თავი მეცხრე
იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლის
1. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას სიტყვებს გონიერი ადამიანები?
როდესაც იეჰოვა ლაპარაკობს, გონიერი ადამიანები პატივისცემით უსმენენ და ეხმაურებიან მის სიტყვებს. იეჰოვა ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ გვეუბნება; მას ჩვენი კეთილდღეობა სურს. მაგალითად, რა დიდი მზრუნველობა ჩანს იეჰოვას სიტყვებში, რომლებსაც ის ძველ დროში თავისთან კავშირით შეკრულ ხალხს ეუბნება: „ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები!“ (ესაია 48:18). ღვთის დარიგების არაერთხელ დადასტურებულმა ფასეულობამ უნდა აღგვძრას, მოვუსმინოთ მას და მისი რჩევისამებრ მოვიქცეთ. შესრულებული წინასწარმეტყველებები ყოველგვარ ეჭვს გვიფანტავს იმასთან დაკავშირებით, რომ იეჰოვა თავის აღთქმებს ნამდვილად შეასრულებს.
2. ვისთვის დაიწერა ესაიას 48-ე თავში მოცემული სიტყვები და კიდევ ვის მოუტანს ისინი სარგებლობას?
2 ესაიას წიგნის 48-ე თავში მოცემული სიტყვები, როგორც ჩანს, იმ იუდაელთათვის დაიწერა, რომლებიც ბაბილონელთა ტყვეები გახდებოდნენ. გარდა ამისა, ამ სიტყვებში მოცემულია ცნობა, რომელიც დღევანდელმა ქრისტიანებმა არ უნდა უგულებელყონ. ესაიას 47-ე თავში ბაბილონის დაცემა იყო ნაწინასწარმეტყველები. ახლა კი იეჰოვა აღწერს, თუ რა აქვს განზრახული ამ ქალაქში მყოფ იუდაელ ტყვეებთან დაკავშირებით. იეჰოვა დამწუხრებულია თავისი რჩეული ერის თვალთმაქცობისა და მათ მიერ ღვთის აღთქმების ჯიუტად უგულებელყოფის გამო. მიუხედავად ამისა, მას სურს, სასიკეთოდ დაარიგოს ისინი. ის წინასწარმეტყველებს განწმენდის პერიოდის შესახებ, რომელიც მის ერთგულ იუდაელთა მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნების წინა ეტაპი იქნება.
3. რა იყო არასწორი იუდას თაყვანისმცემლობაში?
3 რა ძლიერ ჩამოშორდა იეჰოვას ხალხი წმინდა თაყვანისმცემლობას! ესაია გამომაფხიზლებელი სიტყვებით მიმართავს მათ: „ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით! რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან — ცაბაოთ უფალია მისი სახელი“ (ესაია 48:1, 2). რა თვალთმაქცობაა! ‘უფლის სახელის დაფიცება’ მათთვის მხოლოდ ღვთის სახელის ფორმალური ხსენებაა (სოფონია 1:5). ბაბილონის ტყვეობამდე იუდაელები იეჰოვას თაყვანს სცემდნენ „წმიდა ქალაქში“, იერუსალიმში. მაგრამ მათი თაყვანისცემა არ იყო გულწრფელი. ისინი გულით ძალზე შორს იყვნენ ღვთისგან და თაყვანისმცემლობაში ‘ჭეშმარიტებით და სიმართლით’ არ მონაწილეობდნენ. მათ არ ჰქონდათ თავიანთი მამამთავრების რწმენა (მალაქია 3:7).
4. როგორი თაყვანისცემა სიამოვნებს იეჰოვას?
4 იეჰოვას სიტყვები შეგვახსენებს, რომ თაყვანისცემა არ უნდა იყოს ზედაპირული. ის გულიდან უნდა მომდინარეობდეს. მხოლოდ ფორმალური მსახურება — შესაძლოა, სხვების საამებლად ან მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად — არ არის „ღვთისმოსაობა“ (2 პეტრე 3:11). ადამიანი შეიძლება თავს ქრისტიანს უწოდებდეს, მაგრამ ამით ვერ გახდის თავის თაყვანისმცემლობას ღვთისთვის მისაღებს (2 ტიმოთე 3:5). იეჰოვას არსებობის აღიარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. იეჰოვას მთელი სულით, მისადმი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გამსჭვალული თაყვანისცემა სურს (კოლასელთა 3:23, სსგ).
