თავი ოცდამეექვსე
„არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“
1. რატომ არის მანუგეშებელი ესაიას 33:24-ის სიტყვები?
„მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“, — თქვა მოციქულმა პავლემ (რომაელთა 8:22). მედიცინის წინსვლის მიუხედავად ავადმყოფობა და სიკვდილი კვლავაც ტანჯავს კაცობრიობას. მაშ, რა შესანიშნავ იმედს გვაძლევს ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის დასასრულს ნათქვამი სიტყვები! წარმოიდგინეთ დრო, როდესაც „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). როდის და როგორ შესრულდება ეს დანაპირები?
2, 3. ა) რა მხრივ არის დასნეულებული ისრაელი? ბ) როგორ ასრულებს აშური ღვთის დამსჯელი „კვერთხის“ როლს?
2 ესაია იმ პერიოდში წერს თავის წინასწარმეტყველებას, როდესაც ღმერთთან კავშირით შეკრული ერი სულიერად დასნეულებულია (ესაია 1:5, 6). უკიდურესი განდგომილებისა და უზნეობის გამო იეჰოვას მიერ ამ ხალხის მკაცრად დასჯაა საჭირო. აშური იეჰოვას „კვერთხის“ როლს ასრულებს, რომლითაც ისინი ისჯებიან (ესაია 7:17; 10:5, 15). პირველად, ძვ. წ. 740 წელს, აშური ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოს, ისრაელს, იმორჩილებს (მეოთხე მეფეთა 17:1—18; 18:9—11). რამდენიმე წლის შემდეგ კი აშურის მეფე სანხერიბი მთელი ძალით უტევს სამხრეთ სამეფოს, იუდას (მეოთხე მეფეთა 18:13; ესაია 36:1). როდესაც აშური მიწასთან ასწორებს ქვეყანას, იუდას სრული განადგურების საფრთხე ემუქრება.
3 აშური არა მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებს და ღვთის ხალხს სჯის, არამედ პირადი ეგოისტური მიზნის მიღწევას — მსოფლიოს დაპყრობასაც — ცდილობს (ესაია 10:7—11). დაუსჯელად დატოვებს თუ არა იეჰოვა მას იმის გამო, რომ მის ხალხს სასტიკად ეპყრობა? განიკურნება თუ არა ღვთის ერი სულიერი სნეულებისგან? ესაიას 33-ე თავში ამ შეკითხვებზე იეჰოვას პასუხებს ვკითხულობთ.
დამარბევლის დარბევა
4, 5. ა) როგორ შეიცვლება აშურის მდგომარეობა? ბ) რა ლოცვას აღავლენს ესაია იეჰოვას ხალხისთვის?
4 წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: „ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რბევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!“ (ესაია 33:1). ესაია პირდაპირ მიმართავს დამარბეველს, აშურს. დიდების მწვერვალზე მყოფი ამ უძლიერესი დამპყრობელი ერის ძლევა თითქოს შეუძლებელია. ის ‘არბევს, მაგრამ თავად არ ირბევა’, აოხრებს იუდას ქალაქებს და თვით იეჰოვას სახლიდანაც კი მიაქვს განძი, რისთვისაც თითქოს არავინ სჯის! (მეოთხე მეფეთა 18:14—16; მეორე ნეშტთა 28:21). მაგრამ მდგომარეობა შეიცვლება. „შენც დაირბევი“, — გაბედულად ეუბნება ესაია. რა მანუგეშებელია ეს წინასწარმეტყველება ღვთის ერთგული ხალხისთვის!
5 ამ სახიფათო პერიოდში იეჰოვას ერთგულმა თაყვანისმცემლებმა დახმარებისთვის მას უნდა მიმართონ. ამიტომაც ესაია ლოცულობს: «უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ [„ჩვენს“, აქ] [ძალისა და მხარდაჭერის] მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში! შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები» (ესაია 33:2, 3). ესაია სათანადოდ სთხოვს იეჰოვას, იხსნას თავისი ხალხი, როგორც მრავალჯერ უხსნია წარსულში (ფსალმუნი 43:4; 67:2). ესაიას ჯერ დამთავრებული არა აქვს ეს ლოცვა, რომ მასზე იეჰოვას პასუხს წინასწარმეტყველებს!
