„გალაადის“ 129-ე კლასის გამოშვება
„ეს თქვენი დღეა“
დაახლოებით 8 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი 2010 წლის 11 სექტემბერს განსაკუთრებულ შეხვედრაზე — „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 129-ე კლასის გამოშვებაზე. „ეს თქვენი დღეა, — ამ სიტყვებით მიმართა კურსდამთავრებულებს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა. — ჩვენ კი აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენი სიხარული გავიზიაროთ!“
„მომსმენი ყური“
პროგრამის დასაწყისში ძმა ჰერდმა ისაუბრა იმაზე, რომ ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს „მომსმენი ყური“ და ეს ღვთის სიტყვის შესმენით ცხადყოს (იგავები 20:12). „უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ იეჰოვას ათხოვეთ ყური, და მთელი მარადიულობა ასე იქნება“, — უთხრა ძმა ჰერდმა კურსდამთავრებულებს.
როგორ შეუძლიათ ახალ მისიონერებს, ბრძნულად გამოიყენონ მოსმენის უნარი? როგორც ძმა ჰერდმა თქვა, ისინი ამას გააკეთებენ, თუ გულისყურით მოისმენენ ღვთის სიტყვას. „დღევანდელ პროგრამაში ბევრი ისეთი რამ იქნება ნათქვამი, რაც მისიონერულ მსახურებაში გამოგადგებათ ახლაც და წლების შემდეგაც“, — დასძინა მან.
„მიენდე იეჰოვას მთელი გულით“
ამ საინტერესო თემაზე ესაუბრა კურსდამთავრებულებს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გერიტ ლოში. მან გაიხსენა არაერთი შემთხვევა იმისა, თუ როგორ გამოავლინა იეჰოვასადმი ნდობა ღვთის ხალხმა როგორც ძველად, ისე ჩვენს დროში.
მათ მსგავსად «მისიონერებმაც უნდა გამოავლინონ ნდობა, როდესაც თავიანთ მსახურებას შეუდგებიან, — აღნიშნა ძმა ლოშმა. — მაგალითად, შეიძლება გაფიქრებთ: „შევძლებ ახალი ენის შესწავლას? შევეგუები ახალ კულტურას? დავძლევ ნოსტალგიას?“». ამის პასუხად ძმა ლოშმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: „მიენდეთ იეჰოვას“.
მან ასევე წაიკითხა იგავების 14:26: „იეჰოვას შიში კაცისთვის მტკიცე იმედია“. იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გაიზრდება, თუ ვიფიქრებთ იმ სხვადასხვა კურთხევაზე, რომლებიც უკვე მივიღეთ.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვაზე მინდობილი ადამიანი იქნება „წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს; არ იხილავს პაპანაქების დადგომას და ხშირი ფოთლებით შეიმოსება“ (იერემია 17:7, 8).
ერთი რამ ცხადია. „რაც არ უნდა მოხდეს, იმედი იეჰოვაზე უნდა დაამყაროთ“, — აღნიშნა ძმა ლოშმა.
„მიჰბაძეთ ერთგულ ანგელოზებს“
ამ საკითხზე ისაუბრა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა. ანგელოზები შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. „ყველაფერი, რასაც ბიბლია მათ შესახებ ამბობს, ჩვენთვის სამაგალითოა“, — თქვა ძმა ლეტმა. მან მოიხსენია ერთგული ანგელოზების ოთხი თვისება, რომლებიც ჩვენც უნდა გამოვავლინოთ. ესენია: მოთმინება, თავმდაბლობა, ერთგულება და ყოველთვის მზადყოფნა ვინმეს დასახმარებლად.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთი ანგელოზი 21 დღის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა „სპარსეთის სამეფოს მთავარს“, ანუ ძლიერ დემონს (დანიელი 10:13). ეს ანგელოზი მოთმინებას ავლენდა. ქრისტიანებიც „ვიბრძვით . . . ბოროტი სულების წინააღმდეგ“, — აღნიშნა ძმა ლეტმა (ეფესოელები 6:12). „იბრძოლეთ, რომ არ შეწყვიტოთ თქვენი მსახურება“, — მოუწოდა მან კურსდამთავრებულებს.
