ღვთისადმი შიშის განვითარება
„უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე“ (იგავნი 3:7).
ბიბლიური წიგნი „იგავნი“ მდიდარია სულიერი რჩევებით. იეჰოვამ ამ სახელმძღვანელოთი თავიდან თავისი სიმბოლური ერი, ისრაელი, უზრუნველყო. დღეს ეს წიგნი ბრძნული იგავებით უზრუნველყოფს მის წმინდა ქრისტიანულ ერს, ‘რომელმაც მიაღწია წუთისოფლის აღსასრულს’ (1 კორინთელთა 10:11; იგავნი 1:1–5; 1 პეტრე 2:9).
2 დავუბრუნდეთ იგავნის 3:7-ს, სადაც ვკითხულობთ: „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე“. ჩვენი პირველი მშობლების დროიდან დაწყებული, როცა გველმა აცდუნა ევა იმ პირობით, რომ ისინი ‘შეიცნობდნენ კეთილსა და ბოროტს’, ადამიანთა უსუსურმა სიბრძნემ ვერ შეძლო, დაეკმაყოფილებინა კაცობრიობის მოთხოვნილებები (დაბადება 3:4, 5; 1 კორინთელთა 3:19, 20). ისტორიის არც ერთ პერიოდში არ გამოაშკარავებულა ეს ასე ნათლად, როგორც XX საუკუნეში — „უკანასკნელ დღეებში“ — როცა კაცობრიობა იმკის ათეიზმისა და ევოლუციური აზროვნების ნაყოფს, შეწუხებულია რასიზმით, ძალადობითა და ყოველგვარი უზნეობით (2 ტიმოთე 3:1–5, 13; 2 პეტრე 3:3, 4). ეს არის ‘ახალი მსოფლიო უწესრიგობა’, რომლის მოწესრიგება არც გაეროს, არც მსოფლიოს დაქუცმაცებულ რელიგიებს შეუძლიათ.
3 ღმერთის წინასწარმეტყველური სიტყვა გვამცნობს, რომ ბოროტი ძალები „გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის. . . ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება“ (გამოცხადება 16:14, 16). მალე იეჰოვას მიმართ თავზარდამცემი შიში მოიცავს ამ მეფეებს, ანუ მმართველებს. ეს იქნება იმ შიშის მსგავსი, ქანაანელებს რომ დაეუფლათ, როცა იესო ნავეს ძე და ისრაელები მივიდნენ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად (იესო ნავეს ძე 2:9–11). მაგრამ დღეს იესო ნავეს ძეს სიმბოლურად წარმოადგენს იესო ქრისტე — „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“ — ვინც „შემუსრავს ერებს, და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. . . ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების“ დროს (გამოცხადება 19:15, 16).
4 ვინ გადარჩება იმ დროს? ისინი კი არ გადარჩებიან, ვინც შეპყრობილი იქნება თავზარდამცემი შიშით, არამედ ისინი, ვისაც განვითარებული ექნება მოწიწებით აღსავსე შიში იეჰოვასადმი. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თვალში იყვნენ ბრძენები, ისინი ‘ბოროტებას ერიდებიან’. ისინი თავმდაბლურად კვებავენ თავიანთ გონებას იმით, რაც კარგია, ასე რომ, ბოროტებას დევნიან თავიანთი აზროვნებიდან. ისინი ავითარებენ კეთილისმყოფელ პატივისცემას უზენაესი უფლის იეჰოვასადმი, ‘მთელი ქვეყნიერების მსაჯულისადმი’, ვინც მალე დსაჯის ბოროტების მოყვარულ ყველა პიროვნებას ისევე, როგორც გაანადგურა გახრწნილი სოდომელები (დაბადება 18:25). ნამდვილად, ღვთის ხალხისთვის „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი“ (იგავნი 14:27).
5 ღვთიური სასამართლოს დღეს ყველა, რომლებმაც სავსებით მიუძღვნეს თავი იეჰოვას და აქვთ იმის შიში, ვაითუ ვერ ასიამოვნონ ღმერთს, მიხვდებიან ჭეშმარიტებას, რომელიც ფიგურალურადაა მოყვანილი იგავნის 3:8-ში: „[იეჰოვასადმი შიში] არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის“.
