თესეთ სიმართლე და ღვთის წყალობას მოიმკით
„ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადაეყრება, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის“ (იგავნი 11:15). როგორ დამაჯერებლად მოგვიწოდებს ეს პატარა იგავი, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას სერიოზულად მოვეკიდოთ! სესხის აღებისას ისეთი ადამიანის თავდებად დადგომით, რომელმაც შეიძლება თავისი სიტყვა არ შეასრულოს, პრობლემებს ვიქმნით. მოერიდეთ თავდებად დადგომას — ხელის შემოკვრას, როგორც ამას ძველად ისრაელში აკეთებდნენ შეთანხმების ნიშნად, რათა ამგვარად ფინანსური გარიგების ხაფანგში არ გაებათ.
ნათელია, რომ ამ შემთხვევაში შემდეგი პრინციპი მოქმედებს: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). „თესეთ თქვენთვის სიმართლე, — თქვა წინასწარმეტყველმა ოსიამ, — და მოიმკით წყალობას“ (ოსია 10:12). დიახ, თესეთ ღვთის ნებისამებრ სიმართლე და მის წყალობას მოიმკით. ისრაელის მეფე სოლომონი ამ პრინციპის არაერთხელ გამოყენებით ისევ და ისევ სწორი მოქმედების, საუბრისა და სათანადო ქცევისკენ მოგვიწოდებს. მისი ბრძნული სიტყვების გულდასმით გამოკვლევა წაგვახალისებს, რომ სიმართლე ვთესოთ (იგავნი 11:15—31).
დათესეთ „მადლი“ და „დიდებას“ მოიმკით
„მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ“, — ამბობს მეფე სოლომონი (იგავნი 11:16). ეს მუხლი კარგად აჩვენებს განსხვავებას იმ ხანგრძლივ პატივისცემასა, რომელსაც „მადლიანი დედაკაცი“ მოიხვეჭს, და იმ დროებით სიმდიდრეს შორის, რომელსაც — უმოწყალო კაცები.
როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი მადლიანი, რასაც დიდება მოაქვს? „არ დაკარგო განსჯის უნარი, — გვირჩევს სოლომონი. — ეს... იქნება... მშვენება შენი ყელისთვის“ (იგავნი 3:21, 22). ფსალმუნმომღერალი კი ლაპარაკობდა იმ ‘მადლზე, რომელიც მეფის ბაგეთაგან იღვრებოდა’ (ფსალმუნი 45:1, 2). დიახ, პრაქტიკული სიბრძნე ანუ განსჯის უნარი და ენის ჯეროვანი გამოყენება ადამიანს ღირსეულს და მადლიანს ხდის. რა თქმა უნდა, ეს გონიერ ქალსაც ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითი აბიგაილი, უგუნური ნაბალის ცოლია. ეს ქალი „კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი“ და „გონიერების“ გამო მეფე დავითის ქება დაიმსახურა (პირველი მეფეთა 25:3, 33).
ღვთისმოშიში ქალი, რომელიც ნამდვილად მადლიანია, რა თქმა უნდა, დიდებას იმსახურებს. ხალხში კარგი რეპუტაცია ექნება და, თუ გათხოვილია, ქმრის თვალში ამაღლდება. ფაქტობრივად, ის მთელ თავის ოჯახს დიდებას მოუტანს. და ეს დიდება დროებითი არ იქნება. „რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი — ვერცხლზე და ოქროზე“ (იგავნი 22:1). ის კარგი სახელი, რომელიც მას ღვთის წინაშე აქვს მოხვეჭილი, არასდროს დაკარგავს თავის ფასს.
მაგრამ სხვაგვარად დგას საქმე ტირანთან — „უმოწყალო კაცთან“ (იგავნი 11:16). ტირანებს მიეკუთვნებიან ბოროტი ადამიანები და იეჰოვას თაყვანისმცემლების მტრები (იობი 6:23; 27:13). ასეთი ადამიანი ‘არ წარმოიდგენს ღმერთს თავის წინაშე’ (ფსალმუნი 53:5). სხვების ჩაგვრითა და ეგოისტობით ასეთმა ადამიანმა შეიძლება ‘ქვიშასავით დააგროვოს ოქრო’ (იობი 27:16). რამდენიმე ხნის შემდეგ ის შეიძლება დაწვეს და აღარ ადგეს, და რომელიმე დილას საბოლოოდ გაახილოს თვალი (იობი 27:19). მთელი მისი სიმდიდრე და მიღწევები ფუჭი აღმოჩნდება (ლუკა 12:16—21).
