ბიბლიის წიგნი 23 — ესაია
დამწერი: ესაია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 732 წლის შემდეგ
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 778 — ძვ. წ. 732 წლის შემდეგ
1. რა მდგომარეობა იყო ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელსა და იუდაში, ძვ. წ. მერვე საუკუნეში?
ახლო აღმოსავლეთის დიდ თუ პატარა სახელმწიფოებს ულმობელი ასურეთი ემუქრებოდა. ყველგან შეთქმულებასა და მოკავშირეობაზე ლაპარაკობდნენ (ეს. 8:9—13). განდგომილი ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო მალე ასეთი პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი გახდებოდა. არც სამხრეთით იუდას სამეფო იყო უკეთეს მდგომარეობაში (2 მეფ., თავები 15—21). იმ დროს გამოიგონეს და აამოქმედეს ახალი საომარი იარაღები, რამაც მეტად შეაშინა ხალხი (2 მატ. 26:14, 15). ვინ დაიფარავდა და იხსნიდა ხალხს? იუდას სამეფოში ხალხსაც და მღვდლებსაც იეჰოვას სახელი ეკერათ პირზე, მაგრამ მათი გული შორს იყო ღვთისგან. მათ ჯერ ასურეთს მიმართეს დახმარებისთვის, შემდეგ კი — ეგვიპტეს (2 მეფ. 16:7; 18:21). იეჰოვას მხსნელი ძალა აღარავის ახსოვდა. თუმცა აშკარა კერპთაყვანისმცემლობას არ მისდევდნენ, მათი თაყვანისმცემლობა მოჩვენებითი და თვალთმაქცური უფრო იყო, ვიდრე ღვთის შიშით ნაკარნახევი.
2. ა) ვინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ იეჰოვას სახელით ილაპარაკებდა და რომელ წელს მოხდა ეს? ბ) რით არის აღსანიშნავი ამ წინასწარმეტყველის სახელი?
2 მაშ, ვინღა ილაპარაკებდა იეჰოვას სახელით? ვინ გააცხადებდა მისი მხსნელი ძალის შესახებ? „მე წავალ! მე გამგზავნე!“ — გაისმა ესაიას ხმა, რომელიც მანამდეც წინასწარმეტყველებდა. ეს მოხდა დაახლოებით ძვ. წ. 778 წელს, როცა კეთროვანი მეფე უზია გარდაიცვალა (ეს. 6:1, 8). სახელი ესაია ნიშნავს „ხსნა იეჰოვასგანაა“. ამ სახელს იესოს სახელის მნიშვნელობა აქვს („იეჰოვაა ხსნა“) და მისგან მხოლოდ სიტყვების წყობით განსხვავდება. ესაიას მთელი წინასწარმეტყველება სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ხსნა იეჰოვასგანაა.
3. ა) რა ვიცით ესაიას შესახებ? ბ) რომელ წლებში წინასწარმეტყველებდა და ვინ იყვნენ მისი თანამედროვე წინასწარმეტყველები?
3 ესაია ამოცის ძე იყო (ეს არ არის წინასწარმეტყველი ამოსი, რომელიც იუდაში წინასწარმეტყველებდა) (1:1). წმინდა წერილები არაფერს ამბობს ესაიას დაბადებასა და სიკვდილზე, თუმცა, იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ბოროტმა მეფე მენაშემ ის გადაახერხვინა (შეადარეთ ებრაელების 11:37). მისი წიგნიდან ჩანს, რომ ის იერუსალიმში ცხოვრობდა წინასწარმეტყველ ცოლსა და, სულ მცირე, ორ ვაჟთან ერთად, რომლებსაც წინასწარმეტყველური სახელები ჰქონდათ (ეს. 7:3; 8:1, 3). ესაია მსახურობდა არანაკლებ ოთხი მეფის — უზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას დროს, როგორც ჩანს, ძვ. წ. 778 წლიდან (როცა უზია გარდაიცვალა ან უფრო ადრე) ძვ. წ. 732 წლის შემდგომ პერიოდამდე (ხიზკიას მეფობის მე-14 წელი) ანუ, სულ მცირე, 46 წელს. ეჭვგარეშეა, თავისი წინასწარმეტყველება მას ძვ. წ. 732 წლის შემდეგ უნდა დაეწერა (1:1; 6:1; 36:1). მის დროს იუდაში მიქა წინასწარმეტყველებდა, ხოლო ჩრდილოეთ სამეფოში — ოსია და ოდედი (მიქ. 1:1; ოს. 1:1; 2 მატ. 28:6—9).
4. რა ცხადყოფს, რომ წიგნი ესაიამ დაწერა?
4 იეჰოვამ უბრძანა ესაიას, დაეწერა წინასწარმეტყველური განაჩენი, რის შესახებაც ესაიას 30:8-ში ვკითხულობთ: „ახლა მიდი და დაწერე ფილაზე მათ თვალწინ, ჩაწერე ეს წიგნში სამომავლოდ, მარადიული მოწმობისთვის“. ძველად რაბინები ამ წინასწარმეტყველების დამწერად ესაიას მიიჩნევდნენ და მას დიდ წინასწარმეტყველთა შორის (ესაია, იერემია და ეზეკიელი) პირველი ადგილი მიაკუთვნეს.
5. რა ცხადყოფს, რომ „ესაია“ ერთი წიგნია?
5 ზოგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მე-40 თავიდან წიგნის წერის სტილი იცვლება, თითქოს ის სხვა მწერლის, „მეორე ესაიას“ დაწერილი იყოს. მაგრამ ეს შეგვიძლია შინაარსის ცვლილებით ავხსნათ. არსებობს მრავალი მტკიცება, რომ წიგნი თავიდან ბოლომდე ესაიამ დაწერა. მაგალითად, ამაზე მოწმობს გამოთქმა „ისრაელის წმინდა“, რომელიც 1—39 თავებში 12-ჯერ გვხვდება და 40—66 თავებში 13-ჯერ, მთლიანობაში — 25-ჯერ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ებრაულ წერილებში ეს გამოთქმა მხოლოდ 6-ჯერ გვხვდება. პავლე მოციქულიც ადასტურებს წიგნის მთლიანობას, მოჰყავს ციტატები მთელი წინასწარმეტყველებიდან და მათ ერთ მწერალს, ესაიას მიაწერს (შეადარეთ რომაელების 10:16, 20; 15:12 და ესაიას 53:1; 65:1; 11:1).
