თავი მეათე
სამეფო, „რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“
1. რა ცხადყო კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა?
მსოფლიოში ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანებმა იეჰოვას უზენაესი მმართველობის უგულებელყოფით და დამოუკიდებელი მმართველობის მცდელობით ვერ პოვეს ბედნიერება. ადამიანური მმართველობის ვერც ერთმა ფორმამ ვერ მოუტანა კაცობრიობას სრული სარგებლობა. თუმცა ადამიანებმა მეცნიერების სფეროში არნახულ პროგრესს მიაღწიეს, ერთი ადამიანის სასარგებლოდაც კი ვერ შეძლეს ავადმყოფობის ან სიკვდილის აღმოფხვრა. ადამიანთა მმართველობამ ვერ მოუღო ბოლო ომს, ძალადობას, დამნაშავეობას, კორუფციასა და სიღარიბეს. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბატონობს ხალხზე დესპოტური ხელისუფლება (ეკლესიასტე 8:9). ტექნიკური პროგრესი, სიხარბე და უვიცობა ხელს უწყობს დედამიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას. არასწორი ეკონომიკური მართვის გამო ბევრს უჭირს სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ათასობით წლის მანძილზე ადამიანურმა მმართველობამ გამოააშკარავა, რომ „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
2. რა არის კაცობრიობის პრობლემების ერთადერთი გადამჭრელი საშუალება?
2 რა გამოასწორებს შექმნილ მდგომარეობას? ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ლოცვას ასწავლიდა თავის მიმდევრებს: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:9, 10). 2 პეტრე 3:13-ში ღვთის ზეციერი სამეფო აღწერილია „ახალ ცად“, რომელიც უმმართველებს „ახალ მიწას“, ანუ მართალ ადამიანთა საზოგადოებას. ღვთის ზეციერ სამეფოს იმდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება აკისრია, რომ იესოს ქადაგების მთავარ თემას წარმოადგენდა (მათე 4:17, აქ). მან გვიჩვენა, რომ სამეფო პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ცხოვრებაში და მოგვიწოდა კიდეც ამისკენ: «თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი სიმართლე» (მათე 6:33).
3. რატომ არის ახლა, ისე როგორც არასდროს, უაღრესად მნიშვნელოვანი, ღვთის სამეფოს შესახებ მეტის გაგება?
3 ახლა, ისე როგორც არასდროს, უაღრესად მნიშვნელოვანია, ღვთის სამეფოს შესახებ მეტის გაგება, რადგან მალე ეს სამეფო სამუდამოდ შეცვლის დღევანდელ მიწიერ მმართველობას. დანიელის 2:44-ში ნაწინასწარმეტყველებია: „იმ მეფეთა დღეებში [დღევანდელ მთავრობათა მმართველობისას] ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა [ადამიანები აღარასდროს იმმართველებენ დედამიწაზე]. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა [დღეს არსებულ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. ასე რომ, ამ სამეფოს მეშვეობით მთელი ბოროტი სისტემა განადგურდება და ამით დასრულდება ეს უკანასკნელი დღეები. მაშინ ზეციერი სამეფო უსათუოდ იმმართველებს დედამიწაზე. როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ძალიან მალე შვებას ვიგრძნობთ!
4. რა მოხდა ზეცაში 1914 წელს, რაც უშუალოდ ღვთის სამეფოსთანაა დაკავშირებული და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
4 იესო ქრისტე 1914 წელს გამეფდა და ‘თავის მტრებს შორის ბატონობის’ უფლება მიეცა (ფსალმუნი 109:1, 2). გარდა ამისა, ამავე წელს ამ ბოროტი სისტემის „უკანასკნელი დღეები“ დაიწყო (2 ტიმოთე 3:1—5, 13). ამავდროულად, დანიელის მიერ წინასწარმეტყველურ ხილვაში ნანახი მოვლენები მოხდა ზეცაში. „ძველმა დღეთამ“, იეჰოვა ღმერთმა, უბოძა კაცის ძეს, იესო ქრისტეს, „ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“. ამ ხილვის შესახებ დანიელმა დაწერა: „მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14). ღმერთი ამ ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომელსაც იესო ქრისტე განაგებს, სიმართლის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, დატკბნენ იმ უამრავი შესანიშნავი რამით, რაც მან მათთვის ჯერ კიდევ მაშინ განიზრახა, როდესაც პირველი ადამიანები დაასახლა სამოთხეში.