რაოდენ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის იგავნის 11:16! იმის დანახვებით, თუ რას მოიმკიან მადლიანი და უმოწყალო ადამიანები, ისრაელის მეფე სიმართლის თესვისკენ მოგვიწოდებს.
„მოწყალებას“ სიკეთე მოაქვს
ადამიანთა ურთიერთობებთან დაკავშირებით სოლომონი ასეთ ჭკუის სასწავლებელ სიტყვებს ამბობს: „მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს“ (იგავნი 11:17). როგორც ერთი სწავლული ამბობს: „ამ იგავის არსი ის არის, რომ სხვებისადმი მოპყრობას, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ადამიანისთვის უნებლიე თუ მოულოდნელი შედეგები მოაქვს“. განვიხილოთ ახალგაზრდა ქალის ლიზას მაგალითიa. თუმცა შეგნებულად არ აკეთებს ამას, მაგრამ ყოველთვის აგვიანებს ყველგან. მისთვის ჩვეულებრივი რამ არის, რომ 30 წუთი ან უფრო მეტი დააგვიანოს თანაქრისტიანთან შეხვედრისას, რომ საქადაგოდ წავიდნენ. ამას ლიზასთვის კარგი არაფერი მოაქვს. შეუძლია მას დაადანაშაულოს სხვები, თუ მათ დროის ფუჭად კარგვა ბეზრდებათ და მასთან მეტად აღარ მიდიან საქადაგოდ?
მაქსიმალისტი ადამიანიც — რომელიც ძალიან მაღალ ნორმებს ადგენს — უწყალოდ ექცევა საკუთარ თავს. ყოველთვის მიუღწეველი მიზნების დასახვით ძალ-ღონე გამოცლილია და გულგატეხილი. რეალური და გონივრული მიზნების დასახვით კი ჩვენ თავს სიკეთეს ვუკეთებთ. შეიძლება სხვების მსგავსად უცებ ვერ ვხვდებით ამა თუ იმ საკითხს. ან შეიძლება ავადმყოფობა ან სიბერე გვიკრავს ხელ-ფეხს. მოდი არასდროს გავღიზიანდეთ ჩვენს სულიერ წინსვლასთან დაკავშირებით, არამედ ყოველთვის გონიერება გამოვავლინოთ მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მეტი არ შეგვიძლია. ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი უნარის შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ (2 ტიმოთე 2:15; ფილიპელთა 4:5).
იმის დაწვრილებით აღწერისას, თუ როგორ მოაქვს საკუთარი თავისთვის სიკეთე მართალ ადამიანს, მაშინ როდესაც უმოწყალო ადამიანი საკუთარ თავს ვნებს, ბრძენი მეფე ამბობს: „ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს. სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება. გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის. იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება“ (იგავნი 11:18—21).
ეს მუხლები სხვადასხვაგვარად უსვამენ ხაზს ამ ძირითად აზრს: თესე სიმართლე და კურთხევას მოიმკი! ბოროტი ადამიანი შეიძლება ტყუილსა და აზარტულ თამაშებსაც კი მიმართავს, რომ არაფრისგან რაღაც მიიღოს. და რადგან მისი მონაპოვარი პატიოსანი გზით არ არის ნაშოვნი, შეიძლება გულგატეხილობაში ჩავარდეს. ის კი, ვინც პატიოსნად შრომობს, ნამდვილ ჯილდოს იღებს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. რადგან ღმერთი იწონებს უმწიკვლო ადამიანს, მას მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. მაგრამ რას მოიმკის ცუდი ადამიანი? ვერაგულად პირობის მიცემის გამო ბოროტი ადამიანი სასჯელს ვერ გაექცევა (იგავნი 2:21, 22). ამიტომ, რა შესანიშნავი მოწოდება გვაქვს, რომ სიმართლე ვთესოთ!
