თავი მეორე
მანუგეშებელი წინასწარმეტყველური სიტყვები თქვენც გეხებათ
1. რატომ უნდა დავინტერესდეთ ესაიას წინასწარმეტყველებით?
ესაიამ თითქმის 3000 წლის წინათ დაწერა წიგნი, რომელიც მისი სახელით იწოდება, მაგრამ ის დღეს ჩვენთვისაც ნამდვილად ღირებულია. მის მიერ აღწერილი ისტორიული მოვლენები მნიშვნელოვანი პრინციპების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს. აგრეთვე შეგვიძლია რწმენა განვიმტკიცოთ მის მიერ იეჰოვას სახელით დაწერილი წინასწარმეტყველებების გამოკვლევით. დიახ, ესაია ცოცხალი ღვთის წინასწარმეტყველი იყო. იეჰოვამ აღძრა ის წინასწარ დაეწერა ისტორია — აღეწერა მოვლენები, ვიდრე ისინი მოხდებოდა. ამით იეჰოვამ გამოავლინა, რომ როგორც მომავლის წინასწარმეტყველება, ისე მოვლენების წარმართვა შეეძლო. ესაიას წიგნის შესწავლით ჭეშმარიტი ქრისტიანები რწმუნდებიან, რომ იეჰოვა თავის ყველა დანაპირებს შეასრულებს.
2. რა მდგომარეობა იყო და რა ცვლილება უნდა მომხდარიყო იერუსალიმში, როცა ესაიამ წინასწარმეტყველური წიგნი დაწერა?
2 იმ დროისთვის, როდესაც ესაიამ თავისი წიგნის წერა დაამთავრა, იერუსალიმი აშურელთა თავდასხმას გადარჩენილი იყო. ტაძარი კვლავაც არსებობდა, ხოლო ხალხი ძველებურად განაგრძობდა ცხოვრებას. მაგრამ მდგომარეობა შეიცვლებოდა. დადგებოდა ის დღე, როდესაც იუდას მეფეთა სიმდიდრეს ბაბილონელები გაზიდავდნენ და ახალგაზრდა ებრაელებს თავიანთ ქალაქში სამეფო კარზე მოსამსახურეებად დაიყენებდნენ (ესაია 39:6, 7)a. ეს ყველაფერი 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ მოხდებოდა (მეოთხე მეფეთა 24:12—17; დანიელი 1:19).
3. რა ცნობაა მოცემული ესაიას 41-ე თავში?
3 ყველაფრის მიუხედავად, ღვთის ცნობა, რომელსაც ესაია აცხადებდა, მხოლოდ უბედურებას არ იუწყებოდა. წიგნის მე-40 თავი სიტყვა „ნუგეშით“ იწყებაb. იუდაელები ნუგეშცემული იქნებოდნენ, რომ თვითონ თუ არა, თავიანთი შვილები მაინც შეძლებდნენ სამშობლოში დაბრუნებას. 41-ე თავშიც იგივე მანუგეშებელი ცნობა გრძელდება და ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა თავის განზრახვას ერთ ძლევამოსილ მეფეს შეასრულებინებს. ის ხალხს ამხნევებს და მოუწოდებს, მიენდონ ღმერთს. აგრეთვე ამხელს იმ ცრუ ღმერთების უძლურებას, რომლებზეც ერები ამყარებენ იმედს. ეს ყოველივე რწმენის განმამტკიცებელი იყო ესაიას დღეებში და რწმენის განმამტკიცებელია დღესაც.
იეჰოვა იწვევს ერებს
4. რა სიტყვებით იწვევს იეჰოვა ერებს?
4 იეჰოვა თავისი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „იდუმეთ ჩემს წინაშე, ზღვისპირელნო! ხალხებმა განიახლონ ძალი, რომ ახლოს მოდგნენ და მაშინ ილაპარაკონ! ერთად მოვახლოვდეთ მსჯავრისათვის“ (ესაია 41:1). ამ სიტყვებით იეჰოვა იწვევს იმ ერებს, რომლებიც მის ხალხს ეწინააღმდეგებიან. ეუბნება მათ, ახლოს მოდგნენ და სალაპარაკოდ მოემზადონ! როგორც მოგვიანებით დავინახავთ, იეჰოვა, როგორც მოსამართლე, დამტკიცებას მოითხოვს ამ ერებისგან, რომ მათი კერპები ნამდვილად ღმერთები არიან. შეუძლიათ ამ ღმერთებს თავიანთ თაყვანისმცემელთა ხსნისა და მათ მტრებზე განაჩენის აღსრულების წინასწარმეტყველება? თუ დიახ, შეუძლიათ ამ წინასწარმეტყველებების შესრულება? პასუხი უარყოფითია. მხოლოდ იეჰოვას შესწევს ამის ძალა.
