მეფეები — წიგნი პირველი
22 ისე გავიდა სამი წელი, რომ არ ყოფილა ომი სირიასა და ისრაელს შორის. 2 მესამე წელს იუდას მეფე იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფესთან ჩავიდა.+ 3 ისრაელის მეფემ თავის მსახურებს უთხრა: „გალაადის რამოთი+ ხომ ჩვენია! მაშ, რატომღა ვაყოვნებთ მის დაბრუნებას სირიის მეფისგან?!“ 4 ჰკითხა მან იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში საბრძოლველად?“ იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს მიუგო: „რამ გაგვყო მე და შენ?! რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები?!“+
5 სთხოვა იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე!“+ 6 შეკრიბა ისრაელის მეფემ დაახლოებით 400 წინასწარმეტყველი და ჰკითხა: „გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ არა?“ მათ მიუგეს: „წადი, იეჰოვა ხელში ჩაგიგდებს მას, მეფეო!“
7 მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი? მისი მეშვეობითაც დავეკითხოთ ღმერთს“.+ 8 ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს უთხრა: „არის კიდევ ერთი კაცი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას,+ მაგრამ მძულს იგი,+ რადგან კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს წინასწარმეტყველებს ჩემზე+ — მიქაია, იმლას ვაჟი!“ იეჰოშაფატმა მიუგო: „მეფე ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს!“
9 მაშინ ისრაელის მეფემ მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს და უბრძანა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ძე!“+ 10 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი სამეფო სამოსელში გამოწყობილნი ისხდნენ თავ-თავიანთ ტახტებზე სამარიის კარიბჭის შესასვლელთან კალოზე; ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა მათ წინაშე.+ 11 ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები გააკეთა და თქვა: „იეჰოვა ამბობს, ასე შეუტევ სირიელებს და მოსპობო მათ“. 12 სხვა ყველა წინასწარმეტყველიც იმავეს წინასწარმეტყველებდა: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვებ; იეჰოვა ხელში ჩაგიგდებს მას, მეფეო!“
13 ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „ყველა წინასწარმეტყველი ერთსა და იმავეს ლაპარაკობს მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი და მის სასიკეთოდ ილაპარაკე!“+ 14 მიქაიამ დაიფიცა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, რასაც იეჰოვა მეტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ!“ 15 მივიდა ის მეფესთან და ჰკითხა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ არა?“ მან მიუგო: „წადი, გაიმარჯვებ; იეჰოვა ხელში ჩაგიგდებს მას, მეფეო!“ 16 მეფემ მას უთხრა: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“ 17 მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო ცხვარივით მიმოფანტულ ისრაელებს.+ იეჰოვამ თქვა: „უპატრონოდ არიან. მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს!“»
18 მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+
19 მიქაიამ თქვა: «ისმინეთ იეჰოვას სიტყვა! დავინახე იეჰოვა, თავის ტახტზე მჯდომი,+ და ზეციერი ლაშქარი მის მარჯვნივ და მარცხნივ.+ 20 იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ახაბს გალაადის რამოთში, რომ იქ დაეცეს?“ დაიწყეს ლაპარაკი, ერთი ერთს ამბობდა, მეორე კი — მეორეს. 21 შემდეგ ერთი ანგელოზი*+ წარდგა იეჰოვას წინაშე და თქვა: „მე გავიტყუებ“. იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ გაიტყუებ?“ 22 მან მიუგო: „წავალ და მის წინასწარმეტყველებს სიცრუეს ვათქმევინებ“.+ ღმერთმა უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა; წადი და ასე მოიქეცი!“ 23 სიცრუე ათქმევინა იეჰოვამ ყველა შენს წინასწარმეტყველს,+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება».+
24 მივიდა ციდკია, ქენაანას ვაჟი, მიქაიასთან, სილა გააწნა და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა და დაგელაპარაკა?!“+ 25 მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს გაიგებ, როცა შიდა ოთახს მიაშურებ დასამალავად!“ 26 მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაუყვანეთ მიქაია ქალაქისთავ ამონს და უფლისწულ იოაშს. 27 გადაეცით მათ მეფის ნათქვამი: „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები, ცოტაოდენი პურისა და წყლის მეტი არაფერი მისცეთ!“» 28 მაშინ მიქაიამ მიუგო: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“.+ შემდეგ დასძინა: „ისმინეთ, ხალხო!“
29 წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 30 ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „ისე ჩავიცვამ, რომ ვერ მიცნონ, და ასე გავალ საბრძოლველად, შენ კი სამეფო სამოსი გეცვას“. გადაიცვა ისრაელის მეფემ+ და გავიდა საბრძოლველად. 31 სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების 32 მეთაურისთვის,+ ისრაელის მეფის გარდა არავის შეებრძოლოთო. 32 როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ნამდვილად ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაემართნენ. მაშინ შველა ითხოვა იეჰოშაფატმა. 33 როცა ეტლების მეთაურებმა შენიშნეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, თავი ანებეს მის დევნას.
