ქმნილება ამბობს: „პატიება არა აქვთ“
„ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ პატიება არა აქვთ“ — (რომაელთა 1:20; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“; კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი, კს).
იობი, იეჰოვასადმი ურყევი უმწიკვლოების მქონე პიროვნება, რომელიც უძველეს დროში ცხოვრობდა, სატანისგან დაექვემდებარა საშინელ გამოცდას. ეშმაკმა იობს დააკარგვინა მთელი მატერიალური ქონება, გამოიწვია მისი შვილების სიკვდილი და დაასნეულა საზიზღარი დაავადებით. იობი ფიქრობდა, რომ ეს უბედურებები ღმერთმა დაატეხა, და იეჰოვას სიმწრით შესჩიოდა: ‘კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ. . . რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ? ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს’ (იობი 1:12–19; 2:5–8; 10:3, 6, 7).
2 გარკვეული დროის შემდეგ ღმერთისადმი მიმართული იობის სიტყვები აზრების სრულ ცვლილებას ცხადყოფს: „ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე. ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობი 42:3, 5, 6). რამ შეცვალა იობის თვალსაზრისი?
3 იმ დროს იეჰოვა გრიგალიდან შეეწინააღმდეგა იობს (იობი 38:1). მან იობს მრავალი შეკითხვა დაუსვა. ‘სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, რომ აქ შეწყდეს მისი ტალღების აზვირთება? ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ იწვიმოს თქეშმა? შეგიძლია თუ არა აღმოაცენო მწვანე ბალახი? შეგიძლია თუ არა ერთად შეკრიბო ვარსკვლავნი და ატარო თითოეული თავისი კურსით?’ იეჰოვამ დააყარა იობს ეს და სხვა მრავალი კითხვა თავისი ქმნილებების შესახებ, რომლებიც იობის 38—41-ე თავებშია აღწერილი. მან შეაგნებინა იობს, თუ რამხელა ზღვარი არსებობს ღმერთსა და ადამიანს შორის, იმით რომ დამაჯერებლად შეახსენა სიბრძნისა და ძალის შესახებ, რომლებიც ღმერთის ქმნილებებში ირეკლება და რომელთა წარმოდგენა ან გაგება იობის შესაძლებლობას ბევრად აღემატებოდა. ყოვლისშემძლე ღმერთის ქმნილებებში გამოვლენილი შემაძრწუნებელი ძალისა და უსაზღვრო სიბრძნის გამო განცვიფრებულ იობს შეეშინდა იმ აზრის, რომ გაბედა იეჰოვასთან დავა. ამიტომ მან თქვა: „ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე“ (იობი 42:5).
4 რამდენიმე ასწლეულების შემდეგ ბიბლიის ინსპირირებულმა მწერალმა დაადასტურა, რომ იეჰოვას თვისებების დანახვა შესაძლებელია თავის ქმნილებებში. პავლე მოციქული რომაელთა 1:19, 20-ში [კს] წერდა: „ცხადია მათთვის, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ პატიება არა აქვთ“.
5 ადამიანი შექმნილი იყო უმაღლესი ძალისადმი თაყვანისცემის თანდაყოლილი მოთხოვნილებით. თავის წიგნში «შეუცნობელი „მე“ ». (ინგლ.) დოქტორი კ. გ. იუნგი ამ მოთხოვნილების შესახებ ლაპარაკობდა, როგორც „ინსტინქტურ განწყობაზე, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისთვის და მისი გამოვლენის შემჩნევა შეიძლება კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“. პავლე მოციქული ლაპარაკობდა თაყვანისცემისადმი ადამიანის თანდაყოლილი აღძვრის შესახებ, რითაც იხსნება ის, თუ რატომ ჰქონდათ ბერძნებს ათენში მრავალი ნაცნობი თუ უცნობი ღმერთის გამოსახულება და სამსხვერპლო. ასევე, პავლე დაეხმარა მათ, გაეგოთ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და აჩვენა, რომ ეს თანდაყოლილი მისწრაფება უნდა დაეკმაყოფილებინათ მართებული სახით, ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, ძიებაში, „იქნებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა ის არც არის შორს თითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17:22–30). ისევე, როგორც ახლოს ვართ მის ქმნილებებთან, ასევე ახლოს ვართ იმასთან, რომ გავიგოთ მისი ღირსებები და თვისებები.