6. როგორ ცხადყოფს მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომ: ა) თანამედროვე ბიბლიები შეიცავს იმავე ცნობას, რაც ესაიამ ღვთის შთაგონებით ჩაწერა? და ბ) მთელი წიგნი ესაიამ დაწერა?
6 საინტერესოა, რომ 1947 წლიდან მოყოლებული მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით ხირბეთ კუმრანის მახლობლად გამოქვაბულებში არაერთი უძველესი საბუთი აღმოაჩინეს. ეს იყო „მკვდარი ზღვის ხელნაწერები“, რომლებიც ესაიას წინასწარმეტყველებასაც შეიცავდა. ის წინამასორეტული ლამაზი ებრაულით არის დაწერილი და კარგად არის შემონახული. ხელნაწერი დაახლოებით 2000 წლისაა და ძვ. წ. მეორე საუკუნის დასასრულით თარიღდება. ამგვარად, მისი ტექსტი თითქმის ათასი წლით ძველია მასორეტულ ტექსტზე, რომელსაც ებრაული წერილების თანამედროვე თარგმანები ეფუძნება. მისი მართლწერა და გრამატიკული წყობა ოდნავ განსხვავდება მასორეტული ტექსტისგან, მაგრამ არა მისი მოძღვრება. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი ბიბლია შეიცავს იმავე ცნობას, რაც ესაიამ ღვთის შთაგონებით ჩაწერა. ამასთანავე, ეს ძველი ხელნაწერები აბათილებს ორი „ესაიას“ შესახებ კრიტიკოსთა განაცხადს, რადგან მე-40 თავი იმ სვეტის ბოლო ხაზიდან იწყება, სადაც 39-ე თავი მთავრდება, და მისი პირველი წინადადება შემდგომ სვეტში გადადის. აშკარაა, გადამწერმა არაფერი იცოდა მწერლის შეცვლის ან წიგნის ამ ადგილზე გაყოფის შესახებa.
7. რა ადასტურებს „ესაიას“ უტყუარობას?
7 არსებობს ესაიას წიგნის უტყუარობის უამრავი მტკიცება. მოსეს გარდა, სხვა არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის ისე ხშირად ციტირებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, როგორც ესაია. არსებობს მისი უტყუარობის დამადასტურებელი ისეთი ისტორიული და არქეოლოგიური მტკიცებები, როგორიცაა ასურეთის მეფეთა მატიანეები, მათ შორის სინახერიბის ექვსკუთხოვანი პრიზმა, რომელზეც მან იერუსალიმის ალყაში მოქცევის საკუთარი ვერსია დაწერა (ეს., თავები 36, 37)b. ბაბილონის ნანგრევები დღესაც მოწმობს ესაიას 13:17—22-ის შესრულებაზეc. ცოცხალი მოწმე იყო ბაბილონიდან დაბრუნებული ათასობით იუდეველი, რომლებიც მეფე კიროსმა გაათავისუფლა; ესაიამ ამ მოვლენამდე თითქმის 200 წლით ადრე მოიხსენია ის სახელით. შესაძლოა კიროსს მოგვიანებით აჩვენეს ეს წინასწარმეტყველება, რადგან იუდეველების გათავისუფლებისას მან განაცხადა, რომ ეს იეჰოვასგან ჰქონდა დავალებული (ეს. 44:28; 45:1; ეზრ. 1:1—3).
8. როგორ ცხადყოფს „ესაიას“ ღვთივშთაგონებულობას მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები?
8 „ესაია“ განსაკუთრებით გამოირჩევა მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებით. მას „ძველი აღთქმის მახარობელი“ უწოდეს, რადგან მისი მრავალი წინასწარმეტყველება იესოზე შესრულდა. 53-ე თავი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საიდუმლო იყო არა მხოლოდ საქმეების მე-8 თავში მოხსენიებული ეთიოპი საჭურისისთვის, არამედ იუდეველებისთვისაც, ისე ცოცხლად წინასწარმეტყველებს იესოსადმი დამოკიდებულებას, თითქოს ეს თვითმხილველმა აღწერა. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, როგორ შესრულდა ამ ღირსშესანიშნავ თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები: 1-ლი მუხლი — იოანე 12:37, 38; მე-2 მუხლი — იოანე 19:5—7; მე-3 მუხლი — მარკოზი 9:12; მე-4 მუხლი — მათე 8:16, 17; მე-5 მუხლი — 1 პეტრე 2:24; მე-6 მუხლი — 1 პეტრე 2:25; მე-7 მუხლი — საქმეები 8:32, 35; მე-8 მუხლი — საქმეები 8:33; მე-9 მუხლი — მათე 27:57—60; მე-10 მუხლი — ებრაელები 7:27; მე-11 მუხლი — რომაელები 5:18; მე-12 მუხლი — ლუკა 22:37. ვინ იქნებოდა ამ ზუსტი წინასწარმეტყველებების ავტორი, თუ არა ღმერთი?!
შინაარსი
9. როგორ იყოფა შინაარსის მიხედვით წიგნი „ესაია“?
