თავი ოცდამეხუთე
მეფე და მისი მთავრები
1, 2. რა შეიძლება ითქვას მკვდარი ზღვის მახლობლად აღმოჩენილი ესაიას გრაგნილის შესახებ?
მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი პალესტინაში, მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარე გამოქვაბულებში. ისინი მკვდარი ზღვის ხელნაწერების სახელით გახდა ცნობილი და ძვ. წ. 200—ახ. წ. 70 წლებით იქნა დათარიღებული. მათ შორის ყველაზე კარგად ცნობილი ესაიას გრაგნილია, რომელიც გამძლე ტყავზე ებრაულ ენაზეა შესრულებული. გრაგნილში თითქმის სრული ტექსტია მოცემული და ის უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ შესრულებული მასორეტული მანუსკრიპტების ტექსტებისგან. ასე რომ, ესაიას გრაგნილში ზუსტად არის გადმოცემული ბიბლიური ტექსტი.
2 მკვდარი ზღვის მახლობლად აღმოჩენილი ესაიას გრაგნილის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მონაკვეთი, რომელიც დღეს ესაიას წიგნის 32-ე თავად არის ცნობილი, გადამწერს გრაგნილის კიდეზე რაღაც „X“ ნიშნით აქვს აღნიშნული. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რატომ მოიქცა გადამწერი ასე, მაგრამ, ცხადია, ბიბლიის ეს ნაწილი რაღაცით არის განსაკუთრებული.
სიმართლითა და სამართლიანობით მეფობა
3. რა მმართველობის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას წიგნსა და გამოცხადებაში?
3 ესაიას 32-ე თავი შთამბეჭდავი წინასწარმეტყველებით იწყება, რომელიც შესანიშნავად სრულდება ჩვენს დროში: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ“ (ესაია 32:1). დიახ, „აჰა“, — ნათქვამია მის დასაწყისში. ეს შეძახილი ბიბლიის ბოლო წინასწარმეტყველურ წიგნში გამოყენებულ ასეთივე შეძახილს გვახსენებს: «თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“» (გამოცხადება 21:5). ბიბლიის წიგნებში, „ესაია წინასწარმეტყველსა“ და „გამოცხადებაში“, რომლებიც დაახლოებით 900-წლიანი შუალედით არის დაწერილი, შთამბეჭდავად არის აღწერილი ახალი მმართველობა — „ახალი ცა“, რომელსაც 1914 წელს ცაში გამეფებული იესო ქრისტე და „ადამიანთაგან გამოსყიდული“ 144000 თანამეფე ქმნის — და „ახალი მიწა“ ანუ გაერთიანებული კაცობრიობა (გამოცხადება 14:1—4; 21:1—4; ესაია 65:17—25)a. ყოველივე ეს ქრისტეს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა გახადა შესაძლებელი.
4. ახალი მიწის რა ბირთვი არსებობს დღეს?
4 მოციქული იოანე 144000 თანამეფის საბოლოო ბეჭედდასმის ხილვის შემდეგ ამბობს: „ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ“. ეს არის ახალი მიწის ბირთვი — უამრავი ხალხი ანუ მილიონობით ადამიანი, რომლებიც მცირე ნაწილის, 144000-ის დარჩენილი, ძირითადად ასაკოვანი წევრების, მხარე არიან შეკრებილი. ისინი გადარჩებიან დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად ახლოვდება, და დაიმკვიდრებენ სამოთხის დედამიწას, სადაც მათ შეუერთდებიან მკვდრეთით აღმდგარი ერთგული ადამიანები და სხვა მილიარდები, რომელთაც ღვთისადმი რწმენის დამტკიცების შესაძლებლობა მიეცემათ. ღვთის მორწმუნე ადამიანები მარადიული სიცოცხლით იქნებიან კურთხეული (გამოცხადება 7:4, 9—17).
5—7. რა როლს ასრულებენ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „მთავრები“ ღვთის სამწყსოში?
