„მცირე ათასად“ გადაიქცა
„მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად“ (ესაია 60:22).
1, 2. ა)რატომ არის სიბნელით მოცული დღეს ქვეყანა? ბ)როგორ ანათებს უფრო და უფრო იეჰოვას ნათელი მის ხალხზე?
„წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“ (ესაია 60:2). ეს სიტყვები კარგად აღწერს 1919 წლიდან არსებულ ვითარებას დედამიწაზე. ქრისტიანულმა სამყარომ უარყო სამეფო ძალაუფლებით იესო ქრისტეს, ‘წუთისოფლის ნათლის’, თანდასწრების ნიშანი (იოანე 8:12; მათე 24:3, აქ). „წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა“ მთავრის, სატანის, ‘დიდი მძვინვარების’ გამო კაცობრიობის ისტორიაში XX საუკუნე ყველაზე სასტიკი და დამანგრეველი პერიოდი იყო (გამოცხადება 12:12; ეფესელთა 6:12). ხალხის უმეტესობა სულიერ სიბნელეში ცხოვრობს.
2 მიუხედავად ამისა, დღეს სინათლე ანათებს. იეჰოვა ‘ანათებს’ თავის მსახურებზე, ცხებულთა დარჩენილ ნაწილზე, რომლებიც მისი ზეციერი „დედაკაცის“ წარმომადგენლები არიან დედამიწაზე (ესაია 60:1, აქ). განსაკუთრებით 1919 წელს ბაბილონური ტყვეობიდან მათი განთავისუფლების შემდეგ, ისინი ირეკლავენ ღვთის დიდებას და ‘მათი ნათელი ანათებს ადამიანთა წინაშე’ (მათე 5:16). 1919—1931 წლებში, რაც უფრო თავისუფლდებოდნენ ბაბილონური აზროვნებისგან, მით უფრო ანათებდა სამეფოს ნათელი. მათი რიცხვი ათობით ათასს აღწევდა იეჰოვას აღთქმის შესრულების პარალელურად: „მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან“ (მიქა 2:12). იეჰოვას დიდება თავის ხალხზე უფრო აშკარა გახდა 1931 წელს, როდესაც მათ მიიღეს სახელი — იეჰოვას მოწმეები (ესაია 43:10, 12, აქ).
3. როგორ გაცხადდა, რომ ცხებულების გარდა, იეჰოვას ნათელი სხვებზეც ანათებდა?
3 მარტო ‘მცირე სამწყსოს’ დარჩენილ ნაწილზე ანათებდა იეჰოვა? (ლუკა 12:32). არა. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 1931 წლის 1 სექტემბრის ნომერში მოხსენიებული იყო სხვა ჯგუფიც. ეზეკიელის 9:1—11-ში მოხსენიებული წინასწარმეტყველების დაწვრილებითი ახსნით ნაჩვენები იყო, რომ კაცი, მწერლის სამელნით, წარმოადგენს ცხებულთა დარჩენილ ნაწილს. ვის დაადო ამ „კაცმა“ შუბლზე ნიშანი? ‘სხვა ცხვრებს’, იმ ხალხს, რომელსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს (იოანე 10:16; ფსალმუნი 36:29). 1935 წელს მიხვდნენ, რომ ‘სხვა ცხვრების’ ეს ჯგუფი მოციქულ იოანეს ხილვაში ნანახი ‘უამრავი ხალხი იყო . . . ყოველი ერიდან’ (გამოცხადება 7:9—14). 1935 წლიდან დღემდე დიდი ყურადღება ეთმობა უამრავი ხალხის შეკრებას.
4. ვინ არიან ესაიას 60:3-ში მოხსენიებული „მეფენი“ და „ხალხები“?
4 ამ შეკრების შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებაშიც არის ნათქვამი: «ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და [„მეფენი“, აქ] შენი სხივის ელვარებაზე» (ესაია 60:3). ვინ არიან აქ მოხსენიებული „მეფენი“? 144 000-ის დარჩენილი ნაწილი, რომლებიც იესო ქრისტესთან ერთად ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეები არიან და რომლებიც დამოწმების საქმეს უძღვებიან (რომაელთა 8:17; გამოცხადება 12:17; 14:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). დღეს ცხებულ ქრისტიანთაგან დარჩენილ რამდენიმე ათასს ბევრად აღემატებიან „ხალხები“, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ და რომლებიც იეჰოვასთან მიდიან, რომ ისწავლონ და სხვებსაც იწვევენ ამის გასაკეთებლად (ესაია 2:3).