წყლის საოცარი წრებრუნვა
6 ღმერთის რა თვისებებს ვხედავთ, მაგალითად, ფაფუკი ღრუბლის უნარში, დაიკავოს ტონობით წყალი? ჩვენ ვხედავთ მის სიყვარულსა და სიბრძნეს, ვინაიდან ასეთნაირად ის მიწას წვიმით აკურთხებს. ის ამას აკეთებს შესანიშნავად დაპროექტებული წყლის წრებრუნვის მეშვეობით, რომელიც მოხსენიებულია ეკლესიასტეს 1:7-ში: „ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან“. ბიბლიის წიგნი, იობი, დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ ხდება ეს.
7 როცა მდინარეების წყალი ზღვაში ჩაედინება, ის იქ არ რჩება. იეჰოვა „იღებს ზღვიდან წყლის წვეთებს და ღრუბლიდან, რომელიც მან გააკეთა, გამოყოფს წვიმას“ („ახალი ინგლისური ბიბლია“). რამდენადაც წყალი იმყოფება ორთქლის მდგომარეობაში და ბოლოს და ბოლოს წარმოქმნის მსუბუქ ნისლს, ‘ჯანღების ასავალ-დასავალი [ღრუბლები წონასწორობაში, აქ] ყოვლადბრძენის საკვირველებანია’ (იობი 36:27; 37:16). ღრუბლები მიცურავენ მანამ, სანამ ნისლის მდგომარეობაშია: „ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს“ (იობი 26:8).
8 ამ „ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის“, რათა წვიმა მოდიოდეს? (იობი 38:37). ის, ვინც ‘ყოვლადბრძენია’ და ამ სიბრძნის გამოყენებით იგი თავიდანვე იქ მოათავსა, ვინც „ღრუბლებიდან, რომელიც მან გააკეთა, გამოყოფს წვიმას“. ხოლო რა არის საჭირო ნისლისგან წვიმის წვეთების წარმოსაქმნელად? ჰაერის ყოველ კუბურ სანტიმეტრში უნდა არსებობდეს ათასიდან ასიათასობით მყარი ნივთიერების მიკროსკოპული ნაწილაკები, ისეთები, როგორიცაა მტვერი ან მარილის ნაწილაკები, რათა ისინი იყვნენ ბირთვები, რომლის გარშემოც ფორმირდება წვეთები. გამოთვლილია, რომ ჩვეულებრივი წვიმის წვეთის წარმოსაქმნელად საჭიროა დაახლოებით მილიონი პაწაწინა ღრუბლის წვეთი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ღრუბლებიდან წამოვიდეს კოკისპირული წვიმა, რათა წარმოქმნას მდინარეები, რომლებიც წყალს უკან აბრუნებენ ზღვაში. ასეთნაირად სრულდება წყლის წრებრუნვა. შეიძლება თუ არა იმის ფიქრი, რომ ყოველივე ეს ხდება ბრმა შემთხვევის წყალობით? ასეთი აზროვნება ნამდვილად არასაპატიოა!
სოლომონის სიბრძნის ერთი წყარო
9 ძველ მსოფლიოში სოლომონს სიბრძნეში ბადალი არ ჰყავდა. ამ სიბრძნის დიდ ნაწილს შეადგენდა იეჰოვას ქმნილებების შესახებ ცოდნა: ‘ლაპარაკობდა სოლომონი ხეებზე ლიბანის ნაძვიდან დაწყებული ეზობამდე, კედელზე რომ მიცოცავს; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და თევზებზე’ (მესამე მეფეთა 4:33). იმავე მეფემ, სოლომონმა, დაწერა: „მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას“ (იგავნი 6:6–8).