როდესაც სამსონის მამამ, მანოახმა ანგელოზს სახელი ჰკითხა, მან არ უთხრა თავისი სახელი. ამ ანგელოზმა თავმდაბლობა გამოავლინა (მსაჯულები 13:17, 18). ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: „როდესაც ვინმე შეგაქებთ ან ზედმეტად გაამახვილებს ყურადღებას თქვენს უნარზე, თავმდაბლობა გამოავლინეთ და საუბარი იეჰოვასა და მის ორგანიზაციაზე გადაიტანეთ“ (1 კორინთელები 4:7).
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც იესო გეთსემანეს ბაღში იყო, „მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი“ (ლუკა 22:43). ანგელოზმა აჩვენა, რომ მზად იყო დასახმარებლად. „ილოცეთ და დაუკვირდით, თუ სინამდვილეში, რა დახმარებას საჭიროებენ ის ადამიანები, რომელთაც მისიონერად მსახურებისას შეხვდებით და შემდეგ იეჰოვას დახმარებით შეეცადეთ, აღმოუჩინოთ სათანადო დახმარება“, — თქვა ძმა ლეტმა.
სატანას მხოლოდ ანგელოზთა მცირე ნაწილი მიემხრო, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ზეციერ ქმნილებათა უდიდესი ნაწილი ერთგულების ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს (გამოცხადება 12:4).
ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: «ამ ერთგული ანგელოზების მსგავსად „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“» (იაკობი 4:7).
პროგრამის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი
„იეჰოვა იყოს თქვენი გულის კლდე“. ამ საინტერესო თემაზე საუბრისას, რომელიც ფსალმუნის 73:26-ე მუხლზე იყო დაფუძნებული, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, გერი ბრომ, კურსდამთავრებულებს დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვაზე მინდობა. რა გაგებით არის იეჰოვა კლდე? ძმა ბრომ აღნიშნა, რომ „იეჰოვას შეუძლია, თქვენი ცხოვრება სტაბილური გახადოს. ეს კი თქვენს გულს დაიცავს“. რა თქმა უნდა, გულს შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს, როცა გამოცდებს ვხვდებით (იერემია 17:9). განსხვავებული კლიმატი, ახალი საკვები და სხვა მისიონერებთან ერთად ცხოვრება შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ მსახურების შეწყვეტაზე დაიწყონ ფიქრი მისიონერებმა. „ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებით, სადაც არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, — თქვა ძმა ბრომ. — გააკეთებთ იეჰოვას მოსაწონ არჩევანს? თუ ასე მოიქცევით, იეჰოვა თქვენი გულის კლდე გახდება და ის წარმართავს თქვენს ნაბიჯებს“.
«გაქვთ საკმარისი რწმენა, რომ „ფეხები დაისველოთ“?» ამ თემაზე, რომელიც იესო ნავეს ძის მე-3 თავზე იყო დაფუძნებული, ისაუბრა სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა, სემ რობერსონმა. როგორ გადაკვეთა მილიონობით ისრაელმა მდინარე იორდანე, როცა ის ძალიან ადიდებული იყო? იეჰოვამ დაავალა იესო ნავეს ძეს, რომ მღვდლებისთვის ეთქვა: „იორდანის წყალს რომ მიადგებით, გაჩერდით“. ღმერთი დაჰპირდა: „როგორც კი მღვდლები . . . იორდანის წყალში ჩადგამენ ფეხს, გაიყოფა წყალი და . . . წყალი კედლად აღიმართება“ (იესო ნავეს ძე 3:8, 13). ძმა რობერსონმა კურსდამთავრებულებს უთხრა: «ცხოვრებაში თქვენც არაერთხელ აღმოჩნდებით „იორდანის“ ნაპირთან, რომელიც შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს და კურთხევების მიღებაში შეგიშალოთ ხელი, თუ ამის უფლებას მისცემთ». მაგალითად, შეიძლება სირთულეები წამოიჭრას სხვა მისიონერებთან ურთიერთობისას. როგორ უნდა გაართვათ ამ პრობლემას თავი? „ყურადღება საქმეზე გქონდეთ გადატანილი და არა მის შემსრულებლებზე“. ძმა რობერსონმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ახალ მისიონერებს: «რწმენას თუ გამოავლენთ და „ფეხებს დაისველებთ“, იეჰოვაც დაგეხმარებათ, რომ არაერთხელ გადაკვეთოთ „იორდანე“ თქვენი მისიონერული მსახურებისას».
