„შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება“
„შენი გული მიაპყარ დარიგებას და შენი ყურები — ცოდნის ნათქვამს“, — ამბობს იგავების 23:12. აქ „დარიგებად“ ნათარგმნი სიტყვა ნიშნავს ზნეობრივად დასახვეწ ღონისძიებას და მასში შედის როგორც საკუთარ თვისებებზე მუშაობა, ისე სხვებისგან შენიშვნის მიღება. ასეთი სახით დასახვეწად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რის გამოსწორებაა საჭირო და როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ასე რომ, ზნეობრივად დასახვეწად მნიშვნელოვანია „ცოდნის ნათქვამის“ სანდო წყაროდან მიღება.
ბიბლიის წიგნი „იგავები“ ბრძნული გამონათქვამების შესანიშნავი წყაროა. მასში ჩაწერილი სიტყვები კარგია „შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა . . . მისაღებად ჭკუის შეგონებისა, სიმართლისა, სამართლისა და სამართლიანობისა“ (იგავები 1:1—3). ამიტომ გონივრულად მოვიქცევით, თუ ‘ყურს მივაპყრობთ’ მათ. იგავების მე–15 თავი საიმედო ხელმძღვანელობას გაგვიწევს რისხვის გაკონტროლებაში, ენის სათანადოდ გამოყენებასა და ცოდნის შეძენაში. განვიხილოთ ამ თავიდან რამდენიმე მუხლი.
რა „აცხრობს გულისწყრომას“?
ძველი ისრაელის მეფე სოლომონი აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ნათქვამი სიტყვები სიბრაზესა თუ რისხვაზე: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1, აქ). სიტყვა „სიბრაზე“ ძლიერი არასასიამოვნო ემოციის ან რეაქციის აღსაწერად გამოიყენება. „რისხვა“ კი არის უკიდურესი გაბრაზება, რომლის დროსაც ემოციების მოთოკვა ძალიან რთულია. როგორ დაგვეხმარება ეს იგავი როგორც სხვისი, ისე საკუთარი სიბრაზის მოთოკვაში?
უხეშად ნათქვამი სიტყვები ადამიანს ტკივილს აყენებს და არასასიამოვნო მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მშვიდი პასუხი კი ხშირად გაბრაზებულ ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს. მაგრამ გაბრაზებული ადამიანისთვის მშვიდი პასუხის გაცემა ყოველთვის ადვილი არ არის. ეს შედარებით ადვილი იქნება, თუ ადამიანი ეცდება, გაიგოს, რამ გააბრაზა მეორე ადამიანი. „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, — ნათქვამია ბიბლიაში, — სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11, აქ). იქნებ ადამიანი იმის გამოა გაბრაზებული, რომ თავდაჯერებულობა აკლია ან უნდა, რომ ყურადღება მიაქციონ? შეიძლება მისი გაბრაზების მიზეზი ჩვენი სიტყვები ან მოქმედება სულაც არ იყოს. განა ქრისტიანულ მსახურებაში უხეშად ხშირად იმის გამო არ გვპასუხობენ, რომ მობინადრეს ჩვენს მრწამსზე არასწორი ინფორმაცია აქვს ან რაღაცის არასწორად გაგების გამო ჩვენზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა? უნდა მივიღოთ მისი სიტყვები პირად შეურაცხყოფად და თავადაც უხეშად ვუპასუხოთ მას? მაშინაც კი, როდესაც ვიღაცის გაბრაზების მიზეზი აშკარად არ ჩანს, ჩვენი მხრიდან საკუთარ თვისებებზე მუშაობის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნებოდა, თუ მას ისეთი სიტყვებით ვუპასუხებდით, რომლებიც ტკივილს მიაყენებდა. მსგავს რამეს უნდა ვერიდოთ.
რჩევა მშვიდი პასუხის გაცემის შესახებ ფასდაუდებელია მაშინაც, როდესაც საკუთარი სიბრაზის დაოკება გვიწევს. ამ რჩევას შევასრულებდით, თუ ვისწავლიდით საკუთარი ემოციების ისე გამოხატვას, რომ ჩვენი სიტყვებით მსმენელი არ გაგვენაწყენებინა. ოჯახის წევრებთან უხეშად ლაპარაკის ან დამამცირებელი სახელების წოდების ნაცვლად, უნდა ვეცადოთ, წყნარად ვთქვათ, თუ რას ვგრძნობთ. სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჩვეულებრივ, საპასუხო შეურაცხყოფა მოჰყვება ხოლმე. თუ ადამიანს მშვიდად ავუხსნით, რას ვგრძნობთ, მაშინ მისი დადანაშაულება არ გამოგვივა, და მას შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, გამოასწოროს თავისი შეცდომა.
