„დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ“
ეს ახალგაზრდა, გონიერი და „მშვენიერი იყო. . . თვალად და ტანად“. მისი ბატონის ცოლი ხორციელ გულისთქმას იყო აყოლილი და მოურიდებლად იქცეოდა. მას ისე ძლიერ იზიდავდა ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომ ყოველდღე მის შეცდენას ცდილობდა. „ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო. ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან!“. მაგრამ იოსებმა, პატრიარქ იაკობის ვაჟმა, ფოტიფარის ცოლს ხელში შეატოვა სამოსელი და გაიქცა (დაბადება 39:1—12).
რასაკვირველია, ყველა არ აარიდებდა თავს ასეთ მაცდუნებელ სიტუაციას. მაგალითად, გავიხსენოთ იმ ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, რომელიც ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა ქუჩაში ღამით დაინახა. თავნება ქალისგან შეცდენილი „იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი“ (იგავნი 7:21, 22).
ქრისტიანებს ეძლევათ რჩევა, ‘გაექცნენ სიძვას’ (1 კორინთელთა 6:18). ახალგაზრდა ქრისტიან მოწაფეს, ტიმოთეს, მოციქული პავლე სწერდა: „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი“ (2 ტიმოთე 2:22). როცა მრუშობასთან, სიძვასთან ან სხვა უზნეობასთან დაკავშირებულ ასეთ საეჭვო სიტუაციებს ვაწყდებით, ჩვენც ისევე შეუპოვრად უნდა გავეცქეთ ცდუნებას, როგორც იოსები გაექცა ფოტიფარის ცოლს. რა დაგვეხმარება იმაში, რომ მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი ასე მოქცევა? ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „იგავნი სოლომონისა“, მე-7 თავში სოლომონი გვაძლევს რამდენიმე ფასდაუდებელ რჩევას. ის მხოლოდ იმას კი არ გვასწავლის, როგორ დავიცვათ თავი უზნეო ადამიანთა ხრიკებისგან, არამედ მათი მოქმედების ტაქტიკასაც ამხილებს, როცა ცოცხლად აღწერს თავაშვებული ქალის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის შეცდენის ამბავს.
‘მიიბი ჩემი მცნებები შენს თითებზე’
თავდაპირველად მეფე მამობრივ რჩევას გვაძლევს: «შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე. დაიმარხე ჩემი ანდერძი [„დაიცავი ჩემი მცნებები“, აქ] და იცოცხლებ, და ჩემი რჯული — თვალისჩინივით» (იგავნი 7:1, 2).
მშობლებს, განსაკუთრებით კი მამებს, ღვთისგან დაკისრებული აქვთ პასუხისმგებლობა, ასწავლონ თავიანთ შვილებს ღვთის ნორმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კარგი და რა — ცუდი. მოსემ მოუწოდა მამებს: „გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7). მოციქულმა პავლემ კი დაწერა: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მაშასადამე, მშობლების დარიგებები, რომლებიც დიდად დასაფასებელია, რასაკვირველია, შეიცავს ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებულ შეხსენებებს, მცნებებსა და კანონებს.
მშობლის სწავლებებში შეიძლება სხვა წესებიც — ოჯახში დადგენილი წესებიც — შედიოდეს. ისინი ოჯახის წევრთა სასიკეთოდ არის გამიზნული. რა თქმა უნდა, საჭიროებისდა მიხედვით, შეიძლება ერთ ოჯახში არსებული წესები განსხვავდებოდეს სხვა ოჯახში მიღებული წესებისგან. მაგრამ მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათი ოჯახისთვის საუკეთესო; მათ მიერ დადგენილი წესები, ჩვეულებრივ, მათი ნამდვილი სიყვარულისა და მზრუნველობის გამომხატველია. ახალგაზრდებს ეძლევათ რჩევა, რომ დაემორჩილონ ამ წესებს და, ამავე დროს, მიჰყვნენ თავიანთი მშობლების ბიბლიურ მოძღვრებას. დიახ, აუცილებელია ასეთი სწავლებების „თვალისჩინივით“ ანუ დიდი გულმოდგინებით გაფრთხილება. ამნაირად თავს ავარიდებთ იეჰოვას პრინციპების უგულებელყოფით გამოწვეულ დამღუპველ შედეგებს და ‘ვიცოცხლებთ’.
