გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!
«გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] . . . ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები» (ეკლესიასტე 12:1).
1. როგორ უნდა სურდეთ თავიანთი ახალგაზრდობისა და ენერგიის გამოყენება ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი ღმერთს მიუძღვნეს?
იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ერთგულ მსახურებს ძალას მატებს (ესაია 40:28—31). ეს ეხება ყველას, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს. მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი, განსაკუთრებით უნდა სწყუროდეთ თავიანთი ახალგაზრდობისა და ენერგიის გონივრულად გამოყენება. ამიტომ გულთან ახლოს უნდა მიიტანონ „ეკლესიასტეს“, ძველი ისრაელის მეფე სოლომონის, რჩევა: «გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?» (ეკლესიასტე 1:1; 12:1).
2. როგორ უნდა მოიქცნენ ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანების შვილები?
2 სოლომონის დარიგება, რომ ხსომებოდათ დიდებული შემოქმედი სიყმაწვილეში, პირველ რიგში ისრაელ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს ეხებოდა. ისინი იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნილი ერის წარმომადგენლებად იყვნენ დაბადებულები. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღეს ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანების შვილების შესახებ? რა თქმა უნდა, მათ უნდა ახსოვდეთ თავიანთი დიდებული შემოქმედი. რითაც პატივს მიაგებენ ღმერთს და თავიანთ სასიკეთოდ მოიქცევიან (ესაია 48:17, 18).
წარსულის შესანიშნავი მაგალითები
3. რა მაგალითები დაგვიტოვეს იოსებმა, სამუელმა და დავითმა?
3 ბიბლიაში მრავლად მოიპოვება იმ ახალგაზრდების შესანიშნავი მაგალითები, რომლებსაც ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი. იაკობის ვაჟს, იოსებს, ჭაბუკობიდანვე ახსოვდა თავისი შემოქმედი. როდესაც პოტიფარის ცოლი სექსუალურ უზნეობაში ჩათრევას ცდილობდა, იოსებმა მტკიცედ უკუაგდო მისი წინადადება და უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:9). ლევიან სამუელს არა მარტო სიყრმეში ახსოვდა თავისი შემოქმედი, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში (პირველი მეფეთა 1:22—28; 2:18; 3:1—5). ბეთლემელ ჭაბუკს, დავითს, ნამდვილად ახსოვდა თავისი შემოქმედი. ღვთისადმი მისი მინდობა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ფილისტიმელ გოლიათთან საბრძოლველად გამოვიდა: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, — თქვა მან, — მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი . . . რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს“. მალე გოლიათის უსულო გვამი მიწაზე დაენარცხა და ფილისტიმელებმა ომი წააგეს (პირველი მეფეთა 17:45—51).
4. ა) რა ცხადყოფს, რომ არამელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელ გოგონასა და ყმაწვილ მეფე იოშიას ახსოვდათ ჩვენი დიდებული შემოქმედი? ბ) როგორ აჩვენა 12 წლის იესომ, რომ ახსოვდა თავისი შემოქმედი?
4 კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც თავისი დიდებული შემოქმედი ახსოვდა, ტყვეობაში მყოფი ებრაელი გოგონა იყო. მან ისე კარგად უქადაგა არამის მეფის სარდლის, ნაყამანის, მეუღლეს, რომ ნაყამანი მივიდა ღვთის წინასწარმეტყველთან, კეთრისგან განიკურნა და იეჰოვას თაყვანისმცემელიც გახდა (მეოთხე მეფეთა 5:1—19). ყმაწვილმა მეფე იოშიამ გაბედულად გაიბრძოლა იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად (მეოთხე მეფეთა 22:1—23:25). მაგრამ მათგან, ვისაც მოზარდობის ასაკიდანვე ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი, უშესანიშნავესი მაგალითი იესო ნაზარეველმა მოგვცა. განვიხილოთ, რა შეემთხვა 12 წლის იესოს. მშობლებმა ბიჭი პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში წაიყვანეს. უკან რომ ბრუნდებოდნენ შენიშნეს, რომ ბავშვი აღარსად იყო და მის საძებნელად იერუსალიმში დაბრუნდნენ. იესო მესამე დღეს იპოვეს. ის ტაძარში მოძღვრებს შორის იჯდა და საღვთო წერილიდან კითხვებს უსვამდა მათ. ბიჭმა აღელვებულ დედას კითხვაზე კითხვით უპასუხა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ (ლუკა 2:49). იესოსთვის სასარგებლო იყო ტაძარში, „მამის სახლში“, სულიერი ფასეულობების შესახებ ინფორმაციის მიღება. დღეს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი მშვენიერი ადგილია ჩვენი დიდებული შემოქმედის შესახებ ზუსტი შემეცნების მისაღებად.
