დაჩაგრულის ლოცვა, სასოწარკვეთილი დარდს რომ უმხელს იეჰოვას.+
102 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა,+
შველას გთხოვ, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ.+
2 პირს ნუ მომარიდებ გაჭირვების ჟამს;+
ყური მომაპყარი,
სწრაფად მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+
3 კვამლივით ქრება ჩემი დღეები,
იწვის ჩემი ძვლები, თითქოს ცეცხლი მოსდებოდეს.+
4 ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული;+
ჭამის თავიც კი არ მაქვს.
5 ხმამაღლა ვგმინავ,+
ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+
6 უდაბნოს ვარხვს დავემსგავსე,
ჭოტს ვგავარ, ნანგრევებში დაბუდებულს.
7 თვალი ვერ მომიხუჭავს,
სახურავზე ეულად მჯდომი ჩიტივით ვარ.+
8 ჩემი მტრები მთელი დღე აბუჩად მიგდებენ.+
ჩემი სახელით იწყევლებიან ჩემი დამცინავები.
9 პურივით ვჭამ ნაცარს+
და ჩემი სასმელი ცრემლითაა გაზავებული+
10 შენი გულისწყრომისა და რისხვის გამო,
რადგან ამიყვანე და მომისროლე.
11 ჩემი დღეები ჩრდილივითაა, სადაცაა რომ გაქრება;+
ბალახივით ვხმები.+
12 შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები,+
თაობიდან თაობაში გასტანს შენი დიდება.+
13 წამოიმართები და წყალობის თვალით გადმოხედავ სიონს,+
რადგან დადგა მისი შეწყალების ჟამი;+
მოვიდა დანიშნული დრო!+
14 შენი მსახურებისთვის ძვირფასია მისი ქვები,+
მისი მტვერიც კი სანუკვარია მათთვის.+
15 ხალხებს შეეშინდებათ იეჰოვას სახელის
და დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+
16 იეჰოვა აღადგენს სიონს,+
გამოჩნდება იგი თავისი დიდებით.+
17 ის შეისმენს ღატაკის ლოცვას+
და არ უკუაგდებს მის მუდარას.+
18 მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს,+
რათა ხალხმა, რომელიც დაიბადება, აქოს იაჰი.
19 თავისი წმინდა სამყოფლიდან,
ზეციდან დაჰყურებს+ იეჰოვა დედამიწას,
20 რომ ისმინოს პატიმრის ოხვრა+
და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი,+
21 რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+
და მისი ქება — იერუსალიმში,
22 როცა ხალხები და სამეფოები
იეჰოვას თაყვანსაცემად შეიკრიბებიან.+
23 ნაადრევად გამომაცალა მან ძალა;
დღეები შემიმოკლა.
24 ვთქვი: „ჩემო ღმერთო,
ბოლოს ნუ მომიღებ სიცოცხლის შუაგზაზე,
შენ, ვინც ყველა თაობაში არსებობ.+
25 დიდი ხნის წინ ჩაუყარე საძირკველი დედამიწას,
ზეცა შენი ნახელავია.+
26 ცა და მიწა მოისპობა, შენ კი სამუდამოდ დარჩები;
ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი.
ტანსაცმელივით გამოცვლი მათ, ბოლო მოეღებათ;
27 შენ კი არ იცვლები, შენს წლებს არ ექნება ბოლო!+
28 შენს მსახურთა შვილები უსაფრთხოდ იცხოვრებენ,
შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+