34 მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. მეფემ მეეტლეს უთხრა: „მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 35 მთელი დღე გააფთრებით იბრძოდნენ; სირიელებისკენ მიბრუნებული მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და ეტლში იღვრებოდა. საღამოს მოკვდა მეფე.+ 36 მზის ჩასვლისას ბანაკში ხმამაღალი ძახილი გაისმა: „ყველა თავისი ქალაქისკენ! ყველა თავისი მიწისკენ!“+ 37 ასე მოკვდა მეფე. წაასვენეს ის სამარიაში და იქ დამარხეს. 38 სამარიის წყალსატევთან გარეცხეს საომარი ეტლი; მისი სისხლი ძაღლებმა ალოკეს და მეძავებიც იქ ბანაობდნენ*, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+
39 ახაბის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის მიერ აგებულ სპილოს ძვლის სასახლესა+ და აშენებულ ქალაქებზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 40 განისვენა ახაბმა თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა.
41 ასას ვაჟი იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფე ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა იუდაზე. 42 იეჰოშაფატი 35 წლისა გამეფდა და 25 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა, შილხის ასული. 43 დადიოდა ის მამამისის, ასას+ გზით, მის კვალს მისდევდა და იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო იეჰოვას თვალში,+ თუმცა სათაყვანო მაღლობები არ იყო გაუქმებული და ხალხი კვლავ მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ 44 იეჰოშაფატს მშვიდობა ჰქონდა ისრაელის მეფესთან.+ 45 იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეების, მისი ძლევამოსილებისა და ბრძოლების შესახებ იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 46 აღგავა მან იმ მიწიდან ტაძრის მეძავი კაცები,+ რომლებიც მამამისის, ასას, დროიდან შემორჩენილიყვნენ.+
47 მაშინ მეფე არ ჰყავდა ედომს,+ მეფის მოვალეობას ერთ-ერთი მთავარი ასრულებდა.+
48 იეჰოშაფატმა თარშიშული ხომალდები ააგო ოფირიდან ოქროს+ ჩამოსატანად, მაგრამ ვეღარ გაცურეს, რადგან დაიმსხვრა ხომალდები ეციონ-გებერში.+ 49 მაშინ ახაბის ვაჟმა ახაზიამ იეჰოშაფატს უთხრა, შენს მსახურებთან ერთად გაცურონო ჩემმა მსახურებმა ხომალდებით, მაგრამ არ დასთანხმდა იეჰოშაფატი.
50 განისვენა იეჰოშაფატმა და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით,+ დავითის, თავისი წინაპრის, ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა.
51 ახაზია,+ ახაბის ვაჟი, იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მე-17 წელს გამეფდა ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა ისრაელზე. 52 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში და ისე იქცეოდა, როგორც მისი დედ-მამა+ და იერობოამი, ნებატის ვაჟი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 53 ემსახურებოდა ის ბაალს+ და შეურაცხყოფდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ მამამისის მსგავსად.