„მიიბი [ჩემი მცნებები] შენს თითებზე, — განაგრძობს სოლომონი. — და გულის ფიცარზე დაიწერე“ (იგავნი 7:3). როგორც ხელის თითებია კარგად შესამჩნევი ჩვენი თვალებისთვის და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი მიზნების განხორციელებაში, ბიბლიიდან მიღებული სულიერი გაკვეთილები და შემეცნებაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გამუდმებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ მათით. ჩვენ გულის ფიცარზე უნდა დავიწეროთ ეს მცნებები და ჩვენი პიროვნების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
მეფე არ ივიწყებს სიბრძნისა და გონიერების მნიშვნელოვნებას და მოგვიწოდებს: «უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას [„გონიერებას“, აქ] მეგობარი უწოდე“» (იგავნი 7:4). სიბრძნე არის ღვთისგან მომდინარე შემეცნების სათანადოდ გამოყენების უნარი. ჩვენ ისე უნდა გვიყვარდეს სიბრძნე, როგორც საკუთარი საყვარელი და. რა არის გონიერება? ეს არის იმის უნარი, რომ ნათლად დაინახო საკითხი და მის გარშემო არსებული დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებით ჩასწვდე მის არსს. გონიერება ახლო მეგობარივით უნდა იყოს ჩვენთვის.
რატომ უნდა მივყვეთ ბიბლიურ სწავლებებს და გამოვიმუშაოთ სიბრძნე და გონიერება? — რათა ‘თავი დავიფაროთ უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან’ (იგავნი 7:5). დიახ, ასეთი მოქმედება დაგვიცავს დაშაქრული ენითა და დამაჯერებლად მოლაპარაკე უცხო, უზნეო ადამიანისგანa.
ახალგაზრდა მამაკაცი მზაკვარ ქალს ხვდება
შემდეგ ისრაელის მეფე აღწერს სცენას, რომელსაც თავად ადევნებდა თვალყურს: „სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე, დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი. ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა. მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში“ (იგავნი 7:6—9).
სარკმელს, რომლიდანაც სოლომონი იყურება, გისოსები აქვს — ეს, შესაძლოა, თამასებიანი და საგულდაგულოდ მოჩუქურთმებული ჩარჩოა. ბინდდება და ღამის წყვდიადი ისადგურებს ქუჩებში. ის ახალგაზრდა მამაკაცს ხედავს, რომელიც, როგორც ჩანს, ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლია. მას გამჭრიახობა აკლია და ჭკუა არ ჰყოფნის. როგორც ჩანს, მან იცის, როგორ დასახლებაში შედის და რა შეიძლება დაემართოს იქ. ახალგაზრდა მამაკაცი მისი სახლის გზით მიაბიჯებს და ‘მისი სახლის კუთხეს’ უახლოვდება. ვინ არის ეს ქალი და რის გაკეთებას ლამობს?
დაკვირვებული მეფე განაგრძობს: „აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი. ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება; ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე — ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული“ (იგავნი 7:10—12).
ამ ქალის ჩაცმულობა ბევრს მეტყველებს მასზე (დაბადება 38:14, 15). ის შეუფერებლად, მეძავივით არის ჩაცმული. გარდა ამისა, იგი გულმზაკვარია — ცბიერი და „ეშმაკობით“ აღწევს თავის მიზანს („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ის ხმაურიანი და თავნებაა, ენაჭარტალა, ჯიუტი, უსირცხვილო და გამომწვევი. სახლში ყოფნას ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას არჩევს და ქუჩის კუთხეებშია ჩასაფრებული თავისი მსხვერპლის გამოსაჭერად.
მაცდუნებელი „ლაქლაქი“
ამგვარად, ახალგაზრდა მამაკაცი ხვდება თავაშვებულ ქალს, რომელსაც ეშმაკური განზრახვა აქვს. როგორ არ უნდა მიექცია ამას სოლომონის ყურადღება! ის ყვება: „აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება: სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადავიხადეო საღმრთო. ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სახის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც“ (იგავნი 7:13—15).