6. რა დაემართება აშურს და რატომ იმსახურებს ამას?
6 „აიკრიფება თქვენი [აშურელთა] ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის“ (ესაია 33:4). იუდასთვის უცხო არ არის, როგორ ანადგურებენ მწერები ყველაფერს. მაგრამ ამჯერად იუდას მტრები განადგურდებიან. აშური სირცხვილნაჭამი დამარცხდება, მისი მეომრები გაიქცევიან და იუდას მკვიდრნი დიდძალ ნადავლს ჩაიგდებენ ხელში! სისასტიკით ცნობილი აშური ნამდვილად იმსახურებს განადგურებას (ესაია 37:36).
თანამედროვე აშური
7. ა) ვინ ჰგავს დღეს სულიერად დასნეულებულ ისრაელს? ბ) ვინ შეასრულებს იეჰოვას „კვერთხის“ როლს ქრისტიანული სამყაროს გასანადგურებლად?
7 როგორ სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება ჩვენს დროში? სულიერად დასნეულებული ისრაელი ორგულ ქრისტიანულ სამყაროს ჰგავს. როგორც ისრაელის დასასჯელად გამოიყენა იეჰოვამ აშურის „კვერთხი“, ისე გამოიყენებს „კვერთხს“ ქრისტიანული სამყაროსა და ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, „დიდი ბაბილონის“, სხვა რელიგიების დასასჯელად (ესაია 10:5; გამოცხადება 18:2—8). ამ „კვერთხის“ როლს გამოცხადების წიგნში შვიდთავიანი და ათრქიანი შავ-წითელი მხეცით წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ერები შეასრულებენ (გამოცხადება 17:3, 15—17).
8. ა) ვინ ჰგავს დღეს სანხერიბს? ბ) ვისზე თავდასასხმელად აღიძვრება თანამედროვე სანხერიბი და რა იქნება ამის შედეგი?
8 როდესაც თანამედროვე აშური დიდი მძვინვარებით დაარბევს მთელ ცრუ რელიგიურ სამყაროს, დაუჯერებელი იქნება მისი შეჩერება. სატანა ეშმაკი სანხერიბის მსგავსად მოიქცევა და არა მარტო განდგომილ ორგანიზაციებზე მიიტანს იერიშს, რომლებიც დასჯას იმსახურებენ, არამედ ჭეშმარიტ ქრისტიანებზეც. იეჰოვას ცხებული სულიერი ძეების დარჩენილ ნაწილთან ერთად ღვთის სამეფოს მხარს უჭერს სატანის სისტემიდან და მისი შემადგენელი ნაწილიდან — დიდი ბაბილონიდან — გამოსული მილიონობით ადამიანი. ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობენ სატანის განდიდებაზე, რის გამოც განრისხებული სატანა — „ამ წუთისოფლის ღმერთი“ — მთელი ძალით შეუტევს მათ (2 კორინთელთა 4:4; ეზეკიელი 38:10—16). მიუხედავად იმისა, რომ მისი თავდასხმა, უეჭველად, თავზარდამცემი იქნება, იეჰოვას ხალხს არ მოუწევს შიშით კანკალი (ესაია 10:24, 25). მათ ღვთის მიერ აქვთ აღთქმული, რომ მათი ‘სახსარი იქნება გასაჭირში’. იეჰოვა დაიცავს მათ და გაანადგურებს სატანასა და მის ურდოებს (ეზეკიელი 38:18—23). ზუსტად ისე, როგორც ძველ დროში, თავად ღვთის ხალხის დარბევის მსურველნი დაირბევიან! (შეადარეთ იგავნი 13:22ბ). იეჰოვას სახელი განიწმინდება და გადარჩენილები დაჯილდოვდებიან იმისათვის, რომ ეძებდნენ ‘სიბრძნეს, ცოდნასა და უფლის შიშს’ (წაიკითხეთ ესაია 33:5, 6).
გაფრთხილება ურწმუნოთათვის
9. ა) რას გააკეთებენ იუდას „ბუმბერაზნი“ და „მშვიდობის მოციქულნი“? ბ) როგორ გამოეხმაურება აშური მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების მსურველ იუდას?