‘ბრძენთა ენა საამურია’
საკუთარ თვისებებზე მუშაობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვლაპარაკობთ და რას ვლაპარაკობთ. „ბრძენთა ენა საამურს ხდის ცოდნას, — ამბობს სოლომონი, — ბრიყვთა პირი კი სისულელეს გამოთქვამს“ (იგავები 15:2). განა არ ‘ხდის საამურს ცოდნას’, როდესაც სხვებისთვის დახმარების სურვილს ვივითარებთ და მათ ღვთის განზრახვისა თუ მისი შესანიშნავი მზრუნველობის შესახებ ვესაუბრებით? ბრიყვი ამას არ აკეთებს, რადგან ცოდნა არა აქვს.
ენის გამოყენებასთან დაკავშირებით შემდგომი რჩევის მოცემამდე სოლომონი ერთ საინტერესო დაპირისპირებას აკეთებს. „ყველგან არის უფლის თვალი, ხედავს ბოროტთა და კეთილთ“ (იგავები 15:3). ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ, რადგან ბიბლია გვარწმუნებს: „უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (2 ნეშტთა 16:9). თუ კარგ საქმეებს ვაკეთებთ, ეს იცის ღმერთმა. მას აგრეთვე ცუდის მოქმედნიც არ რჩება მხედველობიდან და მათ პასუხს აგებინებს.
სოლომონი შემდეგ ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა დასაფასებელია ტკბილად მოუბარი ენა. ის ამბობს: „მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მით მზაკვრობა — სულის შემუსვრა“ (იგავები 15:4). ფრაზა „სიცოცხლის ხე“ მიგვანიშნებს გამომაჯანსაღებელ და გამაძლიერებელ თვისებაზე (გამოცხადება 22:2). გონიერი ადამიანის მშვიდი ლაპარაკი მსმენელისთვის გამომაცოცხლებელია. ასეთი სიტყვები სხვებს დადებითი თვისებების გამოვლენისკენ უბიძგებს. მზაკვრულად ლაპარაკი კი მსმენელისთვის სულის შემმუსვრელია.
გამოსწორება და „ცოდნის გავრცელება“
„სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, — განაგრძობს ბრძენი მეფე, — შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება“ (იგავები 15:5). როგორ შეუძლია ვინმეს „შეგონების“ დაცვა, თუ ამ შეგონების სიტყვებს არ ეტყვიან? განა ეს ბიბლიური მუხლი იმაზე არ მიანიშნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანის გამოსასწორებლად ზომები უნდა იქნეს მიღებული? ოჯახში ამის გაკეთების პასუხისმგებლობა მშობლებს, განსაკუთრებით კი მამებს, აკისრიათ და ბავშვებმა უნდა მოუსმინონ მათ (ეფესოელები 6:1—3). მაგრამ იეჰოვას ყველა მსახური იღებს ამა თუ იმ სახის რჩევებს. ებრაელების 12:6–ში ნათქვამია: „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს, შოლტით სცემს ყველას, ვისაც შვილად იღებს“. მოცემულ რჩევაზე ჩვენი რეაქცია ცხადყოფს, გონიერები ვართ თუ უგუნურები.
სოლომონი კიდევ ერთ დაპირისპირებას აკეთებს, როდესაც ამბობს: „ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული ასეთი არ არის“ (იგავები 15:7). ცოდნის გავრცელება თესლის ჩათესვას შეიძლება შევადაროთ. ძველ დროში მთესველი ყველა თესლს ერთ ადგილას კი არ ყრიდა, არამედ ერთ კონკრეტულ ადგილას რამდენიმე თესლს აგდებდა და თესლებს მთელ ყანაში მიმოაბნევდა. ასევე უნდა მოვიქცეთ ცოდნის გავრცელების დროსაც. მაგალითად, როდესაც მსახურებაში ვინმეს ვხვდებით, გონივრული არ იქნებოდა პირველივე შეხვედრაზე მოგვეთხრო ყველაფერი, რაც ბიბლიიდან ვიცით. გონიერი ადამიანი საუბარში დახვეწილია. ის თავის ცოდნას თანდათანობით „ავრცელებს“ და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას განიხილავს; იგი საუბარს ამ ჭეშმარიტებაზე აგებს და მხედველობაში იღებს მსმენელის რეაქციას. ასე მოიქცა სამარიელ ქალთან საუბრისას ჩვენთვის მისაბაძი პიროვნება, იესო ქრისტე (იოანე 4:7—26).