10 ვინ ასწავლა ჭიანჭველებს, ზაფხულში მოემარაგებინათ საკვები, რომელიც ცივ ზამთარში გამოადგებოდათ? საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ეჭვი ეპარებოდათ სოლომონის ამ ცნობის სიზუსტეში ჭიანჭველების შესახებ, რომლებიც ზამთრისთვის თესლს აგროვებენ და იმარაგებენ. ვერავინ პოულობდა რაიმე მტკიცებებს ამ მარაგის არსებობის შესახებ. მაგრამ 1871 წელს ერთმა ინგლისელმა ნატურალისტმა აღმოაჩინა მათი მიწისქვეშა საწყობი და მათ შესახებ ბიბლიური ცნობის სიზუსტე გამართლდა. მაგრამ როგორ შეიძინეს ამ ჭიანჭველებმა წინდახედულება, რათა ზაფხულში სცოდნოდათ, რომ წინ ცივი ზამთარია, და იმის სიბრძნე, რომ სცოდნოდათ, თუ რა გაეკეთებინათ ამასთან დაკავშირებით? ბიბლია თვითონ ხსნის, რომ იეჰოვას ქმნილებებიდან ბევრს აქვს მათში ჩაპროგრამებული სიბრძნე, რომელიც არსებობისთვის აუცილებელია. მუშა ჭიანჭველებმა თავიანთი შემოქმედისგან მიიღეს ასეთი კურთხევა. იგავნის 30:24, 25-ში ამის შესახებ ნათქვამია: „ბრძენთა ბრძენნი (ინსტინქტურად ბრძენნი, აქ): ჭიანჭველები“. იმის თქმა, რომ ასეთი სიბრძნე თავისთავად გაჩნდებოდა, არაგონივრულია; არ შეიგნო, რომ ამის მიღმა დგას ბრძენი შემოქმედი, — არასაპატიოა.
11 გასაგებია, თუ რატომ გრძნობს თავს პატარა ჭიანჭველად ადამიანი, რომელიც გიგანტური მამონტის ხის ძირას დგას და განცვიფრებულია მისი მასითა და გრანდიოზულობით. განსაცვიფრებელია ხის ზომები: 90 მეტრი სიმაღლე, 11 მეტრი დიამეტრი, ქერქის სისქე 0,6 მეტრი, ფესვთა სისტემა იკავებს 1,2–1,6 ჰექტარ ფართობს. მაგრამ ბევრად უფრო განსაცვიფრებელია მის ზრდასთან დაკავშირებული ფიზიკური და ქიმიური პროცესები. მისი ფოთლები შთანთქავს: წყალს ფესვების მეშვეობით, ჰაერიდან ნახშირორჟანგს, და მზის სინათლის ენერგიას, რათა წარმოქმნას ნახშირწყლები და გამოყოს ჟანგბადი, — პროცესს ეწოდება ფოტოსინთეზი, რომელშიც ჩართულია დაახლოებით 70 ქიმიური რეაქცია, რომლებიდანაც ყველა არ არის ნათელი. საოცარია, რომ პირველი რეაქცია მზის სინათლეზეა დამოკიდებული, რომელიც ზუსტად საჭირო ფერისა და ტალღის სიგრძისაა; სხვაგვარად ის არ შთაინთქმებოდა ქლოროფილის მოლეკულებით და არ დაიწყებოდა ფოტოსინთეზის პროცესი.
12 ასევე, საოცარია ის, რომ ხეს შეუძლია ფესვების მეშვეობით ამოტუმბოს წყალი მთელი 90-მეტრიანი კოლოსის გავლით მწვერვალამდე. ამოიტუმბება ბევრად უფრო მეტი წყალი, ვიდრე ფოტოსინთეზისთვისაა საჭირო. ჭარბი წყალი ფოთლებიდან ჰაერში გამოიყოფა ტრანსპირაციის საშუალებით. ეს ხეს იცავს გადახურებისგან, რაც დაახლოებით ოფლის გამოყოფის საშუალებით ტემპერატურის დაწევის მსგავსია. ზრდისთვის აუცილებელი ცილის წარმოსაქმნელად ნახშირწყლებს, ანუ შაქრებს უნდა შეუერთდეს აზოტი. ფოთლებს არ შეუძლიათ ჰაერში აირად მდგომარეობაში მყოფი აზოტის გამოყენება, მაგრამ ნიადაგში არსებულ ორგანიზმებს შეუძლიათ აირადი აზოტის გარდაქმნა ნიტრატებად და ნიტრიტებად, რომლებიც წყალში იხსნებიან და შემდეგ წყალთან ერთად გადაადგილდებიან ფესვებიდან ფოთლებისკენ. როდესაც მცენარეები და ცხოველები, რომლებმაც ეს აზოტი გამოიყენეს თავიანთ ცილებში, კვდებიან და იხრწნებიან, აზოტი გამოთავისუფლდება და სრულდება აზოტის წრებრუნვა. ყოველივე ამის სირთულე განსაცვიფრებელია და საეჭვოა, რომ ის შემთხვევით წარმოქმნილიყო!
