თავი 11
„ჩემი გულისთვის სასურველი მწყემსები“
1, 2. ა) რა შეიძლება მოხდეს თუ ფარას არავინ იცავს? ბ) ბიბლიურ დროში რა შედიოდა მწყემსის საქმიანობაში?
იაპონიაში მცხოვრები ჰიროიასუ ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო, როცა დედამისმა ყოჩი და ცხვარი იყიდა. ჰიროიასუ უვლიდა მათ და დედა ცხვარი ყოველ წელს ორ ბატკანს იგებდა. ასე რომ, მისი „ფარა“ ნელ-ნელა იზრდებოდა. დაახლოებით 12 წლისა იყო ჰიროიასუ, როცა უკვე 12-13 სული ცხვარი ჰყავდა. ის იხსენებს: „ერთხელ, დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ვიწექი, ცხვრის ბღავილი შემომესმა, მაგრამ მაშინვე არ ავდექი. ბოლოს წამოვდექი, გარეთ გავედი და დავინახე, როგორ გარბოდა ფარეხიდან გარეული ძაღლების ხროვა. მათ ჩემი ცხვრები დაეგლიჯათ. გამწარებულმა დედა ცხვარს დავუწყე ძებნა. როცა ვიპოვე, სისხლში ცურავდა, თუმცა ჯერ კიდევ სუნთქავდა; მხოლოდ ყოჩიღა გადარჩენილიყო. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. მაშინვე უნდა გავსულიყავი გარეთ, როგორც კი ხმა გავიგონე. გარეული ძაღლების წინაშე ცხვრები უმწეონი იყვნენ“.
2 ბიბლიურ დროში თითქმის ყველამ კარგად იცოდა, როგორი იყო მწყემსის ცხოვრება. ის მიუძღოდა ცხვარს საძოვარზე და ზრუნავდა იმაზე, რომ ფარა მშიერი არ დარჩენილიყო; იცავდა მტაცებლებისგან და ეძებდა ფარას ჩამორჩენილ ცხვრებს (1 სამ. 17:34—36). მწყემსს უნდა მოესვენებინა ცხვარი, ისე რომ არავის დაეფრთხო. ის ასევე ეხმარებოდა დედა ცხვრებს ბატკნების მოგებაში და შემდეგ ზრუნავდა ახალმოგებულებზე. ბიბლიის ბევრი დამწერი, მათ შორის იერემია, იყენებდა მწყემსის მაგალითს, როცა ხალხის მეთაურებსა და სულიერ წინამძღოლებზე საუბრობდა.
3. რას გულისხმობდა იერემია სიტყვებში „მწყემსი“ და „მწყემსვა?“
3 ზოგი ქრისტიანი უხუცესებს მწყემსებად მხოლოდ მაშინ მიიჩნევს, როცა ისინი თანამორწმუნეებს ინახულებენ, რათა გაამხნეონ ისინი და დაეხმარონ მათ. მაგრამ, ის თუ როგორ კონტექსტებში იყენებდა იერემია სიტყვებს „მწყემსი“ და „მწყემსვა“, გვაჩვენებს, რომ ის იუდას ხალხსა და მათ წინამძღოლებს შორის ურთიერთობის ყველა მხარეს გულისხმობდა. ღმერთი ხშირად განსჯიდა იუდას მთავრებს, წინასწარმეტყველებსა და მღვდლებს, როგორც ცუდ მწყემსებს, რადგან ისინი არ ზრუნავდნენ ხალხზე (იერ. 2:8). ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნათ ცხვარზე, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ მათ, შეცდომაში შეჰყავდათ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდნენ. ღვთის ხალხის სულიერი მდგომარეობა არავის ანაღვლებდა. „ვაი მწყემსებს“, — თქვა იეჰოვამ ამ ცრუ მწყემსებზე საუბრისას; მერე კი თავის ხალხს დაჰპირდა, რომ მისცემდა მათ მზრუნველ მწყემსებს, რომლებიც ნამდვილად დაიცავდნენ ფარას (წაიკითხეთ იერემიას 3:15; 23:1—4 ).
4. ვინ ზრუნავს დღეს ღვთის სამწყსოზე და როგორ სულს ავლენენ ისინი?