ამ ქალს ლაქარდიანი ენა აქვს. ის ურცხვად და დამაჯერებლად ლაპარაკობს. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, საგულდაგულოდ არის გათვლილი ახალგაზრდა მამაკაცის შესაცდენად. ის აცხადებს, რომ ამ დღეს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და საღმრთო გადაიხადა, რითაც სამართლიანობის ნიღაბს იფარებს და სურს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს სულიერობას არ არის მოკლებული. იერუსალიმის ტაძარში მისატან სამადლობელ მსხვერპლში ხორცი, ფქვილი, ზეთი და ღვინო შედიოდა (ლევიანნი 19:5, 6; 22:21; რიცხვნი 15:8—10). რადგან შემწირველს შეეძლო სამადლობელი მსხვერპლის ნაწილი თავად და თავისი ოჯახის წევრებსაც შეეჭამათ, ის მიანიშნებს, რომ სახლში უამრავი საჭმელ-სასმელი აქვს. აშკარაა, თუ რას გულისხმობს ამ სიტყვებში: ახალგაზრდა მამაკაცს შეუძლია დრო სასიამოვნოდ გაატაროს მასთან. ეს ქალი, როგორც თავად ამბობს, საგანგებოდ მის მოსაძებნად გამოვიდა სახლიდან. ადამიანს მართლაც გულამაჩუყებელი მოეჩვენებოდა ეს სიტყვები! „ის მართლაც ვიღაცას ეძებდა, — ამბობს ერთი ბიბლეისტი. — მაგრამ ნამდვილად საგანგებოდ ამ ახალგაზრდის მოსაძებნად იყო გამოსული? მხოლოდ სულელი — როგორიც, შესაძლოა, ეს ახალგაზრდა იყო — დაიჯერებდა ამას“.
მას შემდეგ, რაც თავისი ჩაცმულობით მიიზიდა, პირფერული სიტყვებით მოთაფლა, გულზე მიიკრა, ბაგეებით დაეკონა, ნაირგვარი კეთილსურნელებით გაბრუებას ჰპირდება: „ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი. დავაფრქვიე მური, [ალოე და დარიჩინი, აქ] ჩემს საწოლზე“ (იგავნი 7:16, 17). მან ეგვიპტური ჭრელი თეთრეულით მიმზიდველად გააწყო საწოლი და ზედ რჩეული სურნელოვანი მური, ალოე და დარიჩინი მოაფრქვია.
„წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, — განაგრძობს ის. — ალერსით ვინეტაროთ“. ამ მოწვევაში ორი ადამიანისთვის გათვალისწინებულ სასიამოვნო ვახშამზე მეტი იგულისხმება. ამ ქალს იმედი აქვს, რომ მასთან სქესობრივ ურთიერთობას დაამყარებს. ახალგაზრდა მამაკაცს ეს წინადადება თავგადასავლებით აღსავსე და საინტერესო ეჩვენება! უფრო მეტად რომ აღუძრას ინტერესი, ქალი დასძენს: „რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული; ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ“ (იგავნი 7:18—20). ისინი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს, რადგან მისი ქმარი სავაჭრო საქმიანობის გამო შორს იყო წასული და ახლო მომავალში შინ არ დაბრუნდებოდა. რა ოსტატურად ატყუებს ამ ახალგაზრდა მამაკაცს! „შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა“ (იგავნი 7:21). ასეთი მაცდუნებელი წინადადების უკუსაგდებად, ადამიანი იოსებივით მტკიცე უნდა იყოს ზნეობრივად (დაბადება 39:9, 12). ასეთი იყო ეს ახალგაზრდა მამაკაცი?
„როგორც დასაკლავი ხარი“
„იმწამსვე უკან გაჰყვა, — მოგვითხრობს სოლომონი, — როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად. ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს“ (იგავნი 7:22, 23).