9 პირველი ექვსი თავი მოგვითხრობს იუდასა და იერუსალიმში არსებულ ვითარებაზე, იეჰოვას წინაშე იუდას დანაშაულზე და ესაიასთვის დავალების მიცემაზე. მე-7—12 თავებიდან ვიგებთ თავდასხმის საფრთხესა და დაპირებაზე, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მიერ დანიშნული „მშვიდობის მთავარი“ ხსნას მოუტანდა ხალხს. მე-13—35 თავებში ჩაწერილია მრავალი ერისთვის გამოტანილი განაჩენი და იეჰოვასგან ხსნის შესახებ წინასწარმეტყველება. ისტორიული მოვლენები, რომლებიც ხიზკიას მმართველობის დროს მოხდა, აღწერილია 36—39-ე თავებში. მე-40—66 თავებში ნაწინასწარმეტყველებია იუდეველების ბაბილონიდან გათავისუფლება, იერუსალიმში დაბრუნება და სიონის აღდგენა.
10. ა) რატომ მოუწოდა ესაიამ ხალხს, იეჰოვასთან მოეგვარებინათ საქმე? ბ) რა იწინასწარმეტყველა მან ბოლო დღეებთან დაკავშირებით?
10 ესაიას სიტყვა „იუდასა და იერუსალიმის შესახებ“ (1:1—6:13). წარმოიდგინეთ, რომ ესაიას ჯვალო და სანდლები აცვია, შუა იერუსალიმში დგას და ხალხს მიმართავს: ულმობელო მმართველებო და იერუსალიმის მკვიდრნო! მომისმინეთ! თავიდან ფეხისგულამდე დასნეულებულები ხართ. დაიღალა იეჰოვა თქვენი ლოცვებით, სისხლიან ხელებს რომ იშვერთ მისკენ. მოდით და მოაგვარეთ საქმე მასთან; ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება. უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა ყველაზე მაღლა აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას, მისი კანონები რომ ისწავლონ. ისინი აღარ ისწავლიან ომს. იეჰოვა განდიდდება და განიწმინდება. მაგრამ ისრაელმა და იუდამ, ერთ დროს საუკეთესო ვაზმა, ახლა უკანონობის ნაყოფი გამოიღო. ისინი კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს, რადგან საკუთარ თვალში ბრძენები არიან.
11. რა იხილა ესაიამ და რა დავალება მისცა მას იეჰოვამ?
11 „ვიხილე დიდებულ და ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა“, — თქვა ესაიამ. ხილვაში იეჰოვამ უბრძანა მას: «წადი და უთხარი ამ ხალხს: „კვლავ ისმინეთ“». როდემდე? „სანამ ქალაქი ნანგრევებად არ იქცევა“ (6:1, 9, 11).
12. ა) რატომ აქცია იეჰოვამ ესაია და მისი ვაჟები წინასწარმეტყველურ ნიშნებად? ბ) რა შესანიშნავ დაპირებას ვკითხულობთ ესაიას მე-9 თავში?
12 თავდასხმის საფრთხე და დაპირება ხსნის შესახებ (7:1—12:6). იეჰოვამ წინასწარმეტყველურ ნიშნებად და სასწაულებად აქცია ესაია და მისი ვაჟები, რათა დაენახვებინა ხალხისთვის, რომ სირიელთა და ისრაელთა მოკავშირე ძალები ვერ სძლევდნენ იუდას, მაგრამ მოგვიანებით იუდა ტყვედ ჩავარდებოდა და მხოლოდ ცოტანი დაბრუნდებოდნენ სამშობლოში. ქალწული დაორსულდება და გააჩენს ვაჟს. რას დაარქმევენ მას? ემანუელს (ნიშნავს „ღმერთი ჩვენთანაა“). იუდას მტრებს ყურად უნდა ეღოთ ეს. „სარტყელი შემოირტყით და გაცამტვერდით“. ღვთის ხალხს ძნელბედობის ჟამი დაუდგებოდა, მაგრამ მოგვიანებით დიდი სინათლეც გამოუბრწყინდებოდათ. შეგვეძინა შვილი და „დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი“ (7:14; 8:9, 18; 9:6).
13. ა) რა დაემართება კადნიერ ასურელს? ბ) როგორი იქნება იესესგან ამოსული ყლორტის მმართველობა?
13 იეჰოვამ ხმამაღლა თქვა: „აი, ასურელი, ჩემი რისხვის კვერთხი!“. ღმერთი ამ კვერთხს ჯერ „განდგომილი ერის“ დასასჯელად გამოიყენებდა, შემდეგ კი თავად კადნიერ ასურელს გაანადგურებდა. ‘მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდებოდა’ სამშობლოს (10:5, 6, 21). ამოვიდოდა ამონაყარი, ყლორტი იესეს, დავითის მამის, ძირკვიდან. ეს ყლორტი იმმართველებს სიმართლით და მისით გაიხარებს მთელი ქმნილება. ისინი ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ, „რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (11:1, 9). ის ნიშნად იდგება ერებისთვის და გზა გაიკვალება ასურეთიდან სამშობლოში დაბრუნებულთათვის. ისინი სიხარულით ამოიღებენ წყალს ხსნის წყაროებიდან და ქებას უმღერებენ იეჰოვას.
14. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ ბაბილონზე?
14 ბაბილონისთვის გამოტანილი განაჩენი (13:1—14:27). შემდეგ ესაიამ იწინასწარმეტყველა იმ დროზე, როცა ბაბილონი აღზევებული იქნებოდა. ისმინეთ! მრავალრიცხოვანი ხალხის, სამეფოების, ერთად შეკრებილი ერების ყაყანი ისმის! იეჰოვა საომრად კრებს ლაშქარს! ეს ბაბილონისთვის შავბნელი დღეა. ხალხს ალმური ასდის სახეზე და გული უდნება. დაუნდობელი მიდიელები დაამხობენ ბაბილონს, „სამეფოების მშვენებას“. ის არასოდეს დასახლდება, „თაობიდან თაობაში“ მხეცების თავშესაფარი გახდება (13:19, 20). სამარეში მყოფი მკვდრები მიეგებებიან ბაბილონის მეფეს, რომელსაც მატლები ექნება ტახტად, ჭიაყელები — საფრად. ზეციდან ჩამოვარდება ეს „მანათობელი, განთიადის ძე!“ (14:12). მან მოინდომა, მაღლა დაედგა თავისი ტახტი, მაგრამ გადაგდებულ გვამს დაემსგავსება, როცა იეჰოვა მოსპობის ცოცხით გახვეტს მას; არ დაუტოვებს მას არც სახელს, არც დარჩენილებს, არც მოდგმასა და არც შთამომავლობას.
