ᲗᲐᲕᲘ 20
ბრძენი, მაგრამ თავმდაბალი
1—3. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა თავმდაბალია?
ᲛᲐᲛᲐᲡ სურს, თავის პატარას მეტად საჭირო რჩევა ჩააგონოს და ცდილობს, მის გულს ჩასწვდეს. როგორ მოიქცევა? ნუთუ შესაშინებლად თავზე წამოადგება და მკაცრად დაუწყებს ლაპარაკს? თუ ჩაუცუცქდება და რბილად და სიყვარულით დაარიგებს? ცხადია, ბრძენი და თავმდაბალი მამა რბილად მიუდგება შვილს.
2 როგორია იეჰოვა? ქედმაღალი თუ თავმდაბალი? მკაცრი თუ რბილი? იეჰოვამ ყველაფერი იცის, ის ყოველმხრივ ბრძენი ღმერთია. შეგიმჩნევია, რომ ცოდნა და ინტელექტი ადამიანს, ხშირად, ხელს უშლის თავმდაბლობაში? როგორც ბიბლია ამბობს, „ცოდნა აყოყოჩებს“ (1 კორინთელები 3:19; 8:1). მაგრამ იეჰოვა, ბრძენი და, ამავე დროს, თავმდაბალი ღმერთია (იობი 9:4). არა იმიტომ, რომ დაბალი მდგომარეობა უკავია ან დიდებულება აკლია, არამედ იმის გამო, რომ მასში არ არის ქედმაღლობა. რატომ?
3 იეჰოვა წმინდაა. ამიტომ ქედმაღლობას, რომელიც ხრწნის პიროვნებას, მასთან საერთო არაფერი აქვს (მარკოზი 7:20—22). ამასთან, ყურადღება მიაქციე, თუ რა თქვა წინასწარმეტყველმა იერემიამ იეჰოვაზე: „ვიცი, გამიხსენებ და დაიხრები ჩემკენ“a (გოდება 3:20). წარმოიდგინე! იეჰოვა, სამყაროს უზენაესი უფალი, მზად იყო, დახრილიყო ანუ იერემიას გატოლებოდა, რათა ამ არასრულყოფილი ადამიანისთვის სათანადო ყურადღება მიექცია (ფსალმუნი 113:7). დიახ, იეჰოვა თავმდაბალია. მაგრამ, რას ნიშნავს ღვთის თავმდაბლობა? რა კავშირი აქვს მას სიბრძნესთან? და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
მტკიცება, რომ იეჰოვა თავმდაბალია
4, 5. ა) რა არის თავმდაბლობა? რაში ვლინდება ის და რატომ არ უნდა აგვერიოს სისუსტესა და გაუბედაობაში? ბ) როგორ გამოავლინა იეჰოვამ თავმდაბლობა დავითის მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იეჰოვას თავმდაბლობა?
4 თავმდაბლობას სიამაყესა და ქედმაღლობასთან საერთო არაფერი აქვს. თავმდაბლობა შინაგანი თვისებაა და რბილ ხასიათში, მოთმინებასა და გონიერებაში ვლინდება (გალატელები 5:22, 23). მაგრამ ღვთის ეს თვისებები არასოდეს უნდა აგვერიოს სისუსტეში ან გაუბედაობაში. ისინი ვერ უთავსდებიან იეჰოვას ისეთ თვისებებს, როგორიცაა სამართლიანი გულისწყრომა და გამანადგურებელი ძალა. პირიქით, თავმდაბლობითა და რბილად მოპყრობით იეჰოვა ცხადყოფს, რომ სრულყოფილად აკონტროლებს საკუთარ თავს და ყოველთვის სამართლიანად გამოიყენებს ძალას (ესაია 42:14). რა კავშირია თავმდაბლობასა და სიბრძნეს შორის? ერთი ბიბლიური ცნობარის თანახმად, „თავმდაბლობა უანგარობა და ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია“. მართლაც, ნამდვილ სიბრძნეს თან ახლავს თავმდაბლობა. რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო იეჰოვას თავმდაბლობა?
გონიერი მამა თავმდაბლად და რბილად ეპყრობა შვილებს.