იეჰოვას პატივისცემა
6 იეჰოვასადმი შიშმა, რომლითაც მჟღავნდება ღვთისადმი პატივისცემა, მისადმი ძლიერ სიყვარულთან ერთად, უნდა აღგვძრას, მივყვეთ იგავნის 3:9-ს: „პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით“. არავინ გვაიძულებს, რომ ჩვენი შესაწირავებით პატივი ვცეთ იეჰოვას. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, როგორც ეს დაახლოებით 12-ჯერ არის მითითებული ბიბლიის ორიგინალში გამოსვლის 35:29-დან მეორე რჯულის 23:23-ის ჩათვლით, ძველი ისრაელის შესაწირავებთან დაკავშირებით. ეს პირველმოწეული ნაყოფი უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო ძღვენი, რაც შეგვიძლია მივართვათ იეჰოვას და უნდა ვაღიარებდეთ, რომ ყოველივე ეს მისგან გამომდინარე გულკეთილობითა და სიყვარულით აღსავსე სიკეთით გვაქვს (ფსალმუნი 22:6). მათ უნდა აირეკლონ ჩვენი გადაწყვეტილება, ‘უწინარეს ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე’ (მათე 6:33). და რა იქნება შედეგად, როცა იეჰოვას პატივს მივაგებთ ჩვენი ძვირფასი ნივთებით? „ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები“ (იგავნი 3:10).
7 იეჰოვა, უმთავრესად, სულიერად გვაკურთხებს (მალაქია 3:10). ამიტომ, პირველმოწეული ნაყოფი, რაც უნდა მივართვათ მას, უპირველეს ყოვლისა, სულიერი უნდა იყოს. ჩვენი დრო, ენერგია და მთელი ძალები უნდა გამოვიყენოთ მისი ნების შესრულებაში. შედეგად, ეს ყოველთვის გვასაზრდოებს ისევე, როგორც მსგავსი მოქმედება გამაძლიერებელი „საჭმელი“ გახდა იესოსთვის (იოანე 4:34). ჩვენი სულიერი ბეღლები ჭერამდე აივსება და მაჭარს შედარებული ჩვენი სიხარული ღვარად ედინება. ამასთანავე, რამდენადაც ნდობით ვლოცულობთ, რომ ყოველდღიურად გვქონდეს საკმარისი ფიზიკური საზრდო, შეგვიძლია ჩვენი საშუალებების შესაბამისად გულუხვად შევწიროთ, რითაც მხარს დავუჭერთ სამეფოს მსოფლიო საქმეს (მათე 6:11). ყველაფერი, რასაც ვფლობთ, მატერიალურ ქონებასთან ერთად, მოცემულია ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისაგან. ის შემდგომშიც გადმოაფრქვევს მრავალ კურთხევას ჩვენზე, იმ ზომით, რა ზომითაც ვიყენებთ ამ ძვირფას საშუალებებს მის განსადიდებლად (იგავნი 11:4; 1 კორინთელთა 4:7).
სიყვარულით მხილება
8 იგავნის მესამე თავის მეთერთმეტე და მეთორმეტე მუხლები კვლავ საუბრობს მამისა და შვილის ურთიერთობის ბედნიერებაზე, რაც ღვთისმოსავ ოჯახებშია, ისევე როგორც ეს იეჰოვასა და დედამიწაზე მყოფ თავის საყვარელ სულიერ შვილებს შორის არის. იქ ვკითხულობთ: „უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს“. ქვეყნიერების ხალხს სძულს მხილება. იეჰოვას ხალხი კი უნდა ღებულობდეს ამას. მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები „იგავნიდან“ მოიყვანა, როდესაც თქვა: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. . . ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:5, 6, 11).
9 დიახ, მხილება და შეგონება ყოველი ჩვენგანის დამოძღვრის მნიშვნელოვანი ნაწილია, სულ ერთია, მშობლებისგან ვიღებთ ამას, ქრისტიანული კრების მეშვეობით თუ ბიბლიის პირადი შესწავლის დროს დაფიქრებით. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ჩვენთვის ის, რომ ყურად ვიღოთ შეგონება, როგორც იგავნის 4:1, 13-შიცაა მოცემული: „ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე“.
უდიდესი ბედნიერება
10 რაოდენ მშვენიერი გამონათქვამი მოდის ახლა, ნამდვილად, ‘ჭეშმარიტების სიტყვები საჭირო და წრფელია’! (ეკლესიასტე 12:10). სოლომონის ეს ინსპირირებული სიტყვები ჭეშმარიტ ბედნიერებას აღწერს. ეს ის სიტყვებია, რომლებიც უნდა აღვიბეჭდოთ გულებზე. ჩვენ ვკითხულობთ:
11 „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი — ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი“ (იგავნი 3:13–18).