15. რომელი სამეფოების წინააღმდეგ გააცხადა ესაიამ განაჩენი?
15 სხვადასხვა სამეფოს განაჩენი (14:28—23:18). შემდეგ ესაიამ ღვთის განაჩენი გაუცხადა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ფილისტიმს, მკვდარი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მოაბს, ისრაელის ჩრდილოეთით მოსაზღვრე სირიელთა დამასკოს, სამხრეთით მდებარე ეთიოპიასა და ნილოსის პირას გადაჭიმულ ეგვიპტეს. მან თქვა, რომ ასურელთა მეფე სარგონი, სინახერიბის წინამორბედი, თავის მხედართმთავარ თართანს გაგზავნიდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ აშდოდში, იერუსალიმის დასავლეთით. იეჰოვას ბრძანებით, ესაიას სამი წლის მანძილზე ტანშიშველსა და ფეხშიშველს უნდა ევლო. ამით ხალხისთვის უნდა დაენახვებინა, რომ აზრი არ ჰქონდა ეგვიპტელებსა და ეთიოპებზე მინდობას, რადგან მათ „საჯდომგაშიშვლებულებს“ წაიყვანდნენ ასურეთში (20:4).
16. რა უბედურება დაატყდებოდა ბაბილონს, ედომსა და იერუსალიმის ხმაურიან მცხოვრებთ, ასევე სიდონსა და ტვიროსს?
16 გუშაგმა საგუშაგო კოშკიდან დაინახა ბაბილონისა და მისი ღმერთების განადგურება და ედომის უბედურება. შემდეგ იერუსალიმის ხმაურიან მცხოვრებთ, რომლებიც ამბობდნენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო“, იეჰოვამ უთხრა: „დაიხოცებით“ (22:13, 14). თარშიშის ხომალდებიც იღრიალებდნენ და სიდონი შერცხვებოდა, ტვიროსი დაეცემოდა, რადგან იეჰოვამ გადაწყვიტა, „სიძულვილით მოპყრობოდა დედამიწის ყველა პატივდებულს“ (23:9).
17. რა განაჩენი და ხსნა უწინასწარმეტყველა ესაიამ იუდას?
17 იუდას განაჩენი და ხსნა (24:1—27:13). იეჰოვა დააცარიელებს იუდას. ხალხი და მღვდელი, მსახური და ბატონი, მყიდველი და გამყიდველი — ყველა ტყვედ ჩავარდება, რადგან გვერდი აუარეს ღვთის კანონს და დაარღვიეს მარადიული შეთანხმება. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა, რომ მრავალი დღის შემდეგ მიაქცევს ყურადღებას ამ პატიმრებს და თავს მოუყრის მათ. იეჰოვა ციხესიმაგრე და თავშესაფარია. ის ნადიმს გამართავს თავის მთაზე, სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს. მაშინ იტყვიან: „აი ეს არის ჩვენი ღმერთი . . . ეს არის იეჰოვა“ (25:9). იუდას ქალაქს გალავნად ხსნა ექნება. იეჰოვაზე მინდობილებს ხანგრძლივი მშვიდობა ექნებათ, „რადგან იაჰი, იეჰოვაა კლდე მარადიულად!“. მაგრამ ბოროტი „სიმართლეს მაინც ვერ ისწავლის“ (26:4, 10). იეჰოვა დახოცავს თავის მტრებს, იაკობს კი აკურთხებს.
18, 19. ა) რა უბედურება და კურთხევები უწინასწარმეტყველა ესაიამ ეფრემსა და სიონს? ბ) ვინ იქნებოდა იეჰოვა თავისი ხალხისთვის, როცა იხსნიდა მათ და იმმართველებდა მათზე?
18 ღვთის რისხვა და კურთხევები (28:1—35:10). ვაი ეფრემის ლოთებს, რომელთა „დიდებული მშვენება“ დაჭკნა! ღვთის ხალხიდან დარჩენილთათვის „იეჰოვა იქნება მშვენიერი დიადემა და ლამაზი გვირგვინი“ (28:1, 5). მაგრამ იერუსალიმის მკვეხარებმა სიცრუე გაიხადეს თავშესაფრად და არა სიონის ნაცადი და ძვირფასი ქვაკუთხედი. ამიტომ წყალი წალეკავს მათ. იერუსალიმის მძინარე წინასწარმეტყველთათვის ღვთის წიგნი ბეჭედდასმული იყო. ისინი ბაგეებით ადიდებდნენ ღმერთს, გული კი შორს ჰქონდათ. მაგრამ დადგებოდა დრო, როცა ყრუები გაიგონებდნენ ამ წიგნის სიტყვებს, ბრმებს თვალები აეხილებოდათ და თვინიერები გაიხარებდნენ.
19 ვაი თავშესაფარის ეგვიპტეში მძებნელთ! ამ ჯიუტ ხალხს ყურის მაამებელი ხილვების მოსმენა სურდა. ისინი განადგურდებოდნენ, მაგრამ იეჰოვა სამშობლოში დააბრუნებდა ხალხის დარჩენილ ნაწილს. ისინი იხილავდნენ დიდებულ მოძღვარს, გაფანტავდნენ თავიანთ კერპებს და იტყოდნენ მათზე: „ფუ, სიბინძურეო!“ (30:22). იერუსალიმს სინამდვილეში მხოლოდ იეჰოვა დაიცავდა. მეფე სიმართლისთვის იმეფებდა მთავრებთან ერთად. ის მშვიდობას, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას დაამყარებდა მარადიულად. ვერაგობის გამო მწარედ იტირებდნენ მშვიდობის მაცნეები, მაგრამ დიდებული ღმერთი იეჰოვა თავისი ხალხის მოსამართლე, წესების დამდგენი და მეფე იქნებოდა და იხსნიდა მათ. მაშინ არც ერთი მცხოვრები არ იტყოდა: „ავად ვარო“ (33:24).