ცოდნის სხვისთვის გადაცემაში შედის ჭკუის სასწავლებელ და სასარგებლო თემაზე საუბარი. საჭიროა კარგი მომზადება, რათა ნათქვამი ინფორმაციული და გამამხნევებელი იყოს. ამიტომ „მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ“ (იგავები 15:28). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიტყვები იყოს შხაპუნა წვიმის მსგავსი, რომელიც მიწას რწყავს და სასარგებლოა, და არა ნიაღვრის მსგავსი, რომელსაც თავის გზაზე ყველაფერი მიაქვს!
‘წმინდები საქციელში’
იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნის გავრცელება და ‘ქების მსხვერპლად’ იეჰოვასთვის „ბაგეთა ნაყოფის“ შეწირვა, მართლაც რომ, გონიერების გამოვლენაა (ებრაელები 13:15). მაგრამ ასეთი მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, საჭიროა ‘წმინდები ვიყოთ საქციელში’ (1 პეტრე 1:14—16). შემდგომი ორი იგავის მოყვანით სოლომონი მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას. ის ამბობს: „უკეთურთა მსხვერპლი უფლისათვის სისაძაგლეა, პატიოსანთა ლოცვა კი — სიხარული. უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მდევნელი კი უყვარს მას“ (იგავები 15:8, 9).
როგორი თვალსაზრისი აქვთ შეგონებაზე სიცოცხლის გზის დამტოვებლებს და რა ელით მათ? (მათე 7:13, 14). „სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს, დარიგების მოძულე კი მოკვდება“ (იგავები 15:10). ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანული კრების პასუხისმგებელი პირებისგან მიიღონ რჩევა და გულწრფელად მოინანიონ, ზოგიერთი ქრისტიანი არჩევს, გადავიდეს სწორი გზიდან. რა არაგონივრული მოქმედებაა! საქართველოს საპატრიარქოს თარგმანის თანახმად, ამ იგავში ნათქვამია: „მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება“.
რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც ვითომ მხედველობაში იღებს შეგონებას, მაგრამ სინამდვილეში სძულს ის? ესეც არაგონივრულია. ისრაელის მეფე ამბობს: „შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო — ადამის ძეთა გულები“ (იგავები 15:11). ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, არაფერია ცოცხალი ღმერთისგან ისე დაშორებული, როგორც შავეთი, სადაც მკვდრები იმყოფებიან. და ესეც კი მის თვალწინაა. მან იცის, თუ როგორია თითოეული პიროვნებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი წვრილმანი და შეუძლია მათი მკვდრეთით აღდგენა (ფსალმუნები 138:8; იოანე 5:28, 29). ასე რომ, იეჰოვასთვის ძალიან ადვილია იცოდეს, რა არის ადამიანის გულში! „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“, — წერდა მოციქული პავლე (ებრაელები 4:13). მოჩვენებით შეიძლება ადამიანების მოტყუება, მაგრამ არა ღმერთის.
ადამიანს, რომელიც მხილებას უგულებელყოფს, არა მარტო შეგონება სძულს, არამედ ისინიც, ვინც რჩევას აძლევს. „ბრიყვს არ უყვარს თავისი მამხილებელი“, — ამბობს სოლომონი. აზრის ხაზგასასმელად იგი დასძენს: „ბრძენებთან არ წავა იგი“ (იგავები 15:12). ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ასეთი ადამიანი სწორ გზას დაადგეს!
დადებითი აზროვნება
სოლომონის მიერ შემდეგ მოყვანილ სამ იგავს აერთიანებს სიტყვა „გულის“ მოხსენიება. როდესაც აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ემოციები ჩვენი სახის გამომეტყველებაზე, სოლომონი წერს: „მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსვრილია“ (იგავები 15:13).