„ახალი ამბების“ წინასწარმეტყველება
5. რა იგულისხმება იეჰოვას მიერ გაცხადებულ „წინანდელში“?
5 ალბათ, ბაბილონში მყოფ იუდაელებს თავიანთ გონებაში ზოგი რამის აღდგენა ესაჭიროებათ. ამიტომაც იეჰოვა კიდევ ერთხელ ახსენებს მათ, რომ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებათა წარმომთქმელი ღმერთია: „თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი პირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა“ (ესაია 48:3). „წინანდელში“იეჰოვას მიერ უკვე შესრულებული წინასწარმეტყველებები — მაგალითად, ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლება და მათთვის მემკვიდრეობად აღთქმული მიწის მიცემა — იგულისხმება (დაბადება 13:14, 15; 15:13, 14). ამგვარი წინასწარმეტყველებები ღვთის პირიდან გამოდის; მათი განმცხადებელი ღმერთია. ის აუწყებს ადამიანებს თავის გადაწყვეტილებებს, ხოლო მოსმენილმა მორჩილებისკენ უნდა აღძრას ისინი (მეორე რჯული 28:15). იეჰოვა დაუბრკოლებლივ მოქმედებს თავისი წინასწარმეტყველებების შესასრულებლად. ის ყოვლისშემძლეა, რაც იმის გარანტიაა, რომ მისი ყოველი განზრახვა შესრულდება (იესო ნავეს ძე 21:43; 23:14).
6. რამდენად „გულარძნილი და ურჩი“ გახდნენ იუდაელები?
6 იეჰოვას ხალხი „გულარძნილი და ურჩი“ გახდა (ფსალმუნი 77:8). იეჰოვა დაუფარავად ეუბნება ერს: «ჯიუტი [„მყარი“, აქ] ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი» (ესაია 48:4). იუდაელები ლითონებივით მყარნი არიან — მათი მოდრეკა ძნელია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვა წინასწარ იუწყება მოვლენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იეჰოვას ხალხი მის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ იტყვის: „ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო“ (ესაია 48:5). მოახდენს რამე ზეგავლენას იეჰოვას სიტყვები ურწმუნო იუდაელებზე? ღმერთი ეუბნება მათ: „შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი. ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო“ (ესაია 48:6, 7).
7. რის აღიარება მოუწევთ ტყვე იუდაელებს და რა იმედი უნდა ჰქონდეთ მათ?
7 ესაიამ დიდი ხნით ადრე ჩაწერა წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შესახებ. ახლა ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდაელებს იეჰოვა წინასწარ მოუწოდებს, დაფიქრდნენ ამ წინასწარმეტყველების შესრულებაზე. ნუთუ უარყოფენ ისინი, რომ იეჰოვა შესრულებული წინასწარმეტყველებების ღმერთია? რადგან იუდაელებს თავად უხილავთ და სმენიათ, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია, განა არ უნდა აუწყონ ეს ჭეშმარიტება სხვებს? იეჰოვას მიერ გაცხადებულ სიტყვებში ნაწინასწარმეტყველებია ახალი ამბები, მოვლენები, რომელთა შესრულების დროც ჯერ არ დამდგარა — მაგალითად, კიროსის მიერ ბაბილონის აღება და იუდაელთა გათავისუფლება (ესაია 48:14—16). ასეთი საოცარი მოვლენები, როგორც ჩანს, სრულიად მოულოდნელად ხდება. არავის შეეძლო მათი წინასწარმეტყველება მხოლოდ მსოფლიო მდგომარეობის ცვლილებაზე დაკვირვებით. ისინი თითქოს არაფრით არ არის გამოწვეული. ვისი ნებით ხდება ეს მოვლენები? რადგან იეჰოვა მათ დაახლოებით 200 წლით ადრე წინასწარმეტყველებს, პასუხი სრულიად ნათელია.
8. რა ახალ ამბებს ელიან თანამედროვე ქრისტიანები და სრულიად რატომ ენდობიან იეჰოვას წინასწარმეტყველურ სიტყვას?