ეს მოწვევა დაუძლეველ სურვილად ექცა ახალგაზრდა მამაკაცს. ის კარგავს საღად აზროვნების უნარს და ‘დასაკლავი ხარივით’ მიჰყვება მას. როგორც შებორკილ კაცს არ შეუძლია, გაექცეს თავის სასჯელს, ისე ეს მამაკაციც ვეღარ გაექცევა ცოდვას. ის ვერ ხედავს, რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს, სანამ ‘ისარი არ გაუგლეჯს ღვიძლს’ და სასიკვდილო ჭრილობას არ მიიღებს. ამან ფიზიკური სიკვდილი იმ გაგებით შეიძლება გამოიწვიოს, რომ ის შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები სასიკვდილო დაავადებითაც დასნეულდესb. ჭრილობამ შეიძლება მისი სულიერი სიკვდილიც გამოიწვიოს — ის „სიცოცხლეს წააგებს“. ეს სერიოზულად იმოქმედებს პიროვნებასა და მის სიცოცხლეზე. ის მძიმე ცოდვას სჩადის ღვთის წინაშე. ამიტომ, როგორც ჩიტი ისწაფვის ხაფანგისკენ, ისე ისწრაფებს სიცოცხლეს.
„ნუ იხეტიალებ მისი ბილიკებით“
ბრძენი მეფე, იმისათვის, რომ დაგვანახვოს, რის სწავლა შეგვიძლია მის მიერ ნანახის საფუძველზე, მოგვიწოდებს: «ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს. ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები [„ნუ იხეტიალებ მისი ბილიკებით“, აქ]. რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი. მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი“» (იგავნი 7:24—27).
ცხადია, სოლომონი გვირჩევს, რომ მოვერიდოთ უზნეო ადამიანის სიკვდილისკენ მიმავალი გზით სიარულს და ‘ვიცოცხლოთ’ (იგავნი 7:2). რა დროულია ეს რჩევა ჩვენს დროში! მართლაც უნდა მოვერიდოთ იმ ადგილებს, სადაც ხშირად დადიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ელოდებიან თავისი მსხვერპლის მოტყუებით გამოჭერას. რატომ უნდა მოექცეთ მათი ზეგავლენის ქვეშ? რატომ უნდა გახდეთ „ჭკუათხელი“ და ‘უცხოს’ ბილიკებზე მოხეტიალე?
მეფის მიერ დანახულმა ‘უცხო ქალმა’ ახალგაზრდა მამაკაცი ასეთი მოწვევით შეიტყუა: „ალერსით ვინეტაროთ“. განა მრავალი ახალგაზრდა — განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალები — ამნაირადვე არ შეაცდინეს? მაგრამ დაფიქრდით, როცა ვინმე ცდილობს, სექსუალური უზნეობა ჩაგადენინოთ, ეს ნამდვილი სიყვარულია თუ ძლიერი ხორციელი სწრაფვა? განა მამაკაცი შეაცდენს ქალს, რომელიც ნამდვილად უყვარს და შეაბღალვინებს მას თავის ქრისტიანულ სწავლებებსა და სინდისს? „ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული“, — შეგვაგონებს სოლომონი.
მაცდურის სიტყვები, ჩვეულებრივ, სასიამოვნო მოსასმენია და დასახული მიზნის მისაღწევად წინასწარ კარგად არის გათვლილი. სიბრძნისა და გონიერების შენარჩუნება ასეთი მაცდუნებელი სიტყვების გამოაშკარავებაში დაგვეხმარება. იეჰოვას მცნებები — თუ ყოველთვის გვემახსოვრება — აუცილებლად დაგვიცავს. ამიტომ მოდი ყოველთვის ვცდილობდეთ ‘ღვთის მცნებების დაცვას’, რათა ‘ვიცოცხლოთ’. . . თვით მარადიულადაც კი (1 იოანე 2:17).
[სქოლიოები]
a სიტყვა „უცხო“ გამოიყენებოდა მათთან დაკავშირებით, რომლებმაც რჯულს ზურგი აქციეს და ჩამოსცილდნენ იეჰოვას. ამიტომ უზნეო ქალი ანუ მეძავი ‘უცხო ქალთან’ არის გაიგივებული.
b ზოგი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ღვიძლს აზიანებს. სიფილისის გართულებული ფორმების დროს მიკროორგანიზმები ღვიძლში იჭრება. აგრეთვე გონორეის გამომწვევმა მიკროორგანიზმებმაც შეიძლება ღვიძლის ანთება ანუ ჰეპატიტი გამოიწვიოს.
[სურათები 29 გვერდზე]
როგორი თვალსაზრისი გაქვთ მშობლების მიერ დადგენილ წესებზე?
[სურათი 31 გვერდზე]
ღვთის მცნებების დაცვა სიცოცხლის მომტანია.