გვახსოვდეს იეჰოვა დღეს!
5. როგორ გადმოსცემდით ეკლესიასტეს 12:1-ში მოცემულ აზრს თქვენი სიტყვებით?
5 იეჰოვას გულწრფელი თაყვანისმცემლების სურვილია, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყონ მისადმი მსახურება და მთელი ცხოვრება ამ სამსახურში გაატარონ. მაგრამ რა პერსპექტივა აქვთ მათ, ვინც ახალგაზრდობა ამაოებას შეალია და სიყმაწვილეში არ ახსოვდა შემოქმედი? ეკლესიასტე ღვთის სულის შთაგონებით წერდა: «გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?» (ეკლესიასტე 12:1).
6. საიდან ვიცით, რომ სიმონსა და ანას ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი?
6 არავის სიამოვნებს ხანდაზმულობის „მწარე დღეები“, მაგრამ ხანში შესულებს, რომლებსაც ახსოვთ იეჰოვა, სიხარული არ აკლიათ. მაგალითად, მოხუცმა სიმონმა ტაძარში ხელში აიყვანა ჩვილი იესო და სიხარულით წარმოთქვა: „აწ განუტევებ, მეუფეო, შენს მონას, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე. ნათელი წარმართთა გასაბრწყინებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“ (ლუკა 2:25—32). ოთხმოცდაოთხი წლის ანასაც ახსოვდა თავისი შემოქმედი. ის არ შორდებოდა ტაძარს და, რა თქმა უნდა, იესოს იქ მიყვანასაც შეესწრო. „ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე [იესოზე] ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში“ (ლუკა 2:36—38).
7. რა მდგომარეობაში არიან ღვთის მსახურებაში დაბერებულები?
7 იეჰოვას დღევანდელ მსახურებს, რომლებიც ღვთის მსახურებაში დაბერდნენ, შეიძლება ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ტკივილები ან რამე უძლურება აწუხებდეთ. მიუხედავად ამისა, ისინი ბედნიერები არიან. ჩვენ კი ძალიან ვაფასებთ მათ ერთგულ მსახურებას. ისინი იზიარებენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] სიხარულს’, რადგან იციან, რომ ღმერთმა თავისი უზარმაზარი ძალა დედამიწისკენ მომართა და იესო ქრისტე ძლევამოსილ ზეციერ მეფედ დაადგინა (ნეემია 8:10). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ, როგორც ახალგაზრდებმა, ისე მოხუცებმა, ყურად იღონ მოწოდება: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში“ (ფსალმუნი 148:12, 13).
8, 9. ა) ვის უდგება „მწარე დღეები“ და რატომ? ბ) როგორ ახსნიდით ეკლესიასტეს 12:2-ს?
8 მოხუცებულობის „მწარე დღეები“ არაფრის მაქნისია — ზოგჯერ კი ძალიან არასასიამოვნოცაა — მათთვის, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთ დიდებულ შემოქმედზე და რომლებმაც არაფერი იციან მისი დიდებული განზრახვების შესახებ. მათ არა აქვთ არავითარი სულიერი ცოდნა, რომელიც დაეხმარებოდა ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და იმ გასაჭირთან გამკლავებაში, რაც კაცობრიობას სატანის ზეციდან გადმოგდების შემდეგ დაატყდა თავს (გამოცხადება 12:7—12). ამიტომ ეკლესიასტე მოგვიწოდებს, გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი „ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ“ (ეკლესიასტე 12:2). რას ნიშნავს ეს სიტყვები?
9 სოლომონი ახალგაზრდობის პერიოდს პალესტინურ ზაფხულს ადარებს, როდესაც უღრუბლო ცაზე დღისით მზე, ხოლო ღამით მთვარე და ვარსკვლავები კაშკაშებენ. და როდესაც ყველაფერი ნათელ ფერებში ისახება. მაგრამ ხანდაზმულებისთვის დღეები ღრუბლიანი, ზამთრის წვიმიანი სეზონის მსგავსია, როდესაც ერთი გასაჭირის „თავსხმას“ მეორე მოსდევს ხოლმე (იობი 14:1). რამდენად სამწუხარო იქნებოდა გვცოდნოდა შემოქმედის შესახებ, მაგრამ სიცოცხლის „ზაფხულის“ განმავლობაში მისთვის არ გვემსახურა! ხანდაზმულობის „ზამთარში“ კი ყველაფერი ბნელდება, განსაკუთრებით მათთვის, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ახალგაზრდობაში იეჰოვასადმი მსახურების შესაძლებლობა, რადგან იმ დროს ამაო საქმეებით იყვნენ დაკავებული. ჩვენ კი ასაკის მიუხედავად, ერთგული ქალებ იეფუნეს ძის, მოსეს საიმედო თანამსახურის, მსგავსად, დაე ‘ბოლომდე ვუერთგულოთ ღმერთს’ (იესო ნავეს ძე 14:6—9).
