საძირკველი
შენობის ან ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც მიწაშია და რომელსაც ეყრდნობა მთელი ნაგებობა. შენობის სიმტკიცე უმთავრესად საძირკვლის სიმყარეზეა დამოკიდებული, ამიტომ საძირკვლის ჩაყრა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. პალესტინაში შენობას მყარი საძირკველი უნდა ჰქონოდა, რათა გაეძლო დიდი წვიმებისთვის, ქარებისა და წყალდიდობებისთვის, თანაც პალესტინა სეისმურად აქტიური ზონაა. საძირკვლად ნათარგმნი ზოგიერთი ებრაული სიტყვის ფუძეა ჲასად, რომლის მნიშვნელობაცაა „დადგენა, საფუძვლის ჩაყრა, მყარად დაფუძნება“ (ეს. 23:13; 48:13; ფს. 24:2). საძირკვლის ბერძნული შესატყვისია თემელიოს, რომელიც საქმეების 16:26-ში პირდაპირი მნიშვნელობით არის გამოყენებული.
როცა იეჰოვა, უბადლო აღმშენებელი, იობს ქარიშხლიდან ელაპარაკებოდა, მან დედამიწა ნაგებობას შეადარა (იობ. 38:4—7). მართალია, დედამიწა არაფერზეა დაკიდებული, მაგრამ მას, შეიძლება ითქვას, მყარი საძირკველი აქვს, რომელიც არასდროს მოირყევა, რადგან ის სამყაროს უცვლელ კანონებს უჭირავს და ღვთის განზრახვაც მასთან მიმართებით უცვლელია (იობ. 26:7; 38:33; ფს. 104:5; მლ. 3:6). თუმცა უსამართლობა და ღვთის კანონებისადმი დაუმორჩილებლობა, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ანგრევს საძირკვლებს, რომელზეც ქვეყანა დგას, და არყევს ფიგურალური დედამიწის (ადამიანები და მათ მიერ შექმნილი სისტემები) საფუძვლებს (ფს. 82; 11:3; იგ. 29:4).
დედამიწის საძირკვლის ჩაყრა „ქვეყნიერების შექმნაში [ბერძ. კატაბოლეს]“ არ უნდა აგვერიოს. ლუკას 11:48—51-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ აბელი „ქვეყნიერების შექმნიდან“ ცხოვრობდა ანუ იმ დროიდან, როცა კაცობრიობის წარმოშობა დაიწყო. დედამიწის, როგორც პლანეტის საძირკველი გაცილებით ადრე ჩაიყარა (იხ. აბელი №1; ქვეყნიერება).
საძირკვლის ჩაყრა, როგორც ჩანს, დიდ სიხარულს იწვევდა. როცა ღმერთი დედამიწას აფუძნებდა, ანგელოზები სიხარულით ყიჟინებდნენ. ზერუბაბელის ტაძრის საძირკვლის ჩაყრამაც დიდი სიხარული გამოიწვია, თუმცა ისინი, ვისაც ძველი ტაძრის სიდიადე ახსოვდა, მწარედ მოთქვამდნენ (იობ. 38:4, 6, 7; ეზრ. 3:10—13).
როგორც სოლომონის ტაძარს ჩაეყარა საძირკველი დიდი, ძვირფასი თლილი ქვებით, ისე ჩაეყარა ღვთისთვის ძვირფასი საძირკველი „სულიერ სახლს“, რომელიც „ცოცხალი ქვებით“, იესოს ცხებული მიმდევრებით შენდება. საძირკვლის ქვაკუთხედი თავად იესოა. მოციქულებისა და ქრისტიან წინასწარმეტყველთა საძირკველზე დანარჩენი წმინდები შენდებიან „სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება“. სულიერი სახლის თითოეულ ქვას თავად იეჰოვა არჩევს (1პტ. 2:4—6; ეფ. 2:19—22; იხ. კუთხის ქვა, ქვაკუთხედი).
ახალი იერუსალიმის საძირკვლის 12 სიმბოლური ქვა, რომელიც კრავის 12 მოციქულის სახელს ატარებს, მეტად ძვირფასია (გმც. 21:14, 19, 20). წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილი ახალი იერუსალიმი ნეფეზე დანიშნული 144 000-გან შედგება. ებრაელების 12:2-ში მოხსენიებული ზეციერი იერუსალიმი კი — 144 001-გან, და ეს „ერთი“ არის ნეფე. ზეციერი იერუსალიმი ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქია, რომელსაც აბრაამი ელოდა (ებ. 11:10). როგორც ვხედავთ, ბიბლიის ზემოხსენებული წიგნების, „ებრაელებისა“ და „გამოცხადების“ თანახმად, ზეციერსა და ახალ იერუსალიმს შორის დიდი მსგავსებაა.
იესოს, რომელიც განკაცებამდე, როგორც ოსტატი, მამამისთან ერთად უყრიდა საძირკველს დედამიწას, კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მყარი საძირკვლის ჩაყრა. ეს კარგად გამოჩნდა მის მიერ გონიერ და უგუნურ კაცზე მოყვანილი იგავიდან. გონიერმა მიწა ღრმად ამოთხარა და სახლის საძირკველი კლდოვან ადგილზე ჩაყარა, ხოლო უგუნურმა სახლი ქვიშაზე ააშენა, რის გამოც დიდი ზარალი ნახა (იგ. 8:29, 30; მთ. 7:24—27; ლკ. 6:47—49). პავლემ, როცა მოწაფეების მომზადება მშენებლობას შეადარა, აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზარალის თავიდან ასაცილებლად ცეცხლგამძლე მასალით შენება საძირკველზე, რომელიც არის იესო ქრისტე (1კრ. 3:10—15).
პავლემ საძირკველს ზოგიერთი ბიბლიური სწავლებაც შეადარა. მან ებრაელებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისები, რათა ერთი და იგივე ადგილი კი არ ეტკეპნათ, არამედ ესწრაფათ მოწიფულობისკენ (ებ. 6:1, 2; იხ. დედამიწა; სახლი).