5 მეფე დავითი იეჰოვას უმღეროდა: „შენს ფარს მაძლევ, რომ მიხსნა, შენი მარჯვენაა ჩემი შემწე, შენი თავმდაბლობით განვდიდდები“ (ფსალმუნი 18:35). ფაქტობრივად, იეჰოვამ თავი დაიმდაბლა, რათა ეს უბრალო და არასრულყოფილი ადამიანი ყოველდღიურად დაეცვა და გაეძლიერებინა. დავითს ესმოდა, რომ, თუკი გადარჩებოდა და, საბოლოოდ, მეფის დიდებასაც მიიღებდა, ეს მხოლოდ იმის წყალობით მოხდებოდა, რომ იეჰოვა მზად იყო, თავი დაემდაბლებინა. ნამდვილად, რომელ ჩვენგანს ექნებოდა გადარჩენის იმედი, იეჰოვა თავმდაბალი რომ არ ყოფილიყო და მოსიყვარულე და ლმობიერი მამის მსგავსად არ მოგვპყრობოდა?
6, 7. ა) რატომ არსად არ არის საუბარი ბიბლიაში იმაზე, რომ იეჰოვა მოკრძალებულია? ბ) რა კავშირი არსებობს რბილ ხასიათსა და სიბრძნეს შორის და ვინ გვაძლევს საუკეთესო მაგალითს ამ მხრივ?
6 აღსანიშნავია, რომ თავმდაბლობასა და მოკრძალებას შორის განსხვავებაა. მოკრძალება შესანიშნავი თვისებაა, რომელიც ღვთის ერთგულმა ადამიანებმა უნდა გამოიმუშაონ. თავმდაბლობის მსგავსად, ისიც სიბრძნესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, იგავების 11:2 ამბობს: „მოკრძალებული ბრძენია“. მაგრამ ბიბლიაში არსად არ ვხვდებით იმ აზრს, რომ იეჰოვა მოკრძალებულია. რატომ? ბიბლიაში გამოყენებული ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ადამიანს ესმის, თუ რა შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ყოვლისშემძლე ღმერთს არა აქვს არანაირი შეზღუდვა, თუ არ ჩავთვლით იმ გამონაკლისებს, როდესაც საკუთარ თავს თვითონ უდგენს გარკვეულ შეზღუდვას თავისივე სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე (მარკოზი 10:27; ტიტე 1:2). გარდა ამისა, რადგან უზენაესია, ის არავის ექვემდებარება. ასე რომ, მოკრძალების ცნება, უბრალოდ, არ ვრცელდება იეჰოვაზე.
7 მაგრამ იეჰოვა თავმდაბალი და რბილი პიროვნებაა. ის თავის მსახურებს ასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიბრძნისთვის მნიშვნელოვანია, სხვებს რბილად მოვეპყროთ. ბიბლია საუბრობს სიბრძნისთვის ჩვეულ რბილ ხასიათზეb (იაკობი 3:13). იეჰოვა ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მოდი განვიხილოთ, როგორ.
იეჰოვა თავის მსახურებს საქმეს ანდობს და უსმენს
8—10. ა) რატომ არის შესანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის, ანდოს საქმე თავის მსახურებს და მოუსმინოს მათ? ბ) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა თავმდაბლურად მოექცა ანგელოზებს?
8 იეჰოვას სიბრძნის შესანიშნავი დადასტურებაა ის, რომ იგი მზად არის, საქმე ანდოს თავის მსახურებს და მოუსმინოს კიდეც მათ. თვით ის ფაქტი, რომ იგი უსმენს მათ, განსაცვიფრებელია — იეჰოვას ხომ არც დახმარება ესაჭიროება და არც რჩევა (ესაია 40:13, 14; რომაელები 11:34, 35). მიუხედავად ამისა, ბიბლია არაერთხელ გვიჩვენებს, რომ ის ასე იქცევა.
9 მაგალითად, განვიხილოთ აბრაამის ცხოვრებიდან ერთი კარგად ცნობილი შემთხვევა. მას სამი სტუმარი ეწვია, რომელთაგან ერთ-ერთს მიმართა როგორც „იეჰოვა“. ფაქტობრივად, სტუმრები ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ერთი მათგანი იეჰოვას სახელით იყო მოსული და მისი სახელით მოქმედებდა. ანგელოზი იმას ამბობდა და აკეთებდა, რასაც იეჰოვა იტყოდა და გააკეთებდა. იეჰოვამ ანგელოზის პირით უთხრა აბრაამს, რომ მას შემოესმა დიდი „სამდურავი სოდომსა და გომორაზე“. იეჰოვამ განაცხადა: „ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?“ (დაბადება 18:3, 20, 21). ცხადია, იეჰოვა იმას არ გულისხმობდა, რომ ყოვლისშემძლე პირადად „ჩავიდოდა“. ის თავის წარმომადგენელ ანგელოზებს აგზავნის (დაბადება 19:1). რატომ? ნუთუ ყოვლისმხილველ იეჰოვას არ შეეძლო თვითონ გაეგო, რა ხდებოდა იმ ქალაქებში? ცხადია, შეეძლო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავმდაბლად დაავალა ანგელოზებს, გამოეკვლიათ სიტუაცია და ლოტსა და მის ოჯახს სწვეოდნენ სოდომში.