მოხუცებულობის ასაკის გავლენა
10. რა არის ნაჩვენები ა) ‘მცველებით’? ბ) ‘მეომრებით’?
10 შემდეგ სოლომონი სირთულეებზე ლაპარაკობს: «იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის [„სახლის“, ძვო] მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ» (ეკლესიასტე 12:3). „სახლში“ ადამიანის სხეული იგულისხმება (მათე 12:43—45; 2 კორინთელთა 5:1—8). „მცველნი“ ჩვენი ხელებია, რომლებიც იცავს სხეულს და მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ხანდაზმულობის ასაკში ისინი ხშირად უძლურების, ნევროზისა და პარალიზებისგან კანკალს იწყებენ. „მეომარნი“ — ფეხები — აღარ არიან მტკიცე საყრდენები, არამედ უძლურდებიან, მუხლებში კარგად ვერ იშლებიან და მხოლოდ ფრატუნითღა დადიან. მაგრამ განა სიხარულით არ გავსებთ ქრისტიანულ შეხვედრებზე ხანდაზმული თანამორწმუნეების ხილვა?
11. ვინ არიან ფიგურალური „მეწისქვილე ქალები“ და ‘სარკმლიდან მჭვრეტელნი’?
11 ‘მეწისქვილე ქალები წყვეტენ სამუშაოს, რადგან მცირედნიღა რჩებიან’ — მაგრამ რატომ? კბილები შეიძლება ადამიანს დაუჭიანდეს ან საერთოდ ამოიღოს, რის გამოც მათი რაოდენობა მცირდება ან ადამიანი საერთოდ უკბილოდ რჩება. მყარი საკვების დაღეჭვა რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ‘სარკმლიდან მჭვრეტელნი’ — ანუ თვალები, რომელთა შეთანხმებული ფუნქციონირებით ტვინის მხედველობის ზონასთან ჩვენ ვხედავთ — იბინდება ან საერთოდ ბრმავდება.
12. ა) როგორ ‘იგმანება ქუჩის კარები’? ბ) რას ფიქრობთ სამეფოს ხანდაზმულ მქადაგებელთა შესახებ?
12 «ვიდრე — განაგრძობს ეკლესიასტე — დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული [„ჩიტების ჭიკჭიკზე წამოდგებოდეს კაცი“, აქ], დადუმდებოდეს ყოველი გალობა“ (ეკლესიასტე 12:4). მათი პირის კარები — ტუჩები — ვინც ხანდაზმულობის ასაკში ღმერთს არ ემსახურება, თითქმის, ან საერთოდ არ ამბობს რა ხდება „სახლში“, ანუ სხეულში. მათგან აღარაფერი გადის საზოგადოებრივი ცხოვრების „ქუჩაში“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სამეფოს შესახებ თავგამოდებით მოქადაგე ხანდაზმულებზე? (იობი 41:6). ისინი შეიძლება ნელა დადიოდნენ კარდაკარ და ზოგი შეიძლება ძლივს ლაპარაკობდეს, მაგრამ ისინი მართლაც რომ განადიდებდნენ იაჰს! (ფსალმუნი 112:1).
13. როგორ აღწერს ეკლესიასტე ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს, რა შეიძლება დანამდვილებით ითქვას ხანდაზმულ ქრისტიანებზე?
13 დოლაბის ხმაური უფრო და უფრო ჩუმი ხდება, რადგან საკვები უკბილო ღრძილებით იღეჭება. ხანდაზმულს ფხიზლად სძინავს. ჩიტების ჭიკჭიკიც კი უფრთხობს ძილს. ის უღონო ხმით თუ წაიმღერებს რაიმეს ათასში ერთხელ. „ყოველი გალობა“ — მელოდიურობა — მასში ‘დადუმებულია’. ხანდაზმულებს ყურთასმენის დაქვეითების გამო ცუდად ესმით მუსიკა და სიმღერები. მაგრამ ხანდაზმული ცხებულები და მათი სხვა თანამსახურები, რომლებიც კარგა ხანია გადასცდნენ ახალგაზრდობის ასაკს, ქრისტიანულ შეხვედრებზე მთელი გულით უგალობენ ღმერთს ხოტბის შემსხმელ სიმღერებს. რამდენად მოხარული ვართ ჩვენ იმით, რომ კრებაში იეჰოვას განდიდებისას ისინი ჩვენს გვერდით იმყოფებიან (ფსალმუნი 149:1).