12 სიბრძნე — რა ხშირად არის მოხსენიებული ეს სიტყვა წიგნში „იგავნი“, სულ 46-ჯერ! „უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა [უწმინდესის, აქ] ცოდნა კი გონიერება“. ეს არის ბიბლიის შემეცნებაზე დაფუძნებული, ღვთიური, პრაქტიკული სიბრძნე, რაც საშუალებას აძლევს მის ხალხს, უსაფრთხო გზით იარონ სატანის ქვეყნიერებაში, სადაც ბობოქრობს საშიში „ქარიშხალი“ (იგავნი 9:10). წიგნში „იგავნი“ 19-ჯერ მოყვანილი სიტყვა — გონიერება — სიბრძნის მსახურია, რომელიც გვეხმარება, ვებრძოლოთ სატანის ხრიკებს. უდიდეს მოწინააღმდეგეს თავისი ცბიერი მოქმედებებით დანაშაულის ჩადენაში მრავალ ათასწლიანი გამოცდილება აქვს. მაგრამ ჩვენ გამოცდილებაზე გაცილებით უფრო მეტი ფასეული მასწავლებელი გვყავს — ღვთიური გონიერება, უნარი, რომ განვასხვავოთ სწორი მცდარისაგან და სწორი გზა ავირჩიოთ. ამას გვასწავლის იეჰოვა თავისი სიტყვის საშუალებით (იგავნი 2:10–13; ეფესელთა 6:11).
13 დღევანდელ ქვეყნიერებაში არსებული ეკონომიკური ქაოსი იმ წინასწარმეტყველების შესრულების მომასწავებელია, რომელიც მოცემულია ეზეკიელის 7:19-ში: „თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს“. მთელი მატერიალური სიმდიდრე დედამიწაზე ვერ შეედრება დამცავ ძალას, რომელიც აქვს სიბრძნესა და გონიერებას. ბრძენი მეფე სოლომონიც გვამცნობს: „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12). ნამდვილად, ბედნიერია ყველა, ვინც დღეს იეჰოვასთვის მოსაწონი გზებით დადის და ბრძნულად ირჩევს ‘დღეგრძელობას’, მარადიულ სიცოცხლეს, რაც ღვთის ძღვენია ყველასთვის, ვინც რწმენას ავლენს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი! (იგავნი 3:16; იოანე 3:16; 17:3).
ჭეშმარიტი სიბრძნის განვითარება
14 სათანადოა, რომ ჩვენ, ღვთის მსგავსებად შექმნილი ადამიანები, ვცდილობთ, განვავითაროთ სიბრძნე და გონიერება — თვისებები, რომლებიც იეჰოვამ გამოავლინა თავისი დიდებული, შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებისას. „უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი“ (იგავნი 3:19, 20). ამის შემდეგ მან გააგრძელა ცოცხალი ქმნილებების შექმნა არა რაღაც საიდუმლო, ევოლუციის გაუგებარი პროცესით, არამედ უშუალოდ შემოქმედებით, ყოველი შექმნა „თავ-თავისი გვარისდა მიხედვით“ ბრძნული განზრახვისთვის (დაბადება 1:25). როცა დასასრულს ადამიანი იყო შექმნილი აღმატებული გონებრივი უნარითა და შესაძლებლობებით, რაც ცხოველებს არ ჰქონდათ, ღვთისშვილების, ანგელოზების, მოწონება გამოიხატებოდა მათი სიხარულის ყიჟინაში, რომელიც ექოსავით გაისმოდა ცაში (შეადარე იობი 38:1, 4, 7). იეჰოვას გონივრული წინდახედულება, მისი სიბრძნე და სიყვარული ნათლად ჩანს ყველა მის ქმნილებაში (ფსალმუნი 103:24).
15 ჩვენ არა მხოლოდ იეჰოვას თვისებების — სიბრძნისა და გონიერების — განვითარებას ვსაჭიროებთ, არამედ მყარად უნდა დავეყრდნოთ მათ და არასოდეს შევასუსტოთ ძალისხმევა მისი სიტყვის შესწავლაში. ის შეგვაგონებს: „შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი. ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის“ (იგავნი 3:21, 22). ამიტომ, შეგვიძლია ვიაროთ უსაფრთხოდ და სულის სიმშვიდით მაშინაც კი, როცა ქურდივით ახლოვდება ‘მოულოდნელი განადგურება’, რომელიც თავს დაატყდება სატანის ქვეყნიერებას (1 თესალონიკელთა 5:2, 3). დიდი გასაჭირის დროსაც კი „არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა; რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს“ (იგავნი 3:23–26).
