გაუფრთხილდი სახელს
ადამიანი, რომელიც მშვენიერ შენობებს აპროექტებს, დახელოვნებული არქიტექტორის სახელს იძენს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოირჩევა სწავლის უნარით, ცნობილი ხდება როგორც ბრწყინვალე სტუდენტი. ადამიანმა კი, რომელიც არაფერს აკეთებს, შეიძლება უსაქმურის სახელი დაიმკვიდროს. აი რას ამბობს ბიბლია კარგი სახელის მოპოვების მნიშვნელოვნებაზე: „კარგი სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კარგი რეპუტაცია კი — ოქრო-ვერცხლზე“ (იგავნი 22:1, „ამერიკული თარგმანი“).
კარგი სახელის მოპოვება გარკვეული დროის განმავლობაში გაკეთებული ბევრი პატარ-პატარა საქმით ხდება, მაგრამ სახელის გასატეხად სულ ერთი უგუნური მოქმედება საკმარისია. მაგალითად, სექსთან დაკავშირებული ზნეობრივი ნორმების დარღვევის თუნდაც ერთ შემთხვევას კარგი რეპუტაციის შებღალვა შეუძლია. ბიბლიის წიგნის, „იგავნის“, მე-6 თავში ძველი ისრაელის მეფე სოლომონი გვაფრთხილებს ისეთ დამოკიდებულებებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება ჩვენი რეპუტაცია გააფუჭონ და, ამავე დროს, იეჰოვა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენონ. ეს გაფრთხილება ეხება დაუფიქრებლად პირობის მიცემას, სიზარმაცეს, სიცრუესა და უზნეობას — იმ ძირითად საქმეებს, რომლებიც იეჰოვას სძულს. თუ ამ რჩევას ყურადღებით მოვეკიდებით, ეს დაგვეხმარება საკუთარი სახელის გაფრთხილებაში.
იხსენი თავი არაგონივრული პირობის მიცემისგან
„იგავნის“ მე-6 თავი შემდეგი სიტყვებით იწყება: „შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე“ (იგავნი 6:1—3).
ეს იგავი გვირჩევს, არ ჩავერიოთ სხვების კომერციულ საქმეებში, განსაკუთრებით კი უცნობ პირთა საქმეში. დიახ, ისრაელები ვალდებული იყვნენ, ‘მიხმარებოდნენ თავიანთ მოძმეს, რომელიც გაღარიბდებოდა ან გაჭირვებაში ჩავარდებოდა’ (ლევიანნი 25:35—38). მაგრამ ზოგი გაბედული ისრაელი ებმებოდა სარისკო კომერციულ საქმეებში და ფინანსურ დახმარებას იღებდა მაშინ, როცა ითანხმებდა სხვებს, „თავდებად“ დასდგომოდნენ და ამგვარად აგდებდა მათ ვალში. იგივე შეიძლება დღესაც მოხდეს. მაგალითად, ფინანსური საქმეებით დაკავებულმა დაწესებულებებმა შეიძლება მსესხებლის მხრიდან ხელმოწერა მოითხოვონ, თუ მიიჩნევენ, რომ სესხის გაცემა სარისკოა. რამდენად არაგონივრული იქნებოდა სხვის სასარგებლოდ ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის ნაჩქარევად ხელის მოკიდება! ამან შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგვიქმნას და ცუდი სახელიც კი დავიმკვიდროთ ბანკებში და სხვა კრედიტორებთან!
რა უნდა ვქნათ, თუ ისეთი რამის გაკეთებით, რომელიც თავდაპირველად გონივრული ჩანდა — მაგრამ მოგვიანებით, უკეთესად დაკვირვებით არაგონივრული აღმოჩნდა — არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდით? სოლომონის რჩევის თანახმად, სძლიე სიამაყეს, „მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე“ — დაჟინებული თხოვნით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რის ძალაც შეგვწევს, რათა საქმე მოვაგვაროთ. ერთი ცნობარი მიუთითებს: „ყოველი ღონე იხმარე იმისთვის, რომ მეტოქესთან შეთანხმდე და მოაგვარო საკითხი, ისე რომ ვალის გადახდის ვალდებულება შენი და შენიანების საწინააღმდეგოდ არ შემობრუნდეს“. ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს, რადგან სოლომონ მეფე დასძენს: „თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს — თვლემას. იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან“ (იგავნი 6:4, 5). უკეთესია, სანამ შესაძლებელია, გააუქმო არაგონივრული ვალდებულება, ვიდრე მის მახეში გაება.