8 გარდა ამისა, იეჰოვა თავისი განრიგის მიხედვით ასრულებს თავის სიტყვას. შესრულებული წინასწარმეტყველებები მხოლოდ ძველ დროში იუდაელებისთვის კი არ იყო იმის დამადასტურებელი, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია, არამედ დღევანდელ ქრისტიანებსაც არწმუნებს ამაში. უკვე შესრულებული წინასწარმეტყველებები — „წინანდელნი“ — იმის გარანტიაა, რომ იეჰოვას მიერ აღთქმული ახალი ამბები — მოახლოებული „დიდი გასაჭირი“, მასში „უამრავი ხალხის“ გადარჩენა, „ახალი მიწა“ და სხვა მრავალი — სინამდვილედ იქცევა (გამოცხადება 7:9, 14, 15; 21:4, 5; 2 პეტრე 3:13). ეს კი დღეს მცხოვრებ გულმართალ ადამიანებს აღძრავს, ყველას გულმოდგინედ ესაუბრონ ღვთის შესახებ. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს“ (ფსალმუნი 39:10).
იეჰოვა თავშეკავებას ავლენს
9. რა გაგებით არის ისრაელი ‘დედის მუცლიდანვე შემცოდე’?
9 იუდაელები რწმენას არ ამჟღავნებენ იეჰოვას წინასწარმეტყველებებისადმი და უყურადღებოდ ტოვებენ მის გაფრთხილებებს. ამიტომაც იეჰოვა ეუბნება მათ: „არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე“ (ესაია 48:8). იუდა ყურად არ იღებს იეჰოვას სასიხარულო ცნობებს (ესაია 29:10). ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხის საქციელი ცხადყოფს, რომ ერი ‘დედის მუცლიდანვე შემცოდეა’. ისტორია ნათელყოფს, რომ ისრაელი ჩამოყალიბების დღიდანვეა ურჩი. ცოდვა და ღალატი ხალხს ჩვევად ექცა; ისინი შემთხვევით როდი სცოდავენ (ფსალმუნი 94:10; მალაქია 2:11).
10. რატომ შეიკავებს თავს იეჰოვა?
10 დაკარგულია ყოველგვარი იმედი? არა. იუდა ურჩი და მოღალატეა, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მართალი და ერთგულია. იეჰოვა, თავისი დიდებული სახელის გულისათვის, თავს შეიკავებს რისხვისას. ის ამბობს: «ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხვას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას [„თავს შევიკავებ“, აქ], რომ არ მოგსპო» (ესაია 48:9). რა დიდი სხვაობაა! იეჰოვას ხალხი, როგორც ისრაელი, ისე იუდა, ორგულია. მაგრამ იეჰოვა განწმენდს და თავისი მოქმედებით განადიდებს თავის სახელს. ამ მიზეზით არ მოსპობს ის თავის რჩეულ ხალხს (იოველი 2:13, 14).
11. რატომ არ დაუშვებს ღმერთი თავისი ხალხის სრულ მოსპობას?
11 გულმართალ იუდაელ ტყვეთათვის გამომაფხიზლებელია იეჰოვას უკმაყოფილება. მათ განზრახული აქვთ მისი მცნებების დაცვა. ასეთი ადამიანებისთვის ნამდვილად გამამხნევებელია იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე. ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ“ (ესაია 48:10, 11). „სიმწრის ქურამ“, ანუ ყოველგვარმა განსაცდელმა, რომლებიც იეჰოვამ დაუშვა, გამოსცადა, განწმინდა ხალხი და გამოავლინა, რა ედოთ გულში. ამის მსგავსი რამ მოხდა საუკუნეების წინათ, როდესაც მოსემ უთხრა მათ წინაპრებს: „მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში“ (მეორე რჯული 8:2). ურჩობის მიუხედავად, იეჰოვამ არ მოსპო იმ დროს ერი და არც ამჟამად მოსპობს მას. ამგვარად, ის და მისი სახელი კვლავაც განდიდებული იქნება. მას რომ თავისი ხალხი ბაბილონელთა ხელით გაენადგურებინა, იეჰოვა დაარღვევდა თავისი კავშირის პირობას და მისი სახელიც შეიბღალებოდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, თითქოს ისრაელის ღმერთს არ შეეძლო თავისი ხალხის ხსნა (ეზეკიელი 20:9).
