რატომ არის იესო განსაკუთრებული პიროვნება?
ორი ათასი წლის წინათ იესოს დაბადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ექიმის ლუკას მონათხრობის თანახმად, ანგელოზმა ქალწულ მარიამს უთხრა: „აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა“. რა თქვა ანგელოზმა იესოს შესახებ? „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა“. შემდეგ დასძინა: „ის [იესო] მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33).
სწორედ რომ ასეთი სამართლიანი მმართველი ესაჭიროება კაცობრიობას, რომელიც მთელ დედამიწაზე სიყვარულით იმმართველებს! იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას . . . მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).
მართალაც, რა დიდებული მომავალი გველის — სამართლიანი მთავრობა და მშვიდობა! ყურადღება მიაქციეთ წინასწარმეტყველებას: ეს მთავრობა დგას მთავრის, „მშვიდობის მთავრის“, მხარზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა ქმნილების მეფე, ყოვლისშემძლე ღმერთი, თავის ძეს გადასცემს მმართველობას. ამიტომ, იესომ მთავრობას, რომლის მმართველიც თავად იქნებოდა, არაერთხელ უწოდა „ღვთის სამეფო“ (ლუკა 9:27, 60, 62).
დედამიწაზე მსახურებისას იესომ თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). იესომ ასწავლა კიდეც თავის მიმდევრებს, ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლისთვის (მათე 6:9, 10). ჟურნალში „ქრისტიანობა და კრიზისი“ ნათქვამია, რომ „სამეფო [იესოს] სწავლების მთავარი თემა იყო. იესო არც ერთ სხვა საკითხზე არ ფიქრობდა იმდენს, რამდენსაც სამეფოზე და მას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მის ქადაგებაში. სახარებებში სამეფო ასზე მეტჯერ არის მოხსენიებული“.
დასაფიქრებელი კითხვები
თქვენ რას ფიქრობთ იესოზე? როგორც წესი, წელიწადის ამ დროს იესოს ბაგაში მწოლიარე ჩვილად წარმოადგენენ. ერთ დროს ის მართლაც იყო უმწეო ბავშვი (ლუკა 2:15—20). მაგრამ მხოლოდ ასეთი უნდა გვახსოვდეს იესო? დაფიქრდით, რატომ დაიბადა ის, როგორც ადამიანი? სინამდვილეში ვინ იყო იესო?
ერთ ნაშრომში ასეთი კითხვა იყო დასმული: „იყო იესო ღვთის ძე, აღთქმული მესია, რომლის შესახებაც ებრაულ ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები? თუ ის, უბრალოდ, ადამიანი იყო, შეიძლება არაჩვეულებრივი, მაგრამ მაინც ადამიანი?“ („Encarta Yearbook“, 1996). ასეთ კითხვებზე სერიოზულად ღირს დაფიქრება. რატომ? იმიტომ რომ, ჩვენი სიცოცხლე და ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თვალსაზრისი გვაქვს იესოზე და რა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:36).
ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი
ბიბლია აღწერს, თუ რა გააკეთა 12 წლის იესომ იერუსალიმის ტაძარში და შემდეგ ამბობს, რომ ის სახლში დაბრუნდა მარიამთან და მის ქმართან, იოსებთან, ერთად და „ემორჩილებოდა“ მათ (ლუკა 2:51, 52). მაგრამ, როდესაც იესო გაიზარდა, აშკარად გამოჩნდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი.
როცა იესომ აბობოქრებული ზღვა დააწყნარა, მისმა შეშინებულმა მეგობარმა წამოიძახა: „ნეტავ ეს ვინ არის?“ (მარკოზი 4:41). ბოლოს კი მას ცრუ ბრალდებით რომაელი მმართველის, პონტიუს პილატეს, წინაშე მოუწია წარდგომა. სასტიკი, უსამართლო მოპყრობის დროს იესოს ღირსეული საქციელით მოხიბლულმა და მის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ იესო ბრბოს წარუდგინა და თქვა: „აი კაცი!“ მაგრამ იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“ (იოანე 19:4—7).
პილატე შეშინდა, როდესაც გაიგო, რომ მას „ღვთის ძე“ უწოდეს. უფრო ადრე პილატეს ცოლმა უთხრა, რომ იესო სიზმარში ნახა, და მას „უდანაშაულო კაცი“ უწოდა (მათე 27:19). ამიტომ, პილატეს აინტერესებდა, ვინ იყო სინამდვილეში იესო. მართალია, მან იცოდა, რომ იესო გალილეიდან იყო, მაგრამ მაინც ჰკითხა: „საიდანა ხარ?“ იესომ პასუხი არ გასცა (იოანე 19:9, 10).