იყავი ჭიანჭველასავით შრომისმოყვარე
„მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე“, — გვირჩევს სოლომონი. რა სიბრძნე შეგვიძლია ვისწავლოთ პატარა ჭიანჭველას მოქმედებიდან? სოლომონი გვპასუხობს: „არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას“ (იგავნი 6:6—8).
ჭიანჭველები საოცრად ორგანიზებული და გაერთიანებული არიან. ისინი მომავლისთვის საკვებს წინასწარ ინსტიქტურად იმარაგებენ. მათ ‘არა ჰყავთ არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი’. მართალია, მათ ჰყავთ დედა ჭიანჭველა, მაგრამ ის დედა მხოლოდ იმ გაგებით არის, რომ კვერცხებს დებს და ბუდის დედაა; ის განკარგულებებს არ იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ უფროსი, რომელიც ააჩქარებდა, ან ზედამხედველი, რომელიც შეამოწმებდა, ჭიანჭველები მუყაითად განაგრძობენ შრომას.
ჭიანჭველების მსგავსად განა ჩვენც შრომისმოყვარენი არ უნდა ვიყოთ? მუყაითად შრომა და მისი შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობა ჩვენთვის კარგია, მიუხედავად იმისა, თვალყურს გვადევნებენ თუ არა. დიახ, სკოლაში, სამსახურსა და ღვთისათვის მსახურებაში მონაწილეობის მიღებისას ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გავაკეთოთ. ღმერთს სურს, რომ ჭიანჭველის მსგავსად — როგორც ის იღებს სარგებლობას შრომისმოყვარეობით — ჩვენც ‘შრომისა წილ სიკეთე ვპოვოთ’ (ეკლესიასტე 3:13, 22; 5:18). შრომას სუფთა სინდისი და კმაყოფილება მოაქვს (ეკლესიასტე 5:11).
სოლომონი ორი რიტორიკული კითხვით ცდილობს, ზარმაცი უსაქმურობის კლანჭებიდან გამოიხსნას: „როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?“ მეფე ირონიულად დასძენს: „მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით — შენი გაჭირვება“ (იგავნი 6:9—11). როდესაც ზარმაცი გულაღმა წევს, სიღარიბე ყაჩაღივით ეწევა და გაჭირვება შეიარაღებული კაცივით ესხმის თავს. უქნარას ყანები მალე ივსება ეკალბარდებითა და ჭინჭრით (იგავნი 24:30, 31); მისი საქმიანი წამოწყებები მალე იფუშება. რამდენ ხანს მოუთმენს დამსაქმებელი უქნარას? შეიძლება მოველოდეთ, რომ მოსწავლეს, რომელიც უსაშველოდ ზარმაცია, სკოლაში საქმე კარგად ექნება?
იყავი პატიოსანი
სხვა მოქმედების შესახებ, რომელიც პიროვნებას საზოგადოებაში რეპუტაციას, ღმერთთან კი ურთიერთობას უფუჭებს, სოლომონი ამბობს: „უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის. თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს“ (იგავნი 6:12—14).
ეს ცბიერის დახასიათებაა. მატყუარა ყოველთვის თავისი ცბიერების დამალვას ცდილობს. როგორ? არა მხოლოდ „ცბიერი ბაგეებით“ არამედ ჟესტებითა და მიმიკებით. ერთი სწავლული აღნიშნავს: „ჟესტები, ხმის ტონი და სახის გამომეტყველებაც კი მოტყუების წინასწარგაანგარიშებული მეთოდებია; გულწრფელობის მიღმა უკუღმართი აზრი და განხეთქილების სული იმალება“. ასეთი უგვანი ადამიანი ბოროტ გეგმებს ადგენს და ყოველთვის შეხლა-შემოხლასა და უთანხმოებას იწვევს. რა დაემართება ასეთ ადამიანს?
„ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, — პასუხობს ისრაელის მეფე. — ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი“ (იგავნი 6:15). როდესაც ამხილებენ მატყუარას, მისი რეპუტაცია მაშინვე იბღალება და მიწასთან სწორდება. ვინღა ენდობა მას კვლავ? მისი ბოლო მართლაცდა სავალალოა, „ყველა ცრუ“ მათ შორის არის მოხსენიებული, რომლებიც მარადიულად განადგურდებიან (გამოცხადება 21:8). მოდი ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ „ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).
შეიძულე ის, რაც იეჰოვას სძულს
ბოროტების სიძულვილი — რა შესანიშნავად დაგვიცავს ეს ისეთი საქმეების ჩადენისგან, რაც ჩვენს რეპუტაციას უქმნის საფრთხეს! მაშ, განა არ უნდა განვივითაროთ ზიზღი იმის მიმართ, რაც ცუდია? მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გვძულდეს? სოლომონი ამბობს: „აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი“ (იგავნი 6:16—19).
ეს შვიდი კატეგორია, რომელთაც „იგავნი“ მოიხსენიებს, ძირითადია და, ფაქტობრივად, ყველა სახის ბოროტებას მოიცავს. „ამპარტავანი თვალები“ და „ავის მზრახველი გული“ ფიქრებში ჩადენილი ცოდვების სიმბოლოა. „ცრუ ენა“ და „ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე“ ცოდვიან სიტყვებზე მიუთითებს. „უბრალო სისხლის მღვრელი ხელები“ და „საბოროტოდ მარდი ფეხები“ ბოროტი საქმეების აღმნიშვნელია. იეჰოვასთვის განსაკუთრებით საძულველია ისეთი ადამიანი, რომელსაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს იმ ადამიანებს შორის დავის გაჩაღება, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობენ. ჩამონათვალ სიბილწეთა რიცხვის ექვსიდან შვიდამდე გაზრდა გვიჩვენებს, რომ ჩამოთვლა არ უნდა იყოს დამთავრებული, რადგან ადამიანები ყოველთვის ამრავლებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს.
მართლაცდა, ჩვენ უნდა შევიძულოთ ის, რაც ღმერთს სძულს. მაგალითად, ჩვენ უნდა მოვერიდოთ „ამპარტავან თვალებს“, ანუ სიამაყის ნებისმიერ სხვა გამოვლინებას. არ უნდა ვიჭორაოთ, რადგანაც ამან ადვილად შეიძლება გამოიწვიოს „ძმათა შორის შუღლი“. ბოროტი ხმების გავრცელებით, გაუმართლებელი კრიტიკით ან ტყუილით ჩვენ შეიძლება არ გავხდეთ „უბრალო სისხლის მღვრელი“, მაგრამ ადამიანს სახელს ნამდვილად გავუტეხთ.
„გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე“
სოლომონი მომდევნო რჩევას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული“, რადგან „მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება“ (იგავნი 6:20—22).
შეუძლია საღვთო წერილზე დაფუძნებულ აღზრდას ნამდვილად დაგვიცვას სექსთან დაკავშირებული უზნეობის მახისგან? დიახ. სოლომონი გვარწმუნებს: „ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება, რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან“ (იგავნი 6:23, 24). ღვთის სიტყვის რჩევის დამახსოვრება და მისი გამოყენება, როგორც ‘ლამპრისა, ჩვენი ფეხისთვის და სინათლის — ჩვენი ბილიკებისთვის’ დაგვეხმარება, თავი შევიკავოთ უზნეო ქალის ან მამაკაცის შემპარავი მიპატიჟებებისგან (ფსალმუნი 118:105).
„გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, — გვირჩევს ბრძენი მეფე. — არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით“. რატომ? „რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი“ (იგავნი 6:25, 26).