12. როგორ განიწმინდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები პირველი მსოფლიო ომის დროს?
12 იეჰოვას ხალხს უკანასკნელ ჟამსაც დასჭირდა განწმენდა. XX საუკუნის დასაწყისში ბიბლიის მკვლევართა არცთუ მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან ბევრს გულწრფელი სურვილი ჰქონდა, თავიანთი მსახურებით ესიამოვნებინათ ღვთისთვის, მაგრამ ზოგი არასწორი მოსაზრებებით, მაგალითად პირველობის სურვილით, იყო აღძრული. ვიდრე ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი მთელ მსოფლიოში კეთილი ცნობის ქადაგებას უხელმძღვანელებდა, რაც უკანასკნელი ჟამისთვის იყო ნაწინასწარმეტყველები, განწმენდას საჭიროებდა (მათე 24:14). მალაქია სწორედ ასეთ განწმენდას წინასწარმეტყველებდა, რომელიც ტაძარში იეჰოვას მოსვლასთან იქნებოდა დაკავშირებული (მალაქია 3:1—4). მისი სიტყვები 1918 წელს შესრულდა. ჭეშმარიტ ქრისტიანებს დიდი განსაცდელის პერიოდი დაუდგათ პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ განსაცდელმა კულმინაციას საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდისა, და სხვა პასუხისმგებელი პირების დაპატიმრებით მიაღწია. გულწრფელი ქრისტიანებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა განწმენდის პროცესი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათ უფრო მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, განეგრძოთ თავიანთი დიდებული ღვთისთვის მსახურება ისე, როგორც თავად ღმერთი მიუთითებდა მათ.
13. როგორ რეაგირებს იეჰოვას ხალხი დევნაზე პირველი მსოფლიო ომის დროიდან დღემდე?
13 იმ დროიდან იეჰოვას მოწმეებს მრავალჯერ ჰქონიათ სასტიკი დევნის პერიოდები. ამის გამო ისინი არასდროს დაეჭვებულან თავიანთი შემოქმედის სიტყვაში. მათ ყოველთვის ახსოვთ ის, რაც მოციქულმა პეტრემ თავისი დროის დევნილ ქრისტიანებს უთხრა: „სხვადასხვა განსაცდელში მცირედ უნდა გაწვალდეთ. რათა გამოჩნდეს თქვენი ნაცადი რწმენა... ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:6, 7). სასტიკი დევნა ვერაფრით ვნებს ჭეშმარიტი ქრისტიანების უმწიკვლობას. ის მათი მოტივების სიწმინდეს ავლენს. დევნა უფრო მეტად აწრთობს ქრისტიანების რწმენას და ცხადყოფს ღვთისადმი მათ ერთგულებასა და დიდ სიყვარულს (იგავნი 17:3).
„მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი“
14. ა) რა გაგებით არის იეჰოვა „პირველი“ და „უკანასკნელი“? ბ) რა დიდებული საქმეები გააკეთა იეჰოვამ თავისი „ხელით“?
14 ახლა იეჰოვა გულთბილად მიმართავს თავისთან კავშირით შეკრულ ხალხს: „მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან“ (ესაია 48:12, 13). ადამიანისგან განსხვავებით, ღმერთი მარადიულია და არ იცვლება (მალაქია 3:6). ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ იეჰოვა ამბობს: „მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული“ (გამოცხადება 22:13). იეჰოვამდე არ ყოფილა ყოვლისშემძლე ღმერთი და არც მის შემდეგ იქნება. ის უზენაესი, მარადიული ღმერთი და ყოველივეს შემოქმედია. მისმა „ხელმა“ — მის მიერ გამოყენებულმა ძალამ — დააფუძნა დედამიწა და გადაჭიმა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა (იობი 38:4; ფსალმუნი 101:26). როდესაც ღმერთი თავის ქმნილებებს უხმობს, ისინი მზად არიან ემსახურონ მას (ფსალმუნი 146:4).
15. როგორ და რა მიზნით „შეიყვარა“ იეჰოვამ კიროსი?