4 ღვთის დაპირება, ძირითადად, იეჰოვას ცხვრის უფროს მწყემსზე, იესოზე შესრულდა, რომელიც ქრისტიანული კრების თავი გახდა. მან საკუთარ თავს „კარგი მწყემსი“ უწოდა, ვინაიდან ნამდვილ თანაგრძნობას ავლენდა თავისი მიმდევრების მიმართ (იოან. 10:11—15). დღეს იეჰოვას სხვა მწყემსებიც ჰყავს დაყენებული, რომ მის ფარაზე იზრუნონ. ისინი არიან როგორც სულითცხებული ძმები ერთგული და გონიერი მონის კლასიდან, ისე გამრჯე უხუცესები „უამრავი ხალხიდან“ (გამოცხ. 7:9). ეს მწყემსები ცდილობენ მიჰბაძონ იესოს თავგანწირული სულის გამოვლენაში. მათ სურთ, რომ ქრისტეს მსგავსად კვებონ სამწყსო და ზრუნვა არ მოაკლონ. ვაი მას, ვინც არ ზრუნავს თავის ძმებზე, ბატონობს მათზე, უხეშად ეპყრობა ან ზემოდან დაჰყურებს მათ! (მათ. 20:25—27; 1 პეტ. 5:2, 3). რას მოელის იეჰოვა დღეს ქრისტიანი მწყემსებისგან? რას ვსწავლობთ იერემიას წიგნებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება და აღძვრები უნდა ჰქონდეთ უხუცესებს, როდესაც თავიანთ პასუხისმგებლობას ასრულებენ? განვიხილოთ მათი როლი, როგორც დამხმარისა და დამცველის, მასწავლებლისა და მქადაგებლის, და როგორც მოსამართლის.
ისინი იცავენ ფარას
5—7. ა) რას ითხოვს იეჰოვა მწყემსებისგან ცხვარზე ზრუნვისას და რატომ? ბ) როგორ უნდა გამოავლინონ უხუცესებმა ნამდვილი სიყვარული თავიანთი ფარის მიმართ, მათ შორის გზააბნეული ცხვრის მიმართ?
5 მოციქულმა პეტრემ იეჰოვას ჩვენი „სულების მწყემსი და ზედამხედველი“ უწოდა (1 პეტ. 2:25). როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს თავისი ცხვრის მიმართ? ამ კითხვაზე პასუხს გავიგებთ, თუ გადავინაცვლებთ იერემიას დღეებში. იეჰოვამ ამხილა ცუდი მწყემსები, რომლებმაც გაფანტეს და მიატოვეს ფარა, მერე კი თქვა, რომ შეკრებდა თავის ცხვარს და დააბრუნებდა თავიანთ საძოვარზე; დაუყენებდა კარგ მწყემსებს, რომლებიც დამწყემსავდნენ მათ და დაიცავდნენ მის ხალხს დაუნდობელი და გაუმაძღარი მტრებისგან (იერ. 23:3, 4). იეჰოვასთვის თავისი ცხვარი ნამდვილად ძვირფასი იყო. ისინი დღესაც ძვირფასნი არიან მისთვის. იეჰოვამ უდიდესი ფასი გადაიხადა მათი მარადიული ბედნიერებისთვის (1 პეტ. 1:18, 19).
6 მწყემსის მსგავსად ქრისტიანი ზედამხედველი უნდა მოერიდოს ზერელე დამოკიდებულებას კრებაზე ზრუნვისას. თუ უხუცესი ხართ, ცდილობთ, დაკვირვებული იყოთ, მალევე შენიშნოთ თანამორწმუნის გასაჭირი და დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება? ბრძენმა მეფემ სოლომონმა დაწერა: „კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა. გული დაუდე შენს ფარას“ (იგავ. 27:23). ეს მუხლი მწყემსების შრომისმოყვარეობას უსვამს ხაზს; თუმცა გადატანითი მნიშვნელობით ეს მუხლი შეგვიძლია მივუსადაგოთ სულიერი მწყემსების მზრუნველობას კრების წევრებზე. თუ უხუცესად მსახურობთ, შეგნებულად ებრძვით ნებისმიერ მიდრეკილებას, რომ სხვებზე არ იბატონოთ? ის ფაქტი, რომ პეტრემ მოიხსენია მათზე ბატონობა, „ვინც ღვთის საკუთრებაა“, მიანიშნებს რეალურ საშიშროებაზე, რომ შეიძლება უხუცესი ასე მოიქცეს. როგორ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც იერემიას 33:12-ში წერია? (წაიკითხეთ). მარტოხელა მშობლებს, ქვრივებს, იმ ოჯახებს, რომლებშიც გერები ცხოვრობენ, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, შესაძლოა, განსაკუთრებით დასჭირდეთ ყურადღება და მხარში დგომა.