იეჰოვას გულმოდგინე მსახურები
5. ა) რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას ხალხის გულმოდგინება არ შენელებულა? ბ) რომელ ქვეყნებში შეიმჩნეოდა მნიშვნელოვანი ზრდა 1999 წელს? (იხილე 17—20 გვერდებზე მოცემული ცხრილი).
5 რა გულმოდგინებას ავლენდნენ იეჰოვას თანამედროვე მოწმეები მთელი XX საუკუნის განმავლობაში! წინააღმდეგობის გაზრდის მიუხედავად 2000 წლისთვის მათი გულმოდგინება არ შენელებულა. ისინი კვლავ დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ იესოს დავალებას: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19, 20). კეთილი ცნობის აქტიურ მაუწყებელთა რიცხვმა მეოცე საუკუნის ბოლო სამსახურებრივ წელს ახალ უმაღლეს რიცხვს მიაღწია —5 912 492. მათ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ხალხთან საუბარში 1 144 566 849 საათი გაატარეს. აგრეთვე 420 047 796-ჯერ განმეორებით მოინახულეს დაინტერესებული პირები და 4 433 884 ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა ჩაატარეს. გულმოდგინე სამსახურის რა შესანიშნავი მოწმობაა?!
6. რა ახალი ზომები მიიღეს პიონერულ მსახურებასთან დაკავშირებით და როგორი გამოხმაურება ჰპოვა მან?
6 გასული წლის იანვარში ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა პიონერული მსახურების საათების რაოდენობის ცვლილების შესახებ. ბევრმა ისარგებლა ამით და დაიწყო პიონერად და დამხმარე პიონერად მსახურება. მაგალითად, 1999 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ნიდერლანდების ფილიალის ბიურომ ოთხჯერ მეტი განცხადება მიიღო პიონერული მსახურების მსურველთაგან, ვიდრე გასული წლის ამ დროს. განიდან იუწყებიან: „რაც პიონერული მსახურების საათების ახალი ნორმა შემოიღეს, ჩვენი პიონერების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება“. 1999 სამსახურებრივ წელს მსოფლიოში პიონერთა რიცხვმა 783 343-ს მიაღწია — ‘კეთილი საქმეებისთვის მოშურნეობის’ რა დიდებული გამოვლენაა (ტიტე 2:14).
7. როგორ აკურთხა იეჰოვამ თავის გულმოდგინე მსახურთა საქმიანობა?
7 აკურთხა იეჰოვამ თავის გულმოდგინე მსახურთა საქმიანობა? დიახ. ესაიას მეშვეობით ის ამბობს: „ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“ (ესაია 60:4). შეკრებილი ცხებული „ვაჟები“ და ‘ასულები’, კვლავაც გულმოდგინეები არიან ღვთისადმი მსახურებაში. ახლა კი იესოს სხვა ცხვრები იკრიბებიან იეჰოვას ცხებულ ‘ვაჟებთან’ და ‘ასულებთან’ 234 ქვეყანაში და კუნძულებზე.
‘ყოველი კეთილი საქმე’
8. რა ‘კეთილ საქმეებს’ აკეთებენ იეჰოვას მოწმეები?
8 ქრისტიანებს ევალებათ, იქადაგონ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ და დაეხმარონ დაინტერესებულებს, რომ მოწაფეები გახდნენ. ისინი „ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ არიან (2 ტიმოთე 3:17). ამიტომ სიყვარულით ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე, ავლენენ სტუმართმოყვარეობას და ინახულებენ ავადმყოფებს (1 ტიმოთე 5:8; ებრაელთა 13:16). მოხალისეები ჩაბმული არიან ისეთ საქმიანობაში, როგორიც არის სამეფო დარბაზების მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ დამოწმებას წარმოადგენს. ტოგოში ერთი სამეფო დარბაზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ქარიზმატული ეკლესიის პასუხისმგებელ პირებს სურდათ გაეგოთ, როგორ ახერხებდნენ იეჰოვას მოწმეები, თვითონ აეშენებინათ შენობები, მაშინ როდესაც ეკლესია საამისოდ ხალხს იქირავებს. ტოგოდან გვაუწყებენ, რომ ხარისხიანად აშენებული სამეფო დარბაზები იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს სამეზობლოზე, რომ ზოგი ცდილობს, იქირაოს ან ააშენოს სახლი იქ, სადაც დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს.
9. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები მომხდარ სტიქიურ უბედურებებს?