15 იეჰოვას მეტად მნიშვნელოვანი მოწვევა როგორც იუდაელებს, ისე არაიუდაელებს ეხება: „შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს. მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე“ (ესაია 48:14, 15). მხოლოდ იეჰოვაა ყოვლადძლიერი და მხოლოდ მას შეუძლია მოვლენების ზუსტად წინასწარმეტყველება. „მათ“ შორის ანუ უსარგებლო კერპებს შორის არც ერთს არ შეუძლია ეს. კერპებმა კი არა, იეჰოვამ „შეიყვარა იგი“ — კიროსი — რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვამ განსაკუთრებული მიზნით აირჩია (ესაია 41:2; 44:28; 45:1, 13; 46:11). მან იწინასწარმეტყველა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე კიროსის გამოჩენა და ბაბილონის დამპყრობად აირჩია იგი.
16, 17. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთს არ გაუსაიდუმლოებია წინასწარმეტყველებები? ბ) როგორ იუწყება იეჰოვა დღეს თავისი განზრახვების შესახებ?
16 იეჰოვა განაგრძობს მოწვევას: „მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ“ (ესაია 48:16ა). იეჰოვას არ გაუსაიდუმლოებია თავისი წინასწარმეტყველებები და არც მხოლოდ რამდენიმე კაცისთვის გაუმხელია. იეჰოვას წინასწარმეტყველები დაუფარავად ლაპარაკობდნენ მისი სახელით (ესაია 61:1). ისინი საჯაროდ აცხადებდნენ ღვთის ნებას. მაგალითად, კიროსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ყოველივე წინასწარ იცოდა იეჰოვამ და ესაიას პირით დაახლოებით 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ყველაფერი.
17 იეჰოვა არც დღეს ასაიდუმლოებს თავის განზრახვებს. მილიონობით ადამიანი ასობით ქვეყანასა და კუნძულზე კარდაკარ, ქუჩებში და ყველაგან, სადაც კი შესაძლებელია, ხალხს ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის შესახებ აფრთხილებს და ღვთის სამეფოს კურთხევების შესახებ კეთილ ცნობას აუწყებს. დიახ, იეჰოვა ღმერთი ყოველთვის აცხადებს თავის განზრახვებს.
‘ყურად იღე ჩემი მცნებები!’
18. რა სურს იეჰოვას, რომ თავისმა ხალხმა გააკეთოს?
18 იეჰოვას სულით აღძრული წინასწარმეტყველი აცხადებს: „ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:16ბ, 17). იეჰოვას სიყვარულისა და მზრუნველობის ამგვარმა გამოვლენამ უნდა დაარწმუნოს ისრაელი ერი, რომ ღმერთი მათ ბაბილონიდან დაიხსნის. ის არის მათი გამომსყიდველი (ესაია 54:5). იეჰოვას გულით სურს, რომ ისრაელებმა აღადგინონ მასთან ურთიერთობა და ყურად იღონ მისი მცნებები. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ღვთის მითითებებისადმი მორჩილებაზეა დაფუძნებული. ისრაელები ვერ ივლიან სწორი მიმართულებით, ვიდრე არ ისწავლიან, რომელია მათი „სავალი გზა“.
19. რომელი გულთბილი სიტყვებით მიმართავს იეჰოვა თავის ხალხს?
19 იეჰოვას სურს, რომ მისი ხალხი მოერიდოს უბედურებას და სიცოცხლით დატკბეს, რაც შესანიშნავად ჩანს მის სიტყვებში: «ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე [„მშვიდობა“, აქ] და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე» (ესაია 48:18). რა გულთბილად მიმართავს ყოვლისშემძლე შემოქმედი ხალხს! (მეორე რჯული 5:26; ფსალმუნი 80:14). ტყვეობის ნაცვლად, ისრაელებს შესაძლებლობა აქვთ, დატკბნენ მშვიდობით, რომელიც მდინარის წყალივით იდინებს მათკენ (ფსალმუნი 118:165). მათი სიმართლის საქმეები ზღვის ტალღებივით მრავალრიცხოვანი იქნება (ამოსი 5:24). იეჰოვა გულწრფელი ინტერესით მიმართავს ისრაელებს და სიყვარულით უჩვენებს მათ სავალ გზას. ნეტავ მოუსმენდნენ მას!
20. ა) რა სურს ღმერთს მიუხედავად ისრაელის ურჩობისა? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ იქიდან, თუ როგორ ეპყრობა თავის ხალხს? (იხილეთ ჩარჩო 133-ე გვერდზე).