14. რის შიში იპყრობს ხანდაზმულებს?
14 რა სამწუხარო მდგომარეობაში არიან ხანდაზმულები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც შემოქმედს უგულებელყოფენ! ეკლესიასტე ამბობს: «შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება [„დაირღვეს კაპარი“, ძვო], — როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი» (ეკლესიასტე 12:5). ბევრ ხანდაზმულს კიბის ბოლო საფეხურზე ასვლისას იქიდან გადმოვარდნის შიში იპყრობს. მრავალს კი რაღაც მაღლისთვის თვალის შევლებაც კი თავბრუს ახვევს. ხალხმრავალ ქუჩაში გასვლისას ხანდაზმულებს შიშის ზარს სცემს იმის გაფიქრება, რომ იქ შეიძლება რაიმე ტრავმა მიიღონ ან გაძარცვონ.
15. როგორ იპენტება ყვავილებით „ნუში“ და ‘მძიმდება’ კალია?
15 ხანდაზმულებში ‘აყვავებული ნუში’ როგორც ჩანს ჯერ ჭაღარაზე, შემდეგ კი თოვლივით თეთრ თმაზე მიუთითებს. ჭაღარა თმები ნუშის ხის თეთრი ყვავილების მსგავსად ცვივა. ‘დამძიმებული’ ხანდაზმული შეიძლება წელში იყოს მოხრილი და ხელები უღონოდ ჰქონდეს ჩამოშვებული ან იდაყვში მოხრილი გვერდებზე ისე ჰქონდეს შემოწყობილი, რომ სწორედ კალიას მოგვაგონებდეს. მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანი ოდნავ მაინც ვართ ასეთი, დაე სხვებმა ჩვენში იეჰოვას კალიათა მძლავრი, სწრაფი არმიის ჯარისკაცები დაინახონ! (იხილეთ 1998 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8—13).
16. ა) რაზე მეტყველებს ‘კაპარის დარღვევა’? ბ) რა არის ‘საუკუნო სახლი’ და რა მეტყველებს მოახლოებულ სიკვდილზე?
16 ხანდაზმულებს მადა დაქვეითებული აქვს და საჭმელი კაპარივით გემრიელიც რომ იყოს, მადიანად ვერ მიირთმევენ. კაპარს დიდი ხანია მადის აღმძვრელად იყენებენ. ‘კაპარის დარღვევა’ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხანდაზმულებში მადა იმდენად ქვეითდება, რომ ამ მცენარის ნაყოფიც კი ვერ აღძრავს მათში ჭამის სურვილს. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ახლოს არიან ‘საუკუნო სახლთან’, სამარესთან, რომელშიც სამუდამოდ დარჩებიან, თუ მათ არ ახსოვდათ თავიანთი შემოქმედი და ისეთ ბოროტ საქმეებს აკეთებდნენ, რომ შემდეგში აღდგომისას ღმერთი არ გაიხსენებს. მოახლოებული სიკვდილის ნიშნები ჩანს ნაღვლიან ხმასა და კვნესანარევ ჩივილში, რომელიც ხანდაზმულის ბაგეებს დასცდება ხოლმე.
17. როგორ შეიძლება გაწყდეს „ვერცხლის საბელი“ და რა შეიძლება იყოს „ოქროს ჭურჭელი“?
17 ეკლესიასტე მოგვიწოდებს, გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი „ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში“ (ეკლესიასტე 12:6). „ვერცხლის საბელი“ შეიძლება ზურგის ტვინი იყოს. როდესაც თავის ტვინისკენ იმპულსების გამტარი ეს სასწაულებრივი გზა ისე ზიანდება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება, სიკვდილი გარდაუვალია. „ოქროს ჭურჭელი“ შეიძლება თავის ტვინზე მიუთითებდეს, რომელიც ჭურჭლისმაგვარ თავის ქალაშია მოთავსებული და რომელთანაც ზურგის ტვინია დაკავშირებული. ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტას, რომელიც ოქროსავით ძვირფასია, სიკვდილი მოსდევს.
18. რას ნიშნავს მეტაფორული გამოთქმა „დოქი წყაროსთან“ და რა ხდება მისი დამსხვრევისას?