5 მაგრამ, ვიდრე ეს სიძულვილით სავსე წუთისოფელი არსებობს, ამ უამრავი ხალხის წევრებს დაცვა სჭირდებათ. დამცველის როლს, ძირითადად, „მთავრები“ ასრულებენ, რომლებიც ‘სამართლიანად მთავრობენ’. რა დიდებული სტრუქტურაა! ეს „მთავრები“ ესაიას წინასწარმეტყველებაში შემდგომი შთამბეჭდავი სიტყვებით არიან აღწერილი: „თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:2).
6 დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა შექმნილი, დიდად საჭირო არიან „მთავრები“, უხუცესები, რომლებიც ‘გაუფრთხილდებიან სამწყსოს’, იზრუნებენ იეჰოვას ცხვრებზე და სამართალს აღასრულებენ იეჰოვას სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობით (საქმეები 20:28). ასეთი „მთავრები“ 1-ლი ტიმოთეს 3:2—7-სა და ტიტეს 1:6—9-ში მოცემულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
7 უმძიმესი პერიოდის, „წუთისოფლის აღსასრულის“, შესახებ დიდებულ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა: „იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით“ (მათე 24:3—8). რატომ არ არიან იესოს მიმდევრები შეძრწუნებული დღევანდელი თავზარდამცემი მსოფლიო მდგომარეობით? ერთი მიზეზი ის არის, რომ „მთავრები“, ცხებულები არიან ისინი თუ „სხვა ცხვრების“ წევრები, ერთგულად იცავენ ფარას (იოანე 10:16). ისინი თავდადებით ზრუნავენ თავიანთ ძმებსა და დებზე ისეთ საშინელებათა დროსაც კი, როგორიც ეთნიკური ომები და გენოციდია. ცხებულები ცდილობენ, რომ ამ სულიერად დაკნინებულ წუთისოფელში ღონემიხდილი ადამიანები ღვთის სიტყვის, ბიბლიის, აღმშენებლობითი ჭეშმარიტებით გაამხნეონ.
8. როგორ ამზადებს და იყენებს იეჰოვა „სხვა ცხვრებიდან“ ამორჩეულ „მთავრებს“?
8 „მთავრები“ განსაკუთრებით ბოლო 50 წლის მანძილზე გამოჩნდნენ. სხვა ცხვრებიდან ამორჩეული „მთავრები“ მომზადებას გადიან, როგორც „მთავართა“ კლასის წევრები, რათა მათ შორის საუკეთესოდ მომზადებულთა დანიშვნა გახდეს შესაძლებელი დიდი გასაჭირის შემდეგ „ახალი მიწის“ ხელმძღვანელებად (ეზეკიელი 44:2, 3; 2 პეტრე 3:13). სამეფო მსახურების დროს სულიერი ხელმძღვანელობითა და გამხნევებით მათ „მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილივით“ სამწყსოსთვის შვება მოაქვთ თაყვანისმცემლობაშიb.
9. რა ვითარების გამო არიან დღეს განსაკუთრებით საჭირო „მთავრები“?
9 სატანის ბოროტი წუთისოფლის ამ საზარელ უკანასკნელ დღეებში ღმერთზე მიძღვნილ ქრისტიანებს ძლიერ სჭირდებათ ასეთი დაცვა (2 ტიმოთე 3:1—5, 13). ირგვლივ ცრუ მოძღვრებებისა და დამაბნეველი პროპაგანდის ძლიერი ქარები უბერავს. ქარიშხლები მძვინვარებს ერებს შორის თუ სამოქალაქო ომებისა და იეჰოვა ღმერთის ერთგულ თაყვანისმცემლებზე პირდაპირი თავდასხმების სახით. სულიერი გვალვით გადახრუკულ წუთისოფელში სულიერი წყურვილის მოსაკლავად ქრისტიანებისთვის წმინდა წყლის ნაკადულები — დაუმახინჯებელი ჭეშმარიტება — არის აუცილებელი. საბედნიეროდ, იეჰოვამ აღუთქვა თავის ხალხს, რომ მისი მეფე თავისი ცხებული ძმებისა და „სხვა ცხვრებიდან“ ამორჩეული თანამდგომი „მთავრების“ მეშვეობით გამხნევებითა და ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს ასეთი გასაჭირის დროს გულგატეხილებსა და გულდამძიმებულებს. იეჰოვა იზრუნებს, რომ სამართლიანობამ და სიმართლემ იზეიმოს.