9 ზოგჯერ სხვა სახის კეთილი საქმეების კეთება საჭირო ხდება. გასულ სამსახურებრივ წელს ბევრ ქვეყანას დაატყდა თავს სტიქიური უბედურება და ხშირად მათ დასახმარებლად მისულთაგან იეჰოვას მოწმეები პირველები იყვნენ. მაგალითად, ჰონდურასის უმეტესი ნაწილი გრიგალმა „მიჩმა“ გაანადგურა. იქაურმა ფილიალმა დახმარებისთვის ორგანიზების გასაწევად მაშინვე შექმნა სასწრაფო დახმარების კომიტეტები. ჰონდურასსა და სხვა მრავალ ქვეყანაში მცხოვრებმა მოწმეებმა გაიღეს ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები და სხვა პირველი საჭიროების საგნები. რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა თავისი ოსტატობა სახლების აღდგენაში გამოიყენა. მალე ჩვენს დაზარალებულ ძმებს დახმარება აღმოუჩინეს, რომ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს დაბრუნებოდნენ. ეკვადორში იეჰოვას მოწმეები დაეხმარნენ ძმებს, როდესაც დიდმა წყალდიდობამ ზოგი სახლი დაანგრია. იმის ნახვის შემდეგ, თუ როგორ ართმევდნენ ამ ვითარებას თავს მოწმეები, ერთმა სახელმწიფო მოხელემ თქვა: „მე რომ ეს ჯგუფი მყოლოდა, სასწაულებს მოვახდენდი! თქვენნაირი ხალხი ქვეყნის ყველა კუთხეში უნდა იყოს“. ასეთ კეთილ საქმეებს ქება მოაქვს იეჰოვა ღმერთისთვის და ჩვენს ‘ყველაფერში გამოსადეგ ღვთისმოსაობაზე მიუთითებს’ (1 ტიმოთე 4:8).
ისინი ‘ღრუბელივით მოფრინავენ’
10. ცხებულთა რიცხვის შემცირების მიუხედავად, რატომ ცხადდება იეჰოვას სახელი ისე, როგორც არასდროს?
10 იეჰოვა ახლა კითხვას სვამს: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ? რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები. . . ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს“ (ესაია 60:8—10). პირველად იეჰოვას ‘ნათებას’ მისი „ვაჟები“ — ცხებული ქრისტიანები — უნდა გამოხმაურებოდნენ. შემდეგ კი „უცხოთა ძენი“ — უამრავი ხალხი, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ცხებულ ძმებს და მიჰყვება მათ ხელმძღვანელობას კეთილი ცნობის ქადაგებაში. ამიტომ, დედამიწაზე ცხებულთა რიცხვის შემცირების მიუხედავად, იეჰოვას სახელი, ისე როგორც არასდროს, მთელ მსოფლიოში ცხადდება.
11. ა) რა გრძელდება ჯერ კიდევ და რა შედეგი ჰქონდა ამას 1999 წელს? ბ) რომელ ქვეყნებში იყო მონათლულთა დიდი რიცხვი 1999 წელს? (იხილეთ 17—20 გვერდებზე მოცემული ცხრილი).
11 შედეგად ამისა, მილიონები მოფრინავენ ‘მტრედებივით თავიანთი სამტრედისკენ’ და თავშესაფარს პოულობენ ქრისტიანულ კრებაში. ყოველწლიურად მათ რიცხვს ასი ათასობით და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ემატება. ესაია ამბობს: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი“ (ესაია 60:11). გასულ წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 323 439 ადამიანი მოინათლა, და მას ჯერ არ დაუკეტავს კარიბჭეები. „ყოველი ერიდან სასურველნი“ — უამრავი ხალხის წევრები — ჯერაც შემოდიან კარიბჭეებში (ანგია 2:7, აქ). თითოეულისთვის, ვისაც სურს სიბნელის დატოვება, კარი ღიაა (იოანე 12:46). დაე თითოეული ასეთი ადამიანი ყოველთვის აფასებდეს ამ სინათლეს!
შეუპოვრები წინააღმდეგობის მიუხედავად
12. როგორ ცდილობენ სიბნელის მოყვარულნი სინათლის ჩაქრობას?