გონიერი ადამიანის ნამდვილი სილამაზე
„გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე“, — განაგრძობს სოლომონი (იგავნი 11:22). ბიბლიურ დროში ცხვირზე გასაკეთებელი რგოლი ფართოდ გავრცელებული სამკაული იყო. ცხვირზე გასაკეთებელი ოქროს რგოლი, რომელსაც ერთ ნესტოზე ან ნესტოების გასაყარზე იმაგრებდნენ, ქალზე ადვილად შესამჩნევი ძვირფასეულობა იყო. რა შეუფერებელი იქნებოდა ღორის დინგზე ასეთი სამკაულის გაკეთება! ასევე იქნებოდა გარეგანი სილამაზე „უგუნური“ ქალისთვის. ქალსა თუ მამაკაცს მხოლოდ სამკაულები არ ალამაზებს. ეს უმართებულოა და სულაც არ არის მიმზიდველი.
იმით დაინტერესება, თუ როგორ აფასებენ სხვები ჩვენს გარეგნობას, ჩვეულებრივია. მაგრამ განა ზედმეტად უნდა გვაწუხებდეს ან უკმაყოფილონი ვიყოთ ჩვენი გარეგნობის გამო? ჩვენს გარეგნობაში ბევრი რამის შეცვლა არ შეგვიძლია. თანაც გარეგნობა ყველაზე მთავარი არ არის. განა სინამდვილეში, დიდი სილამაზით გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც მოგვწონს და ვისითაც მოხიბლული ვართ? ბედნიერებისთვის ფიზიკური სილამაზე სულაც არ არის მთავარი. ყველაზე ფასეული შინაგანი სილამაზეა, რაც ღვთის მოსაწონი თვისებებით არის განპირობებული. მოდი ვიყოთ გონიერები და ასეთი თვისებები განვივითაროთ.
„ქველმოქმედი კაცი მოკეთდება“
„მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, — ამბობს მეფე სოლომონი, — ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა“. ამის თვალსაჩინოდ დასანახვებლად ის დასძენს: „ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია“ (იგავნი 11:23, 24).
თუ გულმოდგინედ ვუზიარებთ სხვებს ღვთის სიტყვის შემეცნებას, უდავოა, უკეთესად ჩავწვდებით ამ შემეცნების „სიგანესა და სიგრძეს და სიმაღლესა და სიღრმეს“ (ეფესელთა 3:18). მას კი, ვინც არ იყენებს თავის ცოდნას, მისი დაკარგვის საშიშროება ემუქრება. დიახ, „ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“ (2 კორინთელთა 9:6, სსგ).
„ქველმოქმედი კაცი მოკეთდება [აყვავდება]; — განაგრძობს მეფე, — ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება“ (იგავნი 11:25). როდესაც დაუნანებლად ვიყენებთ ჩვენს დროსა და სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისცემის წინ წასაწევად, იეჰოვასთვის სათნონი ვართ (ებრაელთა 13:15, 16). ის ‘გაგვიხსნის ცის საქანელთ და გადმოგვიცლის კურთხევას აუწყველად’ (მალაქია 3:10). ამის დასტურად ღვთის მსახურების დღევანდელი სულიერი დოვლათიც კმარა!
სამართლიანი და ბოროტი ადამიანების სურვილებს შორის სხვაობას სოლომონი შემდეგნაირად აღწერს: „ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა“ (იგავნი 11:26). დიდი რაოდენობით საქონლის შესყიდვა, როდესაც ის იაფია და მაშინ გაყიდვა, როდესაც ის თითქმის გაყიდვაში არ არის და თუ არის, ძალიან ძვირია, სარფიანი საქმეა. მაშინაც კი, როდესაც ამას შეიძლება რაიმე სარგებელი მოჰყვეს კრიზისის დროს და ვინმეს ძალიანაც დაეხმაროს, ჩვეულებრივ ხალხს ასეთი ეგოისტი ადამიანი არ უყვარს. ისეთი ადამიანი კი, რომელიც ვიღაცის უბედურებაზე არ ითბობს ხელს, ხალხის კეთილგანწყობას იმსახურებს.