9 რა დაემართებათ ურწმუნო იუდაელებს? ესაია აღწერს, რა უბედურებას დაატეხს მალე მათ აშური (წაიკითხეთ ესაია 33:7). იუდას „ბუმბერაზი“ მეომრები შიშით შეჰყვირებენ აშურის თავდასხმის დროს. „მშვიდობის მოციქულნი“ — იუდას წარმომადგენლები, რომლებიც მეომარ აშურელებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ — დაცინვასა და დამცირებას ვერ ასცდებიან. ისინი მწარედ აქვითინდებიან წარუმატებლობის გამო (შეადარეთ იერემია 8:15). სასტიკი აშური არ შეიბრალებს მათ (წაიკითხეთ ესაია 33:8, 9). ის ულმობლად დაარღვევს იუდას მოსახლეობასთან დადებულ აღთქმებს (მეოთხე მეფეთა 18:14—16). აშური ‘აითვალწუნებს’ იუდას «მოწმეთ [„ქალაქებს“, აქ]», ზიზღითა და სიძულვილით დაუწყებს მათ ყურებას და არაფრად ჩააგდებს ადამიანის სიცოცხლეს. იმდენად ცუდი მდგომარეობა შეიქმნება, რომ თითქოს მიწაც კი იგლოვებს. აგრეთვე ლიბანი, შარონი, ბაშანი და ქარმელი იგლოვებენ განადგურების გამო.
10. ა) როგორ გამოვლინდება ქრისტიანული სამყაროს „ბუმბერაზთა“ უუნარობა? ბ) ვინ დაიცავს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ქრისტიანული სამყაროს უბედურების დღეს?
10 უეჭველად, ასეთი ვითარება შეიქმნება უახლოეს მომავალში, როდესაც ერები რელიგიაზე თავდასხმას დაიწყებენ. როგორც ხიზკიაჰუს დღეებში, ამ დამანგრეველი ძალებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ფუჭი აღმოჩნდება. ქრისტიანული სამყაროს „ბუმბერაზნი“ — მისი პოლიტიკოსები, ფინანსისტები და სხვა გავლენიანი პირები — ვერ უშველიან მას. დაირღვევა პოლიტიკური და ფინანსური „აღთქმები“ ანუ შეთანხმებები, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს ინტერესების დასაცავად არის განკუთვნილი (ესაია 28:15—18). განადგურებისგან დიპლომატიური მეთოდებით თავის დაღწევის ნებისმიერი მცდელობა უსარგებლო აღმოჩნდება. კომერციული საქმიანობა შეჩერდება, როდესაც ქრისტიანულ სამყაროს ქონება წაერთმევა ან გაუნადგურდება. ყველა, ვისაც გული შესტკივა ქრისტიანულ სამყაროზე, მხოლოდ მოშორებით დადგება და დაიტირებს მის განადგურებას (გამოცხადება 18:9—19). აღმოიფხვრება თუ არა ჭეშმარიტი ქრისტიანობა ცრუ ქრისტიანობასთან ერთად? არა. იეჰოვა ამბობს: „ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები“ (ესაია 33:10).შ2 ბოლოს იეჰოვა ამოქმედდება ხიზკიაჰუს მსგავს ერთგულ მსახურთა დასაცავად და შეაჩერებს აშურს (ფსალმუნი 11:6).
11, 12. ა) როდის და როგორ სრულდება ესაია 33:11—14-ის სიტყვები? ბ) რა გაფრთხილებას იძლევა დღეს იეჰოვა ამ სიტყვებით?
11 ურწმუნოებს არ უნდა ჰქონდეთ ასეთი დაცვის იმედი. იეჰოვა ამბობს: „თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი. საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფული ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში. გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება! შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი: რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?“ (ესაია 33:11—14). როგორც ჩანს, ეს სიტყვები იმ პერიოდში სრულდება, როდესაც იუდას ახალი მტერი, ბაბილონი, ესხმის. ხიზკიაჰუს სიკვდილის შემდეგ იუდა თავის ბოროტ გზებს უბრუნდება. შემდგომი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იუდაში მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ მთელი ერი ღვთის რისხვის ცეცხლით დასასჯელი ხდება (მეორე რჯული 32:22).