7 როგორც მწყემსი ეძებს დაკარგულ ცხვარს, ისე ზოგჯერ კრების უხუცესს უწევს იმ ქრისტიანის ძებნა და დახმარება, რომელიც ამა თუ მიზეზით ჩამოშორდა ფარას. ეს უხუცესისგან თავგანწირვის სულის გამოვლენასა და თავმდაბლობას მოითხოვს. ის დროს გამოყოფს, რათა იზრუნოს მისთვის მინდობილი ფარის საჭიროებებზე და ამას მოთმინებით აკეთებს. კრების უხუცესები კარგად უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე და გულახდილად უნდა უპასუხონ: „რამდენად ვცდილობ, გავამხნეო და განვამტკიცო თანამორწმუნეები და მოვერიდო მათ განსჯასა და გაკრიტიკებას? ნამდვილად მთელი გულით მინდა, რომ გავუმჯობესდე?“ ზოგჯერ შეიძლება არაერთი მცდელობა იყოს საჭირო, რომ თანაქრისტიანს დაანახვოთ ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე. თუ დას ან ძმას უჭირს ბიბლიური რჩევის (და არა უხუცესის პირადი შეხედულების) მიღება, გაიხსენეთ უზენაესი მწყემსისა და ზედამხედველის, იეჰოვას მაგალითი, რომელიც მოთმინებით ელაპარაკებოდა თავის ურჩ ხალხს და ცდილობდა მათ დახმარებას (იერ. 25:3—6). დღეს ღვთის ხალხის უმეტესობა ერიდება არასწორი საქციელის ჩადენას, მაგრამ, როცა ვინმესთვის საჭირო ხდება რჩევის მიცემა, უხუცესმა უნდა გააკეთოს ეს, როგორც ამას იეჰოვა აკეთებდა.
8. როგორ შეუძლიათ სულიერ მწყემსებს მიჰბაძონ იერემიას?
8 სანამ ჯერ კიდევ არსებობდა იმის იმედი, რომ იუდეველები დაუბრუნდებოდნენ იეჰოვას, იერემია ლოცულობდა მათთვის. მან უთხრა ღმერთს: „გახსოვდეს, რომ შენ წინაშე ვიდექი, მათზეც კი კარგი რომ მელაპარაკა და შენი რისხვა ამეცილებინა მათთვის“ (იერ. 18:20). როგორც ხედავთ, იერემია კარგს ეძებდა თავის ძმებში და ცუდს არ ფიქრობდა მათზე. დღეს ქრისტიანი ზედამხედველებიც იმავეს უნდა აკეთებდნენ მანამ, სანამ აშკარა არ გახდება, რომ შემცოდველი შეგნებულად სჩადის ცოდვას და არ ინანიებს. ზედამხედველებმა უნდა შეაქონ და-ძმები მათი კარგი საქმეებისთვის, ილოცონ მათთვის და მათთან ერთად (მათ. 25:21).
რას დაჰპირდა ღმერთი იერემიას პირით თავის ხალხს? როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს ღვთის ფარაზე ზრუნვა და მისი დაცვა?
ისინი კვებავენ ფარას
9, 10. რატომ არის აუცილებელი, კარგი მწყემსი (კრების უხუცესი) მასწავლებელი იყოს?
9 იერემიას 3:15-ის თანახმად ქრისტიანმა მწყემსებმა უნდა კვებონ ფარა „ცოდნითა და წვდომის უნარით“, ესე იგი მასწავლებლები უნდა იყვნენ (1 ტიმ. 3:2; 5:17). იეჰოვა დაჰპირდა თავის ხალხს, რომ კარგი მწყემსები მართლაც ასე მოიქცეოდნენ. მან მოუწოდა იუდეველებს, მიეღოთ წინასწარმეტყველ იერემიას შეგონება (წაიკითხეთ იერემიას 6:8). ცხვარი ჯანმრთელი რომ იყოს, მას კარგი კვება სჭირდება. ასევე, ღვთის ხალხი სულიერად ჯანმრთელი რომ იყოს, მათ ბიბლიაზე დაფუძნებული სულიერი საზრდო და ხელმძღვანელობა სჭირდებათ.