ვის გულისხმობს აქ სოლომონი, მრუშ მოღალატე ცოლს? შესაძლოა. ან შეიძლება ის განასხვავებს მეძაობისა და მრუშობის შედეგებს. ვინც მეძავთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, შეიძლება „ერთი პურის ნაჭრის“ ამარა დარჩეს — უკიდურესად გაღარიბდეს. ის შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები მტანჯველი და დამახეიბრებელი სნეულებების — მაგალითად, შიდს-ის — მსხვერპლიც კი გახდეს. მეორე მხრივ, ის, ვინც სხვის მეუღლესთან კავშირის დამყარებას ცდილობს, უშუალოდ რჯულის მიხედვით, უფრო დიდ საშიშროებას უქმნის თავის თავს. მრუში ცოლი საფრთხეში აგდებს თავისი არაკანონიერი პარტნიორის „ძვირფას სულს“. „აღვირახსნილი ცხოვრების გამო სიცოცხლის შემოკლების გარდა, — ნათქვამია ერთ ცნობარში. — ცოდვილი სიკვდილით დასჯას იმსახურებს“ (ლევიანნი 20:10; მეორე რჯული 22:22). ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად ფიზიკური სილამაზისა, ასეთ ქალზე გული არ უნდა მიგივიდეს.
‘არ ჩაიდო უბეში ცეცხლი’
მრუშობის საშიშროებას ხაზი რომ გაუსვას, სოლომონი კითხვას სვამს: „თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?“ და ამ მაგალითის მნიშვნელობას ასე ხსნის: „ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას“ (იგავნი 6:27—29). ასეთი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება.
„არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია“, — შეგვახსენებს სოლომონი. თუნდაც ასე იყოს, „წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის“ (იგავნი 6:30, 31). ძველ ისრაელში ქურდს მოპარული უნდა ეზღო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღარაფერი დარჩებოდაa. მაშ, რამდენად უფრო დასჯის ღირსი იქნებოდა მრუში, რომელსაც გასამართლებელი არაფერი მოეძებნებოდა!
„ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა“, — ამბობს სოლომონი. უჭკუო კაცს მსჯელობის უნარი არ გააჩნია, რადგან „თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას“ (იგავნი 6:32). ის შეიძლება პატივსაცემ კაცად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად არ არის ასეთი.
მრუში კიდევ უფრო მეტს იმკის: „ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება. რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი“ (იგავნი 6:33—35).
ქურდმა შეიძლება მოპარული ზღოს, მაგრამ მრუშს იმავეს გაკეთება არ შეუძლია. რა გამოსასყიდი უნდა შესთავაზოს გამწარებულ ქმარს? მოსალოდნელია, რომ ცოდვილი ვერანაირი ხვეწნა-მუდარით ვერ დაიმსახურებს სიბრალულს. მრუში ჩადენილი ცოდვის კომპენსაციას ვერანაირად ვეღარ მოახერხებს. მისი სახელი შერცხვენილი და ლაფში ამოსვრილი დარჩება. უფრო მეტიც, მას აღარ შეეძლება დამსახურებული სასჯელისგან თავის გამოსყიდვა ან გათავისუფლება.
რამდენად გონივრულია, რომ მრუშობისგან შეურყვნელნი დავრჩეთ, ისევე როგორც სხვა საქმეებისგან, რომლებიც ლაფში სვრის ჩვენს სახელს და შეიძლება სირცხვილი მოაქვს ღვთისთვის! მაშ, მოდი ფრთხილად ვიყოთ, რომ უგუნურად არავის მივცეთ პირობა. დაე ჩვენმა შრომისმოყვარეობამ და სიალალემ შეამკოს ჩვენი რეპუტაცია, და რადგან ვცდილობთ, რომ გვძულდეს ის, რაც იეჰოვას სძულს, მოდი კარგი სახელი შევიქმნათ იეჰოვასა და მოყვასის თვალში.
[სქოლიო]
a მოსეს რჯულის თანახმად, ქურდს ორმაგად, ოთხმაგად ან ხუთმაგად უნდა ეზღო მოპარული (გამოსვლა 22:1—4). ტერმინი „შვიდწილად“ შესაძლებელია მიუთითებდეს დაკისრებულ ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება ნაქურდალზე ბევრად მეტი იყოს.
[სურათი 25 გვერდზე]
სიფრთხილე გამოავლინე სესხის აღებისას.
[სურათი 26 გვერდზე]
იყავი ჭიანჭველასავით შრომისმოყვარე.
[სურათი 27 გვერდზე]
არ იჭორაო.