სინათლის ნათებები — ძლიერი და სუსტი (ნაწილი პირველი)
„მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდებადღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18).
1. რატომ იკვეთება ჭეშმარიტება თანდათანობით?
იგავნის 4:18-ის შესაბამისად, სინათლის ნათების საშუალებით მრავალი სულიერი ჭეშმარიტების თანდათანობით გამოკვეთა არის ღვთიური სიბრძნის მტკიცება. წინა სტატიაში ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ შესრულდა ეს მუხლი მოციქულთა დღეებში. ბიბლიური ჭეშმარიტების ძირითადი ნაწილი ერთდროულად რომ გამოკვეთილიყო ის დამაბრმავებელი და დამაბნეველი იქნებოდა და უფრო დაემსგავსებოდა იმ შედეგს, რომელიც ბნელი გამოქვაბულიდან კაშკაშა მზის სინათლეზე გამოსვლას მოჰყვება. გარდა ამისა, ჭეშმარიტება, რომელიც თანდათანობით იკვეთება, განუწყვეტლივ აძლიერებს ქრისტიანების რწმენას. ის ადრინდელზე უფრო ნათელს ხდის იმედსა და გზას, რომლითაც უნდა იარონ.
„ერთგული და გონიერი მონა“
2. თავისი მიმდევრებისთვის სულიერი სინათლის მისატანად ვის გამოყენებაზე მიუთითებდა იესო და ვისი მეშვეობით სრულდება ეს?
2 მოციქულთა დღეებში თავისი მიმდევრებისთვის სინათლის ადრინდელი ნათებების მისაცემად, იესო ქრისტემ მართებულად მიიჩნია ზებუნებრივი საშუალებების გამოყენება. ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მაგალითი: ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული და ახალი წელთაღრიცხვით 36 წელს კორნელიოსის მოქცევა რწმენაში. შემდეგში ქრისტემ გადაწყვიტა გამოეყენებინა ადამიანების შუამავლობა, რის შესახებაც იწინასწარმეტყველა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:45–47). ეს მონა ვერ იქნებოდა მხოლოდ ერთი პიროვნება, რადგან მას სულიერი საზრდო უნდა მიეწოდებინა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს ქრისტიანული კრების არსებობის დაწყებიდან — ბატონის, იესო ქრისტეს, მოსვლამდე, რომელიც ანგარიშს მოსთხოვდა მას. ფაქტები მიუთითებს, რომ ერთგული და გონიერი მონის კლასში შედის დედამიწაზე ნებისმიერ დროს მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენდნენ.
3. ვინ იყო მონის კლასის პირველ წევრებს შორის?
3 ვინ იყო ერთგული და გონიერი მონის კლასის პირველ წევრებს შორის? ერთ-ერთი იყო მოციქული პეტრე, რომელიც გულისყურით ეპყრობოდა იესოს ბრძანებას: „აძოვე ჩემი ცხვრები“ (იოანე 21:17). აგრეთვე მონის კლასის სხვა ადრინდელ წევრებს შორის იყვნენ: მათე, სახარების მწერალი, რომელიც მის სახელს ატარებს, პავლე, იაკობი და იუდა, რომლებმაც ღმერთის მიერ შთაგონებული წერილები დაწერეს. ასევე, ერთგული და გონიერი მონის კლასის წევრი იყო მოციქული იოანე, რომლის ჩანაწერებსაც წარმოადგენს წიგნი „გამოცხადება“, თავისი სახარება და წერილები. ეს მამაკაცები იესოს დავალებით წერდნენ.
4. ვინ არიან ‘სახლეულები’?
4 თუ ყველა ცხებული, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჯგუფს შეადგენს და მონის კლასის წევრია, მაშინ ვინ არიან ‘სახლეულები’? ესენი იგივე ცხებულები არიან, რომლებიც ახლა განსხვავებული კუთხით განიხილებიან — როგორც ცალკეული პიროვნებები. დიახ, ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, არიან ისინი ‘მონის’ თუ ‘სახლეულის’ წარმომადგენლები დამოკიდებულია სულიერი საზრდოს მიწოდებაზე ან მიღებაზე. მაგალითად: 2 პეტრეს 3:15, 16-ში ჩაწერილის თანახმად, მოციქული პეტრე მიუთითებს პავლეს წერილებზე. მათი წაკითხვისას, პეტრე იქნებოდა, როგორც სახლეულებიდან ერთ-ერთი, რომელიც იკვებებოდა მონის კლასის წარმომადგენლის, პავლეს მიწოდებული სულიერი საზრდოთი.