12 ღვთის ურჩთა ბოროტ გეგმებსა და ღვთის რისხვისგან თავის არიდების მცდელობებს ჩალის ფასი ექნება. ფაქტობრივად, ერის ამაყი და მოჯანყე სულისკვეთების გამო მოვლენები ისე განვითარდება, რომ ხალხის განადგურება გარდაუვალი იქნება (იერემია 52:3—11). ბოროტეულნი „საკირის საწვავად იქცევიან“ ანუ მთლიანად განადგურდებიან! კარს მომდგარი უბედურების გამო შიშის ზარი აიტანს იუდას მკვიდრთ. იეჰოვას მიერ ორგული იუდას მიმართ ნათქვამი სიტყვები კარგად აღწერს ქრისტიანული სამყაროს წევრთა დღევანდელ მდგომარეობას. მათაც ასეთივე უბედურება ელით, თუ ყურად არ იღებენ ღვთის გაფრთხილებას.
„მართლად მსვლელი“
13. რა აღთქმა დაუდო ღმერთმა „მართლად მსვლელს“ და როგორ შესრულდა ის იერემიას შემთხვევაში?
13 ახლა იეჰოვა სრულიად საპირისპირო რამეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: „მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე — აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა პური და ექნება წყალი დაუწყვეტელი“ (ესაია 33:15, 16). როგორც მოციქული პეტრე ამბობს მოგვიანებით, „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (2 პეტრე 2:9). ღმერთმა იერემია იხსნა ამგვარად. იმ პერიოდში, როდესაც ბაბილონელებს ალყაში ჰყავდათ იერუსალიმი, ქალაქის მცხოვრებნი „წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს“ (ეზეკიელი 4:16). ქალები თავიანთ შვილებსაც კი ჭამდნენ (გოდება იერემიასი 2:20). მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ იერემია გადარჩენილიყო.
14. როგორ შეუძლიათ თანამედროვე ქრისტიანებს, „მართლად მსვლელნი“ იყვნენ?
14 დღევანდელი ქრისტიანებიც „მართლად მსვლელნი“ უნდა იყვნენ იეჰოვას კანონების ყოველდღიურად დაცვით (ფსალმუნი 14:1—5). ისინი „წრფელად მოუბარნიც“ უნდა იყვნენ და უარყონ ნებისმიერი სიცრუე (იგავნი 3:32). თაღლითობა და მექრთამეობა შეიძლება ჩვეულებრივი რამ იყოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ეს საძულველია „მართლად მსვლელისთვის“. აგრეთვე ქრისტიანებმა „კეთილი სინდისით“ უნდა იხელმძღვანელონ საქმიანი გარიგებების დროს და მოერიდონ ბნელ და თაღლითურ ინტრიგებს (ებრაელთა 13:18; 1 ტიმოთე 6:9, 10). მას, ვინც ‘ყურს იხშობს სისხლიან ამბავზე და თვალს ხუჭავს ბოროტების ცქერაზე’, გარჩევის უნარი ექნება მუსიკასთან და გართობასთან დაკავშირებით (ფსალმუნი 118:37). განაჩენის აღსრულების დღეს იეჰოვა დაიცავს და გადაარჩენს ამ ნორმების თანახმად მცხოვრებ თავის თაყვანისმცემლებს (სოფონია 2:3).
„თვალები იხილავენ მეფეს“
15. რა აღთქმა გაამხნევებს ტყვეობაში მყოფ ერთგულ იუდაელებს?
15 შემდეგ ესაია შთამბეჭდავად აღწერს მომავალს: „შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას. შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი? თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს“ (ესაია 33:17—19). მომავალი მესიანური მეფისა და მისი სამეფოს შესახებ აღთქმა გაამხნევებს ათწლეულების მანძილზე ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ერთგულ იუდაელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ შორიდან შეეძლებათ ამ სამეფოს ხილვა (ებრაელთა 11:13). როდესაც მესიის მმართველობა რეალობა გახდება, ბაბილონის ბატონობა შორეულ მოგონებად იქცევა. აშურელთა თავდასხმას გადარჩენილები სიხარულით იკითხავენ: „სად არიან ტირანის მოხელეები, რომლებიც გადასახადს გვახდევინებდნენ, გვბეგრავდნენ და ხარკს გვართმევდნენ?“ (ესაია 33:18, „მოფატი“).
16. როდიდან ‘ხედავს’ ღვთის ხალხი მესიანურ მეფეს და რა არის ამის შედეგი?