20. რა მოჰყვებოდა ხალხებზე იეჰოვას რისხვას და რა კურთხევები ელოდათ სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს?
20 იეჰოვას რისხვა დაატყდებოდა ხალხებს. მათი გვამები აყროლდებოდა და მთები დადნებოდა მათი სისხლისგან. ედომი გაუდაბურდებოდა. მაგრამ იეჰოვას გამოსყიდულთათვის გაიფურჩქნებოდა ხრიოკი და ისინი იხილავდნენ „იეჰოვას დიდებას, ჩვენი ღვთის სიდიადეს“ (35:2). უსინათლოები და ყრუ-მუნჯები განიკურნებოდნენ. გაიხსნებოდა სიწმინდის გზა იეჰოვას მიერ გამოსყიდულთათვის და ისინი სიხარულის ყიჟინით დაბრუნდებოდნენ სიონში.
21. როგორ დასცინოდა ასურელი იერუსალიმის მცხოვრებთ?
21 იეჰოვამ უკუაქცია ასურეთი (36:1—39:8). ღირდა ესაიას მოსმენა და იეჰოვაზე მინდობა? ხიზკიას მეფობის მე-14 წელს ასურეთის მეფე სინახერიბმა ელვისებური სისწრაფით დაიპყრო პალესტინა და ჯარის ნაწილი იერუსალიმის დასაშინებლად გაგზავნა. მისმა მსახურმა რაბშაკემ, რომელმაც ებრაული იცოდა, დამცინავად მიმართა ქალაქის გალავანზე მდგომ ხალხს: ‘ვისი იმედი გაქვთ, ეგვიპტისა? გადატეხილი ლერწმისა? თუ იეჰოვასი? ვერც ერთი ღმერთი ვერ გიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან!’ (36:4, 6, 18, 20). მეფის ბრძანებისამებრ ხალხს პასუხი არ გაუცია მისთვის.
22. როგორ უპასუხა იეჰოვამ ხიზკიას ლოცვას და როგორ შეასრულა ესაიას პირით ნათქვამი წინასწარმეტყველება?
22 ხიზკიამ ილოცა და იეჰოვას სთხოვა, მისი სახელის გულისთვის ეხსნა. ესაიას პირით იეჰოვამ შეუთვალა მას, რომ კავს ამოსდებდა ასურელს ცხვირში და იმავე გზით დააბრუნებდა, რომლითაც მოვიდა. ანგელოზმა 185 000 ასურელი დახოცა, სინახერიბმა კი თავს გაქცევით უშველა. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ის თავისი ცრუღმერთის ტაძარში.
23. ა) რატომ მიუძღვნა ხიზკიამ იეჰოვას ფსალმუნი? ბ) რა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა ხიზკიამ და რა უწინასწარმეტყველა მას ესაიამ?
23 ხიზკია სასიკვდილოდ დაავადდა. იმის ნიშნად, რომ ხიზკია განიკურნებოდა და კიდევ 15 წელს იცოცხლებდა, იეჰოვამ სასწაულებრივად დააბრუნა ჩრდილი უკან. მადლიერმა ხიზკიამ განსადიდებლად ფსალმუნი მიუძღვნა იეჰოვას. ვითომდა ხიზკიას გამოჯანმრთელებით გახარებულმა ბაბილონის მეფემ მაცნეები გაუგზავნა მას. ხიზკია დაუფიქრებლად მოიქცა და მაცნეებს სამეფო საგანძური დაათვალიერებინა. ამიტომ ესაიამ უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღეს ხიზკიას სახლიდან ყველაფერს ბაბილონში წაიღებდნენ.
24. ა) როგორ ანუგეშებს იეჰოვა თავის ხალხს? ბ) შეედრება ხალხთა ღმერთები სიდიადით იეჰოვას და რის დამტკიცებას ითხოვს იეჰოვა მათგან?
24 იეჰოვამ ანუგეშა თავისი მოწმეები (40:1—44:28). მე-40 თავის პირველი სიტყვა „ანუგეშეთ“ კარგად აღწერს ამ წიგნის ბოლო ნაწილის შინაარსს. უდაბნოდან ვიღაც ღაღადებდა: „გაწმინდეთ იეჰოვას გზა!“ (40:1, 3). იეჰოვას სასიხარულო ცნობა ჰქონდა სიონისთვის. ის დამწყემსავდა თავის ფარას და ბატკნებს უბით ატარებდა. ის ზეციდან დაჰყურებს დედამიწის წრეს. ვინ შეედრება მას სიდიადით? ის ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს, მათ, ვისაც მისი იმედი აქვთ. მან თქვა, რომ ხალხთა ქანდაკებები ქარია და არარაობა. ის თავის რჩეულს შეთანხმებად აქცევს ხალხებისთვის და სინათლედ — ერებისთვის, რომ თვალი აუხილოს უსინათლოებს. იეჰოვამ უთხრა იაკობს, „მე შეგიყვარე“; მზის ამოსავალსა და მზის ჩასავალს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს კი უთხრა: ‘მოიყვანეთ ჩემი ვაჟები და ჩემი ასულები’ (43:4, 6). ის სასამართლოში ედავებოდა ხალხთა ღმერთებს, მოწმეები მოეყვანათ იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთები იყვნენ. იეჰოვას კი მოწმედ ჰყავდა ისრაელი, თავისი მსახური, რომელიც დაადასტურებდა, რომ იეჰოვაა ღმერთი და მხსნელი. ის თავის სულს დაჰპირდა იეშურუნს („მართალი“, ანუ ისრაელი) და შეარცხვინა ბრმა და უსულო კერპების მკეთებელნი. იეჰოვა გამოისყიდის თავის ხალხს; იერუსალიმი ისევ დასახლდება და მისი ტაძარი ისევ აშენდება.