5. ა) რა მდგომარეობაში იყო მონა საუკუნეების განმავლობაში მოციქულთა შემდეგ? ბ) როგორ განვითარდა საქმე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში?
5 ამასთან დაკავშირებით, წიგნი „ღმერთის ათასწლიანი სამეფო მოახლოვდა“ (ინგლ.) იტყობინებოდა: „რაც შეეხება ‘ერთგული და გონიერი მონის’ კლასის არსებობასა და მსახურებას, ბატონის, იესო ქრისტეს, მოციქულების სიკვდილის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ არ გვაქვს ნათელი ისტორიული სურათი. როგორც ჩანს, ‘მონის’ კლასის ერთი თაობა მომდევნო თაობას კვებავდა (2 ტიმოთე 2:2). მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდნენ ღვთისმოშიში პიროვნებები, რომლებსაც უყვარდათ წმინდა ბიბლიიდან გამომდინარე სულიერი საზრდო და სურდათ ამ საზრდოს მიღება. . . იქმნებოდა ბიბლიის კვლევის კლასები. . . და ეს პიროვნებები იზრდებოდნენ საღვთო წერილის ძირითადი ჭეშმარიტებების გაგებაში. ბიბლიის ამ მკვლევართაგან ზოგიერთ გულწრფელ და უანგარო ადამიანს ძალიან სურდა სულიერი საზრდოს მნიშვნელოვანი ნაწილის სხვებისთვის გაზიარება. მათ ჰქონდათ იმ ‘მონის’ ერთგულების სული, რომელიც დაინიშნა, რათა ‘დროულად მიეცა სახლეულისთვის საჭირო სულიერი საზრდო’. ისინი ‘გონიერები’ იყვნენ იმის გამოცნობაში, რომ სწორედ ეს იყო სათანადო დრო და იმაში, თუ რომელი საუკეთესო საშუალებები მოემსახურებოდა საზრდოობისთვის. ისინი ცდილობდნენ, მომსახურებოდნენ ამას“ (გვერდები 344–345)a.
სინათლის ადრინდელი ნათება დღეს
6. ჭეშმარიტების თანდათანობით გამოკვეთასთან დაკავშირებით, რომელი ფაქტი არის შესამჩნევად განმასხვავებელი?
6 ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც შესამჩნევად ასხვავებდა ადამიანებს, რომლებსაც იეჰოვა თანდათანობით მზარდი სულიერი სინათლის მოსაფენად იყენებდა, ის არის, რომ ისინი საკუთარ თავს არ აკუთვნებდნენ დიდებას. საგუშაგო კოშკის საზოგადოების პირველ პრეზიდენტს, ჩ. ტ. რასელს მიაჩნდა, რომ უფალმა მოიწონა მათი უბრალო ნიჭების გამოყენება. ეპითეტებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენებაც მის მტრებს უყვარდათ, ძმა რასელმა მტკიცედ გამოაცხადა, რომ მას არასდროს შეხვედრია „რასელისტი“ და რომ არ არსებობდა ისეთი გაგება, როგორიცაა „რასელიზმი“. მთელ დიდებას აკუთვნებდნენ ღმერთს.
7. როგორ დაამტკიცეს ძმა რასელმა და მისმა თანამშრომლებმა, რომ ნამდვილად იყვნენ ერთგული და გონიერი მონის ნაწილი?
