უხუცესი
უხუცესად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ზაკენ და ბერძნული სიტყვა პრესბიტეროს გულისხმობს როგორც ასაკოვანს (დბ. 18:11; კნ. 28:50; 1სმ. 2:22; 1ტმ. 5:1, 2) ან ორს შორის ასაკით უფროსს (ლკ. 15:25), ისე მას, ვისაც თემში ან საზოგადოებაში საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია. სიტყვა „უხუცესი“ ებრაულ და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში უმეტესწილად ამ უკანასკნელი მნიშვნელობით გვხვდება.
უფროსი ასაკის მამაკაცებს უხსოვარი დროიდან დიდ პატივს სცემდნენ გამოცდილების, ცოდნის, სიბრძნისა და კეთილგონიერების გამო. მრავალ ერში მიღებული იყო ოჯახის უფროსი წევრებისა თუ ცოდნითა და სიბრძნით გამორჩეული მამაკაცებისადმი მორჩილება. აქედან გამომდინარე, სიტყვა „უხუცესს“ ორი მნიშვნელობა ჰქონდა. მასში იგულისხმებოდა როგორც ასაკოვანი, ისე საპასუხისმგებლო მდგომარეობის მქონე მამაკაცი. ბიბლიაში მოხსენიებულ „ეგვიპტის მიწაზე მცხოვრებ უხუცესებსა“ და „მოაბისა და მიდიანის უხუცესებში“ იგულისხმებიან არა ამ ერების მხცოვანი წარმომადგენლები, არამედ ის მამაკაცები, რომლებიც საერო მნიშვნელობის საკითხებს აგვარებდნენ. ისინი ამ ერების „მთავრები“ [ებრ. სარიმ] იყვნენ (დბ. 50:7; რც. 22:4, 7, 8, 13—15; ფს. 105:17, 21, 22).
მსგავსად ამისა, „ისრაელის უხუცესებში“, „კრებულის უხუცესებში“, „ჩემი ხალხის უხუცესებსა“ და „ქვეყნის უხუცესებში“ იგულისხმებიან ისრაელი ერის თავკაცები და არა ასაკოვანი მამაკაცები (რც. 16:25; ლვ. 4:15; 1სმ. 15:30; 1მფ. 20:7, 8). სიტყვა ზეკენიმ (უხუცესები) მხოლოდ რამდენიმე ადგილას გვხვდება განსაზღვრების გარეშე, ამიტომ კონტექსტით უნდა დადგინდეს ამ შემთხვევებში ასაკოვანი მამაკაცია ნაგულისხმევი თუ თავკაცი.
ისრაელის უხუცესები. ისრაელებს ჯერ კიდევ ეგვიპტიდან გამოსვლამდე ჰყავდათ უხუცესები, რომლებიც ხალხს ამა თუ იმ საქმის ვითარებას აცნობდნენ, მათი სახელით გამოდიოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ღმერთმა მოსეს ეგვიპტეში დაბრუნებამდე უბრძანა, რომ მის მიერ მიცემული დავალება უხუცესებისთვის ემცნო. როდესაც მოსე ფარაონის წინაშე წარდგა, მას სწორედ ეს უხუცესები ახლდნენ თან ან ზოგი მათგანი (გმ. 3:16, 18).
როცა მოსემ, როგორც ღვთის წარმომადგენელმა, ხალხს კანონის შეთანხმების პირობები გააცნო, უხუცესებმა ხალხის სახელით თანხმობა განაცხადეს ამ პირობებზე (გმ. 19:3—8). მოგვიანებით უდაბნოში არსებული პირობებით უკმაყოფილო ისრაელებმა წუწუნი დაიწყეს, რის გამოც მოსეს ერის წინამძღოლობა დიდ ტვირთად დააწვა. მან თავისი საწუხარი იეჰოვას გაანდო, რაზეც ღვთისგან შემდეგი მითითება მიიღო: „შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესებიდან, ვისაც იცნობ, ხალხის უხუცესები და ზედამხედველები ... ავიღებ შენზე დავანებული სულის ნაწილს და მოვაფენ მათ. ისინი დაგეხმარებიან ხალხის ტვირთის ტარებაში“ (რც. 11:16, 17). ამ საქმის შესასრულებლად უხუცესები თეოკრატიული წესით დაინიშნენ (რც. 11:24, 25). იმ დღიდან იეჰოვას ნებით ისინი მოსესთან ერთად ინაწილებდნენ ერის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას.