„განამტკიცეთ თქვენი გეგმები“. ეს საკითხი განიხილა „გალაადის“ მასწავლებელმა უილიამ სამუელსონმა. მან თავისი მოხსენება დააფუძნა იგავების 16:3-ზე, სადაც ვკითხულობთ: „შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება“. ძმა სამუელსონმა კურსდამთავრებულებს ჰკითხა: „ნიშნავს ეს იმას, რომ საერთოდ არ იზრუნოთ თქვენი გეგმების განმტკიცებაზე და მხოლოდ იეჰოვას მიანდოთ თქვენი საქმეები?“ არა, რადგან იგავების 16:1-ში ვკითხულობთ: „გულის ზრახვები ადამიანს ეკუთვნის“. შემდეგ ძმა სამუელსონმა დასძინა: „იეჰოვა სასწაულებრივად არ ცვლის თქვენს გულს. თქვენ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ გულს სწორი მიმართულებით მიჰყავხართ. პირადი შესწავლის, ლოცვისა და ადგილობრივ ფილიალთან მჭიდრო თანამშრომლობით კვლავაც ისეთი გული გექნებათ, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ, და იეჰოვა განგიმტკიცებთ თქვენს გეგმებს“.
შემთხვევები და ინტერვიუები
სწავლის პერიოდში სკოლა „გალაადის“ სტუდენტები იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებებთან ერთად ქადაგებდნენ. სკოლა „გალაადის“ კიდევ ერთმა მასწავლებელმა, მარკ ნიუმარმა, რამდენიმე კურსდამთავრებულს სთხოვა, მოეყოლათ მსახურების დროს მომხდარი შემთხვევები. განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რა დიდ როლს ასრულებს ლოცვა მსახურების დროს სუფთა გულის მქონე ადამიანების პოვნაში.
მაგალითად, ერთი წყვილი რესტორანში შევიდა, რომ ესადილათ. რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია, რომ მათ ჩუმად ილოცეს. ის მივიდა მათთან და ჰკითხა, იეჰოვას მოწმეები ხომ არ იყვნენ. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, აუხსნა, რომ თვითონ იეჰოვას მოწმეთა ოჯახში იყო აღზრდილი, მაგრამ მოგვიანებით რწმენას ჩამოშორებოდა და ციხეშიც კი მჯდარიყო. ახლა კი ამ ახალგაზრდას იეჰოვასთან სურდა დაბრუნება. მან ისიც უთხრა მათ, რომ სანამ ისინი რესტორანში შევიდოდნენ, ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ ცხოვრების შეცვლაში დახმარებოდა. მისი ლოცვა შესმენილ იქნა!
ძმა რუდი ჰარდლიმ კორესპონდენციის განყოფილებიდან თავისი მოხსენების დროს, „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“, ინტერვიუ აიღო უეინ რიჯვეისგან, რომელიც მოზამბიკში მსახურობს, ჯეიზონ რიდისგან, რომელიც ჩილეში მსახურობს, და კენჯი ჩიჩისგან, რომელიც ნეპალში მსახურობს. სამივენი სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები არიან. ძმებმა გულახდილად ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომლებსაც მისიონერული მსახურების დასაწყისში წააწყდნენ. ეს სირთულეები იყო, ახალი ენის სწავლა, ახალ კულტურასთან შეგუება და ნოსტალგია. „ამ პრობლემებთან გამკლავებაში მე და ჩემს ცოლს დაგვეხმარა ის, რომ ახალ კრებაში მალევე შევიძინეთ მეგობრები, — აღნიშნა ძმა ჩიჩიმ. — რაც უფრო დავუახლოვდით კრების წევრებს, მით უფრო გაგვიადვილდა ნოსტალგიის დაძლევა“.