18 „დოქი წყაროსთან“ არის გული, რომელიც ღებულობს და სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით კვლავ მთელს ორგანიზმში აბრუნებს სისხლს. სიკვდილისას გული წყაროსთან დამსხვრეული დოქის მსგავსია, რადგან ის ვეღარ მიიღებს და ვეღარ გადატუმბავს სისხლს, რომელიც ასე აუცილებელია სხეულის კვებისა და ცხოველქმედებისთვის. ‘ჭაში ჩაშვებული ოწინარის ბორბალი’ წყვეტს ტრიალს ანუ აღარ ხდება სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისხლის ცირკულირება. იეჰოვამ ამგვარად სოლომონს დიდი ხნით ადრე გაუმხილა სისხლის მიმოქცევის სისტემის არსებობის შესახებ, ვიდრე ამას XVII საუკუნეში ექიმი უილიამ ჰარვეი აღმოაჩენდა.
19. როგორ სრულდება სიკვდილის დროს ეკლესიასტეს 12:7-ის სიტყვები?
19 ეკლესიასტე ამატებს: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლესიასტე 12:7). დოქის გატეხასთან ერთად ადამიანის სხეული, რომელიც თავიდან მიწის მტვრისგან იყო შექმნილი, მტვრადვე მიიქცევა (დაბადება 2:7; 3:19). სული („ნეფეშ“) კვდება, რადგან ღვთის მიერ ბოძებული სული („რუაჰ“) ანუ სასიცოცხლო ძალა ჩვენს შემოქმედს უბრუნდება და მასთანვე რჩება (ეზეკიელი 18:4, 20; იაკობი 2:26).
რა მომავალი ელით მათ, ვისაც ღმერთი ახსოვს?
20. ფსალმუნის 89:12-ში ჩაწერილი ლოცვის თანახმად, რას ითხოვდა მოსე?
20 სოლომონმა საკმაოდ ეფექტურად გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი. ცხადია, შედარებით ხანმოკლე და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებით არ ამოიწურება ყველაფერი მათთვის, ვისაც ახსოვს იეჰოვა და მთელი გულით ასრულებს მის ნებას. ახალგაზრდები არიან ისინი თუ ხანდაზმულები, ისეთსავე შეხედულებას იზიარებენ, როგორიც მოსეს ჰქონდა. ეს უკანასკნელი ლოცულობდა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“. ღვთის თავმდაბალ წინასწარმეტყველს მთელი გულით სურდა, იეჰოვას მისთვის და ებრაელი ერისთვის ეჩვენებინა ანუ ესწავლებინა სიბრძნე, რათა დაეფასებინათ ‘თავიანთი დღეები’ და ღვთისმოსაწონი სახით გამოეყენებინათ ისინი (ფსალმუნი 89:10, 12).
21. რა უნდა ვაკეთოთ იმის პარალელურად, როდესაც ჩვენს დღეებს იეჰოვას განსადიდებლად ვითვლით?
21 განსაკუთრებით ახალგაზრდა ქრისტიანები უნდა იყვნენ გადაწყვეტილებით აღსავსე, ყურად იღონ ეკლესიასტეს რჩევა და ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი. რა შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ მათ — მონაწილეობა მიიღონ ღვთისადმი წმინდა მსახურებაში! მაგრამ ასაკის მიუხედავად, თუ ჩვენი დღეების დათვლასა და ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ მათი იეჰოვას განსადიდებლად გამოყენებას ვისწავლით, მოგვეცემა შესაძლებლობა, მარადიულად ვითვალოთ ისინი (დანიელი 12:4; იოანე 17:3). ასე მოქმედებისას, რასაკვირველია, უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი. აგრეთვე უნდა შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რაც ღვთის წინაშე გვაკისრია.
როგორ უპასუხებდით?
◻ რატომ მოუწოდებს ეკლესიასტე ახალგაზრდებს, ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი?
◻ ბიბლიიდან მოიყვანეთ იმ ადამიანთა მაგალითები, რომლებსაც ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი?
◻ სოლომონის სიტყვების თანახმად, რა გავლენას ახდენს სიბერე ადამიანზე?
◻ რა მომავალი ელით მათ, ვისაც ახსოვთ იეჰოვა?
[სურათები 15 გვერდზე]
დავითს, ისრაელ ტყვე გოგონას, ანასა და სიმონს ახსოვდათ იეჰოვა.
[სურათები 16 გვერდზე]
იეჰოვას ხანდაზმული მოწმეები სიხარულით ეწევიან ჩვენი დიდებული შემოქმედისადმი წმინდა მსახურებას.