ისინი ლაპარაკობენ უსიტყვოდ, უხმოდ და კილოს გარეშე
13 შემოქმედის თვისების როგორი აღმაფრთოვანებელი ანარეკლია ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა, რაც მნახველს მოკრძალებით აღავსებს! ფსალმუნის 8:4, 5-ში დავითმა გამოხატა მოწიწება, რომელსაც გრძნობდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ მათ, ვისაც შეუძლიათ თვალებით დაინახონ, ყურებით მოისმინონ და გულით იგრძნონ, ეს ვარსკვლავებიანი ცა, ისევე როგორც დავითს, ეუბნება: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“ (ფსალმუნი 18:1–4).
14 რაც უფრო მეტი ვიცით ვარსკვლავების შესახებ, მით უფრო ხმამაღლა გველაპარაკებიან ისინი. ჩვენ გვიწვევენ ყურადღება მივაქციოთ მათს უზარმაზარ ენერგიას, რის შესახებაც ჩაწერილია ესაიას 40:26-ში: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“. ერთ-ერთი მათგანის, ჩვენი მზის, გრავიტაციის ძალა და დინამიკური ენერგია: დედამიწას აკავებს თავის ორბიტაზე, თავის ადგილზე; იძლევა მცენარეების ზრდის შესაძლებლობას და ჩვენთვის ინარჩუნებს სითბოს, რაც აქ, დედამიწაზე, ცხოვრებას შესაძლებელს ხდის. ღმერთის ინსპირაციით პავლე მოციქულმა თქვა: „ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით“ (1 კორინთელთა 15:41). მეცნიერებისთვის ცნობილია ყვითელი ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენი მზის მსგავსია, ასევე, ცისფერი ვარსკვლავები, წითელი გიგანტები, თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები და ცვალებადი ზეახალი ვარსკვლავები, რომლებიც გამოყოფენ კოლოსალურ ენერგიას.
15 მრავალმა გამომგონებელმა ქმნილებებისგან ისწავლა და შემდეგ შეეცადა გადმოეღო, რაც მათში დაინახა — ცოცხალი ქმნილებების არსებობის საშუალებები (იობი 12:7–10). ყურადღება მიაქციე ქმნილებების მხოლოდ ზოგიერთ განსაკუთრებულ ასპექტს: ზღვის ფრინველებს, რომლებიც შეიცავენ ჯირკვლებს და მისი მეშვეობით ამტკნარებენ წყალს; გველთევზას და ასევე სხვა თევზებს, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას; თევზებს, ჭიებსა და მწერებს, რომლებიც ცივ სინათლეს ასხივებენ; ღამურებსა და დელფინებს, რომლებიც იყენებენ ექოლოკაციას; კრაზანებს, რომლებიც ამზადებენ ქაღალდს; ხიდების მშენებელ ჭიანჭველებს; თახვებს, რომლებიც ჯებირებს აშენებენ; გველებს, რომლებსაც აქვთ ჩაშენებული თერმომეტრები; გუბურებში მობინადრე მწერებს, რომლებიც იყენებენ აკვალანგის მილებს და საყვინთ ზარებს; რვაფეხებს, რომლებიც რეაქტიულ მოძრაობას იყენებენ; ობობებს, რომლებიც შვიდი სახის აბლაბუდას ამზადებენ და აკეთებენ საძრომებს, ბადეებსა და ქამანდებს; არსებობენ პატარა ჰაერნაოსანი ობობები, რომლებიც დიდ სიმაღლეებზე ათასობით კილომეტრს გადიან; თევზები და კიბოსნაირები, რომლებიც წყალქვეშა ნავების მსგავსად იყენებენ ბალასტურ ცისტერნებს; ასევე, ფრინველები, მწერები, ზღვის კუები, თევზები და ძუძუმწოვრები, რომლებიც ახორციელებენ მიგრაციის საოცარ გმირობას, — უნარს, რომლის ახსნაც მეცნიერებას არ შეუძლია.