მას შემდეგ, რაც 56 კურსდამთავრებულს გადასცეს დიპლომები, ერთ-ერთმა მათგანმა კლასის სახელით მადლიერების გამომხატველი თბილი წერილი წაიკითხა. ამ წერილში მათ ხელმძღვანელ საბჭოს ასე მიმართეს: „თითოეული ჩვენგანი ხედავდა, როგორ დაუღალავად და სიყვარულით იხარჯებოდით ჩვენთვის — ზრუნავდით ჩვენს სასწავლო პროგრამაზე, ესწრებოდით ჩვენს გაკვეთილებს და შესანიშნავ სულიერ დასწავლებას გვაძლევდით. ვინაიდან ჩვენდამი სიყვარულს ავლენდით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოგბაძოთ სიყვარულის, მოთმინების, თავმდაბლობისა და სხვებისადმი ინტერესის გამოვლენაში, როცა ჩვენს მსახურებას შევუდგებით“.
[ჩანართი 28 გვერდზე]
„როდესაც ვინმე შეგაქებთ . . . საუბარი იეჰოვასა და მის ორგანიზაციაზე გადაიტანეთ“
[ჩანართი 29 გვერდზე]
«არაერთხელ აღმოჩნდებით „იორდანის“ ნაპირთან»
[ცხრილი⁄რუკა 31 გვერდზე]
კლასის სტატისტიკა
ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან 9
სტუდენტების რაოდენობა 56
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა 28
საშუალო ასაკი 33,0
მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 17,9
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 13,3
[რუკა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქვემოთ მოცემულია 25 ქვეყანა, სადაც მისიონერები გაიგზავნენ
ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ
ბოლივია
ბოტსვანა
ბულგარეთი
კონგო (კინშასა)
კოტ-დ’ივუარი
გამბია
გერმანია
ინდოეთი
ინდონეზია
კენია
ლიბერია
მაკედონია
მადაგასკარი
მალაიზია
მოზამბიკი
პანამა
პერუ
პოლონეთი
რუმინეთი
სერბია
სიერა-ლეონე
სვაზილენდი
ტანზანია
უგანდა
ზიმბაბვე
[სურათი 30 გვერდზე]
სკოლა „გალაადში“ სწავლების დროს მსახურებაში მომხდარი შემთხვევის ინსცენირება
[სურათი 31 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 129-ე კლასის გამოშვება
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მარცხნიდან მარჯვნივ:
1) რ. მუნარეტო, ი. ულოვსონი, ნ. ბადენი, ლ. ნაიჯონი, ჯ. მოია, ჯ. ტრევინიო, ა. დიონი, ა. ფლიგელი;
2) ჯ. სმითი, ჯ. მიშელ რეჯი, ს. სმითი, ა. პარამო, ჯ. მაკდონალდი, მ. დინსი, ს. ჯოიელი, ლ. უოტსონი;
3) ს. ჯოიელი, თ. კროული, დ. ჰეკერი, ჯ. შინკარენკო, თ. ნაფი, ჯ. ეილინგი, კ. ჰაილი, ბ. ულოვსონი;
4) მ. ფიცპატრიკი, ბ. ნაიჯონი, ლ. სკალერუდი, ა. ჰარისი, ს. ჰარისი, რ. ბადენი, ი. პარამო, კ. სკალერუდი;
5) ბ. კროული, ჯ. მიშელ რეჯი, ა. ლოჯი, რ. ლოჯი, ნ. ჰერმსი, ჯ. ფიცპატრიკი, რ. მოია, პ. მუნარეტო;
6) ს. უოტსონი, მ. დინსი, ჯ. ჰეკერი, ჯ. მაკდონალდი, ჯ. ტრევინიო, ს. ჰარისი, კ. ჰერმსი, პ. ჰარისი;
7) ვ. შინკარენკო, თ. ჰაილი, ა. სმითი, ჯ. დიონი, რ. ეილინგი, ბ. სმითი, თ. ნაფი, ბ. ფლიგელი.