5. სამეფოს შესახებ როგორი დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებით უნდა ვიყოთ დაინტერესებული და რატომ?
5 გაქვს ძლიერი სურვილი, რომ ამ სამეფოს ერთგული ქვეშევრდომი იყო? თუ დიახ, უნდა გაინტერესებდეს, როგორი წყობა აქვს ამ ზეციერ მმართველობას და რა მოვალეობას ასრულებს. შენ სურვილი გექნება, გაიგო, თუ რას აკეთებს ის ამჟამად, რას გააკეთებს მომავალში და რას მოითხოვს ჩვენგან. როდესაც უფრო უკეთ გაეცნობი ამ სამეფოს, უეჭველად, უფრო დააფასებ მას. თუ მხარს დაუჭერ მის მმართველობას, უფრო უკეთ შეძლებ სხვებს მოუთხრო იმ შესანიშნავი საქმეების შესახებ, რომელთაც ღვთის სამეფო განახორციელებს მორჩილი ადამიანების სასარგებლოდ (ფსალმუნი 47:13, 14).
ღვთის სამეფოს მმართველები
6. ა) საღვთო წერილის საფუძველზე, ვისი უზენაესობის გამომხატველია მესიანური სამეფო? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმან, რასაც ღვთის სამეფოს შესახებ ვეცნობით?
6 ღვთის სამეფოს უკეთ გაცნობისას უპირველესად იმას დავინახავთ, რომ მესიანური სამეფო იეჰოვას უზენაესობის გამომხატველია. სწორედ იეჰოვამ მისცა „ხელმწიფება, დიდება და მეფობა“ თავის ძეს. მას შემდეგ, რაც იესოს მმართველობის უფლება მიეცა, ცაში ხმები გაისმა: „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა [იეჰოვა ღმერთის] და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი [იეჰოვა] უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 11:15). ამიტომ, როდესაც ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ამ სამეფოსთან არის დაკავშირებული და თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ რას ახორციელებს ის, უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას. სამეფოსთან გაცნობამ სურვილი უნდა გაგვიჩინოს, სამუდამოდ დავემორჩილოთ მის უზენაეს ხელისუფლებას.
7. რატომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ის, რომ იესო ქრისტეა იეჰოვას დამხმარე მმართველი?
7 დაფიქრდი აგრეთვე იმაზე, რომ იეჰოვამ იესო ქრისტეს, როგორც დამხმარე მმართველს, უბოძა მეფობა. იესომ, როგორც ოსტატმა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა დედამიწა და ადამიანები შექმნა, ჩვენზე უკეთესად იცის, თუ რა მოთხოვნილებები გვაქვს. გარდა ამისა, მან კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ცხადყო, რომ ‘ადამის მოდგმაში იყო მისი სიხარული’ (იგავნი 8:30, 31; კოლასელთა 1:15—17). მას იმდენად უყვარდა ადამიანები, რომ დედამიწაზე ჩამოვიდა და ჩვენთვის მსხვერპლად გასწირა საკუთარი სიცოცხლე (იოანე 3:16). ამგვარად მან ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გათავისუფლებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა (მათე 20:28).
8. ა) ადამიანთა მმართველობისგან განსხვავებით, რატომ იქნება ღვთის მმართველობა ურყევი? ბ) რა კავშირი აქვს „ერთგულ და გონიერ მონას“ ზეციერ მთავრობასთან?
8 ღვთის სამეფო მუდმივი და ურყევი მმართველობაა. მისი ურყეობის სრულ გარანტიას ის ფაქტი იძლევა, რომ თავად იეჰოვაა უკვდავი (ფსალმუნი 145:3—5, 10). მიწიერი მეფეებისგან განსხვავებით, იესო ქრისტეც, რომელსაც ღმერთმა მიანდო სამეფო ძალაუფლება, უკვდავია (რომაელთა 6:9; 1 ტიმოთე 6:15, 16). ზეციერ სამეფოში ქრისტესთან ერთად იმეფებს 144000 პიროვნებაც, ღვთის ერთგული მსახურები „ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“. ისინიც უკვდავებით დაჯილდოვდებიან (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4, სსგ; 1 კორინთელთა 15:42—44, 53). მათგან უმრავლესობა უკვე ზეცაშია, ხოლო დარჩენილი ნაწილი თანამედროვე „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენს, რომელიც ერთგულად უწევს მეთვალყურეობას სამეფო საქმეების წინ წაწევას დედამიწაზე (მათე 24:45—47).
