენიებულია „მემატიანე იოახი, ასაფის ძე“ (ებრ. „იოახ ბენ ასაფი მემატიანე“) (2მფ. 18:18, 37; ეს. 36:3, 22). მიუხედავად იმისა, რომ ბიბლეისტი ჯონ კიტო სიტყვა „მემატიანეს“ ასაფს უკავშირებს (Cyclopædia of Biblical Literature, 1880, ტ. I, გვ. 233), ბიბლეისტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა იოახს ეხება. ვინაიდან „ძე“ ხშირად შთამომავლის მნიშვნელობით გამოიყენება, ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის იგივე ასაფი №1.
4. მეფე არტაქსერქსეს „ტყის მცველი“ იერუსალიმში ნეემიას დაბრუნების დროს (ნემ. 2:8); ეს ტყის მასივი, შესაძლოა, ლიბანში იყო, რომელიც იმ დროს სპარსეთის მფლობელობაში შედიოდა. ტყის მცველის ებრაული სახელი შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ ეს თანამდებობა ებრაელს ეკავა, ისევე როგორც ნეემიას ეკავა მეფის მერიქიფის საკმაოდ მაღალი თანამდებობა (ნემ. 1:11).