10 უხუცესებმა უნდა ასწავლონ როგორც კრების წევრებს, ისე მათ, ვინც ჯერ არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი. მათთან დაკავშირებით, ვინც ჯერ არ იცის ჭეშმარიტება, გახსოვდეთ, ქრისტიანული კრების არსებობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. ამიტომ უხუცესები გულმოდგინე მქადაგებლები უნდა იყვნენ (იერ. 1:7—10). ასეთი სახით ისინი შეასრულებენ ღვთის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას და კარგ მაგალითს მისცემენ და-ძმებს. თუ უხუცესი ხართ, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა და-ძმასთან რეგულარულად მსახურება შესაძლებლობას გაძლევთ, დაეხმაროთ მათ სწავლების ხელოვნების გაუმჯობესებაში. ალბათ იმასაც ამჩნევთ, რომ ამ დროს თქვენ თვითონაც იუმჯობესებთ სწავლების ხელოვნებას. და როცა მთელი გულმოდგინებით ხელმძღვანელობთ სამქადაგებლო საქმეს, ეს ამხნევებს თანამორწმუნეებს და ეხმარება მთელ კრებას, წინ წაიწიოს.
11, 12. რას უნდა მიაქციონ ყურადღება უხუცესებმა, რომელთაც სურთ, იყვნენ კარგი მწყემსები?
11 კრების სწავლებისას უხუცესები ბიბლიით უნდა ხელმძღვანელობდნენ. ამგვარად, ისინი ჯანსაღი სულიერი საზრდოთი გამოკვებავენ თავიანთ სამწყსოს. ამიტომ, კრების მწყემსები კარგი მასწავლებლები რომ იყვნენ, გულმოდგინედ უნდა იკვლევდნენ ღვთის სიტყვას. ამის საპირისპიროდ ვნახოთ, რატომ თქვა იერემიამ თავისი ხალხის წინამძღოლებზე, რომ უვარგისი მწყემსები იყვნენ: „უგუნურად იქცევიან მწყემსები, არ ეძებენ იეჰოვას; ამიტომაც არ ავლენენ წვდომის უნარს და გაფანტულია მთელი მათი სამწყსო“ (იერ. 10:21). ისინი, ვინც უნდა ყოფილიყვნენ მასწავლებლები, არ მიჰყვებოდნენ ბიბლიურ პრინციპებს და ღმერთს არ ეძებდნენ. შედეგად, ისინი ვერ მოქმედებდნენ ჭეშმარიტი სიბრძნით. იერემიამ კიდევ უფრო მკაცრად გაკიცხა ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველები (წაიკითხეთ იერემიას 14:14, 15).
12 ქრისტიანი ზედამხედველები არ ჰგვანან ამ ცრუ მწყემსებს. ისინი ეცნობიან იესოს მაგალითს და ჰბაძავენ მას. ამგვარად, მათ შეუძლიათ ბრძნულად დამწყემსონ ფარა. შესაძლოა, მათთვის ადვილი არ არის, რეგულარულად გამოყონ დრო შესწავლისთვის, რადგან ბევრ რამეზე უწევთ ზრუნვა, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ თუ უხუცესი ხართ, გჯერათ, რომ თქვენი სწავლება სასარგებლო და ჭეშმარიტი მხოლოდ მაშინ იქნება და ცოდნასა და წვდომის უნარს მხოლოდ მაშინ აირეკლავს, თუ ის ღვთის სიტყვასა და ერთგული და გონიერი მონის მითითებებზე იქნება დაფუძნებული? თუ შეამჩნიეთ, რომ პირად შესწავლას ისეთი გულმოდგინებით აღარ ატარებთ, როგორც ადრე, რა ზომებს მიიღებთ იმისთვის, რომ არ დაემსგავსოთ იერემიას დროში მცხოვრებ ცრუ მწყემსებს?
13. რას აკეთებდა იერემია იმისათვის, რომ კარგი მასწავლებელი ყოფილიყო და როგორ შეუძლიათ ქრისტიან მწყემსებს მიჰბაძონ მას?