20 რა კურთხევებს მიიღებდნენ ისრაელები, ცოდვები რომ მოენანიებინათ? იეჰოვა ამბობს: „ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით — შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე“ (ესაია 48:19). იეჰოვა ხალხს თავის აღთქმას ახსენებს, რომლის თანახმადაც, აბრაამის თესლი „ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით“ მრავალრიცხოვანი უნდა გამხდარიყო (დაბადება 22:17; 32:12). მაგრამ აბრაამის ეს შთამომავლები ურჩები არიან და ამიტომაც არა აქვთ ამ აღთქმის შესრულების ხილვის უფლება. ერი იმდენად ცუდად იქცევა, რომ, იეჰოვას რჯულის თანახმად, გადაშენების ღირსია (მეორე რჯული 28:45). მაგრამ იეჰოვას არ სურს თავისი ხალხის მოსპობა და მიტოვება.
21. როგორ ვართ კურთხეული დღეს, თუ იეჰოვას ხელმძღვანელობას ვექვემდებარებით?
21 ამ შთამბეჭდავ მონაკვეთში მოცემული პრინციპები იეჰოვას თანამედროვე თაყვანისმცემლებსაც ეხება. იეჰოვა სიცოცხლის წყაროა და ამიტომაც ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ (ფსალმუნი 35:10). იეჰოვა თავად გვხელმძღვანელობს, რითაც სიხარულს კი არ გვართმევს, არამედ ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, მის მიერ იყვნენ დამოძღვრილი (მიქა 4:2). იეჰოვას მითითებები იცავს ჩვენს სულიერობას, მასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება და სატანის დამღუპველი ზეგავლენისაგან გვიფარავს. როდესაც გვესმის, რა პრინციპებია ჩადებულიღვთის კანონებში, ვხედავთ, რომ იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლის. ვრწმუნდებით, რომ ‘მისი მცნებები მძიმე არ არის’. საბოლოოდ, ისინი სიცოცხლეს შეგვინარჩუნებენ (1 იოანე 2:17; 5:3).
„გამოდით ბაბილონიდან!“
22. რისკენ მოუწოდებს და რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ერთგულ იუდაელებს?
22 ბაბილონის დაცემისას ექნება თუ არა რომელიმე იუდაელს სწორი განწყობილება? ისარგებლებენ თუ არა ისინი ღვთისმიერი ხსნით და დაბრუნდებიან თუ არა სამშობლოში წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად? დიახ. იეჰოვას სიტყვები ცხადყოფს, რომ ამის დიდი იმედი აქვს. „გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა“ (ესაია 48:20, 21). იეჰოვას ხალხს წინასწარმეტყველებით გაფრთხილება ეძლევა, დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ბაბილონიდან (იერემია 50:8). მათი ხსნის ამბავი ქვეყნის კიდეებს უნდა მისწვდეს (იერემია 31:9). ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვა ზრუნავდა თავისი ხალხის საჭიროებებზე, როდესაც ისინი უდაბნოს გავლით მიემართებოდნენ. ასევე იზრუნებს ის თავის ხალხზე, როდესაც ისინი ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნდებიან (მეორე რჯული 8:15, 16).
23. ვის არ ექნება ღვთის მშვიდობა?
23 იუდაელებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა ჰქონდეთ გონებაში იეჰოვას მიერ ხსნასთან დაკავშირებით. სიმართლის მოყვარული ადამიანები შეიძლება დაიტანჯონ თავიანთი ცოდვების გამო, მაგრამ ისინი არ განადგურდებიან. სრულიად სხვაგვარად არის ბოროტების მოყვარულთა საქმე. „არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის“ (ესაია 48:22). ის, ვინც არ მოინანიებს ცოდვებს, ვერ მიიღებს მშვიდობას, რომელსაც ღმერთი თავის მოყვარულებს მისცემს. ხსნა გამოუსწორებელ ბოროტმოქმედთათვისა და ურწმუნოთათვის კი არ არის განსაზღვრული, არამედ მხოლოდ მორწმუნეთათვის (ტიტე 1:15, 16; გამოცხადება 22:14, 15). ღვთის მშვიდობა არასდროს ექნებათ ბოროტმოქმედებს.