ისრაელის მეფე კვლავაც სიკეთისა და სამართლისკენ მოგვიწოდებს, როდესაც ამბობს: „ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან“ (იგავნი 11:27, 28).
სიმართლის მოყვარული ადამიანებს იზიდავს
ის, თუ რა ცუდი შედეგები მოჰყვება სულელურ მოქმედებებს, სოლომონი ამბობს: „თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს“ (იგავნი 11:29ა). ყაქანს არასწორმა მოქმედებამ ‘უბედურება დაატეხა თავს’; ის თავის ოჯახთან ერთად ჩაქოლეს (იესო ნავეს ძე, მე-7 თავი). დღესაც შეიძლება ქრისტიანული ოჯახის თავმა და მისი ოჯახის სხვა წევრებმა რაიმე დანაშაული ჩაიდინონ, რის გამოც ქრისტიანული კრებიდან გარიცხავენ. იმის გამო, რომ ღვთის ბრძანებას არ ასრულებს და შემწყნარებლურად უყურებს ოჯახში მძიმე დანაშაულის ჩადენას, ადამიანი საკუთარ სახლს უბედურებას ატეხს. ის და მის ოჯახის სხვა წევრები ქრისტიანული საზოგადოებიდან მოიკვეთებიან, როგორც მოუნანიებელი შემცოდველები (1 კორინთელთა 5:11—13). და რას მოიმკიან ისინი? მხოლოდ ქარს — რასაც არანაირი ფასი არა აქვს.
„უმეცარი გულბრძენის მორჩილია“, — ნათქვამია მუხლში შემდეგ (იგავნი 11:29ბ). რადგან უმეცარს პრაქტიკული ჭკუა არა აქვს, მას დიდ პასუხისმგებლობებს ვერ მიანდობენ. უფრო მეტიც, უგუნურმა მოქმედებამ შეიძლება ვინმეს ვალშიც კი ჩააგდოს. ასეთი უმეცარი ადამიანი შეიძლება ამგვარად ‘გულბრძენის მორჩილი’ გახდეს. მაშ, ნათელია, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის საზრიანობა და პრაქტიკული ჭკუა გამოვიყენოთ.
„მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს“, — გვარწმუნებს ბრძენი მეფე (იგავნი 11:30). როგორ? მართალი ადამიანი თავისი საუბრითა და მოქმედებით სხვებს სულიერად კვებავს. ისინი აღძრულნი არიან, იეჰოვას ემსახურონ და, საბოლოოდ, შეიძლება ღვთისგან სიცოცხლეც კი დაიმკვიდრონ.
‘შემცოდე კაცს უფრო მეტად მიეზღვება’
რაოდენ დამაჯერებლად მოგვიწოდებს ზემოხსენებული იგავები, ვთესოთ სიმართლე! სოლომონი სხვა კუთხითაც აშუქებს პრინციპს: „რასაც დასთესავს კაცი იმას მოიმკის“, ის ამბობს: „თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს“ (იგავნი 11:31).
თუმცა მართალი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორად მოიქცეს, ხანდახან ცდება (ეკლესიასტე 7:20). და თავისი შეცდომის გამო შეიძლება დაისაჯოს და ამგვარად ‘სანაცვლო მიეზღოს’. მაგრამ რის თქმა შეიძლება ბოროტ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც შეგნებულად ირჩევს ცუდ გზას და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უსამართლობას თავი დაანებოს? განა ის უფრო მეტად არ იმსახურებს უფრო მეტ „სანაცვლოს“ — მკაცრ დასჯას? „თუ მართალი ძლივას გადარჩება, — წერდა მოციქული პეტრე, — უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“ (1 პეტრე 4:18). ამიტომ, მოდი ყოველთვის სიმართლე ვთესოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის.
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
[სურათი 28 გვერდზე]
„მადლმა“ აბიგაილს „დიდება“ მოუტანა.
[სურათები 30 გვერდზე]
„ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს“.
[სურათი 31 გვერდზე]
‘დათესე უხვად, უხვად მოიმკი’.