კეთილის კეთების სიყვარული
16 ახლა დროა, გულმოდგინება გამოვავლინოთ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისას, რათა ყველა ერში დავამოწმოთ. მაგრამ ამ დამოწმების საქმეს მხარი უნდა დაუჭიროს სხვა ქრისტიანულმა მოქმედებამ, როგორც ეს აღწერილია იგავნის 3:27, 28-ში: „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება. ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს“ (შეადარე იაკობი 2:14–17). სიღარიბისა და შიმშილის მარწუხებში მყოფი მთელი მსოფლიოს უმეტესობა გამუდმებით მოგვიხმობს, დავეხმაროთ მოყვასს, განსაკუთრებით, ჩვენს სულიერ ძმებს. როგორ რეაგირებენ იეჰოვას მოწმეები?
17 მაგალითად, 1992 წელს განუწყვეტლივ თხოულობდნენ დახმარებას ყოფილი იუგოსლავიიდან. მეზობელი ქვეყნებიდან ძმებმა საოცარი რეაგირება მოახდინეს. იმ წლის სუსხიანი ზამთრის განმავლობაში შესაძლებლობა იყო, რამდენიმე მანქანისგან შემდგარ დახმარების კოლონას გაევლო საომარი ტერიტორია, რომ შეეტანა მიმდინარე პუბლიკაციები, თბილი ტანსაცმელი, საკვები და მოწმეებისთვის საჭირო მედიკამენტები. ერთი შემთხვევისას, ძმებმა ითხოვეს ნებართვა, წაეღოთ 15 ტონა დახმარების მარაგი, მაგრამ მათ ნებართვა მიიღეს 30 ტონაზე! იეჰოვას მოწმეებმა ავსტრიიდან სასწრაფოდ გაგზავნეს კიდევ სამი კონტეინერი. სულ 25 ტონა შეგროვდა დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად. რაოდენ გახარებულები იყვნენ ჩვენი ძმები, როცა ასე უხვად მიიღეს სულიერი და ფიზიკური საკვები!
18 როგორი რეაგირება ჰქონდათ, ვინც ის დახმარება მიიღო? მომდევნო წლის დასაწყისში უხუცესი წერდა: „ძმები და დები სარაევოში ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჯერ კიდევ სულიერად ძლიერად ვართ, რომ გადავიტანოთ ეს უაზრო ომი. საკვებთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან რთული იყო. დაე, იეჰოვამ კვლავაც გაკურთხოთ და სანაცვლო მოგიზღოთ იმ ძალისხმევის გამო, რითაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდით. ხელისუფლებები განსაკუთრებულ პატივს გვცემენ ჩვენი, იეჰოვას მოწმეების, სამაგალითო ცხოვრების გამო და იმის გამო, რომ პატივს ვცემთ ხელისუფლებებს. ჩვენ ასევე მადლიერი ვართ სულიერი საკვებისთვის, რომელიც მოგვაწოდეთ“ (შეადარე ფსალმუნი 144:18).
19 განსაცდელში ჩავარდნილმა ძმებმა მადლიერება გამოავლინეს, ასევე საველე მსახურებაში გულმოდგინე მონაწილეობის მიღებით. მრავალი მეზობელი მივიდა მათთან თხოვნით, დაეწყოთ მათთან ბიბლიური შესწავლა. ქალაქ ტუზლაში, სადაც 5 ტონა საკვები იყო ჩატანილი, კრებაში ცხრა პიონერის მხარდასაჭერად 40 მაუწყებლიდან თითოეული, საშუალოდ, 25 საათს მსახურობდა თვის განმავლობაში. შესანიშნავი იყო იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი — 243 პიროვნება. იმ ძვირფასმა ძმებმა, სინამდვილეში, ყველაფერი ‘დასძლიეს ჩვენი მოყვარულის მეშვეობით’ (რომაელთა 8:37).