16 მეცნიერული ჭეშმარიტებები მათ აღმოჩენამდე ათასწლეულებით ადრე იყო ჩაწერილი ბიბლიაში. პასტერამდე ათასწლეულებით ადრე, მოსეს კანონში (ძველი წელთაღრიცხვით XVI საუკუნე) ასახული იყო დაავადების გამომწვევ მიკრობებზე ცოდნა (ლევიანნი, 13-ე, 14-ე თავები). ძველი წელთაღრიცხვით XVII საუკუნეში იობმა თქვა: „[ღმერთმა] სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ქრისტემდე ათასი წლით ადრე სოლომონმა დაწერა სისხლის მიმოქცევის შესახებ; მედიცინას ახალი წელთაღრიცხვით XVII საუკუნემდე უნდა ეცადა ამის აღმოსაჩენად (ეკლესიასტე 12:6). მანამდე ფსალმუნის 138:16-ში ასახული იყო ცოდნა გენეტიკური კოდის შესახებ: „ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი [შენს წიგნში ჩაწერილი იყო ყველა მისი ნაწილები იმ დღეებთან თანაფარდობაში, როცა ისინი იქნებოდნენ და ჯერ კიდევ არცერთი მათგანი არ იყო მათ შორის, აქ]“. ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში, ვიდრე ნატურალისტები გაიგებდნენ მიგრაციის შესახებ, იერემიამ დაწერა სიტყვები, რომელიც ჩაწერილია იერემიას წიგნის 8:7-ში: „ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი“.
„შემოქმედი“, რომელსაც ირჩევენ ევოლუციონისტები
17 ერთ-ერთ ბიბლიურ მუხლში ლაპარაკია ზოგიერთი ადამიანის შესახებ, რომელიც უარყოფს გაიგოს, რომ შექმნილი სასწაულების მიღმა დგას ინტელექტის მფლობელი შემოქმედი: „ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებდნენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში“. მათ „ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა“ (რომაელთა 1:21–23, 25). იგივე ითქმის მეცნიერ-ევოლუციონისტების შესახებ, რომლებიც, არსებითად, როგორც „შემოქმედს“, განადიდებენ წარმოსახვით აღმავალ ჯაჭვს: უმარტივესნი — ჭიები — თევზები — ამფიბიები — ქვეწარმავლები — ძუძუმწოვრები — მაიმუნის მსგავსი ადამიანები. მაგრამ მათ იციან, რომ სინამდვილეში არ არსებობს მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც ამ ჯაჭვს დაიწყებდა. ცნობილი ორგანიზმებიდან ყველაზე უმარტივესი შეიცავს ას მილიარდ ატომს ათასი ქიმიური რეაქციით, რომლებიც მასში ერთდროულად ხდება.
18 იეჰოვა ღმერთი — სიცოცხლის შემოქმედია (ფსალმუნი 35:10). ის — ყოველივეს უდიდესი პირველმიზეზია. მისი სახელი, იეჰოვა, ნიშნავს „ის იძლევა შესრულებას“. მისი ქმნილებების ჩამოთვლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არსებობს მილიონობით ქმნილება, რომელთა შესახებ ადამიანმა არაფერი იცის. ამას გვაგებინებს ფსალმუნის 103:24, 25: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია“. იობის 26:14-ში ამის შესახებ ნათლად არის ნათქვამი: „აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?“ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ გარკვეულ ნაწილებს, გვესმის ასე ცოტა, ხოლო მისი ძლევამოსილების გრგვინვა — ჩვენს გაგებას აღემატება.