9, 10. ა) რა დამღუპველი ზეგავლენისგან გაგვათავისუფლებს სამეფო? ბ) რას უნდა მოვერიდოთ, თუ არ გვსურს, რომ ღვთის სამეფოს მოწინააღმდეგეები გავხდეთ?
9 იეჰოვა სულ მალე, თავის მიერ დანიშნულ დროს, დამსჯელი ძალების მეშვეობით გაწმენდს დედამიწას. ისინი სამუდამოდ გაანადგურებენ იმათ, რომლებმაც არ ისურვეს მისი უზენაესობის აღიარება და არაფრად ჩააგდეს ის ყოველივე, რასაც ღმერთი სიყვარულით აკეთებს იესო ქრისტეს მეშვეობით (2 თესალონიკელთა 1:6—9). ეს მოხდება იეჰოვას დღეს, დიდი ხნის ნანატრ დროს, როდესაც იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება გამართლდება. „აჰა, დადგა უფლის დღე — დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა... ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან“ (ესაია 13:9). „რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე“ (სოფონია 1:15).
10 ყველა ცრუ რელიგია და ადამიანური მმართველობა თავიანთი შეიარაღებული ძალებით, რომლებსაც მართავს ამ წუთისოფლის უხილავი ბოროტი მმართველი, სამუდამოდ განადგურდება. ყველა, ვინც ამ წუთისოფლის საქმეებშია ჩაბმული — მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უპატიოსნო და უზნეო ცხოვრებას ეწევა — განადგურდება. სატანასა და მის დემონებს დედამიწის მაცხოვრებლებთან ურთიერთობის არანაირი საშუალება არ ექნებათ, როდესაც ათასი წლით საიმედოდ იქნებიან დამწყვდეული. მაშინ ღვთის სამეფო მართავს ყველაფერს დედამიწაზე. რა დიდი შვება იქნება ეს სიმართლის მოყვარულთათვის! (გამოცხადება 18:21, 24; 19:11—16, 19—21; 20:1, 2).
როგორ მიაღწევს სამეფო თავის მიზანს?
11. ა)როგორ განახორციელებს მესიანური სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ იეჰოვას განზრახვას? ბ) რას გააკეთებს იმ დროს ღვთის სამეფო დედამიწის მაცხოვრებლებისთვის?
11 მესიანური სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის თავდაპირველ განზრახვას ბოლომდე შეასრულებს (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15). დღემდე კაცობრიობა მხარს არ უჭერს ამ განზრახვას. მაგრამ „მომავალი ქვეყნიერება“ კაცის ძეს, იესო ქრისტეს, დაემორჩილება. ყველა, ვინც ამ ძველი სისტემისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს გადარჩება, მეფე ქრისტეს მმართველობისას გაერთიანებულად იმუშავებს, სიხარულით შეასრულებს ყველა მის მითითებას, რათა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს (ებრაელთა 2:5—9). ყველა გაიხარებს თავისი ხელის ნამუშევრით და სრულად ისარგებლებს მიწის ნაყოფის სიუხვით (ფსალმუნი 71:1, 7, 8, 16—19; ესაია 65:21, 22).
12. როგორ გასრულყოფილდებიან გონებითა და სხეულით სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები?
12 ღმერთმა ადამი და ევა სრულყოფილად შექმნა. მისი განზრახვა იყო, რომ მთელი დედამიწა დასახლებულიყო მათი შთამომავლებით, რომლებსაც სრულყოფილი გონება და სხეული ექნებოდათ. ეს განზრახვა სასწაულებრივი სახით იქცევა რეალობად ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. ეს მოითხოვს ცოდვის ყველა შედეგის აღმოფხვრას და ამ მიზნის მისაღწევად ქრისტე არა მხოლოდ მეფის, არამედ მღვდელმთავრის მოვალეობასაც შეასრულებს. ის მოთმინებით დაეხმარება თავის მორჩილ ქვეშევრდომებს, რომ თავისი ადამიანური სიცოცხლის შეწირვით გაღებული მსხვერპლის საშუალებით ცოდვისგან გათავისუფლდნენ.