7 შედეგებიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვას წმინდა სული მართავდა ძმა რასელისა და მისი თანამშრომლების მცდელობებს. მათ დაამტკიცეს, რომ ერთგული და გონიერი მონის ნაწილი იყვნენ. თუმცა იმ დროის მრავალი მღვდელი ასწავლიდა, რომ ბიბლია იყო ღმერთის მიერ შთაგონებული სიტყვა და იესო ღმერთის ძე, ისინი ეთანხმებოდნენ ცრუ, ბაბილონურ მოძღვრებებს, როგორიცაა: სამება, ადამიანის სულის უკვდავება და მარადიული ტანჯვა. იესოს აღთქმის თანახმად, ნამდვილად სულიწმიდის წყალობით იყო, რომ ძმა რასელისა და მისი თანამშრომლების მოკრძალებულმა ძალისხმევამ, ხელი შეუწყო ჭეშმარიტების ისეთ განათებას, როგორიც არასდროს ყოფილა (იოანე 16:13). ბიბლიის ამ ცხებულმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იყვნენ ერთგული და გონიერი მონის კლასის ნაწილი, რომლის დავალება არის ბატონის სახლეულისთვის სულიერი საზრდოს უზრუნველყოფა. მათი მცდელობები დიდად დაეხმარა ცხებული პიროვნებების შეკრებას.
8. იეჰოვასა და ბიბლიასთან, იესო ქრისტესა და სულიწმიდასთან დაკავშირებით რომელ ძირითად ფაქტებს ჩასწვდნენ ბიბლიის მკვლევარები გარკვევით?
8 საოცარია იმის დანახვა, თუ რამდენად დიდებულად წყალობდა იეჰოვა ბიბლიის ადრინდელ მკვლევარებს, როცა სულიწმიდის საშუალებით ჰფენდა სინათლეს. თავიდან მათ ურყევად დაამტკიცეს, რომ შემოქმედი არსებობს და რომ მას აქვს შეუდარებელი სახელი — იეჰოვა (ფსალმუნი 83:18, აქ [82:19]; რომაელთა 1:20). მათ დაინახეს, რომ იეჰოვას აქვს ოთხი ძირითადი თვისება — ძალა, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული (დაბადება 17:1; მეორე რჯული 32:4; რომაელთა 11:33; 1 იოანე 4:8). ამ ცხებულმა ქრისტიანებმა გარკვევით დაამტკიცეს, რომ ბიბლია არის ღმერთის მიერ შთაგონებული სიტყვა და არის ჭეშმარიტება (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). შემდეგ მათ დაადგინეს, რომ ღმერთის ძე იესო ქრისტე შექმნილი იყო და რომ თავისი სიცოცხლე მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად შესწირა (მათე 20:28; კოლასელთა 1:15). გაირკვა, რომ სულიწმიდა სულაც არ არის სამების მესამე პიროვნება, არამედ ღმერთის მოქმედ ძალას წარმოადგენს (საქმეები 2:17).
9. ა) რომელი ჭეშმარიტებები ნათელყვეს ბიბლიის მკვლევარებმა ადამიანთან და ბიბლიაში წინასწარ დადგენილ გზებთან დაკავშირებით? ბ) რომელი სხვა ჭეშმარიტებები დაინახეს იეჰოვას მსახურებმა გარკვევით?
9 ბიბლიის მკვლევარებმა ნათლად დაინახეს, რომ ადამიანს არა აქვს უკვდავი სული, არამედ თვითონ არის სული, რომელიც კვდება. მათ შეიგნეს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და არა მარადიული ტანჯვა და რომ არ არსებობდა ისეთი ადგილი, როგორიცაა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი (რომაელთა 5:12; 6:23; დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; ეზეკიელი 18:4). გარდა ამისა, გარკვევით დაინახეს, რომ ევოლუციის თეორია არა მარტო არაბიბლიურია, არამედ უკიდურესად უსაფუძვლოა (დაბადება, თავები 1 და 2). ასევე, მათ გაარკვიეს, რომ ბიბლია სთავაზობს ორ წინასწარ დადგენილ გზას: ზეციერს — ქრისტეს 144 000 ცხებული მიმდევრისთვის, რომლებიც მის კვალს მიჰყვებიან; და დედამიწაზე სამოთხის გზას — ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარი ‘უამრავი ხალხისთვის’ (გამოცხადება 7:9; 14:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; იოანე 10:16). ბიბლიის ადრინდელი მკვლევარები მიხვდნენ, რომ დედამიწა იარსებებს მარადიულად და არ დაიწვება, როგორც ამას მრავალი რელიგია ასწავლის (ეკლესიასტე 1:4; ლუკა 23:43). ასევე, მათ შეიგნეს, რომ იესოს დაბრუნება უხილავი იქნებოდა და რომ ის შეასრულებდა განაჩენს ერებზე და დაამყარებდა სამოთხეს დედამიწაზე (საქმეები 10:42; რომაელთა 8:19–21; 1 პეტრე 3:18).