ცხადია, იესო ადამიანი იყო, მაგრამ სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ადრე ზეცაში ცხოვრობდა როგორც სულიერი ქმნილება და მას „სიტყვას“ უწოდებდნენ. შემდეგ ღმერთმა მისი სიცოცხლე სასწაულებრივად გადმოიტანა მარიამის საშვილოსნოში. იოანე მოციქულმაც დაადასტურა, რომ „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა“ (იოანე 1:1, 2, 14, 18; გამოცხადება 3:14).
რატომ გახდა საჭირო სულიერი ქმნილების დედამიწაზე გამოგზავნა?
პირველმა მამაკაცმა, ადამმა, მანამ შესცოდა, სანამ შვილები შეეძინებოდა. ღვთის მოწინააღმდეგე ერთმა ანგელოზმა, რომელსაც ეშმაკი და სატანა ეწოდა, ადამი ღმერთს აუმხედრა. შედეგად, ადამმა დაკარგა უპირატესობა, ღვთის ძედ წოდებულიყო. ღვთის სიტყვის თანახმად, სწორედ ასე უნდა დასჯილიყო ადამი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ადამმა თავისი მოქმედების შედეგები მოიმკა. ის არასრულყოფილი გახდა, დაბერდა და მოკვდა (დაბადება 2:15—17; 3:17—19; გამოცხადება 12:9).
ბიბლია აღწერს, თუ როგორ იმოქმედა ადამის დაუმორჩილებლობამ მის შთამომავლებზე, ყველა ჩვენგანზე: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). სამწუხაროდ, ჩვენ ყველას მემკვიდრეობით გადმოგვეცა ცოდვა ჩვენი წინაპრისგან, ადამისგან, რასაც საშინელი შედეგები, სიბერე და სიკვდილი, მოჰყვება (იობი 14:4; რომაელები 3:23).
ასეთი სავალალო შედეგებისგან კაცობრიობის გათავისუფლება მხოლოდ სრულყოფილ მამას შეეძლო, რომელსაც არ ექნებოდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და არც მის საშინელ შედეგებს მოიმკიდა. განვიხილოთ, როგორ გახდა მხსნელი ეს ახალი მამა, რომელიც სრულყოფილი ადამის თანასწორი იყო.
გამოჩნდა ზუსტად ის, ვინც საჭირო იყო
ალბათ, გახსოვთ, რომ „მშვიდობის მთავარს“ აგრეთვე ეწოდება „მარადიული მამა“. მისი დაბადების შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს“ (ესაია 7:14; მათე 1:20—23). იესოს, ისევე როგორც ადამს, არ ჰყავდა მიწიერი მამა. ლუკას, რომელიც ისტორიულ ფაქტებს გვაწვდის, ბიბლიაში მოჰყავს იესოს საგვარეულო ნუსხა პირველ ადამიანამდე. ის ამ ნუსხაში ადამს „ღვთის ძედ“ მოიხსენიებს (ლუკა 3:38). მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამმა დაკარგა შესაძლებლობა, ყოფილიყო ღვთის ძე. ამის გამო ღვთის ძედ ყოფნის შესაძლებლობა არც ადამის შთამომავლებს მიეცათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას გვესაჭიროება, ასე ვთქვათ, ახალი, სრულყოფილი მამა — ისეთი, როგორიც ადამი იყო მაშინ, როცა ღმერთმა შექმნა.
ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა ზეციდან, რათა ის გამხდარიყო ახალი ადამი, რომელიც პირველ ადამს შეცვლიდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «„პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“. უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული. პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი, მეორე კაცი კი ზეციდანაა» (1 კორინთელები 15:45, 47). იესო, „უკანასკნელი ადამი“, იმით ჰგავდა „პირველ კაცს ადამს“, რომ სრულყოფილი იყო და შეეძლო ჰყოლოდა სრულყოფილი შთამომავლობა, რომელიც მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).
იესო, რომელსაც შვილი არ ჰყოლია, სატანის თავდასხმების მიუხედავად, სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. იესომ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო; ამ მსხვერპლს გამოსასყიდი ეწოდება. ბიბლიაში ნათქვამია: „მისივე [იესოს] სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი [ცოდვისა და სიკვდილისგან, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ]“. ბიბლია აგრეთვე გვეუბნება: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (ეფესოელები 1:7; რომაელები 5:18, 19; მათე 20:28).
თუ იესოსადმი რწმენას ვავლენთ, ის გახდება ჩვენი „მარადიული მამა“ და „მხსნელი“. როგორც თავისი მამის სამეფოს მმართველი, იესო შესანიშნავი მეფე იქნება. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება იესოს მმართველობის დროს და როდის უნდა ველოდოთ ასეთ დიდებულ კურთხევებს (ლუკა 2:8—11).
[სურათები 5 გვერდზე]
როგორი წარმოგიდგენიათ დღეს იესო?
[სურათი 6 გვერდზე]
რატომ ეწოდება იესოს „უკანასკნელი ადამი“?