13. როგორ გასრულყოფილდებიან ფიზიკურად ადამიანები სამეფოს მმართველობისას?
13 ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწის მაცხოვრებლები ფიზიკურადაც გასრულყოფილდებიან. „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6). სიბერით ან ავადმყოფობით დაკნინებული სხეული ბავშვის ქორფა სხეულზე მეტად განახლდება; ქრონიკულ დაავადებებს ენერგიულობა და სიჯანსაღე შეცვლის. „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). იმ დროს არავის ექნება მიზეზი, თქვას, „ავად ვარო“. რატომ? იმიტომ, რომ ღვთისმოშიში ადამიანები გათავისუფლდებიან ცოდვის მონობისგან და მისი სამწუხარო შედეგებისგან (ესაია 33:24; ლუკა 13:11—13). დიახ, ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
14. კიდევ რას მოიცავს სრულყოფილების მიღწევა?
14 მიუხედავად ამისა, სრულყოფილების მიღწევა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ჯანსაღი გონებისა და სხეულის ქონას. ამისათვის იეჰოვას თვისებების მართებული სახით არეკვლა მოითხოვება, რადგან ‘ღვთის ხატად და მსგავსებად’ ვართ შექმნილნი (დაბადება 1:26). ამ მიზნის მისაღწევად ბევრი რამის სწავლა იქნება საჭირო. ახალ ქვეყნიერებაში ‘დამკვიდრდება სიმართლე’. ამიტომ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, დედამიწის მცხოვრებნი ‘სიმართლეს ისწავლიან’ (2 პეტრე 3:13; ესაია 26:9). ეს თვისება, სიმართლე, ხელს უწყობს მშვიდობის დასადგურებას ყველა რასის ადამიანებს, ახლო ურთიერთობაში მყოფებს, ოჯახის წევრებსა და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთსა და ადამიანებს შორის (ფსალმუნი 84:11—14; ესაია 32:17). ისინი, ვინც სიმართლეს ისწავლიან, დროთა განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან. როდესაც იეჰოვას სიყვარული ღრმად გაიდგამს ფესვებს მათ გულებში, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მის ნორმებთან შეთახმებულად იმოქმედებენ. ისინი შეძლებენ იესოსავით თქვან: „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანე 8:29). რა სასიამოვნო ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ყოველივე ეს მორჩილი კაცობრიობის სასარგებლოდ განხორციელდება!
მიღწევები უკვე ახლავე შეიმჩნევა
15. ამ აბზაცში მოყვანილი კითხვების გამოყენებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილე ღვთის სამეფოს მიღწევებზე და აჩვენე, რის გაკეთება გვმართებს ამჟამად.
15 ღვთის სამეფოსა და მის ქვეშევრდომთა შთამბეჭდავი მიღწევები უკვე ახლავე შეიმჩნევა. ქვემოთ მოცემული კითხვები და საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილები შეგახსენებს ამ მიღწევებიდან ზოგიერთს და ამავე დროს, იმ მოთხოვნებს, რომლებიც ამჟამად უნდა შეასრულოს სამეფოს ყველა ქვეშევრდომმა.
პირველად ვის წინააღმდეგ მიიღო ზომები ღვთის სამეფომ და რა შედეგით? (გამოცხადება 12:7—10, 12).
რომელი ჯგუფის დარჩენილი წევრების თავმოყრას მიექცა ყურადღება მას შემდეგ, რაც იესო გამეფდა? (გამოცხადება 14:1—3, სსგ).
მათეს 25:31—33-ის თანახმად, რა სამუშაოზე იწინასწარმეტყველა იესომ, რომელიც მან დიდი გასაჭირის დადგომის შემდგომ უნდა შეასრულოს?
რა მოსამზადებელი სამუშაო სრულდება დღეს? ვინ იღებს მასში მონაწილეობას? (ფსალმუნი 109:3; მათე 24:14; გამოცხადება 14:6, 7).