10. რომელ ჭეშმარიტებებს ჩასწვდნენ ბიბლიის მკვლევარები ნათლობასთან, სასულიერო-საერო გარჩევასა და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით?
10 ბიბლიის მკვლევარებმა გაიგეს, რომ ბიბლიური ნათლობა არ წარმოადგენს ჩვილი ბავშვებისთვის წყლის შესხურებას, არამედ მათეს 28:19, 20-ში მოცემული იესოს ბრძანების თანახმად, ეს არის იმ მორწმუნეების წყალში სრული ჩაძირვით ნათლობა, რომლებსაც ასწავლეს ჭეშმარიტება. მათ დაინახეს, რომ არ არსებობს არანაირი ბიბლიური საფუძველი სასულიერო-საერო გარჩევისთვის (მათე 23:8–10). პირიქით, ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს კეთილი ცნობის მქადაგებელი (საქმეები 1:8). ბიბლიის მკვლევარებისთვის ნათელი გახდა, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღინიშნებოდეს, 14 ნისანს. უფრო მეტიც, მათთვის ნათელი გახდა, რომ აღდგომის დღესასწაული არის კერპთაყვანისმცემლური. ამასთანავე, ამ ცხებულ პიროვნებებს ისე სწამდათ, რომ ღმერთი მხარს უჭერდა მათ საქმიანობას, რომ არასდროს აგროვებდნენ ფულს (მათე 10:8). თავიდანვე ესმოდათ მათ, რომ ქრისტიანები უნდა ცხოვრობდნენ ბიბლიური პრინციპების თანახმად, რომლებშიც შედის ღმერთის სულიწმიდის ნაყოფების განვითარება (გალატელთა 5:22, 23).
სინათლის ნათების გაძლიერება
11. რომელმა სინათლემ გააშუქა ქრისტიანებისთვის მიცემული დავალება და იესოს იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?
11 განსაკუთრებით 1919 წლიდან იეჰოვამ აკურთხა თავისი მსახურები სინათლის მზარდი ნათებით. რამდენად ბრწყინვალედ გამოანათა სინათლემ 1922 წელს „სიდარ პოინტში“ ჩატარებულ კონგრესზე, როცა ჯ. ფ. რუტერფორდმა, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მეორე პრეზიდენტმა, მკვეთრად აღნიშნა, რომ იეჰოვას მსახურების პირველი ვალდებულება არის ‘აუწყონ, აუწყონ, აუწყონ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ! ’ ზუსტად მომდევნო წელს კაშკაშა სინათლემ გააშუქა იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ. გაირკვა, რომ ეს წინასწარმეტყველება უფლის დღევანდელ დღეს უნდა შესრულებულიყო და არა მომავალში, ათასი წლის განმავლობაში, როგორც ადრე ფიქრობდნენ. ათასი წლის განმავლობაში ქრისტეს ძმები არც ავად გახდებიან და არც საპყრობილეში იქნებიან. გარდა ამისა, ათასი წლის დასასრულს გაასამართლებს იეჰოვა ღმერთი და არა იესო ქრისტე (მათე 25:31–46).
12. სინათლის რომელი ნათება ეხებოდა არმაგედონს?