გავიდა დრო. მომთაბარე ისრაელებმა აღთქმული მიწა დაიპყრეს და იქაურ ქალაქებში დასახლდნენ. ყველა დასახლებას თავ-თავისი უხუცესი ჰყავდა. ისინი მსაჯულებად და მთავრებად მსახურობდნენ. მათ ევალებოდათ ხალხის გასამართლება, სამართლის აღსრულება, მშვიდობისა და წესრიგის დაცვა და ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა (კნ. 16:18—20; 25:7—9; იეს. 20:4; რთ. 4:1—12).
ბიბლიაში მოხსენიებული არიან „უხუცესები, თავკაცები, მსაჯულები და მთავრები“ (იეს. 23:2; 24:1), აგრეთვე „ისრაელის უხუცესები და ტომების თავკაცები, ისრაელის ძეების საგვარეულოთა თავკაცები“ (2მტ. 5:2), თუმცა ეს კონკრეტული წოდებები მიანიშნებს არა იმაზე, რომ „თავკაცები“, „მსაჯულები“ და „მთავრები“ უხუცესებისგან რაღაცით განსხვავდებოდნენ, არამედ იმაზე, რომ ისინი ყველანი უხუცესები იყვნენ და კონკრეტული მოვალეობები ეკისრათ (შდრ. 2მფ. 19:2; მრ. 15:1).
ის უხუცესები, რომლებსაც საერო საკითხების გადაწყვეტა ევალებოდათ, მოხსენიებული არიან როგორც „ისრაელის უხუცესები“ (1სმ. 4:3; 8:4), „ქვეყნის უხუცესები“ (1მფ. 20:7), „კრებულის უხუცესები“ (მსჯ. 21:16), ხოლო ისრაელის სამეფოს დაყოფის შემდეგ — „იუდასა და იერუსალიმის უხუცესები“ (იგულისხმება სამხრეთი სამეფო) (2მფ. 23:1).
ისრაელის მრავალი მეფისა თუ მღვდლის მსგავსად უხუცესების უმეტესობა არაკეთილსინდისიერად ასრულებდა ღვთისა და ადამიანების წინაშე დაკისრებულ მოვალეობას (1მფ. 21:8—14; ეზკ. 7:26; 14:1—3). ვინაიდან ღვთის მხარდაჭერა დაკარგეს, ღმერთმა ისრაელს უთხრა, რომ მთავრებად ყმაწვილებს დაუყენებდა და ათვალწუნებულნი თავხედურად მოექცეოდნენ პატივსაცემ ხალხს (ეს. 3:1—5). ასე რომ, ებრაულ წერილებში მკაფიოდაა გადმოცემული ის აზრი, რომ მხოლოდ ასაკი არაფერია, და რომ „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია“ მხოლოდ მაშინ, „როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგ. 16:31). „მარტო დღეგრძელები არ არიან ბრძენები და მარტო მოხუცებულებს არა აქვთ განსჯის უნარი“, არამედ მათაც, ვისაც გამოცდილებასთან ერთად იეჰოვას სული აქვს და ღვთის სიტყვას სწვდება (იობ. 32:8, 9; ფს. 119:100; იგ. 3:5—7; ეკ. 4:13).
ისრაელ ერს თავისი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჰყავდა უხუცესები, ბაბილონში გადასახლების დროსაც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც (იერ. 29:1; ეზრ. 6:7; 10:7, 8, 14). იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს უხუცესები (ბერძ. პრესბიტერე) აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივ (ლკ. 7:3—5), ისე საერო საქმეებში. იერუსალიმელი უხუცესები იესოსა და მისი მოწაფეების მთავარ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდნენ (ლკ. 22:66; სქ. 22:5).
ქრისტიანული კრების უხუცესები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით რთული არ არის იმის გამორკვევა, თუ ვინ იგულისხმებიან ქრისტიანული კრების უხუცესებში (პრესბიტერე). როგორც ხორციელ, ისე სულიერ ისრაელში უხუცესებს კრების ხელმძღვანელობა ეკისრათ.