16 მიუხედავად იმისა, რომ ესაიას სიტყვები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების გარანტიას იძლევა, ღვთის ერთგული ზოგი დატყვევებული იუდაელი ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის ბოლომდე შესრულებით მხოლოდ მკვდრეთით აღგომის შემდეგ გაიხარებს. რა შეიძლება ითქვას ღვთის დღევანდელ მსახურებზე? 1914 წლიდან იეჰოვას ხალხს შესაძლებლობა აქვს, ‘იხილოს’ მესიანური მეფე იესო ქრისტე მის სულიერ მშვენებაში (ფსალმუნი 44:3; 117:22—26). ამის შედეგად ისინი სატანის ბოროტი სისტემის ჩაგვრისა და ბატონობისგან იქნენ დახსნილი. სიონის, ღვთის სამეფოს ტახტის, მფარველობით ისინი ჭეშმარიტი სულიერი უსაფრთხოებით ტკბებიან.
17. ა) რა აღთქმები დადო იეჰოვამ სიონთან დაკავშირებით? ბ) როგორ სრულდება იეჰოვას მიერ სიონთან დაკავშირებული აღთქმები მესიანურ სამეფოსა და მის მიწიერ მხარდამჭერებზე?
17 ესაია განაგრძობს: „შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება. რადგან იქ გვეყოლება უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის“ (ესაია 33:20, 21). ესაია გვარწმუნებს, რომ მესიანური სამეფო არასდროს იქნება აღმოფხვრილი და განადგურებული. გარდა ამისა, ცხადია, ასევე იქნებიან დაცული ღვთის სამეფოს თანამედროვე მხარდამჭერებიც დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხვდება რწმენის მკაცრ გამოცდებს, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები დარწმუნებული არიან, რომ მათი კრების განადგურების ვერავითარი მცდელობა ვერ იქნება წარმატებული (ესაია 54:17). იეჰოვა დაიცავს თავის ხალხს, ისევე როგორც თხრილი ან არხი იცავს ქალაქს. მათ წინააღმდეგ წამოსული ვერავითარი მტერი — უძლიერესი „ნიჩბებიანი ხომალდი“ და „ძლიერი გემიც“ კი — ვერ ასცდება დაღუპვას!
18. რა პასუხისმგებლობას იღებს იეჰოვა?
18 მაგრამ რატომ შეუძლიათ ღვთის სამეფოს მოყვარულთ, ღვთის მფარველობაში იყვნენ დარწმუნებული? ესაია გვიხსნის: „უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ“ (ესაია 33:22). იეჰოვა იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას და დაიფაროს თავისი ხალხი, რომელიც აღიარებს მის უზენაესობას. ასეთი ადამიანები საკუთარი ნებით ემორჩილებიან მის მმართველობას, რომელიც მესიანური მეფის მეშვეობით ხორციელდება და მართებულად მიაჩნიათ, რომ იეჰოვას უფლება აქვს, არა მარტო შექმნას კანონები, არამედ აამოქმედოს კიდეც ისინი. მაგრამ იეჰოვა სიმართლისა და სამართლის მოყვარული ღმერთია და ამიტომაც მისი და მისი ძის მმართველობა ტვირთი არ არის ღვთის თაყვანისმცემელთათვის. პირიქით, მათთვის მხოლოდ ‘სიკეთე’ მოაქვს იეჰოვასადმი მორჩილებას (ესაია 48:17). იეჰოვა არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 36:28).
19. როგორ აღწერს ესაია ღვთის ერთგული ხალხის მტრების წარუმატებლობას?
19 ესაია ეუბნება ღვთის ერთგული ხალხის მტრებს: „მოშვებულია შენი საბელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას“ (ესაია 33:23). იეჰოვას წინააღმდეგ ნებისმიერი მტერი უუნარო იქნება და უმწეო აღმოჩნდება, როგორც უიალქნო საბრძოლო გემი მწყობრიდან გამოსული ტაკელაჟითა და მორყეული ანძით. ღვთის მტრების განადგურების შემდეგ იმდენად დიდძალი ქონება დარჩება, რომ კოჭლებიც კი დაიწყებენ ნადავლის ხელში ჩაგდებას. ამიტომაც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მეფე იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვა გაიმარჯვებს თავის მტრებზე მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროს (გამოცხადება 7:14).