12 ათას ცხრაას ოცდაექვს წელს სინათლის სხვა ბრწყინვალე ნათებამ გამოაჩინა, რომ არმაგედონის ომი არ იქნებოდა სოციალური რევოლუცია, როგორც ერთ დროს ბიბლიის მკვლევარები ფიქრობდნენ. არამედ ეს იქნებოდა ომი, რომელშიც იეჰოვა ისე ნათლად გამოაჩენდა თავის ძალას, რომ ყოველი ადამიანი დარწმუნდებოდა — ის არის ღმერთი (გამოცხადება 16:14–16; 19:17–21).
შობა — კერპთაყვანისმცემლური დღესასწაული
13. ა) რომელი სინათლე მოეფინა შობის დღესასწაულს? ბ) რატომ აღარ ზეიმობდნენ დაბადების დღეს? (გამოიყენე სქოლიო).
13 ცოტა ხნის შემდეგ სინათლის ნათების გავლენით ბიბლიის მკვლევარებმა შეწყვიტეს შობის ზეიმობა. ამ დრომდე შობა ყოველთვის აღინიშნებოდა ბიბლიის მკვლევარების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ზეიმობა ბრუკლინის მთავარ განყოფილებაში ძალიან სადღესასწაულო იყო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ 25 დეკემბრის რიტუალი სინამდვილეში კერპთაყვანისმცემლური იყო და რომ განდგომილმა ქრისტიანობამ რწმენაში კერპთაყვანისმცემლების უფრო იოლად მოქცევის მიზნით აირჩია ის. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელია, რომ იესო ზამთარში დაბადებულიყო, რადგან მისი შობის დროს მწყემსები მინდვრებში აძოვებდნენ ფარებს — რასაც ვერ გააკეთებდნენ დეკემბრის ბოლოს, ღამით (ლუკა 2:8). გარდა ამისა, საღვთო წერილი მიუთითებს, რომ იესო დაიბადა დაახლოებით 1 ოქტომბერს. ასევე, ბიბლიის მკვლევარებმა შეიგნეს, რომ ეგრეთ წოდებული ბრძენი მამაკაცები, რომლებმაც იესო დაბადებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ მოინახულეს, კერპთაყვანისმცემელი გრძნეულები იყვნენb.
ახალი სახელი
14. მთლიანად რატომ ვერ გამოხატავდა იეჰოვას ხალხის არსს სახელი „ბიბლიის მკვლევარები“ ?
14 ათას ცხრაას ოცდათერთმეტ წელს ჭეშმარიტების ბრწყინვალე ნათებამ ბიბლიის მკვლევარებს სათანადო ბიბლიური სახელის შერჩევაზე მიუთითა. იეჰოვას ხალხი მიხვდა, რომ ვერ მიიღებდა ნებისმიერ სახელს, რომელიც სხვებმა შეარქვეს, როგორიც იყო: „რასელისტები“, „მილენარიები“ და „ჯოჯოხეთის მოწინააღმდეგეები“c. მაგრამ, ასევე, მათ დაიწყეს იმის გაგება, რომ სახელი, რომელიც თვითონ აირჩიეს — ბიბლიის მკვლევარები — მთლიანად ვერ გამოხატავდა მათ არსს. ისინი მხოლოდ ბიბლიის მკვლევარებზე ბევრად უფრო მეტს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, არსებობდა მრავალი სხვა ადამიანი, რომლებიც იკვლევდნენ ბიბლიას, მაგრამ ბიბლიის მკვლევარებთან არაფერი ჰქონდათ საერთო.
15. რომელი სახელი მიიღეს ბიბლიის მკვლევარებმა 1931 წელს და რატომ არის ის შესაფერისი?
15 როგორ მიიღეს ბიბლიის მკვლევარებმა ახალი სახელი? „საგუშაგო კოშკი“ წლების განმავლობაში ამცნობდა იეჰოვას სახელს. ამიტომ, ყველაზე შესაფერისი იყო, რომ ბიბლიის მკვლევარებს მიეღოთ სახელი, რომელიც წერია ესაიას 43:10-ში: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი [იეჰოვა, აქ] და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება“.
გამართლება და „უამრავი ხალხი“
16. რატომ არ ეხებოდა წინასწარმეტყველებები განახლების შესახებ დაბადებით იუდეველებს, რომლებიც პალესტინაში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ვის ეხებოდა ისინი?