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულები ერთსულოვნად მოქმედებდნენ. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ღვთის სულით აღძრული პეტრე მათი სახელით სიტყვით გამოდიოდა ხალხის წინაშე (სქ. 2:14, 37—42). ვინაიდან მოციქულებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იესოსთან და პირადად მისგან დაევალათ სხვებისთვის სწავლება, ისინი სამართლიანად იწოდებოდნენ უხუცესებად (მთ. 28:18—20; ეფ. 4:11, 12; შდრ. სქ. 2:42). ახალ რწმენაზე მოქცეულთა დამოკიდებულებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი ცნობდნენ მოციქულთა უფლებას, ეხელმძღვანელათ იმ ახალი ერისთვის, რომელსაც სათავეში ქრისტე ჩაუდგა (სქ. 2:42; 4:32—37; 5:1—11). ისინი იმასაც აღიარებდნენ, რომ ეს მამაკაცები თუ მათი წარმომადგენლები (მათ შორის ერთ-ერთი პავლე იყო) უფლებამოსილნი იყვნენ, ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად ვინმე განეწესებინათ (სქ. 6:1—6; 14:19—23). როდესაც წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, მოციქულებთან ერთად სათათბიროდ უხუცესებიც შეიკრიბნენ. მათი ერთობლივი გადაწყვეტილება ყველა კრებაში გავრცელდა და იგი ყველამ ავტორიტეტულად ცნო (სქ. 15:1—31; 16:1—5). ამრიგად, როგორც ისრაელში ზოგი უხუცესი წყვეტდა და აგვარებდა საერო მნიშვნელობის საკითხებს, ისე პირველ საუკუნეში ზოგი უხუცესი მოციქულებთან ერთად ქმნიდა ხელმძღვანელ საბჭოს და ხელმძღვანელობდა ყველა ქრისტიანულ კრებას. მაგალითად, ერთხელ იერუსალიმში ასული პავლე შეხვდა იაკობსა და „ყველა უხუცესს“ მსახურებაში თავს გადამხდარი ამბების მოსაყოლად და მათგან რჩევების მისაღებად (სქ. 21:15—26).
ზოგიერთ მუხლში ბერძნული სიტყვა პრესბიტერე არ გულისხმობს კრების პასუხისმგებელ პირებს, რადგან იგი მოხსენიებულია ჭაბუკებთან და უფროსი ასაკის ქალებთან ერთად. ასეთ შემთხვევებში ეს სიტყვა უბრალოდ ასაკოვანი მამაკაცების მნიშვნელობით გამოიყენება (სქ. 2:17, 18; 1ტმ. 5:1, 2). ზოგ მუხლში პრესბიტერე „ძველ დროს მცხოვრებ ადამიანთა“ აღსანიშნავად იხმარება (ებ. 11:2). თუმცა ბერძნული წერილები „უხუცესებში“ უმეტესად კრების პასუხისმგებელ პირებს გულისხმობს. რამდენიმე მუხლში უხუცესებს ზედამხედველები (ბერძ. ეპისკოპე) ეწოდებათ. პავლემ ეპისკოპე ეფესოს ერთ-ერთი კრების უხუცესების მიმართ და ტიტესთვის მიწერილ წერილში გამოიყენა (სქ. 20:17, 28; ტიტ. 1:5, 7). მაშასადამე, ორივე სიტყვა პრესბიტეროს და ეპისკოპოს, ერთსა და იმავე სტატუსზე მიანიშნებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პრესბიტეროს უხუცესისთვის დამახასიათებელ მოწიფულობაზე ამახვილებს ყურადღებას, ეპისკოპოს კი უხუცესისთვის დაკისრებულ მოვალეობებზე.
ბერძნული სიტყვა პრესბიტეროს შესახებ ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ჩვენამდე მოღწეული ელინისტური ეპოქის ტექსტების უმეტესობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიტყვის [პრესბიტეროს] ზუსტი თარგმანია უხუცესი, რომლის სინონიმიცაა მოწიფული მამაკაცი. საღი განსჯისა და სათანადო ხელმძღვანელობის გაწევის უნარი მოწიფულობის მაჩვენებელია ... იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციფიკური მნიშვნელობა, ეს სიტყვა [პრესბიტეროს] როგორც ელინისტურ, ისე ებრაულ სამყაროში აღნიშნავს არა დაუძლურებულ მოხუცს, არამედ მოწიფულ მამაკაცს, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება და გონიერება, უხელმძღვანელოს ოჯახს ან თავის ხალხს“ (Episcoposy Presbyteros, მანუელ გერა გომესი, ბურგოსი, ესპანეთი, 1962, გვ. 117, 257).