10 გარდა ამისა, იეჰოვა უსმენს სხვებს. ერთხელ მან ანგელოზებს შესთავაზა საკუთარი აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ შეიძლებოდა ბოროტი მეფის, ახაბის, დაღუპვა. ასეთ დახმარებას იეჰოვა არ საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, მან მიიღო ერთ-ერთი ანგელოზის წინადადება და ნება დართო მას, თავისივე ნათქვამის შესაბამისად ემოქმედა (1 მეფეები 22:19—22). განა ეს თავმდაბლობის გამოვლენა არ არის?!
11, 12. როგორ დაინახა აბრაამმა, რომ იეჰოვა თავმდაბალია?
11 იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანების მოსასმენადაც მზად არის, რომლებსაც თავიანთი წუხილის გამოხატვა სურთ. მაგალითად, როდესაც სოდომისა და გომორის განადგურების შესახებ იეჰოვამ აბრაამს თავისი განზრახვა შეატყობინა, ღვთის ეს ერთგული მსახური საგონებელში ჩავარდა. „შეუძლებელია, ასე მოიქცე“, — უთხრა აბრაამმა. შემდეგ კი დაამატა: „განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“. მან ჰკითხა, თუ დაინდობდა იეჰოვა ქალაქს, 50 მართალი ადამიანი რომ აღმოჩენილიყო მასში. იეჰოვამ დაარწმუნა, რომ არ გაანადგურებდა. მაგრამ აბრაამი კვლავ ეკითხებოდა და რიცხვს თანდათანობით ამცირებდა, ჯერ 45-მდე, შემდეგ 40-მდე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა არწმუნებდა აბრაამს, ის მანამდე ელაპარაკებოდა ღმერთს, სანამ 10-მდე არ ჩამოვიდა. შესაძლოა, იმ დროს აბრაამს ბოლომდე არც ესმოდა, რამდენად გულმოწყალეა იეჰოვა. როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ მოთმინებისა და თავმდაბლობის გამოვლენით აბრაამს, თავის მეგობარსა და მსახურს, წუხილის გამოხატვის შესაძლებლობა მისცა (დაბადება 18:23—33).
12 რამდენი დიდებული და განათლებული ადამიანი მოუსმენდა ასე მოთმინებით მასზე ბევრად ნაკლები განათლების მქონეს?c აი, ასე ავლენს ჩვენი ღმერთი თავმდაბლობას. იმავე საუბრის დროს აბრაამმა ისიც დაინახა, რომ იეჰოვა სულგრძელია (გამოსვლა 34:6). შესაძლებელია, აბრაამს ესმოდა, რომ უფლება არ ჰქონდა, უზენაესს შეკამათებოდა და ამიტომ ორჯერ სთხოვა: „იეჰოვა, ნუ გამიწყრები“ (დაბადება 18:30, 32). ცხადია, იეჰოვა არ განურისხდა აბრაამს. მას ნამდვილად აქვს „სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათი“.
იეჰოვა კეთილგონიერია
13. რას ნიშნავს ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „კეთილგონიერი“ და რატომ არის ეს სიტყვა ზუსტად იეჰოვასთვის დამახასიათებელი?