5. ახსენით, როგორ სრულდება ესაიას წინასწარმეტყველებები განმეორებით.
5 ესაიას წინასწარმეტყველების განხილვისას მხედველობაში გვქონდეს, რომ ეს სიტყვები, ბიბლიის ბევრი სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად, განმეორებითაც სრულდება. ძვ. წ. 607 წელს იუდაელები ბაბილონის ტყვეობაში ჩაცვივდებიან. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველება გვამცნობს, რომ იეჰოვა გაათავისუფლებს მათ. ეს კი ძვ. წ. 537 წელს ხდება. ბაბილონიდან გათავისუფლების ანალოგიური მოვლენა XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იეჰოვას ცხებულ მსახურებს მეტად რთული დრო დაუდგათ. 1918 წელს დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილის — ქრისტიანული სამყაროს — ინიციატივით სატანის წუთისოფლის ზეგავლენამ თითქმის მთლიანად შეაჩერა კეთილი ცნობის ორგანიზებული ქადაგება (გამოცხადება 11:5—10). საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები ცრუ ბრალდებების გამო დააპატიმრეს. წუთისოფელი თითქოს ღვთის მსახურებზე გამარჯვებას ზეიმობდა. მაგრამ, როგორც ძვ. წ. 537 წელს, იეჰოვამ ახლაც მოულოდნელად დაიხსნა ისინი. დაპატიმრებულები 1919 წელს გათავისუფლდნენ და მოგვიანებით მათ ბრალდებებიც მოეხსნათ. სიდარ პოინტში (ოჰაიო) 1919 წლის სექტემბერში გამართულმა კონგრესმა იეჰოვას მსახურებს ძალა შემატა, რათა განეახლებინათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება (გამოცხადება 11:11, 12). იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სამქადაგებლო საქმიანობა განუწყვეტლივ ფართოვდება. გარდა ამისა, ესაიას ბევრი წინასწარმეტყველება სასწაულებრივად შესრულდება დედამიწაზე სამოთხეში. აქედან გამომდინარე, ესაიას მიერ მრავალი წლის წინათ წარმოთქმული სიტყვები დღეს ყველა ერსა და ხალხს ეხება.
მხსნელი მოხმობილია
6. როგორ აღწერს ესაია მომავალ დამპყრობს?
6 ესაიას პირით იეჰოვა წინასწარმეტყველებს იმ დამპყრობის შესახებ, რომელიც ღვთის ხალხს ბაბილონიდან გაათავისუფლებს და განაჩენს აღასრულებს მათ მტრებზე. იეჰოვა შეკითხვას სვამს: „ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით დაულეწა მშვილდი. დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი — პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი“ (ესაია 41:2—4).
7. ვინ არის და რას გააკეთებს მომავალი დამპყრობი?
7 ვინ უნდა აღიძრას აღმოსავლეთიდან? მიდია-სპარსეთი და ელამი ბაბილონის აღმოსავლეთით მდებარეობს. სწორედ იქიდან მოემართება სპარსეთის მეფე კიროსი თავისი უძლეველი ლაშქრით (ესაია 41:25; 44:28; 45:1—4, 13; 46:11). მიუხედავად იმისა, რომ კიროსი იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის, ის იეჰოვას, სამართლიანი ღმერთის, ნებასთან შეთანხმებულად მოქმედებს. კიროსი იმორჩილებს და აცამტვერებს მეფეებს. დაპყრობითი ომების დროს ის „მშვიდობით“ ანუ უსაფრთხოდ დადის იმ გზებზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს და ყოველგვარ დაბრკოლებას ლახავს. ძვ. წ. 539 წელს კიროსი ძლევამოსილ ქალაქს, ბაბილონს, აღწევს და იღებს. ამის შედეგად, ღვთის ხალხს თავისუფლება და სამშობლოში დაბრუნებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალება ეძლევა (პირველი ეზრა 1:1—7)c.
8. რა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას?
8 ამგვარად, იეჰოვა ესაიას პირით კიროსის აღზევებას მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველებს. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია ასეთი რამის ზუსტად წინასწარმეტყველება. იეჰოვა ღმერთს ვერ შეედრებიან ცრუ ღმერთები, რომლებსაც ერები სცემენ თაყვანს. ამიტომაც ის სათანადოდ ამბობს: „ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია სამართლიანად თქვას: „მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“ (ესაია 42:8; 44:6, 7).