25. რას მიხვდებოდა ხალხი ბაბილონსა და მის ცრუღმერთებზე გამოტანილი განაჩენის შესრულების შემდეგ?
25 შურისძიება ბაბილონზე (45:1—48:22). ისრაელის გამო იეჰოვამ სახელით მოუხმო კიროსს, რომ დაემარცხებინა ბაბილონი. ხალხი გაიგებს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ღმერთი, ცის, მიწისა და მასზე მცხოვრები ადამიანების შემოქმედი. მან დასცინა ბაბილონის ღმერთებს, ბელს და ნებოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დასაწყისშივე თქვას, როგორი იქნება დასასრული. ბაბილონის ქალწული ასული მტვერში ჩაჯდება, ტახტწართმეული და შიშველი, მისი უამრავი მრჩეველი კი ნამჯასავით დაიწვება. იეჰოვამ უთხრა კერპთაყვანისმცემელ ისრაელებს, რომლებსაც რკინის კისერი და სპილენძის შუბლი ჰქონდათ, რომ თუ მოუსმენდნენ, მშვიდობა, სიმართლე და კეთილდღეობა ექნებოდათ, მაგრამ „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“ (48:4, 22).
26. როგორ ანუგეშებს იეჰოვა სიონს?
26 სიონის ნუგეში (49:1—59:21). იეჰოვამ თავისი მსახური ერების სინათლედ აქცია და სიბნელეში მყოფთ მოუხმო: „გამოდით!“ (49:9). იეჰოვა ანუგეშებს სიონს, მისი უდაბნო ედემის ბაღს, იეჰოვას ბაღს დაემსგავსება, სიხარული და მხიარულება იქნება იქ და სამადლობელი სიმღერის ხმა. იეჰოვა კვამლივით გაფანტავს ზეცას, ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა და ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი. მაშ, რატომ უნდა შეშინებოდათ მოკვდავი ადამიანების დაცინვის? მწარე სასმისი, რომელიც იერუსალიმმა დალია, იმ ერებმაც უნდა შესვან, რომლებმაც გათელეს იერუსალიმი.
27. რა ახარეს სიონს და რა იყო ნაწინასწარმეტყველები ‘იეჰოვას მსახურზე’?
27 ‘გამოიღვიძე სიონო და ადექი მიწიდან!’ მთებზე მახარობელი მოდის და სიონს უცხადებს: „გამეფდა შენი ღმერთი!“ (52:1, 2, 7). იეჰოვას მსახურები უნდა გამოსულიყვნენ უწმინდური ადგილიდან და სუფთები უნდა ყოფილიყვნენ. შემდეგ წინასწარმეტყველი აღწერს ‘იეჰოვას მსახურს’ (53:11). ის მოძულებული იქნებოდა და თავს აარიდებდა ყველა. თუმცა ხალხის ტკივილებს იტვირთებდა, მას ღვთისგან დაჩაგრულად მიიჩნევდნენ. ის ხალხის ცოდვებისთვის განიგმირებოდა, მაგრამ მისი ჭრილობები ყველას განკურნავდა. მას ცხვარივით წაიყვანდნენ დასაკლავად, თუმცა ძალადობა არ ექნებოდა ჩადენილი და მზაკვრულად არ ილაპარაკებდა. ის თავის სულს დანაშაულის შესაწირავად გაიღებდა მრავალთა გამოსასყიდად.
28. როგორ აღწერა ესაიამ სიონის კურთხევები და რა შეთანხმებასთან იყო ისინი დაკავშირებული?
28 იეჰოვამ, როგორც სიონის ქმარმა, უთხრა მას, სიხარულით ეყიჟინა, რადგან მალე შვილები ეყოლებოდა. თუმცა სიონი საწყალი და ქარიშხლით ნაგვემი იყო, იეჰოვა მას საფირონის საძირკველს ჩაუყრიდა, ლალის ქონგურებს და მოელვარე ქვის კარიბჭეებს გაუკეთებდა და ყოველი მხრიდან ძვირფასი ქვებით შემოსაზღვრავდა. მისი ვაჟები იეჰოვასგან განისწავლებოდნენ და დიდი მშვიდობა ექნებოდათ. მათ წინააღმდეგ შექმნილი არც ერთი იარაღი არ იქნებოდა წარმატებული. „ჰეი, მწყურვალნო!“ — იძახდა იეჰოვა. თუ ისინი მივიდოდნენ, იეჰოვა ‘მარადიულ შეთანხმებას დაუდებდა დავითის მიმართ გამოვლენილი მრავალი სიკეთის შესაბამისად’. ის წინამძღოლს და მეთაურს მოწმედ მისცემდა ერებს (55:1—4). ღვთის აზრები ადამიანის აზრებზე გაცილებით მაღალია და მისი სიტყვა აუცილებლად შესრულდება. მისი კანონის დამცველ საჭურისებს იეჰოვა დაჰპირდა, რომ წარმომავლობის მიუხედავად მისცემდა მათ სახელს, რაც ვაჟებისა და ასულების ყოლას სჯობია. იეჰოვას სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმეოდა.
29. რა უთხრა იეჰოვამ კერპთაყვანისმცემლებს და რას დაჰპირდა ერთგულებს?
29 ამაღლებულმა და აღმატებულმა იეჰოვამ, რომლის სახელიც წმინდაა, ავხორც კერპთაყვანისმცემლებს უთხრა, რომ მარადიულად არ იკამათებდა ისრაელთან. ისინი თვალთმაქცურად მარხულობდნენ და მარხვას ბოროტების საფრად იყენებდნენ. იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას, არც ყური დამძიმებულა ისე, რომ ვერ მოისმინოს. ესაიამ უთხრა ხალხს: „თქვენმა დანაშაულმა დაგაშორათ თქვენს ღმერთს“ (59:2). ისინი სინათლეს მოელოდნენ, მაგრამ სიბნელეში დადიოდნენ ხელის ცეცებით. იეჰოვას შეთანხმების ერთგულებზე დავანებული მისი სული იმის გარანტია იქნებოდა, რომ ღვთის სიტყვა არ მოშორდებოდა მათ ბაგეს თაობიდან თაობაში.