16 საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ 1932 წელს გამოქვეყნებული წიგნის „გამართლების“ (ინგლ.) მეორე ტომში სინათლის ნათებამ გამოაჩინა, რომ წინასწარმეტყველებები განახლების შესახებ, ჩაწერილი ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და სხვა წინასწარმეტყველების მიერ, არ ეხება (როგორც ერთ დროს ფიქრობდნენ) ხორციელ იუდეველებს, რომლებიც რწმენით კი არა, არამედ პოლიტიკური ინტერესების გამო ბრუნდებოდნენ პალესტინაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ წინასწარმეტყველებებს განახლების შესახებ, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს ბაბილონის მონობიდან იუდეველების დაბრუნებისას მცირე ზომით შესრულდა, ჰქონდა უფრო დიდი შესრულება, რომელიც გამოიხატა სულიერი ისრაელის 1919 წელს დაწყებული გათავისუფლებითა და განახლებით და ამის შედეგად მიღებული კეთილდღეობით სულიერ სამოთხეში, რომლითაც იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურები დღეს ტკბებიან.
17, 18. ა) როგორც დროთა განმავლობაში სინათლის ნათების საშუალებით იყო ნაჩვენები, რა იყო იეჰოვას მთავარი მიზანი? ბ) გამოცხადების 7:9–17-თან დაკავშირებით სინათლის რომელი ნათება გამოჩნდა 1935 წელს?
17 დროთა განმავლობაში, სინათლის ნათებებმა გამოაჩინა, რომ იეჰოვას მთავარი მიზანი იყო თავისი უზენაესი ხელისუფლების გამართლება და არა ქმნილებების ხსნა. როგორც გაირკვა, ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო არა გამოსყიდვა, არამედ სამეფო, რადგან ის გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. სინათლის რამდენად ძლიერი ნათება იყო ეს! მიძღვნილი ქრისტიანებისთვის საკითხი ზეცაში მოხვედრის შესახებ აღარ იყო მთავარი.
18 ათას ცხრაას ოცდათხუთმეტ წელს სინათლის ბრწყინვალე ნათებამ გამოაჩინა, რომ გამოცხადების 7:9–17-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი არ წარმოადგენდა მეორეხარისხოვან ზეციერ კლასს. არსებობდა თვალსაზრისი, რომ ამ მუხლებში მოხსენიებული პიროვნებები იყვნენ ცხებულთაგან ზოგიერთები, რომლებიც მთელი გულით არ იყვნენ ერთგულები და ამიტომ იდგნენ ტახტის წინ, იმის ნაცვლად, რომ მსხდარიყვნენ ტახტებზე და იესო ქრისტესთან ერთად ემმართველათ, როგორც მეფეებსა და მღვდლებს. მაგრამ, უბრალოდ, არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ნაწილობრივ ერთგულება. პიროვნება ან ერთგულია, ან — არა. ამრიგად გაირკვა, რომ ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა ურიცხვ უამრავ ხალხზე ყოველი ერიდან, რომელიც ახლა იკრიბება და რომელსაც მიწიერი იმედი აქვს. ესენი არიან ‘ცხვრები’ მათეს 25:31–46-დან და ‘სხვა ცხვრები’ იოანეს 10:16-დან.
ჯვარი — არაქრისტიანული სიმბოლო
19, 20. რატომ არ შეიძლება, რომ ჯვარი იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობის სიმბოლო?
19 მრავალი წლის განმავლობაში ბიბლიის მიმდევრები ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ აცხადებდნენ. მათ სიმბოლოც კი ჰქონდათ, რომელიც „ჯვარსა და გვირგვინს“ გამოხატავდა. „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ (კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი) თანახმად, იესომ სთხოვა თავის მოციქულებს, აეღოთ თავიანთი „ჯვარი“ და მრავალმა ირწმუნა, რომ ის ჯვარზე გაკვრით დასაჯეს (მათე 16:24; 27:32). ასევე, ათწლეულების მანძილზე ეს სიმბოლო გამოსახული იყო ჟურნალის „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე.