შეძრწუნებული ხალხი იმედს კერპებზე ამყარებს
9—11. როგორ რეაგირებენ ერები კიროსის გამოჩენისას?
9 ახლა ესაია აღწერს, რა რეაქცია ექნებათ ერებს, როდესაც დამპყრობი გამოჩნდება: „დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი! მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი — გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს“ (ესაია 41:5—7).
10 იეჰოვა 200 წლით ადრე წინასწარმეტყველებს მომავალს და აღწერს, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში. კიროსის უძლიერესი ლაშქარი სწრაფად მიიწევს წინ და ყველა მოწინააღმდეგეს იპყრობს. ერებს — თვით ზღვისპირეთისა და კუნძულების, ანუ შორეული ქვეყნების, მცხოვრებლებსაც კი — თავზარი ეცემათ, როდესაც კიროსი ახლოვდება. შეძრწუნებულები ერთიანდებიან, რათა წინ აღუდგნენ მას, ვინც იეჰოვამ აღმოსავლეთიდან მოიხმო განაჩენის აღსასრულებლად. ისინი ერთმანეთის გამხნევებას ცდილობენ მოწოდებით: „გამაგრდი!“.
11 მოქანდაკენი ერთად მუშაობენ კერპების ჩამოსასხმელად, რათა ამ კერპებმა ხალხი იხსნას. ხურო ხის ჩარჩოს აკეთებს და მჭედელს სთხოვს ლითონით, შესაძლოა, ოქროთი, მოვარაყებას. მოქანდაკე საბოლოოდ ამუშავებს, აპრიალებს ლითონს და იწონებს მჭედლის ნახელავს. შესაძლოა, სარკაზმით არის ნათქვამი, რომ კერპს ლურსმნებით ამაგრებენ, რათა არ ირყეოდეს, ანუ არ გამომჟღავნდეს მისი უძლურება, როგორც დაგონის კერპის უძლურება გამომჟღავნდა, როდესაც იეჰოვას კიდობნის წინ დაემხო (პირველი მეფეთა 5:4).
ნუ გეშინიათ!
12. როგორ ანუგეშებს იეჰოვა ისრაელს?
12 ახლა იეჰოვა ყურადღებას თავისი ხალხისკენ მიმართავს. იმ ერებისგან განსხვავებით, რომლებიც უსიცოცხლო კერპებზე ამყარებენ იმედს, ჭეშმარიტ ღმერთზე მინდობილებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. იეჰოვა ანუგეშებს ხალხს და, პირველ რიგში, იმას ახსენებს, რომ ისრაელები მისი მეგობრის, აბრაამის, შთამომავალნი არიან. ესაია მათ იეჰოვას მიერ მზრუნველობით წარმოთქმულ სიტყვებს გადასცემს: „შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო, რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი“ (ესაია 41:8—10).
13. რატომ იქნება იეჰოვას სიტყვები მანუგეშებელი იუდაელ ტყვეთათვის?
13 რა მანუგეშებელი იქნება ეს სიტყვები ერთგულ იუდაელთათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში არიან ტყვეებად! როგორ გამხნევდებიან ისინი, როდესაც გაიგებენ, რომ იეჰოვა მათ ‘თავის მორჩილებს’ უწოდებს, მაშინ როდესაც ტყვეები და ბაბილონის მეფის მორჩილები არიან! (მეორე ნეშტთა 36:20). იეჰოვა ორგულობის გამო დასჯის, მაგრამ არ უარყოფს იუდაელებს. ისრაელი იეჰოვას ეკუთვნის და არა ბაბილონს. ღვთის ხალხი შიშით არ უნდა კანკალებდეს დამპყრობი კიროსის მოახლოებისას. იეჰოვა თავის ხალხთან იქნება და დაეხმარება მათ.
14. როგორ ანუგეშებს დღეს ღვთის მსახურებს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის ნათქვამი სიტყვები?
