თავი 19
უნდა იჩხუბო?
იცნობ ისეთ ბიჭებსა და გოგოებს, რომლებსაც თავი დიდებად და მაგრებად მოაქვთ? ~ გინდა მათთან იმეგობრო? თუ იმათთან მეგობრობას ამჯობინებდი, ვინც კეთილი და მშვიდობის მოყვარულია? ~ დიდებულმა მასწავლებელმა თქვა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ“ (მათე 5:9).
ხანდახან ადამიანები ისეთ რამეს აკეთებენ, რაც გვაღიზიანებს. შენც ყოფილხარ ასეთ მდგომარეობაში? ~ ამ დროს შეიძლება სამაგიეროს გადახდის სურვილი გაგვიჩნდეს. ერთხელ ეს იესოს მოწაფეებსაც დაემართათ, როცა იესოსთან ერთად იერუსალიმში მიდიოდნენ. აი როგორ მოხდა ეს:
იესომ რამდენიმე მოწაფე სამარიელთა სოფელში გაგზავნა, რათა ღამის გასათევი მოეძებნათ. იქ მცხოვრებმა ხალხმა არ ისურვა მათი მიღება, რადგან სამარიელები სხვა რელიგიას მისდევდნენ და არ უყვარდათ ისინი, ვინც თაყვანსაცემად იერუსალიმში დადიოდა.
რას იზამდი, ეს ამბავი შენ რომ შეგმთხვეოდა? გაბრაზდებოდი? შურისძიების სურვილი ხომ არ გაგიჩნდებოდა? ~ იაკობსა და იოანეს შურისძიების სურვილი გაუჩნდათ და იესოს უთხრეს: ‘გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი?’ გასაკვირი არ არის, რომ იესომ მათ ქუხილის ძეები უწოდა! იესომ აუხსნა მათ, რომ სწორი არ იქნებოდა, თუ სხვებს ამგვარად მოექცეოდნენ (ლუკა 9:51—56; მარკოზი 3:17).
ხანდახან ვინმე შეიძლება ცუდად მოგვექცეს. ზოგ ბავშვს შეიძლება არ უნდოდეს, რომ მათთან ერთად ვითამაშოთ. შეიძლება ასეც კი გვითხრან: „წადი აქედან. ჩვენთან აღარ მოხვიდე!“ ვბრაზდებით ხოლმე, როდესაც ასე ხდება? ამ დროს, ალბათ, სამაგიეროს გადახდაზეც ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენც მათსავით უნდა მოვიქცეთ? ~
მოდი გადავშალოთ ბიბლია იგავების 24-ე თავზე და წავიკითხოთ 29-ე მუხლი: «ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი მას, მივუზღავ კაცს თავისი საქმისამებრ“».
შენი აზრით, რა იგულისხმება ამაში? ~ ის, რომ უნდა ვეცადოთ, სამაგიერო არ გადავუხადოთ სხვას. ადამიანს ცუდად არ უნდა მოვექცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მოგვექცა ასე. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, თუ ვინმე ჩხუბში გიწვევს? ის შეიძლება შენს გაბრაზებას ცდილობს და დამამცირებელ სიტყვებს გეუბნება. შეიძლება დაგცინის და მშიშარასაც კი გიწოდებს. რას იზამ, იჩხუბებ? ~
მოდი კვლავ ბიბლიას მივმართოთ. გადაშალე მათეს მე-5 თავის 39-ე მუხლი. იესო ამბობს: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე“. რისი თქმა უნდოდა ამით იესოს? ნუთუ იმის, რომ ვინმე თუ ერთ ლოყაში მუშტს დაგარტყამს, მეორეშიც უნდა დაარტყმევინო? ~
არა, იესო ამას საერთოდ არ გულისხმობდა. სილის გაწვნა განსხვავდება მუშტის დარტყმისგან. ის უფრო ხელის კვრის ან მუჯლუგუნის მსგავსია. სილის გაწვნით შეიძლება ვინმემ ჩხუბში გამოგვიწვიოს. მას უნდა, რომ გავბრაზდეთ. თუ გავბრაზდებით და ჩვენც ხელს ვკრავთ, რა მოხდება? ~ ალბათ, ჩხუბში ჩავებმებით.