რატომ ვერ შეძლეს მოწინააღმდეგე სახელმწიფო მოხელეებმა და სასულიერო პირებმა სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება? (ზაქარია 4:6; საქმეები 5:38, 39).
რა ცვლილებები მოახდინეს ცხოვრებაში მათ, ვინც ღვთის სამეფოს მმართველობას ემორჩილება? (ესაია 2:4; 1 კორინთელთა 6:9—11).
ათასწლიანი მეფობა
16. ა) რამდენ ხანს იმეფებს იესო? ბ) რა მოხდება მისი მმართველობის პერიოდში და მას შემდეგ?
16 მას შემდეგ, რაც სატანა და მისი დემონები უფსკრულში ჩაიყრებიან, იესო ქრისტე და მისი 144000 თანამემკვიდრე ათასი წლის განმავლობაში მეფეები და მღვდლები იქნებიან (გამოცხადება 20:6). ამ დროის მანძილზე კაცობრიობა გასრულყოფილდება და ცოდვისა და ადამის შეცოდებით გადმოცემული სიკვდილისგან სამუდამოდ გათავისუფლდება. ათასწლიანი მეფობის ბოლოს მესიანური მეფე და მღვდელი, იესო, რომელიც წარმატებით შეასრულებს თავის დავალებას, „მეფობას გადასცემს“ თავის მამას, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორინთელთა 15:24—28). ამ დროს სატანას მცირე ხნით გაათავისუფლებს ღმერთი იმისათვის, რომ გამოსყიდული კაცობრიობა გამოსცადოს, დაუჭერენ თუ არა მხარს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. საბოლოო გამოცდის დასასრულს იეჰოვა გაანადგურებს სატანას და ყველა იმ მეამბოხეს, ვინც მას შეუერთდება (გამოცხადება 20:7—10). ისინი, ვინც მხარს დაუჭერენ იეჰოვას უზენაესობას — მისი მმართველობის უფლებას — სრულიად დაამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას. მაშინ ისინი სათანადო ურთიერთობას დაამყარებენ იეჰოვასთან; ღმერთი მათ თავის ძეებად და ასულებად აღიარებს და მოწონების ნიშნად მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (რომაელთა 8:21).
17. ა) რა ცვლილებები მოხდება სამეფოსთან დაკავშირებით ათასი წლის ბოლოს? ბ) რა გაგებით „არ დაიქცევა“ ეს სამეფო?
17 მაშასადამე, იესოსა და მისი 144000 თანამმართველის როლი დედამიწასთან მიმართებაში შეიცვლება. რას გააკეთებენ ისინი მომავალში? ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ამის თაობაზე. მაგრამ, თუ ერთგულად დავუჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, ათასწლიანი მეფობის ბოლოს ცოცხლები ვიქნებით და გავიგებთ, რა განზრახვა ექნება იეჰოვას როგორც მათთვის, ისე თავისი გასაოცარი სამყაროსთვის. და მაინც, ქრისტეს ათასწლიანი მეფობა „საუკუნოა“ და მისი სამეფო „არ დაიქცევა“ (დანიელი 7:14). რა გაგებით? მმართველობის უფლება არ გადავა იმათ ხელში, ვისაც განსხვავებული მიზნები ამოძრავებს, რადგან იეჰოვა იქნება მმართველი. ამავე დროს, ეს სამეფო „უკუნისამდე არ დაიქცევა“, რადგან მისი მიღწევები მუდამ თვალსაჩინო იქნება (დანიელი 2:44). მესიანური მეფე-მღვდელი და მისი თანამმართველი მეფე-მღვდლები იეჰოვასთვის ერთგული მსახურების სანაცვლოდ სამუდამოდ პატივდებულნი იქნებიან.
გამეორება
• რატომ შეუძლია მხოლოდ ღვთის სამეფოს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა? როდის დაიწყო ღვთის სამეფოს მეფემ მართვა?
• პირადად რით გიზიდავს ღვთის სამეფო და განსაკუთრებულად რას მოელი მისგან?
• სამეფოს რომელი მიღწევების დანახვა შეგვიძლია უკვე ახლავე და რა წვლილი შეგვაქვს თავად ჩვენ მათში?
[სურათი 92, 93 გვერდებზე]
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყველა ისწავლის სიმართლეს.