13 იეჰოვას თავმდაბლობა მის კიდევ ერთ შესანიშნავ თვისებაში — კეთილგონიერებაში — ვლინდება. სამწუხაროდ, არასრულყოფილ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ეს თვისება. იეჰოვა არა მარტო იმისთვის არის მზად, რომ თავის ქმნილებებს მოუსმინოს, არამედ დათმობაზეც მიდის, თუ მისი სამართლიანი პრინციპები არ ირღვევა. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „კეთილგონიერი“ სიტყვასიტყვით „დამთმობს“ ნიშნავს. ეს თვისებაც ღვთის სიბრძნისთვისაა დამახასიათებელი. იაკობის 3:17-დან ვიგებთ, რომ ღვთიური სიბრძნე კეთილგონიერია. რა გაგებით არის ყოველმხრივ ბრძენი იეჰოვა კეთილგონიერი? უპირველესად იმ გაგებით, რომ მას ადვილად შეუძლია სიტუაციისდა მიხედვით მოიქცეს. გაიხსენე, მისი სახელი გვასწავლის, რომ იეჰოვა იქცევა იმად, რადაც თავისი განზრახვების შესასრულებლად არის საჭირო (გამოსვლა 3:14). განა ეს იეჰოვას კეთილგონიერებაზე არ მიუთითებს?!
14, 15. რას გვასწავლის ზეციერი ეტლის შესახებ ეზეკიელის ხილვა იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილზე და რით განსხვავდება იეჰოვას ორგანიზაცია მიწიერი ორგანიზაციებისგან?
14 ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი შესანიშნავი ეპიზოდი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რას ნიშნავს იეჰოვას უნარი, სიტუაციისდა მიხედვით მოიქცეს. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში იხილა სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი. მან იხილა საოცარი თანაფარდობის მქონე ეტლი, იეჰოვას ეტლი, რომელსაც ღმერთი თავადვე მართავდა. ყველაზე საინტერესო კი, მისი მოძრაობა იყო. ოთხსავე მხარეს უზარმაზარი ბორბლები ჰქონდა, რომლებიც „თვალებით იყო დაფარული“. მათ ყველა მხარეს შეეძლოთ ყურება. ეტლს შეეძლო შეუჩერებლად, სწრაფად შეეცვალა მიმართულება. ეს გიგანტური ეტლი ადამიანის შექმნილი, მოუქნელი მოწყობილობის მსგავსი როდი იყო. ის ელვის სისწრაფით მოძრაობდა და მართი კუთხითაც კი შეეძლო მიმართულების შეცვლა (ეზეკიელი 1:1, 14—28). დიახ, იეჰოვას ორგანიზაცია, ყოვლისშემძლე უზენაესი ღმერთის მსგავსად, რომელიც მართავს ამ ორგანიზაციას, უაღრესად კეთილგონივრულად მოქმედებს და ნებისმიერ ცვალებად მდგომარეობასა და მოთხოვნილებაზე სათანადო რეაგირებას ახდენს.
15 ადამიანებს მარტო ის თუ გამოუვათ, რომ შეეცადონ, მიჰბაძონ ასეთ სრულყოფილ კეთილგონიერებას. ძალიან ხშირად ადამიანები და მიწიერი ორგანიზაციები უფრო მეტად ტლანქები და არაკეთილგონიერები არიან. თვალსაჩინოებისთვის: უზარმაზარმა გემმა ან სატვირთო მატარებელმა შეიძლება განგვაცვიფროს თავისი ზომითა და სიმძლავრით. მაგრამ, რომელ მათგანს შეუძლია უცაბედ ცვლილებაზე რეაგირება? თუ მატარებელს წინ რაღაც გადაეღობება, მისი შემობრუნება გამორიცხულია. არც უცაბედი გაჩერებაა ადვილი საქმე. მძიმე სატვირთო მატარებელი შეიძლება დამუხრუჭებიდან თითქმის 2 კილომეტრის გავლის შემდეგ გაჩერდეს. ასევე, დიდმა გემმა, კერძოდ სუპერტანკერმა, შეიძლება 8 კილომეტრი გაცუროს ძრავის გამორთვიდან. მაშინაც კი, თუ ტანკერის ძრავას უკან სვლაზე გადართავენ, გემი 3 კილომეტრს მაინც წინ გაცურავს. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის მიერ დაარსებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ტლანქები და არაკეთილგონიერები არიან. სიამაყის გამო ადამიანებს ხშირად არ სურთ, მოერგონ ცვალებად სიტუაციებსა და მოთხოვნილებებს. ასეთი უდრეკობის გამო საწარმოები გაკოტრებულა და მთავრობებიც კი გადამდგარა (იგავები 16:18). რამდენად ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვაც და მისი ორგანიზაციაც მათგან სრულიად განსხვავდებიან!
რაში ვლინდება იეჰოვას კეთილგონიერება?
16. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ლოტის მიმართ კეთილგონიერება სოდომისა და გომორის განადგურებამდე?