იესოს არ უნდოდა, რომ მის მიმდევრებს ეჩხუბათ. ამიტომაც გვითხრა, რომ ვინმე თუ სილას გაგვაწნავს, იგივეთი არ ვუპასუხოთ. ჩვენ არ უნდა გავბრაზდეთ და ჩხუბში არ უნდა ჩავებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაჩვენებთ, რომ ჩვენც იმისნაირები ვართ, ვინც ჩხუბი წამოიწყო.
შენი აზრით, რისი გაკეთებაა ყველაზე კარგი, თუ ჩხუბს აგიტეხენ? ~ უკეთესია, იქაურობას გაეცალო. შეიძლება ამ დროს ვიღაცამ რამდენჯერმე გკრას ხელი, მაგრამ ბოლოს, ალბათ, თავს დაგანებებს. იქიდან წასვლით სისუსტეს კი არ ავლენ, არამედ აჩვენებ, რომ ძლიერი ხარ და მტკიცედ იცავ იმას, რაც სწორია.
მაგრამ რა მოხდება, თუ ჩხუბში ჩაებმები და გაიმარჯვებ კიდეც? ~ იმან, ვინც სცემე, შეიძლება, რამდენიმე მეგობართან ერთად მოგაკითხოს. მათ შეიძლება ჯოხით გცემონ ან დანითაც კი დაგჭრან. გესმის ახლა, რატომ არ უნდოდა იესოს ჩხუბში ჩავბმულიყავით? ~
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ სხვები ჩხუბობენ? უნდა მივემხროთ რომელიმეს? ~ ბიბლია ამ კითხვაზეც გვპასუხობს. გადაშალე იგავების 26-ე თავის მე-17 მუხლი (სსგ): „რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული“.
რა მოხდება, თუ ძაღლს ყურებში წასწვდები? მას ეტკინება და შემოგიღრენს. რაც მეტად შეეცდება გათავისუფლებას, მით უფრო მაგრად მოუჭერ ხელებს ყურებზე და ძაღლიც უფრო გაავდება. მაგრამ, თუ ხელს გაუშვებ, ალბათ, მაგრად გიკბენს. როგორ ფიქრობ, შეძლებ არასდროს გაუშვა ხელი? ~
დიახ, თუ ჩხუბში ჩავებმებით, ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. შეიძლება არც კი ვიცით, ვინ წამოიწყო ჩხუბი ან საერთოდ რისთვის ჩხუბობენ. შეიძლება ერთი მეორეს იმიტომ სცემს, რომ რაღაცა მოჰპარა. თუ მას დავეხმარებით, გამოვა, რომ ქურდს ვეხმარებით. ეს კი არ იქნება სწორი, ხომ ასეა?
მაშ, როგორ უნდა მოიქცე, თუ ხედავ, რომ ჩხუბობენ? ~ თუ ეს სკოლაში ხდება, გაიქეცი და მასწავლებელს უთხარი. ხოლო თუ ქუჩაში ჩხუბობენ, შენს მშობელს ან პოლიციელს დაუძახე. დიახ, მაშინაც კი, როცა სხვები ჩხუბობენ, ჩვენ მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ.
იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩხუბი აიცილონ. ამით ვაჩვენებთ, რომ ძლიერები ვართ და მტკიცედ ვიცავთ იმას, რაც სწორია. ბიბლია ამბობს, რომ იესოს მოწაფეები ‘არ უნდა დაობდნენ, არამედ ყველასთან თავაზიანები უნდა იყვნენ’ (2 ტიმოთე 2:24).
ახლა, მოდი სხვა რჩევებსაც გადავხედოთ, რაც დაგვეხმარება, ჩხუბში არ ჩავებათ: რომაელების 12:17—21 და 1 პეტრეს 3:10, 11.