12 მათ, ვისაც სიბნელე უყვარს, იეჰოვას სინათლე ეჯავრებათ (იოანე 3:19). ზოგი ცდილობს კიდეც ამ სინათლის ჩაქრობას. ეს არ არის მოულოდნელი. იესოსაც კი, ‘ნათელს ჭეშმარიტს, რომელიც უნათებს ყოველ ადამიანს’, დასცინოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ და ბოლოს მოკლეს კიდეც მისმა თანამემამულეებმა (იოანე 1:9). XX საუკუნის მანძილზე იეჰოვას მოწმეებსაც დასცინიან, აპატიმრებენ, კრძალავენ მათს საქმიანობას, კლავენ კიდეც, რადგან ისინი ირეკლავენ იეჰოვას სინათლეს. ბოლო წლებში მოწინააღმდეგეებმა საინფორმაციო საშუალებებს მიმართეს სიცრუის გასავრცელებლად მათ შესახებ, ვინც ღვთის სინათლეს ირეკლავს. ზოგს სურს დაარწმუნოს ხალხი, რომ იეჰოვას მოწმეები საშიშნი არიან და მათი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს ან აიკრძალოს. მიაღწიეს მათ საწადელს?
13. რა შედეგები მოაქვს ჩვენი საქმიანობის შესახებ საინფორმაციო საშუალებებისთვის ფაქტების გონივრულად წარდგენას?
13 არა. სადაც საჭირო იყო, იეჰოვას მოწმეები დაუკავშირდნენ საინფორმაციო საშუალებებს ფაქტების წარსადგენად. ამის შედეგად, იეჰოვას სახელი ფართოდ გავრცელდა ჟურნალ-გაზეთებით, რადიო- და ტელეგადაცემების საშუალებით, რასაც სამქადაგებლო მსახურებისას კარგი შედეგები მოჰყვა. მაგალითად, დანიის ეროვნული ტელევიზიის პროგრამაში განხილული იყო საკითხი „რატომ ეკარგებათ დანიელებს რწმენა“. სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ მიწვეული. მოგვიანებით ერთ-ერთმა მანდილოსანმა, რომელმაც ამ გადაცემას უყურა, თქვა: „ნათელი იყო, ვის ჰქონდა ღვთის სული“. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
14. თავიანთდა სამწუხაროდ, რისი აღიარება მოუწევთ მალე მოწინააღმდეგეებს?
14 იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ამ წუთისოფელში ბევრი შეეწინააღმდეგება (იოანე 17:14). მაგრამ, მათ ესაიას წინასწარმეტყველება აძლიერებთ: „ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა“ (ესაია 60:14). თავიანთდა სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეები მალე იძულებულ იქნებიან აღიარონ, რომ, ფაქტობრივად, თავად ღმერთს ებრძოდნენ. ვის შეუძლია გაიმარჯვოს ასეთ ბრძოლაში?
15. რა გაგებით არიან იეჰოვას მოწმეები ‘ხალხთა ღალით გამოკვებილი’ და როგორ ირეკლება ეს მათ სწავლებასა და სამქადაგებლო საქმიანობაზე?
15 იეჰოვა გვპირდება: „საუკუნო მშვენებად გაგხდი. . . ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი“ (ესაია 60:15, 16). დიახ, იეჰოვა თავისი ხალხის მხსნელია. თუ ისინი მიენდობიან მას, ‘საუკუნოდ’ დარჩებიან და ‘ხალხთა ღალით გამოიკვებებიან’, — იმ საშუალებების გამოყენებით, რაც ჭეშმარიტ თაყვანისცემას წინ წასწევს. მაგალითად, კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო ტექნიკის გონივრული გამოყენება ხელს უწყობს პუბლიკაციების, „საგუშაგო კოშკის“ 121 ენაზე და „გამოიღვიძეთ!“-ის 62 ენაზე, ერთდროულად გამოცემას. სპეციალური კომპიუტერული სისტემები იქნა შემუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სხვა ენებზე სათარგმნელად. და ასეთ თარგმანებს დიდი სიხარული მოაქვს. როდესაც ხორვატულ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები გამოვიდა 1999 წელს, ათასები სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ერთმა ხანდაზმულმა ძმამ თქვა: „ამ ბიბლიას ძალიან დიდხანს ველოდი. ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდე!“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 34 ენაზე გამოცემულმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ 100 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.
მაღალი ზნეობრივი ნორმები
16, 17. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას მაღალი ნორმების დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება იოლი არ არის? ბ) რომელი შემთხვევა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ გაექცნენ წუთისოფლისგან წაბილწვას?