13 თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იერემიას სწავლებას ეფექტურს ხდიდა. უდავოა, იერემია იეჰოვასგან იყო განსწავლული. მართლაც შთამბეჭდავი იქნებოდა იმის დანახვა, როგორ დაამსხვრია იერემიამ თიხის დოქი და განაცხადა, რომ ასევე განადგურდებოდნენ იერუსალიმი და მისი მაცხოვრებლები! (იერ. 19:1, 10, 11). სხვა დროს იერემიამ კისერზე ხის უღელი დაიდგა იმის საჩვენებლად, რომ მისი ხალხი დაიტანჯებოდა ბაბილონის მონობაში (იერ. თავები 27, 28) დღეს უხუცესები არ იღებენ ღვთისგან მითითებებს, რომ მსგავსი მეთოდებით გვასწავლონ. მაგრამ, ალბათ, აფასებთ იმას, რომ სწავლებისას ისინი შესაფერის მაგალითებსა და შემთხვევებს იყენებენ. კარგად მოფიქრებულ და ჯეროვან მაგალითებს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მსმენელებზე და მოქმედებისკენ აღძრას.
14. ა) რატომ მოიხსენია იერემიამ გალაადის ბალზამი? ბ) როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს დაეხმარონ და-ძმებს, იყვნენ სულიერად ჯანმრთელები?
14 მართლაც მადლიერები ვართ იმ დასწავლებისთვის, რასაც ქრისტიანი მწყემსებისგან ვიღებთ! იერემია ხედავდა, რომ მის ხალხს სულიერი მკურნალობა სჭირდებოდა. მან იკითხა: „ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?! ნუთუ აღარც მკურნალია იქ?!“ (იერ. 8:22). გალაადში, რომელიც იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობდა, სინამდვილეში ჰქონდათ ბალზამი. ეს არომატული მცენარეული ზეთი ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებით, მას ხშირად იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. მაგრამ სულიერად ნამდვილად აღარავინ მკურნალობდა. რატომ? იერემია გვიხსნის ამის მიზეზს: „წინასწარმეტყველები სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები კი თავიანთი ძალაუფლებით ბატონობენ, და ჩემს ხალხს უყვარს ეს“ (იერ. 5:31). რა მდგომარეობაა დღეს? ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ დღეს მართლაც არის „ბალზამი გალაადში“ ანუ ჩვენს კრებებში. ბალზამს შეიძლება შევადაროთ მზრუნველი ქრისტიანი მწყემსებისგან მიღებული ნუგეში. ისინი სიყვარულით შეახსენებენ ძმებს ბიბლიურ პრინციპებს, ამხნევებენ მათ, ლოცულობენ მათთვის და მათთან ერთად (იაკ. 5:14, 15).
განსაკუთრებით რას აფასებთ თქვენი კრების უხუცესების სწავლებიდან? თქვენი აზრით, რატომ არის მათი სწავლება ეფექტური?
„აი რას ამბობს იეჰოვა“
15, 16. რატომ სჭირდება როგორც ცხვრის ფარას, ისე სულიერ სამწყსოს მოვლა-პატრონობა?
15 წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს მწყემსი, როცა დოლის დროს ჯანმრთელი ბატკნები დაიბადებიან და მისი ხანგრძლივი და მძიმე შრომა დაფასდება! თუმცა მან ისიც კარგად იცის, ბატკნები ჯანმრთელები რომ გაიზარდონ, მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. მწყემსმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ბატკნები მშივრები არ დარჩნენ. ზოგიერთი ჯიშის ბატკნებს კუდები გრძელი აქვთ და შეიძლება ნაკელსა და ჭუჭყში ამოესვაროს. მწყემსს უნდა, რომ მისი პირუტყვი სუფთა და ჯანმრთელი იყოს, ამიტომ კუდებს აჭრის და ამას ისე დახელოვნებულად აკეთებს, რომ ბატკნებს თითქმის არ სტკივათ. სულიერი მწყემსებიც სიყვარულით ზრუნავენ ცხვარზე, თავიანთი კრების წევრებზე (იოან. 21:16, 17). მათ ძალიან ახარებთ იმის დანახვა, თუ როგორ მიიწევენ დაინტერესებულები სულიერად წინ. ქრისტიან ზედამხედველებს სურთ, რომ ყველა ცხვარი, განურჩევლად ასაკისა, იყოს სულიერად ჯანმრთელი და მაძღარი. ამიტომ, ისინი გამუდმებით თავს ევლებიან მათ და საჭირო დროს დახმარების ხელს უწვდიან. მათ საქმეში ისიც შედის, რომ ძმებს შეახსენონ, „რას ამბობს იეჰოვა“, ანუ ის, თუ რას გვასწავლის ბიბლია (იერ. 2:2, 5; 7:5—7; 10:2; ტიტ. 1:9).