30. როგორ შეამკო იეჰოვამ სიონი, როგორც ეს მისი ახალი სახელებიდან ჩანს?
30 სიონის შემკობა (60:1—64:12). იმ დროს, როცა დედამიწა მწუხრით იყო მოცული, იეჰოვამ უთხრა სიონს: „ადექი და გამოანათე . . . გამოანათა შენზე იეჰოვას დიდებამ“ (60:1, 2). სიონი მიმოიხედავს, გაბრწყინდება და გაიხარებს, რადგან მასთან აქლემებით ხალხების ავლა-დიდებას მიიტანენ. ყველაფერი მტრედების დიდი გუნდივით მოიყრის მასთან თავს. უცხოელები აუშენებენ გალავანს, მეფეები ემსახურებიან მას და მისი კარიბჭეები არ დაიკეტება. სიონის სილამაზე მისი ღმერთი იქნება. ის სწრაფად აქცევს მცირეს ათასად და პატარას — ძლიერ ხალხად. ღვთის მსახურმა გააცხადა, რომ იეჰოვას სულია მასზე და მან სცხო იგი სასიხარულო ცნობის საუწყებლად. სიონს ახალი სახელი დაერქვა: „მასში ვპოულობ სიამოვნებას“, მის მიწას კი „ცოლივით პატრონიანი“ ეწოდა (62:4). იეჰოვამ გასცა ბრძანება, რომ გზა გაეყვანათ ბაბილონიდან და ნიშანი აღემართათ სიონში.
31. ვინ მოვიდა ედომიდან და რაზე ლოცულობდა ღვთის ხალხი?
31 ედომის ბოცრიდან ვიღაც მოვიდა სისხლისფერი ტანსაცმლით. მან საწნახელში რისხვით გათელა ხალხი, რომელთა სისხლიც ტანსაცმელზე ესხურებოდა. იეჰოვას ხალხი მიხვდა, რომ უწმინდურები იყვნენ. ამიტომ გულმხურვალედ ლოცულობდნენ: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ! ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე . . . ძლიერ ნუ განგვირისხდები, იეჰოვა . . . ყველანი შენი ხალხი ვართ!“ (64:8, 9).
32. განდგომილებისგან განსხვავებით, რით გაიხარებს იეჰოვას ხალხი?
32 „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ (65:1—66:24). ყველა იშიმშილებს და შერცხვება, ვინც „იღბლიანობის ღმერთისა“ და „ბედისწერის ღმერთის“ გამო მიატოვა იეჰოვა (65:11). ღვთის მსახურებს კი ყველაფერი უხვად ექნებათ. იეჰოვა შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას. დიდი მხიარულება იქნება იერუსალიმში და მისი მკვიდრები გაიხარებენ. ააშენებენ სახლებს და გააშენებენ ვენახებს. მგელი და ბატკანი ერთად შეჭამენ. არაფერს დააზიანებენ და არაფერს მოსპობენ.
33. რა სიხარული, დიდება და დღეგრძელობა ელით იერუსალიმის მოყვარულთ?
33 ზეცა იეჰოვას ტახტია და დედამიწა მისი ფეხსადგამი. განა ადამიანს შეუძლია სახლი აუშენოს მას?! ერთ დღეში დაიბადება ერი. იერუსალიმის მოყვარულებმა უნდა გაიხარონ, რადგან იეჰოვა მდინარესავით მიაწვდენს მას მშვიდობას. ის ცეცხლივით წამოვა თავის მტრებზე. ქარიშხალივით იქნება მისი ეტლები და შურს იძიებს ურჩებზე მრისხანებითა და ცეცხლის ალით. ის მაცნეებს გაუგზავნის ხალხებსა და შორეულ კუნძულებს, რათა მისი დიდების შესახებ მოუთხრონ მათ. მის მიერ შექმნილი ახალი ცა და ახალი დედამიწა მარადიულად იდგება. ასევე მარადიულად იდგებიან მისი მსახურები და მათი შთამომავლობა. ხალხმა ან სიცოცხლე უნდა აირჩიოს, ან სამუდამო განადგურება.
რატომ არის სასარგებლო
34. მოიხსენიეთ ზოგიერთი მაგალითი, რომლებმაც სიმძაფრე შემატა ესაიას სიტყვებს.
34 რა კუთხითაც უნდა შევხედოთ ესაიას წიგნს, ერთი რამ ცხადია — ის იეჰოვა ღმერთისგან ბოძებული ძვირფასი საჩუქარია. მასში ღვთის ამაღლებული აზრებია ჩაწერილი (ეს. 55:8—11). ბიბლიის ჭეშმარიტების გამცხადებელთათვის ესაიას წინასწარმეტყველება ცოცხალი მაგალითების საგანძურია, რომლებიც იესოს იგავებივით ეფექტურად აღწევს მიზანს. ესაია შთამბეჭდავად გვანახვებს იმ ადამიანის უგუნურებას, რომელიც ერთსა და იმავე ხეს საწვავადაც იყენებს და კერპის გასაკეთებლადაც. ის გვაგრძნობინებს, რა მოუხერხებლად გრძნობს თავს კაცი, რომელიც მოკლე ტახტზე წევს და ვიწრო საბანი ახურავს; გვესმის იმ წინასწარმეტყველთა ფშვინვის ხმა, რომლებსაც უტყვი ძაღლებივით ყეფა ეზარებათ. თუ ესაიას მოწოდების თანახმად ‘მოვძებნით იეჰოვას წიგნში ჩაწერილს და ხმამაღლა წავიკითხავთ’, გავიგებთ, რა მნიშვნელობა აქვს ესაიას წინასწარმეტყველებას ჩვენთვის (44:14—20; 28:20; 56:10—12; 34:16).