20 ყოფილ საბჭოთა კავშირში მანქანების დიდი კოლონით გადაგზავნილი საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დიდძალი დახმარებით გამოვლენილი გულუხვობა იქაური ძმების გულმოდგინებას შეეფერებოდა. მაგალითად, მოსკოვში 1993 წელს გახსენების საღამოს დაესწრო 7 549 პიროვნება, ხოლო 1992 წელს — 3 500. ამავე წელს ამ ქალაქის კრებების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა. მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა) კრებების ზრდა იყო 14%-ით, სამეფოს მაუწყებლებისა — 25%-ით და პიონერების — 74%-ით. გულმოდგინებისა და თავგანწირვის როგორი სულია! ეს გვახსენებს პირველ საუკუნეს, როცა „თანასწორობა“ იყო. როცა ქრისტიანები, რომლებსაც ჰქონდათ სულიერი და ფიზიკური საზრდოს სიუხვე, დიდებულ ძღვენს აძლევდნენ მათ, ვინც ცხოვრობდა ნაკლებად ხელისშემწყობ ადგილებში, ამავე დროს დაზარალებულთა გულმოდგინებას სიხარული და გამხნევება მოჰქონდა მათთვის, ვინც ეს ძღვენი გაიღო (2 კორინთელთა 8:14).
შეიძულე ბოროტება!
21 იგავნის მესამე თავი წარმოგვიდგენს დაპირისპირებების სერიას და ამთავრებს შეგონებით: „ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას, რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი. უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია. გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს. დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ“ (იგავნი 3:29–35).
22 რა უნდა გავაკეთოთ, რომ უგუნურებად არ ჩაგვთვალონ? უნდა ვისწავლოთ, რომ გვძულდეს ბოროტება, დიახ, უნდა შევიზიზღოთ ის, რაც იეჰოვას ეზიზღება — მოძალადე და სისხლისმღვრელი ქვეყნიერების ყველა უპატიოსნო გზა (იხილე ასევე იგავნი 6:16–19). ამის საპირისპიროდ, უნდა განვავითაროთ ის, რაც კარგია — პატიოსნება, სამართლიანობა და თვინიერება — რათა თავმდაბლობითა და იეჰოვასადმი შიშით მოვიპოვოთ ‘სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე’ (იგავნი 22:4). ეს ჯილდო იქნება ყოველი ჩვენგანისთვის, ვინც ერთგულად მივყვებით შეგონებას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით“.
როგორ უპასუხებ?
◻ როგორ გამოიყენება დღეს ამ შესასწავლი სტატიის წამყვანი მუხლი?
◻ როგორ შეგვიძლია პატივი მივაგოთ იეჰოვას?
◻ რატომ არ უნდა ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ შეგონება?
◻ სად შეგვიძლია უდიდესი ბედნიერების პოვნა?
◻ როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს სიკეთე და გვძულდეს ბოროტება?
[სასწავლო კითხვები]
1. ვისთვის იყო დაწერილი „იგავნი“?
2. რატომ არის დღეს უფრო დროული იგავნის 3:7-ში მოცემული გაფრთხილება?
3. რა მოვლენები იყო ნაწინასწარმეტყველები ჩვენი დღეებისთვის?
4, 5. ვინ გადარჩება და რატომ?
6. რამ უნდა აღგვძრას, მივყვეთ იგავნის 3:9-ს?
7. რომელი პირველმოწეული ნაყოფი უნდა მივართვათ იეჰოვას და რა იქნება ამის შედეგი?
8, 9. როგორ უნდა ვუყუროთ მხილებასა და შეგონებას?
10, 11. წრფელი სიტყვების რომელი ზოგიერთი მხარეა მოცემული იგავნის 3:13–18-ში?
12. რა სარგებლობა უნდა მოგვცეს სიბრძნემ და გონიერებამ?
13. რას შეუძლია დაგვიცვას ამ ეკონომიკურად რთულ დროს და როგორ?
14. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სამაგალითო სიბრძნე?
15. ა) რატომ არ არის საკმარისი სიბრძნის მხოლოდ განვითარება? ბ) როგორი რწმენა უნდა გააღვიძოს ჩვენში იგავნის 3:25, 26-მა?
16. რა მოქმედება მოეთხოვებათ ქრისტიანებს მსახურებაში გულმოდგინებასთან ერთად?
17–19. ა) რა აუცილებელი საჭიროება იყო დაკმაყოფილებული 1993 წელს და როგორი გამოხმაურებით? ბ) რა ცხადჰყოფს, რომ ალყაშემორტყმულ რეგიონში მყოფმა ძმებმა ‘სძლიეს’?
20. რა „თანასწორობა“ იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში?
21. როგორ არიან ბრძენები და უგუნურები დაპირისპირებულები იგავნის მესამე თავის დასკვნით სიტყვებში?
22. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ უგუნურებად არ ჩაგვთვალონ? ბ) რა სძულთ ბრძენებს, რას ავითარებენ ისინი და როგორ ჯილდოს მოელიან ამის გამო?