24. რა იყო ღვთის ხალხისთვის სასიხარულო თანამედროვე დროში?
24 ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამ ძვ. წ. 537 წელს ძლიერ გაახარა ღვთის ერთგული ისრაელები. 1919 წელს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებაც ძალზე სასიხარულო იყო ღვთის ხალხისთვის (გამოცხადება 11:11, 12). ამან მათ მომავლის იმედი ჩაუსახა, რის შემდეგაც თავიანთი საქმიანობის გაფართოება დაიწყეს. ქრისტიანთა ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მხრიდან დიდი გამბედაობა იყო საჭირო მტრულად განწყობილ წუთისოფელში ქადაგების ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. მიუხედავად ამისა, იეჰოვას დახმრებით, კეთილი ცნობის ქადაგებას შეუდგნენ. ისტორია ადასტურებს, რომ ისინი იეჰოვამ აკურთხა.
25. რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას სამართლიანი კანონების დაცვა?
25 ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილში ხაზგასმულია, რომ იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლის. მეტად მნიშვნელოვანია იეჰოვას სამართლიანი კანონების დაცვა (გამოცხადება 15:2—4). თუ მხედველობაში მივიღებთ ღვთის სიბრძნესა და სიყვარულს, უფრო მეტად გაგვიადვილდება იმის კეთება, რაც სწორია იეჰოვას თვალში. მისი თითოეული კანონი ჭეშმარიტად სასიკეთოა ჩვენთვის (ესაია 48:17, 18).
[ჩარჩო/სურათები 133 გვერდზე]
ყოვლისშემძლე ღმერთი თავს იკავებს
«ვაყოვნებ რისხვას და... გარიდებ მას [„თავს შევიკავებ“, აქ]», — უთხრა იეჰოვამ განდგომილ ისრაელებს (ესაია 48:9). ამგვარი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა ძალას არასდროს იყენებს ბოროტად, რითაც სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს. ცხადია, თავისი ძალით ვერავინ გაუტოლდება ღმერთს. ამიტომაც მას მოვიხსენიებთ, როგორც ყოვლადძლიერს. ის თავს სამართლიანად უწოდებს „ყოვლისშემძლეს“ (დაბადება 17:1, აქ). მას არა მარტო განუზომელი ძალა, არამედ ძალაუფლებაც აქვს, რადგან თავის მიერ შექმნილი სამყაროს უზენაესი უფალია. ამიტომაც „მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?“ (დანიელი 4:32).
მიუხედავად ამისა, ღმერთი სულგრძელია მაშინაც კი, როდესაც საჭიროა, რომ მტრების წინააღმდეგ თავისი ძალა გამოიყენოს (ნაუმი 1:3). იეჰოვა ‘აყოვნებს რისხვას’, ამიტომაც სათანადოდ არის დახასიათებული, როგორც „სულგრძელი“, რადგან გულისწყრომა კი არა, სიყვარულია მისი ძირითადი თვისება. მისი რისხვა ყოველთვის სამართლიანი, მართებული და ზომიერია (გამოსვლა 34:6; 1 იოანე 4:8).
რატომ იქცევა იეჰოვა ასე? იმიტომ რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თავის სიძლიერეს სხვა სამი ძირითადი თვისებით — სიბრძნით, სამართლიანობითა და სიყვარულით — სრულყოფილად აწონასწორებს. ის თავის სიძლიერეს ყოველთვის ამ სამ თვისებასთან ერთად იყენებს.
[სურათი 122 გვერდზე]
სამშობლოში დაბრუნების შესახებ ესაიას ცნობა იმედს უსახავს ღვთის ერთგულ ტყვე იუდაელებს.
[სურათები 124 გვერდზე]
იუდაელები იეჰოვას საქმეებს ხშირად კერპებს მიაწერდნენ.
1.იშთარი. 2.მოკირწყლული საპროცესიო გზის ფრაგმენტი. 3.მარდუქის სიმბოლოდ წარმოდგენილი გველეშაპი.
[სურათი 127 გვერდზე]
„სიმწრის ქურას“ შეუძლია გამოავლინოს, წმინდა მოტივებით ვემსახურებით თუ არა იეჰოვას.
[სურათები 128 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები სასტიკ დევნას იტანენ.