35. რას ამბობს ესაია მესიის სამეფოზე და მესიის წინამორბედ იოანე ნათლისმცემელზე?
35 წინასწარმეტყველება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ღვთის სამეფოზე, რომელსაც მესია უხელმძღვანელებს. იეჰოვაა ჩვენი უზენაესი მეფე; ის გვიხსნის (33:22). მაგრამ რას გააკეთებს მესია? ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ ბავშვი, რომელიც დაიბადებოდა, ესაიას 9:6, 7-ის თანახმად, დავითის ტახტს მიიღებდა. ‘ის მარადიულად იმეფებდა იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნებოდა’ (ლუკ. 1:32, 33). მათეს 1:22, 23-დან ჩანს, რომ იესო ქალწულმა შვა, რითაც შესრულდა ესაიას 7:14; სწორედ ის იყო ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები ემანუელი. დაახლოებით 30 წლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო ქადაგება, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. ოთხივე სახარების დამწერები ციტირებენ ესაიას 40:3-ს იმის საჩვენებლად, რომ იოანე იყო ‘უდაბნოში მღაღადებელი’ (მათ. 3:1—3; მარკ. 1:2—4; ლუკ. 3:3—6; იოან. 1:23). მონათვლის დროს იესო გახდა მესია — იეჰოვას ცხებული, იესეს ფესვი და ყლორტი — რომელმაც უნდა მართოს ერები. ესაიას 11:1, 10-ის თანახმად, მათ იესოზე უნდა დაამყარონ იმედი (რომ. 15:8, 12).
36. „ესაიაში“ ჩაწერილი რომელი წინასწარმეტყველებები გვეხმარება, მეტი გავიგოთ მესიისა და მეფის შესახებ?
36 მოდი ვნახოთ, კიდევ რას ამბობს ესაია მეფისა და მესიის შესახებ. იესომ „ესაიადან“ ამოიკითხა, რომ ის იყო იეჰოვას ცხებული. მან დაიწყო ‘სასიხარულო ცნობის უწყება ღვთის სამეფოს შესახებ’, რადგან, როგორც თავად ჰქონდა ნათქვამი, ‘ამისთვის იყო გამოგზავნილი’ (ლუკ. 4:17—19, 43; ეს. 61:1, 2). ოთხივე სახარება დაწვრილებით აღგვიწერს იესოს მსახურებასა და სიკვდილს, რაც ესაიას 53-ე თავში იყო ნაწინასწარმეტყველები. თუმცა იუდეველებმა მოისმინეს სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ და იხილეს იესოს სასწაულები, თავიანთი ურწმუნოების გამო ვერ ჩასწვდნენ ამ ყოველივეს არსს, რითაც შესრულდა ესაიას 6:9, 10; 29:13 და 53:1 (მათ. 13:14, 15; იოან. 12:38—40; საქ. 28:24—27; რომ. 10:16; მათ. 15:7—9; მარ. 7:6, 7). თუმცა იესო დაბრკოლების ლოდად იქცა მათთვის, იეჰოვამ ის სიონში ქვაკუთხედად აქცია და მასზე ააშენა სულიერი სახლი, რითაც ესაიას 8:14 და 28:16 შესრულდა (ლუკ. 20:17; რომ. 9:32, 33; 10:11; 1 პეტ. 2:4—10).
37. როგორ მსჯელობდნენ მოციქულები „ესაიას“ საფუძველზე?
37 იესო ქრისტეს მოციქულები ესაიას წინასწარმეტყველების საფუძველზე მსჯელობდნენ ქრისტიანულ მსახურებაზე. მაგალითად, რწმენის ჩასანერგად მქადაგებლის როლზე საუბრისას პავლე „ესაიადან“ ციტირებდა: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ (რომ. 10:15; ეს. 52:7; იხილეთ აგრეთვე რომაელების 10:11, 16, 20, 21). სასიხარულო ცნობის მარადიულობის დასამტკიცებლად პეტრესაც ესაიას სიტყვები მოჰყავს: «„ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით. ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა, იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“. ეს ის სიტყვაა, რომელიც გეხარათ» (1 პეტ. 1:24, 25; ეს. 40:6—8).
38. რას ამბობს „ესაია“ სამეფოს შესახებ, რაზეც მოგვიანებით ბიბლიის სხვა დამწერებმა უფრო ვრცლად ისაუბრეს?
38 ესაია ცოცხლად აღგვიწერს, როგორი ცხოვრება იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. მაშინ იქნება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“, სადაც „სიმართლისთვის იმეფებს მეფე და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები“. ეს დიდი სიხარულისა და მხიარულების მიზეზს გვაძლევს (65:17, 18; 32:1, 2). პეტრე იშველიებს ესაიას სასიხარულო ცნობას და ამბობს: „ჩვენ მისი [ღვთის] დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). ეს შესანიშნავი თემა სამეფოს შესახებ აპოგეას „გამოცხადების“ ბოლო თავებში აღწევს (ეს. 66:22, 23; 25:8; გამოცხ. 21:1—5).
39. რა შესანიშნავ მომავალზე ამახვილებს ყურადღებას „ესაია“?
39 „ესაიაში“ მკაცრი განაჩენია გამოტანილი იეჰოვას მტრებისა და იმ თვალთმაქცებისთვის, რომლებსაც ღვთის მსახურებად მოაქვთ თავი. ამავე დროს მასში ვხვდებით არაჩვეულებრივ წინასწარმეტყველებებს მესიის სამეფოს შესახებ, რომლის მეშვეობითაც იეჰოვას დიდებული სახელი განიწმინდება. ამ წიგნიდან მეტს ვიგებთ იეჰოვას სამეფოზე; ის აგრეთვე გვეხმარება, სიხარულით დაველოდოთ ‘ღვთისგან ხსნას’ (ეს. 25:9; 40:28—31).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 1221—1223 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 957; ტ. II, გვ. 894, 895 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 324 (ინგლ.).