19 მაგრამ ჩვენ გვაქვს წყარო, რომლის საშუალებითაც უკეთესად შეგვიძლია გავიგოთ მის შესახებ, ვიდრე ფიზიკური ქმნილებებით. ეს უკეთესი წყაროა მისი სიტყვა, ბიბლია. ახლა მომდევნო სტატიაში, ყურადღება მივაპყროთ ამ წყაროს.
გახსოვს თუ არა შენ
◻ რა შეიტყო იობმა, როცა იეჰოვა ელაპარაკა გრიგალიდან?
◻ რატომ თქვა პავლემ, რომ ზოგიერთებს პატიება არა აქვთ?
◻ როგორ ხდება წყლის წრებრუნვა?
◻ მნიშვნელოვანს რას აკეთებს მზის სინათლე ჩვენთვის?
◻ რა მეცნიერული ჭეშმარიტებები იყო ნაჩვენები ბიბლიაში მანამ, სანამ მათ აღმოაჩენდა მეცნიერება?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა შესჩივლა სიმწრით აღსავსე იობმა იეჰოვას? ბ) შემდეგში როგორ უარყო იობმა თავისი თვალსაზრისი?
3. რა ახალი თვალსაზრისი განავითარა იობმა ქმნილებათა შესახებ?
4. რა უნდა გავიგოთ იეჰოვას ქმნილებებიდან და რა მდგომარეობაშია ისინი, რომლებმაც ვერ შეძლეს ამის დანახვა?
5. ა) რა თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს და როგორი მიუღებელი ფორმით იკმაყოფილებენ ამას ზოგიერთები? ბ) რა ურჩია პავლემ ათენელ ბერძნებს?
6. იეჰოვას რა თვისებებს ვხედავთ წყლის წრებრუნვაში?
7. როგორ ხვდება წყალი ოკეანიდან ღრუბლებში და როგორ შეუძლიათ ფაფუკ ღრუბლებს ტონობით წყლის დაკავება?
8. როგორია ‘ზეცის ჭურჭლების’ დაცლის სხვადასხვა სტადიები და როგორ სრულდება წყლის წრებრუნვა?
9. რა ნახა აღსანიშნავი სოლომონმა ჭიანჭველების ერთ-ერთ სახეობაში?
10. როგორ გამართლდა სოლომონის მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი მუშა ჭიანჭველების შესახებ?
11. ა) რატომაა გიგანტური მამონტის ხე ასეთი განსაცვიფრებელი? ბ) რა არის ძალიან საოცარი ფოტოსინთეზის პირველ რეაქციაში?
12. ა) რითაა აღსანიშნავი მამონტის ხის მიერ წყლის გამოყენება? ბ) რატომაა აუცილებელი მცენარის ზრდისთვის აზოტი და როგორ სრულდება აზოტის წრებრუნვა?
13. რას ეუბნებოდა ვარსკვლავებიანი ცა დავითს და ჩვენთვის რის თქმას აგრძელებს ის?
14. რატომაა ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანის დინამიკური ენერგია?
15. რა ისწავლეს ქმნილებებისგან და მათგან რის გადმოღებას შეეცადა მრავალი გამომგონებელი?
16. რა მეცნიერული ჭეშმარიტებები იყო ჩაწერილი ბიბლიაში მეცნიერების მიერ მათ აღმოჩენამდე?
17. ა) რა არის ნათქვამი რომაელთა 1:21–23-ში ზოგიერთი ადამიანის შესახებ, რომელსაც არ სურს დაინახოს, რომ შექმნილი სასწაულების მიღმა დგას ინტელექტის მფლობელი შემოქმედი? ბ) არსებითად, რას ირჩევენ ევოლუციონისტები თავიანთ „შემოქმედად“?
18, 19. ა) წესით, ვის შეიძლება მივაწეროთ სიცოცხლის წარმოშობა? ბ) რამდენად სრულად შეგვიძლია იეჰოვას ქმნილებების დანახვა?