16 იესომ თქვა: „ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი“ (იოანე 3:20). მათ კი, რომლებიც ნათელში რჩებიან, უყვართ იეჰოვას მაღალი ნორმები. იეჰოვა ესაიას მეშვეობით ამბობს: „შენი ერი ერთიანად მართალი იქნება“ (ესაია 60:21ა). ადვილი არ არის, შეესაბამებოდე სამართლიან ნორმებს წუთისოფელში, სადაც სექსუალური უზნეობა, სიცრუე, სიხარბე და ამპარტავნობა ასე გავრცელებულია. მაგალითად, ზოგი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია და ადვილი შესაძლებელია, ადამიანი გზას ასცდეს და სიმდიდრის მოხვეჭას გადაჰყვეს. მაგრამ პავლე წერდა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (1 ტიმოთე 6:9). რა გულსატკენია, როდესაც ვინმე იმდენად ეფლობა კომერციულ საქმიანობაში, რომ სწირავს იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია: ქრისტიანებთან ურთერთობას, წმინდა მსახურებას, ზნეობრივ ნორმებსა და ოჯახურ პასუხისმგებლობებს!
17 ღვთის სამართლიანი ნორმების შენარჩუნება შეიძლება განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყოს ძნელი, როდესაც ბევრი მათი თანატოლი იყენებს ნარკოტიკებს და უზნეო ცხოვრებას ეწევა. 14 წლის სურინამელ გოგონას სიმპათიურმა თანაკლასელმა ბიჭმა სქესობრივი კავშირის დამყარება შესთავაზა. გოგონამ უარი უთხრა და აუხსნა მას, რომ ბიბლია კრძალავს ქორწინების გარეშე ასეთ ურთიერთობას. თანაკლასელი გოგონები დასცინოდნენ და მისი აზროვნების შეცვლასაც კი ცდილობდნენ იმის თქმით, რომ ამ ბიჭთან კავშირზე ყველა ოცნებობდა. მიუხედავად ამისა ეს გოგონა მტკიცედ იდგა. რამდენიმე კვირის შემდეგ ამ ბიჭს აივ ვირუსი აღმოაჩნდა და ძალიან ცუდად გახდა. ეს გოგონა უზომოდ ბედნიერი იყო, რომ ემორჩილებოდა იეჰოვას ბრძანებას: „თავი შეიკავეთ. . . სიძვისაგან“ (საქმეები 15:28, 29). იეჰოვას მოწმეები ძალიან ამაყობენ თავიანთი ახალგაზრდებით, რომლებიც მტკიცედ იცავენ იმას, რაც სწორია. მათი და მათი მშობლების რწმენა ‘ადიდებს’, ქება მოაქვს იეჰოვა ღმერთის სახელისთვის (ესაია 60:21ბ).
იეჰოვა ამრავლებს თავის ხალხს
18. ა) რა დიდებული რამ გააკეთა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის? ბ) რა მიანიშნებს იმაზე, რომ ზრდა გაგრძელდება, და რა დიდებული მომავალი აქვთ მათ, ვინც იეჰოვას სინათლეში რჩება?
18 დიახ, იეჰოვა ანათებს თავის ხალხზე, აკურთხებს, ხელმძღვანელობს და აძლიერებს მათ. ჩვენი საუკუნის განმავლობაში მათ იხილეს ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22). 1919 წელს ‘მცირედმა ათასს’ გადააჭარბა. და ეს ზრდა ჯერ დასრულებული არ არის! გასულ წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს 14 088 751 ადამიანი დაესწრო. მრავალი მათგანი არ არის მოწმე. ძალიან გვიხარია, რომ ისინი ასეთ მნიშვნელოვან საღამოს დაესწრნენ და მოვუწოდებთ, განაგრძონ სინათლისკენ სვლა. იეჰოვა კვლავაც ანათებს თავის ხალხზე. მისი ორგანიზაციის კარი ჯერაც ღიაა. ამიტომ, დაე თითოეულის გადაწყვეტილება იეჰოვას სინათლეში დარჩენა იყოს. რა დიდი კურთხევები მოაქვს ამას დღეს ჩვენთვის! და რა სიხარულს მოგვიტანს ეს მომავალში, როდესაც ყოველი ქმნილება განადიდებს იეჰოვას და გაიხარებს მისი დიდებით! (გამოცხადება 5:13, 14).
შეგიძლიათ ახსნათ?
• ვინ ირეკლავდა და ვინ ირეკლავს იეჰოვას დიდებას ამ უკანასკნელ დღეებში?
• რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას ხალხის გულმოდგინება არ ნელდება?
• რა კეთილ საქმეებს ასრულებენ იეჰოვას მოწმეები?
• რაში ვართ დარწმუნებული, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად?
[ცხრილი 17—20 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 1999 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
[სურათები 15 გვერდზე]
ხალხი ჯერაც მიედინება იეჰოვას ორგანიზაციაში.
[სურათი 16 გვერდზე]
ჩვენ გვიხარია, რომ იეჰოვას ჯერაც ფართოდ აქვს გახსნილი კარი მათთვის, ვისაც სინათლე უყვარს.