მთელი გულისყურით მოსმენა
10. რას აკეთებს იეჰოვა იმისთვის, რომ მისმა ხალხმა ‘დაინახოს’ და ‘მოისმინოს’ სულიერი ჭეშმარიტება?
10 როგორ ეხმაურება უამრავი ხალხი იეჰოვას თეოკრატიულ სტრუქტურას? წინასწარმეტყველება გრძელდება: „არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება“ (ესაია 32:3). იეჰოვა წლების მანძილზე მოძღვრავს თავის ძვირფას მსახურებს, რათა მოწიფულობამდე მიიყვანოს ისინი. თეოკრატიული სამსახურის სკოლა და იეჰოვას მოწმეთა მთელ მსოფლიოში არსებული კრებების სხვა შეხვედრები, საოლქო და საერთაშორისო კონგრესები, და აგრეთვე „მთავართა“ განსაკუთრებული მომზადება, რათა სიყვარულით მწყემსონ სამწყსო, მრავალმილიონიანი გაერთიანებული მსოფლიო საძმოს აღმშენებლობას ემსახურება. დედამიწის რომელ ნაწილშიც უნდა იყვნენ ეს მწყემსები, გულისყურით ისმენენ, რა ცვლილებები ხდება ჭეშმარიტების სიტყვის გაგებაში. ბიბლიით განსწავლული სინდისიდან გამომდინარე, ყოველთვის მზად არიან მოსმენისა და მორჩილებისთვის (ფსალმუნი 24:10).
11. რატომ ლაპარაკობს ღვთის ხალხი დარწმუნებით და არა ყოყმანითა და ენის ბორძიკით?
11 შემდეგ წინასწარმეტყველება ყურადსაღები სიტყვებით გრძელდება: „თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება“ (ესაია 32:4). ნურავინ იქნება თავქარიანი, ანუ ნუ გამოიტანს ნაადრევ დასკვნებს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ბიბლიაში ნათქვამია: „გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს“ (იგავნი 29:20; ეკლესიასტე 5:2). 1919 წლამდე იეჰოვას ხალხიც კი იყო გაბინძურებული ბაბილონური წარმოდგენებით. მაგრამ ამ დროიდან მოყოლებული იეჰოვამ თავისი განზრახვები მათთვის უფრო ნათელი გახადა. მათ იპოვეს იეჰოვას მიერ გამჟღავნებული ჭეშმარიტება, არა ნაჩქარევად, არამედ კარგად გააზრების შემდეგ, და ახლა ყოყმანითა და ენის ბორძიკით კი არა, დარწმუნებით ლაპარაკობენ თავიანთი რწმენის შესახებ.
„უგუნური“
12. ვინ არიან „უგუნურნი“ დღეს და რა მხრივ აკლიათ დიდსულოვნება?
12 ესაია შემდეგი სიტყვებით განაგრძობს წინასწარმეტყველებას: «აღარ დაერქმევა უგვანს [„უგუნურს“, აქ] ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ. რადგან უგვანი უგვანად [„უგუნური უგუნურად“, აქ] ლაპარაკობს» (ესაია 32:5, 6ა). ვინ არის ეს „უგუნური“? თითქოს ხაზგასმის მიზნით მეფე დავითი ორჯერ იძლევა ამ შეკითხვაზე პასუხს: «თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი» (ფსალმუნი 13:1; 52:2). ცხადია, მტკიცე ათეისტები ამბობენ, რომ არ არსებობს იეჰოვა. ფაქტობრივად, ამას ამბობენ „ინტელექტუალები“ და სხვები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს არ არსებობდეს ღმერთი და პასუხისმგებელნი არ იყვნენ მის წინაშე. ჭეშმარიტება არ არის ასეთ ადამიანებში. ისინი არ არიან გულით დიდსულოვანნი. მათ არა აქვთ სიყვარულის სახარება. ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან განსხვავებით, ისინი უხალისოდ ეხმარებიან გაჭირვებულებს ან სრულიად არ აკეთებენ ამას.