14 ეს სიტყვები დღემდე ანუგეშებს და ამტკიცებს ღვთის მსახურებს. 1918 წელს ისინი ისწრაფოდნენ გაეგოთ, რა ჰქონდა იეჰოვას განზრახული მათთან დაკავშირებით, და სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლებას ნატრობდნენ. დღეს კი ჩვენ სატანის, წუთისოფლისა და ჩვენი არასრულყოფილებიდან გამომდინარე ზემოქმედებისგან გათავისუფლებას ვნატრობთ. მაგრამ გვესმის, რომ იეჰოვამ ზუსტად იცის, თუ როდის და როგორ უნდა იმოქმედოს თავისი ხალხის დასახსნელად. ბავშვებივით გვაქვს ხელი მის ძლიერ ხელზე ჩაკიდებული და გვწამს, რომ უეჭველად დაგვეხმარება (ფსალმუნი 62:8, 9). იეჰოვასთვის ძვირფასი არიან მისი მსახურები. ის დღესაც მხარს უჭერს თავის ხალხს, როგორც 1918—1919 წლებში, მათთვის რთულ პერიოდში, და როგორც მრავალი წლის წინათ, როდესაც ერთგულ ისრაელებს დაეხმარა.
15, 16. ა) რა დაემართებათ ისრაელის მტრებს და რა მხრივ ჰგავს ისრაელი მატლს? ბ) რა მომავალი თავდასხმის მხედველობაში მიღებისას არის იეჰოვას სიტყვები განსაკუთრებით გამამხნევებელი?
15 ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა ესაიას პირით: „აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი. ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი. ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა“ (ესაია 41:11—14).
16 ისრაელის მტრები ვერ გაიმარჯვებენ. მოწინააღმდეგეები შერცხვებიან. მის წინააღმდეგ მებრძოლნი დაიღუპებიან. მართალია, ისრაელი ტყვეები ისეთივე სუსტები და უმწეოები ჩანან, როგორც მატლი, რომელიც მტვერში იკლაკნება, მაგრამ იეჰოვა დაეხმარება მათ. რა გამამხნევებელია ეს ამ „უკანასკნელ დღეებში“, როდესაც ჭეშმარიტ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში ამდენი მტერი ჰყავთ! (2 ტიმოთე 3:1). აგრეთვე რა განმამტკიცებელია იეჰოვას აღთქმა, თუ მხედველობაში მივიღებთ სატანის, ანუ წინასწარმეტყველების მიხედვით, „გოგ მაგოგელის“, მოახლოებულ თავდასხმას! გოგის საშინელი თავდასხმის დროს მატლივით უმწეო გამოჩნდებიან იეჰოვას მსახურები, რომლებიც „უგალავნოდ“ ცხოვრობენ და „არც ურდულები აქვთ და არც კარები“. მაგრამ იეჰოვაზე მინდობილებს არ მოუწევთ შიშით კანკალი. თავად ყოვლისშემძლე ღმერთი იბრძოლებს მათ დასაცავად (ეზეკიელი 38:2, 11, 14—16, 21—23; 2 კორინთელთა 1:3).
ნუგეში ისრაელისთვის
17, 18. როგორ აღწერს ესაია ისრაელის გაძლიერებას და ამ წინასწარმეტყველური სიტყვების რა შესრულებას უნდა მოველოდეთ?
17 იეჰოვა განაგრძობს თავისი ხალხის ნუგეშისცემას: „აჰა, გაქცევ გალესილ, ახალთახალ, დაკბილულ კევრად; გალეწავ მთებს და დააქუცმაცებ, ბზესავით გახდი მთაგრეხილებს. გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები“ (ესაია 41:15, 16).
18 ისრაელს ძალა მიეცემა იერიშზე გადასასვლელად და თავისი მთებივით აღმართული მტრების სულიერი გაგებით დასამორჩილებლად. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ისრაელი სძლევს მტრებს, რომლებიც მათთვის ტაძრისა და იერუსალიმის კედლების აღდგენაში ხელის შეშლას შეეცდებიან (პირველი ეზრა 6:12; ნეემია 6:16). მაგრამ იეჰოვას სიტყვები უფრო დიდი მნიშვნელობით „ღვთის ისრაელზე“ შესრულდება (გალატელთა 6:16). იესო ჰპირდება ცხებულ ქრისტიანებს: „ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, — დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, — ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან“ (გამოცხადება 2:26, 27). უეჭველად დადგება დრო, როდესაც ზეციერი დიდებისთვის აღდგენილი ქრისტეს ძმები მონაწილეობას მიიღებენ იეჰოვა ღმერთის მტრებზე შურისძიებაში (2 თესალონიკელთა 1:7, 8; გამოცხადება 20:4, 6).
19, 20. რას წერს ესაია მშვენიერ ქვეყანაში ისრაელის დაბრუნების შესახებ და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?