რა იწვევს გულის დადარდიანებას? „წუხილი გულს [დარდით] უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 12:25, აქ). რა დაგვეხმარება, რომ ცხოვრებისეულმა უსიამოვნებებმა არ დაგვამძიმოს? ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით ვიფიქროთ სიტუაციაზე, რომლის შეცვლაც ნაკლებად შეგვიძლია, კარგი იქნებოდა გვეფიქრა იმ უხვ სულიერ კურთხევებზე, რომლებსაც იეჰოვა ახლა გვაძლევს; აგრეთვე გვეფიქრა იმაზე, თუ რას გააკეთებს ღმერთი ჩვენთვის მომავალში. ეს იეჰოვასთან დაგვაახლოებს. „ბედნიერ ღმერთთან“ დაახლოება კი ჩვენს დამწუხრებულ გულს გაახალისებს (1 ტიმოთე 1:11).
გარდა ამისა, ბიბლიური ცნობა ნუგეშისა და დადებითი გრძნობების ჩინებული წყაროა. ფსალმუნმომღერალმა ბედნიერი უწოდა კაცს, რომლის ‘მისწრაფებაც უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს დღედაღამ’ (ფსალმუნები 1:1, 2). მაშინაც კი, როდესაც დასევდიანებულნი ვართ, ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება ძალებს შეგვმატებს. ამაში ღვთის მიერ დაკისრებული მსახურებაც დაგვეხმარება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“ (ფსალმუნები 125:5).
„გონიერის გული ცოდნას ეძიებს, — ამბობს სოლომონი, — ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება“ (იგავები 15:14). ეს იგავი ჩვენს ყურადღებას აპყრობს იმ დიდ განსხვავებას, რომელიც გონიერი და ბრიყვი ადამიანების რჩევებს შორის არსებობს. გონიერი გულის მქონე ადამიანი რჩევის მიცემამდე ცოდნას ეძიებს. ის კარგი მსმენელია და აგროვებს საჭირო ინფორმაციას. გონიერი იკვლევს საღვთო წერილს, რათა იპოვოს კანონები და პრინციპები, რომლებიც მოცემულ სიტუაციას მიესადაგება. მისი რჩევა მყარად არის დაფუძნებული ღვთის სიტყვაზე. ბრიყვი კი თავს არ იწუხებს ინფორმაციის შეგროვებით და დაუფიქრებლად ამბობს იმას, რაც იმ წუთში მოსდის თავში. როდესაც რჩევა გვჭირდება, გონივრულია ის მცოდნე, მოწიფულ ადამიანს ვკითხოთ და არა მათ, ვინც ჩვეულებრივ იმას გვეუბნება, რის მოსმენაც ჩვენ გვსურს. მართლაც დიდებულია, რომ ღმერთმა ქრისტიანულ კრებაში მოგვცა „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც რჩევის მოცემამდე ‘ცოდნას ეძიებენ’ (ეფესოელები 4:8).
მომდევნო იგავში დანახვებულია, რა დიდი სარგებლობა მოაქვს დადებით აზროვნებას. ისრაელის მეფე ამბობს: „ჩაგრულის ყოველი დღე ცუდია, გულით მხიარულს კი ლხინი აქვს მუდამ“ (იგავები 15:15). ცხოვრებაში გვაქვს ბედნიერი და უბედური წუთები, სიხარული და ცრემლები. თუ გამუდმებით უარყოფითზე ვფიქრობთ, მწუხარება მოგვიცავს და ჩვენთვის ‘ყოველი დღე ცუდი’ იქნება. მაგრამ, თუ უმეტესად კურთხევებსა და ღვთის მიერ მოცემულ იმედზე ვფიქრობთ, ჩვენი ცხოვრების ცუდი მომენტები უკანა პლანზე გადავა და შინაგანად ბედნიერნი ვიქნებით. დადებითი აზროვნება საშუალებას მოგვცემს, რომ ‘მუდამ ლხინი გვქონდეს’.
ამიტომ ძალ–ღონეს ნუ დავიშურებთ იმისათვის, რომ დავაფასოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ზნეობრივად დახვეწას ემსახურება. დაე ამან იმოქმედოს არა მარტო ჩვენს ემოციებზე, საუბრებსა და საქმეებზე, არამედ აზროვნებაზეც.
[სურათი 13 გვერდზე]
„ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“.
[სურათი 15 გვერდზე]
მშობლებს ევალებათ, აღზარდონ შვილები.
[სურათი 15 გვერდზე]
„ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ“.