16 მოდი კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ სოდომისა და გომორის განადგურებას. ლოტი და მისი ოჯახი სრულიად გასაგებად გააფრთხილა იეჰოვას ანგელოზმა: „მთებში გაიქეცით“. მაგრამ ეს წინადადება ლოტს არ მოეწონა. „ოღონდ იქ არა, იეჰოვა!“, — სთხოვა ლოტმა. მას ეგონა, რომ, თუ მთებში გაიქცეოდა, დაიღუპებოდა, ამიტომ შეევედრა იეჰოვას, უფლება მიეცა ახლომდებარე ქალაქში, ცოარში, გაქცეულიყვნენ. ნუ დაგავიწყდება, რომ იეჰოვას ამ ქალაქის განადგურებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. გარდა ამისა, ლოტს შიშის საფუძველი არ გააჩნდა. თავისთავად ცხადია, იეჰოვა მთებშიც დაიცავდა მას! მიუხედავად ამისა, იეჰოვამ გაითვალისწინა ლოტის თხოვნა და ცოარი არ გაანადგურა. „კარგი, ამაშიც გაგიწევ ანგარიშს და არ დავამხობ იმ ქალაქს, რომელიც ახსენე“, — უთხრა ლოტს ანგელოზმა (დაბადება 19:17—22). განა ეს იეჰოვას მხრიდან კეთილგონიერების გამოვლენა არ იყო?!
17, 18. როგორ გამოჩნდა იეჰოვას კეთილგონიერება ნინეველებთან მიმართებით?
17 იეჰოვა გულწრფელ მომნანიებლებსაც უსმენს და ყოველთვის გულმოწყალედ და სამართლიანად მოქმედებს. მოდი განვიხილოთ, რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც ღმერთმა წინასწარმეტყველი იონა უზნეობითა და ძალადობით სავსე ქალაქ ნინევეში გააგზავნა. ღვთის შთაგონებით გადაცემული ცნობა, რომელსაც იონა ნინევეს ქუჩებში აცხადებდა, საკმაოდ მარტივი იყო: უძლიერესი ქალაქი ნინევე 40 დღეში უნდა განადგურებულიყო. მიუხედავად ამისა, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ნინეველებმა მოინანიეს! (იონა, თავი 3).
18 ჩვენთვის მეტად სასარგებლოა იმის გამოკვლევა, თუ როგორ მოექცა იეჰოვა იონას მას შემდეგ, რაც ამ წინასწარმეტყველმა უკმაყოფილება გამოთქვა მდგომარეობის შეცვლის გამო. ამ შემთხვევაში იეჰოვა შეიცვალა და „ძლიერი მეომრის“ ნაცვლად ცოდვების მიმტევებელი გახდაd (გამოსვლა 15:3). იონამ კი, არ გამოავლინა კეთილგონიერება და გულმოწყალება. იმის ნაცვლად, რომ იეჰოვას კეთილგონიერება აერეკლა, ზემოთ ნახსენები სატვირთო მატარებლის ან სუპერტანკერის მსგავსი სიტლანქე გამოავლინა. ხომ განადგურება იწინასწარმეტყველა, ამიტომ განადგურებას ითხოვდა! მიუხედავად ამისა, იეჰოვა მოთმინებით მოეპყრო თავის მოუთმენელ წინასწარმეტყველს და კეთილგონიერება და გულმოწყალება ასწავლა (იონა, თავი 4).
19. ა) რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა კეთილგონიერებას ავლენს იმაში, თუ რას მოელის ჩვენგან? ბ) როგორ აჩვენებს იგავების 19:17, რომ იეჰოვა კარგი და გონიერი ბატონია და უაღრესად თავმდაბალიც?
19 დაბოლოს, იეჰოვას კეთილგონიერება იმაშიც ვლინდება, რასაც ის ჩვენგან მოელის. მეფე დავითმა დაწერა: „მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). იეჰოვას ჩვენზე უკეთ ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და არასრულყოფილება. ის არასოდეს მოელის ჩვენგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ბიბლია კარგ და გონიერ ბატონებს მათთან აპირისპირებს, რომელთა გულსაც ადვილად ვერ მოიგებ (1 პეტრე 2:18). როგორი ბატონია იეჰოვა? ყურადღება მიაქციე იგავების 19:17-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას“. ნათელია, რომ მხოლოდ კარგი და კეთილგონიერი ბატონი მიაქცევს ყურადღებას ღარიბის მიმართ გამოვლენილ ყოველგვარ სიკეთეს. ეს მუხლი უფრო მეტსაც ამბობს. ფაქტობრივად, სამყაროს შემოქმედი იმ უბრალო ადამიანების მოვალედ თვლის თავს, რომლებიც გულმოწყალებას ავლენენ. ეს მართლაც რომ შეუდარებელი თავმდაბლობაა!