13, 14. ა) რა გაგებით იზრახავენ ბოროტს თანამედროვე განდგომილები? ბ) რის გარეშე სურთ განდგომილებს მშიერ-მწყურვალთა დატოვება, მაგრამ რით დასრულდება ყოველივე?
13 მრავალ ასეთ უგუნურს სძულს ის, ვინც ღვთის ჭეშმარიტებას იცავს. „მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს“ (ესაია 32:6ბ). რა ზუსტად შეესაბამება ეს სიტყვები თანამედროვე განდგომილებს! ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში განდგომილები ჭეშმარიტების სხვა მოწინააღმდეგეებთან არიან გაერთიანებული და ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციას აწვდიან იმ მიზნით, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალოს ან შეიზღუდოს. ისინი იმ „ბოროტი მონის“ სულს ავლენენ, რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა: „თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 24:48—51).
14 მთელი ამ ხნის მანძილზე განდგომილი ცდილობს, „ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას“ (ესაია 32:6გ). ჭეშმარიტების მტრები ცდილობენ, სულიერი საზრდოს გარეშე დატოვონ ჭეშმარიტების მოყვარულნი და სამეფოს შესახებ ცნობის გამამხნევებელი წყალი არ დაალევინონ მწყურვალთ. მაგრამ ყოველივე მაინც იმით დასრულდება, რაც იეჰოვამ უწინასწარმეტყველა თავის ხალხს სხვა წინასწარმეტყველის პირით: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო“ (იერემია 1:19; ესაია 54:17).
15. განსაკუთრებით ვინ არიან დღეს „უპრინციპოები“, რა „ცრუ სიტყვებს“ წარმოთქვამენ ისინი და რა არის ამის შედეგი?
15 მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან უზნეობამ აშკარად იფეთქა ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში. რატომ? წინასწარმეტყველებაში ამის ერთი მიზეზია მოხსენიებული: «ძუნწს [„უპრინციპო კაცს“, აქ] ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი» (ესაია 32:7). ეს წინასწარმეტყველური სიტყვები განსაკუთრებით სამღვდელოებაზე შესრულდა, რომელმაც დასაშვებად ჩათვლა ქორწინებამდელი სექსი, დაუქორწინებელთა თანაცხოვრება და ჰომოსექსუალიზმი — ნამდვილად „სიძვა [და] ყოველგვარი უწმიდურება“ (ეფესელთა 5:3). ისინი ცრუ სიტყვებით ‘ღუპავენ’ თავიანთ სამწყსოს.
16. რა აბედნიერებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
16 ზემოხსენებული სიტყვებისგან განსხვავებით, რა გამამხნევებელია წინასწარმეტყველის შემდგომი სიტყვების შესრულება! «ღირსეული კი ღირსეულს [„გულუხვი კი გულუხვობას“, აქ] იზრახავს და ღირსებაზე [„გულუხვობაზე“, აქ] დგას» (ესაია 32:8). იესომ გულუხვობისკენ მოუწოდა თავის მიმდევრებს: „მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38). მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება იმ კურთხევებზე, რომლებიც გულუხვობას მოჰყვება: «გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“» (საქმეები 20:35). ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა სიმდიდრის მოხვეჭა და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა აბედნიერებს, არამედ გულუხვობა — თვისება, რომელსაც მათი ღმერთი, იეჰოვა, ამჟღავნებს (მათე 5:44, 45). მათთვის უდიდესი ბედნიერებაა ღვთის ნების შესრულება და „კურთხეული ღვთის დიდებული სახარების“ გაცხადებით გულუხვობის გამომჟღავნება (1 ტიმოთე 1:11).
17. ვინ ჰგავს ესაიას მიერ მოხსენიებულ „უდარდელ ასულებს“ დღეს?