ძველ ისრაელში უხუცესად მსახურებისთვის ასაკს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა (1მფ. 12:6—13). ქრისტიანული კრების უხუცესები ანუ ზედამხედველებიც არ ყოფილან ყმაწვილკაცები, რადგან პავლე ლაპარაკობს უხუცესების ცოლ-შვილზე (ტიტ. 1:5, 6; 1ტმ. 3:2, 4, 5). თუმცა ასაკი არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რაც უხუცესებისთვის დადგენილი მოთხოვნებიდან ჩანს (1ტმ. 3:2—7; ტიტ. 1:6—9); აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოთხოვნათა სიაში ასაკი არ არის დაკონკრეტებული. ტიმოთე, რომელსაც უხუცესების დანიშვნა ევალებოდა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად თავადაც უხუცესი იყო (1ტმ. 4:12).
ქრისტიანული კრების უხუცესს მაღალზნეობრივი ქცევა და სულიერი მოწიფულობა მოეთხოვებოდა. გარდა ამისა, მას უნდა ჰქონოდა სწავლების, დარიგებისა და შეგონების უნარი (1ტმ. 3:2; ტიტ. 1:9). პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (2ტმ. 4:2). უხუცესებს, როგორც მწყემსებს, სამწყსოს სულიერად გამოკვება, მოსუსტებულებზე ზრუნვა და ე. წ. მგლებისგან მათი დაცვა ევალებოდათ (სქ. 20:28—35; იაკ. 5:14, 15; 1პტ. 5:2—4). პავლემ, რომელიც თვითონაც გულმოდგინედ ასწავლიდა „სახალხოდ და კარდაკარ“, ტიმოთეს შეახსენა, ეკეთებინა „მახარობლის საქმე“ და ყოველმხრივ შეესრულებინა მსახურება (სქ. 20:20; 2ტმ. 4:5).
ყოველ კრებაში, მაგალითად, იერუსალიმის (სქ. 11:30; 15:4, 6; 21:18), ეფესოსა (სქ. 20:17, 28) და ფილიპეს (ფლ. 1:1) კრებებში იყვნენ უხუცესები ანუ ზედამხედველები. ისინი ყოველთვის მრავლობით რიცხვში არიან მოხსენიებული. „უხუცესთა საბჭო“ (ბერძ. პრესბიტერიონ) ნახსენებია იქ, სადაც საუბარია ტიმოთესთვის ხელის დადებაზე (1ტმ. 4:14). უხუცესები, როგორც კრების ზედამხედველები, ხელმძღვანელობას უწევდნენ თავიანთ ძმებს (რმ. 12:8; 1თს. 5:12—15; 1ტმ. 3:4, 5; 5:17).
პეტრე და პავლე, როგორც სამოციქულო ძალაუფლებით აღჭურვილი უხუცესები, იოანე მოციქულის, იაკობისა და იუდას მსგავსად ზოგჯერ ზედამხედველობას უწევდნენ სხვა კრების უხუცესებს (შდრ. 1კრ. 4:18—21; 5:1—5, 9—13; ფლ. 1:1; 2:12; 1პტ. 1:1; 5:1—5). ისინი წერილებს სწერდნენ კრებებს. ზოგჯერ პავლე თავის წარმომადგენლებად ტიტესა და ტიმოთეს გზავნიდა (1კრ. 4:17; ფლ. 2:19, 20; 1ტმ. 1:3, 4; 5:1—21; ტიტ. 1:5). ხშირ შემთხვევაში ამ მამაკაცებს ახალჩამოყალიბებული კრებების დახმარება ევალებოდათ. მაგალითად, ტიტეს კრეტის კრებაში ნაკლოვანებების გამოსწორება დაევალა.