19 იეჰოვა ფიგურალური ენით ადასტურებს აღთქმას, რომ შვებას მოჰგვრის თავის ხალხს: „ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას — წყაროსთვალად. დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩხალთან და ბზასთან ერთად. რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს“ (ესაია 41:17—20).
20 ტყვეობაში მყოფი ისრაელები უმდიდრესი მსოფლიო მპყრობელი ქვეყნის სატახტო ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ის ხრიოკი უდაბნოა მათთვის. ისინი დავითივით გრძნობენ თავს, როდესაც ის მეფე საულს ემალებოდა. ძვ. წ. 537 წელს იეჰოვა შესაძლებლობას აძლევს ისრაელებს, იუდაში დაბრუნდნენ და იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი და წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინონ. იეჰოვა თავის მხრივ აკურთხებს მათ. მოგვიანებით ესაია წინასწარმეტყველებს: „ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს“ (ესაია 51:3). ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად სრულდება იუდაელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
21. რა გაგებით დაბრუნდა ღვთის ხალხი სამშობლოში ამ უკანასკნელ დღეებში და რა მოხდება მომავალში?
21 მსგავსი რამ მოხდა ჩვენს უკანასკნელ დღეებშიც, როდესაც უფრო დიდმა კიროსმა, იესო ქრისტემ, წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა სულიწმიდით ცხებული თავისი მიმდევრები. ეს ერთგული ქრისტიანები ღმერთმა საუცხოო სულიერი სამოთხითა და ფიგურალური ედემის ბაღით აკურთხა (ესაია 11:6—9; 35:1—7). მალე, როდესაც ღმერთი თავის მტრებს მოსპობს, მთელი დედამიწა, პირდაპირი მნიშვნელობით, იმ სამოთხედ გადაიქცევა, რომელსაც იესო ქრისტე წამების ძელზე მის გვერდზე მყოფ ბოროტმოქმედს დაჰპირდა.
ისრაელის მტრებთან დავა
22. რა სიტყვებით იწყებს იეჰოვა ერებთან კვლავ დავას?
22 ახლა იეჰოვა კვლავ ერებთან და მათ კერპებთან იწყებს დავას: „წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე. მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად. აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით“ (ესაია 41:21—24). შეუძლიათ თუ არა ერების ღმერთებს ზუსტად იწინასწარმეტყველონ და დაამტკიცონ, რომ ზებუნებრივი ცოდნა აქვთ? თუ დიახ, მაშინ რაღაც კეთილით ან თუნდაც ბოროტით უნდა დამტკიცდეს მათი განაცხადი. მაგრამ, სინამდვილეში, კერპებს არაფერი შეუძლიათ და არარაობა არიან.
23. რატომ დაგმო იეჰოვამ კერპები ასე ბევრჯერ თავის წინასწარმეტყველთა პირით?
23 დღეს შეიძლება ზოგი დაინტერესდეს, თუ რატომ ანდომებდა იეჰოვა ამდენ დროს ესაიასა და სხვა წინასწარმეტყველთა მეშვეობით კერპთაყვანისმცემლობის უგუნურების მხილებას. ხელთქმნილი კერპების უსარგებლობა ბევრისთვის სრულიად ნათელია დღეს. მაგრამ როდესაც ცრუ რწმენა დამკვიდრებული და ფართოდ გავრცელებულია, ძნელია ხალხის გონებიდან მისი სრულიად აღმოფხვრა. ბევრი თანამედროვე წარმოდგენა ისეთივე უგუნურებაა, როგორც ის აზრი, რომ უსიცოცხლო კერპები ნამდვილად ღმერთები არიან. მაგრამ მათი მამხილებელი დამაჯერებელი არგუმენტების მიუხედავად, ხალხში მაინც გავრცელებულია ასეთი შეხედულებები. მხოლოდ ჭეშმარიტების კვლავ და კვლავ მოსმენის შემდეგ ხედავს ზოგი, თუ რამდენად გონივრულია იეჰოვაზე მინდობა.
24, 25. იეჰოვა კვლავ როგორ იხსენიებს კიროსს და რომელ სხვა წინასწარმეტყველებას მოგვაგონებს ეს?