16 ღვთის ცნობა რომ გაეცხადებინა, იერემიას გაბედულება სჭირდებოდა. კრების უხუცესებსაც ესაჭიროება გაბედულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძმების სულიერობას იცავენ. მაგალითად, როცა სულიერი მწყემსი ხედავს იმის საჭიროებას, რომ დაეხმაროს „ახალდაბადებულ ბატკანს“ ან უკვე „მოზრდილ ცხვარს“, თავი დაიცვან სატანის ქვეყნიერების სიბილწისგან. ამ დროს შეიძლება საფრთხეში მყოფმა ქრისტიანმა რჩევა არავის ჰკითხოს. მაგრამ განა მზრუნველი მწყემსი განზე გადგება და შორიდან დაუწყებს ყურებას, როცა მისი სამწყსოს რომელიმე წევრი პრობლემებში ეხვევა?! რა თქმა უნდა, არა! ის არ მიუდგება ზერელედ ამ პრობლემას და არ იფიქრებს, რომ ყველაფერი კარგადაა მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის და არსებობს იმის საშიშროება, რომ მისმა თანამსახურმა იეჰოვასთან მშვიდობა დაკარგოს (იერ. 8:11).
17. როდის და როგორ შეიძლება გახდეს საჭირო, მწყემსმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ ცხვარს?
17 თუ გზააბნეული ცხვარი ჩამორჩება ფარას, ყურადღებიანი მწყემსი დაუყოვნებლივ მოძებნის და უკან დააბრუნებს უსაფრთხო ადგილას (წაიკითხეთ იერემიას 50:6, 7 ). მსგავსად ამისა, ზოგჯერ, შესაძლოა, ზედამხედველმა პირდაპირი რჩევა მისცეს მათ, ვინც ვერც კი აცნობიერებს, რომ საფრთხის წინაშე დგას. მწყემსი ამას სიყვარულით აკეთებს. მაგალითად, დავუშვათ, უხუცესმა შენიშნა, რომ დანიშნული წყვილი განმარტოებით ატარებს დროს ისეთ ადგილებში, სადაც, შესაძლოა, თავიანთი გრძნობები ვერ გააკონტროლონ. კეთილი და გამჭრიახი უხუცესი დაანახვებს მათ, რა შეუძლიათ გააკეთონ იმისათვის, რომ ასეთი ცდუნების წინაშე არ აღმოჩნდნენ. მან არ უნდა დაადანაშაულოს ისინი, უბრალოდ, უნდა აუხსნას, თუ რა და რა სიტუაციამ შეიძლება უბიძგოს მათ იეჰოვასთვის საძულველი საქციელის ჩადენისკენ. იერემიას მსგავსად ერთგული უხუცესები გმობენ იმას, რასაც ღმერთი გმობს. ამით ისინი ჰბაძავენ იეჰოვას, რომელიც უხეშად არასდროს ეპყრობოდა თავის ხალხს. ის თავისი წინასწარმეტყველის პირით ევედრებოდა მათ: „გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ-მეთქი სისაძაგლეს, რომელიც მძულს“ (იერ. 5:7; 25:4, 5; 35:15; 44:4). ნამდვილად აფასებთ მოსიყვარულე მწყემსების მზრუნველობას?
18. რა დადებითი შედეგები მოჰყვება სულიერი მწყემსების ძალისხმევას?
18 ყველა როდი ითვალისწინებდა იერემიას რჩევებს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უსმენდნენ მას. მაგალითად, მაშინ, როცა ბარუქს, იერემიას მეგობარსა და მდივანს სერიოზულ საკითხში დასჭირდა რჩევის მიცემა, იერემიას უკან არ დაუხევია (იერ. 45:5). მიიღო ბარუქმა რჩევა? ბარუქს არ დაუკარგავს ღვთის კეთილგანწყობა და იერუსალიმის განადგურებისასაც გადარჩა. ასეა დღესაც, როცა კრების უხუცესები ხედავენ, რომ თანამორწმუნეები ითვალისწინებენ მათ რჩევებს, ეს აღძრავს მათ კვლავაც „მთელი გულმოდგინებით“ შეაგონონ და ასწავლონ (1 ტიმ. 4:13, 16).