პავლე, ბარნაბა, ტიტე და ტიმოთე კრების უხუცესების დანიშვნაში იღებდნენ მონაწილეობას (სქ. 14:21—23; 1ტმ. 5:22; ტიტ. 1:5). არსადაა ნახსენები, რომ კრებები დამოუკიდებლად ირჩევდნენ უხუცესებს. ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში პავლესა და ბარნაბას ხელმეორედ სტუმრობის შესახებ საქმეების 14:23-ში ნათქვამია, რომ მათ „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს [ბერძ. ქიროტონესანტეს]“. ბერძნული ზმნის ქიროტონეოს შესახებ ერთ ნაშრომში ასეთ შენიშვნას ვხვდებით: „მართალია ამ სიტყვის [ქიროტონეო] ეტიმოლოგიური მნიშვნელობა ხელის აწევით არჩევაა, იგი დანიშვნის მნიშვნელობითაც გამოიყენება. შდრ. იგივე სიტყვა წინსართით [პრო წინ] 10:41-ში“ (The Acts of the Apostle, ფ. ფ. ბრუსი, 1970, გვ. 286). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში ჯერ მოცემულია ქიროტონეოს პირველადი მნიშვნელობა, შემდეგ კი ნათქვამია: „მოგვიანებით, ძირითადად, დანიშვნა, ... ეკლესიაში მსახურებისთვის დანიშვნა“ (A Greek-English Lexicon, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 1986). პარკჰერსტის ლექსიკონში ნათქვამია: „[ქიროტონეო] აკუზატივთან ერთად აღნიშნავს თანამდებობაზე დანიშვნას, ოღონდ ხმის მიცემის გარეშე“ (Greek and English Lexicon to the New Testament, ლონდონი, 1845, გვ. 673). ქრისტიანი მამაკაცები უხუცესებად ინიშნებოდნენ, მაგრამ არა ხელის აწევითა და ხმის მიცემით.
პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“ (1ტმ. 5:17). „ორმაგ პატივში“, როგორც ჩანს, მატერიალური დახმარება იგულისხმება იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო (მე-18) და წინა მუხლებში (მუხლ. 3—16) ქვრივების მატერიალურ დახმარებაზეა საუბარი.
ვინ არის ზეციერ ტახტებზე მსხდომი „ოცდაოთხი უხუცესი“?
წიგნ „გამოცხადებაში“ სიტყვა პრესბიტერე 12-ჯერ გვხვდება და ყველგან სულიერი ქმნილებების მიმართ იხმარება. „ოცდაოთხი უხუცესის“ ვინაობის დადგენაში გვეხმარება მათ ირგვლივ არსებული გარემო, მათი ჩაცმულობა და მოქმედება.
იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა ზეციერ ტახტზე მჯდომი იეჰოვა და მისი ტახტის გარშემო 24 ტახტი, რომლებზეც თეთრებში ჩაცმული და თავზე ოქროს გვირგვინდადგმული 24 უხუცესი იჯდა (გმც. 4:1—4). იოანემ ისიც ნახა, რომ ეს 24 უხუცესი იეჰოვას ტახტის წინ ემხობოდა და თაყვანს სცემდა მას; ამასთანავე, ისინი ხილვაში აღწერილ სხვადასხვა მოვლენაში მონაწილეობდნენ (გმც. 4:9—11; 5:4—14; 7:9—17; 14:3; 19:4). ეს უხუცესები მთელი გულმოდგინებით აცხადებდნენ სამეფოს დამყარებას, კერძოდ იმას, რომ იეჰოვამ თავისი დიდი ძალა გამოიყენა და მეფობა დაიწყო (გმც. 11:15—18).
ძველად „ისრაელის უხუცესები“ მთელი ერის წარმომადგენლები იყვნენ (გმ. 3:16; 19:7). მათ მსგავსად, 24 უხუცესიც შეიძლება მივიჩნიოთ სულიერი ისრაელის მთელი კრებულის წარმომადგენლებად. მაშასადამე, სავსებით შესაძლებელია, რომ ღვთის ირგვლივ ტახტებზე მსხდომი ეს უხუცესები ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებდნენ. ისინი სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან, ჯილდოდ ზეციერ აღდგომას იღებენ და იეჰოვას გარშემო ტახტებზე სხდებიან (გმც. 3:21). ყურადღებას იქცევს მათი რიცხვიც. იერუსალიმის ტაძარში მსახურებისთვის დავითსაც 24 დანაყოფად ჰყავდა მღვდლები დაჯგუფებული. ეს ცხებული ქრისტიანები „სამეფო სამღვდელოების“ წევრები არიან (1პტ. 2:9; 1მტ. 24:1—19; ლკ. 1:5—23, 57—66; გმც. 20:6; იხ. ზედამხედველი).