განკურნება
20. როგორ და როდის განიკურნება ღვთის ხალხი?
20 ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის დასასრულს მანუგეშებელი აღთქმაა მოცემული: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული“ (ესაია 33:24). ესაია აქ ძირითადად სულიერ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს, რადგან ეს ავადმყოფობა ცოდვასთან ანუ „დანაშაულთან“ არის დაკავშირებული. ამ სიტყვების პირველი შესრულებისას იეჰოვას აღთქმა იმას ნიშნავს, რომ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ერი სულიერად განიკურნება (ესაია 35:5, 6; იერემია 33:6; შეადარეთ ფსალმუნი 103:1—5). ღმერთი ხალხს ძველ ცოდვებს მიუტევებს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენენ.
21. დღეს რა მხრივ იკურნებიან სულიერად იეჰოვას თაყვანისმცემლები?
21 აღსანიშნავია, რომ ესაიას წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება. იეჰოვას ხალხი ჩვენს დროშიც განიკურნა სულიერი გაგებით. ისინი გათავისუფლდნენ ისეთი ცრუ სწავლებებისგან, როგორიც სულის უკვდავება, სამება და ჯოჯოხეთის შესახებ წარმოდგენაა. მათ ხელმძღვანელობა მიიღეს ზნეობის საკითხებში, რამაც ისინი უზნეო საქმეებისგან გაათავისუფლა და სწორი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა. იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ისინი სპეტაკნი არიან ღვთის თვალში და სუფთა სინდისი აქვთ მის წინაშე (კოლასელთა 1:13, 14; 1 პეტრე 2:24; 1 იოანე 4:10). ამ სულიერ განკურნებას ფიზიკური სარგებლობაც მოაქვს. მაგალითად, უზნეო სექსსა და თამბაქოს პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმა ქრისტიანებს სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებებისა და კიბოს სხვადასხვა ფორმისგან იცავს (1 კორინთელთა 6:18; 2 კორინთელთა 7:1).
22, 23. ა) ესაიას 33:24-ის რა დიდებულ შესრულებას ველით მომავალში? ბ) რა აქვთ გადაწყვეტილი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს დღეს?
22 გარდა ამისა, არმაგედონის შემდეგ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, ესაიას 33:24-ის სიტყვები უფრო დიდებულად შესრულდება. მესიანური სამეფოს ქვეშევრდომად მცხოვრებ ადამიანებს სულიერ განკურნებასთან ერთად დიდებული ფიზიკური განკურნებაც ელით (გამოცხადება 21:3, 4). სატანის სისტემის განადგურებიდან მცირე ხანში მსოფლიო მასშტაბით უეჭველად მოხდება სასწაულები, რომლებსაც იესო ახდენდა დედამიწაზე ყოფნის დროს. უსინათლონი დაინახავენ, ყრუებს სმენის უნარი მიეცემათ და დავრდომილნი გაივლიან! (ესაია 35:5, 6). ეს საშუალებას მისცემს ყველას, ვინც დიდ გასაჭირში გადარჩება, მონაწილეობა მიიღონ მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევის დიდებულ საქმიანობაში.
23 მოგვიანებით, როდესაც მკვდრეთით აღდგომა დაიწყება, ცხადია, ხალხი სრულიად ჯანმრთელი აღდგება. გარდა ამისა, კაცობრიობის მიმართ გამომსყიდველური მსხვერპლის თანდათანობით გამოყენების საფუძველზე, ხალხის ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო გაუმჯობესდება სრულყოფილების მიღწევამდე. მაშინ მართალი ადამიანები ნამდვილად ‘გაცოცხლდებიან’ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (გამოცხადება 20:5, 6). იმ დროს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას შეეხება სიტყვები „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. რა შესანიშნავი აღთქმაა! დაე ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი შეეცადოს დღეს იმ ხალხს შორის ყოფნას, ვისზეც ეს სიტყვები შესრულდება!
[სურათი 344 გვერდზე]
ესაია რწმენით ლოცულობს იეჰოვასადმი.
[სურათი 353 გვერდზე]
გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით იეჰოვას ხალხი ღვთის თვალში სუფთაა.
[სურათი 354 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში კაცობრიობას დიდებული ფიზიკური განკურნება ელის.