20 საზოგადოების მიერ 1936 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა „მრავალი სიმდიდრე“ (ინგლ.) ნათელყო, რომ იესო ქრისტე დასაჯეს არა ჯვარზე, არამედ ვერტიკალურ სვეტზე ანუ ბოძზე. ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნების სიტყვების თანახმად, ბერძნული სიტყვა (სტაუ·როსʹ-ი), რომელიც „ჯვარზე“ მიუთითებს „მეფე იაკობის თარგმანის“ მიხედვით „ნიშნავს, უმთავრესად, ვერტიკალურ ძელს ან ბოძს. [მას] უნდა განასხვავებდნენ საეკლესიო ჯვრისგან, რომელიც ორი ბოძისგან შედგება. . . უკანასკნელმა თავისი არსებობა დაიწყო ქალდეველთა ძველ ქვეყანაში, სადაც მას ღმერთი თამუზის სიმბოლოდ იყენებდნენ“. რადგან იარაღი, რომელზეც იესო გააკრეს, სულაც არ არის თაყვანსაცემი, მას ზიზღით უნდა ვუყურებდეთ.
21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
21 ძლიერი და შედარებით სუსტი ნათებების სხვა მაგალითებიც არსებობს. მათ განსახილველად, გთხოვთ იხილოთ მომდევნო სტატია.
[სქოლიოები]
a გამოცემულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
b დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ, თუ ოდესმე არსებულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადების დღის ზეიმობა არ შეიძლებოდა, ჩვენ არ უნდა ვზეიმობდეთ ნებისმიერ დაბადების დღეს. გარდა ამისა, არც ისრაელები, არც ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეს. ბიბლია მხოლოდ ორ დაბადების დღეს აღნიშნავს: ერთი — ფარაონის დაბადების დღე, მეორე — ჰეროდე ანტიპასი. ორივე ზეიმი სიკვდილით დასჯით ჩამწარდა. იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ დაბადების დღეს, რადგან ამ წეს-ჩვეულებას აქვს კერპთაყვანისმცემლური დასაბამი და იწვევს იმ პიროვნებების განდიდებას, რომლებსაც დაბადების დღე აქვთ (დაბადება 40:20–22; მარკოზი 6:21–28).
c ეს იყო შეცდომა, რომელიც ქრისტიანული სამყაროს მრავალმა სარწმუნოებამ დაუშვა. „ლუთერანი“ იყო მეტსახელი, რომელიც მარტინ ლუთერის მტრებმა მის მიმდევრებს შეარქვეს, რის შემდეგაც მიმდევრებმა მიიღეს ის. ამის მსგავსად, ბაპტისტებმა მიიღეს მეტსახელი, რომელიც გარეშე პირებმა შეარქვეს წყალში ჩაძირვის საშუალებით ნათლობის შესახებ ქადაგების გამო. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა: მეთოდისტებმა მიიღეს სახელი, რომელიც მათ გარეშე პირმა მიანიჭა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაერქვა „მეგობართა საზოგადოებას“ კვაკერები „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia) ამბობს: «სიტყვა „კვაკერი“ [„მოკანკალე“] თავდაპირველად ნიშნავდა ფოქსისადმი [დამაარსებელი] მიმართულ შეურაცხყოფას, რომელმაც უთხრა ინგლისელ მოსამართლეს: „იკანკალეთ უფლის სიტყვის წინაშე“. მოსამართლემ ფოქსს „კვაკერი“ უწოდა».
გახსოვს თუ არა შენ?
◻ ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ და ვინ არიან ‘სახლეულები’?
◻ სინათლის რომელი ადრინდელი ნათებები გამოჩნდა თანამედროვე დროში?
◻ რატომ იყო ახალი სახელი, „იეჰოვას მოწმეები“, სათანადო?
◻ რომელი საოცარი ჭეშმარიტებები გაიხსნა 1935 წელს?
[სურათი 23-ე გვერდზე]
ჩ. ტ. რასელი და მისი თანამშრომლები ავრცელებდნენ სულიერ სინათლეს, მაგრამ მთელ დიდებას აკუთვნებდნენ იეჰოვას.