20. რით ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს?
20 იეჰოვა დღესაც ასევე რბილად და კეთილგონივრულად ეპყრობა თავის მსახურებს. როდესაც რწმენით ვლოცულობთ, ის გვისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სალაპარაკოდ დღეს წარმომადგენლებს არ აგზავნის ანგელოზების სახით, არ უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ რჩება. გაიხსენე, როდესაც მოციქულმა პავლემ თანამორწმუნეებს სთხოვა, საპატიმროდან მისი გათავისუფლების შესახებ ელოცათ, თან დაამატა: „რომ მალე დაგიბრუნდეთ“ (ებრაელები 13:18, 19). ასე რომ, ჩვენმა ლოცვებმა შეიძლება აღძრას იეჰოვა, გააკეთოს ის, რასაც სხვაგვარად, ალბათ, არ გააკეთებდა! (იაკობი 5:16).
21. რა არ უნდა დავასკვნათ არასოდეს იეჰოვას თავმდაბლობაზე და რა უნდა დავაფასოთ?
21 რასაკვირველია, იეჰოვას თავმდაბლობის არცერთი გამოვლინება — რბილად მოპყრობა, მზადყოფნა მოსასმენად, მოთმინება, კეთილგონიერება — არ ნიშნავს, რომ დათმობაზე მიდის, როცა საქმე მისი სამართლიანი პრინციპების დაცვას ეხება. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას შეიძლება ჰგონია, რომ კეთილგონივრულად იქცევა, როდესაც იეჰოვას მორალური ნორმების გათელვით სამწყსოს ყურის მაამებელ მოძღვრებებს სთავაზობს (2 ტიმოთე 4:3). მაგრამ ადამიანის მიდრეკილებას, გამორჩენის გამო დათმობაზე წავიდეს, ღვთის კეთილგონიერებასთან საერთო არაფერი აქვს. იეჰოვა წმინდაა და არასოდეს გააუწმინდურებს თავის სამართლიან ნორმებს (ლევიანები 11:44). მაშ, მოდი დავაფასოთ იეჰოვას კეთილგონიერება, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს. განა არ გახარებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ღმერთი, სამყაროში ყველაზე ბრძენი პიროვნება, უაღრესად თავმდაბალია? რა სასიამოვნოა, დაუახლოვდე ასეთ შიშისა და მოწიწების მომგვრელ, თუმცა ამავდროულად, ლმობიერ, მომთმენ და კეთილგონიერ ღმერთს!
a ძველი დროის მწიგნობრებმა ანუ სოფერიმებმა ეს მუხლი შეცვალეს და თქვეს, რომ იერემია იხრება და არა იეჰოვა. როგორც ჩანს, ასეთი თავმდაბლობა მათ ღვთისთვის შეუფერებლად მიაჩნდათ. შედეგად, ბევრმა მთარგმნელმა ვერ გაიგო ამ შესანიშნავი მუხლის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, „ახალი ინგლისური ბიბლია“ ზუსტად ამბობს, რომ იერემია ღვთის მისამართით ამბობს: „გამიხსენებს, ო, გამიხსენებს და ჩემკენ გადმოიხრება“.
b სხვა თარგმანებში ნათქვამია: „თავმდაბლობა, რომელიც სიბრძნიდან მომდინარეობს“ და „ლმობიერება, რაც სიბრძნის მახასიათებელია“.
c საინტერესოა, რომ ბიბლიაში მოთმინება და ამპარტავნობა ერთმანეთს უპირისპირდება (ეკლესიასტე 7:8). იეჰოვას სულგრძელობა მისი თავმდაბლობის კიდევ ერთი მტკიცებაა (2 პეტრე 3:9).
d ფსალმუნის 86:5-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ ის კარგი და მიმტევებელია. როდესაც ეს ფსალმუნი ბერძნულად ითარგმნა, გამოთქმა „მიმტევებელი“ გადმოტანილი იყო სიტყვით ეპიეიკეია ანუ „კეთილგონიერი“.