17 ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: „უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი! ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება. გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო!“ (ესაია 32:9—11ა). ეს ქალები თავიანთი განწყობილებით ძლიერ ჰგვანან მათ, რომლებიც თავს ღვთის მსახურებად აცხადებენ, მაგრამ გულმოდგინებას არ ავლენენ მსახურებაში. ასეთი ადამიანები ‘დიდი ბაბილონის, მეძავთა დედის’ რელიგიებში არიან გაერთიანებული (გამოცხადება 17:5). მაგალითად, ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში მრავალი მოგვაგონებს ესაიას მიერ აღწერილ „ქალებს“. ისინი „უზრუნველნი“ არიან და სულაც არ დარდობენ, რომ მალე განისჯებიან და შეშფოთდებიან.
18. ვინ უნდა ‘მოისარტყლოს წელი ჯვალოთი’ და რატომ?
18 შემდეგ ესაია განაგრძობს: «განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი [„ჯვალოთი“, აქ] მოისარტყლეთ. მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო. ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა [„ქალაქის“, აქ] გამო» (ესაია 32:11ბ—13). სიტყვები „განიძარცვეთ და გაშიშვლდით“ არ ნიშნავს ყველაფრის გახდას. ძველად შიდა სამოსზე ზედა სამოსს ატარებდნენ. ხშირად ზედა სამოსით ადამიანის ამოცნობა შეიძლებოდა (მეოთხე მეფეთა 10:22, 23; გამოცხადება 7:13, 14). ასე რომ, წინასწარმეტყველი ცრუ რელიგიის მსახურებს მოუწოდებს, რომ გაიხადონ თავიანთი ზედა სამოსელი, რომლითაც თვალთმაქცურად მოაქვთ თავი ღვთის მსახურებად და ჯვალოთი შეიმოსონ გარდაუვალი სასჯელის გამო გლოვის ნიშნად (გამოცხადება 17:16). არავითარი ღვთიური ნაყოფი არ მოაქვთ არც ქრისტიანული სამყაროს ორგანიზაციას, რომელიც თავს ღვთის „მოზეიმე ქალაქად“ აცხადებს, და არც ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის დანარჩენ წევრებს. მათი მოღვაწეობის სფეროში მხოლოდ უგულებელყოფის „ძეძვი და ეკალი“ ხარობს.
19. განდგომილი „იერუსალიმის“ რა მდგომარეობას ამხელს ესაია?
19 შემდგომი არასასიამოვნო სურათით განდგომილი „იერუსალიმის“ ყველა ნაწილია აღწერილი: «დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი [„ყოფელი“, აქ] და გოდოლი გამოქვაბულად [„მინდვრებად“, აქ] იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად» (ესაია 32:14). დიახ, ის ყოფელსაც ეხება. ყოფელი იერუსალიმის შემაღლებული ნაწილია და საუკეთესო ადგილია მტრისგან თავდაცვის დროს გასამაგრებლად. ყოფელის მინდვრად ქცევა მთელი ქალაქის განადგურებაზე მეტყველებს. ესაიას სიტყვებიდან ჩანს, რომ განდგომილი „იერუსალიმი“ — ქრისტიანული სამყარო — არ ცდილობს ღვთის ნების შესრულებას. ის სულიერად უნაყოფოა და ცხოველივით შორს დგას სიმართლისა და სამართლიანობისგან.
დიდებული განსხვავება!
20. რა მოჰყვა შედეგად სულიწმიდით ღვთის ხალხის ავსებას?
20 შემდეგ ესაია იეჰოვას ნების შემსრულებელთა დიდებულ იმედზე ამახვილებს ყურადღებას. ღვთის ხალხის გაპარტახება მხოლოდ იქამდე გაგრძელდება, „ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება“ (ესაია 32:15). საბედნიეროდ, 1919 წლიდან იეჰოვას სულმა აავსო ღვთის ხალხი და ცხებული ქრისტიანები თითქოს ნაყოფიერ წალკოტად გადააქცია, რომელსაც სხვა ცხვრების მაღნარი მოჰყვება. კეთილდღეობა და ზრდა დღეს დედამიწაზე არსებული ღვთის ორგანიზაციის დამახასიათებელი ნიშანია. მოახლოებული სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ქადაგებით იეჰოვას ხალხი აღდგენილ სულიერ სამოთხეში „უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“ ირეკლავს (ესაია 35:1, 2).