ისინი სამართლიანად სჯიან
19, 20. რა მოეთხოვებათ უხუცესებს მაშინ, როცა ვინმე სცოდავს?
19 ზედამხედველები სულიერი მოსამართლეებიც არიან. იშვიათ შემთხვევებში მათ უწევთ განზრახ შემცოდველთან საუბარი, რათა ისინი მონანიებისკენ აღძრან. იეჰოვა რბილად, მაგრამ კატეგორიულად მოუწოდებდა შემცოდველებს, მიეტოვებინათ თავიანთი ბოროტი გზები (იერ. 4:14). თუ კრების რომელიმე წევრი არ იშლის ცოდვის ჩადენას, ზედამხედველებმა უნდა დაიცვან ფარა შესაძლო გამხრწნელი ზეგავლენისგან. ბიბლიური მითითების თანახმად, შეიძლება საჭირო გახდეს შემცოდველის კრებიდან გარიცხვა. იეჰოვა მოელის უხუცესებისგან, რომ ასეთ ვითარებაში ღვთიური სამართლის შესაბამისად იმოქმედებენ. მეფე იოშია ამ მხრივ კეთილსინდისიერად იქცეოდა. „ის გამოესარჩლა საწყალსა და ღარიბს სასამართლოში“. ის ღვთის მსგავსად სამართლის მოყვარული იყო. ამის გამო თქვა იეჰოვამ იოშიაზე: „განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?!“. იოშია სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა და „ამიტომაც მოემართა ხელი“. ნუთუ არ გრძნობთ თავს უფრო დაცულად, როცა თქვენი კრების უხუცესები ცდილობენ მიჰბაძონ იოშიას?! (იერ. 22:11, 15, 16).
20 დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვა სამართლიანად დასჯის შემცოდველებს (იერ. 46:28). აქედან გამომდინარე, უხუცესები ითვალისწინებენ სიტუაციასა და შემცოდველის დამოკიდებულებას ჩადენილი ცოდვის მიმართ და შესაბამისად ან რჩევას აძლევენ, ან არიგებენ, ან შეაგონებენ. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს მოუნანიებელი შემცოდველის კრებიდან გარიცხვა. ასეთ შემთხვევაში უხუცესები საჯაროდ არ ილოცებენ კრებიდან გარიცხული ადამიანისთვის, რომელიც განაგრძობს ცოდვის ჩადენას. ამას აზრი არ ექნებოდა (იერ. 7:9, 16).a თუმცა ისინი ჰბაძავენ ღმერთს და გარიცხულს უხსნიან, როგორ უნდა დაიბრუნოს ღვთის კეთილგანწყობა (წაიკითხეთ იერემიას 33:6—8). მართალია, კრებიდან გარიცხვა შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ღვთის ნორმები სამართლიანი და ყველასთვის სასიკეთოა (გოდ. 1:18).
21. როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ღვთის ფარა და თქვენ როგორ შეგიძლიათ წვლილის შეტანა ამაში?
21 მაშინ, როცა კრების მწყემსები ღვთის ნორმებს ეცნობიან და ცხოვრებაში იყენებენ, მათი სამწყსო დაპურებული, ჯანმრთელი და დაცულია (ფსალმ. 23:1—6). იერემიასგან ბევრს ვიგებთ დამოკიდებულებებსა და მოტივებზე (როგორც სწორზე, ისე არასწორზე), რაც ქრისტიან ზედამხედველებს ეხმარება ღვთის ფარის დამწყემსვის სერიოზული პასუხისმგებლობის შესრულებაში. ამიტომ, თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: «ვიქნები ყოველთვის მადლიერი იმისათვის, რომ იეჰოვა ასწავლის, ხელმძღვანელობს და იცავს თავის ხალხს მზრუნველი მწყემსების მეშვეობით, რომლებიც „ცოდნითა და წვდომის უნარით“ მწყემსავენ მათ?» (იერ. 3:15; 23:4).
რა შემთხვევებში მართებთ ზედამხედველებს გაბედულად მოქმედება? რას მოელის იეჰოვა ქრისტიანი უხუცესებისგან, როცა ისინი სამართლებრივ საკითხებს განიხილავენ?