24 იეჰოვა კვლავ იხსენიებს კიროსს: „ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით დაჯეგავს აყალოს“ (ესაია 41:25)d. წარმართი ერების ცრუ ღმერთებისგან განსხვავებით, იეჰოვას შეუძლია წინასწარმეტყველებების შესრულება. როდესაც „აღმოსავლეთიდან“ მოიყვანს კიროსს, ღმერთი ცხადყოფს, რომ მომავლის წინასწარმეტყველებისა და შემდეგ მოვლენების იმგვარად წარმართვის უნარი აქვს, რომ თავისი წინასწარმეტყველებები შესრულდეს.
25 ეს სიტყვები მოგვაგონებს იოანე მოციქულის წინასწარმეტყველებას იმ მეფეების შესახებ, რომლებიც ჩვენს დროში უნდა ამოქმედებულიყვნენ. გამოცხადების 16:12-ში ვკითხულობთ, რომ გზა მომზადდება „იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან“. ეს მეფეები იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე არიან. როგორც კიროსმა იხსნა ღვთის ხალხი დიდი ხნის წინათ, ისე ეს უძლიერესი მეფეები გაანადგურებენ იეჰოვას მტრებს და დიდი ჭირიდან სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადაიყვანენ ღვთის მორჩილ ხალხს (ფსალმუნი 2:8, 9; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:14—17).
იეჰოვა უზენაესია!
26. რა შეკითხვას სვამს იეჰოვა და როგორია ამ კითხვაზე პასუხი?
26 ახლა კი იეჰოვა კვლავ აცხადებს, რომ მხოლოდ თვითონ არის ჭეშმარიტი ღმერთი. ის შეკითხვას სვამს: „ვინ გამოაცხადა დასაბამით, რომ გვცოდნოდა? ადრიდანვე, რომ გვეთქვა: ის მართალია? მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის უცნობებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი“ (ესაია 41:26). არც ერთ კერპსა და ცრუ ღმერთს არ უწინასწარმეტყველებია, რომ დამპყრობის ხელით იხსნიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათზე იყვნენ მინდობილი. ყველა ასეთი ღმერთი უსიცოცხლოა და ამიტომაც ვერაფერს იტყვიან. ისინი სულაც არ არიან ღმერთები.
27, 28. რა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე მახვილდება ყურადღება ესაიას 41-ე თავის ბოლო მუხლებში და მხოლოდ ვინ აცხადებს ამას?
27 იეჰოვას ამ ამაღელვებელი წინასწარმეტყველური სიტყვების შემდეგ ესაია ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე ამახვილებს ყურადღებას: „მე პირველმა [ვუთხარი] სიონს: აჰა, აჰა, ისინი-მეთქი! და იერუსალიმს: მახარობელს მოგცემ-მეთქი! გავიხედე და არავინ იყო, არ იყო მრჩეველი მათ შორის, რომ შევკითხოდი და პასუხი გაეცათ. აჰა, არარანი არიან ყველანი, ფუჭია მათი საქმეები, მათი კერპები ქარია და სიცარიელე“ (ესაია 41:27—29).
28 იეჰოვა პირველია. ის უზენაესია! ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გათავისუფლებას ჰპირდება თავის ხალხს და კეთილ ცნობას აუწყებს მათ. მის სიდიადეს ერებში მხოლოდ მისი მოწმეები აცხადებენ. იეჰოვა არად აგდებს და კიცხავს იმ ხალხს, ვინც ამ კერპებზეა მინდობილი და „ქარსა და სიცარიელეს“ უწოდებს მათ კერპებს. ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზია ჭეშმარიტ ღმერთთან მისაახლოებლად! მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს ჩვენს აბსოლუტურ ნდობას.
[სქოლიოები]
a იხილეთ „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“, თავი 29.
b იხილეთ „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“, თავი 30.
c უფრო დიდი კიროსი, რომელმაც 1919 წელს „ღვთის ისრაელი“ სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა, იესო ქრისტეა. ის 1914 წლიდან ღვთის სამეფოს ზეციერ ტახტზე ზის (გალატელთა 6:16).
d მიუხედავად იმისა, რომ კიროსის სამშობლო ბაბილონის აღმოსავლეთით იყო, უკანასკნელად ქალაქს ჩრდილოეთიდან, მცირე აზიიდან, შეუტია.
[სურათი 19 გვერდზე]
კიროსი, მიუხედავად იმისა, რომ წარმართია, ღვთის ნების შესასრულებლად არის ამორჩეული.
[სურათი 21 გვერდზე]
ერები უსიცოცხლო კერპებზე ამყარებენ იმედს.
[სურათები 27 გვერდზე]
ისრაელი, ‘გალესილი კევრი, მთებს დააქუცმაცებს’.