21. სად არის დღეს დავანებული სამართალი, მშვიდობა და უსაფრთხოება?
21 ნახეთ, იეჰოვა ახლა რა დიდებულ აღთქმას იძლევა: „მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე დამკვიდრდება წალკოტში. მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე“ (ესაია 32:16, 17). რა კარგად აღწერს ეს იეჰოვას ხალხის დღევანდელ სულიერ მდგომარეობას! კაცობრიობის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც სიძულვილით, ძალადობითა და სულიერი სიღარიბით არის დაყოფილი, ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში ერთობით ტკბებიან, მიუხედავად იმისა, რომ „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ არიან შეკრებილი. მათი ცხოვრება, სამუშაო და მსახურება შეთანხმებულია ღვთის სამართლიანობასთან, და ისინი დარწმუნებული არიან, რომ საბოლოოდ ეს მათ მარადიულ ჭეშმარიტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს (გამოცხადება 7:9, 17).
22. რით განსხვავდება ღვთის ხალხის მდგომარეობა ცრუ რელიგიის მსახურთა მდგომარეობისგან?
22 სულიერ სამოთხეში ესაიას 32:18 უკვე სრულდება. მასში ნათქვამია: „დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში“. მაგრამ მოჩვენებითი ქრისტიანებისთვის „მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად გაივაკებს“ (ესაია 32:19). დიახ, იეჰოვას რისხვა სეტყვიანი ავდარივით ატყდება ცრუ რელიგიის თვითმარქვია ქალაქს და ანადგურებს მის მხარდამჭერთა „ტყეს“, ანუ სამუდამოდ სპობს მათ!
23. რა უდიდესი საქმე უახლოვდება დასასრულს და როგორ ადამიანებად შეიძლება ჩაითვალონ მისი შემსრულებელნი?
23 წინასწარმეტყველების ეს ნაწილი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს!“ (ესაია 32:20). ძველად ღვთის ხალხი ხარსა და ვირს გამწევ ძალად იყენებდა ხვნა-თესვის დროს. დღეს იეჰოვას ხალხი საბეჭდ მანქანებს, ელექტროიარაღებს, თანამედროვე ნაგებობებს, ტრანსპორტსა და, რაც ყველაზე მთავარია, ერთიან თეოკრატიულ ორგანიზაციას იყენებს ბიბლიური ლიტერატურის მილიარდობით ეგზემპლარის დასაბეჭდად და გასავრცელებლად. მოხალისეები ამ საშუალებებს იმისათვის იყენებენ, რომ სამეფოს ჭეშმარიტება დათესონ მთელ დედამიწაზე, პირდაპირი გაგებით ‘ყველგან, სადაც კი წყალია’. ამ მკის დროს, როგორც ნაყოფი, მილიონობით ღვთისმოშიში ადამიანი შეიძინა ღვთის ხალხმა და კიდევ მრავალი ემატება მათ (გამოცხადება 14:15, 16). ისინი ნამდვილად „ბედნიერებად“ შეიძლება ჩაითვალონ!
[სქოლიოები]
a ესაიას 32:1-ში მოხსენიებული „მეფე“ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას, დასაშვებია, მეფე ხიზკიაჰუ ყოფილიყო. მაგრამ ესაიას 32-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველების ძირითადი შესრულება მეფე იესო ქრისტესთან არის დაკავშირებული.
b იხილეთ 1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 13—18, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათები 331 გვერდზე]
მკვდარი ზღვის ხელნაწერებში ესაიას 32-ე თავი „X“ ნიშნით არის აღნიშნული.
[სურათები 333 გვერდზე]
თითოეული „მთავარი“ არის საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, წყალი უდაბნოსა და ჩრდილი მზეში.
[სურათი 338 გვერდზე]
ქრისტიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა კეთილი ცნობის ქადაგება.